ინსტინქტი (პირველი)

მეორე ინსტინქტი

ჩემი აზრით, პიტერ გრინუეიმ 90-იანებში თავისი “საბალიშო წიგნის” იდეა, თუ როგორც ჩვენთან თარგმნიან “ინტიმური დღიურები”, უელსური ნისლიანობისას დაწერა. შეიძლება მას ჯერ მამამისთან ორიენტოლოგიური საველე კვლევების დროს მზისგან ზურგი დაეწვა და როდესაც უელსში ნისლი ჩამოწვა, დამწვარი არეალი დანესტიანდა და ისე აიტყავა, თითქოს ვადაგასული, შეყვითლებული გაზეთის ფურცლები ყოფილიყოს. ოჰ, ეს დაზიანებული ეპიდერმისი ძალიან წააგავს სხეულზე იარლიყივით მიწეპებულ უხარისხო ფურცლებს. უყურებ და გინდება ზედ ასოები გაარჩიო. მეც შეყვარებული ვარ ნისლზე. და შეიძლება ამიტომ მგონია, რომ ჰერბერტ უელსმა “უჩინარი კაცი” ასევე ინგლისური ნისლიანობისას დაწერა. ან რა შეიძლება იყოს იმაზე რომანტიკული, ვიდრე ნისლში მდგომი ხეები, რომელთა კიდურებზე ყვავები სტაბილურდებიან. რაც უფრო ღრმად შედიხარ ნისლში, მით უფრო უჩინარდები და შეგიძლია არ არსებობდე. თვალებში ეშმაკები აათამაშო და თანამოლაშქრეებს წყლები დაულიო, გაიხადო კედები და გაჭუჭყიანებული წინდები ვერც შენ დაინახო, ან, ზოგადად, გაიხადო. რა უნდა იყოს იმაზე სასიამოვნო, ვიდრე ნისლისგან დანესტილი გარუჯული სხეულის ატყავება, როცა ვერავინ გხედავს. მანამდე, სანამ ნისლში გავქრებოდი, ჯერ მდინარე უნდა გადამელახა. თითქოს არაფერი, მაგრამ იმ დღეს მივხვდი, რასაც გადარჩენის ინსტინქტის არქონას ვეძახდი, მოჭარბებული გადარჩენის ინსტინქტი ყოფილა.

მე ყოველთვის ვამაყობდი საკუთარი ნერვული სისტემის სიძლიერით, რომელსაც ვერც კოფეინი ერეოდა, ვერც ალკოჰოლი და ვერც მარიხუანა. სარკეში დაბალანსებულ გოგოს ვუყურებ, მაგრამ როგორც კი ურბანულ სივრცეს ვცდები და ბუნების ექსტრიმთან ვიკვეთები, მთელი ჩემი უბრანულად დაინჟინერებული ნერვები ხელში შვილაუყვანელად ფრთხებიან. ელემენტარულად, მდინარის გადაკვეთა არ შემიძლია, მგონია, რომ ბუნება მტერია, წამიღებს, მომსპობს, მომაშთენს, ყველას თვალწინ, თუ ნისლში არ ვარ. მდინარის გადაკვეთაც გავაზვიადე, მეტრანახევრის რადიუსით გადახტომაც კი გამიჭირდა. არა და ვუყურებ, როგორ ეშვებიან ან ადიან ჩანჩქერებზე სხვები. ისეთი მყარი ნერვები აქვთ, კრიტიკულ ფაზაში თოკის გადაჭრაც შეუძლიათ. მე ალბათ უმალ კლდე ათგზის დამარყევდა ვიდრე ჩემი ნებით წყალში ჩახტომას გავბედავდი. ჰო და ჩავვარდი მდინარეში, იმ მეტრანახევარს რომ ვახტებოდი, შუა ჰაერში უკან დავიხიე და გავიწუწე. ვიფიქრე, რომ გადარჩენის ინსტინქტი შტერია, ინფანტური. რომ ადეკვატური განსჯის უფლებას მიკარგავს. არ ვიცი, ზოგს შეიძლება უფრო გამჭრიახს ხდიდეს შიში, მაგრამ მე ხომ კომფორტის გოგო ვარ, დისკომფორტში პარალიზებული ვხდები. ვიფიქრე, რომ მოჭარბებული გადარჩენის ინსტინქტის გამო ვერ გადავრჩები. ამიტომ საკუთარ თავზე უნდა ვიმუშაო, სხეულის ფლობა რომ შევძლო. თორემ სხეული მფლობს და მონა ვარ.

ცოცვაზე შევედი. ერთდოულად ყველა კუნთს ვტვირთავ. ჯერ დარბაზში ვმუშაობ. მომავალში ველადაც გავალ. ჩანჩქერზე დავეშვები და იმედი მაქვს, თუ საჭიროა, თოკსაც გადავჭრი. ჯერ ჩანჩქერისგან დაყენებულ ნისლში ჩავვარდები და თუ წრიაპისგან კანი გამეკაწრება, გრინუეისგან მახსოვს, რომ სისხლიანი კანი უკვე წიგნია.

როგორ გადამეზარდა ისტერია ინსომნიაში?!

ვფიქრობ, დაბადებიდან არამორწმუნე ადამიანები ჩემზე ჯანსაღი ფსიქიკის არიან. რადგან ჩემს სხეულს ცნობიერთან შეუთავსებლად მექანიკური მოძრაობები დარჩა, ემოციას მოკლებული ჟესტები: პირჯვრის წერა იქნება ეს მიჩვეული მდგომარეობისას თუ ჯდომის მანერა ეკლესიის ეზოში, – მაგრამ საუბარი საეკლესიო რწმენაზე არ მინდა, არამედ გაროხის წვნიანსა და წყალმცენარეებზე: როცა ღებინება დავიწყე ხორცის გემოიან კერძებზე, მივხვდი, რომ ვეგეტარიანულმა სურვილებმა ორგანიზმი მოირგეს. ეს კი სხეულის გადმოსახედიდან კლასიკური ისტერიის შემთხვევაა, როგორიც აღდგომისას ჯვრებიანი სტიგმატების ან საახალწლოდ ნაძვებიანი ჭრილობების გაჩენა. მაგრამ საუბარი ამაზეც არ მინდა.

ბოლო ათწლეულში ფსიქიკამ ორგანიზმზე იმდენი სხვადასხვა რწმენა გამოიმუშავა, ამჯერად, ინსომნიურ მდგომარეობაში მოვხვდი. ხშირად უძილობა ილუზიებს აჩენს, მაგრამ მე უძილობა ილუზიებმა მომცეს. სადღაც ორი წლის წინ დამეწყო ე.წ. მომაკვდავის რეფლექსი, როცა პრობლემის დავიწყება იმდენად ვცადე, მთელი თვის, სეზონის მოგონებები გავინადგურე და დროთა განმავლობაში თუ შევძელი მათი წყვეტილად აღდგენა. პარალელური სიმპტომი ჩემი ჰიპნოზური მდგომარეობა იყო. ჩემი მეტყველება ქვეცნობიერული ნაკადებიდან თითქოს და ფხიზელ მდგომარეობაში. გავხდი დაბნეული არა მხოლოდ სიფხიზლეში, ძილზეც კი გამიჭირდა კონცენტრირება. სიფხიზლეში ძილისმაგვარი მდგომარეობით მივადექი უძილობას ძილში.

როგორც წესი, ესსეს მესამე ნაწილში უნდა მესაუბრა ინსომნიასთან გამკლავების გზებზე, ითხოვს. მაგრამ ხელში მხოლოდ მცდელობების სია შემრჩა. ეტყობა რაღაც ჯაჭვი გამომრჩა. წავშალე და მხოლოდ წიგნებზე დავწერ: ამ დღეებში ჩამივარდა ხელში შრომები ასათიანის და პავლოვის ექსპერიმენტების შესახებ. ექსპედიცია სვანეთში ამტკიცებდა, რომ სტატისტიკურად ნევროზული მდგომარეობა მაღალ მთიან რეგიონებში მინიმუმამდეა დაყვანილი. მაგრამ ფშავში არაისტერიული ადამიანთან შეხვედრა გამონაკლისს წარმოადგენს. ექიმებმა კი დაასკვნეს, რომ ისტერიული იყო ფშავში, ნორმაა, პირიქით, სიჯანსაღეა ავადმყოფურიო. საღამოობით შემოსხდებიან ცეცხლის ირგვლივ და ერთმანეთს საშიშ ამბებს უგონებენო, ვინ უნდა გადარჩესო.

მე მსურს

(სანამ ახალი წელი მოვა)

ჩემ შესახებ? ყველაფერი ისე არ არის.
არა, ყველაფერი ისეა, როგორც სხვებთან, მაგრამ არა ისე, როგორც მინდა.
მე მინდა,,
მე ვიცი რა ჩავუთქვა ასანთს, მაგრამ ხანგრძლივობა ექნება მოკლე.
მინდა ჯადოსნური ღეროები გამრავლდეს და მახსოვდეს სად დავდე.
გალამაზდეს საკუთარი ანატომია.
მინდა ფსიქიკა ქვეცნობიერთან გაერთიანდეს.
და სხვა.

ჩემ თავს უჭირს შეჩერება ერთ ემოციაზე, მას ყოველთვის ზედმეტი შეგრძნება სჭირს, იმდენი, რომ ქაოტური მდგომარეობები ქაოტურ სამყაროში არ მილაგდება.
ყოფილხართ ერთ წამს სამ ციფრიანი ემოციებით დატვირთულნი? ჰაჰა და არც იცით არსებობს თუ არა ეს ემოციები. და მერე უკვირთ, დაბნეულიო. ერთდროულად მოგდომებიათ ცხელი და ცივი წყლის მიღება? ორივე ტემპერატურის წყალს ისხამთ პირში ორი ჭიქით და გრძნობთ როგორ გტკივდებათ ოცდარაღაცა რაოდენობის კბილი. გადაამრავლეთ ეს შეგრძნება რამდენიმეჯერ და მიიღებთ ჩემს გულს. როგორ იტევს? ორგული ვარ. გულსაც ვუბრძანებ. როგორ? მე ყოველთვის ვმართავ ემოციებს. ოღონდ არა ემოციური მდგომარეობისას. ყველა ემოციას ვამჟღავნებ, სანამ არ დაბერდებიან და დასუსტდებიან. და მერე ვმართავ. მარტივია.
ვგრძნობ. იცით რას?
როცა სიკვდილი მოკვდა, სიცოცხლე დაიბადა.
შვილი მომიკვდა.
არ ვიცი არსებობდა თუ არა, მაგრამ მომიკვდა. სხეულით არ ვგულისხმობ.
ყველანი ერთად მოკვდით ბარემ თუ კვდებით. ხალხი ყოველთვის მიდის. მაგრამ ზოგჯერ ხალხში მე ვარ.
დაო, ფერმკრთალდები და ქრები. სანამ გაქრები, უნდა მოვასწოთ არაფერი.

 

(2010)

 

მათემატიკა ფსიქოლოგიაში

ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის წარმოშობის ოფიციალურ თარიღად 1879 წელი ითვლება, როცა ლაიფციგის უნივერსიტეტში ვ. ვუნდტის მიერ ფსიქოლოგიურ ექსპერიმენტული ლაბორატორია შეიქმნა. შეიქმნა და ატარებდნენ ცდებს, ნერგავდნენ მათემატიკური მეთოდის გამოყენებას, ჩვენ რომ ”ზოგად უნარებს” ვეძახით, იმას. ცდისპირებს სხვადასხვა დავალებებს აძლევდნენ, მაგალითად, ფიგურების დალაგებას სიდიდის, ფორმის, ფერის მიხედვით. უმეტესობა ალაგებს ფერის, ფორმის და სიდიდის მიხედვით.
მე-18 ს-ის ინგლისელი ფილოსოფოსი დ. ჰარტლი თავის რელიგიურ შეხედულებებს გამოხატავდა ფორმულით: W = FxF:L
სადაც X არის ამ ქვეყნის სიყვარული, F – შიში ღმერთის წინაშე, ხოლო L კი – ღმერთის სიყვარული.
ჰარტლის აზრით, როცა ჩვენ ვბერდებით, L უსასრულოდ იზრდება, ხოლო W კი ნულისკენ მიისწრაფვის.
ბოლოს ჟ. ჯეიმსის ფორმულა:
თავის თავისადმი პატივისცემა = წარმატებულობა:მომთხოვნელობა.

ჩემი ფსიქიური მორჩები,

დავალაგე ნივთები ერთად უხარისხობის მიხედვით.
სადღაც ვაგდივარ მეც
სველი ნაწნვით
მეგობრებმა რომ დამიხვიეს,
მეგობრებმა, რომლებიც გამოვიგონე ხატვისას.

ურიგითობით დალაგებული ჩემი ქაოსი
და ქაოსში მომხდარი თვითმკვლელობები
ფსიქიკურად.

დავალაგე წიგნები ფერების მიხედვით.
ყვითლებთან ჩამოვდე თავი,
ნაწნავებით აკინძული თავი,
ასფალტივით უგულო თავი.
ყვითელი სითბოს ფერია,
სითბო – ჩემი ნაკლი.

ყველაფერი დაიწყო კაფეში.
როდესაც მეგობრები გაკლია ხატვისას,
მათი გამოგონება ადვილია
ხელსაწმენდზე მიხატული ჯოხებისაგან,
თუნდაც მერე ცხოვრობდე ქაოსში,
უგულო ქაოსში,
მალავდე გულს
აბსურდზე თემით და სიჩუმით ქაოსში
და ყველაფერი დაიწყო ქაოსში.

,,,,
მე ავად ვარ, ფსიქიურად გავცივდი
ცივი ოთახის ფონზე,
უსაუბრობის გამო
დახატული მეგობრების ფონზე თარგებად.
თარგები ადამიანებად არ გამოდგებიან.

მე არ მახსოვს რა იყო გუშინ.
გუშინ ალბათ შიში იყო,
რადგან ფსიქიური თვითმკვლელობა ვცადე.
ალბათ ნაკლები ქაოსი იყო
მოჭარბებული ემოციების
და გამოჩნდა ყველაზე შიში
საკუთარი თავის და მილაგებული კოსმოსის დანახვის.

დავსვი წერტილი, რომელიც დღეს უკვე მძიმეა.
მე არასდროს ვსვამ ხანგრძლივ წერტილებს.
წერტილები არ არსებობენ,