ქუჩებში მოარული თავისუფალი ინტერნეტი ალბათ იმ ადამიანებმა გამოიგონეს, რომლებსაც არაპუნქტუალური საახლობლო წრე ჰყავდათ. ამჯერად, თბილისის ცენტრალურ სკვერში ველოდები მეგობარს, მუხლებზე ტაბლეტი შემოვიჯინე, კლავიატურა გადმოვუშალე და ინსტაგრამელთა ფოტოებს ვათვალიერებ. ფოტოებს, რომლებიც სტრატეგიული ჟანრის თამაშისმაგვარად სუბიექტის მიერ ხილულ რუკას ქმნის. რუკას, რომელსაც ფიზიკურ თუ სოციალურ გეოგრაფიაზე მეტად ინდივიდის მნიშვნელობა აქვს, რასაც ფსიქოგეოგრაფიამდე მივყავართ. სვამს კითხვას: თუ უდაბნო განხილული იყო როგორც მონოთეისტური ადგილი, შეიძლება იმდენად დისორიენტირებული, რომ ათეიზმად ჩაგვეთვალა, რამდენად შესაძლებელია მისი ტერიტორიის კონცეპტუალური ღირებულებებით დაყოფა?!
ფსიქოგეოგრაფია ერთგვარი განხრაა გეოგრაფიის საგანში, სადაც შეიძლება დაინგრეს ობიექტური მასშტაბები, ამიტომ ცხრა მთას იქითა ქალაქი უფრო ახლობელი იყოს სუბიექტური ორიენტაციით ვიდრე ობიექტურად ყურის ძირში არსებული, რაც ინდივიდუალურ აღქმებზეა დამოკიდებული. შესაბამისად, გეოგრაფები, რომლებიც ჩემთვის არტისტები არიან, ტერიტორიებზე პირადი ფოტოებით, ნახატებით, ინსტალაციებით თუ ნოუთებით გვანებივრებენ. მაგალითად, როგორც ინსტაგრამის შემთხვევაში მოხდა, ოღონდ აქ რეალური მასშტაბებია დაცული. მე შემიძლია კედელზე დავიხატო ჩემი ყოველდღიური გადაადგილების რუკა მაშინაც, როდესაც არ მახსოვს ქუჩათა სახელები, ხოლო ადგილებზე ჭიკარტებით ჩანაწერთა დასტები მივამაგრო: კლუბი ა, სადაც პირველად მოვწიე, კაფე, სადაც კარამელი მომეწონა და სხვა. ეს უკვე ტოფოგრაფიაში ჰუმანიტარულად მიმზიდველია.
ფსიქოლოგიისთვის ნებისმიერი მეცნიერული მიმართულება შეიძლება გამოვიყენოთ. მაგალითად, სტუდენტობისას შევადგინე სივი, რომელსაც პოტენციური დამქირავებლის შუქი არ მიუღია, მისი დანიშნულება მხოლოდ შექმნის პროცესისგან მიღებული სიამოვნება იყო. ანუ დავხაზე ჰომოსაპიენსის ტვინი, სადაც სხვადასხვა აქტივობებზე პასუხისმგებელი ტერიტორია შესაბამისი ინფორმაციით დავტვირთე. მაგალითად, მეტყველებაზე პასუხისმგებელ ნაწილში მივუთითე ჩემთვის ცნობილი ენები საფეხურებით. ეს უკვე არის ფსიქობიოლოგია. როდესაც სხეულის (ან სხეულის ნაწილის) ხაზვისას ემოციებსა და ინტერესებს წინა პლანზე წამოსწევ. როგორც ჩანს, ნებისმიერი მეცნიერული განხრის მიმართ შეიძლება არტისტული აღქმის მორგება. განსაკუთრებით, როცა თავისუფლების პრაქტიკიზაცია დახურულ სივრცეში ხდება, იგი ოცნებაში დაჭკნება, საკუთარი თავის გუბურად იქცევა, როგორც თავის დროზე ფსაიქო ავანტგარდები ამბობდნენ, სუბიექტურობისა და ობიექტურობის პირველადობაა საკითხავი.
თანამედროვე ხელოვნებაში აღსანიშნია ემოციის გამომწვევი მოვლენის მათემატიზირება. მაგალითად, ემოციის გამომწვევი მზის ჩასვლის რაციონალურად დიაგრამული აღწერა ან სქესობრივ პარტნიორთა სტატისტიკის შექმნა სივრცისა და დროის ანუ ჰორიზონტალური და ვერტიკალური ხაზების გამოყენებით და სხვა და სხვა. პირადად მე, გენეალოგიურ ხეს მსუბუქი დამუშავების შემთხვევაში საკუთარი თავის ფსიქოისტორიად მივიჩნევ. განსაკუთრებით თუ გამჭირვალე ქაღალდებზე იხატება და ქრონოლოგიურად ისე დავაწყობთ, რომ ბოლო წარმომადგენლის სახეს ვიღებდეთ. ხოლო ფსიქოგეოგრაფიის შესწავლისთვის ბავშვების მიერ დახატული ეზოები გამოდგება, უნდა ათვალიერო და ათვალიერო. პირადად მე, ერთი სული მაქვს სამოგზაუროდ როდის წავალ, რომ სუბიექტური რუკით დავბრუნდე, დავტვირთო მაინც საკუთარი ინსტაგრამული სივრცე ახალი ქალაქებითა და ქვეყნებით, კედელზე გაკრული რუკა ჭიკარტებით დავჩხვლიტო მაინც. და რაც მთავარია, შევძლო უდაბნოს ტერიტორიის კონცეპტუალურ სივრცეებად დაყოფა.