ჩვენი ფუძის ანგელოზი

large

ხანდახან, როცა ძალიან მოვიწყენ, მცენარეებში მოვკალათდები და სამ სტუდენტ გოგონას ვუთვალთვალებ ხოლმე. ცუდად არ გამიგოთ, სინამდვილეში მხოლოდ სახლს ვათვალიერებ, უბრალოდ დაემთხვა, რომ იმ სახლში ადამიანებიც ცხოვრობენ. გპირდები, მანიაკალური დეპრესიითაც კი არ ვიტანჯები, სულაც არ მტანჯავს.
არა თუ ადამიანებს, ოთახებსაც ვერ ვხედავ, ეზოდან მხოლოდ მეექვსე სართულის თეთრად შეღებილი რაფა მოჩანს, რაფა, რომელიც ოდესღაც ჩემი იყო. ეს არის სახლი მეექვსე სართულზე, ხის კარებით, რომელსაც ასაკის მთვლელი წრეები ისევ ემჩნევა და ის ჩემია.
ჩემი ფუძის ანგელოზი ერთხელ გასხლეტილი ფიქრების ხელაა. მე არ ვიცი სხვა ელემენტარებისგან თუ განსხვავდება, მაგრამ როგორც კაცებს მოსდით რაღაც ჰორმონალური ცვლილებები წითური გოგონების დანახვაზე, ისე, თითქოს ხარებს წითელი თავშალები აუფრიალესო, ინტელექტის მიუხედავად, ისეთივე აბორიგენული აქტია და ჩემი მოკრძალებული დაკვირვებით, ფესვებს იმაში პოულობს, ახლადშობილი მხოლოდ მზეს რომ ხედავს ანუ პრიმიტივისთვის აღსაქმელი ფერია, ინსტინქტური ფერია.
ვინაიდან ყველა ადამიანში და მომავალში კიბერმენში ცხოვრობს პირველყოფილი ინსტინქტები, ვიტყოდი: არაფერი ისე არ მიზიდავს, რამდენადაც მოგზაურობას ნაკლული ადამიანები სახლებით, ვინტაჟური საძინებლებითა და ვეგანური სამზარეულოთი.
გამომიცდია რამდენჯერმე გადაფიქრებული სადარბაზოში შეპარვა, ყოფილი მეზობლებისთვის გვერდის ოსტატურად ავლა და მეექვსე სართულზე კაკუნი: “გამარჯობა. მე ანნა ვარ და მე აქ ვცხოვრობდი. შეიძლება სახლი დავათვალიერო? თქვენთან ჩემი ფუძის ანგელოზი დამრჩა, რომელსაც წითელი ვაშლები მივუტანე”.
გამომიცდია წარმოდგენილი თანხმობაცა და უარიც, როგორც რუტინული სიზმრები, აივნიდან ალპინისტური ცოცვა და ცხოვრება ყოფილ საძინებელში, სანამ გოგონები ლექციებზე არიან, ბოლოს ჩვენება კოშმარულ სიღრმეებში რომ აღწევს და მეპატრონეები ფაქტზე წამასწრებენ.
რამდენიმე თვის წინ კი გადავწყვიტე სიზმრები თავგადასავლად მექცია, იმ სტუდენტ გოგონებს დავახლოვებოდი, რადგანაც სახლში დავეპატიჟებინე.
ყოველთვის მიტაცებდნენ ქალები, რომლებთანაც საზიარო კაცები მყავდა, მერე მივხვდი, რომ მათში ჩემი გემოვნება მიყვარდა, მათი კონტაქტი კი ურთიერთობის შესაძლო განვითარება, ალტერნატიული გზა იყო.
ამიტომ საერთო ინტერესიც მალე გამოგვიჩნდა და ორიოდე საათში სამედიცინო ინსტიტუტის ეზოსთან ისეთ საჭირბოროტო თემებს განვიხილავდით, როგორიცაა “აბაზანის მიღება ხშირად იმიტომ გვიწევს, რომ შხაპის ქვეშ ღვინოს ვერ დავლევთ”, “ამ ჭიქით ებრაელების იმ მეფისგან გათავისუფლებას გაუმარჯოს, რომელიც ჯოფრიზე უარესია”, და მსგავსი ტიპის ხუმრობები.
ერთხელაც, ეს არ მომხდარა ოცნებაში ან სიზმარში, მითხრეს, რომ სახლში მპატიჟებდნენ.
სახლს ისევ ხის კარები ჰქონდა, რომელსაც ასაკის მთვლელი წრეები ემჩნეოდა და გაღებისას ადგილი ჰქონდა სადაც ხმაურობდა. ოთახები ავეჯის გარეშე, გამიკვირდა და, პატარა ჩანდა. მეთქი, რასისტი ვარ, რადგან ინდოელ მძღოლს მხოლოდ იმიტომ ჩავეხუტე, რაჯი კუტრაპალი მეგონა. მათ ვაშლები გამომართვეს და ინდური ჩაი მომიხარშეს.
მეთქი, პატრიოტიზმი, თავისი ვრცელი არსით შეუძლებელია, რადგან არასდროს მომინდება აფხაზეთისა თუ სამაჩაბლოს დაბრუნება ისევე, როგორც ოჯახის. მეთქი წარმოუდგენელია გლობალური მასშტაბით შეყვარებული ადამიანი, რადგან შეყვარება ძლიერი ემოციაა იმისთვის, რომ ფართო ადგილებზე გადანაწილდეს.
მე კი ოჯახისა და სახლისადმი მიჯაჭვა ჩემი პატარა ნერვებით ისეთ დარტყმებს მიღწევს, შეუსწავლელი ადგილებისადმი ემოცია ნაკლებად მრჩება. მათ თავიანთი მშობლიური სახლი ამიღწერეს ინდოეთში. ინით მოვიხატეთ მუცლები და ვიცეკვეთ.
ჩემი ელემენტარი არიეტის ფერისაა და ზომით უფრო პატარა, სადღაც ნამცეცებისხელა, ოღონდ ტოტოროსავით მრგვალი.
არ ვიცი რომელ ასაკში შევწყვიტე ზრდა, მაგრამ სადღაც შუაში გავიჭედე, რადგან არასდროს დამსიზმრებია ახალი სახლები და სამსახურის შენობებიც სკოლის ინფრასტრუქტურით მინახავს. ერთხელაც მივატოვებ წარსულს, მაგრამ ჯერ – არა. რას მიშლის, იყოს.