იქ, სადაც გადამფრენი ფრინველები დაისვენებდნენ

img_20160923_0072-copy

იქ, სადაც გადამფრენი ფრინველები ისვენებენ, შორია, მიწა წყალდება და შმორის სუნი აუდის. არ მინდა, რომ თქვენ ნამყოფი იყოთ, ვიეჭვიანებ და ბოღმისგან დამიჭაობდება კუჭი. არ მითხრათ ეს ამბავი, იყოს.
პალიასტომის ტბაზე ლეგენდა მოვიგონე: როცა დედამიწა ჯერ კიდევ დედაწყალი იყო და ეს-ესაა უნდა დამიწებულიყო, ადგილობრივი სამკავიანი მინისტრები გადადგნენ და დამიწება შუა გზაში შეაჩერეს. ასე შეიქმნა ფხვიერი ქანი, განაყოფიერდა წყალმცენარეები და გადამფრენი ფრინველებისთვის ფეხის ფრთის მოსასვენებელი შეიქმნა.
ინსტაგრამზე ერთ გოგონას გადავეყარე, ფოთის სახლების ფოტოებს აქვეყნებს. წლების მანძილზე პირველად მომინდა რომ ინტერნეტით ვინმე გამეცნო. თუ იცნობთ, არ უთხრათ, იყოს.
არასდროს მინახავს ფოთის შავი ზღვა, ასე მგონია შავია, ჩაღვრილია ბენზინი და მაზუთი, გემების სადგურზე კი ის მეოცნებე ადამიანები მუშაობენ, ცურვისგან ერთი ბეწო თმა რომ არა აქვთ ფეხებზე. და მერე ლოგინშიც ძალიან ბევრს სველდებიან, ოფლიანდებიან და იცრემლებიან. ჩემივე სტერეოტიპების გუდა რომ გავიზარდე, არ მითხრათ, იყოს.
ამბობენ, რომ შემოდგომის ზენიტში ზოგჯერ ჭაობზე იმდენი ფრინველი ჯდება, შორიდან კუპრივით ჩანს და გგონია ტბა შავია. იქნებ ამიტომ დაარქვეს შავ ზღვას შავი ზღვა? ფოთი კი გიორგი მედვედევის გარეშე ვერ წარმომიდგენია უკვე.
ჩვენ გავიცანით კაცი, რომელიც ლევ ტოლსტოის გავდა. თანდართული სურათი მისი პორტრეტია. გიორგი პაპას სახლიც გრუნტზე აშენდა. ჩვეულებრივი მეგრული ოდა გათანამედროვებული, მაგრამ უკანა ეზოს ტალახიან ჭიშკარს რომ გააღებ, ზღაპრულ სივრცეში შედიხარ, უკნიდან კი გიორგის კოკროჭინა შვილიშვილები გაცილებენ. გიორგი პაპა პირჯვარს იწერს და მშობლიურ ენაზე ლოცულობს.
გეფიცებით, მეგონა, რომ ფოთში ჩასვლისას, უფრო ზუსტად, ტალახიანი ჭიშკრის გაღებისას, მე გადავედი ფენტეზ სამყაროში ჩემს მეგობრებთან ერთად. იმიტომ რომ აქ ნისლში შესვლისას შემოდგომის მჭახე ფერებს ხედავ, ჭაობებზე დაშენებულ სახლებს, საიდანაც ადგილობრივები ეგრევე ფანჯრებიდან თევზაობენ, სანაპიროზე მოსწავლეები, შავ-თეთრ უნიფორმებში ჩაცმულები, ანტიკური არქიტექტურის ფონზე თითქოს ჰოგვარდის სტუდენტები არიან. წყალმცენარეები კი, ფრინველების დაწოლას რომ უძლებენ, თითქოს შენამდე თავისით იწევიან, დამეყრდენიო.
მახსოვს ვიბრაციის შეგრძნება ნავით სეირნობისას გამვლელი ნავის ტალღებზე რომ გასრიალდები. ლურჯფეხა ჩიტები მახსოვს და მაქსის ჯადოსნური იღლია, საიდანაც დაუტენელი ელემენტი დატენილი გამოდიოდა.
ერთი ბიჭუნა მახსენდებოდა კიდევ, თურმე მარიამსაც. ორივეს გვინდოდა რომ მისთვის ეს ადგილი გაგვეზიარა. ჭაობები ძალიან მიყვარს და იქ იშვიათად მინდება ვინმესთან ერთად წასვლა. მაგრამ იმდენად მომინდა ამ ბიჭს ენახა, მთელი ჩემი ეგოიზმი გავაქრე და მარიამს ვუთხარი ოდესმე, თუნდაც უჩემოდ წაიყვანოს. და მერე ძალიან ბევრი ვიტირე რომ არ წაიყვანა. იმედია, არ ეტყვის.
ეროვნული პარკებიდან ყველაზე მეტად კოლხეთის ნაკრძალი მომეწონა. სამწუხაროდ, იქ შესვლის უფლება მხოლოდ ვიზიტორთა ცენტრიდან გვაქვს. ამ ცენტრში კიდევ ჩაწერებითაა და რომელ დღეს მოგიწევს რიგი არ იცი, ადგილი წასვლამდე, თბილისიდან უნდა დაჯავშნო. სისტემა ძალიან კორუმპირებულია. რაც ყველაზე მეტად მაინტერესებს, ჭაობის თხილამურების პრაქტიკა დახვეწის პროცესშია.
ნადირობაზე რჩევას ვერ მოგცემთ, მაგრამ ფირით ფოტოების გადაღების შემთხვევაში ლომოგრაფის ან ზოგადად ვადაგასული ფირის წაღებას გირჩევთ, ან ისეთის, სადაც შემოდგომის ფერები თავიანთ მჭახეობას გამოხატავენ.

სამიოდე აბზაცი ახალ სახლზე

სახლი, სადაც ჯერ მხოლოდ ჯაკუზი და წიგნები მაქვს, გარედან ღია რუხი ფერისაა. ათობით მსგავსი სხვა ურბანული კორპუსებისა იმ სივრცეში, ნისლების ჩამოწოლისას ფანჯრები ფერმკრთალდება და შეიძლება ტეხილი სახურავების ან ჭიაყელასავით დაკლაკნილობის გამო ციხე-სიმაგრეებად მეჩვენება. აი, ობიექტივს რომ განვაახლებ, აუცილებლად გადავუღებ მშრალი რეალობის შიშით, მანამდე კი, მეგონოს ჩემი ცარიელი სახლი ცხრა გალავნის იქითა მდგარი.

საღამოობით შეიძლება სახლამდე მისასვლელი გზა ამერიოს და ლაბირინთების თაგვივით ნესტისგან სველი ფეხსაცმელებით გეომეტრიული ფიგურები ვხაზო. მაგრამ მე ელჯერნონი არა ვარ, სახლში მოგულებულ ყველთან მიღწევისთვის ყვავილები ვითხოვო. ამიტომ ცარიელ, უნივთებო და უადამიანო ბინაში, ცხელ წყალში მინერალების ჩაყრით აბაზანას მოვიმზადებ და ყუთობით წიგნებს მოვიმარაგებ სხვა ქალაქურ ამბებზე, ციხე-სიმაგრეებზე.

ახალ სახლში გადაბარგება, პირველ რიგში, აწმყოსა და მომავლის ანალიზია: მოვიწონო რა პარკირების ადგილი, ტრანსპორტის დაშორების მანძილი სახლამდე თუ საინტერიერო ფართობი, საზამთროდ სავარაუდო მოყინვის ველი განვსაზღვრო, რამდენად საშიშია დაღმართი ან კიბე, სადაც ყოველდღიურად მომიწევს მგზავრობა. თან წარსულის შესაშური ინდიკატორია: ძველ საცხოვრებელთან ერთად ნივთებიც ხარისხდებიან. ჯერ იყოს სახლი ცარიელი, მე ასე მომწონს.

საურონი როგორც ლინგვისტი

ბნელი ენის შექმნას წინ აუთვისებელი სამყარო უძღოდა:
თავდაპირველად იყო მუსიკა და მუსიკა იყო ერუსთან, რომელსაც არდაში ილუვატარს უწოდებდნენ. თავად უხმო იყო და შექმნა აანურნი, რომლებსაც მიეცათ თემა მუსიკის შესათხზველად. ჰარმონიულად ამღერდნენ ისინი, სანამ მეამბოხე მელკორმა მელოდიაში წარმოსახვის ჩადება დაიწყო: დადიოდა სიცარიელეში და მარადიულ ცეცხლს ეძებდა, რათა საკუთარი შემოქმედებისთვის სიცოცხლე შთაებერა, ხოლო ნაწილი აზრებისა, რაც სიმღერაში ჩააქსოვა, არაკეთილხმოვან სიმღერად იქმნა.
და მაშინ თქვა ერუმ, რომ აანურნი თავისუფალ ნებას მოკლებულნი არიან და ყოველი განდგომა წინასწარაა დაგეგმილი. მელკორი სირცხვილის გრძნობამ მოიცვა, რამაც ფარული ბრაზი მოჰგვარა. ასკეტურად გამოეყო რასას და იმსახურა გორთაურ სასტიკი, საურონი ანუ საზიზღარი სული, როგორც ელდარნი უწოდებდნენ მას, აულეს მაიართაგანი აღმატებული ცოდნითა და მჭერმეტყველებით, – აქედან იწყება ტოლკინისთვის არა მხოლოდ ქვეყნიერების დასაბამი, ჩანს, რომ ბოროტების საწყისი მონობის გაცნობიერებაა. ნაწარმოები ერთგვარად მორალისტურია: თუ ვიცით, რომ ნეგატიური საქციელიც კი ერუსგან ანუ ღმერთისგანაა დაგეგმილი, მელკორს ანუ სატანას სურს გაიგოს, სადამდე შეიძლება გაგრძელდეს მისი ნეგატივის თვალსაწიერი. პასუხს კი, თეოსოფიური მორალის თანახმად, წიგნების პოზიტიური დასასრულიდან ვიგებთ.
ტოლკინს არ მოსწონდა ბნელი ენა:
ჩემთვის ტოლკინი, პირველ რიგში, ფილოლოგია, რომელსაც ენების გამოგონების გასამართლებლად ზედ ამბების დაშენება დასჭირდა. ამით თუ აიხსნება მისი ავტორობით შექმნილი ოცამდე ენა, რომლებსაც გამართული მორფოლოგია და სინტაქსი გააჩნდა, ანუ შეუძლია დამოუკიდებლად ფუნქციონირებდეს. მისთვის ენას ფსიქოლოგიური მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, ისეთი მდაბიური მეტყველება, როგორიც ორკებისაა დაბალი მოთხოვნილებების ხალხის აღმნიშვნელად გამოიყენა. როცა ელფებისთვის ენა არა მხოლოდ ინფორმაციის გადაცემის საშუალება, არამედ კულტურული ფენომენია. შეიძლება ითქვას, საუბრების მიხედვით რასის განვითარების დონის გაგება შეგვიძლია.
თუ “სილმარილიონში” ბრტყელი დედამიწის შექმნის ტრანსფორმაცია აღიწერება დამრგვალებამდე, “ჰობიტსა” და “ბეჭდების მბრძანებელში” მრუდე გზათა ამბებია მოთხრობილი. ლინგვისტური თვალსაზრისით “სილმარილიონია” საბაზისოდ განსახილველი, რადგან სწორედ აქედან იწყება ენათა შობა. შეიძლება ითქვას, “სილმარილიონი” ხელოვნური სიტყვებითაა აწყობილი, რისი მოფიქრება ტოლკინს ჯერ კიდევ მოსწავლეობისას დაუწყია. შეცდომაა იმის წარმოდგენა, რომ ავტორს შემოქმედების მიმართ უეჭველი სიყვარული ამოძრავებდა. ერთ წერილში მოუხსენიებია თაყვანისმცემლისგან ნაჩუქარი ჭიქა, რომელსაც ამოკვეთილი ჰქონდა შავ ენაზე დაწერილი ცნობილი ბეჭდის სიტყვები, რისიც ისე შეეშინდა, მისგან წყალი არ დაულევია. ჩემთვის ეს ფაქტი ავტორზე ბევრის მიმნიშნებელია.
საურონის განადგურების მერე ბნელი ენის სიცოცხლე გაურკვეველია:
შეიძლება ამიტომ მოიფიქრა ისე, რომ მთავარი პერსონაჟის, საურონის, გადამწყვეტი იარაღი მეტყველება გახლდათ, ორატორული ნიჭი, რომლითაც სასურველ წრეში აღწევდა და სიცრუეს აფრქვევდა. ბუნებრივია, რომ ერთხელაც საურონმა თავისი პოლიგლოტურობა მსახურებისთვის ახალი ენის შექმნისთვის გამოიყენა. მაგალითად, ორკებისთვის, რომლებსაც საკუთარი ენა არ ჰქონდათ, სხვადასხვა ენიდან რაც შეეძლოთ იმას იღებდნენ და გემოვნებისამებრ ჟარგონებად აქცევდნენ. საქმე კი ისეთ არეულობამდე მიდიოდა, რომ სათქმელს ერთმანეთსაც ვერ აგებინებდნენ. ამიტომ საურონმა დრო მოიმედე ენის შექმნას დაუთმო. გნომთა ჟესტიკულაცია რომ არ ვიგულისხმოთ, არდაში ეს ერთადერთი ხელოვნური ენა გახლდათ. არდა სამეფოა, სახელი დედამიწისა, რომელიც მანუეს (მიქაელ მთავარანგელოზის ანალოგის) სამეფოდ ითვლებოდა.
საურონმა შავი ენა ბნელ პერიოდში შექმნა, მაგრამ მისი პირველი მარცხიდან დავიწყებას მიეცა და მხოლოდ ნაზგულებმა ანუ ბეჭდისმსახურებმა შემოინახეს. აღზევებისას ბარად-დურისა ანუ შავბნელი კოშკისა და მორდორის სასაუბრო გახდა. ასევე ოლოგ-ჰაიმ, ტროლთა რასამ, რომელიც საურონმა მესამე ეპოქაში გადაიყვანა, არ იცოდა სხვა ენა გარდა ბნელეთისა და ბნელეთიდანაა მათი სახელიც. მკვლევართა ნაწილი თვლის, რომ თავად შავი ენის დასახელება საურონს არ უბოძია და სხვა ხალხებმა მისდამი ნეგატიური ასოციაციით უწოდეს. თუმცა ნაწილი ემხრობა საურონის სიყვარულს მუქი ფერებისადმი, აკვირდებიან რა მისი მეომრების სახლებსა თუ ტანსაცმელს. შესაბამისად, ენისთვის ამ სახელის მიცემით შავი თავის ოფიციალურ ფერად აღიარა.
ბნელი ენის შექმნისთვის საურონს ძირითადად მაღალ ელფთა და ვალარიანთა ენის ცოდნა დასჭირდა:
ვალარები უმაღლესი ძალა იყო არდაში, საიდანაც იყო მელკორი, ამიტომაც საურონს არა მხოლოდ ესმოდა მათი საუბრის, არამედ შეისწავლა და ენის შექმნისთვისაც გამოიყენა. მაგალითად, ბეჭედი – ნაზგ – შეიძლება აღებული იყოს ვალარინთა მსგავსი სიტყვისგან – ნასკად. მეტიც, შეიძლება ვალარიული საურონის მშობლიური ენაა ან გაიცნო მაშინ, როდესაც ტყვედ ჩავარდა. ნებისმიერ შემთხვევაში, მსახურებს კორექტირებული ფორმით მიაწოდა. შემქმნელმა გამოიყენა მაღალი ელფური, ოღონდ ხმოვანობა მოაკლო და სიუხეშით დატვირთა, რაც მან რთული თანხმოვნების გამოყენებით მოახერხა. თავად ელფებმა კი ვერაფრით აითვისეს შავი ენა და მას მძიმედ და ზიზღით წარმოსათქმელად აღიქვამდნენ. არსებობს რამდენიმე ვარაუდი თუ საიდან უნდა სცოდნოდა საურონს ელფური. მაგალითად, მათი ორკებად ქცევის გენურ ინჟინერიამდე შეისწავლა, რადგან მაია იყო არ გაუჭირდებოდა მათი გაგება. არცაა გამორიცხული სიტყვათა გამოგონების შემთხვევითი პრინციპები.
ბნელი ენა ფონეტიკურად საშიში არაა, მისდამი დამოკიდებულება სუბიექტურია:
ბნელი ენის ფონეტიკა შედგება ხშულებისაგან: b, g, d, p, k, t;
ნაპრალოვნებისგან: th, gh, შეიძლება f და kh-ისგან, რადგან ორკთა სახელებში გამოიყენება არ ვიცით რამდენად ამ ენის კუთვნილებაა;
ლატერალი l-ისგან;
ვიბრანტებისგან: r;
ნაზალები n და m-ისგან;
ასევე s, z, sh-ისგან.
შეიძლება მოცემული ასო-ბგერები სრული არ არის ამ ენის გასაიდუმლოების გამო.
ხმოვნებიდან ვიცით a, i, o, u, თუმცა o იშვიათად ცოცხლობს.
ასევე გვხვდება â და û (ან ú). დიფთონგი au იხმარებოდა ორკთა სახელებში, ხოლო დიფთონგი ai ფართო მოხმარების იყო. სამწუხაროდ, ორკთა სახელების ანალიზი, წარმოშობა არ წერია.
ის კი ვიცით, რომ საურონს ხმოვნებისადმი სიყვარული არ ახასიათებდა და სიტყვებს, ძირითადად, თანხმოვნებით ტვირთავდა.
ცნობილია, რომ ორკები ხშირად აცოცხლებდნენ ოვულარულ r-ს, რომელიც წარმოითქმის ფრანგულ-გერმანული აქცენტით, რაც ელფებს განსაკუთრებით ეზიზღებოდათ. მკვლევართა ნაწილი ამ ბგერას არქაული შავი ენის გადმონაშთად მიიჩნევს ორკულ დიალექტში.
რაც შეეხება სიტყვების წინა ნაწილში შერწყმულ თანხმოვნებს, ესენია: sn, thr, sk. ხოლო სიტყვის ბოლოს შერწყმული თანხმოვნებია: rz, zg.
ფრაზა ბეჭედზე ბნელ ენაზეა დაწერილი:
“აშ ნაზგ დურბათულუკ, აშ ნაზგ გიმბათულ, აშ ნაზგ თრაკათულუკ აღ ბურზუმ-იში კრიმპათულ”,ამგვარად ჟღერს შელოცვა ბნელ ენაზე, რასაც ქართულად ასე თარგმნიან:ერთი ბეჭედი მოძებნის ყველას, ერთი ბეჭედი მოიყვანს ყველას, ერთი ბეჭედი ბნელში შეჰკრავს ყველას”.  ახლა განვიხილოთ თითოეული სიტყვა:
აშ – ნიშნავს ერთს. მკვლევარები თვლიან, რომ ბნელი ენის არსებით სახელს მრავლობითი ნიშანი არ ჰქონია, ან იგივენაირად გამოითქმოდა, როგორც მხოლობითი. ამიტომ არსებით სახელებს წინ რაოდენობის აღმნიშვნელ სიტყვებს მიაწერდნენ.
ნაზგ – ბეჭედი. არსებობს ვერსია, რომ ეს სიტყვა დაკავშირებულია ვალარიანთა სიტყვასთან, რომელიც ბედის ბეჭედს ნიშნავს და გამოითქმის ასე: მაჩანანასკად, – საიდანაც ნასკად ბეჭედია. იგი ასევე გვხვდება რთულ სიტყვაში: ნაზგულ, – და ითარგმნება როგორც ბეჭდის აჩრდილი. ამიტომ ეძახდნენ საურონის მსახურებს ნაზგულებს.
აღ – კავშირი და, რომელიც სკანდინავიურ ოგ-ს წააგავს.
ბურზუმ – ბნელი, საიდანაც მოდის რთული სიტყვა ლუგბურზ ანუ ბნელი ციხე-სიმაგრე. ასე იმ ადგილის აღსანიშნად ხმარობდნენ, რასაც ელფები ბარად-დურს ეძახდნენ. აქედან გამომდინარე -უმ შეიძლება აბსტრაქციის მომცემი სუფიქსი იყოს, ქართველებს რომ გვაქვს -ობა.
-იში – სუფიქსი -ში. ბურზუმ-იში ანუ ბნელ-ში. ტრადიციულად ძირეულ სიტყვას დეფიზით გამოეყოფა, თუმცა ბეჭედზე ერთიანად წერია. ამის გამო ზოგი ვარაუდობს, რომ გეოგრაფიული ადგილის აღმნიშვნელი სიტყვები სუფიქსებთან მიბმულია და დეფიზს აღარ საჭიროებს.
დურბათულუკ – დურბ- თ- ულ- უკ – წარმოადგენს რთულ სიტყვას და რომ მართო ისინი ყველას ნიშნავს. ზოგი ამ სიტყვას შემდეგნაირად შლის: დურბ-ა-თულ-უკ.
მსგავსად იშლება სხვა ზმნებიც, მაგალითად, გიმბ-ათ-ულ (იპოვნო ისინი), თრაკ-ათ-ულ-უკ (მოიყვანო ყველა ისინი), კრიმპ-ათ-ულ (შეაერთო ისინი). ზმნები, რომლებიც მთავრდება სუფიქსით -ეთ, ითარგმნება ქართულში განუსაზღვრელი ზმნებისნაირად. აქვე მდგარი -უკ ნაწილი აღნიშნავს სიტყვებს: ყველა, ყველას, ყველასი.
დამატებითი სიტყვები რომ მოვაშოროთ ფრაზას და მხოლოდ ზმნები დავტოვოთ, უნდა გამოდეს, რომ ბეჭედი შეიქმნა იმიტომ, რომ იპოვნო, მოიყვანო და შეაერთო. შესაბამისად, ფრაზა მწყობრი სახით უნდა ითარგმნოს: იპოვნო, მოიყვანო და შეაერთო.
ბნელ ენაზე ნათქვამი წყევლა სუფთა სახით არ შემონახულა:
“უგლუკ უ ბაგრონკ შა პუშდუგ სარუმან-გლობ ბუდჰოშ სკაი”, – ამგვარად ჟღერს წყევლა ბნელ ენაზე, რაც კრისტოფერ ტოლკინმა ასე გადათარგმნა: “Uglúk to the cesspool, sha! the dungfilth; the great Saruman-fool, skai!” სხვა მკვლევრებმა კი შემდეგნაირად: “Uglúk to the dung-pit with stinking Saruman-filth, pig-guts, gah!” ვარაუდობენ, რომ აზრთა გაყოფა იმ გარემო პირობებმა გამოიწვია, რომ ბნელი ენა სუფთა სახით არ არსებობდა და მსახურები სერიოზულად არ ეპყრობოდნენ გრამატიკას. უკვე ვიცით, რომ ასო-ბგერა “ო” ბნელ ენაში არ გამოიყენებოდა, შეიძლება მისი შემცვლელი ასო-ბგერა “უ” ყოფილიყო.  რაც შეეხება “აშ”-სა და “სკაი”-ს, ისინი არ ითარგმნება.
ბნელი ენა საიდუმლო ენას წარმოადგენდა, ამიტომ რამდენიმე სიტყვის მნიშვნელობა ვიცით:
ოლოგ-ჰაი და ურუგ-ჰაი ერქვათ ხალხებს, რასებს, სავარაუდოდ, საურონმა რომ შექმნა. ამიტომ ფიქრობენ, რომ ცალკე “ჰაი” ნიშნავს ხალხს ან რასას.
რადგან მხოლობითსა და მრავლობითს შორის განსხვავება არსებით სახელებში არ გვხვდებოდა, ნაზგულები რაოდენობით სახელებს ურთავდნენ, მაგალითად, აშ ნაზგულ ან ნაზგულ-ჰაი, ერთი ბეჭდის აჩრდილი ან ბეჭდის აჩრდილთა რასა.
დღეისთვის ბნელი ენის თაყვანისცმემლები ერთიდან ათამდე შემდეგნაირად ითვლიან: აშ, კრულ, გახ, ზაგ, კრააკ, რუთ, უდუ, სკი, კრით, გალ.
ახლა უკვე არის მცირე, ორგვერდიანი ლექსიკონი შედგენილი, სადაც ბნელი ენა გაშიფრული სახით გვაქვს, სხვა ენებთან არეულობის გამო. მაგალითად, წერია, რომ “მორ” ნიშნავს შავს, “გორ” – სიმაგრეს და სხვა, რაც სხვა ენებიდანაა ნაწარმოები.
შემდეგ სიტყვებს, თვლიან, რომ ბნელები იყენებენ, თუმცა დიდი ნაწილი საურონისგან მოფიქრებული არ არის:
კაშაგ – ფრენა; ზეკნურზ – ხტომა;
ბარლუგ – ხმალი; დენზურ – შუბი; გოშურ – ფარი;
დეზნუშ – შთამომავლობა; გოლუგ – ელფი; უნგოლ – ობობა; კუზუ – გოლიათი; ოლოგ – ტროლი; ურუკ – ორკი; შარა – კაცი ადამიანი; ფუნგა – ვაჟი; გოგუ – ძველი; შარკუ – მოხუცი კაცი;
შარ – არა; აკნუ – სიცარიელე; დული – უკან; ზირფონ – წინ; სუნდუგა – სწრაფად;
დუმპუგა – მოკვდა; მოკუმ – სიძულვილი; უფუმ – შიში;
შაჰბურზ – ბნელი ლორდი; მაუ – მეომარი; ნაშ – სისხლი/ხორცი; ბაგვა – სახე; ღაშ – ცეცხლი;
-იზგ – მე სუბიექტურ პირში; -იზიშ – მე ობიექტურ პირში; -იზუბ – ჩემი; ლათ – შენ; ლაბ – შენი;
სილმარილთა როლი ბნელი ენის შექმნაში:
ამბობენ, რომ შუამიწეთი არა დედამიწის ჰორიზონტალურ ცენტრს, არამედ, ვერტიკალურ მდებარეობას ჰქვია, რომელიც დედამიწის სიღრმეშია განლაგებული და ატლანტიდის ალეგორიას წარმოადგენს, შანგრილაა. ანუ არსებობს სამი ფენა დედამიწაზე: გარე, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ; ხვრელი, არხი, რომელიც ვიღაცამ გაიყვანა, შუახმელეთი დაარქვა; და უფრო ღრმა შრე.
ამ შუა ხმელეთში ბრწყინავდა სამი იშვიათი ქვა, სახელად სილმარილი. იგი ფეანორმა, ფინიუსის ძემ, ფეანურული დამწერლობის გამომგონებელმა, იგივე ცეცხლის სულმა, ვალინორის ორი ხის გახმობამდე დაამზადა და შიგ ხეთა შუქი მოათავსა. არავინ უწყოდა ნივთიერება, რომლისგანაც ისინი შეიქმნა, ბრილიანტის კრისტალებს ჰგავდნენ, ოღონდ ანდამანტზე მტკიცენი იყვნენ და განადგურებას არ ემორჩილებოდნენ. მაგრამ კრისტალი მხოლოდ ჭურჭელია სილმარილთათვის, როგორც სხეულია ჭურჭელი ილუვატარის შვილებისთვის, შიგნიდან ცხოველმყოფელი ცეცხლი ანათებდა, რაზეც არდას ბედი ეკიდა.
შეიყვარა მელკორმა სილმარილები, როგორც ბნელმა ნათელი და მათი დაუფლება მოინდომა. იდეისთვის საურონი, როგორც ლუციფერი, იმსახურა სატანამ. საურონმა მსახურებად აჩრდილები შემოიკრიბა, ბეჭდის ირგვლივ ენის საშუალებით შეკრიბა. ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ მელკორი სამყაროს შექმნამდე სიცარიელეში მარადიული ცეცხლის საძიებლად დაეხეტებოდა, იარა, იარა და არდაში სილმარილები აიკვიატა.
ის.

გეორგია როგორც ჰოგვარტსი და ყვავილების შხაპი

tumblr_mgnopnW5vO1r66km2o1_500

კიკნაძის ჩაწერილებში სააღდგომო კვერცხების ქართული წარმომავლობა მოვიძიე, ამბავი ძმებისა, დიდი მარხვის პირველ კვირაში კვერცხებს ცეცხლზე რომ შედგამენ და ორმოცი დღით ჩაეძინებათ, გაღვიძებულზე კი აღმოაჩენენ, რომ კვერცხები წითლად შებრაწულიყვნენ. მე არ ვარ იუნგი მითებისგან არქეტიპები რომ შევქმნა და არც ლევი სტროსი, არქეტიპებს შევეწინააღმდეგო და ისინი სინქრონიულ-დიაქრონიულ ასპექტში განვიხილო, მაგრამ როგორც მოყვარული კომპარატივისტი, ამ პროფესიის განსაზღვრებას საყვარელ წინამორბედს დავესესხები: ნაკლებადაა ჩემი ინტერესის სფერო კერძოდ სამოთხე ან კერძოდ ჯოჯოხეთი, არამედ, მათი ურთიერთმიმართება, – ამიტომ ასე დუალისტურად მაღფრთოვანებენ მითები, რომელთა გაგებისთვის დამატებითი თქმულებებია საჭირო, იქნება ეს წითელ კვერცხებზე ამბების დაკრეფა თუ სხვადასხვა რელიგიური დღესასწაულის ერთმანეთით ჩანაცვლება.
ამიტომ დავხატე გოლუმის გარეგნობის მქონე ნოე, რომელმაც ათი საუკუნე განვლო და ქედივით თეთრწვეროსან კაცად ვეღარ წარმოვიდგინე; წმინდა გიორგი, რომელსაც ჰარი პოტერის ჯადოსნური შუბი აქვს და სამძიმირის ნაცვლად ჰერმიონას იხსნის გველისგან. (ინსტაგრამი) გაგიკვირდებათ და მე სულაც არ მსურდა ქრისტიანობის შეურაცჰყოფა, პირიქით, ქრისტიანობის პოპ კულტურასთან ადაპტირება. ავხსნი: ეკლესიისა და მრევლის სიჭარბის მიუხედავად, იმ სივრცეში სადაც ყოველდღიურად მიწევს ცხოვრება, იქნება ეს სამეზობლო წრე, სამუშაო ადგილი, სანათესაო თუ სამეგობრო, ათეიზმი უკვე კომფორმიზმია და თუ როდისმე ვნახავ ადამიანს, ვინც ტაძარში წაყოლას მთხოვს, ჩემთვის საკმაოდ უცხო, მასისგან გამორჩეული ნაბიჯი იქნება. მაგრამ ჩემი საზოგადოების დიდი ნაწილი ხშირად საუბრობს რელიგიის ზღაპრულობაზე უარყოფითი კუთხით, როდესაც ფენტეზი მათი საყვარელი ჟანრიაjeromelim-277a3715  ეს ორმაგი სტანდარტები კი ისეთივე ალოგიკური მგონია, როგორც ბერიკაობის მომხრეთაგან ჰელოუინის კრიტიკა, მხოლოდ იმიტომ, რომ ერთს არ აქვს ეროვნული ფუძე. ეს კი იმის ფონზე, რომ ორივე რიტუალი მკვდრების ერთი მიმართულებით აღდგენას ეხმიანება. პირადად მე, იმდენად მხიბლავს კოსტუმირებული წვეულებები, თანაც თუ ჰორორის ფონზე მიმდინარეობს, რომ შემიძლია ნებისმიერ აქტივობას შევუერთდე, მითუმეტეს, თუ გადაცმული საღამოები დასაშურებელია საქართველოში. ხოლო როდესაც ვუყურებ ამ ჩემს ქვეყანას ვხედავ ადამიანებს, რომლებსაც მაგია არ აინტერესებთ, სანახევროდ ადამიანებს და სანახევროდ მაგებს და მაგებს; მაგებს ანუ მრევლს რომლებიც უკვე თავის მხრივ იყოფიან კეთილებად და ბოროტებად. მე ხომ არ მაინტერესებს ტოლკინის, როულინგის და სხვა ფანტაზიორთა სამყარო რამდენად არსებობს და ისე მხიბლავს, შესაბამისად, თომას, იოანეს და სხვა მოციქულთა ამბების სინამდვილე ნაკლები ინტერესის საგანია.
აღდგომა ვახსენე და დღესასწაულებისადმი პროტესტის მიუხედავად, ჩემი საყვარელი დღე სულთმოფენობაა. ის, რაც დავითაშვილთან არის აღწერილი, მჭედლების გრდემლზე დაკვრა სწორედ ამ მოძრავ თარიღთანაა დაკავშირებული. შეიძლება იმიტომ, რომ ჩემი მჭედლიძეობის გამო სისხლის ყივილს ვგრძნობ; ან მთიულეთში ხშირი ქეიფის გამო, როცა ნებისმიერი ვახშმის დროს, როგორც გურულებს აქვთ მშვიდობის სადღეგრძელო პირველ ადგილზე, ჩვენთან იძახიან “მივაგებოთ”-ს, “მათ ხელთ ყოფს” და სვამენ; ქორწილის რიტუალებშიც კი წინაპრების სულების მოგონებითაა სუფრა გაჭედილი და კაი სინტოელივით ტაძრის ნაცვლად გვარის სალოცავებში ლოცულობენ, გენეტიკაა ორივესთვის მთავარი ღმერთი და სულთმოფენობა ვეგანური დღესასწაული, ბუნების ზეიმი. ამიტომ მიკვირს ხალხისგან, ვისაც სინტოისტური ფილოსოფია ხიბლავს, ჩვენთან აღნიშნულ წინაპართა და მცენარეთა დღეს რომ ვერ ამჩნევენ. დღეს, როცა ყვავილების დაჭერისას ვლოცულობთ, თაიგულებს ერთმანეთს ვუნაწილებთ და სხეულს ამ მცენარეებისგან ვიბანთ, მერე ჩვენთან შერწყმულ ყვავილების ნახარშს ბუნებას ვუბრუნებთ და მცენარეებს მოვრწყამთ, ჩვენს სხეულებთან ერთად რომ ამოიზარდონ. ქრისტიანობამ თუ ადამიანი მიწა-ბუნებას მოაშორა, მზისა და ზეცისკენ სწრაფვა მისცა, სულთმოფენობაზე გამონაკლისი დაუშვა და გაამიწიერა. პატრიარქს აკრიტიკებენ, რომ მაგიური რიტუალებისკენ მოწოდება დაიწყო, ბოლო დროინდელი ქადაგების გარდა, მანამდე ისაუბრა თანადროული სიტყვების აღვლენაზე და tumblr_inline_mrk9pelCCi1qz4rgpსხვა. მაგრამ ჩახედულმა პირმა იცის, რომ მაგიას აქვს განხრაც, როგორც წრეებში უწოდებენ “საეკლესიო მაგია”. მაგალითად, ნალოცავი სანთლის ტაძრიდან სახლამდე მიყვანა და კარის ჯვარის ფორმით ამოწვა. და თუ კლასიკურ განსაზღვრებას დავეშურებით რელიგიისა და მაგიის განსხვავებებზე, რომ რელიგიისას ადამიანი მიიწევს ღვთაებრივისკენ და მაგიისას ღთაებრივი მოიწევს ადამიანისკენ, სულთმოფენობა ორივეს ნაზავია, ბუნებრივისა და ადამიანის ნაზავია. მე კი ძალიან მწყდება გული, ამ დღესასწაულის არასათანადოდ დაფასების გამო. ვწუხვარ იმიტომ, რომ ამ დღეს მე არავინ მაჩუქებს მინდვრის ყვავილების თაიგულს და არავინ მეტყვის რომ შევერწყა ჩემს წინაპარ ბუნებას.

vol.11.

15517372040_ad6d183b77_hk

 

როდისმე ნისლში დაგილევია?
უღრან ტყეში ფოთლების გუნდაში რომ ჩასხდებით, და ბოთლიანი ხელები გიჩანს როგორც ჰორიზონტზე დანახული უღრანი ხეები, როგორც მანქანის ჩაორთქლილი მინები. იორთქლებ, რომ შემატო ხელებს ნისლები.
თეორია მაქვს: ნაღველს იმდენი სითხე უნდა დავუმატო, რომ აორთლდეს. ბოღმიანი ქალების შედედებული ნაღველი დავალბო და ფრიი.. გავქრეთ.

 
15516805298_908c0db5e5_o

რატომ ვკითხულობთ წინასწარმეტყველურ რომანებს? ავრორას მაგალითი

msofliotakol

გუდრდსში ერთი კალუსტროფობიული ავტორი გავიცანი ჯ.ს. ჯენსენი, რომელმაც “ავრორას აღზევების” (“aurora rising”) ტრილოგიის მეორე წიგნი “თავბრუსხვევა” (“vertigo”) რამდენიმე კვირაა რაც გამოსცა ასევე პატარა სივრცის მოშიშარი მკითხველებისთვის, ხოლო პირველი ნაწილი “starshine” სადღაც ნახევარი წელია არსებობს.
თუ პეიზაჟის თემა რომანში შევიწროვდა, კოსმოსის აღწერა ჯერაც აქტუალურია. მითუმეტეს ჩემთვის, რადგან ვარსკვლავების დათვლა მესიამოვნება. ტრილოგია წარმოადგენს სამეცნიერო ფანტასტიკის წინასწარმეტყველურ ჟანრს და რძიანი გზის კოლონიზაციას, როგორც მე ვიტყოდი, კაკაოდ ქცევის ვარიანტია. ავტორი ჯერ გვთავაზობს რუკას და მთელი რომანების მანძილზე ნახაზებზე ცვლილებების შეტანას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ წიგნები მომეწონა, ვისურვებდი მეტი ფუტურისტული ფრაზის, თუნდაც პროფესიული სლენგის წაკითხვას. ასეთი სნობი ვარ.  ხოლო მიზეზი, რატომაც წიგნებმა ჩამითრიეს, გახლდათ მუდმივი შიშის ქვეშ ყოფნა, რომ ისედაც ომიანობის დროს იცი, რომ შენ თვალწინ გადაიჩეხებიან შავ ხვრელში უცხოპლანეტელები და ადამიანები, რა მოხდება თუ დედამიწის, მთვარისა და მარსის მასა გაერთიანდება, თან როგორ დასრულდება საიდუმლო პორტალის ძიება – ანუ შინაარსი. შინაარსი კი ნოვატორული იმდენად არ არის, რამდენადაც დაფუძნებულია სხვადასხვა ვიდეო თამაშებზე. მაგრამ ძალიან ბევრი ინფორმაციაა შეკრებილი, რაც უკვე შემეცნებითია.

Concept Art_Starship HUD
წიგნის ზოგადი შინაარსი:
2300-იან წლებამდე დედამიწა გავიდა კოსმოსში და საკუთარი ალიანსი (Earth Allience) შექმნა სენექანის ფედერაციისა (Senecan federation) და დამოუკიდებლებს (independents) შორის. მთავარ როლშია ა) ხომალდის მძღოლი და კოსმოსის მზვერავი ალექს სოლოვი, რომელიც წარმოადგენს დედამიწას, არის მებრძოლი ოჯახიდან;  ბ) სენექანის რესპუბლიკის საგანგებო ოპერაციების ინფორმატორი აგენტი ქალებ მარანო. ისინი ბრალდებულნი არიან ტერორისტული აქტისთვის და ქვაკუთხედად ნებულას პორტალის გახსნას ისახავენ, რომელიც თავის თავში კაცობრიობის წარსულსა და მომავალს მოიცავს.
ამაზე გამახსენდა, რომ ავტორის ბლოგინგიდან, სადაც რომანებს პოსტებს მოაყოლებს, გამოაქვეყნა სტატია თუ რა ისწავლა ტრილოგიის წერისგან. ამ და საკუთარი მკითხველობითი ლეველიდან გიზიარებთ:
1. თუნდაც მთელი დღე გუგლის ყოველი ნახვრეტის ხმარებაში გაატარო, ეფბიაის კარებზე არ მოგაყენებს (და ალბათ არც ნასას), რათა ლაზერული იარაღების გამოცდაზე მოგიყვნენ ან ჰაკერულ უნი ვირუსებზე. აქ ავტორს იმედი აქვს, რომ ეფბიაი მის კართან მართლაც არ მივა ამდენი ასაფეთქებლის დაგუგვლის გამო.
2. მკითხველთა ნაწილს არ მოეწონა ფინალი ე.წ. მაგნიტური სტილით. არა და ეს ხერხი სერიული წიგნების შემთხვევაში მომდევნო ნაწილის გაყიდვაში უკეთ ეხმარება, ხოლო ავტორს უყვარს მაგნიტური სტილით დამწყვდეული ტიპები და მადლობას უხდის მათ.
3. ჩემთვის სამწუხაროდ, ვისაც დიალოგებიც კი სამეცნიერო ლიტერატურაში ნერვებს უშლის, პეიზაჟებად ჩართული ურთიერთობების გარჩევები მაღიზიანებს და “ლოუ ტექის” კატეგორიაში გამყავს, და ამის თვალსაჩინო მაგალითი ჩემთვის ლათინური საი ფაი სერიალი “კიდობანი” იყო (პირველ სეზონში თუ კიდობანი ოკეანედ ქცეულ დედამიწაზე თევზების სხვადასხვა სახეობას გვაცნობდნენ, მეორე სეზონში “დედაჩემს რატომ უღალატე” გარჩევები დაიწყო), – ავტორი სწავლობს, რომ რამდენი კიბერნეტიკული პოზიციაც არ უნდა აღწეროს, პერსონაჟს დიდი მნიშვნელობა აქვს და ნეტა არ ესწავლა. იმდენი გამოუსადეგარი პერსონაჟი გვხვდება თუ “იარაღი”, რომლებსაც “არ გაუსვრიათ” ან მესამე ნაწილისთვის ინახავენ თავებს.
4. აღარაა საჭირო ტრადიციული გამომცემლობა პოპულარობისთვის, ყოველთვის გამოჩნდებიან სამეცნიერო ფანტასტიკის ნერდები დასავლეთ ნებრასკაზეც კი, აქვე არსებობს იმედი, რომ “სტარშაინმა” ადამიანი ლოთობისგან იხსნას.

Concept Art_Uncharted
მართლაც, რომელი ოცდამეერთელი არ ისურვებდა სასიყვარულო თავგადასავალს გალაქტიკურ წვიმებში, ბოლო-ბოლო მთვარის შუქი ხომ შეყვარებულთა ფეტიშია, მაგრამ შთაბეჭდილება მექმნება, რომ მწერლისთვის ურთიერთობებზე წერა გაცილებით ადვილად გამოსდის და პროფესიული სლენგის უქონლობის ორმოს ამოავსებს.
მიუხედავად ამისა, გუდრიდსში რომანებს მაღალი შეფასება მივეცი, რამდენიმე მიზეზის გამო:
1. სუბიექტური მიზეზია. ვიცი, რომ დიდი ხანია კოსმოსური ფანტაზიით არ მიცხოვრია და უფრო დიდი ხანია ასეთი აღფრთოვანებით წიგნი არ წამიკითხავს. თუმცა გუდრიდსში მონიშნული ასტრონომ-ასტროლოგიის დოკუმენტური წიგნებით ვასკვნი, რომ, მართლაც, კოსმოსი ჩემი ფეტიშია.
2. როგორც ავტორის ქმარი აკომენტარებს,”ომი და მშვიდობაზე” ადვილად მაინც იკითხება ეს წინასწარმეტყველური ჟანრიო.
3. ეს ქალი მართლა ბევრს შრომობდა, თუნდაც საკუთარი სახელების შერჩევაში. შრომის დაფასებასთან ერთად ამან თამაშის აზარტი გამიჩინა და კითხვის კვალდაკვალ ვგუგლავდი ამ კერძო სახელებს – იქნება სიმბოლოების ახსნისგან სპოილერი მიმეღო. ასევე დამიგროვდა ვერსიები ტრილოგიის მესამე ნაწილთან დაკავშირებით.
4. გადმოსცა ის, რისი თქმაც უნდოდა, რა ფაქტორიც, ყველაზე მნიშვნელოვანია მწერლისთვის.
ერთხელ ერთმა ნაცნობმა დაასკვნა, რომ ფანტასტიკურ ნოველებს, მხოლოდ უპრობლემო ადამიანები კითხულობენ და ჩემი ჩართულობაც პირადული ცხოვრების არ ქონის გამო მოხდა. მაგრამ თუ უფრო ღრმად დავფიქრდებით, რატომ აინტერესებთ ადამიანებს წინასწარმეტყველება და ამისთვის თუნდაც ყავაში იხედებიან? ან რა სარგებლობა მოაქვთ ადამიანებს, რომლებიც მომავლის დაგეგმარებაზე წერენ? ჯ.ს. ჯენსენი ასეთ პასუხს იძლევა: we need someone to dream.
ნუთუ მხოლოდ ამიტომ? რაც შეიძლება მეტი რეალობა უნდა შეიქმნას, რაც მომავლის მომზადებაში, დაგეგმარებაში დაგვეხმარება. როგორც, თუნდაც, თითქოს არაფრის მომცემი, მკითხაობებიდან მოვლენების შესაძლო განვითარების წარმოდგენებთან გვაქვს საქმე, შანსი, რომ  სხვადასხვა ვარიანტზე ვიფიქროთ. თუ ისტორია, ცნობილი გამოთქმის მიხედვით, არის “რა მოხდა”, ხოლო ხელოვნება “რა შეიძლება მომხდარიყო”, ფანტასტიკური ხელოვნება წარმოადგენს თუ “რა შეიძლება რომ მოხდეს”. და ჩვენ მართლაც გვჭირდება ამბიცია, რომ ვიოცნებოთ. უნდა ვკითხულობდეთ, რომ მოხდეს.

თანამეწიგნეები და სხვები

tumblr_mz5dqt0GGw1tp9105o1_500

ხომ არსებობენ სქულმეითები, სოულმეითები (რა კარგი სიტყვაა თანამესულეები), ასევე არსებობენ ბუქმეითები.
როგორც ყველა სოციალური ქსელის შემთხვევაში მოხდა, გუდრიდშიც გვიან დავრეგისტრირდი. ავიყოლიე ჩემი თანამშრომელი და ჩელენჯი მოვნიშნეთ ასამდე. საზიარო მაგიდაზე დავიწყეთ კითხვა და გამისწრო. არა, რაც არ უნდა გამიჭირდეს და ვაგებდე, რიცხვს მაინც არ შევცვლი. აღმოჩნდა, რომ ჩემი წასაკითხი წიგნები, ბევრი არაა დარეგისტრირებული. იმისთვის, რომ ატვირთვა შევძლო, უნდა წავიკითხო და იმისთვის, რომ წავიკითხო, უნდა ავტვირთო. ჰო და, ბოლო პერიოდია მე და ჩემი თანამშრომელი სტიმპანკურ რომანებს ვეცნობით. მაგალითად, მექანიკურ საათიან კონკიას. “სატახტო თამაშებიც” ვერ მივიყვანეთ ბოლომდე.
ზაფხულში შვებულება რომ მქონდა, ჩემი ციფრული მეს პარალელურად ხანდახან საჯარო ბიბლიოთეკაში მივდიოდი. ვერანდაში ჩავჯდებოდი და ბალახებმოსხმული კედლების ფონზე ვკითხულობდი. აქ შეიძლება გენახათ ლექტორები, რომლებიც ცდილობდენ სტუდენტებისთვის სისხლი გაეშროთ და რაც შეიძლება მეტი სცოდნოდათ; იყვნენ წვერმოშვებული ბიჭები სასულიერი სემინარიიდან, რომლებსაც სახარების ქვეშ ანთროპოსოფიური ლიტერატურა ეწყოთ; ბავშვები, რომლებიც ბაბუებმა მოიყვანეს და უცხოპლანეტელებზე აკითხებდნენ წიგნებს.
იმ დროს მე ბლავატსკაია ელენა მაინტერესებდა, შტაინერის მოძღვარი, იმ შტაინერის, რომელიც ტოლკინის პლატონური მოძღვარი გახლდათ. საბოლოო ჯამში მოსწავლე რომ განუდგა ელენას, აქაო და ქრისტე ნუ ჩამოაქვეითეო. საინტერესო ლოგო ჰქონდათ თეოსოფებს და ამან მიმიზიდა. ელენას კი ისეთი თვალები, ერთი ეგ დაგამახსოვრდებოდა და მეორე ის ავღანელი გოგონა, ნაციონალურმა გეოგრაფიამ ფოტო რომ გადაუღო. იყო ქალი, რომელიც პროლოგში დაწყებულ დრედებივით ჩახუჭუჭებულ წინადადებას ლამის წიგნის ბოლოს ამთავრებს. ვკითხულობდი, რომ ევულუცია ემბრიონის განვითარების ფორმებში უნდა ვეძიოთ და ერთმა ძველმა ფორუმელმა დამირეკა, წამოდი ნაფარაულზე პიცა ვჭამოთო. აქამდე მარტო ორჯერ მენახა და სიხარულით დავთანხმდი, რადგან უცნობებთან საუბარი მიყვარს: თითოეულზე მგონია, რომ ის ის არის, დაბალანსებურ თემებზე ვისაუბრებთ და მეგობრობის რადიკალიზმში არ გადავვარდებით. ადვილია.
სასაცილოა, მაგრამ თავიდან მამაჩემის გამო გამიცნო, პოლიციელის შვილები მიყვარსო და ერთად გადაღებულ საოჯახო ფოტოებს ვაჩვენებდი. თვითონაც თანამშრომელია. მოკლედ შეჭრილი თმიანი ქალი იარაღით. ორივე გამოეჭვიანებული ნატურაა, ერთი პერიოდი ვგეგმავდი, ერთმანეთს გავაცნობ მეთქი. სხვა ჩვენ რა საერთო უნდა გვქონოდა?! დის შვილთან ერთად მოვიდა და უხერხულობის დასაფარად, ბავშვს ვეფერებოდი. დაკარგულ მეგობრებზე ვჩიოდით. ბოლოს სიჩუმის დასარღვევად ვიკითხე: – კითხულობ რამეს?
– ბლავატსკაიას…არ გეცოდინება.
მე კი ჩემი წიგნი ამოვიღე ჩანთიდან: – მეც.
დამამახსოვრდა ის დღე.

ტიკინა პატარა ბიჭი

მინდა გიამბოთ ცისფერ თმიანი გოგოს ამბავი, სიმართლეს ილუზიისგან რომ ანსხვავებდა და პინოქიოს ცხვირი ეზრდებოდა. ფსიქოდელიურ ტყეში ცხოვრობდა მატყუარა ბიჭის ლოდინით და ზრუნვით ფერია. ლეგენდის თანახმად, სევდისგან დაიცალა და მოკვდა, მოკვდა, ოღონდ როგორც მისი მფარველი და გაჩნდა ქალი, დედა. ხის კაცის ადამიანად ქცევის პირობით. მერე დაიწერება მეცნიერული ფიქციები რობოტის ჰუმანურობაზე, ცისფერთმიანმა იაპონელმა ოცნება რომ მისცა, ფენტეზები, ხეთა სულიერებაზე, ტყის ალქაჯის შვილობილებზე, მაგრამ ორასი წლის წინ პაპა კარლომ წარმოიდგინა ცისფერთმიანი ქალის ხის ტიკინა პატარა ბიჭი.

დილაობით ჩემს ქუჩაზე დაცვარული ფოთლები ყრია, ოღონდ ფანჯრიდან ფოთლებს ვერ ამჩნევ და გგონია, რომ სერ ასფალტზე ფოთლის ფორმები თეთრად ხატია. იისფერია სახურავებზე თოვლი, როცა მზე ხვდება, თავზე ამინდი მემჩნევა, – ცისა ფერს, თმისა ფერს. დილაობით უნებურად დამჩემდა პარკებში ხეტიალი და უცნობებთან მოხუცი ქალივით საუბრები, სახლში შვილიშვილებს პენსიის კვირას კალთაში დამალული მამალოებისთვის რომ უყვართ და მტრედების დაპურება. ერთხელაც ერთი ბიჭი ცისფერ თმაზე მიყურებს და ცრემლებით მეკითხება: – ცხვირი მართლა გამეზრდება? – ვიღიმი.

57678568765

და ვინჩის დემონები

tumblr_inline_ml1l0q0q4D1qz4rgpდისქავერზე ვუყურებდი როგორ დაირაზმებოდა სპეც. ჯგუფი და და ვინჩის ჩანახაზების მიხედვით მექანიზმებს აწყოდბნენ, შემდეგ ბიბისი-ზე გადავრთე, სადაც ისტორიული ფენტეზი “და ვინჩის დემონები” დაიწყო.
სერიალი ახალგაზრდა ლეოს ცხოვრებას გვიჩვენებს, რისთვის და როგორ ვითარებაში მოსდიოდა იდეები თავში და თითო სერია თითო გამოგონების ახსნას წარმოადგენს. ვუყურებ ნახატებსა და იეროგრიფებში ჩადებული კოდების ინტერპრეტაციებს.
იქვე თვალს ვადევნებთ ფლორენციის შიდა თუ გარე პოლიტიკას, იმ ქალაქის, სადაც “დეკამერონის” დადგმა არ გაუკვირდათ და დიდგვაროვნები გლეხებს სახელებით ცნობენ, ებრძვის რომსა და ვატიკანის რელიგიას. სცენარი აკინძულია იმ დროინდელი კაბალის, ნოტიკის, აკაშის ქრონიკების, კელტური პოლითეიზმისა და უპანაშვიდების მიხედვით და ქვაკუთხედად მითრას მისტერია გვაქვს, როგორი იქნებოდა ფილმი იმ დროინდელ რენესანსზე საიდუმლო ორდენების გარეშე. female-head
პლიუს ვნება ხომ ყველგან უნდა გაიკვეხოს და ლეოს ინტიმური კავშირები მოწაფე ბიჭუნებთან და მარჩვიბ ქალთან (თვითონ მერწყულია): “შეიძლება ხალხის მანიპულირება გიყვარს. მაგრამ მე უფრო.”
ამჯერად, სერიალის ოფიციალურ გვერდზე ვტრიალებ, სადაც მონაწილეები ტაროს გეთამაშებიან და სქემების მიხედვით მექანიზმებს ონლაინით აწყობ. გამოგიტყდებით და თამაში სერიალზე მეტად მომწონს. აუ, ეს ფრთა სად გავუკვეხო?

კიბერნაბიჭვრები

12s

ადრეც დავწერე, ბებერი გოგონას მსგავსად ცამდე კოშკში გამომწყვდეული რომაა და კენტავრს ელოდება, ფანჯარასთან ვიჯექი და მფრინავ თეფშზე ამხედრებულ უცხოპლანეტელს ვეძებდი. იქნება ჩემი სახლის სახურავზე ჩამოვარდნილიყო, მარტო მე რომ მცოდნოდა მისი არსებობა, უმზეო დღეები, როგორც კოსმიური სივრცის ანალოგია, ერთად გადაგვეტანა და თაფლობის თვე მის დედულეთში, ცხრა ხვრელის იქით, გაურკვევლობაში გაგვეტარებინა. მერე სიმსი ვითამაშე.

“დაბურულ მინაში თვალები არ ჩანს, ანუ არ ჩანს, რომ ადამიანი ჭკუიდან იშლება და შეიძლება საშიში გახდეს. ეს მეოცნებე ადამიანის სიმბოლოა, მზეს რომ უყურებს”, – ბრიუს სტერლინგი.

კიბერპანკში სიუჟეტი ხშირად მომავალში ვითარდება ან სხვა პლანეტაზე. ყოველ შემთხვევაში, ვირტუალური სივრცე ის დრო და ადგილია, სადაც მდიდარისა და ღარიბის გაშუალება ხდება, კომუნისტურადაა მოკლებული ამ მხრივ რადიკალიზმს. თუ კოსმოსური პანკი ნაწილის (ადამიანის) ურთიერთობაა მთლიანთან (ღმერთთან) და პირიქით, ბიო პანკი მანძილია “ჰომო საპიენსიდან” “ჰომო სილიკონამდე” და მის მერე, ხოლო ფენტეზისგან განსხვავებით კიბერპანკი უფრო პესიმისტურია, და თუ ანტიუტოპია ზეგინდელი დღის აღწერაა, კიბერპანკის არე ხვალინდელი დღეა.

უცხოპლანეტელთა როლი თანამედროვე კულტურაში მეთქი და უცხოპლანეტელებმა პირამიდები კი არა, ადამიანები ააშენესო. მეტიც, თუ მოდერნიზმმა ქრისტე პოლიტ. დევნილად აქცია, ვისი სასწაულებიც სიმბოლური ხასიათისაა და პოლიტ. მანიფესტებს წარმოადგენს, პოსტმოდერნმა პლანეტა იქსიდან ჩამოსულ განვითარებულ ზეკაცად მოგვივლინა. ესეც  პოლიტ. შეხედულების გამო, დედამიწამ გლობალურად რომ ვიგრძნოთ თავი. მერე ტიტანიკი შეეჯახა ამერიკის გზაზე აისბერგს, რითიც ეროვნება დასაკარგი თაობა სულ წყალში ჩაყარა და დაღუპა.

ერთი თეორიტიკოსის არ იყოს, სექსუალურად გათავისუფლებული ფროიდიზმის თაობა მეტი სექსუალურობისა და ნაკლები რეპროდუქციის იდეით, პოსტ პოსტმოდერნიზმში ნაკლები სექსით მეტი წარმოების კლონირებულ ოცნებად იქცა. პორნოინდუსტრიული, ხშირი სტრიპრიზული სექსის სიმულაციით შინაარსი დაკარგა და გაქრა.

შუა საუკუნეებში თუ სხეული ნეო არისტოტელური ჯანსაღი თუ ავადმყოფი სულის მეტაფორა იყო, მოდერნიზმმა სქესის მეტაფორად აღიქვა. აღქმის ლოგიკურმა განვითარებამ კი კულტურაში მეტასტაზებისა და მექანიზაციის, ამბივალენტური პროცესების გაერთიანებად წარმოადგინა. შედეგად მივიღეთ ჩაკეტილი სხეული, პიროვნებამ სხეული ღმერთად აიყვანა და გაასოციალურდა. როგორც მეტაფორები გაქრნენ სფეროებში, ტაბუს დაკარგვით სქესის შინაარსი გაქრა. ჯერ სოდომური სექსი დარჩა, მერე სიტუაციის ლოგიკური განვითარებით ისიც გამოვიდა ტაბუდან ანუ შინაარსი ამასაც მოაკლდა და დარჩა ტრანსსექსუალიზმი, როგორც სიღრმიური აზროვნების ახალი შინაარსი, სხეულის დაკარგვით იძენდე სხეულს. თავიდან ეს ბიო ფანტასტიკა იყო.

ერთი ავტორი გამოვიდა, ბავშვები ჯერ კომპიუტერს სწავლობენ და მერე თასმების შეკვრასო? კარგით რა, რა დროს სამ. ფანტაზიაა, როცა ნორმალურად, ერთ ქალაქზე თქვა, ტელეფონის ჯიხურებიც არ მუშაობენო. თუმცა პოსტთაობის ხიბლიც ამაშია, სამ. ფანტაზია იმდენად იყოს საინტერესო, რამდენადაც ხელოვნება აღარ ასახავდეს რეალობას, არამედ, რეალობა ხელოვნებას აქეთ ბაძავდეს. იმდენად საინტერესო, რამდენადაც სამ. ფანტაზიამ ბოჰემურობა გააქრო. მატრიცის ცალი აბის მიღებივით უკან აღარ გაბრუნებს, – “თუ სიზმარი რეალურია, მაშინ ის რეალობას ასახავს, მაგრამ თუ რეალობაა სიზმარი, ე.ი. მკვდარი ხარ”.

შეიძლება დასახელდეს რიცხვი რამდენს გვინდა მოვესწროთ, სანამ ცოცხლები ვართ, იქნება ეს ხელოვნური კუნთები, რომლებიც ტონა მანქანებს ცალი ხელით აგვაწევინებს, რენდგენის მასალით დამზადებული ლინზები, რომლებიც კედლის იქით და ერთმანეთში ჩაგვახედინებს თუ სოციალური ქსელი სადაც ომის წარმოებას შევძლებთ: უპილოტო ვერთმფრენების არ იყოს, “უპილოტო ჯარისკაც-რობოტები” ქუჩებში რომ ივლიან და ჯარში მხოლოდ კომპიუტერულ პროგრამებს ვისწავლით, როგორ ვმართოთ გვერდით ოთახსა თუ ქვეყანაში მცხოვრების მოსაკლავად რობოტი, რომელიც ასევე ზის და ღილაკებით გებრძვის. იდეების დასაცავად ბრძოლის გაჩენას იდეებით ბრძოლა მოჰყვა. ასეთი ფანტასტიკა კი ფაქტი მალე ხდება, ემოციად დროში ვერ ცოცხლობს.

sens1sens2

თავიდან მერი შელი იყო, ბაირონთან და სხვებთან ნიძლავით სამ. ფანტაზია რომ შექმნა, 80-იან წლებში კი სიტყვა კიბერპანკი ბრუს ბეტკემ პირველად გამოიყენა. შექმნა პატარა მოთხრობა თინეიჯერ ჰაკერებზე, რომელთა ცხოვრება პარალელურ სამყაროში მიმდინარეობს და სამყაროთა შორის ზღუდე არაა. კიბერი იმიტომ, რომ პერსონაჟი ჰაკერი იყო და პანკი იმიტომ, რომ ვარცხნილობა  ჰქონდა აქოჩრილი. მანამდე “ახალ სამეცნიერო ფანტასტიკად” იწოდებოდა.

ბრიუსი ასევე აწარმოებდა ბლოგს, რომელიც ძირითადად, ინფორმატიკული ფრაზების გაშიფვრას ეხება. ტერმინი კიბერპანკიც აქედან აიტაცა გარდნერ დოზუამ ოღონდ გიბსონის მისამართით. სტერლინგმა ასე ახსნა: “რა ცდებსაც თაგვებზე ვატარებთ, ადამიანზეც შეგვიძლია ვცადოთ. საშინელებაა, მაგრამ – რეალობა. ესაა კიბერპანკი”. ამავე დოზუამ კიბერპანკი მაღალ და დაბალ ტექნოლოგიებად დაჰყო, მიმდინარეობს სიუჟეტი high teq-ით თუ low teq სამოყვარულო, სულიერი ფასეულებებით იწერება.

ასე 60-იან წლებში პირველი სენსორამა შეიქმნა, ადამიანი მექანიზმში მოხვედრისას ვირტუალურ რეალობაში გადადიოდა, სუნის აღქმა, ქარის შეხება, ვიბრაცია გხვდებოდა მისგან. კიბერპანკის პერსონაჟები მეოცნებე რეალისტები, დაცემული ფილოსოფოსები და ზედმეტი ხალხია, აუცილებლად გონიერი ანარქისტები, რომელმაც ავტონომიური სივრცე მოითხოვეს. ჰოდა, ამ კანონგარეშე მიზანთროპებმა შავი ტყავის ქურთუკი ჩაიცცვეს, სათვალე გაიკეთეს და ხედვა გააფართოვეს, რასაც სწრაფი კვების პროდუქტი და “ბანკა ასპირინი” მოყვა, – მაკდონალდსი და ტკივილგამაყუჩებლები კიბერპანკის აქსესუარია. ჰოდა, ზოგ კიბერ ნაბიჭვარს აპოკალიფსის იდეაც ხიბლავს, იაპონია უნდა განადგურებულიყო, ევოლუცია რომ ეჩვენაო. ნარკოტიკი აქ არაა ტაბუირებული, მაგრამ არც – რეკლამირებული, იგი დიდი ხანია რუტინად იქცა. ღმერთის შემოქმედება ნანოტექნოლოგიების შემოქმედებასთანაა შეერთებული. ჰოდა, იყო ერთი შიზოფრენიკი ნარკომანი ფილიპე დიკი, ავტოგრაფიული ნაწერებით რეალობებს ტეხავდაო, მისი პერსონაჟები კი საკუთარი და ერთმანეთის თავებით მანიპულირებით ხასიათდებიან.

იაფფასიან სიმართლეს” (Cheap Truth)სცემდნენ, ასე ერქვა ჟურნალს, რომელსაც უფასოდ არიგებდნენ და არც საავტორო უფლებებს იცავდნენ მაინცდამაინც, პლაგიატით იყო სავსე: ჩემი შენი რამ გაყოო, – პირატულობით პიროვნულობის დაკარგვა უნდოდათ, ავტორობის იდეას ამსხვრევდნენ. სახელები შედარებით გვიან აღიდგინეს.

გიბსონმა მეტაფორით დაიწყო: ცა იმ გათიშულ ტელეარხს შეადარა, შრიალი რომ ისმის და მკითხველის შიგ გადაცხოვრებას შეეცადა. თუ მოდერნიზმმა ტელეპათიური კავშირი დაამყარა ადამიანებში, პოსტმოდერნიზმმა – ადამიანსა და კომპიუტერს შორის. ხოლო იდეა კომპიუტერით მოთამაშე ბავშვებისგან მოვიდა, თვალებზე ეკრანი რომ არეკლოდათ და გიბსონმა კომპიუტერში წერა არ იცოდა და 20-იანი წლების საბეჭდ მანქანას მიუჯდა. იხსენებდა, რომ 60-იანები მერე არ სმენია ასეთი ენთუზიაზმით რომ ვინმეს ელაპარაკა და ახლა კომპიუტერებზე საუბრობდნენო, – ნარკოტიკებზე საუბრები იგულისხმა.

ანუ “ნეირომანტი”, მესამე მსოფლიო ომის შემდგომი “კიბერსივრცე”, რომელიც მიწისქვეშა ქვეყანას ეძებს, თუნდაც ნაბიჭვრული “მონა ლიზა” დაწერა ადამიანმა, რომელსაც კომპიუტერული ვირუსების შესახებაც არ გაეგონა. რომ მცოდნოდა, ვერ დავწერდიო. იჯდა კაფეში თავისთვის პენტაგონის თანამშრომელ გოგონებთან ერთად, რომლებმაც ვირუსული პროგრამები ახსენეს და მაშინ იფიქრა, რომ ასეთი რამ არ გაეგონა, სამეცნიერო ფანტასტიკაშიც არ წაეკითხა. ჰოპ, მაშინ მე დავწერო.

შედარება გაჩნდა, თუ ჰიპები ინდურ მინდვრებში გაიჭრნენ და პანკები სარდაფებში დაიმალნენ, გიბსონმა კიბერპანკები უკეთეს ადგილას გადამალა, არაფერშიო. არარსებულში გაქცევით გამოსავალი იპოვნეს, თუ მთავრობა ხალხის ტექნოლოგიით ზომბირებას ცდილობს, საუკეთესო საშუალება გადარჩე თავისუფალი, ესაა ფლობდე ტექნიკას ანუ იმ იარაღს, რომლითაც გებრძვიან.

მერე კიბერპანკი გაძველმოდურდა, მოკვდაო, ზოგმა, პანკები არ მომკვდარან, ასე იმიტომ გვეგონა, რომ მკვდრებივით ყრიან ნეტშიო. სხვებმა, – ვირტუალურში აორთქლდნენო. იგი იმად იქცა, რის წინააღმდეგაც იბრძოდნენ. მოხდა მათი კომპიუტერთან განაყოფიერება და გაუჩნდათ შვილიკო პოსტკიბერპანკი, რომელიც მამებისგან იმით განსხვავდებიან, რომ კიბერნეტიკაში საფრთხის ნაცვლად შვებას ითხოვენ (ეტყობა ტექნიკის ცოდნა დედა ლეფტოპის მხრიდან გადმოჰყვათ) აი, მაგალითად, დღე რომ საშინელი დღის აღწერას ემსახურებოდეს და დღის ბოლოს კომპიუტერია შვება. ამასობაში რა სახის პანკი აღარ შეიქმნა: ნანოპანკი, შიფროპანკი. ტესლა პანკი თუ ატომპანკი, ბეტკე კიდევ Facepalm-ზე წერს, გამოდის მატრიცა.

fzd_futurecity_01a

მათი მანიფესტი კი დაახლოებით ასე გამოიყურება:

1. სხვები ვართ. ინფორმაციის ოკეანეში მოცურავე საცდელი ვირთხები. ისინი, რომლებიც პატარები რომ იყვნენ კლასის კუთხეში, ბოლო მერხებზე  ისხდნენ. ისინი, თინეიჯერები რომ გახდნენ და უცნაურებს ეძახდნენ. ისინი, სტუდენტობისას ჰორიზონტის სიღრმეების გამოსაკვლევად კომპიუტერულ სისტემებს რომ ჰაკავდნენ. სკვერში ხის ტოტებზე რომ წამოსკუპდებოდნენ მუხლებზე დადებული ლეფტოპით და ბოლო ვირტუალურ რეალობას რომ ქაჩავდნენ. ჩვენ ელექტროგაყვანილობებით მორთული გარაჟი გვქონდა, პრინტერებითა და მოდემებით სავსე, იქვეა დაუმონტაჟებელი რადიოც. სხვაა ჩვენი ხედვა, რადგან თქვენ რაც გარეთაა იმას ხედავთ, ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ და გამოვიკვლიოთ რაც შიგნითაა. აი, ვინ ვართ ჩვენ, რეალისტები მეოცნებეთა სათვალეებით. დიახ, ის უცნაური ბავშვები ვართ, მეზობლებიც კი რომ არ იცნობენ. ხალხი, რომლებმაც თავი ფიქრს მისცა, ინტერნეტში სულ რაღაცას ჩხრიკავს. ამიტომ არც გვჭირდება გარეთ გასვლა, დროდადრო თუ ერთეულ მეგობარს ვნახავთ ბარში ან კოლის საყიდლად ჩავალთ. წვეულებებზე წასასვლელად ჩვენ ბევრი მეგობარი არ გვყავს, მაგრამ ონლაინ კონტაქტები გვყავს, რომლებთანაც უფრო კარგად ვართ. ჩვენ არ გვაღელვებს რას საუბრობს ხალხი ჩვენზე. ბევრი ჩვენთაგანი დამალული ცხოვრობს, მხოლოდ რამდენიმე ჩვენთაგანთან შეგიძლიათ კონტაქტი. სხვებს პოპულარობა უნდათ, ყველა მათგანი უკვე ცნობილია ჩვენს გვირაბებში. ჩვენ კიბერპანკები ვართ. 
ჩვენზე ამბობენ: “უცნაურია”, “შეშლილია”, – მაგრამ ისინი, ინფორმაციისგან და თავისუფალი იდეებისგან შორს რომ ცხოვრობენ. საზოგადოება აზიანებს გონებას საერთო ფიქრითა და კლიშეებით. კიბერპანკები გარეგნობის მიღმა არიან. რომლებმაც ნაცნობობის გარეშე დაიწყეს და ახლა არტ-ტექნომანიაკები არიან, ელექტრომუსიკოსები. კიბერპანკი აღარაა ლიტ.ჟანრი, სუბკულტურაც კი არაა. ახალ კულტურასთანაა შერწყმული. ჩვენ უკვე ყველანი კიბერპანკები ვართ.
2. საზოგადოება, რომელშიც ვცხოვრობთ კონსერვებითაა გატენილი. მთავრობა, რომელიც რეფორმებს გვაწვდის მხოლოდ ნაბიჯია დიდ ნახტომამდე ჩვენ რომ შევასრულებთ. საზოგადოებას არ შეუძლია სიახლის მიღება, რადგან ახასიათებს მონატრება ძველის მიმართ. იმდენი შიში აქვთ რომ იარაღს იყენებენ. ქართულად რომ ვთქვათ, დღევანდელ კვერცხს ხვალინდელი ქათამი გერჩივნოსო. ჩვენი საზოგადოება ავად არის და განკურნება უნდა. განკურნება კი სისტემის შეცვლაა..
3. სისტემა დაძველდა, მთავრობას კი უნდა შევცვალოთ, ჩვენ ხომ ინფორმაციის ეკლიფსში ვცხოვრობთ. მაგრამ უნდათ რომ ბრმად დავუჯეროთ. ასე ტყუილი იქცევა სიმართლედ, სიმართლე კი – დანარჩენ სხვად. თავიდან ვიწყებთ თანამშრომლობას, მაგრამ არ შეგვიძლია ავიტანოთ დესინფორმაცია, განვითარებულ ქვეყნებშიც რომ ხდება. ნეტია, სადაც შეგვიძლია ინფორმაციის ულიმიტოდ გატანა. იქ მეფენი ვართ. სიტყვები იცვლება, მაგრამ წესები რჩება. ახალი წესები გვინდა. ააშენე წესები ხვალინდელი დღისთვის. 
4. სხვები თუ მიკრო-უნივერსზე ფიქრობენ, ჩვენი ხედვა გლობალურია. ჩვენ ვამბობთ, რომ ჭიქა არაა ნახევრად ცარიელი, ვაკუუმითაა სავსე. მალე ყველაფერი ნეტში გადაინაცვლებს მილიტარიზმიდან დაწყებული მოფსმამდე. ადამიანები 1-იანებისა და 0-იანების აბსურდში დაიკარგებიან. ის ვინც ინტერნეტს აკონტროლებს, ინფრომაციასაც აკონტროლებს. ნეტი აკონტროლებს თავს. ცუდი ადამიანისგან მოდის და კარგი – ტექნიკისგან. თუ არ გააკონტროლე ინფორმაცია, ის გაგაკონტროლებს შენ.

ბიო-პანკი