Tag Archives: ფილმი
შიზოფრენიის უპირატესობა
როგორც აუტისტებზეა ტენდენცია, რომ გენიოსები არიან, თითქოს ისევე მოელიან შიზოფრენიით დავადებულთაგან მაღალ შინაგან ლოგიკას (ინტუიციას). თეორია 2012 წელს პოპულარული აქცია ჯერ კიდევ ელინ საკსმა (Elyn Saks) პრეზენტაციით “ზღაპარი მენტალურ ავადმყოფობაზე” (“A Tale of Mental Illness”), სადაც ტრადიციული მკურნალობა უარყო. “თქვენი ანგელოზები არ მინდა, ჩემი დემონები მირჩევნია”. ერთი წლის შემდეგ კი ელინისგან საფუძველჩაყრილმა ასევე შიზოფრენიკმა და ფსიქოლოგმა ელეანორე ლონგდენმა (Eleanor Longden) ტედისთვის წაიკითხა ლექცია სახელად “ხმები ჩემს თავში” (“The Voices In My Head”). ჯერ პიროვნების გაორებასა და შიზოფრენიას შორის განსხვავება ახსენა, – გაორების შემთხვევაში თუ პიროვნება გახლეჩილია, შიზოფრენიის შემთხვევაში – დამსხვრეულია. შესაბამისად, მისი ჰალუცინაციები აწყობას საჭიროებს და არა წამლებისგან ჩახშობას. ნათქვამის მიხედვით ჰალუცინაცია განხილული არაა როგორც შიზოფრენიის სიმპტომი, არამედ პიროვნების დამსხვრეული კადრები, საჭირო მასალა მთლიანის ასაწყობად, პაზლი, “შემოქმედებითი და მოხერხებული გადარჩენის სტრატეგია”. შეიძლება ეს გამოსვლა გახსოვდეთ, – 20 ონლაინ საუბარში, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის, – შევიდა.
რისი ეშინია სამეცნიერო ფანტასტიკას?!
ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია გამახსენდა, სადაც ახსენა სტუდენტების ნეგატიური დამოკიდებულება მისდამი: წიგნის შინაარს გვიყვება და კითხვა აღარ გვაინტერესებსო. რაზეც ამგვარი პასუხი გაუცია: აწი რა ტრაგედიასაც გავივლით, წიგნის ბოლოს ყველა მოკვდებაო.
მე რომ ძალიან ბევრ სამეცნიერო ფანტასტიკას ვკითხულობ, ამას მაშინ მივხვდი, როცა საახალწლოდ ნასამ მომავალი წლის გეგმები გაასაჯაროვა, – უიმედოდ მეგონა, რომ ჩამოთვლილიდან ბევრი არსებობდა.
შეიძლება მკითხველი პირობითად ორად გაიყოს: ვისაც რომანთან უცაბედობით გამოწვეული ემოციები აკავშირებს, და ვინც სიამოვნებას კითხვის პროცესისგან იღებს, მიუხედავად იმისა, რომ ფაბულა იცის.
ჩემი აზრით, სწორედ ამ ზღვარით განსხვავდება პროფესიონალი მკითხველი მოყვარულისგან, როცა შეუძლია არა თუ “დასპოილერებული” რომანით ისიამოვნოს, არამედ, შეეძლოს ერთიდაიმავე რომანის რამდენჯერმე გადაკითხვა. მეტიც, ცნობისმოყვარეობა მკითხველისთვის ხელის შემშლელიც კია.
რაც შეეხება სამეცნიერო ფანტასტიკას, იგი თავისი არსით სპოილერულია რეალური ცხოვრების მიმართ, ვინაიდან ავტორი მომავალი სამყაროს საკუთარ ვერსიას გვთავაზობს, მეუბნება რა შეიძლება მომივიდეს მე (ჩემს შვილებს, შვილიშვილებს ა.შ). მცდარი დიაგნოზის შემთხვევაში იმ მდარე ხარისხის ფანტასტიკას მიაკუთვნებენ, რასაც ვიცნობთ ფილმიდან “2012”.
თუ რეალური აღმოჩნდება მოცემული ვერსია, ერთის მხრივ, მწერლის უპირატესობაზე მეტყველებს, რადგან დაფასებულია მისი წინასწარ აღქმის უნარი, მაგრამ, მეორეს მხრივ, რომანი ძველმოდურად იქცევა, რადგან ამოიწურა სპოილერული ვალი. ამიტომ სამეცნიერო ფანტასტიკა განწირულია დაბერებისთვის.
ამ შემთხვევაში მკითხველები პატივს დაწერის თარიღს სცემენ. მაგალითად, წუხელ დავასრულე არტურ კლარკის “2001: კოსმოსური ოდისეას” კითხვა, რომელიც პირველად 1968 წელს გამოიცა. რომანმა მაოცნება კოსმოსზე, მაგრამ დაწერის თარიღის უცოდინლად, არ გაგვაკვირვებდა მასში მობილური ტელეფონების, ტაბლეტების არსებობა.
სხვა იდენტობასთან ერთად შეგვიძლია წიგნთა თანასწორობაც მოვითხოვოთ. ანუ არ მივაქციოთ ყურადღება დაწერის თარიღს, ადგილს, მწერლის ბიოგრაფიას. მაგალითად, იმას, რომ ომში არტურ კლარკი ნავიგაციის პირველ რადარებს ამზადებდა და მხოლოდ რომანი შევუფასოთ. ისმევა კითხვა: რამდენად გადარჩებოდნენ კლასიკური რომანები დახურვას?!
კლარკის “ოდისეა” ის რომანია (თუ ოპერა, როგორც კუბრიკმა გვიჩვენა), რაც ორივე ტიპაჟის ადამიანს მოეწონება: ვისაც სპოილერი აინტერესებს ხელოვნებაში და ვისთვისაც მისი მნიშვნელობა მიზერულია, მნიშვნელობა დაწერის თარიღის ცოდნის გარეშეც აქვს.
ლოთი კაცები, მათზე შეყვარებული ქალები და დაჩაგრული სნობები
შეიძლება ითქვას, ჩემი ფობია მოდილიანებს უკავშირდება, ანუ რეალური შიში მაქვს იმ ხალხის, თავებს გარსია-მოდილიანის გამგრძელებლად რომ აღიქვამენ და ბოჰემურ რაფსოდიას შემოქმედებითი ნატურით ამართლებენ. აი, შევხვდები ადამიანს და საყვარელ მხატვრად დევისის ფილმის ყურების მერე უმუშევარი, ნარკომანი და შიშველი ქალების მხატვარი მოდილიანი ჰყავს. სავარაუდოდ, მის რამდენიმე ნახატს დაგუგლავს და საღამოობით ფილმის ცნობილ საუნდტრეკს მოუსმენს. მე თუ მკითხავთ, ფილმში ხატვის მუსიკალურ გაფორმებაზე ემოციური ეპიზოდი დასაწყისში მშობიარობის თემაა, ორსულის ლოგინზე ავეჯს რომ შედგამენ და ამ სცენით, თითქოს ბავშვის ცხოვრება სამუდამოდ გაიწირა შებრალებისთვის. ხოლო ჩემთვის ემოციის გამომწვევი პერსონაჟია სნობი პიკასო, რომელიც ფილმის ბოლოს, მოქიშპისამი დაგროვილი ბოღმის მიუხედავად, ეს ბულინგის მსხვერპლი პირველია ვინც მჩაგვრელს ტაშს დაუკრავს. ეს არის სამართლიანობის ის მაღალი აქტი, როცა მონაწილე ობიექტური ჟიური ხდება. შეიძლება ითქვას, პიკასო ჩემთვის ფილმის მთავარი პერსონაჟია, რომლის სიღრმესაც ფილმი სინამდვილეში ეძღვნება.
სხვა საქმეა უმუშევარ ნარკომანებზე შეყვარებული ქალები, რომლებიც სრულ დამცირებას განიცდიან და კაცები მთლიან კომპლექსებს მათზე ანთხევენ, რადგან იციან, რომ ეს ქალები საკუთარ ცხოვრებას პარტნიორის ნაწილად აღიქვამენ და მათ გარდა სხვა ინტერესი არ აქვთ, ამ ყველაფერს კი სიყვარულით ხსნიან. სუიციდის აქტი კი პატრიარქატული წყობის ის მწვავე გამოვნილებაა, როცა ქალწული პირველი პარტნიორის მერე მიჯნურს სარკოფაგში უნდა ჩააყოლო. ბუნებრივია, რომ ათი წლის წინ გამოსული ფილმით ქართველების დაინტერესება მოჰყვა, რადგან სიუჟეტის დრო ჩემი თაობის ჩამოყალიბების შინაარსობრივ ეტაპთანაა ახლოს, თავისი საომარი მზადყოფნებით, გაჭირვებითა თუ დისკრიმინაციით. შეიძლება დედაჩემის მშობიარობაზე ლოგინზე ავეჯი არ შეგვიწყვია, მაგრამ მამაჩემი ექიმებს ავტომატით ედგა, როგორც იხსენებს, ექიმების ანარქისტულობის გამო, ზედაპირულად მოპყრობის, ბავშვებით ვაჭრობის შიშით. მე კი ძალიან მეშინია დღევანდელი მოდილიანების, რომლებიც საკუთარ კომპლექსებში არიან დარჩენილები და ყოფითი პასუხისმგებლობის აღება უჭირთ; ქალების, თავიანთი მინიმალისტური მოთხოვნილებებით, რომლებიც უპასუხისმგებლო კაცების გავრცელებას ამართლებენ. ხოლო პიკასოს სახით მაქვს სტიმული, შიშის ობიექტებშიც კი ვხედავდე პოზიტიურს, რადგან ნეგატივმა არ შემიწიროს.
ჰიკიკიმორი რუი მურაკამისთვის არის იაპონური ცხოვრების წინააღმდეგ
რუი მურაკამი არის მწერალი, ვინც თავის წიგნებში აერთიანებს რიტუალურ მკვლელობებს, ბიოტექნიკას, ტერორიზმისა და ჰაკერთა თავდასხმებს. ამიტომ გასაკვირი იქნებოდა ჰიკიკიმორთა ცხოვრებისთვის გვერდი აევლო და “პარაზიტებში” რიგითი იაპონელი სოციოპათის ცხოვრება გვიჩვენა, ოთახში ინტერნეტთთან ერთად ჩაკეტვის მერე ჭკუიდან როგორ იშლება. მაგალითად, ჯერ ახალგაზრდა უიჰარა დარწმუნებულია, რომ მის ორგანიზმში პარაზიტი ცხოვრობს, თანაც ერთადერთი მისიით: მოკლას ის ვინც სიკვდილისთვის დააპროგრამა. ოჯახი, რა თქმა უნდა, აშინებდა, ზრუნავდა, ინტელექტუალური საუბრებით დაწყებული ყოველდღიურ თემებზე ესაუბრებოდა. ექიმები, რა თქმა უნდა, ტრანკვილიზატორებს ატენიდნენ იმდენს, რომ სიარულიც აღარ შეეძლო და ხოხავდა. მაგრამ როცა გამოფხიზლდებოდა, პერიოდულად სქესობრივი სურვილები იმდენად მოწოლილი ჰქონდა, გამალებით ანძრევდა, არც იმის ერიდებოდა, რომ დედამისი ხედავდა, არა თუ იმის, რომ გამალებისგან ფალოსზე კანს იზიანებდა. მურაკამმა კი ისტორია იმით დაძაბა, რომ უიჰარამ ტელევიზიით ნანახი ქალი აიკვიატა და მივიდა პარაზიტის ბრალეულამდე. პარაზიტების, რომლებმაც შექმნეს ისეთი, როგორიცაა და, სხვათაშორის, იაპონურ სუბკულტურაში იმ ადამიანებს, რომლებიც არ მუშაობენ და სხვების ხარჯზე ცხოვრობენ პარაზიტები ჰქვიათ.
მურაკამისნაირი მწერლები კი გვაჩვენებენ არა იმ იაპონიას, სადაც ჰაერია ასეთი და ყველა ადამიანი ტექნიკური გონებით იბადება და ჭიანჭველასავით შრომობს, არამედ საზოგადოების, სოციალური ქსელების, ეთენშენ ჰორული ცხოვრებისადმი ფობიას, იაპონელებს ნულოვანი მათემატიკური ნიჭით და როგორ ადვილად შეუძლიათ გადევნონ იაპონელებმა მათთვის უცხო, კალაპოტიდან ამოვარდნილი წევრი. მაგრამ საქმე იმ უტოპიურ მდგომარეობამდე მიდის, რომ მასა თავად ხდება უცხო, ჰიკიკიმორი, და საბოლოოდ, ადამიანები ოთხკედელშუა იკეტებიან და აღარ კონტაქტობენ, ანუ სუბკულტურა კულტურა ხდება, მიღებული ფორმა, მოდა. რაც ვნახეთ ფილმში “ტოკიო”, პიცის დამტარებელი რობოტის სახე, იდეალურად მოწყობილი სახლი, მიწისძვრა ანუ ამ იდეალურად მოწყობილი სახლების ზანზარი, რაც ერთადერთია ადამიანები სახლებიდან ქუჩებში რომ გამოიყვანა, ამ სახლების თავზე დამხობისგან თავდაცვამ. ზოგადად, ეს “ტოკიო” საინტერესო ფილმია, არა მხოლოდ ჰიკიკიმორის თვალსაზრისით, პირველ ორ ნაწილში განხილულია 1) სარგებლის თემა, როცა ისმევა საკითხი რამდენადაა სასარგებლო რომელიმე ნივთი ადამიანზე და 2) უცხოობის თემა, როგორ არიან ტოლერანტები არატოლერანტები არატოლერანტების მიმართ.
აი, არის ასეთი მანგა/ანიმე იგივე თემატიკით “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება NHK”, სადაც ჰიკიკიმორი უიჰარასგან განსხვავებით, ათლეტი და კეთილი ადამიანია. იმედი რომ აქვს, გეიმებით ფულს ვიშოვნიო, ქსელურ მარკეტინგშიც გაეხვევა, სადაც წამლები უნდა გაყიდოს. “პარაზიტებისგან” განსხვავებით, ჰეფი ენდური მანგაა. არ ვიცი, რამდენად რეალურ ფაქტებზე დაწერა მურაკამმა, მაგრამ დღეისობით იაპონიაში 50 ათასზე მეტი ჰიკიკიმორია, მათში იყო ერთი ოტაკუ (მანგასა და ანიმეზე შეშლილი ტიპი), კლასიკური ჰიკიკიმორი ბავშვი, რომელიც 10 წელს გადასცდა და სერიული მკვლელი გახდა, ცნობილი თავისი პორნოგრაფიული ოთახით. ეს ერთი მაგალითი ბევრიდან, მაგრამ ზოგადად, მურაკამი ასეთ მანიაკ ჰიკიკიმორებზე წერს. მაგალითად, ტიპზე, ვისაც ფორუმი არ უყვარს და ჰაკავს, ადმინებს კლავს და ა.შ. რომანი მეილების ფორმით მიმდინარეობს, ერთგვარი მეილური დიალოგია. და გვასწავლის, რომ: მიუხედავად იმისა, რომ ყოველი მეორე მეტყვის, ლოდინი არ უყვარს, იმედი მაინც აქვს. იმედი არის ლოდინი, ლოდინი არის იმედი. იმედი არის პიროვნული პრობლემა. იმედი ისეთი საზარელი ინსტინქტია, რომ მთავრობა უნდა ჩაერთოს, ადამიანებს ბოლო იმედიც რომ გაუქრონ, იმუშავონ ბიო მეცნიერებმა, რომ იმედის პარაზიტები ამოძირკვონ.
ფრენკ ანდერვუდის მამა
გამეცინა, როცა მაიკლ დობსმა პრეზენტაციაზე ბოდიში მოიხადა, ჩემი მეუღლე ვერ ესწრებაო. ეგრევე სეზონის ბოლოდროინდელი ფრენკ ანდერვუდი გამახსენდა. ამჯერად, 90-იანებში გამოსულ “ბანქოს სახლს” ვკითხულობ, შეიძლება ითქვას, კორუფციოლოგის ბესტსელერს. საინტერესო კი ისაა, რომ ავტორი ამჯერად შიგნიდან, ლორდთა პალატიდან გვწერს. მუშაობდა ბოსტონის ჟურნალშიც პოლიტიკის მიმომხილველად. იყო მარგარეტ ტეტჩერის პირადი მრჩეველიც, ჯერ კიდევ მისი ოპოზიციურობის ხანაში, სხვათაშორის, სწორედ მისი აუზის პირიდან დაუწყია ტრილოგიის დაწერა.
შესაბამისად, მაკბეტიდან რიჩარდ მე-3-ზე მოთხრობილმა ამბებმა არა მხოლოდ ისტორიული, თანამედროვე პოლიტიკური გავლენაც მოახდინა. წიგნი კიდევ უფრო დუნედ იკითხება, ვიდრე სერიალი მიმდინარეობს, კამერები რომ თითქმის არ მოძრაობს და წარმოიდგინეთ ახლა მისი პირვანდელი ბრიტანული სერიები.
ხოლო ის, რითიც ფრენკ ანდერვუდი შეიფუთა, სხვადასხვა დროის ცნობილი სახეები გახლდათ. მაგალითად, ჯონ კენედის მიმიკები სასიმბოლო სცენებში, გარეტ ვოლკერის დებულებები, ობამას მიშტერება ნიკოლა სარკოზის უკანალზე, რაც ფრენკს ზოისთან დაემართა და სხვა. ასე შეიქმნა ანტიგმირი, რომელიც ხალხმა შეიყვარა. და ფრენსის ურქუჰარტისნაირ პოლიტიკოსს ითხოვენ პრეზიდენტად.
ჯერ განსხვავება წიგნსა და ამერიკულ სერიალს შორის ისაა, რომ ფრენკ ანდერვუდი ფრენსის ურქუჰარტისგან განსხვავებით ნაკლებად ლოიალურია იდეებში, ფრენკს რცხვენია თავისი სამხრეთ კაროლინური წარმომავლობის, ფრენსისი თავის შოტლანდიური წარმომავლობის აწევას ცდილობს. თავისთავად განსხვავდება მოქმედების ადგილი, ვაშინგტონის სახლი ლონდონის სააბატოსაგან, დროის სხვაობაცაა. ფრენკის ცოლი კლერი გაცილებით ძლიერი ქალი ჩანს, წიგნში მას უფრო მეორე ხარისხოვანი როლი აქვს. სამაგიეროდ, პრესა უფრო ძლიერია წიგნის ვერსიაში.
ვფიქრობ, ტრილოგიის წაკითხვის მერე ათი წლის წინ გამოშვებულ “პირველ ლედის” წავიკითხავ, სანახევროდ, უკვე გადავათვალიერე და მგონი მისი პერსონაჟი მაკბეტის ტიპაჟს ვერ ეშვება და ამ წიგნით უნდა რომ ამოწუროს. თან რაღაც აბზაცები ვიპოვნე, სადაც პირველი ლედი მუსლიმან გეის დასაცავად წავა, “ბანქოს სახლის” მე-3 სეზონის მნახველებს ალბათ გეცნოთ ეს ამბავი. ამიტომ, ვიფიქრე, რომ ამერიკული სერიალი არა მხოლოდ ერთ ტრილოგიაზეა დაფუძნებული, მაიკლ დობსის სხვა ნაწერებსაც მოიცავს.
გეორგია როგორც ჰოგვარტსი და ყვავილების შხაპი
კიკნაძის ჩაწერილებში სააღდგომო კვერცხების ქართული წარმომავლობა მოვიძიე, ამბავი ძმებისა, დიდი მარხვის პირველ კვირაში კვერცხებს ცეცხლზე რომ შედგამენ და ორმოცი დღით ჩაეძინებათ, გაღვიძებულზე კი აღმოაჩენენ, რომ კვერცხები წითლად შებრაწულიყვნენ. მე არ ვარ იუნგი მითებისგან არქეტიპები რომ შევქმნა და არც ლევი სტროსი, არქეტიპებს შევეწინააღმდეგო და ისინი სინქრონიულ-დიაქრონიულ ასპექტში განვიხილო, მაგრამ როგორც მოყვარული კომპარატივისტი, ამ პროფესიის განსაზღვრებას საყვარელ წინამორბედს დავესესხები: ნაკლებადაა ჩემი ინტერესის სფერო კერძოდ სამოთხე ან კერძოდ ჯოჯოხეთი, არამედ, მათი ურთიერთმიმართება, – ამიტომ ასე დუალისტურად მაღფრთოვანებენ მითები, რომელთა გაგებისთვის დამატებითი თქმულებებია საჭირო, იქნება ეს წითელ კვერცხებზე ამბების დაკრეფა თუ სხვადასხვა რელიგიური დღესასწაულის ერთმანეთით ჩანაცვლება.
ამიტომ დავხატე გოლუმის გარეგნობის მქონე ნოე, რომელმაც ათი საუკუნე განვლო და ქედივით თეთრწვეროსან კაცად ვეღარ წარმოვიდგინე; წმინდა გიორგი, რომელსაც ჰარი პოტერის ჯადოსნური შუბი აქვს და სამძიმირის ნაცვლად ჰერმიონას იხსნის გველისგან. (ინსტაგრამი) გაგიკვირდებათ და მე სულაც არ მსურდა ქრისტიანობის შეურაცჰყოფა, პირიქით, ქრისტიანობის პოპ კულტურასთან ადაპტირება. ავხსნი: ეკლესიისა და მრევლის სიჭარბის მიუხედავად, იმ სივრცეში სადაც ყოველდღიურად მიწევს ცხოვრება, იქნება ეს სამეზობლო წრე, სამუშაო ადგილი, სანათესაო თუ სამეგობრო, ათეიზმი უკვე კომფორმიზმია და თუ როდისმე ვნახავ ადამიანს, ვინც ტაძარში წაყოლას მთხოვს, ჩემთვის საკმაოდ უცხო, მასისგან გამორჩეული ნაბიჯი იქნება. მაგრამ ჩემი საზოგადოების დიდი ნაწილი ხშირად საუბრობს რელიგიის ზღაპრულობაზე უარყოფითი კუთხით, როდესაც ფენტეზი მათი საყვარელი ჟანრია ეს ორმაგი სტანდარტები კი ისეთივე ალოგიკური მგონია, როგორც ბერიკაობის მომხრეთაგან ჰელოუინის კრიტიკა, მხოლოდ იმიტომ, რომ ერთს არ აქვს ეროვნული ფუძე. ეს კი იმის ფონზე, რომ ორივე რიტუალი მკვდრების ერთი მიმართულებით აღდგენას ეხმიანება. პირადად მე, იმდენად მხიბლავს კოსტუმირებული წვეულებები, თანაც თუ ჰორორის ფონზე მიმდინარეობს, რომ შემიძლია ნებისმიერ აქტივობას შევუერთდე, მითუმეტეს, თუ გადაცმული საღამოები დასაშურებელია საქართველოში. ხოლო როდესაც ვუყურებ ამ ჩემს ქვეყანას ვხედავ ადამიანებს, რომლებსაც მაგია არ აინტერესებთ, სანახევროდ ადამიანებს და სანახევროდ მაგებს და მაგებს; მაგებს ანუ მრევლს რომლებიც უკვე თავის მხრივ იყოფიან კეთილებად და ბოროტებად. მე ხომ არ მაინტერესებს ტოლკინის, როულინგის და სხვა ფანტაზიორთა სამყარო რამდენად არსებობს და ისე მხიბლავს, შესაბამისად, თომას, იოანეს და სხვა მოციქულთა ამბების სინამდვილე ნაკლები ინტერესის საგანია.
აღდგომა ვახსენე და დღესასწაულებისადმი პროტესტის მიუხედავად, ჩემი საყვარელი დღე სულთმოფენობაა. ის, რაც დავითაშვილთან არის აღწერილი, მჭედლების გრდემლზე დაკვრა სწორედ ამ მოძრავ თარიღთანაა დაკავშირებული. შეიძლება იმიტომ, რომ ჩემი მჭედლიძეობის გამო სისხლის ყივილს ვგრძნობ; ან მთიულეთში ხშირი ქეიფის გამო, როცა ნებისმიერი ვახშმის დროს, როგორც გურულებს აქვთ მშვიდობის სადღეგრძელო პირველ ადგილზე, ჩვენთან იძახიან “მივაგებოთ”-ს, “მათ ხელთ ყოფს” და სვამენ; ქორწილის რიტუალებშიც კი წინაპრების სულების მოგონებითაა სუფრა გაჭედილი და კაი სინტოელივით ტაძრის ნაცვლად გვარის სალოცავებში ლოცულობენ, გენეტიკაა ორივესთვის მთავარი ღმერთი და სულთმოფენობა ვეგანური დღესასწაული, ბუნების ზეიმი. ამიტომ მიკვირს ხალხისგან, ვისაც სინტოისტური ფილოსოფია ხიბლავს, ჩვენთან აღნიშნულ წინაპართა და მცენარეთა დღეს რომ ვერ ამჩნევენ. დღეს, როცა ყვავილების დაჭერისას ვლოცულობთ, თაიგულებს ერთმანეთს ვუნაწილებთ და სხეულს ამ მცენარეებისგან ვიბანთ, მერე ჩვენთან შერწყმულ ყვავილების ნახარშს ბუნებას ვუბრუნებთ და მცენარეებს მოვრწყამთ, ჩვენს სხეულებთან ერთად რომ ამოიზარდონ. ქრისტიანობამ თუ ადამიანი მიწა-ბუნებას მოაშორა, მზისა და ზეცისკენ სწრაფვა მისცა, სულთმოფენობაზე გამონაკლისი დაუშვა და გაამიწიერა. პატრიარქს აკრიტიკებენ, რომ მაგიური რიტუალებისკენ მოწოდება დაიწყო, ბოლო დროინდელი ქადაგების გარდა, მანამდე ისაუბრა თანადროული სიტყვების აღვლენაზე და სხვა. მაგრამ ჩახედულმა პირმა იცის, რომ მაგიას აქვს განხრაც, როგორც წრეებში უწოდებენ “საეკლესიო მაგია”. მაგალითად, ნალოცავი სანთლის ტაძრიდან სახლამდე მიყვანა და კარის ჯვარის ფორმით ამოწვა. და თუ კლასიკურ განსაზღვრებას დავეშურებით რელიგიისა და მაგიის განსხვავებებზე, რომ რელიგიისას ადამიანი მიიწევს ღვთაებრივისკენ და მაგიისას ღთაებრივი მოიწევს ადამიანისკენ, სულთმოფენობა ორივეს ნაზავია, ბუნებრივისა და ადამიანის ნაზავია. მე კი ძალიან მწყდება გული, ამ დღესასწაულის არასათანადოდ დაფასების გამო. ვწუხვარ იმიტომ, რომ ამ დღეს მე არავინ მაჩუქებს მინდვრის ყვავილების თაიგულს და არავინ მეტყვის რომ შევერწყა ჩემს წინაპარ ბუნებას.
გალიფრეელი მოხუცი და ზღვისფერი ჯიხური
როდესაც ჭეშმარიტი ინგლისელი სასუფეველში ხვდება, ჩაის სთავაზობენ. ასე იწყებენ საუბარს საფლავებიდან კიბერ ადამიანებად აღდგომის შესახებ. ვინჩესტერები ხომ ჯიუტები და გაბედულები არიან, კლარკ კენტი მეტროპოლისიდან ისეთი ძლიერია, მაგრამ გმირები ხომ გამუდმებით წუწუნებენ პირადი ცხოვრების გაქრობის შესახებ გლობალური მიზნებისთვის, ამიტომ მაოცნებებს ექიმი გალიფრეიდან: მიხაროდეს, რომ სინდისი მქენჯნის, ჯოჯოხეთურად მეშინიაო. ამიტომ ეს მან უნდა დაიცვას სამყარო მოსიარულე მკვდრებისგან ტრაუმის გარეშე. ოჰ, ღმერთო, როგორ მიყვარს ეს გალიფრეელი მოხუცი კაპალდი და მისი პოლიციის ჯიხური.
ინგლისი ცდილობს გამოვიდეს შექსპირული მონოლოგებიდან და თეატრი კინოს მოარიდოს. ამიტომაც აქციეს მეთ სმითი ბრიტანულ დუტა სხირტლაძედ და რა გადაცემა აღარ წააყვანინეს. ბოლოს გადიდგულდა და ჰოლივუდში მივდივარო. ახალ ექიმად კი შოტლანდიელი პიტერ კაპალდი მიიწვიეს. ადამიანი, რომელიც ექიმობაზე იმდენად ოცნებობდა, რომ თეატრალურზე ჩააბარა: ჯერ კიდევ სამოციან წლებში, 8 წლის კაპალდი სახრახნისით დარბოდა და ამბობდა, ერთხელაც მეc ვიმოგზაურებ დროსა და სივრცეშიო, – ბიბისიმ ძველი ჟურნალებიდან ამოქექა პატარა კაპალდის ღია წერილი. წამოდი, ოცნება ავუხდინოთო და დაურეკა: – ექიმს სთხოვეთ? კაპალდიმ: – ვინ ექიმს?
ვიცი, რომ მთვარე არაა უბრალო თანამგზავრი, გალაკტიკურმა დრაკონმა დადო, საიდანაც მალე მთვარის ბავშვი გამოიჩეკება. ვიცი გალიფრეის დამწერლობა, რომელიც საათის ისრის მიმართულებით იხაზება წრეზე. ვერ წარმოიდგენთ რა ლამაზია რთული შეწყობილი წინადადებები ციფერბლატებზე. ვიცი, რომ ჩახუტება მაშინ უნდა მიყვარდეს, როცა სახე უნდა დავმალო. ვიცი, რომ კიბერ ადამიანებს ემოციები არ აქვთ, მაგრამ სიყვარული მაინც შეუძლიათ. იმიტომ, რომ.. ჯანდაბა! ვინ თქვა, რომ სიყვარული ემოციაა, იგი პირობაა. ეს კი იმდენად საჩემოა, რამდენადაც გადაყვარების არ მწამს. მეც მეყვარება მოხუცი გალიფრეიდან ხმოვანი სახრახნისითა და უკიდეგანო ზღვისფერი ჯიხურით, ვინც კი ოდესმე მყვარებია, თუნდაც ბრიტანულ სასუფეველში მოვხვდე უემოციო კიბერ ადამიანად.
ტილდა
ერთხელ მეგობარს ვეუბნები, რა საერთო შეიძლება მქონდეს ადამიანთან, რომელიც სისხლის ძალას ვერ გრძნობს, პარალელურ მეებად არ იქსაქსება და ტილდა სვინტონის ყინულოვანი სახე არ მოსწონს მეთქი. ტილდა მართლა ძალიან ლამაზი ქალია, მაშინაც კი, როცა სექსუალობას იშორებს და უსქესო ხდება, არ ერიდება უხერხული სახის მიღებას. სახით მართლა დევიდ ბოუის არ წააგავს?
ესაა თეთრი ქალი კენიაში პედაგოგად მომუშავე. ბელა ტარის მუზა და კომუნისტი ნატურშიცა. პანკის ეპოქაში სკოლა-პანსიონში გაიზარდა და ჰარი პოტერი სძულს: რა ვქნა,საერთო საცხოვრებლები ამდენად არ მიყვარსო. საღებავებით მოსვრილი სახით შემიყვარდა. ამბობენ, ბრიჯიტ ჯონსის როლისთვის მოისაზრებოდა. რა სხვანაირი ფილმი გამოვიდოდა მისი მონაწილეობით!
“What would you get if the exterior of a Star Wars Imperial Star Destroyer mated with Clay Aiken? Tilda Swinton. That’s what.”
ერთხელ მეგობრები მოვიდნენ და მითხრეს, რომ ჩემი ასტროლოგიური ტყუპი იპოვნეს. თუ სტიქიებს ქანებად დავყოფდით, ჟანგბადით გატენილი ტბები ვიყავით, რომელზეც მიწა იქნებოდა დამხობილი. შეიძლება არ იცით, მაგრამ შავი მთვარის დების, ლილიტის სახლის მოდელი იყო. მას შემდეგ ტილდა ჩემია, კატის თვალება ტყუპების დედა.
გოგონა რომელიც ელოდა
მეექვსე სეზონზე მივხვდი, დროის მბრძანებელს ექიმი რატომ ჰქვია: დრო ხომ მკურნალია, – კომპლექსი გამიჩინა, აქამდე უნდა მეფიქრა მეთქი. ეს არის ამბავი ადამიანებზე და მათ მიერ აღქმულ დროზე, დროს, რომელსაც კაცი განასახიერებს, ექიმი უცხო პლანეტიდან. მაგალითად, ამელი პონდზე, გოგონაზე, ვინც ღარიან დროსთან იზრდება და მოგონებები არ აქვს, წარმოსახვით მეგობარს ელოდება, იქამდე, სანამ ორი ათასი წელი უკანასკნელი რომაელი არ დაელოდება, დროში გადაადგილებისას არ დაფეხმძიმდება და მიხვდება, რწმენა შიშს წააგავს. ასე ხდება გოგონა, რომელიც ლოდინით დაიღალა. ფილმი სავსეა სპოილერებით, რადგან ინგლისური თექვსმეტი დრო დინამიურად მიმდინარეობს. ამბავი მაგალითად, მდინარე რაკრაკა რივერ სონგზე, დრომ რომ მასზე ყველაფერი იცის და ქალმა – არაფერი. იქამდე, სანამ ცხოვრებას რეტროსპექტივით დაიწყებს: მომავლის ქალი წარსულში ხვდება თავის ჯერ არ შემდგარ მეუღლეს და ხვდება, რაც უფრო მეტი იცის დროზე, დრო მას შორდება. ამბავი, მაგალითად, დონა ნობლეზე, დროის სწრაფმა ცვალებადობამ რეალობის აღქმა დააკარგვინა და ვერ გადახარშა. ყველაზე მეტად მისნაირი ბედი არ მინდა. კიდევ ამბავი იყო ლეგენდარულ მარტა ჯონსზე, როგორც გოგონაზე, რომელმაც მსოფლიო მოიარა, დაამტკიცა, რომ სიტყვას დროზე მეტი ძალა აქვს და ადამიანებს ლოცვა ასწავლა, ლოცვა დროისა და სივრცის მიმართ. შესაბამისობის ტესტი რომ გავაკეთე, მარტას მიმამსგავსეს, ანუ ქალს, რომელმაც სტაბილურობა თავგადასავალს არჩია. და კიდევ როზა.. როზა ტაილერი.. ქალი, რომლისაც დროკაცას ყველაზე მეტად სჯეროდა. რამდენი გალაქტიკა ან ღმერთი უნახავს, მაგრამ არავის ძალა არ ურწმენია ასე. დღემდე ვფიქრობ, თუ ვინმეს შევიყვარებ, მისი ასე უნდა მჯეროდეს მეთქი. ეს ადამიანები დროში მოგზაურობენ, ხან ფენტეზური წარსულის ინტერპრეტაციებს ვუყურებთ, ხან სამეცნიერო ფიქციურ მომავალს ვგეგმავთ თავისი დატოტვილი პარალელური სამყაროებით.
ჩემს სახლში ორი ანტიკური საათია, ვიწრო ლეგენდის თანახმად, წინაპრების სიკვდილისას რომ გაჩერდნენ. მათ შორის გავიზარდე და ვფიქრობდი, დროის ტარდისი უნდა მქონოდა ანუ ნიჭი, რომ ვაკონტროლო, როცა სამსახურში ჩემი საუკუნის მეოთხედის ასაკშიც კაშნეს პალტოზე მოვიხვევდი, ჩანთას კისერთან ზურგზე ჩამოვიკიდებდი და სამარშუტო ტაქსებს დავდევდი, ვყვიროდი, რომ მაგვიანდება, აი, ყველგან მაგვიანდება. ადამიანებსაც მაშინ ვაკვირდები, დროის ინდივიდუალური აღქმა თუ შევუნიშნე. ერთი კაცია, ახსენა, ვადა არ გამდისო და არ მავიწყდება მისი ნაჩუქარი ბლოკნოტი, მისალმებამდე ხელში რომ შემაჩეჩა, – შეგრძნება აქვს, რომ აგვიანდება და საქმეს დროზე ადრე აკეთებს. დაიჯერეთ, ვარდება სასაცილო ამბებში. ასე მგონია, გამოვიგონე. ამბებში, ყოველ ჯერზე თითქოს გამოცდილების გარეშე რომ ხვდება. დროის მანქანა მინდა, დავბრუნდებოდი წარსულში და ცხოვრების ყოველ შესაძლო ვარიანტს გავივლიდი, არ ვიცხოვრებდი იგივე გზით, ისე არ გაიგოთ, საკუთარი ცხოვრების ნარცისი არ ვიყო, ალტერნატიულიც მაინტერესებს. ახლა მიჭირავს ბლოკნოტი და ველოდები ადამიანს, ვისაც აგვიანდება. ჯერ კიდევ ბავშვს თვალნაოჭიანი დავხვდები და ვეტყვი:
– საყვარელო, დრო ექიმიც არის და შხამიც.
მიპასუხებს: ვინ ექიმი?