ბალახისფერი თმის ცვენის ამბავი

tumblr_mwhvbwNALK1sfpko6o1_500

წარმომიდგინეთ, რომ წლების წინ თავიდან ტერფამდე ატალახებული მივედი სამსახურში და თანამშრომლების ცნობისმოყვარეობას უნდა ვუპასუხო, მე კი მათგან წამოსული ათობით სავარაუდო ვერსიის მერე თავჩარგული ვზივარ და ტუჩებს ვაცმაცუნებ, ვერაფრით ვისწავლე თავის მართლება. მაგრამ რამდენიმე დღეში დამალევინეს არაყი და მოვყევი ამბავი: ზამთარი იდგა, საბნიდან ფეხს რომ გამოყოფ და ადგილზე გიშეშდება, ჩემმა ავტობუსმა გამასწრო, მე კი იქამდე გავეკიდე, სანამ ტალახის ტალღები არ დავაყენე და სახეც კი გაწუწული მქონდა. ახლა შემოდგომის საღამოს ვზივარ ციცქნა ნაქირავებ ოთახში და ვფიქრობ: რა ჯანდაბა უნდა გავაკეთო ისევ მომავალ ზამთარში?პეტიცია რომ ავაგროვო, დასუფთავების სამსახურმა ფოთლები აღარ გადაყაროს ხოლმე? ლამაზია ქუჩები ფოთლებით.

აი, შარშან ზამთარში ძალიან მომწონდა ერთი ბიჭი, რომელიც წიგნის მაღაზიაში მუშაობდა ხოლმე. ვიჩხუბებდით ყოველდღიურ ამბებზე და მაღაზიის დაკეტვამდე უნდა შემომერიგა. ის-ის იყო ტელეფონი დამიჯდა, ელვის სისწრაფით გავაჩერე ტაქსი, მაგრამ მოვხვდი საცობში. რა უნდა მექნა, მანქანიდან გადმოვხოხდი, კაშნე კისერზე კარგად შემოვიჭირე, თასმები ფეხსაცმელზე რამდენჯერმე გავინასკვე და გავიქეცი. გავიქეცი ისე, როგორც ლოლა გაიქცეოდა ან ტიპი ადრენალინიანიდან. ამ დროს თმის სამაგრი დავკარგე, თმები გამეშალა, კილომეტრზე მეტი ხუთ წუთში დავფარე, ავირბინე რამდენიმე სართული და ჩავეხუტე. მერე რა, რომ ოფლიანი ვიყავი და მაშინ ჯერ კიდევ ცისფერ თმაზე წითელი სახე მქონდა. ოჰ, როგორ მაკოცა.. და ზუსტად ვიცი, რომ დავინახე, როგორ აკოცა სკოლამდელმა ბიჭუნამ მაღაზიაში ჩამოკიდებულ სალვადორ დალის დახატულ ქალს.

ახლა კი მოვითხოვ ურთიერთობის სტატუსებს განშორება რომ დაემატოს, სტატუსი, რომელიც არც ურთიერთობას განასახიერებს და არც თავისუფლებას, რაღაც შუაშია ყელში ეკალივით გაჩხერილი და გახსენებს, როგორ აგიხსნა ვიკიპედიაში ოხუნჯობით სიყვარული, როგორ აწყობდით პოსტ ზომბი აპოკალიფსურ სადილებს სანთლების შუქზე ნერდული სამზარეულო წიგნიდან და თან ირიბად ეკითხებოდი: “ხომ ვაკეთებ შენს ბებიაზე უკეთ?” ან როგორ დგებოდა უთენია, სამსახურში წასვლამდე, ცივ წყალში ჭურჭლის გარეცხვა რომ მოესწრო და არასდროს დაზარებია ჩაის მოდუღება, მერე მაისურს შარვალში ჩამიტანებდა, ფეხსაცმლის თასმებს შემიკრავდა, ჩავეხუტებოდით და გავრბოდით. არა ისე, როგორც “კარტების სახლის” ბოლო სერიაში, განტვირთვისთვის ფეხაწყობილი სირბილი ჰქონდათ, მთელი პოლიტიკური რომანტიკა მანდ ჩაექსოვათ. ჩემგან შემოდგომაზე ნაშვილები ბროწეულის ხე დარჩა, ქოთანში დატოვებული კართან, როგორც პლუტონისგან პროზერპინას დარჩა, და უვლის.

ამ დღეებში რაღაც უცხოურ ბლოგს ვკითხულობდი, სადაც ნეფე საკურთხეველთან პატარძალს ერთ საქორწინო პირობას აძლევდა: სიტყვას გაძლევ, რამდენი წიგნიც არ უნდა იყიდო, და რამდენი მოგზაურობაც არ უნდა მოგვიწიოს, სიმძიმის მიუხედავად, არაფერს დავტოვებთ და ყველას წავიღებთო. მე თუ მკითხავთ, ესაა ნამდვილად შესაშური ოჯახი, როდესაც საყვარელი ადამიანის ინტერესი დააფასე და იცავ, როდესაც ადამიანები ერთმანეთს ასწავლიან, ზრდიან. ამ წინადადებაში სწორედ ეს პატივისცემა ამოვიკითხე, და იცით, მე ხომ გამომიცდია ეს ურთიერთზრუნვა, და როდესაც ურთიერთობის დეგრადირება წავიდა, კარფურში მარტო სეირნობისას იმ ნივთებს რომ აწყდები, რასაც ერთად არჩევდით, იგივენაირი განცდაა, თითქოს დილით კოცნით გაღვიძებას რომ ველოდები და ბალიშზე მხოლოდ საკუთარი ჩამოცვენილი თმა მხვდება, შემოდგომაზე რომ მცვივა ყვითელი და მწვანე ფოთლებივით ჩემი ბალახისფერი თმა. გინდა მისი საყვარელი კარამელიანი ბურბუშელა იყიდო, ფილმების ყურებისას რომ გართობდათ, ან თეთრეული, რომელზეც აღმოჩნდა, რომ მისი მეტსახელი აწერია. გინდა იმ სიმღერას მოუსმინო, პირველ შეხვედრაზე რომ უსმენდით. ან ბლოგი გაავსო მასზე წერილებით, მაგრამ იცი, რომ აღარ გედევნება და ვეღარ ნახავს, არა და თავის დროზე იმიტომ გაგიცნო, რომ შენი ნაწერები მოსწონდა.

ბოლოს წიგნის დღეებზე ვნახე, რვა საათიდან აქ ვმუშაობ და დავიღალეო. რამე წიგნი მირჩიე, შემთხვევით ყოფილი რომ შეგხვდება, მერე საკითხავი მეთქი. გაეცინა, მასეთი არ ვიციო. საყვარელი სიცილი იცოდა ყოველთვის, მეამიტური, ბავშვური, აი, ჯერ რომ არ გაფუჭებულა და დამძიმებულა, მხარსა და ბეჭზე დედამიწა ჯერ რომ არ შემოუდია. მომინდა ჩავხუტებოდი და მეთქვა: რომ ეს ჯემპრი საერთოდ არ უხდება, ორი ერთნაირი რომ ჰქონდა და კაი ხანი მეგონა, რომ მუდამ ერთი ეცვა. ვის გაუგია ერთნაირი ჯემპრების ქონა? მაგრამ მაინც მენატრებოდა. იმდენად, რომ საკუთარი ცხოვრება არ მაქვს. მინდოდა მეთქვა: ა’მ ინ ლესბიანს ვიზ იუ, – როგორც იმ კომიქსში, რომლის პერსონაჟსაც მადარებდა, თმის ფერივით რომ ცვლიდა ურთიერთობებს. ჰო და გამოფენიდანაც გავიქეცი. პეტიცია რომ ავაგროვო, დასუფთავების სამსახურმა ფოთლები აღარ გადაყაროს ხოლმე? უფრო ლამაზი იქნებოდა თოვლივით მოჭრაჭუნე და მუხლებამდე ფოთლებში სირბილი, არა? ეს ის სუფრაა:

wpid-20140123_211853

გოგონა, რომელსაც მცენარედ ყოფნა უნდოდა

მე რომ მწვადი არ ვჭამო, დედაშენმა ყავა არ დალიოს, ირაკლიმ – კოკა-კოლა, შენ კი – ღვინო, – რაა ოჯახიო, – მამამ. მას მერე, რაც ძამიკომ სახლში არც მარხული, არც ვეგეტარიანელი, არამედ ვეგანი სტუმარი მოგვიყვანა. აქამდე არასდროს შევხვედრივარ ადამიანს, რომელიც მოუთუშავი, მოუხარშავი, საღი და უმი ბოსტნეულით იკვებება და ამტკიცებს, ქრისტეც ვეგანი იყო, უბრალოდ თევზი იმ დროინდელი სადილის კრებითი სახელიაო.
თავის დროზე მშობლების მშობლებმა ჩემი აღმოცენების შესაწირად მსხლის ხე დანერგეს. მამამ კი დაკარგული ლეკვი ქუჩაში იპოვნა და ვიშვილეთ როგორც თანატოლი შვილი, მეგობარი, მამასახლისი. ვიცოდი, რომ დაახლოებით, თექვსმეტი წლის რომ გავხდებოდით, ის დაბერდებოდა და მოკვდებოდა. ამასობაში წვრილძვალა მსხალი, რომელსაც ნაყოფი ჯერ არ გამოეღო, სიმაღლეში მისწრებდა.
სევდიანი ისაა, რომ მცენარეს ცისკენ წადილით მალევე ვაჯობე და ხეზე მაღალი გავიზარდე. ზაფხულობით სოფელში ჩასული ბებიაჩემს ვეკითხებოდი მსხალმა ნაყოფი თუ გამოიღო მეთქი, ისე მინდოდა თანატოლი ხის დაგემოვნება. მაგრამ ყოველ წელს ორიოდე მკვახე მსხალი ემშობიარა, ცრემლივით რომ ჩამოეკონწიალებინა თვალების ფორმიან ფოთლებზე. ერთ ზაფხულამდეც მოჭრეს. ისეთი დისტროფიკი იყო, ტოტები ლამის მიწიდან ეწყებოდაო. ჩრდილადაც არ ვარგოდაო ჩემი უშვილო ხე. იმ ადგილას გოგრები დათესეს, არ მიყვარს ოქტომბერი.
ძაღლს კი ღვინიანი ადამიანები არ უყვარდა. თექვსმეტის რომ გავხდი, უკვე შემეძლო დაღვინება. იმის მერე ძაღლი არ მყვარებია. მონოგამიის მოქადაგე ქვრივად ვიქეცი. მცენარეები მაინც მხიბლავდა, იმდენად, რომ ვჭამდი. ცხოველები რომ მყვარებოდა, ვეგეტარიანელი კი არ ვიქნებოდი, მაჩვენე ორგანიზმში რას იღებ და გეტყვი ვინ ხარ შენო, და გემრიელად ვისადილებდი უმად. კაცი რომ ვიყო, ალბათ მოძალადე ქმარი ვიქნებოდი.
ბავშვობიდან მეზიზღებიან კატები, თავნებები, თავისუფლები. თანაც იმდენად, რომ მათი მოკვლაც არ შემიძლია, არ უნდა გავისვარო მათში ხელები. იმდენად მეზიზღებიან, რომ ვინმე ჰომოფობივით სიძულვილის მიზეზის თქმაც კი არ შემიძლია. ჩემი სიძულვილი კი მაშინ ორკეცდება, როცა გოგოები მადარებენ ხასიათით კატას. ერთმანეთი გაიცნეს? პირი შეკრეს?
იცით, წმინდანები მალე რატომ არ იხრწნებიან? იმიტომ, რომ მარხულობენ და მცენარეებით იკვებებიან. მცენარეები ნახშირ(ის)წყლებისგან შედგებიან და ამიტომაც ნელა იხრწნებიან.
ერთი ძაძიანი შენაკადი აქვს ივრის მდინარეს. ამ ზაფხულს იქვე ოჯახმა დრაფტი მოვაწყეთ, რომ მანქანის ნომერი წყალში ჩაგვივარდა. შევცურე და ძალიან ლამაზი კუროს ქალა ვიპოვნე, სურათი გადავუღე, მუხლებზე დავისვი, მოვეფერე. თვალებში მცენარეები ჩადგმოდა, ძვალი დელფინივით სრიალებდა. რა ლამაზია წყალში გახრწნილი სხეული. მე თუ მოვკვდები, როდისმე მაინც, წყალში დამმარხეთ.
რამდენიმე დღის მერე აუზიდან სახლში ვბრუნდებოდი როცა ვაკეში მკვდარი ძაღლი ვიპოვნე. წარმოიდგინეთ კადრი, ცხოველია გახსნილი პირით, დიდი კბილებით. ასო მოეკვეთათ და ექვე ფეხებთან მიეგდოთ, ჭრილობაში კი მცენარეები ჩაებღუჯათ. მე არ ვიცოდი ვის დასჭირდა ამის გაკეთება და რატომ. ეს არ გავდა სექტის ნამოქმედარს. შეიძლება ბავშვები.. პირველი რაც გავაკეთე, ვეტერინარი კლასელი მყავს და ვურეკავ, ვეკითხები რჩევას, რა გავაკეთო. “არსებობს რაიმე ცხოველთა დაცვის კანონი, რომელიც დამნაშავეებს დასჯის?” “სახელმწიფოში, სადაც ადამიანების უფლებები არაა დაცული, ცხოველისას როგორ დაიცავ?!”
მახსოვდა ინფორმაცია ძაღლების ჩხუბის შესახებ, სადაც პატრონი სერიოზულად უნდა დასჯილიყო, მაგრამ ამბავი მსუბუქი შეშინებით დასრულდა. ცხოველთა დაცვის ორგანიზაციას მივმართე და ჩვენ შორის ასეთი საუბარი შედგა: “არსებობს რაიმე რეაქცია მსგავსი ქმედებების წინააღმდეგ მიმართული საქართველოში?” “ასეთ შემთხვევებში სამართალდამცავი ორგანოები უნდა ჩავრთოთ, ჩაუტარდეს ცხოველს ექსპერტიზა და ყველაფერი ფაქტებზე და მტკიცებულებებზეა დამოკიდებული”. ანუ როგორც ადამიანის წამების შემთხვევაში, მაგრამ დასძინეს, რომ ათეული საქმეა სასამართლოს გადაცემული, თუმცა უშედეგოდ. მე მაინც ვცდილობ მასალების მოძიებას.
ამ დღეებში სახლში ხვლიკი და სხვა ქვეწარმავალი აღმოვაჩინე. ისინი ჩემი ლოგინის ირგვლივ დარბიან და წერისას შთამაგონებენ მიძღვნას. ეძღვნებათ ხვლიკებს, მცენარეებს და ცხოველებს, კატებსაც კი. და მგონი ამდენი ბალახის ჭამით ყვავილად ვიქეცი, ფოთლად ვიქეცი, დესტრუქციის უუნარო, არაფრის მოკვლა რომ არ შეუძლია, თვალების ფორმის ფოთლები თუ უწითლდებათ და სცვივათ, მათზე დაკიდებულ მკვახე ცრემლად. ჩემი ოთახი არის თეთრი ხისგან. რემონტი რომ გავაკეთეთ, დავატოვებინე. იყოს. ეს ის კუროა:

Budcq2vCYAAA56GBudcqpZCUAEKJOi

ტიკინა პატარა ბიჭი

მინდა გიამბოთ ცისფერ თმიანი გოგოს ამბავი, სიმართლეს ილუზიისგან რომ ანსხვავებდა და პინოქიოს ცხვირი ეზრდებოდა. ფსიქოდელიურ ტყეში ცხოვრობდა მატყუარა ბიჭის ლოდინით და ზრუნვით ფერია. ლეგენდის თანახმად, სევდისგან დაიცალა და მოკვდა, მოკვდა, ოღონდ როგორც მისი მფარველი და გაჩნდა ქალი, დედა. ხის კაცის ადამიანად ქცევის პირობით. მერე დაიწერება მეცნიერული ფიქციები რობოტის ჰუმანურობაზე, ცისფერთმიანმა იაპონელმა ოცნება რომ მისცა, ფენტეზები, ხეთა სულიერებაზე, ტყის ალქაჯის შვილობილებზე, მაგრამ ორასი წლის წინ პაპა კარლომ წარმოიდგინა ცისფერთმიანი ქალის ხის ტიკინა პატარა ბიჭი.

დილაობით ჩემს ქუჩაზე დაცვარული ფოთლები ყრია, ოღონდ ფანჯრიდან ფოთლებს ვერ ამჩნევ და გგონია, რომ სერ ასფალტზე ფოთლის ფორმები თეთრად ხატია. იისფერია სახურავებზე თოვლი, როცა მზე ხვდება, თავზე ამინდი მემჩნევა, – ცისა ფერს, თმისა ფერს. დილაობით უნებურად დამჩემდა პარკებში ხეტიალი და უცნობებთან მოხუცი ქალივით საუბრები, სახლში შვილიშვილებს პენსიის კვირას კალთაში დამალული მამალოებისთვის რომ უყვართ და მტრედების დაპურება. ერთხელაც ერთი ბიჭი ცისფერ თმაზე მიყურებს და ცრემლებით მეკითხება: – ცხვირი მართლა გამეზრდება? – ვიღიმი.

57678568765

პეიზაჟი ყურანის კითხვისას

ფოტო, რომელიც ვერ გადავიღე,
აუზში მოხდა.
წყალი იმდენად აივსო ქაფით,
დაფარა ტანი.
და ანარეკლი საკუთარი სხეულის
გაქრა.

ჭია, რომელსაც გზა აერია,
მიბობღავდა სადღაც ქვებისკენ.
თავზე დაგვნათოდა ჭაღი
და კედლები ირეკლავდნენ მას.

ვირწეოდი ქაფებში და მშიოდა ხე.
აი, ის, სახურავიდან
ცემენტის ფოთლებით,
და ვგვი
თითებით ქაფებს ჩემს ირგვლივ.

თქვენ გადაყრილ ბოთლებში აგდიხართ
და გწრუპავენ ჭიანჭველები.
ჩვენ ხომ მხოლოდ სისხლისგან შევდგებით.
და ფოთლები გვაფარია სახლზე.
კენჭად ვიქცევით თქვენს კუჭი, –
ასე განიცდიდა მუჰამედი,
როცა მე ვკითხულობდი ყურანს.

მომენტი, რომელიც არ დაჭერილა
ქაღალდზე, მოხდა მაისში
და ივნისში გავიმეორეთ.
წარმოიდგინე.