ბოშა ქალი

4-Gypsy

“რეალური ზღაპრების” პირველ ლექციაზე, ქვე-სათაურით “აურა”, ფილოსოფოსმა გიორგი მაისურაძემ საშუალო კლასზე ისაუბრა, რომელიც კვირაში ერთხელ ფაბრიკასა და ბასიანზე გართობის ფუფუნებით კმაყოფილდება და კოპი-ფეისთ წრეს ქმნის. რომ გალაკტიონი იმდენად დაფიქსირდა ქართულ რეალობაში, რომ სუიციდის აქტით ხელოვნების მკვლელად იქცა, როგორც შოთა რუსთაველი იყო შუა საუკუნეების ქართული მწერლობისთვის. რომ სქესობრივ აქტში ფულის გადამხდელი კაცი აფიქსირებს არა იმდენად უფასო სითბოს უქონლობას, არამედ სხვისთვის ან საკუთარი თავისთვის მატერიალური წარმოჩენის უნარს. რომ ლუვრში ორიგინალი ჯოკონდას ღიმილისთვის ჩასულ ტურისტებს ძეგლი ზურგიდან აქვთ ნანახი, სელფის ჯოხებთან ფრონტალური კონტაქტის გამო. რომ კოკა-კოლა ამერიკაში დემოკრატიის სიმბოლო არის, ყველა სოციალური ფენის ადამიანი განურჩევლად რომ სვამს. რომ მარტოობა არის ერთჯერადობის გამოვლენა, როცა ადამიანი კოლექტიურ კვალს არ უერთდება.

ლექცია დაიწყო აურაზე თეოსოფოსების წარმოდგენით და მოდერნისტული თეორიით გაგრძელდა, სადაც დიუშანის მზა პისუარის კოპირაიტის გარეშე გამოფენა პლაგიატის აქტი არ გვგონია და პოსტ მოდერნიზმში უორჰოლმა კონსერვის ქილების გადამრავლებით რაოდენობა ხარისხზე წინ დააყენა. აურის ბენიამინისეული გაგებით თანამედროვეობაში აურა დაიკარგა, რადგან აურის მატარებელი მხოლოდ ორიგინალი შეიძლება იყოს. როგორც წესი, მიმბაძველი ადამიანი საშუალო ფენის წარმომადგენელია, რომელიც თავს ნიმუშის ასლით ტკბობის საშუალებას აძლევს, რადგან ორიგინალის ფუფუნება არ აქვს. ლექცია ერთგვარი მოწოდება იყო მარტოობისკენ, რომელიც კოლექტიური ცნობიერების ინდივიდუალური ცნობიერებით ჩანაცვლებით მიიღწეოდა. ნამდვილად სახასიათო ღიმილი აქვს ამ ლექციის ლექტორს, ვინც შეხვედრილხართ, დამეთანხმებით ალბათ.

gypsy-tv-show-on-netflix-cancelled-or-renewed-590x218

ამ ზაფხულსვე Netflix-მა ახალი სერიალი გამოუშვა დამწყები მწერლის ლაიზა რუბინის ავტორობით Gypsy. “ვინ ხარ მაშინ, როცა არავინ გიყურებს?” – სერიალის სლოგანია და დასმულია საკითხი – თუ პიროვნება სინამდვილეში მიმბაძველია, მისგან ინდივიდუალური ცხოვრების ქონის მოთხოვნა რამდენად ეთიკურია, ანუ მიმბაძველი ტიპაჟი სხვების მიბაძვის გარეშე პიროვნულობას თუ კარგავს. სერიალის მთავარი პერსონაჟი ფსიქოლოგ-თერაპევტი ჯინ ჰოლოუეია. მას შემდეგ რაც ქვეცნობიერის კვლევა დაიწყო, თავისუფალი ნების არ სჯერა. როგორც იქნა ოცნების მამაკაცს მოანდომებს მასთან მონოგამიურ ცხოვრებას, გაუჩენს ჯანმრთელ და ჭკვიან გოგონას, ფსიქოლოგიის კათედრის კოლეგებში ავტორიტეტით სარგებლობს, მაგრამ პერმანენტულად მაქციური სურვილები იპყრობს. იგი არ მუშაობს მხოლოდ პაციენტებისგან მონაყოლი ინფორმაციით, არ სჯერდება სხვების აღქმას, პირიქით, შენიღბული იდენტობით და პაციენტების ცხოვრებაში დასადგურებით ცდილობს მათ შველას.

მაგალითად, ჰყავს პაციენტი ნარკოდამოკიდებულებით და მის დასახმარებლად ნარკოტიკი ჯერ საკუთარ ტყავზე უნდა გამოსცადოს, მერე საცხოვრებელი სახლი დაუთმოს. ჰყავს პაციენტი ქალი, რომელიც მოჭარბებული დედობრივი ინსტინქტისგან იტანჯება და რახან შვილს გასაქანს არ აძლევს, შვილისთვის იგი უინტერესოა. ჯინი პაციენტის შვილს ვითომ შემთხვევით უმეგობრდება, პირველწყაროდან იგებს თუ რატომ უკეთებს დედამისს იგნორს და შემდგომ თერაპიის კათედრაში მისულ პაციენტს ადეკვატურ რჩევებს აძლევს. ჰყავს პაციენტი ბიჭი, ვისაც დაშორების გადატანა უწევს თავზეხელაღებულ გოგოსთან. იმისთვის, რომ ამ ბიჭის განცდები აღიქვას, ამ გოგოსთან გააბავს რომანტიკულ კავშირს. როგორც ყველა სუპერგმირს, გადაქცევის რიტუალი სჭირდება. მაგალითად, კლარკ კენტი სუპერკაცად გადაქცევისთვის სათვალეს იხსნის და თმას უკან იწევს. ჯინი თმას ისწორებს, N4 შანელის სუნამოს ისხამს და ვისკის სვამს ღვინის ნაცვლად.

ჩემი აზრით, იყო ორიგინალის ასლი, ჰგავს განტევების ვაცად ქცეულ პაიკს შაჰმათში. The Veritas-ის სერიაში ასლი რომ უნდა მოკვდეს ორიგინალისთვის. ამიტომ გვაწვდიან რარიტეტული წიგნების დაქსეროქსებულ ვარიანტებს ბიბლიოთეკებში. იყო ასლი ნიშნავს განვითარდე, რადგან ბავშვს მიბაძვით შეუძლია ლაპარაკის და ქცევების სწავლა. ბნელ ოთახში უკონტაქტოდ გამოკეტვის ალტერნატივაში უკონტაქტო ბნელ ოთახს მიბაძავს. უნიკალურობაზე ფიქრი კი მეამიტობაა როგორც თავისუფლებაზე საუბარი ქვეცნობიერთან ერთად. ერთხელ ცხოვრება დიდ მარკეტს შეადარეს, სადაც მუდმივად გიწევს ყოფნა და მზა პროდუქტების არჩევა, აღარ მახსოვს ავტორი. ჩემი აზრით, ეს ბაშაობა, მრავალი ნაციის და რელიგიის მატარებლობა პოსტმოდერნიზმის სიმბოლოა. სიმბოლო, რომ ცხოვრება საკუთარი თავის პოვნა კი არა, საკუთარი თავის შექმნაა. ხოლო პარასკევობით, როცა კლუბში თავს უჯრედად გრძნობ კოლექტივიდან, როცა ცეკვავ იმის ნაცვლად რომ მუსიკა დაწერო, როცა არემიქსებ იმის ნაცვლად, რომ გამოიგონო, შენ ამით ორიგინალს იცავ. იქნებ შენც, კაძუო იშიგუროს Never Let Me Go-ს პერსონაჟივით, ეროტიკულ ჟურნალებს ორიგილანის საპოვნელად ფურცლავ. ორიგინალის სტატუსით მოღვაწეობ, მაგრამ როცა მარტო რჩები, ჩემსავით ბოშა ხარ.

მიტოვებულების ბიბლია

960

Leftovers იმიტომ არ მოგეწონა, რომ მიტოვებული არასდროს ყოფილხარო, – მიპასუხა მეგობარმა, რომელიც HBO-ს სცენარით დატენილ კომპანიაში იყო შეჩვეული საუბარს. სინამდვილეში სერიალმა დამაჯერა, რომ შეიძლება დედამიწის მოსახლეობის 4% სხვების თვალწინ ერთდროულად უკვალოდ გაუჩინარდეს, მაგრამ ვერ დამაჯერა მარადიული სიყვარულის არსებობა, რომელიც ყოველ წელს ავსტრალიაში გაგატარებინებს შვებულებას გაუჩინარებული მეუღლის ძიებაში. მომიტევეთ, არ მიყვარს სპოილერის გარეშე საუბარი. სერიალის ფინალი თინეიჯერ გოგოებზეა გათვლილი, რომელთა სხეულებში ჰორმონები კრეპტონური ძალებივით ბუდობენ და ჯერ მათი ფლობა არ შეუძლიათ. ალბათ იმიტომ, რომ პრეისტორია მიტოვებული ადამიანის ბიბლიაა, ჰოლივუდური ღიმილიანი დასასრული არ შეეფერებოდა, რადგან მაყურებელმა ამოღეჭა მთავარი გმირების სასწაულებრივად გადარჩენების ხარჯზე მიღებული ემოციები.

ეს არის წიგნი პოლიციის ოფიცერზე სახელად კევინ გარვი, რომელიც არავის მიუტოვებია ერთი ღამით გაჩერებულ ქალს თუ არ ვიგულისხმებთ შუა აქტისას. კაცი, რომელმაც აბაზანის ნიჟარიდან სექსუალურად ამოძვრომა იცის და choking ფილია აქვს. როგორც პოლიციის შეფს, მას მიტოვებული მოსახლოების დაცვა ევალება და უპატრონო ძაღლებს ხოცავს, პატრონების გაუჩინარების შესწრებისას რომ გაავდნენ. მიტოვებულ სამყაროში ცხოვრებას ის ღამის იდუმალი ცხოვრებით უმკლავდება ანუ მთვარეულია. ცოლად ოჯახისგან მიტოვებული ქალი მოჰყავს, ვისთან ყოფნისთვის მრავალი დაბრკოლების გადალახვა უწევს, როგორც ზღაპრებში ცხრათავიან დევებთან გამკლავება, – მან ჯერ უნდა მოკლას მისი მსხვერპლი ქალის ენიგმა, გამოიმუშაოს განწყობის კონტროლი და იმღეროს როცა არ ემღერება, დასძლიოს საკუთარ ორეულს, რომ მიხვდეს მარტოა და მეუღლესთან ცხოვრება სჭირდება, ქალაქში ყველაზე მიტოვებულ ქალთან.

ეს მიტოვებული ქალი ნორა ჯონსია, ყოფილი დიასახლისი ამჟამინდელი მიტოვების პრევენციის სამსახურის სტაფი. ქალი, რომელიც მსხვერპლის როლმა კარიერულ საფეხურზე აიყვანა და საჯარო სივრცეებში გამოსვლის სქილზი მისცა. მისი სამსახურეობრივი მისია გაუჩინარებულ ადამიანებში კანონზომიერების პოვნაა – ოფიციალურად რეგისტრირებულ მიტოვებულებთან დადის და მატერიალური კომპენსაციის სანაცვლოდ მიტოვებულ ოჯახებს კითხვარებს ავსებინებს. სწორედ ნორას წიგნიდან ვიგებთ, რომ გამქრალი ადამიანები პარალელურ სამყაროში ცხოვრობენ, რომელთათვის გამქრალები ჩვენ ვართ, ხოლო ისინი მიტოვების მსხვერპლები არიან, მათ ხომ დედამიწის მოსახლეობის 96% დაკარგეს. Leftovers-ის ფინალის ერთი თეორიის მიხედვით, ნორას წიგნის ფინალი რეალურ ფაქტს კი არ წარმოადგენს, არამედ ოცნებას, რომ მისი გამქრალი ოჯახი უმისოდ ბედნიერია და აწი თვითონაც შეეძლება ახალი ოჯახის შექმნა თუნდაც სიბერეში, თუნდაც ქორწილებში მტრედების გამშვებად მოუწიოს მუშაობა, თუნდაც ღვიძლი ძმის სიკვდილის მერე.

the-leftovers-1

ნორას ძმას მეთ ჯეიმსონი ჰქვია. ალბათ იმიტომ, რომ კონსერვატული ეკლესიის მღვდელია, იგი ერთადერთია, რომელიც გაუჩინარებული ადამიანების კულტს არ ქმნის და მორალურ-მატერიალურ წინაღობებს განიცდის იმ სტატიების გამო, რასაც ეკლესიებში არიგებს. სტატიებში წერია, რომ არ შეიძლება გაუჩინარებული ადამიანის კულტი ააგო, მხოლოდ იმიტომ რომ გენატრება. მეთი ტაბლოიდის ედიტორიბით ცდილობს მრევლს შეახსენოს, კულტად ქცეული გამქრალების მანკიერებები. თვლის, რომ ქრისტეს ტყუპისცალი ჰყავდა, ამიტომ როცა სიკვდილით დასაჯეს, მესამე დღეს ქრისტედ თავს ცოცხლად დარჩენილი ძმა ასაღებდა. ცოლად ჰყავს უშვილო და პარალიზებული მეუღლე, რომელიც სასწაულებრივად დაფეხმძიმდა, რამაც მასში ღმერთობის ამბიცია გამოიწვია. ჩემი აზრით, გემზე ნანახი ღმერთკაცა სწორედ მის ფარულ ორეულს განასახიერებდა. თავიდან მისი იდეები იმდენად კონსერვატული იყო მიტოვებულთა ქალაქებში, რომ ახალმა სექტამ ადვილად ჩაანაცვლა. მომავალში კი დაიჯერა ტყუილების, როგორც მომავალში პოტენციურად არსებული სიმართლის და ახალი მესიის, რომელიც დედამიწას ახალი მიტოვებებისგან იხსნის და ეს მესია კევინ გარვია.

მეთის შეხედულებებს წარსულზე ორიენტირებული სექტა უწევს ანტონიმობას, თეთრებში ჩაცმული სიგარეტიანი ტიპები დუმილის აღთქმით. მათ მემარცხენე ფრთას ლივ ტაილერის პერსონაჟი ასახიერებს. ვხედავთ სიბერისგან როგორ დაეჭიმა მსახიობს სახე, ერთ დროს ელფური გარეგნობის მქონეს. ქალაქებში არსებობენ მედიატორები, რომლებიც ფულს მიტოვებულებისგან შოულობენ, ცრუდ მიცემული იმედების სანაცვლოდ. ლაურა გარვის მორალი: წინასწარმეტყველებთან მისვლამდე სოციალური ქსელი წაშალე. და სხვა და სხვა დატვირთული პერსონაჟები სივრცეში. Leftovers-ს სამი სეზონი მოვლენების ეპიცენტრის სამ ქალაქშია გადაჭიმული. ნეიტრალური ნიუ ჯერსი, საიდანაც თვალს გაქრობას ვადევნებთ; ქალაქი, სახელად “სასწაული”, სადაც არავინ გამქრალა; და მელბურნი, სადაც პროცენტულობით ყველაზე მეტი მიტოვებული აღინიშნება და ერთგვარი ზღურბლია გამქრალების სამყაროში გადასასვლელად. სერიალი ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით ყოფილა შექმნილი.

დაემთხვა, რომ Leftovers-ის ყურებისას break up ქოუჩის საავტორო წიგნს ვკითხულობდი სახელად – The Ex Factory (c) ბრედ ბროუნინგი. ავტორი ყოფილ შეყვარებულებს წვრთნის მეორე შანსის მიღებისთვის დროში გაწელილი სტრატეგიით, სადაც პირველი რჩევაა ერთ თვიანი გაქრობის დაცვა. ავტორის აზრით, ყოფილთან შერიგებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია სხვა ადამიანებთან პაემნებზე წასვლა, ვარჯიში, ახალი ჰობი. სტატისტიკის თანახმად, 3 კვირა საკმარისია უარყოფითი ემოციები გაიფილტროს მოგონებებიდან და ძველი ურთიერთობიდან სასიამოვნო მომენტების გახსენება დაიწყოს. ამიტომ მხოლოდ ერთ თვიანი პაუზის პოსტ ფაქტუმ შეიძლება პირველი შეტყობინებით რეაგირება, მენტალური დაინტერესების მიზეზით, წიპა “ახალი ამბავი გაიგე? შენი საყვარელი ჯგუფი ჩამოდის ქალაქში”, ან ფიზიკური აღგზნების გამოსაწვევად ტანსაცმელზე გაკეთებული აქცენტი “დღეს ის კაბა ჩავიცვი, ჩემთვის რომ მოიპარე. იმედია, კარგად ხარ”. პასუხზე ერთი საათის მერე პასუხი. სატელეფონო საუბრისას ხმა რომ მკვეთრი და ხმამაღალი უნდა გქონდეს. იგნორის შემთხვევაში წყენის ჩაყლაპვა და ახალი სტრატეგიის მოძიება ათ დღიანი იზოლაციის მერე. წიპა, “გამარჯობა, შვებულების გატარებას ესპანეთში ვგეგმავ. ვიცი, რომ იქ შენი საყვარელი ადგილებია. მირჩევ რამეს?” შეხვედრისას ძალიან ბევრი მიმიკური შეხება, მაგრამ ურთიერთობისთვის მზადყოფნამდე სექსზე უარი.

ასევეა Leftovers-იც, ახალი მიტოვებისთვის შემზადებაა წარსულის მტკივნეული გამოცდილების გამო, თან მეორე შანსისთვის ახალი სტრატეგიის დაგეგმვაა ძალიან შორ მანძილზე და როცა საუკუნის მესამედის მერე ყოფილი მეუღლეები ერთმანეთს სიბერეში ხვდებიან, თავს უცნობებად იკატუნებენ. ამიტომ როცა მეგობარმა მითხრა, სერიალი იმიტომ არ მოგეწონა, მიტოვებული რომ არ ყოფილხარო. ვუპასუხე, რომ პირიქით, დანაკლისში ცხოვრების გამო.

cropped-tableau-medium

ჩემი პირველი ვიზიტი ფსიქოლოგთან

კაცი ტელეფონის გარეშე

როცა ვინმე მეკითხება ტელეფონის ნომერს, და ვპასუხობ, რომ ტელეფონი არ მაქვს. რატომ-ღაც არავინ მიჯერებს. რეალურად კი, მაქვს სამსახურის ტელეფონი სამსახურის ნომრით, მაგრამ იმასაც უკვე ძირითადად სამსახურში ვტოვებ ასევე სამსახურეობრივი მიზეზების გამო ბოლო კვირებია. და ისიც, მისი არსებობის შესახებ მხოლოდ ჩაკეტილმა წრემ თუ იცის. დაახლოებით ათმა ადამიანმა, ვინც იცის ჩემი სამუშაო ადგილი.

არა და შეიძლება მომწონს ეს ადამიანი ან მჭირდება მასთან ურთიერთობა. ვფიქრობ, სხვა ალტერნატიულ ვარიანტს შემომთავაზებს ან შევთავაზებ საკონტაქტოდ. და აი, ისიც მეკითხება: “ფეისბუქში როგორ ხარ?” “არა, არც მანდ ვარ”. ჰგონიათ, რომ ვატყუებ და გარბიან. ან რას ვერჩი, არც ჩემს არსებულ კონტაქტებს სჯერათ, რომ ისინი ბოლო ადამიანები არიან ვინც გავიცანი, ბოლო მეგობრები, შეყვარებულები თუ გაცნობილები იყვნენ.

შეიძლება მობილობის შიში მაქვს, კონტაქტისთვის ხელმისაწვდომობის. უფრო სწორად, როცა სხვები არიან მუდმივად ხაზზე. შეიძლება ექშენია, რომ ყველა ზარს მხოლოდ გარკვეულ საათებში ვუპასუხო, ხოლო დილით სამსახურში იმედით მივდიოდე. შეიძლება ურთიერთობები იმდენად მომბეზრდა, სამსახურეობრივი ვალდებულება რომ არა, ტელეფონს არც კი გავეკარებოდი. ალბათ ყოველი პასუხია სწორი, იმის მიუხედავად ,გამორიცხავენ ერთმანეთს თუ არა.

ასევე ვცდილობ დარეგისტრირებულიც არ ვიყო ჩათისთვის განკუთვნილ სოც ქსელებში (ვაიბერი, ტელეგრამი) და მხოლოდ დისტანციური კონტატაქტის ნეტით შემოვიფარგლო (ტვიტერი, ლინკინი და ა.შ.). და აი, როცა ვიზიტორთა ცენტრში დავრეკე სასურველი ტურის დასაჯავშნად, ოპერატორმა ბოდიში მომიხადა, ერთ ადამიანზე არაფერს ვჯავშნითო, ტური თავად ააწყეო. მერე იწვალა და არსებულ ტურებში ჩემი ჩაკვეხება სცადა, ცდილობს და, სავარაუდოდ, მომავალშიც უშედეგოდ ეცდება.

მივხვდი, რომ მარტოობა ძალიან ძვირია, ყველა პიცერიაში ხომ არ იყიდება პიცა ნაჭრებად, გჭირდება პარტნიორი ჭამაშიც და ფინანსებშიც. გადავწყვიტე ჩემი გასაჭირი მეგობრისთვის შემეჩივლა და ფსიქოლოგთან წავედი.

ჰო, კაი, ვიცი, დასაცინი ვარ, მეგობრულ ამოთქმაში რომ ფულის გადახდა დავიწყე. ოღონდ ჯერ თხუთმეტმა ფსიქოლოგმა მითხრა უარი მიღებაზე დაკავებული განრიგის გამო და მეთექვსმეტე დამთანხმდა. თან ქალაქში ცნობილი ექიმია და მაინტერესებს ვინ კურნავს თბილისს ასეთი. მთელი დღის ნამტირალი ვარ, დავდივარ სათვალით, მხრებზე პლედი მაქვს მოხვეული, განვიცდი, რომ სასურველ ტურზე უარი მითხრეს და რას განვიცდი.

ფსიქოლოგთან ვიზიტის ნომერ პირველი წესია: თუ ფსიქოლოგს რეზიუმეში იუნგის მეთოდიკით მუშაობა უწერია, გადამკვდარი მორწმუნეა, სასულიერო დაამთავრა და კაბინეტი წმ. პანტელეიმონის ხატებით აქვს სავსე. პანტელეიმონი ექიმი წმინდანი იყო. და ვაი თუ წამოგცდა სიტყვა “სექსი”.

უფრო სწორად, არც კი წამომცდენია, ოფიციალური კითხვარის შევსებისას, სახელიო, გვარიო, რამე მედიკამენტებს თუ იღებო და, გამახსენდა, რომ შვილოსნობასთან მაქვს პრობლემა, ჩემი ბიოლოგიური საათი ჩასახვის გარეშე იწურება და ეგ აღვნიშნე. და კაცი ჩაირთო: ოჰ, ეს ექიმებიო, რაო? სექსი გექნებაო და მოგეშვებაო? არაფერი მაგათმა არ იციანო, – ჩემს ექიმებს ლანძღავს თუ ფროიდს ვერ ვხვდები. მეთქი, ეგ არ მითქვამს, ბატონო, ეგ სულაც არ არის ჩემი სანერვიულო თემა, – მაგრამ აღარ მისმენდა.

ვუთხარი, რომ ძველ დროს პრობლემა მქონდა კრიტიკულ ფაზაში გულის წასვლასთან და მახსოვრობის პერმანენტულ დაკარგვასთან. და აუცილებლად მჭირდება აღდგენა დაკარგული ფაზლის ნაწილების. რადგან ჩემს მომავალ გადაწყვეტილებებთან ინფორმაცია შეიარაღების ექვივალენტია.

კარგიო, ტესტს გაგაკეთებინებო. და ფეისბუქში რომ ბუზზ ტესტებია, იქიდან ერთ-ერთი შემავსებინა. მწვავე დეპრესიის პირველი სტადია გაქვსო, ხვალ მოდი, სიზმრები მომიყევიო. ნამდვილად ვიცი, რომ დეპერსია არ მაქვს, ინტერესებით სავსე ვარ და სასიხარულო ამბებიც მახარებს, მაგრამ ეგ ტესტმა არ მაპასუხებინა.

მოკლედ, გადამახდევინა, ზუსტად 12 წუთში 50 ლარი. და თუ გადატვირთული გრაფიკი ჰქონდა, წამომიდგენია დღეში რამდენ ფულს აკეთებს. უკან გამოსვლისას უკვე სიცილისგან ვტიროდი და ჯობს.გეზე ფსიქოლოგის ვაკანსიას ვეძებდი. მშვენიერია, იუნგი მეც მაქვს წაკითხული, და არა მარტო. ბუზ ტესტების ამოპრინტერებას რა უნდა და ჭორაობა მეც გამომივა. ნამდვილად ასეთი ფსიქოლოგი უნდა შემხვედროდა რომ გავხალისებულიყავი ერთ სეანსში.

მეორე დღის პრობლემა

როგორც კი მარტყოფში შევედით, ტკბილი სუნი მეცა. ალბათ მზის, მწიფე ხეხილის და შუამავალი ნამის გამო. გზაზე ჭაობების დანახვამ გამახარა, ძალიან მომწონს მათი თვალიერება. ჩემთვის ის ბოღმის სიმბოლოა, რაზეც შეიძლება ლამაზი ნაყოფი გაიზარდოს. ტყის განაპირა სახლში დავბარგდით, პირდაპირ აივნიდან იწყებოდნენ ხეები. პურის საყიდლად ანუ უახლოეს სოფლამდე მისასვლელად სამი კილომეტრის გავლა მომიწია. უკან კი გზა ამერია, ცრუ ბილიკმა შემიტყუა, მთასთან გაჩერდა და თეძომდე ბალახებში ცოცვა მომიწია. სახლს ბუხრიდან ამოსული კვამლით მივაგენი. კი არ ვარ ბუხრების მომხრე, მაგრამ მომეწონა. სუფრა თანდათან გაიშალა, ღვინო მალე გაგვითავდა. ჭაჭასთვის მისაყოლებელი წვენი აღარ გვქონდა, სამეზობლოდ მიტოვებულ სახლში ალუბლის დასაკრეფად გადავედი. სიბნელეს რომ თავი დავანებოთ, ჭექა-ქუხილი იყო. ძალიან მომწონდა რომ მეშინოდა. გემრიელი წვენი გამოვიდა, როგორც მეორე დღეს ხეებიდან პირდაპირ ქვაბში დამზადებული წითელი ტყემალი. მეორე დღეს ტყეში შევედით, ყვავილები დავკრიფეთ და ხეებს ვეცეკვეთ. განსაკუთრებით მომეწონა ხეების გვირაბი. მინდოდა დამუხტვა გამომეხატა და ლირიკული აბზაცი გამომივიდა.

თბილისში რომ დავბრუნდი, პირველი რაც გავაკეთე, ორი წლის ძმის შვილი მოვინახულე, ნიკოლა. მიბაძვის ასაკი აქვს და კანფეტი რომ მომართვა, შეეცადა ჩემთვის შეფუთვისგან გაეხსნა. მე კიდევ მადლობის თქმა დამავიწყდა. აბა რა უნდა მითხრაო, მადლობაო. დავფიქრდი, რა იშვიათად ვიმადლი ზოგადად. ამბიცია მაქვს, რომ მეკუთვნოდა. ერთი გოგო გავიცანი მარტყოფში. ორსულად იყო, მაგრამ არ ამხელდა, სიტყვებით ლავირებდა. მაგრამ მე რას გამომაპარებდა, იმდენ ორსულთან მაქვს სისტემატურად მჭიდრო კავშირი, რომ ლამის აქეთ ცრუ ორსულობა დავიმართო. უი, ჩემი ძველი თანამშრომლის ძაღლს ჰქონდა ცრუ ორსულობა. იმდენ დროს ატარებენ ძაღლები ადამიანთა სამყაროში, რომ განწყობა უვითარდებათ. ნადირობისას საცხოველეთსაც ერჩიან ადამიანთა გამო, თავისიანებს ებრძვიან განვითარების ამბიციით. ჭაობის იდეაც ამიტომ მომწონს, სადაც გარდაცვალება დაბადებას ნიშნავს, რომ ბოღმიან წყალსაც აქვს დედობრივი ინსტინქტი, როგორც მე ვეძახი, გარდასახვის.

როგორც კი მარტყოფიდან გამოვედით, წვიმდა. სადღაც კილომეტრი სიმშრალე იყო, მერე კი ისევ წვიმდა. მინდოდა გადამეხვია გზა, რომ სახლში მალე მივსულიყავი. მეორე დღის პრობლემა მაქვს. იშვიათია, თუ სადმე წავედი და მეორე დღეს იქიდან გამოქცევა არ მომინდეს. თუ მეორე დღე გადარჩა, მესამე დღეს ეს აუცილებლად ხდება. რა ძალიანაც არ უნდა მიყვარდნენ ჩემი მეგობრები, უმეგობროდ ყოფნა მენატრება. ჩემში ეს დისტანციის სურვილი ხშირად მიქმნის პრობლემას, რადგან არ მყავს ისეთი მოლაშქრე მეგობარი, ერთ დღიანი გასვლები რომ უყვარდეს. საქმე ისაა, რომ მოძრაობა მიყვარს, ორი დღით ერთ სივრცეში გაჩერება ჩემთვის მდინარისთვის ჭაობში ჩადინება იქნება. ვერ ვიტყვი, რომ ჩემს ამ ხანგრძლივი გასვლების მოყვარულ მეგობრებს ძალიან ვუყვარვარ. რადგან არასდროს წამომყოლიან იმ ადგილებში სადაც მე მინდა, არ მახსოვს ტური დამეგეგმოს და მოსწონებოდეთ. ასე რომ ყველაფერი სამართლიანია, სინდისი არ მქენჯნის. უბრალოდ მწყინს, რომ სიარულში ვერ ვეწყობით და მაკვირვებს, რომ სტაბილურ ადამიანებს ვიყვარებ. დავწერე ის, რაზეც ფსიქო-თერაპევტს გავესაუბრებოდი პირველ სეანსზე, მათი რომ მჯეროდეს.

ინტერესების მიმომხილველი პროგრამა

ბარი შვარტზი გახლავთ არჩევანის სტრესის განხრით მომუშავე ფსიქოლოგი, განთქმული თავისი მერყეობებით. პირადად კი, წლების წინ გავიცანი როგორც TED მიმომხილველი. თქვა, რომ ცხოვრობს დროში, სადაც ექიმი პაციენტს უხსნის მისაღები წამლების სარგებელსა და შესაძლო უკუჩვენებებს, რითიც არჩევანის პასუხისმგებლობას იშორებს და პაციენტს აკისრებს. ამაზე კი ბატონი ბარი იმდენად წუხდა, რომ მიუძღვნა წიგნი, სტატიები, ლექციების კურსი, New York Times-ში რუბრიკა აწარმოა.

დავფიქრდი, რომ ჩემი ათწლოვანი სრულწლოვნობის მანძილზე არ მახსოვს საქართველოში ექიმი არჩევანი ჩემთვის მოენდო, ყოველთვის საექიმთაშორისო ანბანით ჩამწკრივებულ წამლებს ისე ვყიდულობდი, გვარიანად ვერ ვიგებდი რას ვმკურნალობდი. თქვენ თუ გქონიათ მსგავს ექიმთან ურთიერთობა, მითხარით. სანამ ბატონ ბარის წერილს მივწერ და საქართველოში დავპატიჟებ. აქაურობა ნამდვილად მოეწონება, რადგან მისთვის ეგზოტიკაა, მერყევი კაცისთვის კომფორტის დოზა (ზონა).

როდესაც მარტო ყოფნა მინდება, სადღაც დღეგამოშვებით, ბარში მივდივარ. ავითქვიფო მასაში, ვიგრძნო თავი ურბანული სამყაროს მოლეკულად, უჯრედად. ეს ისაა, რაც სიმარტოვეს მიმძაფრებს და ამავე დროს მცლის მისგან. კვადრატული იდეების შეჯვარების ოსტატი ვარ, ამიტომ რაც უფრო მეტად მეშინია უარყოფის, მეტად შემაქვს განაცხადი იმ ვაკანსიებზე, თავიდანვე რომ ვიცი განწირულობა. ჩვევაა ასეთი. სამაგიეროდ, გამოვიარე ძალიან ბევრი ინტერვიუ hr-თან, ძირითადად, ისეთი შეკითხვებით, რაზეც პასუხი უკვე რეზიუმეში მქონდა მითითებული და მწყინს, რომ გამსაუბრებლები საინტერესო შეკითხვებს არ სვამენ, არ მაფიქრებენ.

საინტერესო შემთხვევაა კოლექტიური ინტერვიუ, თუ გამოცდილი გაქვთ, მიხვდებით. ძირითადად, მულტიქსელიანი კომპანიები აწარმოებენ, შეყრიან რა მაძიებლებს დილით საერთო ტესტირების ოთახში, საღამოს საერთო გაცნობას აწარმოებენ. და ერთხელაც კოლექტიურად დაგვისვეს უინტერესო, ისედაც რეზიუმეში ჩასაწერი შეკითხვა, თუ რა იყო ჩვენი ჰობი. და იქ ოცდაათამდე ადამიანი დაიბნა. და ოცდაათამდე ადამიანმა უპასუხა, რომ ლაშქრობა, მთაში ხეტიალი, გზა: “აი, შარშანწინ შატილში ვისვენებდი კომფორტის გარეშე” ან “წინა ზაფხულს..” ერთი ჩემი მეგობარი ამას “მთაში დასვენება მიყვარს, მანგლისში”-ს სინდომს ეძახის.

მეც კი, როცა მთლიანად ურბანული ინტერესები მაქვს, მთიანი რაჭის ფოტოებითაც კი არ აღვფრთოვანებულვარ, უფრო ხშირად ვხეტიალობ მთაში. გამოდის, რომ ჩემი თანატოლი არასტუდენტი, უმუშავარი ადამიანები ნამდვილი გატაცებით წელიწადში ერთხელ თუ კავდებიან ან იმდენად არ იციან რა აინტერესებთ, რომ პირველი მთქმელის ვერსია გაამეორეს. თეორია მაშინ გამიმძაფრდა, როცა გამოსაცდელი პერიოდი მოგვცეს, დღეში ორიოდე საათით მისვლა, ქაღალდების, საბუთების, წიგნების თაროებიდან ჩამოღება, აღწერა და გადახარისხება. და, აი, მაშინ ვნახე სასწაული: ერთ კვირაში თაროებზე წიგნების დაწყობით ადამიანებმა წონაში დაიკლეს. მაშინ მივხვდი ბარი შვარტზის წუხილს, რომ ინტერესის არჩევაც რთულია.

StrengthsFinder 2.0 გახლავთ წიგნისა და პროგრამის სახელი, ჩემი აზრით, (არა მარტო) სამსახურის მაძიებლები და შემთავაზებლები რომ უნდა იყენებდნენ. პროგრამა ახერხებს ინტერესებისა და შესაძლებლობების დახარისხებას. რაც პიროვნებას საკუთარ თავს წარმოაჩენინებს, აპოვნინებს მათი გადაკვეთის წერტილს, რომელიც შეიძლება არ იცოდეს. დამსაქმებლები კი სიმპათიის მიხედვით, შემთხვევითი ადამიანებით კადრების დაკომპლექტებას შეამცირებენ. რადგან, როგორც პროგრამის ავტორი იტყოდა, მხოლოდ რეზიუმეს ინჟინერიის გამო მუშაობა პოსტსექსუალურ ასაკში სექსის მცდელობას ჰგავს.

სტატიას კი კიდევ ერთი TED მიმომხილველის თეორიით დავასრულებ, რომ ადამიანი პროდუქტიული დასვენების დროსაა. თუ 25 წლამდე პიროვნება დროს სწავლას უთმობს, შემდგომი 40 წელი მუშაობს, ხოლო ბოლო 15 წელი პენსიაზე ისვენებს, ბატონი სტეფანი ფიქრობს, 40 წლიანი მუშაობა შუაში 5 წლიანი პენსიით გაჩეხოს. არ მგონია ვინმემ აიტაცოს, მაგრამ კარგი საჭორაო თემაა.

შიზოფრენიის უპირატესობა

როგორც აუტისტებზეა ტენდენცია, რომ გენიოსები არიან, თითქოს ისევე მოელიან შიზოფრენიით დავადებულთაგან მაღალ შინაგან ლოგიკას (ინტუიციას). თეორია 2012 წელს პოპულარული აქცია ჯერ კიდევ ელინ საკსმა (Elyn Saks) პრეზენტაციით “ზღაპარი მენტალურ ავადმყოფობაზე” (“A Tale of Mental Illness”), სადაც ტრადიციული მკურნალობა უარყო. “თქვენი ანგელოზები არ მინდა, ჩემი დემონები მირჩევნია”. ერთი წლის შემდეგ კი ელინისგან საფუძველჩაყრილმა ასევე შიზოფრენიკმა და ფსიქოლოგმა ელეანორე ლონგდენმა (Eleanor Longden) ტედისთვის წაიკითხა ლექცია სახელად “ხმები ჩემს თავში” (“The Voices In My Head”). ჯერ პიროვნების გაორებასა და შიზოფრენიას შორის განსხვავება ახსენა, – გაორების შემთხვევაში თუ პიროვნება გახლეჩილია, შიზოფრენიის შემთხვევაში – დამსხვრეულია. შესაბამისად, მისი ჰალუცინაციები აწყობას საჭიროებს და არა წამლებისგან ჩახშობას. ნათქვამის მიხედვით ჰალუცინაცია განხილული არაა როგორც შიზოფრენიის სიმპტომი, არამედ პიროვნების დამსხვრეული კადრები, საჭირო მასალა მთლიანის ასაწყობად, პაზლი, “შემოქმედებითი და მოხერხებული გადარჩენის სტრატეგია”. შეიძლება ეს გამოსვლა გახსოვდეთ, – 20 ონლაინ საუბარში, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის, – შევიდა.

ამავე პერიოდში Star Trek-ებისა და Smallville-ების მწერლებმა დაიწყეს ახალ სატელევიზიო შოუზე მუშაობა სახელად “აღქმა” (“Perception”). შოუ არ გახდა იმდენად წარმატებული როგორც მისი წინამორბედები, თუმცა ესეც ამერიკული დეტექტივის კლასიკურ საზღვრებშია: დენიელ პირსი, გენიოსი და შეშლილი გამომძიებელი, ვისი მოსაზრებებიც იმდენად გიჟურია, რომ თავიდან არავინ უჯერებს, სარკასტულია, მიზანთროპია, ჰყავს ერთგული თანაშემწე, ვისაც მუდამ ამცირებს, მაგრამ მიეჯაჭვა, პირად კავშირებში გულქვაა, რადგან ურთიერთობების ეშინია, ჰყავს საკუთარი “უოტსონი” დედუქციური გადათამაშებისთვის, ოღონდ იგი მისი წარმოსახვის ნაწილია. ჰოპ, დიახ, ჩვენი FBA-ის აგენტი პარანოიდული შიზოფრენიითაა ავად, ჰალუცინაციებით კი ქვეცნობიერი ეხმარება ხელახლა ხედავდეს მოვლენებს, სანამ მოვლენებში დამალულ გასაღებს არ შეამჩნევს. იმისთვის, რომ ამ პირველი ხარისხის ფსიხის დენიელის მდგომარეობა მთლად ხელიდან არ წავიდეს, გამოცანების ამოხსნა სჭირდება, ტვინის მუდმივი მზადყოფნა ჰალუცინაციების დეტალებზე კონცენტრაციაში.  ეს კი ელეანორე ლონგდენის ამბავს ჰგავს, ფსიქოლოგიის გამოცდაზე წარმოსახვითი ხმები რომ კარნახობდა პასუხებს. სპოილერი: რეალობა ეს ილუზიის ერთ-ერთი სახეობაა.
1987 წელი არის თარიღი, საიდანაც დაიწყო აქტიური ბრძოლა ფსიქიატრიულების წინააღმდეგ ჰალუცინაციების სასარგებლოდ. ხმოვანი მოძრაობა (“Hearing Voices Movement”) ვერბალურ, აუდიო ჰალუცინაციებზე ორიენტირებული ექსპერიმენტული მკურნალობის შემომთავაზებელი ორგანიზაციაა, რომელიც უარს ამბობს ხმების წამლებით ან სხვა ხერხებით ჩახშობაზე და გვთავაზობს შინაგან ხმებზე კონცენტრაციას; იცავს ჰალუცინაციებით შეპყრობილ ადამიანთა უფლებებს, ცდილობს გაუწიოს ფსიქოლოგიური კონსულტაცია, აარიდოს ბულინგი, თანასწორუფლებიან დასაქმებას მოითხოვს შრომის კოდექსში, ეწევა ფსიქოლოგთა გადამზადებას და აწარმოებს ტრენინგებს, ყოველ 10 ოქტომბერს მსოფლიო მენტალური ჯანმრთელობის დღეს აჯამებს წლიურ შედეგებს და სხვა. მას დღეისობით უკვე სხვადასხვა ქვეყანაში აქვს ავტორიტეტი. კომუნა HVM პაციენტს სამ საფეხურიან მკურნალობას სთავაზობს: ა) ინიციაცია, ემოციური ქაოსი, შიში; ბ) ორგანიზება, საგანი/მიზანი/ამოცანის პოვნა, დაკოპირება და ჩასმა ჰალუცინაციების ყოველდღიურ ცხოვრებაში; გ) ჩასმულის გაწონასწორება, პაზლის აწყობა, მიღებულის გამყარება.
Dr. Marius Romme მოძრაობის თეორიტიკოსი, Dr Sandra Escher-თან ერთად კომუნის დამფუძნებელი, მაგალითს ისტორიიდან იღებდა. ძველ ცივილიზაციებში ჰალუცინაციები განიხილებოდა როგორც ნორმა. ისედაც, შინაგანი მეტყველება შედარებულია ბავშვის თავისთვის საუბართან იგივე ლინგვისტური კონსტრუქციის გამოყენებით, რასაც მშობლები აწვდიან. ეს მას კონცენტრაციაში ეხმარება, თუნდაც თამაშისას პაზლის აწყობაში. ასეა შიზოფრენიის შემთხვევაშიც. იგივე დოქტორი თვლის, რომ არავითარი სამეცნიერო დამამტკიცებელი საბუთი არ არის, რომ შიზოფრენია ტვინის ავადმყოფობაა. მისი კოლეგა ბეიკერი წიგნში “შინაგანი ხმა, ხმების დაკოპირების პრაქტიკული გზამკვლევი” (“The Voice Inside, A Practical Guide To Coping With Hearing Voices”) ასევე მოითხოვს ხმებთან საუბარში შესვლას. ამავე წიგნში გვიყვება როგორ დაიბადა მოძრაობის იდეა: დრ. მარიუსს პაციენტი ეკითხება, თუ შენ ღმერთის გჯერა, ვისიც არ გესმის, რატომ არ უნდა მჯეროდეს მისი ვისიც მესმის? რაც შეეხება კრიტიკას, მოძრაობას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, ვინაიდან უარს ამბობს წამლებზე და მედიტაციას მიმართავს. თან არის შემთხვევები, როდესაც ხმა პაციენტს ამორალური ქმედებისკენ უბიძგებს, – ქურდობა, მკვლელობა, სუიციდი.. მოძრაობა ყველა ინდივიდუალურ შემთხვევას ბოლომდე ვერ გააკონტროლებს და დამამშვიდებლებზე უარის თქმის გამო დაავადებული ფორსმაჟორ სიტუაციაში ხშირად აღმოჩენილა.

როგორ გადამეზარდა ისტერია ინსომნიაში?!

ვფიქრობ, დაბადებიდან არამორწმუნე ადამიანები ჩემზე ჯანსაღი ფსიქიკის არიან. რადგან ჩემს სხეულს ცნობიერთან შეუთავსებლად მექანიკური მოძრაობები დარჩა, ემოციას მოკლებული ჟესტები: პირჯვრის წერა იქნება ეს მიჩვეული მდგომარეობისას თუ ჯდომის მანერა ეკლესიის ეზოში, – მაგრამ საუბარი საეკლესიო რწმენაზე არ მინდა, არამედ გაროხის წვნიანსა და წყალმცენარეებზე: როცა ღებინება დავიწყე ხორცის გემოიან კერძებზე, მივხვდი, რომ ვეგეტარიანულმა სურვილებმა ორგანიზმი მოირგეს. ეს კი სხეულის გადმოსახედიდან კლასიკური ისტერიის შემთხვევაა, როგორიც აღდგომისას ჯვრებიანი სტიგმატების ან საახალწლოდ ნაძვებიანი ჭრილობების გაჩენა. მაგრამ საუბარი ამაზეც არ მინდა.

ბოლო ათწლეულში ფსიქიკამ ორგანიზმზე იმდენი სხვადასხვა რწმენა გამოიმუშავა, ამჯერად, ინსომნიურ მდგომარეობაში მოვხვდი. ხშირად უძილობა ილუზიებს აჩენს, მაგრამ მე უძილობა ილუზიებმა მომცეს. სადღაც ორი წლის წინ დამეწყო ე.წ. მომაკვდავის რეფლექსი, როცა პრობლემის დავიწყება იმდენად ვცადე, მთელი თვის, სეზონის მოგონებები გავინადგურე და დროთა განმავლობაში თუ შევძელი მათი წყვეტილად აღდგენა. პარალელური სიმპტომი ჩემი ჰიპნოზური მდგომარეობა იყო. ჩემი მეტყველება ქვეცნობიერული ნაკადებიდან თითქოს და ფხიზელ მდგომარეობაში. გავხდი დაბნეული არა მხოლოდ სიფხიზლეში, ძილზეც კი გამიჭირდა კონცენტრირება. სიფხიზლეში ძილისმაგვარი მდგომარეობით მივადექი უძილობას ძილში.

როგორც წესი, ესსეს მესამე ნაწილში უნდა მესაუბრა ინსომნიასთან გამკლავების გზებზე, ითხოვს. მაგრამ ხელში მხოლოდ მცდელობების სია შემრჩა. ეტყობა რაღაც ჯაჭვი გამომრჩა. წავშალე და მხოლოდ წიგნებზე დავწერ: ამ დღეებში ჩამივარდა ხელში შრომები ასათიანის და პავლოვის ექსპერიმენტების შესახებ. ექსპედიცია სვანეთში ამტკიცებდა, რომ სტატისტიკურად ნევროზული მდგომარეობა მაღალ მთიან რეგიონებში მინიმუმამდეა დაყვანილი. მაგრამ ფშავში არაისტერიული ადამიანთან შეხვედრა გამონაკლისს წარმოადგენს. ექიმებმა კი დაასკვნეს, რომ ისტერიული იყო ფშავში, ნორმაა, პირიქით, სიჯანსაღეა ავადმყოფურიო. საღამოობით შემოსხდებიან ცეცხლის ირგვლივ და ერთმანეთს საშიშ ამბებს უგონებენო, ვინ უნდა გადარჩესო.