თორი, ნოე და გარეული მხეცი

ყველა საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება იცოდეს რა იცის მასზე სახელმწიფომ. ეს ინფორმაცია ინდივიდუალურად საჯაროა და, თუნდაც, სამთავრობო საიტზე აიდი პირადობის დასკანირებით არის პროსპექტიული. მაგალითად, ჩემზე სახელმწიფოს ჰგონია, რომ ა) არ მყავს ძმა, რომელიც რეალურად ახლა გვერდზე მიზის და ქილიკობს რომ მემკვიდრეობა არ დარჩება; და ბ) მამაჩემი ჩემს გაჩენამდე მოკვდა, სანამ დედაჩემს შეხვდებოდა, დაბადებისას, სიკვდილი იგივე წელს უფიქსირდება როცა დაიბადა. ანუ უკვე მემკვიდრე ვარ. სახელმწიფო მაწოდებს, რომ მამაჩემი შავი ხვრელია და სახელმწიფო სტრუქტურაში მისი მუშაობის 50წლიანი სტაჟი არაფერს ნიშნავს, არჩევნებში კანდიდატს მკვდარი სული აძლევდა ხმას და მემკვიდრეც მკვდარმა გააჩინა. არა, მე არ მჯერა, რომ სახელმწიფო არ მიცნობს, საქმე ალბათ ინფორმაციის თავმოყრაშია.

ყველა თაობას თავისი სპეციფიკური ფობია გააჩნია, ჩემს თაობას კი მასონური რეჟიმის ეშინია ანუ ლავკრაფტის ურჩხულები, საწოლის ქვეშ დამალული ჩონჩხები მოითელა და ახლა კარიერისტი ხალხისგან მართულობის გვეშინია. ჩემი აზრით, ეს იგივეა რაც ნეო ღმერთის შიში, ზემდგომის შიში, რომელიც გვაკონტროლებს და საჭიროა ჩვენი ეგზოფილიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. მაგრამ ვუძალიანდებით, მაღალი სიხშირის კომპიუტერებს ვყიდულობთ, ჩვენს IP მისამართებს რომ ვერ დაგვეწიონ ახლობლები მაინც, რომ არ გაიგონ სინამდვილეში სად დავდივართ, ვიდეო თვალებს და მიკროფონებს იზოლენტათი ვფარავთ ან დისკონექციას ვაწვებით, სუფთა ვებს ვერიდებით, პორნოს თორის ბრაუზერით ვუყურებთ, თან ისე, რომ ბრაუზერის ზომა არ შევცვალოთ და მანამდე ჯავასკრიფტი გვქონდეს ოფლაინ, არ ვუსმენთ მუსიკას ონლაინ, მხოლოდ გადმოწერის მერე, ისიც ანტივურულ დეტექტორებს თუ გაივლის, არ ვხსნით მეგობრებისგან გაზიარებულ ლინკებს სადაც ავტორიზაციის გავლაა საჭირო, ვაი და პაროლი დაინახონ, სხვადასხვა საიტებზე სხვადასხვა მეილებით ვრეგისტრირდებით და ა.შ.

და ჩვენ რეალურად გვეშინია, ოღონდ არა დემონი მედუზების, არამედ ბიბლიაც როგორც ჰორორი ლიტერატურა ისე მოვირგეთ. აიდი ბარათების აღების ფობია ანტი გლობალისტების წრეში. კონტროლიზაციის შიში, რომელიც მცირე შემთხვევაში მხეცის ნიშნის სიმბოლიკით იყო გამოხატული. ამის გამო სახელმწიფო უმნიშვნელო დათმობაზე წავიდა, აიდი პირადობის ბოლო სამი ციფრი 666 მოხმარებიდან ამოიღო და 665-დან 667-ზე გადახტა. ეს 667 მე შემხვდა. ანუ მხეცი მე უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ გადავრჩი, გავხდი ბლოგერი, ოფისის მენეჯერი. არა, ეშვი კი მაქვს, დამატებითი კბილი ამომივიდა ერთ ღრძილზე ორი, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ჩემს პრიორიტეტს ურბანული ცხოვრებისადმი, უფრო შინაური ცხოველი ვიქნებოდი, ვიდრე გარეული მხეცი. და ახლა როცა ვკითხულობ ჩემს მრავალავტორიან, ოფიციალურ ბიოგრაფიას, ცოტათი მწყინს კიდეც: რა მოსაწყენი 30 წელი გამივლია. აი, მხეცი რომ ვყოფილიყავი, ხომ ავიდოდი გრინვიჩზე ან მკვდარი ზღვის ნულოვან ზღვის დონეზე და სამყაროს შევაზანზარებდი. გამოვიდოდა ვინმე კეთილშობილი ნოე და სანათესაოს თუ სხვადასხვა ცხოველების რობოტებს პოსტ მეტროს მიწისქვეშაში შეაფარებდა. ნამდვილი რაინდები ქვეყნად არ დარჩნენო. მაგიტომ. მხეცი არ არსებობს და მისი ანტონიმიც არ იარსებებს თუ დონ კიხოტი არ გინდა. იტყოდა ნოე მიწისქვეშაში: მოდი დავიწყოთო თავიდან, სიგნალი ვაფრინოთო, – და თუ ვაი ფაი დაიჭერდა, ამოვიდოდნენ. და ვერ მიხვდებოდნენ, რომ ეს ჩემი ხრიკია, რომ ვაზი მოვაყვანინო, დავათვრო და გავაშიშვლო ისინი.

მეცადინეობა თავისუფალ ვარდნაში ნ1

არაცნობისმოყვარე ხალხი მაკვირვებს, წარსულში რომ დავბრუნდე, მაინც არაფერს შევცვლიდიო, რომ ღადადებენ. ბიტკოინს მაინც არ იყიდიდნენ? პარადოქსისთვის თავიანთ ბაბუებს არ მოკლავდნენ? და კიდევ ბუდას ფოლოუერები მაკვირვებენ. გაქვთ ისეთი რელიგია, რომლის რთული არქეტიპი თქვენ იქნებოდით? ჩემთვის ასეთია ბუდიზმი. აი, მე ეთერით თუ დანარჩენი არაასტრალური ტანით რიგითი, მედიუმ სტატისტიკური ქრისტიანი ვარ ვნების განსაცდელში “ცეცხლითა და მახვილით” მორკინალი. ბუდა მეუბნება, თუ გინდა ბედნიერი იყო, სურვილი არ უნდა გაგაჩნდესო. ქრისტე მეუბნება, თუ გინდა ბედნიერი იყო, მე უნდა გსურდეო. ამიტომ ქრისტეს ფოლოუერებს სურვილების მიმართვა უფრო გამოგვდის მათ დეზოლუციაზე მეტად. მგრძნობელობის ნაკადი სიარულშიც მეტყობა, რაშიც დაუკვირვებელი პირიც ამოიცნობს ჩემს ოჯახურ თუ კარიერულ სიტუაციას იმ ლოკალურ დროში: სწრაფი ნაბიჯებით, წაქცევებით, შუა გზაზე გაჩხერვით. აი, თამარამ, მყინვარის მეტეომდე ბასანოჩკებით ავდივარ ხოლმეო. მე კიდევ ჩემი სალაშქრო ტიპის ფეხსაცმლით ბორჯომის გოგირდის აუზებამდე ძლივს მივაღწიე მდინარის ქვები ისეთი მოყინული იყო. ჩამიქროლეს პენსიონერებმა ძაღლებით, ორსულებმა “კალიასკებით”, ჰოკინგიც კი იდრიფტავებდა თავისი სმარტ სავარძლით.

ამ ზაფხულს კოგნიტიური ფსიქოლოგიის თერაპევტს ვეწვიე, ვინც თავის პრაქტიკაში სხეულის ენას იყენებს სამკურნალოდ. ცდილობდა სხეული ზედმეტი დაჭიმულიობისგან ეხსნა, მაგალითად, ბუმბულით დაღუტუნების დროს იმდენად უნდა გამეთიშა ლოკალური ნერვებისგან ყურადღება, რომ აღარ გამცინებოდა. პრაქტიკას ტკივილზეც გავდიოდით, ხელოვნურად ვიღებდი და განვიზიდავდი მას. სეანსის დასაგვირგვინებელი ფაზა კი ერთდროულად ყველა კუნთის იმ დონეზე მოდუნება იყო, რომ წავქცეულიყავი. ინსტრუქტორმა მირჩია, როდესაც რაიმე საშიშის გაკეთება მიწევდა, რაიმე სასიამოვნო გამეხსენა ჩემი წარსულიდან. ანუ სასიამოვნო მოვლენის წარმოდგენის ქვეშ წავქცეულიყავი. თქვენ რა მოვლენას წარმოიდგენდით? აი, მე არაფრით წარმომედგინა რამე იმდენად სასიამოვნო, რომ წაქცევის დროს მუხლი ოდნავ მაინც არ შემეტეხა. შემრცხვა და ახალი გამოსავალი ვიპოვნე. ვარდნის დროს ოთახის ერთ-ერთი ჩუქურთმიანი აქსესუარი ამოვიჩემე და გონებაში იმ ჩუქურთმების ხაზვა დავიწყე. გამომივიდა. ესეც სუფთა ქრისტიანული მიდგომაა, როცა აბსტრაქციის მატერიალიზაციას ვახდენ.

ბორჯომის გოგირდული აუზი ტყიურ პირობებში საკმაოდ კომფორტულია, თუ გრილ წყალში ბანაობა გხიბლავთ. რადგან თოვლით გარშემორტყმული ცხელი წყალი საკუთარ ფარენჰეიტს ვერ ინარჩუნებს და ცივდება. აბასთუმანში გოგირდის ავზებს საბჭოთა არქიტექტურა ახურავს, ძველი სანატორიუმების მოზაიკები აგია და საღამოობით, მთვარის შუქი ჩაბნელებულ ინტერიერში სარკმელებიდან შემოდის, ისიც ხეთა ტოტები თუ განეფარებიან. შიგადაშიგ გვერდითა აუზიდან სომეხი ქალების ყიჟინა გაისმის, რომლებიც ტანსაცმლიანად შემოდიან წყალში, მაგრამ შებინდებისას შემიძლია ისე ვიწვე ამ ღვთისგან დალოცვილ ქიმიურ წყალში, რომ უქარო დაბაში საკუთარი ექოც არ მეყურადებოდეს. ვარ ამგვარ სიმშვიდეში, მოდის მირიანი და მახრჩობს, წყალში სამჯერ მაყურყუმელავებს. მერე ეგ და სანდრო წყალზე წოლას მასწავლიან. სანამ პირში ჰაერი გაქვს დაგუბებული, არ დაიხრჩობიო. მე კიდევ ძალიან მეშინია და იქამდე ვცურავ, სანამ ჰაერის შეკავება შემიძლია. სანდრო ჩემი რუმმეითია, მისი საწოლი ჩემგან ოთახის მეორე ბოლოშია. ოთხ საათზე, მაინც უნდა ავდგეთ, ამიტომ საუბრებით გაგვაქვს თავი. სიტყვა მიცვალებულებზე ჩამოვაგდეთ და ჩემი მორგის სოლო გამოცდილებები მოვუყევი, მერე სოლო ღამის ლაშქრობებიც. მთელი ღამე ეშინოდა, მგონი ჩემიც. უკვე მეჩვენებოდა მისგან აქა-იქ “მამაო ჩვენო”. როგორი უშიშარი ხარო, წარმოიდგინეთ, მე და უშიშარი. ტყუილია, მაგრამ ამის მოსმენა მაინც მესიამოვნა. რა ვიგრძენი? სიამოვნება? ხვალ ავდგები და სიამოვნების ქვეშ გავცურავ მეთქი. თბილისში რომ ჩავალ, სიამოვნების ქვეშ წავიქცევი მეთქი. შექებისგან გამოწვეული სიამოვნება უნდა დავიმახსოვრო მეთქი.

20180210_150428.jpg

ინსტინქტი (პირველი)

მეორე ინსტინქტი

ჩემი აზრით, პიტერ გრინუეიმ 90-იანებში თავისი “საბალიშო წიგნის” იდეა, თუ როგორც ჩვენთან თარგმნიან “ინტიმური დღიურები”, უელსური ნისლიანობისას დაწერა. შეიძლება მას ჯერ მამამისთან ორიენტოლოგიური საველე კვლევების დროს მზისგან ზურგი დაეწვა და როდესაც უელსში ნისლი ჩამოწვა, დამწვარი არეალი დანესტიანდა და ისე აიტყავა, თითქოს ვადაგასული, შეყვითლებული გაზეთის ფურცლები ყოფილიყოს. ოჰ, ეს დაზიანებული ეპიდერმისი ძალიან წააგავს სხეულზე იარლიყივით მიწეპებულ უხარისხო ფურცლებს. უყურებ და გინდება ზედ ასოები გაარჩიო. მეც შეყვარებული ვარ ნისლზე. და შეიძლება ამიტომ მგონია, რომ ჰერბერტ უელსმა “უჩინარი კაცი” ასევე ინგლისური ნისლიანობისას დაწერა. ან რა შეიძლება იყოს იმაზე რომანტიკული, ვიდრე ნისლში მდგომი ხეები, რომელთა კიდურებზე ყვავები სტაბილურდებიან. რაც უფრო ღრმად შედიხარ ნისლში, მით უფრო უჩინარდები და შეგიძლია არ არსებობდე. თვალებში ეშმაკები აათამაშო და თანამოლაშქრეებს წყლები დაულიო, გაიხადო კედები და გაჭუჭყიანებული წინდები ვერც შენ დაინახო, ან, ზოგადად, გაიხადო. რა უნდა იყოს იმაზე სასიამოვნო, ვიდრე ნისლისგან დანესტილი გარუჯული სხეულის ატყავება, როცა ვერავინ გხედავს. მანამდე, სანამ ნისლში გავქრებოდი, ჯერ მდინარე უნდა გადამელახა. თითქოს არაფერი, მაგრამ იმ დღეს მივხვდი, რასაც გადარჩენის ინსტინქტის არქონას ვეძახდი, მოჭარბებული გადარჩენის ინსტინქტი ყოფილა.

მე ყოველთვის ვამაყობდი საკუთარი ნერვული სისტემის სიძლიერით, რომელსაც ვერც კოფეინი ერეოდა, ვერც ალკოჰოლი და ვერც მარიხუანა. სარკეში დაბალანსებულ გოგოს ვუყურებ, მაგრამ როგორც კი ურბანულ სივრცეს ვცდები და ბუნების ექსტრიმთან ვიკვეთები, მთელი ჩემი უბრანულად დაინჟინერებული ნერვები ხელში შვილაუყვანელად ფრთხებიან. ელემენტარულად, მდინარის გადაკვეთა არ შემიძლია, მგონია, რომ ბუნება მტერია, წამიღებს, მომსპობს, მომაშთენს, ყველას თვალწინ, თუ ნისლში არ ვარ. მდინარის გადაკვეთაც გავაზვიადე, მეტრანახევრის რადიუსით გადახტომაც კი გამიჭირდა. არა და ვუყურებ, როგორ ეშვებიან ან ადიან ჩანჩქერებზე სხვები. ისეთი მყარი ნერვები აქვთ, კრიტიკულ ფაზაში თოკის გადაჭრაც შეუძლიათ. მე ალბათ უმალ კლდე ათგზის დამარყევდა ვიდრე ჩემი ნებით წყალში ჩახტომას გავბედავდი. ჰო და ჩავვარდი მდინარეში, იმ მეტრანახევარს რომ ვახტებოდი, შუა ჰაერში უკან დავიხიე და გავიწუწე. ვიფიქრე, რომ გადარჩენის ინსტინქტი შტერია, ინფანტური. რომ ადეკვატური განსჯის უფლებას მიკარგავს. არ ვიცი, ზოგს შეიძლება უფრო გამჭრიახს ხდიდეს შიში, მაგრამ მე ხომ კომფორტის გოგო ვარ, დისკომფორტში პარალიზებული ვხდები. ვიფიქრე, რომ მოჭარბებული გადარჩენის ინსტინქტის გამო ვერ გადავრჩები. ამიტომ საკუთარ თავზე უნდა ვიმუშაო, სხეულის ფლობა რომ შევძლო. თორემ სხეული მფლობს და მონა ვარ.

ცოცვაზე შევედი. ერთდოულად ყველა კუნთს ვტვირთავ. ჯერ დარბაზში ვმუშაობ. მომავალში ველადაც გავალ. ჩანჩქერზე დავეშვები და იმედი მაქვს, თუ საჭიროა, თოკსაც გადავჭრი. ჯერ ჩანჩქერისგან დაყენებულ ნისლში ჩავვარდები და თუ წრიაპისგან კანი გამეკაწრება, გრინუეისგან მახსოვს, რომ სისხლიანი კანი უკვე წიგნია.

ჰიკიკიმორი რუი მურაკამისთვის არის იაპონური ცხოვრების წინააღმდეგ

$(KGrHqF,!o0FBfrucwYtBQfsH9Qq6g~~60_35რუი მურაკამი არის მწერალი, ვინც თავის წიგნებში აერთიანებს რიტუალურ მკვლელობებს, ბიოტექნიკას, ტერორიზმისა და ჰაკერთა თავდასხმებს. ამიტომ გასაკვირი იქნებოდა ჰიკიკიმორთა ცხოვრებისთვის გვერდი აევლო და “პარაზიტებში” რიგითი იაპონელი სოციოპათის ცხოვრება გვიჩვენა, ოთახში ინტერნეტთთან ერთად ჩაკეტვის მერე ჭკუიდან როგორ იშლება. მაგალითად, ჯერ ახალგაზრდა უიჰარა დარწმუნებულია, რომ მის ორგანიზმში პარაზიტი ცხოვრობს, თანაც ერთადერთი მისიით: მოკლას ის ვინც სიკვდილისთვის დააპროგრამა. ოჯახი, რა თქმა უნდა, აშინებდა, ზრუნავდა, ინტელექტუალური საუბრებით დაწყებული ყოველდღიურ თემებზე ესაუბრებოდა.  ექიმები, რა თქმა უნდა, ტრანკვილიზატორებს ატენიდნენ იმდენს, რომ სიარულიც აღარ შეეძლო და ხოხავდა. მაგრამ როცა გამოფხიზლდებოდა, პერიოდულად სქესობრივი სურვილები იმდენად მოწოლილი ჰქონდა, გამალებით ანძრევდა, არც იმის ერიდებოდა, რომ დედამისი ხედავდა, არა თუ იმის, რომ გამალებისგან ფალოსზე კანს იზიანებდა. მურაკამმა კი ისტორია იმით დაძაბა, რომ უიჰარამ ტელევიზიით ნანახი ქალი აიკვიატა და მივიდა პარაზიტის ბრალეულამდე. პარაზიტების, რომლებმაც შექმნეს ისეთი, როგორიცაა და, სხვათაშორის, იაპონურ სუბკულტურაში იმ ადამიანებს, რომლებიც არ მუშაობენ და სხვების ხარჯზე ცხოვრობენ პარაზიტები ჰქვიათ.

მურაკამისნაირი მწერლები კი გვაჩვენებენ არა იმ იაპონიას, სადაც ჰაერია ასეთი და ყველა ადამიანი ტექნიკური გონებით იბადება დაshaking_tokyo_1 ჭიანჭველასავით შრომობს, არამედ საზოგადოების, სოციალური ქსელების, ეთენშენ ჰორული ცხოვრებისადმი ფობიას, იაპონელებს ნულოვანი მათემატიკური ნიჭით და როგორ ადვილად შეუძლიათ გადევნონ იაპონელებმა მათთვის უცხო, კალაპოტიდან ამოვარდნილი წევრი. მაგრამ საქმე იმ უტოპიურ მდგომარეობამდე მიდის, რომ მასა თავად ხდება უცხო, ჰიკიკიმორი, და საბოლოოდ, ადამიანები ოთხკედელშუა იკეტებიან და აღარ კონტაქტობენ, ანუ სუბკულტურა კულტურა ხდება, მიღებული ფორმა, მოდა. რაც ვნახეთ ფილმში “ტოკიო”, პიცის დამტარებელი რობოტის სახე, იდეალურად მოწყობილი სახლი, მიწისძვრა ანუ ამ იდეალურად მოწყობილი სახლების ზანზარი, რაც ერთადერთია ადამიანები სახლებიდან ქუჩებში რომ გამოიყვანა, ამ სახლების თავზე დამხობისგან თავდაცვამ. ზოგადად, ეს “ტოკიო” საინტერესო ფილმია, არა მხოლოდ ჰიკიკიმორის თვალსაზრისით, პირველ ორ ნაწილში განხილულია 1) სარგებლის თემა, როცა ისმევა საკითხი რამდენადაა სასარგებლო რომელიმე ნივთი ადამიანზე და 2) უცხოობის თემა, როგორ არიან ტოლერანტები არატოლერანტები არატოლერანტების მიმართ.

welcome_nhk_1აი, არის ასეთი მანგა/ანიმე იგივე თემატიკით “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება NHK”, სადაც ჰიკიკიმორი უიჰარასგან განსხვავებით, ათლეტი და კეთილი ადამიანია. იმედი რომ აქვს, გეიმებით ფულს ვიშოვნიო, ქსელურ მარკეტინგშიც გაეხვევა, სადაც წამლები უნდა გაყიდოს. “პარაზიტებისგან” განსხვავებით, ჰეფი ენდური მანგაა. არ ვიცი, რამდენად რეალურ ფაქტებზე დაწერა მურაკამმა, მაგრამ დღეისობით იაპონიაში 50 ათასზე მეტი ჰიკიკიმორია, მათში იყო ერთი ოტაკუ (მანგასა და ანიმეზე შეშლილი ტიპი), კლასიკური ჰიკიკიმორი ბავშვი, რომელიც 10 წელს გადასცდა და სერიული მკვლელი გახდა, ცნობილი თავისი პორნოგრაფიული ოთახით. ეს ერთი მაგალითი ბევრიდან, მაგრამ ზოგადად, მურაკამი ასეთ მანიაკ ჰიკიკიმორებზე წერს. მაგალითად, ტიპზე, ვისაც ფორუმი არ უყვარს და ჰაკავს, ადმინებს კლავს და ა.შ. რომანი მეილების ფორმით მიმდინარეობს, ერთგვარი მეილური დიალოგია. და გვასწავლის, რომ: მიუხედავად იმისა, რომ ყოველი მეორე მეტყვის, ლოდინი არ უყვარს, იმედი მაინც აქვს. იმედი არის ლოდინი, ლოდინი არის იმედი. იმედი არის პიროვნული პრობლემა. იმედი ისეთი საზარელი ინსტინქტია, რომ მთავრობა უნდა ჩაერთოს, ადამიანებს ბოლო იმედიც რომ გაუქრონ, იმუშავონ ბიო მეცნიერებმა, რომ იმედის პარაზიტები ამოძირკვონ.

ჩემი ფსიქიური მორჩები,

დავალაგე ნივთები ერთად უხარისხობის მიხედვით.
სადღაც ვაგდივარ მეც
სველი ნაწნვით
მეგობრებმა რომ დამიხვიეს,
მეგობრებმა, რომლებიც გამოვიგონე ხატვისას.

ურიგითობით დალაგებული ჩემი ქაოსი
და ქაოსში მომხდარი თვითმკვლელობები
ფსიქიკურად.

დავალაგე წიგნები ფერების მიხედვით.
ყვითლებთან ჩამოვდე თავი,
ნაწნავებით აკინძული თავი,
ასფალტივით უგულო თავი.
ყვითელი სითბოს ფერია,
სითბო – ჩემი ნაკლი.

ყველაფერი დაიწყო კაფეში.
როდესაც მეგობრები გაკლია ხატვისას,
მათი გამოგონება ადვილია
ხელსაწმენდზე მიხატული ჯოხებისაგან,
თუნდაც მერე ცხოვრობდე ქაოსში,
უგულო ქაოსში,
მალავდე გულს
აბსურდზე თემით და სიჩუმით ქაოსში
და ყველაფერი დაიწყო ქაოსში.

,,,,
მე ავად ვარ, ფსიქიურად გავცივდი
ცივი ოთახის ფონზე,
უსაუბრობის გამო
დახატული მეგობრების ფონზე თარგებად.
თარგები ადამიანებად არ გამოდგებიან.

მე არ მახსოვს რა იყო გუშინ.
გუშინ ალბათ შიში იყო,
რადგან ფსიქიური თვითმკვლელობა ვცადე.
ალბათ ნაკლები ქაოსი იყო
მოჭარბებული ემოციების
და გამოჩნდა ყველაზე შიში
საკუთარი თავის და მილაგებული კოსმოსის დანახვის.

დავსვი წერტილი, რომელიც დღეს უკვე მძიმეა.
მე არასდროს ვსვამ ხანგრძლივ წერტილებს.
წერტილები არ არსებობენ,

ჭია მაია

ვიყავი თუ არ ვიყავი, ვიყავი ერთი გოგონა კოპლებიანი წამწამებით და ბაფთით.

თხელი ვიყავი. თმას ჩანგლით ვივარცხნიდი და საბნის ნაცვლად ვიფარებდი ქაღალდებს.

ჭიამაიისფერი წამწამები მქონდა: წითელი და შავი.

ვიწექი მდელოზე და ვითვლიდი ჩიტებს დაბლიდან, შორიდან.

ნივთი რომ მეპოვნა, მეგონა, რომ ჭიამაიას ვერ ვუპოვნიდი დედას.

გვირაბში რომ ვიყავი, მეშინოდა სინათლის გვირაბის ბოლოს: შეიძლება რაღაც აფეთქდა ან ჩემკენ მომავალი მეტროს სიგნალები იყო.

თუ სახრჩობელზე დაკიდებულ ბიჭს ვხედავდი, მეშინოდა ტოტი არ გამტყდარიყო.

მეშინოდა წეროების, რომლებმაც კომბოსტოში დამტოვეს. მეგონა, ერთხელაც უკან დამაბრუნებდნენ.

ხალხში მეშინოდა ამოსუნთქვის, მეგონა რომ ჰაერჭამიები ჩემს ჰაერს შეჭამდნენ.

ვიბუტებოდი.

ერთხელ, როდესაც ჩიტებმა ფრთები ჩემს ყურებთან შეაფრთხიალეს, მე გული წამივიდა. წეროებმა წამიყვანეს ექიმთან.

ამწონეს. გამზომეს. დამანაწევრეს. გამიკეთეს ტვინის პლასტიკური ოპერაცია.

მე აღარაფრის მეშინოდა.

ვცხოვრობდი ცხრა ქუჩისა და მოედნის მიღმა, კოპლებიან თმას ვივარცხნიდი ჩანგლით.

აივნიდან შემოფრინდა ჭიამაია. მე და ის დავმეგობრდით.

მას კოპლებიანი კანი ჰქონდა და ნეკა თითზე მეტეოდა. ბოლო დროს გასუქდა და მემძიმებოდა.

ტელევიზიაში დავიწყეთ მუშაობა. ის ამინდის პროგნოზს მატყობინებდა, მე კი ამას ხალხს ვუყვებოდი.

როდესაც ხალხი წვიმაში  უქოლგოდ გამოვიდა, შევამჩნიე, რომ არავინ მისმენდა.

როდესაც გვირაბში მეტრომ სხეულში გამიარა, შევამჩნიე, რომ ვერავინ მხედავდა.

მანამდე, ცოტა ხნით ადრე, ჩიტები რომ დავითვალე, მივხვდი, რომ მხოლოდ ათამდე ვიცოდი დათვლა, მეორე დღეს შევამჩნიე, რომ – რვამდე. მეხსიერება იკლებდა.

თხელი ვიყავი, თმას ჩანგლით ვივარცხნიდი და საბნის ნაცვლად ვიფარებდი ქაღალდებს.

აღარ მქონდა ჭიამაიისფერი წამწამები. გავშავ–თეთრდი: თმა თეთრი გამიხდა, წამწამები შავი დამრჩა.

ბიჭებს ტოტები უტყდებოდათ, კომბოსტოებისთვის ბავშვები მიჰქონდათ წეროებს. ბავშვები კი, ტოლმასავით შეფუთულები, ჩხაოდნენ.

აღარ მეშინოდა ამოსუნთქვის ხალხში, რადგან ჰაერჭამიები ჩემს ჰაერს ვერ შეჭამდნენ. მე არ მქონდა ჰაერი.

ვიბუტებოდი.

და აი, დავინახე სინათლე გვირაბის ბოლოს. გამიტანა მეტრომ და მე შიგნითა უსასრულობაში გადავვარდი.

ჩემი სხეული ასწია ჭიამაიამ, რომელსაც თიაქარი გაუჩნდა და მოკვდა.

მე მისი დედა ვყოფილვარ.

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, ვიყავი მე.

ეს ბედნიერი დასასრულია.