მეფობა ჯოჯოხეთში

 იანვარში ერთი წიგნის კითხვა დავიწყე. ძველით ახალი წელი იყო და შეიძლება ითქვას, ჩემი მეკვლე გახდა, რამდენადაც მეკვლეობა შეუძლიათ წიგნებს. ამიტომ მივაგებ პატივს და ანოტაციას მოგიყვებით:

          წიგნი პოსტმოდერნისტულ ხანას მიეკუთვნება, ამიტომაც სიკვდილ სიცოცხლის საკითხს ”ექშენის” ეფექტი დაერთო.

     სტივენ ბრუს ნოველა “მეფობა ჯოჯოხეთში” დაიწერა 1984 წელს. ჯონ მილტონის “დაკარგული სამოთხის” გავლენით. იწყება სამოთხის აღწერით, რომელიც ოთხი განზომილებისგან შედგება, გარს კი აკვრია კედლები, ქაოსისგან რომ იცავს. განხილულია პერიოდი დედამიწის შექმნამდე. ლუციფერი მარცხნივ ზის ტახტზე ლილიტთან, თავის მეუღლესთან, ერთად, რომელიც თავის მხრივ ადრე სატანაზე იყო შეყვარებული. სატანა კი ლუციფერზე ორი საფეხურით მაღლა დგას.

        რომანში ათასობით ანგელოზი კვდება ახალი სამოთხის (დედამიწის) აგების გამო. საქმე იმაშია, რომ დედამიწის შექმნისთვის ადამიანები სამოთხის გარეთ უნდა გავიდნენ, სადაც ქაოსია და ესაა მათი სიკვდილის მიზეზიც. ანგელოზები ჰონორარს, ყურადღებას და ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. ეჭვიანობენ ახალ სამყაროზე.

       როგორც პოსტმოდერნისტები თვლიან, მოდერნული ხელოვნების პოსტმოდერნული პერსპექტივა არა უკიდურესობა, არამედ უკიდურესი წერტილების ურთიერთდაკავშირებაა, რისთვისაც ინტერპრეტაციის საერთო სტანდარტები გამოიმუშავება. რომანში კი ჯოჯოხეთისა და სამოთხის უკიდურესი წერტილი აღმოჩენით დედამიწა მიიღება.

         მალე განხეთქილება ხდება ანგელოზთა შორის. ზოგი აპირებს სამოთხიდან გაპარვას. კედლებს ანგრევენ, რომლებიც ისეა მოწყობილი, რომ დანგრევა შეუძლებელია. დაზიანების შემთხვევაში, მთელდება. განხეთქილება ანგელოზებისა და დემონების გაყოფად სრულდება. ლუციფერი მარცხდება და სამოთხიდან გარბის. ასე იქმნება ახალი განზომილება – ჯოჯოხეთი.

        რომანში წამოყენებულია რამდენიმე საკითხი, მაგალითად, აქვთ ანგელოზებს თავისუფალი არჩევნის ნება თუ შუღლის ჩამოგდება პროვოკაციის ნაწილია? თუ აქვთ არჩევნის საშუალება, ადამიანები რატომღა არიან საჭირონი და საინტერესონი?

       ავტორმა პასუხის გასაცემად მოგვაწოდა სამყაროს თავისებური აღქმა, იერარქიებიც კი სუბიექტურად აქვს განაწილებული.

       დედამიწის შექმნა რომანის ქვაკუთხედია, რომლის ფონადაც მიმდინარეობს მოქმედება. მისი მშენებლობის ჩვენებით ავტორი მის ფუნქციას გადმოგვცემს.

    რომანი გადატვირთულია დიალოგებით და ფილმის სცენარს წააგავს. შინაარსი გაუგებარად მიმდინარეობს ზედმეტი ფანტასტიკური სიუჟეტების შემოტანით და პოსტმოდერნისტული ქაოსის შექმნით. სამოთხის გარეთ არსებული ქაოსის ჩვენება არის თანამედროვე კოსმოსიდან ქაოსის სურვილის გაჩენის ამსახველი.

     ნეტა, როგორი ფეხი ექნება?!

იქ, სადაც

უფუნქციო ნივთად ვიქეცი.
ვადა ჩემს ჩაისაც გაუვიდა, ხელებთან რომ მიდევს.
მეზარება მისი აწევა, დალევა და სხვ.
ცივი ვარ მისავით.
ხელებს ვიფარებ სახეზე, რომ გავთბე.
დამებლანდოს თვალები სინათლისგან შეუჩვევლობით.
მხოლოდ ვფიქრობ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე
ქუჩების ქაოსში.
მივდივარ დასკვნამდე, რომ მოძრაობა მიჭირს.
დავდივარ დასკვნამდე, რომ
სიყვარული სისასტიკის გარეშე რა სენტიმენტალურს მხდის.
ზედმეტ ენერგიას ვგრძნობდი და იმდენად არ ვავარჯიშე,
რომ ჭიქის აწევა მეზარება და სხვ.
შეიძლება არსებობს ბედნიერება
იქ, სადაც ნერვები იყრიან თავს.

ჩემი ფსიქიური მორჩები,

დავალაგე ნივთები ერთად უხარისხობის მიხედვით.
სადღაც ვაგდივარ მეც
სველი ნაწნვით
მეგობრებმა რომ დამიხვიეს,
მეგობრებმა, რომლებიც გამოვიგონე ხატვისას.

ურიგითობით დალაგებული ჩემი ქაოსი
და ქაოსში მომხდარი თვითმკვლელობები
ფსიქიკურად.

დავალაგე წიგნები ფერების მიხედვით.
ყვითლებთან ჩამოვდე თავი,
ნაწნავებით აკინძული თავი,
ასფალტივით უგულო თავი.
ყვითელი სითბოს ფერია,
სითბო – ჩემი ნაკლი.

ყველაფერი დაიწყო კაფეში.
როდესაც მეგობრები გაკლია ხატვისას,
მათი გამოგონება ადვილია
ხელსაწმენდზე მიხატული ჯოხებისაგან,
თუნდაც მერე ცხოვრობდე ქაოსში,
უგულო ქაოსში,
მალავდე გულს
აბსურდზე თემით და სიჩუმით ქაოსში
და ყველაფერი დაიწყო ქაოსში.

,,,,
მე ავად ვარ, ფსიქიურად გავცივდი
ცივი ოთახის ფონზე,
უსაუბრობის გამო
დახატული მეგობრების ფონზე თარგებად.
თარგები ადამიანებად არ გამოდგებიან.

მე არ მახსოვს რა იყო გუშინ.
გუშინ ალბათ შიში იყო,
რადგან ფსიქიური თვითმკვლელობა ვცადე.
ალბათ ნაკლები ქაოსი იყო
მოჭარბებული ემოციების
და გამოჩნდა ყველაზე შიში
საკუთარი თავის და მილაგებული კოსმოსის დანახვის.

დავსვი წერტილი, რომელიც დღეს უკვე მძიმეა.
მე არასდროს ვსვამ ხანგრძლივ წერტილებს.
წერტილები არ არსებობენ,

აეროპორტთან

არქიტექტურა სულებს იტოვებს. აქ ჭიამაიამ დაკარგა დედა. ექსკურსია იყო ახალი ფოტოების შემძენი მოძრაობა და სათბობ მილებს მიუჯდა მერე. გათბა. დათბა.

მოუსმინე მუსიკას. წამწამები მჭიდროდ მიადე კანს. ნაოჭები დაიხაზება. გააღე. შედი. საფეთქელთან გებურცება ძარღვები. გესმის? ეს შენ დადიხარ, უსმენ მუსიკას და თითებ შუა გეღვრება მე.

სხვამ დაიხურა წამწამები ქვემოთ და პროჟექტორის სხივებს მიადო. მწვანე. ლურჯი. მწვანე. ფერადი. თმები არაა სწორი. გრაგნილი. შეხება იყო ცხელი. და გრძელი.

“საუბარი იცი?”

“ჩამოხვედით.”

გადაეცი აზრები გრძნობების გარეშე და თქვი თანხმობა დარჩენილ მანძილზე. აწოწებული სართულები იქნება დამეცეს. სანამ მოკვდები, თავი გეტკინება. კითხვები პოულობს ადრესატს. იკლაკნება თითებში თითები.

“პირველად იყო ქაოსი.”

“იყო.”

მიყვები შენს ცხოვრებას. გისმენ. გეკლაკნება თითებით თმები. მოყევი.

“დედა როგორაა?”

არ მპასუხობს. ხელახლა. არაფერი.

“გიყვარვარ?” და ბევრი სენტიმენტები. დაიხვია ჩემი გაკვირვება.

“შენზე ფილმს გადაიღებენ.”

ვიკვირვებ.

“ლამაზი ხარ.”

არ მჯერა.

მივდივარ. დარჩა.

გადავშენდებით დინოზავრებივით ქაოსში. ქაოსში ბევრი ნაგავი ყრია. ახალი რასა აღმოაჩენს ჩვენს ნაკვალევს და იტყვის: “რამხელა ფეხები ჰქონიათ.”

მე არასდროს მეყოლება შვილი.

გასხეულებამდე დარჩენილი უსასრულობა, წამებში გამოთვლილი უსასრულობა, დასრულებული უსასრულობა. დიახ, უსასრულობაც მთავრდება სადღაც ჰოროზონტთან თვალსაწიერში. ნანატრი სურვილი, სხვის შებერილ სანთლებთან ტორტში, რომ მიშვილებენ. გავჩნი და ვიცი, მე არასდროს მეყოლება შვილი.

მანამდე არსებობდა მინდორი, ღერძები და დედამიწები, მე – მათ შორის მოსეირნე არარსებობა, უანატომიურო არარსებობა. ღმერთმა რომ მიწას შთაბერა სული, მე ის სული ვარ, ოღონდ შთაუბერელი. მე კი არ მჯერა ღმერთის. საკუთარი არსებობის დასაჯერებლად გამოიგონეს, ქაოსის განსამარტად. ღმერთი – ეს ანგარიშია საკუთარი უსუსურობის.

ნორმალური ვარ ისტორიული ფონის გარეშე, რომელიც რამდენიმე ათასწლეულს მოიცავს. წუხელ ადამიანებმა საკუთარი არსებობა გამოიგონეს და დაიჯერეს. ეს მატრიცა სიღრმეში მაშინ შევიდა, როცა საკუთარი გრძნობები გამოიგონეს.

მე შევდივარ და გავდივარ კედლებში და სიმძიმე მემსუბუქება.

მე შევდივარ ადამიანებში, იმისთვის, რომ მეგონოს, რომ სხეული მაქვს. გავდივარ ადამიანებისგან, იმისთვის, რომ უძნელდებათ ჩემი ატანა. დიახ, ისინი კვდებიან. მე მათში მინდა, ისინი კვდებიან. კვდებიან სპეციალურად არსებული ხელსაწყოებით, საკუთარი სხეულის უსუსურობით ან ფსიქოლოგიურად. უყვართ მოფერების დროს დანახული იმედი და იმედში ჩასახული სასრული.

გამოიგონეს, რომ მშობიარობენ და მრავლდებიან.  და აი, მეც ვჩნდები. საკუთარი გაჩენა მომელანდა. ათასწლეულები ველოდებოდი ჩემს არსებობას.

მე არ ვიცი ჩემი დაბადების დღე. იმ დროს ყურადღებას არ აქცევდნენ რიცხვებს. მოვიგონე, რომ ნოემბერია, ზამთრამდე ბოლო თვე. ბავშვობიდან დამრჩა ფოტოსურათები: ბებოსთან სკამზე, დედასთან სკამზე, ოჯახთან სკამზე. ფოტოზე არ ჩანს ჩემი ბაფთის ფერი. მაინტერესებს.

სამყარო ქრონოლოგიურად ფეთქდება. სიმშვიდემდე სოკოვანი ბოლის დანახვა რჩება. მოამზადე სანიშნე და ამ მომენტზე დაიმახსოვრე თეორია, სიმშვიდეზე რომ ვთქვი. არასტერეოტიპური სიბნელეა დღეს. ქაოსებში არც ისე ბნელა, უბრალოდ ბნელი ლაქებია. სიმშვიდეს არქიტექტურით ებრძვიან. არქიტექტურით იცავენ სიმშვიდეს. მე არასდროს მეყოლება შვილი.