მოიპარე!

ერთი თეორიის თანახმად, თუ პირი ნივთებს ხშირად კარგავს, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ მოწყენილია, ავანტურა აკლია და პოტენციური მპოვნელების გაცნობა უნდა. ყოველ შემთხვევაში, ჩემმა ფსიქოლოგმა ასეთი რევიუ დაუტოვა ჩემს ინვალიდ კონცენტრაციას. გონებაში ეგრევე ყველა ნანახი ფილმის სცენა ამომიტივტივდა სადაც დაკარგული ნივთები ურთიერთობაში მედიატორია, რომანტიკული ტინდერია, სამეგობრო ჩატია, თუნდაც მტრად გადაკიდების შანსია. რაღაც წიგნიც მახსოვს ჩემნაირი დაბნეული გოგოს შესახებ, საფულე რომ დაკარგა და სიმპატიურმა მპოვნელმა დედამიწის გარშემო ამოგზაურა. ასეთი სცენარები ხომ ღარიბ და მარტოხელა გოგოებს სტიმულს გვაძლევს რომ კიდევ უფრო დაბნეულები ვიყოთ ან უბრალოდ ჩვენი დაბნეულობა თავგადასავალზე კონცენტრაციით ავხსნათ, ასე უფრო შინაარსიანია.

Anybooks-ის აპლიკაციით ახალი წიგნის კითხვა დავიწყე, რომელსაც “მოიპარე” ჰქვია. სადაც ორიგინალი ეს არის არაგამოვლენილი პლაგიატიზმი, ყოველი ლექსი კი გაზეთში წაკითხული სტატიით იწყება. ზოგადად, ყველა არტისტმა თუ მომხმარებელმა გავითავისეთ, რომ პოსტმოდერნიზმში ოქროს წესი მოქმედებს: თუ იდეას მოიპარავ ერთი პირისგან – არ არის ლეგალური, მაგრამ თუ მოიპარავ სხვადასხვა პირისგან – ლეგალურია. მწერალი რომ ვიყო, სიამოვნებით დავწერდი იმ უტოპიურ სამყაროზე, სადაც სუპერმარკეტიდან ტორტის მოპარვა ისჯება, მაგრამ ფქვილის, შაქრის და ნაღების სხვადასხვა სუპერმარკეტიდან აღება კანონიერია. ამ ბლოგისთვის მე მოვიპარე ქუჩაში ნანახიდან, ღრუბლების ფიგურებიდან, ტრამპის ტვიტებიდან და კიდევ ბევრი სხვა რესურსიდან. მაგრამ იქნებ იმიტომ ვკარგავ ნივთებს რომ ზედმეტად ბევრი მოვიპარე?

პატერსონები

მიკროავტობუსის ბოლო გაჩერებასთან ცხოვრების უპირატესობა ჯიმ ჯარმუშის პატერსონების გაცნობაში მდგომარეობს. პერსონაჟის, რომელმაც ქვეცნობიერებაში პროფესიული ფაშიზმი გააღვივა და თქვა, რომ მძღოლებს პროფესია არ აქვთ, მათ მხოლოდ პროფესიული ხალხის გადაადგილება ევალებათ.

ჩემი უბნის პატერსონებიც თავისებურად რომანტიკული ხალხია, წართმეული ორდიპლომიანი პროფესიებით, რომლებიც შესვენებებზე საარჩევნოდ გახსნილ საჯარო ტრენაჟორებზე ირთობენ თავს უკვე არაყის ნაცვლად. ხანდახან ნაცნობები დაემგზავრებათ და გადახდა-არგადახდის ცეკვას შეასრულებენ, ხანდახან საცობებში ვინმეს შეაგინებენ, მაგრამ წრიული მარშრუტით უკან მშვიდობით დაბრუნდებიან.

ხანდახან მგონია, რომ მგზავრებს იცნობენ, მაგალითად, ჩემზე ჩემი სამსახურის მისამართი იციან, სატელეფონო ზარებიდან ისიც იციან, რას ვსაქმიანობ. რამდენჯერმე ცრემლიანი სახით ვუნახივარ, თუნდაც ცუდი ვარცხნილობის დღეებში. იციან, რომ ვიღაც თამარაა ჩემი მეგობარი, დილაობით სამსახურის გზიდან რომ მეჭორავება და ა.შ.

რაღაცნაირად სხვა მგზავრები მეც გავიცანი. კაცი, ვისაც სასწაულად ეშინია სკლეროზის და გამუდმებით კროსვორდებს ავსებს. თუმცა შევსებული კუბიკების სივრცე მცირდება, მეუღლე გამუდმებით ამხნევებს, ბრძენის ეპითეტებით. ქალი, რომელიც ყოველ დილა მიკრობუსში ჯდება, ჩანთიდან სასიყვარულო წერილს იღებს სათაურით, “ძვირფასო, თამაზ”, – ეტყობა დღიურის ფურცლიდან რომ ამოხია, დაბრენდული 26 ოქტომბერი აწერია, – იღებს, კითხულობს და ისევ ჩანთაში აბრუნებს. ყოველ ჯერზე მინდება ვურჩიო, რომ ჩააბაროს წერილი ადრესატს, მაგრამ ყოველ ჯერზე ვჩუმდები.

პოეზიით სავსე მიკრობუსი კი მიდის. სულ გგონია, რომ პატერსონები გაიფიცებიან გადასახადების შემცირების მოთხოვნით, ხელფასების მომატების მოთხოვნით, სანტექნიკური მომსახურეობის მოთხოვნით, მაგრამ არასდროს გადადიან გზიდან. ერთი პატერსონი აფხაზეთიდანაა, ურჩევენ რუსეთის მოქალაქეობა მიიღოს, რომ დაბრუნდეს მშობლიურ სოხუმში, მაგრამ ყოველ ჯერზე თბილისის მიკროხაზებზე მხვდება.

გაექეცი პიკადეროს ქვეყნიდან

IMG_20180403_185704_815.jpg

იმ ტიპაჟის გოგო ვარ, ხალხმრავლობაში კლაუსტრობოფიული შეტევა რომ ეწყება, კვირაობით წირვაზე რომ გული მისდის და რიგში საშუალო ასაკის მამაკაცებიც ასწრებენ, ორსულებსა და მოხუცებზე რომ არაფერი ვთქვათ. სამაგიეროდ, ნაკურთხი წყალი თქვენზე ხშირად უპკურებიათ ჩემს საანიჰალაციურ ჰაბიტუსზე.

მაგრამ კლაუსტროფობიული პრელუდია აეროპორტში ცოტა არ იყოს დისპუტური ყოფილა, მითუმეტეს, რა-ღა ამჟამად მოვინდომე უცხო ქვეყანაში როლური თამაში და ირანელი ქალის დისფლეითი წარვდექი. სამოგზაურო ახირებები მაქვს, ხან საშუალო ასაკის მარტოხელა დედა ვარ, ვისაც შვილები მობეზრდა და გულის გადასაყოლებლად სახეტიალოდ გამოვიდა, ხან მოგზაური მწერალი ალპინური ქვეყნიდან. თავად ქალაქი გიკარნახებს რა სთორილაინი უნდა მოხარშო.

ასე რომ წარმოიდგინეთ, ევროპის აეროპორტში ჩხრეკის რიგში მუსლიმურ კოსტუმში ჩამალული ქალი ფითრდება, ხელები უკანკალებს, ოფლიანდება და წრიალებს. შენიშვნა: მგონია, წრიალისას მეტ ჰაერს ვუჭამ ხალხს. ხალხს კი თავიდან იმისთვის ვეზიზღები, რომ შეიძლება ისინი მოვკლა, მოგვიანებით კი იმისთვის ვეზიზღები, რომ შემოწმებაზე გაცილებით მეტ დროს მითმობენ და რიგი იწელება. საკუთარი თავი კი იმისთვის მეზიზღება, რომ თავშალი თავზე გავიკეთე და არა ყელზე კაშნივით და არ დავაგვიანო რეისზე.

რეისი სამი საათით გადაიდო. მიზეზი არ ყოფილა უამინდობა, ოფიციალური ცნობით უადამიანობა იყო. ქართველებს უკანა გზის ბილეთები უყიდიათ, მაგრამ აეროპორტში აღარ გამოცხადებულან. ბაქანზე თითო-ოროლა მგზავრი ავედით, მოვყევით ისტორიები ემიგრაციაზე, გავიცანი ცოლები long distance relationship-ებში, შვილები, რომლებმაც მშობლები ბოლოჯერ ნახეს, რადგან თავად ამერიკაზე ოცნებობდნენ. საქართველო დისტანციური ურთიერთობების ქვეყანაა.

არა და წინა გზაზე უბილეთო მგზავრიც კი გვყავდა. თხრობას მეტად რომანტიკული ელფერი რომ შევძინო, გავიხსენებ ფაროსანას, როგორც უბილეთო მგზავრს. აეროპორტის ფანჯარაზე რომ იჯდა და იტალიაში მიფრინავდა. ღრუბლების ქვეშ იტალიურ ვენახებს რომ ვგულისხმობდი, ბორტზე შემოპარულმა ფაროსანამ აკლიმატიზაცია მარტივად გაიარა და ხედებით ტკბებოდა.

სათაური 2015 წლის ესპანური ფილმიდან ავიღე, გორკასა და ანეს მოწონების, თითქმის სიყვარულის შესახებ ეკონომიურ კრიზისში. გორკა საქორწინო ასაკს თითქმის გადაცილებული კაცია და სადღაც ორ ოთახიან სახლში მეხუთე სულად ცხოვრობს მშობლებთან, მშობლების მშობლებთან. ნათესავები ეკითხებიან: “ცოლი რატომ არ მოგყავს?” ბაბუამისი ეუბნება, ულვაში მოუშვი, იქნებ გოგოებმა შემოგხედონო. მაგრამ გორკას ანე უნდა, მისხელა ქალი, ვინც ასევე მშობლებთან ერთად ცხოვრობს. შესაბამისად, სექსი არა აქვთ.

პიკადერო არის საჯაროდ მოფარებული ადგილი, სადაც წყვილები სექსისთვის მანქანებით ადიან. მაგრამ გორკას და ანეს მანქანაც არ აქვთ. ვნებიან წყვილს ხან თავზე პოლიცია ადგებათ და ხან საჯარო საპირფარეშოში ქურდი პარავს ტანსაცმელს. როცა გორკა ძლივს რაღაც მანქანას ინათხოვრებს თანამშრომლისგან, როცა იმას კიდევ სხვისგან ჰქონდა ნათხოვარი, მიხვდება, რომ მთელი რომანტიკა ეკონომიურმა ფაქტორებმა გაუნადგურა და ერთმანეთზე აღარ უდგებათ.

ფილმის დასასრულს ანე ემიგრაციაში მიდის, იქიდან წერილს იწერება, რომ მოეწყო, სასტუმროში დამლაგებლად მუშაობს და ხანდახან მასთან ერთად გატარებული დრო ახსენდება. გორკას, როცა ამ წერილს კითხულობს, ულვაში აქვს. ჩემი აზრით, ეს ყველაზე სევდიანი კადრია ფილმში.

ჩამოვდივარ საქართველოში, თავსახვევს ყელსახვევად ვაქცევ და ვფიქრობ ჩემს შეთხელებულ სამშობლოზე მინუს ერთი ფაროსანით და მომრავლებული მაღალჭერიანი მანქანებით. თუ ყველა ნაციას თავისი დამახასიათებელი სუნი აქვს, ქართველებს ალბათ ტყვიის სუნი გვაქვს.

ბერლინის სინდრომი

berlin_syndrome_sundance_still_2_-_publicity_-_h_2017

მე არ ვიცი საავტორო უფლება გააჩნია თუ არა აწ უკვე ხალხურად ქცეულ ფრაზას, – “პრობლემა ჩემშია, წარსულის გამო სიყვარულის მეშინია”, – ან ოდესმე გულწრფელი დაშორების წყარო თუ იყო, მაგრამ სადღეისოდ ურთიერთობის ყველაზე ყალბ, მაგრამ ეთიკურ ეპილოგად ითვლება, რადგან ქვეტექსტად დაზარალებულთან ახდენს თვითიდენთიფიკაციას, მეც დამშორებიანო. ან მაჩვენეთ სად არის ამდენი საბედისწერო ქალი ქალაქში, ასე მგონია ერთი სახე აქვთ. საბოლოო ჯამში ფრაზა იმდენად ვირუსული აღმოჩნდა, რომ ყოველ ჯერზე, როცა ვისმენ საშიში სიყვარულის შესახებ, ვფანტაზიორობ კადრს ჰორორ ფილმის ჟანრში: ბიჭი წევს აწმყო პარტნიორთან ერთად ლოგინში და საწოლის ქვეშ შეხედვის ეშინია, იქ დაბუდებული ყოფილი პარტნიორის აჩრდილის გამო. 

იმის მიუხედავად, რომ წიგნში, და იგივე სახელის მქონე ფილმში “ბერლინის სინდრომი”, ეს კიჩი ფრაზა არ არის ნახსენები და პოლიტიკური ქვეტექსტებიც კი ლაითმოტივად თუა ჩატვირთული, პოსტ ფაშისტურ უსიყვარულობისკენ მამისამართებს. ფაშისტური პროლოგის მქონე ბერლინმა საკუთარი თავისადმი სიყვარული იმდენად შეინანა, წარსულის გადახარშვას უცხოელებთან ინტეგრირებული მსუბუქი ფლირტით, ლიბერალური სავიზო რეჟიმით ცდილობს. ანუ ქალაქი ისევე იქცევა, როგორც ადამიანები ვიქცევით ხოლმე განქორწინებისას. ძლიერ ურთიერთობებს ვანაცვლებთ მსუბუქი ურთიერთობებით, და ვერ ვხვდებით, რომ მსუბუქთან კონტრასტით ძლიერი კიდევ მეტად ძლიერი გამოჩნდება და ამით წარსული მოჩანს ავტორიტეტი. ფილმი გადაღებულია გედეერის ბერლინის არქიტექტორულ ძეგლებში, რაიონში, სადაც კედელი იმდენად კალუსტროფობიული აღმოჩნდა, მონატრებულ მადაზე თითქოს თავად შენობები ისრუტავენ აქ ფეხგადმოდგმულ ტურისტებს.

ავტორმა აზრის გადმოსაცემად, გვაჩვენა გდრ ბერლინელი მანიაკის პერსონაჟი, რომელსაც ბავშვობაში დედა უკეთეს მხარეს გაექცა და ტურისტებზე გაუჩინა ფეტიში. დღისით ის ფორმალური ინგლისურის პედაგოგი გახლავთ, საღამოობით კი სახლში ვან ნაით სთენდით იტყუებს უცხოელ გოგოებს, ხოლო მეორე დილით სახლის კარებს უკეტავს რომ არ გაიქცნენ. მანიაკის ერთ-ერთი უცხოელი მსხვერპლი და ფილმის პირველადი პერსონაჟი ბერლინში გდრ შენობების ფოტოგრაფირების სურვილმა ჩამოიყვანა. რატომ უკავიათ ტურისტებს კამერებიო? იმიტომ, რომ ჩხაკუნით გაუცხოების უხერხულობა დაფარონო, – არის ასეთი თეორიაც, მგონი ისევ გერმანელისგან. როცა ტურისტი უკვე გდრის ცივი ოთახების ტყვედ იქცევა, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ, როგორც ნამდვილმა არტისტმა, კედლის რომანტიკული კლაუსტროფობია, საკუთარ თავზე გამოსცადა, ლოგინის ქვეშ შეიხედა.

ტედი და ალეკსეი ციმბირში

675786o9

ამ ბოლო დროს ბევრი მარტოხელა კაცი მხვდება ცხოვრებასა თუ ფიქციაში, რომლებიც ცდილობენ ნადირობის ინსტინქტებში გაექცენ ცივილიზებულ სამყაროს წესრიგს. ეს ტესტესტერონული ინსტინქტები მატრიარქატული სამყაროს უგულვებელყოფის ფონზე ჯერ კიდევ შარშან მიმოვიხილე, თუნდაც In To The Wild-ის მაგალითზე, ხოლო ვისაც ამ ამბის ევროპული ვარიანტი დააინტერესებს, შეუძლია “ციმბირის ტყეებში”, Dans les forêts de Sibérie-ს გაეცნოს, მითუმეტეს, თანამედროვე ფრანგულ ლიტერატურას ქართველი მკითხველი საკმაოდ აფასებს. ეს ის შემთხვევაა, როცა გირჩევნიათ წიგნი ქაღალდიდან წაიკითხოთ ვიდრე ელ ვერსიით, რადგან ქინდლის ვერსია უფრო ძვირია.

ფილმი ფრანგი მწერალი-გეოპოლიტიკოსი-მოგზაურის ნახევრად ბიოგრაფიული წიგნის შედეგია. მანამდე ფესტივალის ფარგლებში ვიხილე პოლონური სურათი “ტყე შუაღამის ოთხზე”, Las, 4 rano, სადაც მარტოხელა კაცი საკუთარ მარტოსულობაში ხედავს კომფორტს, რადგან ხასიათში გამჯდარი ავობის გამო მარტო რჩება, ნადირივით შუა ტყეში მიწას ამოთხრის და იძინებს. შუაღამის 4 საათი ხომ ფიქციისთვის ისედაც მაგიური დროა, როცა არაფერი კარგი არ ხდება. ზღვიანი მანჩესტერის, Manchester By The Sea, პერსონაჟს მარტოხელობისთვის საზოგადოებისგან მოწყვეტა არ სჭირდება, ჩელსიში თუ სადღაც გადასახლებაც საკმარისია. The Passengers-მა ადამის მარტოობა დაგვანახა ევას გაჩენამდე. მაგრამ სილვიან ტესსონის ციმბირული ამბავი სხვა მარტოსული ამბებისგან განსხვავებულია, რამეთუ პერსონაჟისთვის კომფორტის მომტანია.

ქართველებს ეს ფილმი ნაცნობი ინვენტარითაც დაგვაინტერესებს: სოფელში ჩამოკიდებული უმივალნიკი, საბჭოური ვედრო, ემალაცლილი კრუშკა, 90-იანების ლამპიდან ფითილის ამოწევა, პირდაპირ ფეჩებზე გამომცხვარი ბლინები, დუბლიონკა და უშანკა, გრუზავიკი, კეტჩუბი და მაიონეზი ყველა კერძზე, – ბაიკალის არყით გატარებულ 6 თვეს რომ ფონად გასდევს. ფანჯარასთან ედვარდ მეიბრიჯის მოსაწონი ცხენის სტატუეტკა იდო, მოძრავ მდგომარეობაში გაყინული. ალეგორიულობა მომეწონა.

giphy

ეს არის შუა ტყეში ჩასხმული არაყივით ფილმი, – როგორც, არ მახსოვს ნაც გეომ თუ თაიმსა დააანონსა. ეს არის ფილმი მინიმალური დიალოგით და ემბიენტური ჟანრის მოყვარებულებს დააინტერესებთ, ვისთვისაც ადამიანი მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელია ბუნების თავგადასავალში. ბაიკალის ტბაზე ტაიგას ტყეებში მარტოხელად ჩასახლებული ფრანგი ტედი, – “პუშისტი” ტიპად წარმოჩენისთვის ვისაც სახელიც კი თითქოს სიმბოლურად აქვს შერჩეული, – ციმბირში გადამალულ ალეკსეის გადააწყდება. მათ შორის ნამდვილი კაცური მეგობრება გაიზრდება: ნადირობა, ნანადირევის გაყოფა და სპირტი.

ალეკსეი ციმბირში მკვლელობის ჩადენის მერე გადაიხვეწება. მილიციელებმა უარი თქვეს ციმბირში მის პოვნაზე, ტყეს შეატოვეს, მკვდრად გამოაცხადეს და ძებნაც შეწყვიტეს. ამასობაში ალეკსეი ციმბირულ დროზე გადმოდის და სამხრეთში დაბრუნება აღარ შეუძლია. ციმბირის არაადამიანობას ერთი იმ იშვიათთაგანი დიალოგიც გამოხატავს. ალეკსეი ეკითხება ტედს: ვინაა რუსეთში მთავარი კაციო? პუტინიაო. ადრეც პუტინი იყო, არაფერი გამომიტოვებიაო, – პუტინის სადღეგრძელო დალიეს, – ამერიკის მთავარი კაცი ბოლო ვინ იციო? ბუშიო. მერე მაგისი შვილი იყოვო. ახლა ვინ არისო? ობამაო. ობამაც ბუშის ნათესავი  იქნებაო. არა, შავკანიანია ეგო, – ძლივს დაიჯერა და, – ამერიკას გაუმარჯოსო.

არსებობს ფილმები, რომლებიც გულს მტკენენ. ეს ფილმი მათ არ მიეკუთვნება, უფრო სხვა ადგილას ვიგრძენი ტკივილი. ფილმს 3 წლის ნიკოსთან ერთად ვუყურებდი, ის მომენტი იყო, როცა ტედი ბაიკალის ფირუზისფერ ყინულებზე გაზაფხულზე გავიდა, ფეხქვეშ ყინულები უტრიალდებოდა კაი ატრაქციონივით, ნიკომ მეამიტურად დაუყვირა: “ვაიმე, ბიჭო, სად მიდიხარ? გაცივდები, ყელი გეტკინება,” – მე კიდევ უკვე ვახველებდი.

 

ლაშქრობის ასაკი

IMG_20160829_0003 copy

უშვებულებო ზაფხულის ერთ შაბათს თამუნამ და მაქსმა წამიყვანეს თრიალეთის ტყეში, სადაც მათი სამეგობრო დადის უკვე წლებია. ადგილი მოშორებულია სამანქანო გზას, ასე რომ შემთხვევითი მოლაშქრეები აქ თითქმის არ ხვდებიან, მხოლოდ ისინი, ვისაც უზიარებენ და კიდევ ჭინკები დაძრწიან მეტი სამძაფრისათვის. მოაწესრიგეს წყალი, გადაადეს თარო, სგუშონის ჩასადები არ დაივიწყეს, მოკლედ, “სტენკა” ჩადგეს აქანა. როგორც ხდება ხოლმე, ხეებს სოკოები ავაცალეთ, ღვინო ჩავაციეთ, ფოტოები გადავიღეთ, ისტორიები გავიხსენეთ, მოსაღამოვდა და ცეცხლი გავაჩაღეთ ცამდის. მაშინ პირველად ვნახე ტყის რეინჯერები ცხოვრებაში. მართალია, ლამბერსექსუალებს არ ჰგვანდნენ, მაგრამ სკუტერები ჰყავდათ. ცეცხლი დავინახეთ, ხანძრის შეგვეშინდაო. მაქსმა კი დაამშვიდა: თორმეტი წელია აქ დავდივართო. აი, ბიბლიოთეკის თანამშრომელებს რომ მიმართავენ სტუმრები: პროფესორი კაცი ვარ, ომის დროს წიგნზე ვიჯექი, შენ რა უნდა მასწავლო. და მაშინ დაფიქრდნენ ასაკზე: 12 წელი გავიდა? არა და ეს რეინჯერები რა პატარები არიან.

მე კიდევ დავფიქრდი სტერეოტოპებზე, რომლებიც ამერიკული ფილმებიდან შემექმნა. აი, უმეტეს ფილმში ლაშქრობაში კარვებით დადიან ბავშვები ოჯახებთან ერთად, აი, დედინაცვალს რომ უნდა ოჯახი შეაკავშიროს ან მამინაცვალი რომ მოიშორებს ბავშვებს საზაფხულო ლაგერზე გაგზავნით ან თუ დიდ ასაკში ვინმე ტყეში წავიდა, თავს იმართლებს, რომ ბავშვობის ნოსტალგია აქვს და მერე ირკვევა, რომ ვიღაცა ბიძაშვილთან წვებოდა ან სექსუალური ნაშა მუწუკებიანი მსუქანი იყო მოსწავლეობისას. მერე საქართველოზე გავავლე პარალელი: რა იშვიათად მინახავს ოჯახებით დასახლებული კარვები, 3-4 წლის ბავშვებს რომ ველურ სოკოებთან ზრდიან დეი ოფებზე. ამასობაში ვისმენ ისტორიებს, რომ მეტეოსთან ბავშვიანი კენგუროებით მოკიდებული ტურისტები ნახეს. აი, ამერიკაში ვინც ხართ ნამყოფი, ფილმებით შექმნილი მორიგი სტერეოტიპის საფუძველი მაინტერესებს: აიტი ან რამე გიკი ტიპების ყოველი სამეგობრო მართლა სტანდარტულად 4-5 წევრისგან შედგება, საიდანაც ერთი უეჭველი მართლაა აზიელი? არა რა, თავისუფლების კი არა, სტერეოტიპების ქვეყანაა ამერიკა.

კოლექცია როგორც იმედი

a6639_sideways

ჩემი ღვინისადმი სიყვარული არა კახეთში ან რაჭაში, არამედ აჭარაში სოლო გასეირნებით დაიწყო. ბათუმში, სადღაც ბავარიული პაბის  შესახვევში ხულოელ გლეხს ჰქონდა მაღაზია გახსნილი, ჩვეულებრივი სურსათი, – პური, სიგარეტი, კევი, მაკარონი, – თან საკუთარ დაწურულ ღვინოებს ყიდდა ჩამოსხმით. თითოეულს თავისი ხასიათი ჰქონდა, მაგრამ გამოვარჩიე ერთი, ვენას სისხლისფერი, შავში გადასული მუქი წითელი ღვინო, რომლის ყურძენსაც თითქოს კანი სათითაოდ გააცალესო, თხელ კანიანი იყო, სულიერი ანუ უსხეულო, ზამთარში დარიჩინით მოსახარში.

შევყევით საუბარს, შემოვიცნაურე მისი დინოზავრული ოჯახი და არც კი ვიცი მეორე დღეს აჭარისწყლებისკენ როგორ გამიყოლეს ან მე როგორ გავყევი ეს უფულო და უზურგჩანთო გოგო 90კმ-ით მაღლა, მუსლიმურ დასახლებაში. იქაური მუსლიმები ქრისტიანებს იმდენად არ ერჩიან, რამდენადაც ვაზებს. შესაბამისად, ეს გახდა მიზეზი აჭარული ღვინის გაიშვიათების ანუ გაძვირფასების. თანაც იმდენად სულიერია ანუ უსხეულო, დიდხანს არ ინახება, შორ მანძილზე გადატანა ასუსტებს. ანუ ისეთი ღვინოა, რომ იტყვი, ამ ღვინოს თავისი ასაკი აქვსო. მხოლოდ ახალგაზრდებს აქვთ ნება დალიონო. პლუს მხოლოდ აჭარაში.

დროთა განმავლობაში გემოვნება შემეცვალა, ჯერ ტკბილი წითლიდან მშრალ წითელზე გადავედი, ბოლოს კი მშრალი ვარდისფერი და თეთრი შევიჩვიე. ღვინოც და სხვა საკოლექციო სასმელებიც დავიგროვე, ჯერ ჩემი ძმა მაძლევდა ტრადიციისამებრ ქორწილებში მოპარულ ღვინოებს. მანამდე ლამის ჩემი დაბადებიდან მაჩუქეს ვისკი Cardu. ღირშესანიშნავ დღეს გახსენიო. გამიჩუქებია კიდეც, მაგრამ მაგნიტივით მაინც ჩემთან დაბრუნდებულა. იმის მერე მნიშვნელოვან დღეებზე სულ მინდა გავხსნა, მაგრამ თავს ვიკავებ, მეთქი ამაზე მნიშვნელოვანიც უნდა მოხდეს ჩემს ცხოვრებაში. ასე მგონია, Cardu-ს რა მოვლენაზეც გავხსნი, იმის მერე იმ დღეზე მნიშვნელოვანი ამბავი აღარ შემემთხვევა, ამიტომ თავს ვიკავებ.

ერთი ფილმი ვნახე ღვინის კოლექციონერზე, დაღვინებულ ასაკში მყოფ ორ მამაკაცზე, შუა ხნის კრიზისი რომ აქვთ, ერთს მოახლოებული ქორწინების გამო, მეორე კი განქორწინების გადალახვას ცდილობს. ჰო და ეს ერთი პერსონაჟი ფილმის ბოლოს საკოლექციო ღვინოს ჩვეულებრივ, რიგით საღამოს გახსნის სწრაფ სასადილოში. ალბათ მეც მასე მომივა იმ ვისკზე. როცა აღარაფერ მნიშვნელოვანს აღარ დაველოდები და უბრალოდ აწმყოთი ტკბობას დავიწყებ. აი, როგორც წუხელ, თამარი მესტუმრა, აბაზანა ცხელი წყლით და ქაფით გავავსეთ, პირდაპირ კაბიანები ჩავწექით. ბათუმში ბოლო სოლო მგზავრობისას ნაყიდი ღვინო მოვიდგით. ეს ვითომ რომ პროდიჯის ლაივზე ვიყავი და ბრბოსგან ცხვირის დალეწვის სცენაც კი არ მახსოვს არა თუ კონცერტი. ჰო და გუშინ მივხვდი, რომ ღვინო გადამიყვარდა. წავალ ჯინოში, ჩავწვები ღვინის აბაზანაში და დავემშვიდობები.

რას ნიშნავს ჩემთვის სოლო მგზავრობა?!

eat-pray-love.jpg

ბევრი მხატვრული ფილმი არ ვიცი მარტო მოგზაურობაზე. ამჯერად, ჯულია რობერთსის სასიყვარულო ჭამა და ლოცვა (Eat Pray Love) მახსენდება. რომანტიკულ ურთიერთობებს განდეგილად ყოფნით რომ გაურბის ბალანსის მოსაპოვებლად და ამ მგზავრობისას ახალ რომანტიკულ ურთიერთობას რომ იპოვნის იდეით, – უნდა დაკარგოს ბალანსი, რომ ბალანსი იპოვნოს. ანუ პერსონაჟის ასკეტიზმმა შედეგი არ გამოიღო, ლაბირინთში აღმოჩნდა და იქ მივიდა, საიდანაც იწყებდა.

feature_oneWeek

მაგალითად, ფილმში “ერთი კვირა” (One Week) ვხედავთ მარტო მოგზაურ მოტოციკლეტიან მამაკაცს კანადის ტრასებზე. მისი მოგზაურობის მიზეზი სასიკვდილო დიაგნოზია და სურს ცხოვრების ბოლო ეტაპი რუკის გახსნაში გაატაროს. მოგზაურობიდან კი ისეთი ტრანსფორმირებული და ბრძენი ბრუნდება, რომ მაყურებელს მგონია, ასეთი ადამიანები უნდა მოგზავრობდნენ.

the-way-movie-poster2

ფილმში “გზა” (The Way) მთლად მარტო მოგზაურობა არ ჩანს, მაგრამ იდეალური მიზეზია მგზავრობის დასაწყებად. პენსიონერი მამაკაცი მოლაშქრე შვილის დაღუპვის მერე შვილის გზის გავლას გადაწყვეტს, ელემენტარულად იმიტომ, რომ შვილის საფლავი ნახოს. ეს რეტროგრადული მგზავრობა მშობლიდან ნაშიერისკენ დეგრადირებულზე მეტად ევოლუციური მეჩვენა.

არ ვიცი რატომ მოსწონთ მოგზაურებს Into the wild-ის პერსონაჟი. მესმის, რომ ფილმის კრისი რეალური კრისისგან შეიძლება განსხვავდებოდეს. მაგრამ მხოლოდ პერსონაჟისგან რომ ვიმსჯელო, ეს ბიჭი იყო თინეიჯერობაში დარჩენილი შტერი. მშობლების ყვირილი არ გავიგოო და ალიასკაზეც წავალო. ანუ იმდენად ამბიციური, რომ ეგონა საზოგადოებრივი მიღწევები ცალმხრივად სიბოროტეა და ერთი ინდივიდი შეძლებდა თავი გაერთმია ნადირობისთვის, მზარეულობისთვის, ბოტანიკისთვის, მედიცინისთვის და ა.შ. ანუ ერთი ადამიანი ქცეულიყო მთელ საზოგადოებად, იქ, სადაც ერთიანი სისტემაც ვერ გაართმევდა თავს. ტიპური ზოდიაქოთი ლომი. ან მისი ე.წ. “ჯადოსნური ავტობუსი” სადაც თავი შეაფარა, ხომ სხვა არაფერია თუ არა მისთვის საძულველი სისტემის ნაშთი. სიკვდილის წინ კი გაუნათდა გონება და, – ბედნიერება მხოლოდ მაშინაა ნამდვილი თუკი ზიარდებაო, – დღიურს მიაწერა. მიხვდა, რომ პასუხისმგებლობაზე დამყარებულ ურთიერთობაში ცუდი არაფერია, გააჩნია მისი გამოყენების ხერხს. ახლა ვიღაც სვანს რომ ეს ფოტო გადაეღო ხომ ინტერნეტში ცხოველთა დამცველები ჯვარზე აცვამდნენ.

Christopher McCandless

მსგავსი აზრი მაქვს “ველურის” (Wild) პერსონაჟზეც. გოგომ რა ცოდვაც არსებობს ცხოვრებაში ყველაფერი დაუშვა, შვილის მოშორების ჩათვლით. რა ეგონა, გაიქცეოდა ფეხით სახეტიალოდ და პრობლემები დაულაგდებოდა? სანამ ფინიშს მიადგებოდა კიდევ ნორმ პერსონაჟი იყო, მაგრამ ბოლოს იძახის: ახლა მომეტევება თუ არა ცოდვებიო. ასეთი მოლაშქრეები ლაშქრობას სახელს უფუჭებენ, რადგან ვიღაც სხვა თუ ბუნებაში მიდის, სტერეოტიპულად ჰგონიათ რომ ეს ტიპიც საკუთარ თავს გაურბის, მაგრამ საბოლოოდ ვერ გაექცევა, რადგან პრობლემები თავში აქვს და მსგავსნი. თან სასაცილო ისაა, რომ საკუთარ პრობლემებს გამოქცეული მთელი გზა ისევ პრობლემებზე ფიქრობს. მაგალითად, “მე ფემინისტი ვარ, კაცებივით ვიქცევი, ქმართან არ ვწვები და სხვებთან ვჟიმაობ” ფრაზები.

01-cheryl-strayed-2.nocrop.w529.h327

აი, სამაგიეროდ, Track-ის გოგოზე შეყვარებული ვარ. დაისახა მიზანი, იწვალა, იშრომა, იმედები გაუცრუვდა, დანებება მოუნდა, მაგრამ საბოლოოდ პროცესისგანაც მიიღო სიამოვნება და შედეგისგანაც. აი, ასეთი ადამიანები მიხარია გზებზე. თუგინდ მიზანთროპი მექლემე. პლუს ლამაზი სურათები გამოუვიდა ნაციონალურ გეოგრაფიას.

image (1)

natgeotrack

image

კარგი პოლიციელი და პოლიციელის ცუდი ავატარი

Fba2F

ალბათ ყველა ბლოგერს შეუმჩნევია როგორ იმატებს მათ საიტზე ვიზიტის რაოდენობა პაემანზე წასვლის მერე. ამასობაში კი უამრავი წყვილი შლის ერთმანეთს სოციალური ქსელიდან როგორც თერაპია – აარიდონ თავი ერთმანეთის ავატარს, რათა უპიქსელო სამყაროში დაახლოვდნენ. თითქოს ეს ნიშნავს აიხვიო თვალები სხვა გრძნობის ორგანოების გასავითარებლად. სოციალური ქსელების ხანაში კი ტყუილის წარმოება გართულდა. შეუძლებელია უღალატო, როცა გიყვარს – მოძველდა. შეუძლებელია უღალატო, როცა ჰაკერული სქილზის შეყვარებული გყავს.

პოსტ საბჭოთა ფილმების ყურებისას ყურადღებას ვაქცევ არქიტექტურას, რადგან ეტყობა უფრო დამაჯერებლად ვაიდენტიფიცირებ მიმდინარე მოვლენას საკუთარ ყოფასთან თუ ვხედავ მშობლიურ ქუჩებთან მიახლოებითს. Panama (მეორე სათაური See you for sex) 2015 წელს შექმნილი სერბული ფილმია, სადაც მთავარი გმირი იოვანი მომავალი არქიტექტორია პრიალა თმით, სანაპიროს რუჯის ქვეშ თეთრი კბილებით, მოკლედ, ჰოლივუდური ღიმილით, სანდომიანი, რაღაც მიკი მაუსის მსგავსად. პოსტი სავსეა სპოილერებით.

სურათი იწყება მეგობრებ შორის სექს პარტნიორთა რაოდენობის დატოლებით და პარალელს პოვებს სატელევიზიო შოუებში გამარჯვებულის ფეისბუქ ლაიქებით გამოვლენასთან. ზოგადად, მთელი ფილმი აწყობილია შედარებებით, მაგალითად, რეჟისორი იყენებს ტრიუკს “ფილმი ფილმში” და ფილმში არსებული სექსის სცენები იოვანსა და მაიას შორის დაპირისპირებულია პორნოგრაფიული ვიდეოების სექსთან, რასაც იოვანი უყურებს მასტურბაციისას. რაც უფრო ადვილია შემთხვევითი ღამეები, მით უფრო რთულდება გააზრებული ურთიერთობები. სხვადასხვა პერსონაჟის გამოჩენის მიუხედავად, იოვანისა და მაიას ფიზიკური კავშირი ესთეტიკური თვალსაზრისით შესრულებულია საკმაოდ ლამაზად, რაც მაყურებელს წყვილის საგულშემატკივროდ განაწყობს.

მელოდრამას დეტექტივად აქცევს იოვანის ეჭვიანობა მაიას მიმართ. ღია ურთიერთობის ქონაზე შეთანხმების მიუხედავად, მაია უარყოფს სხვა პარტნიორის არსებობას მის ცხოვრებაში, თუმცა იოვანს უჩნდება ეჭვი, რომ მაია გულახდილი არაა. რეალურ ცხოვრებაში დადებითი ურთიერთობის პარალელური ნეგატიური ურთიერთობა ინტერნეტში მიმდინარეობს. იოვანს რამდენადაც დადებითად ავსებს მაიასთან კავშირი, იმდენად ფიტავს მაიას დაგუგლვა, ჩეკინზე მიმაგრებული ფოტოების დევნება. Follow არის პირდაპირ დევნად განხილული. ამიტომ მათი ურთიერთობა ორ განზომილებაში მიმდინარეობს. თუმცა მაიას მხრიდან ცუდი და კარგი პოლიციელის გადათამაშება პოლიციისთვის ყოველთვის მომგებიანია, – იოვანს აღარ უნდა ღია ურთიერთობა.

მოკლედ, ფილმი არის პიროვნულ გაორებებზე, სადაც გაორება არ არის ფსიქიური დაავადება, არამედ, ნორმა. ფილმი არის გამორკვევის პროცესი (და არა შედეგი, პასუხი არ ჩანს), რომელია უფრო ნამდვილი, ადამიანი თუ მისი ავატარი.

ლოდინის თაობა

ლოდინი არის აგროვო ისტორიები სიკვდილამდე, – ბუკოვსკი.

ყველა ორგანიზაციას აქვს მოსაცდელი ოთახი, – რონალდ ბარტი.

 წინა კვირას წიგნის ფესტივალის ფარგლებში გამახსენდა, თუ როგორ ვარჩევ ლიტერატურას. თემატიკას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია თვითონ ტექსტი მინიმალური დიალოგებით შედგებოდეს და გამომცემლობის რომელიმე სერიული გამოცემის ნაწილი არ იყოს. შეიძლება ითქვას, დიალოგების ფობია მაქვს, თუ არსებობს მსგავსი შიში ან უბრალოდ ფანტაზიის ნაკლებობა მაქვს და მონოლოგური თხრობა უფრო დამაჯერებლად მიმაჩნია. სერიული გამოცემები კი ეტყობა მომავალზე მაფიქრებს ამ უფანტაზიო მკითხველს გაუცნობიერებლად. მეთქი, აი, მომავალ წელს ახალი სერია უნდა გამოვიდეს. მერე მომდევნო 5 წელი წლის ამ დროს სერიების შენაძენს უნდა ვაკეთებდე. იქნებ აღარ მომინდეს, გავკოტრდე და ფული არ მქონდეს ან წიგნის შესანახი თარო ან აპოკალიფსი დაიწყოს. მგონი უფანტაზიო კი არა, ჭარბად ფანტაზიორი ვარ. მოკლედ, მომავალი ბურუსში იფარება და სერიული წიგნის შეძენას ვუფრთხი ისე, როგორც ბანკიდან კრედიტის აღებას ან უარესი, დიოდიმდე სახის კანის გაპარსვას.

  არა და სერიულობით გამოწვეული ლოდინი თუ ლოდინი გამოხატული სერიულობით პოსტმოდერნიზმის მთავარი ხიბლია. დაუმთავრებელი ნაწარმოებების ტენდენცია, როცა მკითხველს თავად შეუძლია თხრობა დაასრულოს, მე-19 საუკუნიდან იწყება, თუმცა, ჩემი აზრით, ჩანასახი იმ პირველ ამბავში უნდა ვეძიოთ, სადაც მთხრობელმა პერსონაჟები არ გაჟლიტა, რომელიმე დაენანა და ცოცხალი დატოვა. ჩვენ კი სერიულობის თაობა ვართ, სადაც ფილმებზე მეტად სერიალებს უყურებენ და ფილმებზე მეტად სერიალებს ქმნიან. ბლოგიც კი პოპულარულია, როცა განგრძობითი ამბავი ანონსდება. თითქოს ლოდინი არ გვიყვარს, მაგრამ ცხოვრებაში ხშირად ხელოვნურად ვიქმნით ლოდინს. სერიალები შეყვარებულების მესიჯობანას ჰგავს, როცა დარეკვაში ჩატეულ ხუთ წუთს გირჩევნია შეტყობინებები გზავნო მთელი საღამო. ან კოცნის პრელუდიას, როცა შეხებამდე მისასვლელ მანძილს წელავ. ესაა ლოდინის ესთეტიკა სერიალებშიც, კოლექტიური ლოდინის განცდა.

 მომლოდინე თუ განასახიერებს უსუსურობას, მალოდინებელი წარმოაჩენს თავის ძალაუფლებას, პრეროგატივას. ლოდინი ნიშნავს, რომ ვიღაც ჩვენ წინ არის რიგში ან ჩამოგვრჩება უკან, რადგან შეხვედრაზე დროულად არ მოვიდა. ანუ ლოდინი არათანხვედრაა, დეცენტრივიზმი, რაზეც არის აგებული მოდერნისტული კულტურა. ალოდინო სხვას, ნიშნავს გქონდეს პრივილეგია, ალოდინო თანაკურსელებს შენი გვიანი გამოჩენით ნიშნავს იყო ინდივიდი ბრბოში, რომელმაც ვერ მოიფიქრა სხვა ეფექტური საშუალება ყოფილიყო ინდივიდი. ალოდინო საყვარელს პაემანზე ნიშნავს აგრძნობინო მას თავი შეყვარებულად, რადგან დალოდებით ილინკება ღირებულება. აქ ჩანს მალოდინებელის კომპლექსი თავის ღირებულად გრძნობაში. ალოდინო ქვეშემრდომები თათბირზე ნიშნავს იგრძნო თავი მათზე უპირატესად. რაც ბუნებრივია, იმიტომ, რომ ცხოვრება ხანმოკლეა მხოლოდ მაშინ, როცა ახალშობილი კვდები სამშობიაროში, როგორც ჩემი სერიალის გმირი იტყოდა. თან რაც უფრო მოკლდება ცხოვრება, უფრო ველით. გვჭირდება ლოდინი, რომ ცხოვრება გადავაგოროთ. თავი რომ არ მოვიკლათ მხოლოდ ორი რამაა საკმარისი, გვქონდეს იმედი და ცნობისმოყვარეობა. და თუ ეს მიზანი ცხოვრების ბუნებრივად შეგვიმცირდება, ჰბო ან მსგავსი ორგანიზაციები თავს შემდეგ სეზონამდე გაგვატანინებენ.