vol.9.

15004960634_8bb72fd39c_o

ერთი ელენე დარიანი იყო თუ არ ყოფილა და მეორე ანნა ბლუმი.
დავიხურე ბებიაჩემის წვრილი ქვებით მორთული ბერეტი, დავიჭირე ბაბუაჩემის ჩიბუხი და ამგვარად ვიქეცი დადაისტების დასაცინ მოძველებურ მერცად, მაშინ მე ვიქნები მეთქი ანნა ბლუმი, – მენ რეის ეპოქის ქალი, მთელი ჩემი ოცდაშვიდი გრძნობით მიყვარხარო, ჯერ კიდევ საკუთარ თავს რომ ეუბნება და საპასუხოდ ტიტასავით წითლდება. ოცნებისგან გავიცინე თუ ლოდინისგან წელში მოვიხარე, მელანდაღვრილი ფირით საკუთარი სახელი გადავიღე, წარსულს რომ ელოდება.
ერთხელ კარლ იუნგს ღრმად მოხუცებული ბიძა შეხვედრია: იცი, სიკვდილის მერე ადამიანები როგორ იტანჯებიან? ელოდებიან.. სახლში მისულმა ფსიქოლოგმა შინაურული რეცენზია დაწერა: ჯოისის “ულისე” არის 720 დღიანი ლოდინი, რომ რაიმე მოხდეს.
ასე რომ, ყოველ ჯერზე, როცა რაიმეს ელოდებით, თქვენ “ულისეს” კითხულობთ.

 

 

 

გასეირნება ზოოპარკში

მელიქიშვილის გამზირიდან ვარაზისხევზე მოვდიოდი, როცა ზოოპარკში დათვების თამაში დავინახე, როგორ აგორებდნენ ერთმანეთს და ეხუტებოდნენ. მომინდა მაშასავით ღვეზელები გამომეცხო და მრგვალი ფუმფულა სათამაშოსავით ჩავხუტებოდი. თუმცა მისთვის სათამაშო ალბათ მე ვიქნებოდი. მეც თავი “ნაციონალური გეოგრაფიის” წევრად მივიჩნიე და ცხოველთა გადასაღებად გულმოღერებული შევედი.
ვნახე რუხი მგლები, სტარკებივით რომ ჩაეწყვნენ ერთმანეთს და ბოლოს მეხუთე სერი მგელი რომ გამოჩნდა. ალბათ რამდენი ცხოველი იკვლება, რომ მტაცებლები შეინახონ. ლომთან მივედი და სურვილმა გამიტაცა, შევჯდომოდი, ფაფარზე ხელი მომეჭირა და გავექროლებინე. მეგობარმა დამცინა, ლილე იროელი არ იყოო. ძალიან მომწონდა, როცა ჯიხვები ენას მიყოფდნენ და მეც ვიღებდი, ბევრს ვიღებდი. ერთ საათში ფირი და კიდევ ნახევარი დავცალე, ფოტო ატელიისკენ ისევ მელიქიშვილს მივაშურე და გამჟღავნებას უნებისყოფოდ ველოდებოდი.
ამჯერად, სამსახურში ვარ, სტატიებს თავგადასავლების შესახებ ვკითხულობ და ბოლო დროინდელ მშვიდად განვლილ თვეებს ვიხსენებ. დღეს სამი წელი შეუსრულდა ჩემს ამბებს რაც ბლოგზე ვწერ. სამი წელი გავიდა და იმ ასაკიდან გამოვედი ზოოპარკში ატრაქციონისთვის რომ დავდიოდი და არა ცხოველებისთვის. გაზრდისას ზრუნვის კონდიციამდე მივედი. მინდება ავდგე, მეგობარს ხელი ჩავჭიდო და ვუთხრა: “მოდი, ტყეებში წავიდეთ და ცხოველები ვიღოთ, გვეშინოდეს და მაინც,” – თუმცა ვიცი, არ წამომყვება და ვწერ: “მოდი, კურდღელი ვიყოლიოთ და მესაათე დავარქვათ”. ხელში დავაძინებდით. ცდებს ჩავატარებდით. არა და არაა ცუდი სახელი მესაათე, ხო?