ო და დაკარგული გასაღების ძებნაში

img_20170214_0024-copy

არის ამერიკული ტვ შოუ, სადაც შუა ხნის კრიზისიანი მარტოხელა დედა შვილის კოლეჯში გასაშვებად უშედეგოდ ეძებს სამსახურს ბრუკლინში. საგამომცემლო ბიზნესში თავს ახალგაზრდა ქალად გაასაღებს და მუშაობას იწყებს ისეთ ავტორთან, როგორიცაა ჯორჯ მარტინის კარიკატურული პერსონაჟი. როგორც ხვდებით, შოუ მარადიულ ახალგაზრდობაზეა და როცა ბებერი ავტორი ბალზაკის ასაკში გადავა, ახალგაზრდა ქალის ფსევდონიმით ეროტიკულ დეტექტივს დაწერს იდეალურ ო-ზე ანუ იდეალური ორგაზმის ძიებაზე. მისი პერსონაჟი ქალი მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყანაში და სხვადასხვა კულტურის ადამიანებთან კავდება სექსით, სხვადასხვა რელიგია სხვადასხვა სუნთქვით ვარჯიშებს და მედიტაციებს სთავაზობს. თუმცა იდეალურ ო-ს იგი საკუთარ თავთან, მასტურბაციის დროს მიაღწევს. 1 მხრივ, ამ ქალს თავიდანვე ჰქონდა ის, რასაც ეძებდა. II მხრივ, უნდა განვითარებულიყო პოვნისთვის. აი, სულ მიკვირს ზრდასრული ადამიანების წუწუნი, რომ სინათლეში ვერ იძინებენ, ხმაურში ვერ მუშაობენ. იგივეს გრძნობს ქალიც როცა ორგაზმს ვერ იღებს, ანუ პრობლემა კონცენტრაციაშია. ასეთი პრობლემები, ძირითადად, პატარა ასაკში გვაქვს, მერე ვსწავლობთ მედიტაციას და ჭრელ ნახატებში ვცდილობთ თვალი რომელიმე აკვიატებულ ფერს გავაყოლოთ, ისე, რომ კონცენტრაცია არ შეგვიწყდეს და საბოლოოდ, სინათლეშიც ვიძინებთ. ან მრავალინსტრუმენტიან ჯაზში რომელიმე სუსტ ინსტრუმენტს გამოვარჩევთ და მხოლოდ მისი მელოდიის ხმას ვიღიღინებთ. ამის მერე ხმაურშიც დავიძინებთ. ორგაზმიც ხომ კონცენტრაციაზეა დამოკიდებული, ეროგენული ზონების ერთ წერტილში გაერთიანება.

დავფიქრდი და დაკარგული გასაღების ძებნაც ასეა. გასაღების არაფროიდული გაგებით, უბრალოდ გასაღების. რადგან ჩემს ცხოვრებაში იშვიათია დღე, როცა ზუსტად ვიცი სად დავდე იგი. იმისთვის, რომ შარვალის ჯიბეში აღმოვაჩინო, მთელი სახლი უნდა გადავქექო და ორიოდე ადგილას დავრეკო. ამიტომ მგონია, რომ ერთგვარი time loop ფუნქცია აქვს ჩემთვის გასაღებს. ვერ გამიგია, პირველად იყო დაკარგვა თუ პოვნა. დღეს კი ამ გასაღების ძებნაში საბუთების ქვეშ ძველი რენტგენის სურათები აღმოვაჩინე. ალბათ ათასჯერ მაქვს ნანახი სხვადასხვა დროს პოზირებული ჩემი ჩონჩხი, მაგრამ ამჯერად დავფიქრდი: “ჰოო, თურმე ასეთი ვიქნები როცა მოვკვდები”. ვილჰელმ რენტგენისგან წოდებულმა იქს სხივებმა მომავალზე დამაფიქრა, როგორ ვიწვები კუბოში ტყავს მოცილებული ძვალი, ხოლო მანამდე მაცივარში პანაშვიდის დროს როგორ ვგავარ საკუთარ აიდი ფოტოს. აიდი ფოტოებიც ხომ სტრუქტურის გამო არ მოგვწონს, რადგან ჩვენს დეპროპორციულობას ავლენს, სილამაზე კი პროპორციაშია. ამიტომ ვმანჭავთ სახეებს ფოტოგადაღებებისას კოცნის თუ სიცილის იმიტაციების, სათანადო რაკურსების დაჭერებით, რადგან ჩვენს იმ აიდი ფოტოებს სპეციალურად უპროპორციულობით გავექცეთ, რომლებიც ბუნებრივ უპროპორციულობას გვიფარავს ანუ თავებს მკვდარ მდგომარეობებში გვაჩვენებს. სად წავიდა წყეული გასაღები?!

შესავალი ასტროფოტოგრაფიაში

http://www.astrobin.com/

ძველით ახალი წელი “მტკვარზე” ასტროფოტოების გამოფენაზე გავატარე, სადაც ვუსმენდით ელექტრონულ მუსიკას, შევხვდით “ნაციონალური გეოგრაფიის” წარმომადგენლებს, შესაძლებლობა გვქონდა ტელესკოპის საშუალებით შედარებით ახლოდან გვენახა სირიუსი, იუპიტერი თავისი თანამგზავრებითურთ და საჩუქრად გლინტვეინით გავმთბარიყავით. სახლში რომ დავბრუნდი, ავიღე ასტროზუმიანი მოწყობილობების სარჩევი და შევუდექი კითხვას, როგორ გადამეღო ვარსკვლავები, რა ლამაზი უნდა იყოს ადამიანი ვისაც ციურ სფეროებთან აქვს შეხება და სხვა. წლის დასაწყისში განვაახლე ნასას და ჰაბლის აპლიკაციები, რომ თვალყური მიმედევნებინა ყოველდღიური ციურ მოვლენებისთვის. ასევე ვაპირებ შარშანდელი გატაცება განვავითარო და მეტეორიტების, როგორც მინერალური ქვების, შესწავლა დავიწყო. ინტერნეტში ბევრი უფასო წიგნია ამაზე.
გუშინ კი ბენდუქიძის კამპუსში  საგანგებოდ მიეძღვნა ლექცია ასტრონომიული გადაღების ტექნიკას: დავინახავთ თუ არა ტელესკოპში ისევე, როგორც ფოტოებზე ჩანს. რა თქმა უნდა, არა, თუ სუპერ აღჭურვილობა არ გვაქვს. ამიტომ კამერა უნდა დავაყენოთ დაყოვნებაზე, გავითვალისწინოთ პიქსელთა ინტენსივობისა და რაოდენობის პარალელი. მაგალითად, როგორ ვებრძოლოთ დიჯითალში გადაყვანის ხმაურს, თერმული ხმაურისთვის რომ ჩაციებაა საჭირო, აპარატი ქულერით. რომ ბნელი ცა თბილისში რთული საპოვნია და კარგი იქნება ცის კუნძულიდან გადაღება. რომ სასურველია სპეციალიზირებული აპარატი, რომელსაც ფერების ფილტრი ექნება, ნისლეულთა ფერები რთული გადასაღებია. ამიტომ ჰაბლის პალიტრას ეძახიან თუ ფოტოს წყალბადის, ჟანგბადისა და გოგორდის გამოსხივების მიხედვით შეურჩევენ ფერებს, თუმცა ასეთ ნამუშევარს აუცილებლად უნდა მივაწეროთ, რომ ჰაბლის პალიტრაა. ფოტოგრაფი შეეხო საკითხს თუ როგორაა შესაძლებელი ინდივიდუალობის გამომჟღავნება ნამუშევარში. მკვდარი სხეულების ანუ ღმერთის თვალის ყურებისას კი წარმოიდგინა, რომ მზის სისტემა როცა ჩაკვდება, უცხოპლანეტელები ამაში ესთეტიკას დაინახავენ.

vol.9.

15004960634_8bb72fd39c_o

ერთი ელენე დარიანი იყო თუ არ ყოფილა და მეორე ანნა ბლუმი.
დავიხურე ბებიაჩემის წვრილი ქვებით მორთული ბერეტი, დავიჭირე ბაბუაჩემის ჩიბუხი და ამგვარად ვიქეცი დადაისტების დასაცინ მოძველებურ მერცად, მაშინ მე ვიქნები მეთქი ანნა ბლუმი, – მენ რეის ეპოქის ქალი, მთელი ჩემი ოცდაშვიდი გრძნობით მიყვარხარო, ჯერ კიდევ საკუთარ თავს რომ ეუბნება და საპასუხოდ ტიტასავით წითლდება. ოცნებისგან გავიცინე თუ ლოდინისგან წელში მოვიხარე, მელანდაღვრილი ფირით საკუთარი სახელი გადავიღე, წარსულს რომ ელოდება.
ერთხელ კარლ იუნგს ღრმად მოხუცებული ბიძა შეხვედრია: იცი, სიკვდილის მერე ადამიანები როგორ იტანჯებიან? ელოდებიან.. სახლში მისულმა ფსიქოლოგმა შინაურული რეცენზია დაწერა: ჯოისის “ულისე” არის 720 დღიანი ლოდინი, რომ რაიმე მოხდეს.
ასე რომ, ყოველ ჯერზე, როცა რაიმეს ელოდებით, თქვენ “ულისეს” კითხულობთ.

 

 

 

მკრთალი ლურჯი წერტილი

pbdwords

ღრმა კოსმოსიდან ათინათის მტვერში დაკიდული მკრთალი ლურჯი წერტილი მოჩანს. ეს აქ არის. სახლია. ჩვენ ვართ. ერთადერთი სახლი, რაც ვიცით,  – ალბათ გეცნობათ კარლ საგანის მოხსენება “მთელი კაცობრიობის ისტორია ამ პაწაწინა პიქსელში ჩაეტია” კორნელის უნივერსიტეტში. შემდგომში მოხსენებითი წიგნიც უძღვნა 1990 წლის “ვოიაჟერ1”-ის (Voyager 1)  მიერ 3.7  ბილიონი მილით (6 ბილიონი კმ-ით) დაცილებულ დედამიწას მკრთალი ლურჯი წერტილი: მომავალი კაცობრიობის სურათები კოსმოსში (Pale Blue Dot: A Vision of the Human Future in Space ). იმის შემდეგ დედამიწის ბევრი ფოტო გვექნება, მაგალითად: დედამიწა სატურნის ბეჭედში (2006), რომელსაც  პნევმონიის გამო თავად ვერ მოესწრება, მაგრამ თაყვანისმცემლებმა წერილების ბლოგი შეუქმნეს, საუბრობენ მისი ფანტაზიები ფაქტები თუ როგორ ხდება ან მისი ნაშრომების კითხვისას იმპრესიებს გამოთქვამენ.

უმეტესობას, კარლ საგანი მხ. ფილმიდან “კონტაქტი” (contact) ეცნობა, რომელსაც ასევე ვერ მოესწრო. ფილმში ჰოკინგისა და არტურ კლარკის თანამედროვე ფუტურისტი, ასტრონომი და კოსმოლოგი სცენარის ავტორი იყო: შინაარსი ეხებოდა კოსმოსის კვლევის ფონზე ათეისტი და მორწმუნე ადამიანების კვეთას. ნასამ ორი წლის წინ გამოაქვეყნა იმ ფილმების სია მომავალს ყველაზე რეალისტურად რომ გადმოსცემს და “კონტაქტი” მეორე ადგილზე გაიყვანა “გატაკას” შემდეგ. ყველაზე ცუდად გადმოცემულ რეალობაში მაშინ ფილმმა “2012”- იმ გაიმარჯვა. ერთგან კარლ საგანი წერდა: კოსმოსმა ადამიანი თავისი მსგავსი შექმნა, რადგან თავი შეეცნოო.

პირადად მე, როცა პაწაწინა დედამიწას ვუყურებ, ბიძგს მაძლევს, იქნებ ყოფითი პრობლემების არე შევამცირო, იქვე კი ასტროლოგიაში გამოთქმული აზრი მახსენდება, რომ პლანეტების ზოდიაქალურ სახლებში განხილვისას, დედამიწა მუდამ განზეა. კულისებში თითქოს დედამიწას ვენერას ნაცვლად კუროს ზოდიაქოს პატრონად განიხილავენ, ამ დროს შედარებით ეგზალტირებული მაგნიტური ველის თუ სხვა მიზეზების და გამო. ჩემთვის კი დედამიწა იმ ადამიანურობის და ინდივიდუალობის მომცემია, იმ ფონზეც რომ სხვათა მაგნიტური ველები ჩარჩოში სვამენ. რაც არ უნდა იყოს დედამიწა მზესა და მთვარესთან ერთად ის პლანეტაა, რომელის გავლენაც ადამიანიაზე ასტროლოგიაში არამორწმუნე ადამიანსაც სჯერა.

წინა კვირას მეგობარს ქორწილის გადაღებაში დავეხმარე, ჯვრისწერა არ იყო, პროტესტანტი კაცისა და ათეისტი ქალის მხოლოდ ხელის მოწერა, შემდეგ სტუდიაში გადავინაცვლეთ, სუფრის გარეშე. ქორწილის მუსიკოსების არ იყოს, ქორწილის ფოტოგრაფია ნაკლებად ელიტარული ხელობაა, მაგრამ საათნახევარში 150 ლარი მინდა. განცხადება: შვებულება ავიღე, ფული უნდა შევაგროვო, ათასი ლარიდან იწყება, ექსტრა ზუმის ობიექტივი უნდა ვიყიდო კოსმოსისთვის. ჯანმრთელობის გამო მე არავინ წამიყვანს ბილიონი კილომეტრებით შორს, ჩავიდე აბასთუმაში და ვიღო და ვიღო სახლიდან.

ბოლმსახური

დასვენების დღეებში ისაო-ესაო, არტში კვამლი რა რომანტიკულიაო.
ჩვეულებრივი სამსახური მაქვს, სადღესასწაულო დღეებში ლოცვაზე წამსვლელებს ადრე რომ უშვებენ და მწეველებს დამატებითი შესვენებები აქვთ.
შესვენება? არაა, ამის გამოც არ დავიწყებ მოწევას. ყველას მაგივრადაც ვიმუშავებ.
მოწევის ნაცვლად არ მოწევა, ალბათ არა, კლავს.

smoking-girlsmoking_girl_by_vagocool-d5ngo8c

ალაჰის ქალი შირინ ნეშატის მიხედვით

შირინ ნეშატმა ფილმი გადაღოო, ”ქალები კაცების გარეშე”, მეგობარმა მითხრა და სათაური სულაც არ გამკვირვებია. ის ხომ თავიდან თბილი ქვეყნებიდან ცივ ქვეყნებში წავიდა, ვგულისხმობ, რომ ირანული არტის ვესტერნიზაცია მოახდინა. ისეთ ქვეყნებში, როგორიც მისი მშობლიურია, ეგზოტიკურობა შეკრიბა და ამერიკაც ამით დააინტერესა. ერთ ფოტო სერიაში თოფი და მზერა გამოიყენა, როგორც ინფორმაციის დამტკიცების საშუალება, – ხელებზე სიტყვები დააწერა და ლექსებად გადაშალა:

“პატარა ბაღში ხეების ნაცვლად,
დავრგე ხელები,
ვიცი, რომ გავიზრდები მწვანე.
და მელნისფერ თითთა
შორის ღარებში
ჩიტები დამიდებენ კვერცხებს”.

ფილმი ფოტოგრაფიული კადრებით აიგო და ტრაგიზმშიც ესთეტიურობის განცდა სდევს, რაც ავტორს მეტ ფემინურობას აძლევს. ეხება გენდერს ისლამში, რასაც სხვადასხვა ოჯახის ცხოვრების ჩვენებით აღწევს პოლიტიკური მოვლენების ფონზე. სცენარი ვინმე პარსიპურმა დაწერა და ნეშატმა ჩათვალა, რომ ეს ირანის ისტორიის მეორე მხარეა. მანამდე მოკლე ვიდეო ჰქონდა გადაღებული, “ტურბულანტობა” რომ ერქვა, რომლის მთელი არსიც ხმის გენდერულად განმასხვავებლობაზე იყო. საკუთარ თავს კი ერთხელ ერთი ექსპერიმენტი ჩაუტარა: ერთ სურათში თავი აღმოსავლელ და დასავლელ ქალად გააერთიანა. ერთი ჩვევა აქვს: საკუთარი თავის მუზაცაა და ავტორიც. გიტოვებთ მის ორ ვიდეოსა და რამდენიმე ფოტოს. მე ვფიქრობ, რომ თავისი აზრის გადმოსაცემად ფერები კარგად შეარჩია. Continue reading

სალი მანის შვილები


ხანდახან სალი მანის მეშინია.
ჩემნაირებს სალი მანის იმიტომ ეშინიათ, რომ მისნაირებს ჩვენნაირების ეშინიათ. ჩვენნაირებში მასთან შემხვედრი ყოველი ადამიანი თუ ჭია იგულისხმება. იღებს კამერას და იღებს. ჩვიდმეტი წლიდან იღებს.
სამი შვილი ჰყავს, ცხენი და ქმარი. თუმცა ცხენი დიდი ხანი არაა რაც მოკვდა. ანევრიზმა ჰქონდა და სიკვდილის წინა ტკივილები რომ დაეწყო, სალი მასზე იჯდა. ცხოველმა ის მიწაზე მოისროლა, ხერხემალი გაუტყდა და მკურნალობამ წლები გასტანა. თან ამბროტიპიულ ფოტოებს იღებდა: ”ნათება და სული” დაარქვა. ორი წლის წინ ნიუ-იორკში გამოაქვეყნა.
სალი მანის იმიტომ მეშინია, რომ შიშს იღებს. მე ის მაშინ გავიცანი.
ძირითადად, შვილების ეშინია, როცა მდინარეში ყელამდე წვებიან და თითქოს ეს ესაა, უნდა დაიხრჩონ. უფროსი, ეზოებში რომ შიშველი დადის, ჯერ ათის თუ იქნება, ხანდახან სიგარეტს ეწევა და დედას ამისიც ეშინია. სალი მანი, ძირითადად, დედებმა უნდა ნახონ.
ერთი სერია გააკეთა, მიცვალებულთა ნეშთებიც ჩართო, სიკვდილის შიშები ნაკვთებზე რომ ჰქონდათ შემხმარი.
პეიზაჟისაც ეშინია. მისი ბუნებაში გადაღებული ფოტოები რომ გამჭირვალე გახადო და ერთმანეთს დაადო, ერთი გიგანტური საშიში ადგილი გამოჩნდება.
ადამიანების სხეულებისაც ეშინია. შიშველ სხეულს იმგვარად იღებს, რომ თუ კარგად დააკვირდებით, მათზე ბუნება ჩანს. ის ბუნება, ერთ სხეულს რომ ქმნის. მისი სხეულები ან ძალიან ახალგაზრდაა ან დამჭკნარი და ბნელი. მისი სხეულები გარემოსთანაა შერწყმული, აი, ისე, ფონი რომ ითრევს.
ამბობს, რომ პატარა ფლობერია (ამერიკის ველთა შვილი), პატარა გოგონას ყურებისას მის რენდგენულ ჩონჩხს რომ ხედავს. ავად არ ვარ, ცნობიერებას ვიმაღლებ კონტრასტისთვისო.
ამბობს, რომ თავად სამგლოვიარო ბავშვი იყო, სამოქალაქო დამცველის შვილი.
ბედის ირონიაა, მას იმდენად ეშინია, რომ ჯილდოებს იღებს. ჩემთვის სალი მანი მაგალითია ბნელი ემოციების ნათლად გამოყენების. შიშებს რომ ებრძოლო, აღარ იქნები ის, რაც ხარ, ისინი მოგეცა, არა ჩახრშობის, როგორც პოტენციად მათი გამოყენების.

რას იღებდნენ ქალი ფოტოგრაფები მეცხრამეტე საუკუნეში?


ანა ატკინსი რევმატიზმიანი და პარალიზებული იყო, რომ მოკვდა. (ვიკიპედია-გალერეა)
ჯულია მარგარეტი გაცივდა, მაგრამ მრავალწევრიანი ოჯახი ჰყავდა. (ვიკიპედია-გალერეა)
ანა ატკინსის დედა მშობიარობას გადაჰყვა, მამამ გაზარდა და ბოტანიკა ასწავლა.
მერე მეგობრები გაიჩინა და გათხოვდა.
ჯულია მარგარეტი ვირჯინია ვულფს ზრდიდა.
ანა ატკინსს ხშირად იხსენიებენ პირველ ადამიანს, ფოტოებით ილუსტრირებული წიგნი რომ დაბეჭდა.
ზოგი წყარო იმასაც ამბობს, რომ პირველი ქალი ფოტოგრაფი იყო.
მერე ბევრისთვის ავტორიტეტად იქცა.
ხანდახან მრცხვენია აღიარება, რომ ავტორიტეტები მყავს.
ოღონდ არა ადამიანი, უფრო ეპოქა, ხოლო ფოტოებს არა მხოლოდ სივრცის და დროის მანქანის ფუნქცია აქვს, ისინი შეიძლება დაკარგო.
დაკარგავ და გადაწყვეტ, რომ მინიშნება იყო, წარსულის მოჭმას თავი ანებო და ახლები იღო, რომლებსაც ასევე დაკარგავ.
ჩემი ყველაზე დიდი ტრაგედია კი მათ დაკარგვას უკავშირდებოდა, როდესაც აზრის მატერიალური სახე წარსულში დამრჩა, წინაპართა ცხოვრება კი მხოლოდ სისხლში დარჩა, რომლებსაც ახალი ფოტოებისთვის გამოვიყენებ.
ისიც იქამდე, სანამ ქრისტე მეორედ მოვა და გაგვაფრთხილებს, რომ თუ ცუდად მოვიქცევით, შემდეგშიც მოვა, იმის შემდეგშიც და დაკარგვაა რასაც ვპოულობთ:
ჩემი და შენი რამ გაყო.
ამ დღეებში კი ეს ძველი ფოტოები ვიპოვნე, დაკარგული რომ მეგონა.
მართალია, მათ შორის ანა ატკინსი ან ჯულია მარგარეტი არ იყო, მაგრამ სიძველით ერთი თაობით თუ ჩამორჩებოდა. იმდენი მტვერი ედო, მიწერილ წლებს რომ ამართლებდა.
ამ დღეებში ძველი ავეჯები გადავყარეთ. კი არ გადავყარეთ, მეზობელმა წაიღო: ამბობენ, დედამთილი მოკვდომია და სასახლედ გამოიყენებსო.
ეს იმ საწოლში, სადაც ბებიის ბებია ჩაისახა, ბებია ჩაისახა, დედა და შეიძლება მეც.
ფოტოაპარატიც ვიპოვნეთ, ძველ კარადაში იდო და შთამომავლობას ჩიტებს უფრენდა.
ანა ატკინსი ნატურალისტი იყო.
აი, ის,სიცოცხლეს ცხოვრებისეულად რომ აღწერს, – ეს ლამაზი ფრაზა გამომივიდა.
ლურჯ ქაღალდებზე მცენარეებს თეთრად ინახავდა.
იცით, როგორ იღებდნენ ადრე?
ანუ ფოტოქიმიური მეთოდებით გამოსახულებას იღებდნენ.
ქაღალდზე ან ფირზე საგნებს დებდნენ და ლამპრით ისე ანათებდნენ, რომ ფოტომატერიალზე ჩრდილი რჩებოდა.
ერთხელ მასე მინდა ვცადო.
როგორც ბავშვობაში მოვიმარაგებ გაზეთებს, ასანთის ღეროებს და ლუპას. მზე რომ დაარტყამს და დაწვავს.

ბიოპანკი ლიტერატურაში

სამეცნიერო ფანტასტიკას ის მიზანიც აქვს, ნებისმიერი ფანტაზია მეცნიერულად გაამართლოს. კონკრეტულად ბიოპანკის შემთხვევაში თვალს ვადევნებთ მიწისქვეშეთის ბიოლოგიურ ექსპერიმენტებს. ბიოპანკი ეს ამბავია გენურ ინჟინერიასა და ბიოლოგიურ ძიებებზე. მოვლენების სათანადო განვითარებისას ზოგჯერ შედის საშინელებათა ჟანრში. მაგალითად ნაჩვენებია, მეცნიერთა ხელში ადამიანთა სასურველად გადაკეთების, კლონირების ვერსიები, როგორ ქმნიან მოძალადე მუტანტს. ან მიმართავს საერთაშორისო პოლიტიკას, როცა ატომურ იარაღზე საშიში ხელოვნურად გამოწვეული დაავადებებია. ის მოედება არა მხოლოდ რომელიმე ქვეყნის ტერიტორიას, არამედ მის ფარგლებს გარეთ გავა. ცდილობენ გენური ინჟინერია გამოიყენონ, რათა დაბადებული ადამიანები მონაცემებით თავიდანვე იყვნენ დაგეგმარებულნი. (გათაკა.1997) ამ დროს მწერალი უნდა ერკვეოდეს ბიოტექნოლოგიებში, თანამედროვე ბიოლოგიის მიღწევებში.

ბიოპანკი სამ. ფანტასტიკის მიმართულებებში ჩემთვის იმდენად საინტერესოა, რამდენადაც სურვილი,  ვფლობდე, პირველ რიგში, საკუთარ თუ სხვათა სხეულს. მისი მეშვეობით, ათეიზმს ადამიანის ეგოცენტრულობა ენაცვლება და საკუთარ თავს ზილავს თიხის ”ნავაროჩენი” ვარიანტისგან სასურველი ფორმის მისაღებად. სამეცნიერო ფანტასტიკისა და ფენტეზის ჟანრს შორის კი ის განსხვავებაა, რომ ამ უკანასკნელში პარანორმალური სხეულები ნატურალური მოვლენაა, პირველში კი აღწერილია გზა, ხელოვნურად თუ როგორ მივიღოთ ის. ეს ისე, შესავლისთვის. ამჯერად კი ჩემი ბიოპანკის ბიბლიოთეკიდან სამ ძირითად თემაზე გავამახვილებ ყურადღებას:

  1. პლასტიკური ქირურგიის პლიუს-მინუსებზე, ანუ იდეალური სილამაზითა და მის შესაბამისად სიმშვიდით  განთქმულ სამყაროზე;
  2. კლონირების პრობლემაზე ანუ რამდენად არის ფიზიკური სხეულის იდენტურობა გონებისთვის გადამწყვეტი;
  3. დესტრუქციასა და გენეზისზე.

”მახინჯები” სკოტ უესტერფილდის ავტორობით დაწერილი ახალგაზრდული რომანია, ფანტასტიკის ჟანრს რომ მიეკუთვნება და იმავე მწერლისგან სერიებსაც ქმნის. ეს წიგნები ერთად რომ ავთქვიფოთ, მოქმედება ანტიუტოპიურ მომავალში მიმდინარეობს. რომანის მთავარი, ფუტურისტულ ქალაქში მცხოვრები პერსონაჟი, 15 წლის ტელი იანგბლადია, რომელიც ხელსაყრელ ასაკს ელოდება პლასტიკური ქირურგიის წყალობით სხეული რომ გაილამაზოს. სამყარო, რომელშიც ის ცხოვრობს ლამაზია. შეიძლება იმიტომ, რომ 16 წლის ასაკიდან პლასტიკური ქირურგია მასისთვის ხელმისაწვდომი და პოპულარულია. ამაზე კი ცნობილი ფრაზა მახსენდება: ”ყველა ქალი ლამაზია, მადლობა ფოტოშოპს”.

მაგრამ დედამიწა დაჟანგდა. მეტსახელიც შეურჩიეს: ”ჟანგიანი მსოფლიო”. ადამიანებმა იმდენი მეტალი გამოიყენეს, რომ მიწა წახდა და დაჟანგდა. ნივთიერებათა ცვლა მოხდა, ოქსიგენებთან რაღაც (არ მახსოვს) შეერთო და აალდა. სამაგიეროდ, ყველა ლამაზი და სუპერმოდელია. არიოლის მანათობელი ეფექტი (halo effect) კი ძალადობას ამცირებს. თანასწორობის შემთხვევაში სილამაზე თავის მნიშვნელობას კარგავს, ეს ადგილია, სადაც არავინაა ლამაზი და არც არავინ მახინჯი, თანასწორობა კი საამურობის გარანტიაა. თან საამურობის მოთხოვნილება მათში იმდენად დიდია, რომ სათანადო შედეგებისთვის ტვინის უსარგებლო ქსოვილების განადგურება უწევთ. ამით ადამიანის სხეული საერთაშორისო პოლიტიკის მწარმოებლის როლში გვევლინება. ჩემი ფრაზაა, რომ ცხოვრება ფოტოაპარატს ჰგავს, სადაც სინათლე სიჩქარის პროპორციულია და პირიქით, ანუ სასურველი ფოტოს მისაღწევად სასურველი ფოტო უნდა დათმო. ვისაც კამერასთან ჰქონია შეხება, მიმიხვდება.

მაგრამ საკვანძო მომენტები სისტემასთან რამდენიმე აჯანყებული პერსონაჟის ირგვლივ ვითარდება. თუ დაკვირვებიხართ, პლატონისეურად ყოველთვის გამოერევა ერთი-ორი ღვთისგან მოცემულ სიმახინჯეს ადამიანისგან შექმნილ სილამაზეზე მეტად რომ არჩევს. მოკლედ რომ ვთქვა, მთელი კითხვის მანძილზე მწერლის მორალი დამყვება, რომ მთავარია პერსონალური აზრები და არა გარეგნული ბრჭყვიალებები. ვიცი, რომ რომანის მიხედვით შარშან ფილმიც გადაიღეს. ისიც გავიგე, მწერალს მოზარდებისგან წერილები მისდიოდა, რომ დიეტას აღარ იცავდნენ და მკერდის ოპერაციებს აღარ იკეთებენ. <გადმოსაწერი ლინკი>

”არასდროს გამიშვა” კაზუო იშიგუროს ავტორობით შექმნილი ბიოლოგიურ მიღწევებზე ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ანტიუტოპიაა. სიუჟეტი კაცობრიობის გადარჩენისთვის შექმნილ ადამიანთა კლონებს ეხება და მოგვითხრობს ლაბორატორიაში აღზრდილ ბავშვებზე, რომელთა მომავალიც ორიგინალთა ჯანმრთელობით განისაზღვრება.

წიგნის ამოცანაა უარყოს ან დადგინდეს კლონთა იდენტურობა საკუთარ თავებთან, აქვთ თუ არა თავისუფალი ნება თუ ორიგინალთა ნაწილნი არიან და მათში სულის არსებობის შესაძლებლობა. ბუნდოვანია მიზანი ადამიანთა გადარჩენაა ავადმყოფობებისგან თუ კლონების გადარჩენაა ადამიანების გადარჩენისგან. მიზანი მიიღწევა არტ-ექსპერიმენტით, ანუ აღმზრდელები ცდილობენ გაიგონ, ბავშვებს რამდენად შეუძლიათ შექმნან დამოუკიდებელი ხელოვნების ნიმუშები.

კაზუო იშიგურო კი წიგნის იდეას წარმოგვიჩენს კლონთა ცხოვრების აღწერით: ბავშვობიდან დაწყებული, როდესაც ისინი პირველად აცნობიერებენ სამყაროს და უჩნდებათ ეჭვები და ემოციები, მოზარდული პრობლემების გავლით დონორობით დამთავრებული, როცა ორგანოების ტრანსპლატაციაზე მიდიან. სასიყვარულო სამკუთხედით შექმნილი სევდიანი ისტორიაა, თან ადამიანური და კლონური სიყვარულის დაპირისპირებით პარალელი ივლება ორ არსებულ სამყაროს შორის. <გადმოსაწერი ლინკი>

 პოსტმოდერნისტებისთვის ძველის დანგრევა და ახლის შენება, ეს მიდგომა აპოკალიფსური დრომოჭმული არსებობის და ახალ, ვირტუალურ, ოცნებათა ახდენის სამყაროში შესვლაა. სიცოცხლეზე, ნორმაა. სურთ გათავისუფლება დრომოჭმული არსებობისგან და ახალი, ვირტუალური, ოცნებათა ახდენის სამყაროში შესვლა. 

ოქტავია ბატლერის ტრილოგია ”ქსენოგენეზისი” ცდაა ახალი სამყაროს შექმნის. წიგნის თანახმად, კაცობრიობამ გაუთავებელი ომებით და ატომური იარაღებით გაინადგურა თავი. სიტუაცია კი ერთადერთი გადარჩენელი ქალის – ლილიტის, როგორც პირველსაწყისი ქალის – ირგვლივ მიმდინარეობს. მან ახალ რასას უნდა ჩაუყაროს საფუძველი. აქვს კონტაქტი უცხოპლანეტელებთან, რომლებიც დედამიწას თავიანთი ექსპერიმენტებით ქმნიან. მანამდე კი ლილიტზე ექსპერიმენტებს ატარებენ.

თავად ტრილოგიის მხოლოდ პირველი ნაწილი წავიკითხე და მასვე ეხებოდა ჩემი სამაგისტრო თემაც. ჭორის დონეზე გავიგე, რომ ბოლო თავებში იუდას შობას ლილიტს აწერენ. ტრილოგიას სხვაგვარად ”ლილიტის გუნდსაც” ეძახიან. იგი სამი ნაწილისგან შედგება: ”დაბლა”, ”ყმაწვილობის წესები” და ”იმაგო”. მწერალი ერთგვარად ცდილობს ბუნებასთან დაბრუნების იდეა შემოგვაწოდოს. ამას ასრულებს დანგრეული ცხოვრების ჩვენებით და ალტერნატიული გზების მოძიებით თუ გამეორებით. ატაცებული აქვს რუსოს, ჰიპთა თეორიები. შავკანიანი მწერალია პოსტკოლონიურ პერიოდში. ამ დროს კი ამბობენ, ქრისტე შავია, პირველი ქალი შავია. ბედნიერ კითხვას გისურვებთ. <გადმოწერა>

ჩემი გრავატარის საიდუმლოებანი

თუ მესტუმრებოდი, სავარძელში ჩაგსვამდი.
გვერდით მოგიჯდებოდი და ვისაუბრებდით ინგლისის ნაკრებზე, ასე გამალებით რომ აგებდა და კუში ეზრდებოდა.
სანამ თემა გაიზრდებოდა, მე სამზარეულოში გავიდოდი, ატმის ან ბლის კომპოტის მოსატანად.
შენ კი საოჯახო ალბომს ნახავდი, – მარტოობა ადვილი გადასალახი ჩანს, როცა ხელში გიჭირავს რაღაც.
მაშინ არ იყო ინტერნეტი.
მერე ისევ მოგიჯდებოდი და ფოტოების აღწერას მთხოვდი.
ფოტოზე ჯერ საკუთარ თავს დაგანახებდი, მერე იმ დღის ისტორიას გიამბობდი.
შენ მეტყოდი, რომ ლამაზად გამოვიყურები.
და, სასხვათაშორისოდ, არ მედარდა, ლივერპული აუცილებლად მოიგებს.
ეს ფოტო სამი წლის წინ გადავიღე,
სამსახურის მერე ტრანსპორტში რომ ვჯდებოდი და საათობით უაზროდ დავყვებოდი.
ვიმეორებდი: დრო მეტის ღირსი არაა, უნდა გავიდეს. გადიოდა.
მთლიან ფოტოზე თეთრი კაბა მაცვია, ირგვლივ სანთლებია და სკამი. მერე..
მერე შენ მომიყვებოდი რამე საშიშ ისტორიას, ფირზე მოჩვენება რომ ასახულა.
რომ რელიგია ებრძოდა ფოტოკამერებს, ღვთის ხატი ხარ, შენი სახე სარკეებისგან უნდა დააზღვიო.
შეიძლება ცოტა გეწუწუნა, აიდი ფოტოებზე თავს კომფორტულად ვერ გრძნობ: ჩემს თავს არ ვგავარო.
არა და მისი დანიშნულებაა მაქსიმალურად რომ გვგავდეს.
გავიხსენებდით ბარტის კამერასთან ურთიერთობის თეორიას, რომ გამოსახულება აწყობილია აღქმაზე და ფანტაზიაზე.
წარმოიდგინე, ზის მოდელი თავისთვის, ჩიტის გამოფრენას რომ ელოდება. იძაბება.
დგას ფოტოგრაფი თავისთვის, ჩიტის გაფრენას რომ ამზადებს. იძაბება.
1. მოდელი ფიქრობს, თავად როგორ გამოიყურება.
2. ფოტოგრაფი ფიქრობს, მოდელი როგორ გამოიყურება.
3. მოდელი ფიქრობს, თავად როგორ უნდა გამოიყურებოდეს.
4. ფოტოგრაფი ფიქრობს, მოდელი როგორ უნდა გამოიყურებოდეს.
ჩხრკ!
რა არის ფოტო?
ზოგჯერ თავის იდენტიფიცირება, ზოგჯერ მოგონების აღსაძვრელი ქაღალდი.
მაგრამ ყოველთვის ოთხი ჩამოთვლილი კომპონენტის შეჯვარებით მიღებული შედეგი.
ჩვენ ხომ ისე გამოვიყურებით, როგორადაც აღვიქვამთ ერთმანეთს.
ეს ფოკუზია.