თმა, როგორც სქესის მსაზღვრელი

ქალები თაობებს ვტოვებთ იმ ბიოლოგიური მიზეზის გამო, რომ იგრეკი კონკურენციის გარეშე გადაეცემა მემკვიდრეობას, იქსებს შორის კი რეცესიულისა და დომინანტურის გამოვლენაა საჭირო. ანუ მე, როგორც ქალი, შეიძლება ბებიის პირდაპირი შვილიშვილი არ ვიყო, მაგრამ ჩემი ძმა ბაბუის პირდაპირი შთამომავალია. აქედან შეიძლება აიხსნას გვარის გადაცემის სისტემა მამიდან შვილზე, და გამონაკლისად ებრაელთა პოლიტიკა აღვიქვათ – მუდმივი ომიანობის გამო გაუპატიურების მერე ჩასახული ბავშვების მამობაზე უნდობლობის გამოცხადება.
რთული სათქმელია ბიოლოგიურმა პროცესებმა გამოიწვიეს პატრიარქატული პროცესი თუ პატრიარქატულმა სისტემამ განიცადა ევოლუცია ბიოლოგიაში, პირველობაზე ქათმისა და კვერცხის, სხეულისა და სულის პრეტენზიას ჰგავს. მაგრამ მამაკაცს შეიძლება მრავალი იქსი ქრომოსომა ჰქონდეს და ერთი იგრეკი, – მისი სქესი მაინც მამრობითია. ანუ, გარდა იმისა, რომ მამრის ჩასახვა უფრო მარტივია იგრეკის პატარა ზომის ანუ ნაკლები წონის ანუ სისწრაფის გამო, სქესსაც იგრეკ ქრომოსომა განსაზღვრავს.
სასქესო ორგანოების სხვაობის გარდა მნიშვნელოვანი განმასხვავებელი უხეში თმით დაფარული სახეა. მამაკაცის გამელოტების გენი იგივე ქრომოსომაზე მდებარეობს, რაც ქალის საკვერცხეებს განსაზღვრავს, დაზიანების შემთხვევაში კი ქალებში გამელოტების ნაცვლად, პირიქით, ჭარბთმიანობას, უნაყოფობას იწვევს. შეიძლება ფიქრი მელოტი და ჭარბთმიანი ქალის შეუწყვილებლობაზე, კაცების გამელოტებაში მათი დედების დადანაშაულებაზე ან სიმპათიის გაჩენის ვიზუალურ როლზე, რადგან პარტნიორის სასიამოვნო გარეგნობას ავტომატურად ჯანსაღი მემკვიდრეობისკენ მივყავართ.
თუ იურულ პერიოდში თერომორფებისგან მოყოლებული სხეულზე თმა პრიმატს ყინვისგან დასაცავად სჭირდებოდა, ნადირობის ხანაში საშოვარზე მოხეტიალე მამრმა გამოქვაბულში ჩათბუნებულ ქალზე მეტი თმა დაიჭირვა. ტანსაცმლის გამოგონებასთან ერთად თმიანობა შემცირდა და დღეს სიცხისგან დასაცავად გვჭირდება. ამით აიხსნება სამხრეთულ ქვეყნებში მოჭარბებული თმიანობა. რაც ხშირად კურიოზის მიზეზი გამხდარა სლავეთში მოგზაური კავკასიელი ქალებისთვის, საჭირო გამხდარა საცხოვრებელი კლიმატური პირობების ახსნა, მათთვის ჰორმონალური დისფუნქცია რომ არ მიეწერათ. შეიძლება ჩვენთვის სექსისტურად ეხუმრათ, თუ არ გინდათ თმა გქონდეთ სხეულზე, თმა უნდა გქონდეთ სხეულშიო და სექსისკენ ებიძგათ.
არა მხოლოდ ქალებმა, ფემინიზმის განვითარებაში წვლილი კაცებმაც შეეტანეს, რომლებიც ინდი თამაშებში და კომიქსებში დაიმალნენ. ზრდასრული კაცებისგან თავის მობავშვება ერთგვარ ტრენდად იქცა. პლიუს ორივე სქესისგან თმის მოშორების ისტერია. სოციუმისთვის ინდივიდის თმიანობას რამდენიმე ლინკი აქვს: მასკულინურობის (მამაკაცური ჰორმონების) გარდა ასაკს წარმოაჩენს, რადგან უთმოები არიან უმცროსები. ასაკი კი სტერეოტიპულად სიბრძნესა და გამოცდილებას ლინკავს, როცა უთმობა ქალურობასთან და უმცროსობასთან ასოცირდება.
დღევანდელობა შეიძლება მატრიარქატულ, შემგროვებლურ ეპოქად განისაზღვროს, სადაც ფიზიკური ძალა ნადირთან შესაჭიდებლად ნაკლებად პრიორიტეტულია და ყოფა გონებრივი შრომით იმართება. შესაბამისად, მაღალი რანგის წარმომადგენლები ცდილობენ სუფთად გაპარსული წვერითა (მოვლილით, შემცირებულით მაინც) და სხეულზე მინიმალური თმიანობით წარდგნენ სოციუმის წინაშე. რითიც ფემინურობის მიღებას ლინკავენ, სტერეოტიპულად ნაკლებად აგრესიულობის, ნაკლებად დომინანტურობის, სანდოობის იმიჯს იღებენ. თუ ეს მაღალი რანგის წარმომადგენელი რაიმე რიტუალს არ განასახიერებს, მაგალითად, სასულიერო პირია, შოუ ბიზნესშია.
დასკვნისას, მწუხარებას გამოვთქვავ ქალებისა და ეპილაციის მიმართ, რადგან მგონია, ჭარბი თმის აღმოჩენის შემთხვევაში უნდა მივაკითხოთ ექიმს მიზეზის მკურნალობისთვის და არა შედეგის მოსაცილებლად. თან ჭარბ თმას, ავადმყოფობის კი არა, შეიძლება დამცველის ფუნქციაც ჰქონდეს. ეპოქაში, სადაც დაავადებებს შორის ქალის სიკვდილიანობის მაჩვენებელი მკერდის და საშოს კიბოები სამეულში ერთმანეთს ენაცვლება, ლაზერის სისტემატური, თვიური გამოყენება შეიძლება სახიფათო იყოს. როგორც ესთეტიკის ცენტრებში საუბრობენ, ლაზერი ორგანიზმს ზიანს არ აყენებს, თუ დასასხივებული ადგილი უკვე არაა პრობლემური. არა და მხოლოდ პაპილომა ვირუსით ქალთა 70%-ია ავად.

უდაბნოს ფენომენი ფსიქოგეოგრაფიაში

ქუჩებში მოარული თავისუფალი ინტერნეტი ალბათ იმ ადამიანებმა გამოიგონეს, რომლებსაც არაპუნქტუალური საახლობლო წრე ჰყავდათ. ამჯერად, თბილისის ცენტრალურ სკვერში ველოდები მეგობარს, მუხლებზე ტაბლეტი შემოვიჯინე, კლავიატურა გადმოვუშალე და ინსტაგრამელთა ფოტოებს ვათვალიერებ. ფოტოებს, რომლებიც სტრატეგიული ჟანრის თამაშისმაგვარად სუბიექტის მიერ ხილულ რუკას ქმნის. რუკას, რომელსაც ფიზიკურ თუ სოციალურ გეოგრაფიაზე მეტად ინდივიდის მნიშვნელობა აქვს, რასაც ფსიქოგეოგრაფიამდე მივყავართ. სვამს კითხვას: თუ უდაბნო განხილული იყო როგორც მონოთეისტური ადგილი, შეიძლება იმდენად დისორიენტირებული, რომ ათეიზმად ჩაგვეთვალა, რამდენად შესაძლებელია მისი ტერიტორიის კონცეპტუალური ღირებულებებით დაყოფა?!
dorothy-dehner-new-cityფსიქოგეოგრაფია ერთგვარი განხრაა გეოგრაფიის საგანში, სადაც შეიძლება დაინგრეს ობიექტური მასშტაბები, ამიტომ ცხრა მთას იქითა ქალაქი უფრო ახლობელი იყოს სუბიექტური ორიენტაციით ვიდრე ობიექტურად ყურის ძირში არსებული, რაც ინდივიდუალურ აღქმებზეა დამოკიდებული. შესაბამისად, გეოგრაფები, რომლებიც ჩემთვის არტისტები არიან, ტერიტორიებზე პირადი ფოტოებით, ნახატებით, ინსტალაციებით თუ ნოუთებით გვანებივრებენ. მაგალითად, როგორც ინსტაგრამის შემთხვევაში მოხდა, ოღონდ აქ რეალური მასშტაბებია დაცული. მე შემიძლია კედელზე დავიხატო ჩემი ყოველდღიური გადაადგილების რუკა მაშინაც, როდესაც არ მახსოვს ქუჩათა სახელები, ხოლო ადგილებზე ჭიკარტებით ჩანაწერთა დასტები მივამაგრო: კლუბი ა, სადაც პირველად მოვწიე, კაფე, სადაც კარამელი მომეწონა და სხვა. ეს უკვე ტოფოგრაფიაში ჰუმანიტარულად მიმზიდველია.
675678ფსიქოლოგიისთვის ნებისმიერი მეცნიერული მიმართულება შეიძლება გამოვიყენოთ. მაგალითად, სტუდენტობისას შევადგინე სივი, რომელსაც პოტენციური დამქირავებლის შუქი არ მიუღია, მისი დანიშნულება მხოლოდ შექმნის პროცესისგან მიღებული სიამოვნება იყო. ანუ დავხაზე ჰომოსაპიენსის ტვინი, სადაც სხვადასხვა აქტივობებზე პასუხისმგებელი ტერიტორია შესაბამისი ინფორმაციით დავტვირთე. მაგალითად, მეტყველებაზე პასუხისმგებელ ნაწილში მივუთითე ჩემთვის ცნობილი ენები საფეხურებით. ეს უკვე არის ფსიქობიოლოგია. როდესაც სხეულის (ან სხეულის ნაწილის) ხაზვისას ემოციებსა და ინტერესებს წინა პლანზე წამოსწევ. როგორც ჩანს, ნებისმიერი მეცნიერული განხრის მიმართ შეიძლება არტისტული აღქმის მორგება. განსაკუთრებით, როცა თავისუფლების პრაქტიკიზაცია დახურულ სივრცეში ხდება, იგი ოცნებაში დაჭკნება, საკუთარი თავის გუბურად იქცევა, როგორც თავის დროზე ფსაიქო ავანტგარდები ამბობდნენ, სუბიექტურობისა და ობიექტურობის პირველადობაა საკითხავი.
amd-map-1თანამედროვე ხელოვნებაში აღსანიშნია ემოციის გამომწვევი მოვლენის მათემატიზირება. მაგალითად, ემოციის გამომწვევი მზის ჩასვლის რაციონალურად დიაგრამული აღწერა ან სქესობრივ პარტნიორთა სტატისტიკის შექმნა სივრცისა და დროის ანუ ჰორიზონტალური და ვერტიკალური ხაზების გამოყენებით და სხვა და სხვა. პირადად მე, გენეალოგიურ ხეს მსუბუქი დამუშავების შემთხვევაში საკუთარი თავის ფსიქოისტორიად მივიჩნევ. განსაკუთრებით თუ გამჭირვალე ქაღალდებზე იხატება და ქრონოლოგიურად ისე დავაწყობთ, რომ ბოლო წარმომადგენლის სახეს ვიღებდეთ. ხოლო ფსიქოგეოგრაფიის შესწავლისთვის ბავშვების მიერ დახატული ეზოები გამოდგება, უნდა ათვალიერო და ათვალიერო. პირადად მე, ერთი სული მაქვს სამოგზაუროდ როდის წავალ, რომ სუბიექტური რუკით დავბრუნდე, დავტვირთო მაინც საკუთარი ინსტაგრამული სივრცე ახალი ქალაქებითა და ქვეყნებით, კედელზე გაკრული რუკა ჭიკარტებით დავჩხვლიტო მაინც. და რაც მთავარია, შევძლო უდაბნოს ტერიტორიის კონცეპტუალურ სივრცეებად დაყოფა.