0,001

ისე დაემთხვა, რომ პატრიაქრის ექისტოლისას მეტერლინკს ვკითხულობდი, სადაც აღწერილი ექსპერიმენტი სიმბოლური მეჩვენა მოწმუნე და ანარქისტის შედარებით: თავახდილ ქილებში ცალ-ცალკე ფუტკრებისა და ბუზებს მოვათავსებთ, ისე, რომ ქილის ძირი ნათელი ფანჯრისკენ იყოს მოქცეული, ხოლო ღია ნაწილი სიბნელისკენ, ფუტკრები იმდენჯერ მიარტყამენ თავს დახურულ სინათლეს, სანამ არ მოკვდებიან, ხოლო ბუზები, რომლებსაც არავითარი სინათლის რელიგია არ აქვთ, ინსტინქტებით მოახერხებენ გასასვლელი ადგილის პოვნას, ამიტომ ფუტკრები სულელ მწერებად წარმოიდგინეს, – თურმე რაში ყოფილა საქმე: ამას წინათ სასულიერო პირმა ხელოვნურ განაყოფიერებაზე საუბრისას უშვილო ოჯახისთვის გამოსავლად ტაძარში სიარული დაასახელა. ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში წყვილს სუროგაციის მიმართვა კანონით მოკვეთილი საშვილოსნოს შემთხვევაში შეუძლია, იმედი აქვთ, რომ ლოცვის ძალით მისი ნატურალური აღდგენაა შესაძლებელი. ბუნებრივია, ეკლესიას მრევლის მოკლება არ სურს, ისე, როგორც სუიციდის აკრძალვით, პოტენციურ მლოცველს იძენენ, ჭარბად დემოგრაფიული აზიისგან განსხვავებით, მაგალითად, იაპონიაში, თვითმკვლელობის რამდენიმე სახეობა პატივად ითვლება, ან ინდოეთში, როცა მედიტაციით ტოვებენ სხეულებს, ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით. ზოგადად, რელიგიაც ხომ დემოგრაფიული, სოციალური თუ ეკონომიკური ფარგლებიდან მოდის.

ჩათვალო ეპისტოლე პოლიტიკური შანტაჟის მსხვერპლად, ისეთივე გულუბრყვილო სურვილად მეჩვენება, როგორც ბერია სტალინს ’37 წლის ამბებს უმალავდა. სინამდვილეში ეს დიდი ხნის წინათ დაიწყო, როცა არქაულ წერილებში დაცემული ანგელოზების შესახებ დაიწერა: ლუციფერი ანგელოზებს განუდგა, ხოლო რამდენიმე მათგანმა ალტერნატიული გზა აირჩია და მატერიალურით ტკბობის სურვილით ადამიანებს გამოყვა, შეირთეს მათი ქალიშვილები და ასწავლეს მედიცინა, ხელოვნება თუ მეცნიერების სხვადასხვა დარგი, რითიც მოკვდავებს აჯერებდნენ ღვთისგან დამოუკიდებლად არსებობას. სინამდვილეში ეს ამბავი მაშინაც გაგრძელდა, როცა პლატონს თავისივე მოწაფე არისტოტელე დაუპირისპირდა, განაცხადით, რომ ხელოვნური ვარდი შეიძლება უკეთესიც აღმოჩნდეს ბუნებრივად შობილზე და უარყოფდა მასწავლებლის ე.წ. “ხატის ხატის” თეორიას: ჭეშმარიტი ღმერთის მსგავსის ანუ ადამიანის არსებობას მხოლოდ ჭეშმარიტების კოპიოდ, ხოლო ამ ასლისგან გადაქსეროქსებული შესაბამისად უფრო მეტად იყო დაშორებული ჭეშმარიტებასთან. თეორია ისე მოვიდა ჩვენამდე, რომ გააგრძელა ველურისა და შინაურის, ლონდონისა და პარიზული ბაღების შედარებამაც, მინიმალური სექსით მაქსიმალურ რეპროდუქციამდე.

მეტი რა არის პენტაგრამა, ფაუსტის სახურავზე დახატული გამოსახულების გარდა, მეფისტოფელემ სიმბოლოს მცდარი გამოსახვის გამო შენობაში რომ შეაღწია. ერთი თელემისტური ჯვარის თანახმად, მუხლზე გადაჯვარედინებული ფეხით დაკიდებული ქრისტე, ემოციით, რომ პენტაგრამას ცალი ფეხი აკლია, ანდაც კათოლიკური ჯვარცმა ავიღოთ, ტერფი ტერფზე გადადებული ქრისტეს მაგალითად. ახლა მართლმადიდებლური ჯვარცმა გაიხსენეთ, კვადრატული პენტაგრამას, ადამიანურობის სიმბოლოს, უფრო უახლოვდება. თავიდან ხომ ეს ორსახოვნება იყო ჩაფიქრებული.

ამჯერად, ჩემს ოჯახში ბუნებრივად გაჩენილი ბავშვი იზრდება, მასზე არასდროს ამბობენ, რომ, სიტყვაზე, ნული მთელი ერთი დღისაა, დაბადებას აღნიშნავენ ერთისა თუ ორმოცი წლის იუბილესგან განსხვავებით, მაგრამ არასდროს აღიარებენ ნულობას. ნულობას, ჩვეულებრივ, -280 დღიდან მიღებულს, საიდანაც სხვა ციფრების სვლა იწყება და საწყისს უსახელო ასაკივით გაურბიან.
სიმართლე ვთქვა, ძალიან მინდა სუროგატი ქალი რომ ვიყო, წეროდ უშვილო წყვილებისთვის გადავიქცე და სისხლი გავაგრძელო, რადგან ვფიქრობ, ორსულობა სამსახური არ არის, არამედ მადლი. და თუ სამოთხე მართლა არსებობს და სამსჯავროდან ვინმე მკითხავს, სიკეთე რა მიქნია, – ვეტყვი: ოჯახები გავამრავლე, შეუძლებელია სულის დაბადება იყოს ცოდვა.
ჩანაწერს ხელოვნების შესახებ ნეოარისტოტელური დიალოგით გავაგრძელებ:
” – დედა, ღმერთი მართლა ყოვლის შემძლეა?
– კი.
– მაშინ შეუძლია თავისზე სრულყოფილის შექმნა?”

რეგულირების ბიურო

ნაწერის სათაური ჩემი არ არის, თანამედროვე ფილმიდან ავიღე, როცა ზეციური ბიურო სახელმწიფოს პოტენციურ მმართველს ეცხადება და პირობებს წარუდგენს: თუ გინდა მთავრობაში იყო.. მერე ეს კაცი დაიხურავს ქუდს, როგორც ცოდნის სიმბოლოს, ავა ცათამბრჯენზე, როგორც ბაბილონის გოდოლის სიმბოლოზე, რომ ღმერთს პირისპირ ჩახედოს და უთხრას: ორივე მინდა. მერე მოხდება დაპირისპირება ანგელოზებს შორის, ვიღაცა ბედისწერას განუდგაო და ამ კაცს წიგნი შეაჩეჩეს ხელში: აგერ, მთელი შენი ცხოვრება წერია, სხვაგვარად ვერ იზამო. ბოლოს ირკვევა, რომ ბედისწერა ბრბოსთვისაა განკუთვნილი, მხოლოდ ერთეულები თუ ცდილობენ დამოუკიდებელ ნაბიჯებს და ეს ღმერთს მოსწონსო.

ეს სათაურის ახსნისთვის მოკლე შინაარსად, ფილმი იქით და მაგიაზე ვფიქრობ, როგორც განგების შეცვლის ერთ, მაგრამ არა ერთადერთ საშუალებად და ვამბობ, მისი ცალსახად უარყოფა არ შეიძლება, მთავარია, როგორ გამოიყენებ. თუ დაკვირვებიხართ, თუნდაც წიგნებში ჭეშმარიტების შეცნობა ეშმაკისთვის სულის მიყიდვით იწყება, მაგრამ მასზე არ ჩერდებიან, მუდმივ მოძრაობაში არიან. აქ არ იმაზე, რამდენადაა მაგიურობა სარწმუნო, მხოლოდ მის მორალურ ასპექტებზე გავამახვილებ ყურადღებას.

შაგრენის ტყავი რომ ავიღოთ, როგორც სურვილების შემსრულებელი სიმბოლო, გამოხატული მატერიალურად, ცხვარი, მედეას თუ აბრაამის დროიდან, ოდითგანვე იმ სოციალურ კატეგორიაში გადის, სიცოცხლეს მსხვერპლად რომ ეწირება. ამ შემთხვევაში, აბრაამი შაგრენთან იდენტური ხდება, რამდენადაც სურვილისა და მოსურნეს საერთო აღქმა ხდება. სიცოცხლის ბოლოს ტყავი კაცთან ერთიანდება და მთლიანობაში ხდება დაღუპვა.

აღვნიშნავ, რომ გენეტიკური მდგომარეობის მიუხედავად, მისი პრაქტიკისთვის არასდროს მიმიმართავს. იმ მიზეზით არა, რომ ცოდვად მივიჩნევდი, ეკლესიაშიც კი სამიოდე სურვილი თუ მექნება ნათქვამი ხატისთვის. საქმე იმაშია, რომ მძაფრი სურვილები არ მაქვს და ჩემი პრობლემა შინაგანის დაზიანებულ აღქმაშია. დაზიანებული გარემოსთვის ითქმის, თორემ როგორც ფრთხილი, ისე აღვიქვამ, ვიცი, რომ ნებისმიერ სურვილს ნეგატიური მხარე მოყვება და მეშინია მათი ახდენის. ამიტომაც ვამბობ: კონკრეტული სურვილები არ მაქვს.

ვთვლი, რომ ”ვსიო კ ლუჩშემუ”, აი, როცა ერთმა ახლობელმა მაგიის მეშვეობით სურვილი ჩაიფიქრა, სასურველ თანამდებობაზე მოწყობისთვის, სხვაგან უკეთესი პირობები გამოუჩნდა, მაგრამ ვეღარ გამოიყენა, იმ ახდენილი წინა თანამდებობის გამო. ან როცა ჩემმა წინაპარმა საყვარელი ქმარი მოაჯადოვა, შემდგომში თავად გადაუყვარდა და მუდამ ღალატობდა. ეტყობა ის გამოჩნდა, ვისაც ის განგების ნებით უყვარდა. მაგრამ გამაღიზიანებელი ის არის, რომ როცა დროისა და ექიმის გაიგივებას ახდენენ, მგონია, მაფურთხებენ, რადგან ვთვლი, რომ იდეები არსებობს, რომლებიც დროსა და სივრცეზე მეტია. მე კი არ ვიცი, რომელი სურვილი საუკუნოდ მიღირს, ნებისმიერ ფასად, დროსა და სივრცეზე მეტად, ამიტომაც მძაფრი სურვილები არ მაქვს. თან მე ძალა არ მაქვს, რადგან სათანადო ხედვა არ მაქვს.

თან სწორედ გაიგეთ, წეღან ლოცვა ღმერთისადმი და მაგიის გამოყენება სათხოვნელად ერთ კონტექსტში მოვაქციე, – საბოლოოდ, ორივე შემთხვევაში სურვილი მაინც ღმერთამდე აღწევს, მხოლოდ მეორეში სურვილის ახდენისთვის სიტყვასთან ერთად მისი იდეის გამატერიალურება უნდა მოვახდინო, თუ პირველის შემთხვევაში მხოლოდ სიტყვის ძალა მოქმედებს.

მის მავნებლობაზე რომ გავამახვილო ყურადღება, ზოგი თვლის, რომ თხოვნის გაგზავნას უარყოფითი შედეგი არ აქვს. მე მაინც ვთვლი, რომ ორივე შემთხვევაში, სანაცვლოდ რაღაცის დათმობა გიწევს. ცხოვრებას ერთგვარ ”ლეველებად” აღვიქვამ, ანუ რაც უნდა დახარჯულიყო შენი ცხოვრების ერთ სფეროში, ენერგია იქიდან გადმოდის და ამ თხოვნისთვის ლოკალიზდება, ანუ საკუთარი საჭიროებებიც ყოველთვის ერთმანეთის პროპორციულია. ამიტომაა მაგია ბნელი, რადგან თვლიან, რომ სამყარომ უფრო იცის შენი საჭიროებები, ვიდრე თავად შეგიძლია მისი გარჩევა. მაგალითად რომ ავიღოთ სატურნის თილისმანის დამზადება, რომელიც ეხმარება მაღალი თანამდებობის მოსაპოვებლად, მის მატარებელს ენერგიულსა და ძალაუფლებიანს ხდის, სამაგიეროდ, უბედურების მომტანია სასოფლო სამეურნეობის საქმეებში, პირად კონფლიქრებში და მშობიარობის შემთხვევებში.

ხოლო ოკულტიზმსა და მაგიას შორის განსხვავება არა, უფრო საფეხურებია, რამდენადაც პირველი შეცნობაზე ლოკალიზდება და თეორიულია, ხოლო მეორე ამ თეორიის გამოყენებაა პრაქტიკაში. ეს ფაუსტური ლოგიკაა, რამდენადაც თეორიული ცოდნა ბედნიერების მომტანი არ არის ინტროვერსიული, გარემოსგან იზოლირებული ბუნების გამო. ოკულტიზმის დიდი წვლილი იმაშია, რომ მდგომარეობას ამყარებს შენსა და ზედა სამყაროს შორის. მაგია ერთგვარი გასროლაა იარაღის გარეშე. მისი მოქმედება იმაში მდგომარეობს, რომ გარეგნობა შინაგანის მკრთალი, მაგრამ მაინც ანარეკლია, ცოცხალი ორგანიზმები და მაგნეტიკური სხეულები გამოყოფენ ბნელ ფლუიდებს, სენსორების მიერ ხილულს. ეს ფლუიდები არის უხილავი ძალის გამოვლინება. ვფიქრობ, ცოდვა ის კი არ არის, რომ ეს ძალა იქნას გამოყენებული, არამედ ის, რომ ეს შექმნილი ძალა, გამოუყენებლად იკარგებოდეს, მასთან კონტაქტის გარეშე ვკვდებოდეთ. მთავარია  ხედვის, აღქმის მდგომარეობა, რეალობასთან იყოს კავშირში.

ეს ზოგადად, მაგიასთან დაკავშირებით აზრი რომ მეთქვა. თქვენს ნებისმიერ შეხედულებას ინტერესით მივიღებ. თუ სურვილი იქნება, შემდეგი თემებისთვის ვაპირებ, ძველ ქართული მაგიიდან რამდენიმე საქორწინო რეცეპტი გასწავლოთ, სასიყვარულო ელექსირები წავიკითხოთ ან ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით თილისმანები დავამზადოთ.

ფაუსტის მშვენიერი მანქანა

უძილობისას, როცა ფანტაზიას ცხვრები ამოეწურა, გადავწყვიტე,  დროის მანქანა შემექნა, არა იმიტომ, რომ ვაშლი დამეცა თავზე, არამედ, საათის ისრის წიკწიკის გამო.
მახსოვს, როცა რამე ცუდი შემემთხვეოდა, დროს დავხედავდი, სახლში მისული კი საათს იმ მოცემულ დროზე დავაყენებდი და სურათს ვუღებდი. რაღაც ეშმაკის მანქანებით ვღუნავდი, დალის საათებივით მოჩვარულს ვხდიდი. უამრავი ფოტო დამიგროვდა.
შემაჩვიეს, რომ გაშეშებული წამები ჩიტების გამოფრენით იწყება. ეს კამერის მისტერია იყო თოვლის კაცუნაზე მეტად რომ მჯეროდა.
მოჭუტული თვალებით ვიფიქრე, რომ ადამიანები წარსულით ვცხოვრობთ, ცნების პირდაპირი თუ ირიბი გაგებით.
ანუ არაფერია ისეთი შედარებითი, როგორიც აწმყო, როცა თუნდაც დანახვა სინათლის სწრაფ ფეხებზეა დამოკიდებული, შეხება ტვინის ფუნქციისთვის მიწოდებულ ბიძგზე, რაშიც დრო გადის.
სადაც არ უნდა გავიხედო, მე წარსულს ვხედავ. წარსულს, პირდაპირი გაგებით.
ვიფიქრე, რომ წამის მიმართულება ორგვარი შეიძლება იყოს, – ინტრო ვერსიაში განვითარებისკენ და გარემოს მხარეს.
ხანდახან მგონია, რომ არსებობს მხოლოდ შეგრძნებული წარსული და შესაგრძნები გასავლელი მანძილი და ჩვენ მათ შორის შეჩერებული წამი, რომლით ტკბობაც ან სხვა განცდა არ შეგვიძლია.
აწმყო ფოტოსურათი შეიძლება მხოლოდ იყოს, თუ მას მატერიად არ აღვიქვამთ ქაღალდზე დინამიკურად დადებული მტვერით.  მისი შექმნით, აწმყოს პოტენციას ვიჭერთ.
იმ პოტენციას, რომელიც პირველი ნაბიჯია დროის მანქანის შექმნის თეორიულად მყოფ, მაგრამ პრაქტიკაში არ არსებულ დროსთან შეხების გამო.
მერე ვიფიქრე, რომ დროის საკონტროლებლად მისი არა მხოლოდ შუა, უკიდურესი წერტილების ფლობაც უნდა შევძლოთ და ამ კონსტანტის ენერგიის მატერიად მიმართვა.
თავად ტერმინი ”დროის მანქანა” ხომ ერთის მხრივ, დროის, მეორე მხრივ, სივრცის იარაღის შერწყმით მიიღება. შექმნა მანქანა ნიშნავს მოახდინო დროის ვიზუალიზირება.
დრო, როგორც დამოკიდებული ერთეული, ეჭვის ქვეშ დადგა, მისი სივრცის სხვადასხვა წერტილიდან აღქმის გამო.
გრინვიჩი, სადაც, პირობითად, დრო იბადება, წრიულობის გამო, დედამიწის ათვლის წერტილი არ არის, ხოლო მანქანის შესაქმნელად დროებს სივრცის აღქმაც უნდა შევუთავსოთ. ანუ არა მხოლოდ სინათლის სიჩქარის დაპაუზება და მასზე სწრაფად ან საპირისპიროდ სიარული უნდა ვისწავლოთ ( აქ, ზღვისა და ნიჩბის მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ: მომავალში გადაადგილება წარსულზე იოლია, ამ უკანასკნელის სინათლის სიჩქარის დინების საწინააღმდეგო მხარეს მოძრაობის გამო), არამედ მისი არსებობაც სივრცეში.
თუმცა რაც არ უნდა წავიდე წარსულში, მაინც მომავალში ვიქნები, რადგან თავად წარსულში დაბრუნება სვლაა მომავალში, სპირალისებული განვითარების დინამიკა არ წყდება. ანუ დრო მაშინაც უძლეველია, როცა მისი მაკონტროლებელი მანქანაა შექმნილი და ეს მანქანა მუშაობს.
თუ კოსმოსში დრო მიწასთან შედარებით არ არის ადეკვატური, მათ შორის საზღვრის პოვნაა საჭირო. წერტილი გარდამავალი ზონის.
ამბობენ, რომ თუ შავი ხვრელი ბევრ სივრცეს შეჭამს, დარჩენილი სივრცე დამოკლდება, დაიჭმუჭნება და დრო შედარებით სწრაფად გავა ხოლმე.
ამ ფიქრზე შემეშინდა.
ისიც ვიფიქრე, ცხოვრება უნდა ამოვჭრა, დავჭმუჭნო და ისე შევკრა, რომ წარსული რეალობა ერთმანეთს მიეწეპნონ, – შორი წარსული და აწ უკვე წარსულად ქცეული აწმყო.
აქ მიჩნდება კითხვა სივრცისა და დროის პირველყოფილობის შესახებ.
არ ვიცი ბოლო თუ აქვს, მაგრამ დასაწყისი ექნებოდა.
კვერცხის და ქათმის ანეგდოტივით შეიძლება მართლა ერთი წერტილიდან ერთდროულად შეიქმნენ. დრო და სივრცე ერთმანეთია და ქაოსიდან გამოწვეულმა განსხვავებებმა მათი წარმოშობა განაპირობა.
საბნისა და ბალიშის შორის წამის დაჭერა ვცადე.
მერე ვიფიქრე, რომ დრო თუ არის სივრცის ნაწილი, წარსული და მომავალი ისევე აწმყოა, როგორც სხვადასხვა ადგილი სივრცის სიბრტყეზე განთავსებით. ანუ ერთადერთი ჭეშმარიტება აწმყოა, პარალელურად განლაგებული სხვა დროებით სხვადასხვა არა ეტაპზე, არამედ ადგილას.
შეგვიძლია თამამად ვწეროთ კაცობრიობის ან ადამიანის განვითარებაზე მხატვრული გზის და მოგზაურობის გამოყენებით.
შეგვიძლია მოგზაურობა თავადაც ვცადოთ.
შეგვიძლია მოგზაურობა ტრანსპორტის მეშვეობით და ფეხით. ოღონდ ფეხით ან შორს ვერ წავალთ ან გაცილებით დიდი დრო და ძალა დაგვჭირდება.
თუ დრო არსებობს, მისი კონტროლის გზებიც არსებობს, თუ არ არსებობს, შეგვძლებია მისი გამოგონება. ყველა გზა მანქანისკენ მიდის.
ჩვევების ქონა პირველი სიმფტომია რეალობა წარსულით აღქმული გვქონდეს.
მეგობრები მახსოვს, შეუხებლად ჯერ ასანთის გადაწევას რომ სწავლობდნენ, მერე ისრის. ისარი თვალსა და ხელს შუა ორი წამით იწევა და აზარტში შედიან. და ფიქრში, რომ მეტი ენერგია აიღონ სერიოზული გადაწევისთვის. ზოგი მცენარიდან ცდილობდა აღებას, ზოგი – ცხოველიდან, ზოგიც – ადამიანიდან. ისტორიის ბოლო არ ვიცი. არც მათ იციან.
ისიც ვიფიქრე, რომ დროს პერიოდული აღქმა ახასიათებს. ასაკსა და პერიოდზეა დამოკიდებული მისი შენელება თუ დაჩქარება. გაჩერებაც.
გაჩერება, როგორც  გარემოს დინამიკურ მოძრაობასთან შეფარდებით ტვინის სტატიკურად გახდომა, გაშეშება. აწმყოს აღმოჩენა-გახანგრძლივებით დაბერების შებრკოლება და შეიძლება გადახტომაც  ტვინის იმ ნაწილზე ზემოქმედებით, დროის აღქმაზე რომაა პასუხისმგებელი. ამას ჰქვია ინტუიცია.
ინტუიცია, როგორც მახსოვრობა მოვლენათა თანმიმდევრობისა გაუხსენებელ წარსულში და სიბრტყეზე დროის წინა ჰორიზონტის ხედვა. ამ მხრივ, წინასწარმეტყველური სიზმრებიც სხვა არაფერია, თუ არა, ხედვის მექანიზმის სტიმულირება.
ამ თეორიით, იმდენი სივრცეა, რამდენიც დრო, როცა იმდენი დროა, რამდენიც სამყარო.
გავიტრუნე. ტვინში იმ წერტილს დავუწყე ძებნა, დროის მსვლელობას რომ მითიშავდა. დაძინება დიდი ხანია აღარ მინდოდა.
გაშეშების მერე, ვასკვნიდი, დროის არსებობა პარალელურ სამყაროებს წარმოშობს და მისი რაოდენობა იმდენივეა, რამდენიც ყველა შესაძლო გაელვება ნებისმიერ არსებულთან მიმართებით.
ისიც გამეფიქრა, რომ შეიძლება ყველაფერი ბლეფია და დრო ილუზიაა, ენერგია, ოღონდ რომელიც ფიზიკის კანონებში ვერ ჯდება. არა კონსტრუქციულია.
ეს კონსტანტაზე მიუთითებს, ილუზიის მიერ საათების გამოყენებით ძალით შექმნილი არც სუბსტანცია ორგანიზატორული სულის გასაღვივებლად.
მერე ისიც ვიფიქრე, რომ დრო, რომელიც ჰორიზონტალურად, ჩვეულებრივ, მარცხნიდან მარჯვნივ მოძრაობს, თუ არ შეუძლია ვერტიკალური მოძრაობაც  განახორციელოს, მიმართულება ამაოდაა სივრცეში დაკარგული.
შეიძლება, წარსული არც ერთ სივრცეში აღარ არსებობს. თითოეული გაელვება მკვდარია და რა კარგი გამოთქმაა: დროის დაკარგვა.
ამ შემთხვევაში, მისი სახე მომავალში გამოცდილების სახით არსებობს მხოლოდ და მე თუ უძილობა მაქვს უთვალავი წარსულის გადმონაშთი აჩრდილი თავს დამტრიალებს და ორგანიზმის პროცესის შენელებაში (ძილში) მიშლის ხელს.
ამ შემთხვევაში, მე ყოველთვის ვკვდები. ვკვდები ყოველ ჯერზე, როგორც კი წამი გადის და იბადება ახალი მე ჩემში, რომელიც პოტენციაა, რომ მოკვდეს და ერთხელაც აღარ დაიბადოს.
განადგურებამდე ამბობენ, სინათლის სიჩქარეზე სწრაფი გადაადგილება შესაძლებელია, ეს კი პირველი ნაბიჯია, დროს გადავუსწროთო.
ჯერ სიგნალები გადაუგზავნიათ მომავალში, სატელევიზიო არხები, სულ ამას იმეორებდნენ. ადამიანებსაც გადავგზავნით, – ფრთხილად იპირებიან.
მომავალს რომ გადავხედოთ, თუ შვილი მეყოლება, ვურჩევ, რომ ტურიზმი პერსპექტიული სფეროა, ჩააბაროს.
ცოტა ხანში შეიქმნება ტურისტული სააგენტოები და ფოტოაპარატით ხელში, დაბნეული სახეებით დროებს დავათვალიერებთ. გავხსნით ცემენტის სასტუმროებს ქვის ხანაში და კიბერ მომავალში ქოხებს ავაგებთ, – ანუ დროებს აწმყოდ ვაქცევთ.
ადამიანები ყველაფერს ვაჩანაგებთ.
გამოვფხიზლდი.
ახლა ისეთი რაკეტა გვინდა დროზე სწრაფად რომ იფრენს, მაგრამ მფარველ ანგელოზზე ნელა.
უკან ის ფიქრი დავაბრუნე, ვკვდები ყოველ ჯერზე, როგორც კი წამი გადის და ახალი პოტენციური გვამი იბადება მეთქი.
ცხოვრების სიცარიელით დამძიმებული აღქმა მაქვს და ყოველ ჯერზე არაფერი მტკივა. საშინელი ტკივილები იცის არაფერმა. არ არსებობის გამო ვერ უმკურნალებ.
არაფერზე გამახსენდა, როცა ასტრონომები კოსმოსში გავიდნენ და ცის იქით ღმერთი ვერ ნახეს, ღმერთი არ არსებობსო, აღნიშნეს. დრო თუ კონსტანტაა, დრო ღმერთია. ენერგია, რომელიც ყველა გამოვლინებაში ნაწილდება და ერთადერთია, რომელიც ყველაფერშია. მისი კონტროლით ღმერთი ხარ. სხვა რაღა თვისება უნდა გაგაჩნდეს.
****
უძილობას ძილის გადაგდებით ვძლევ, პერანგიანი ვდგები სარკესთან და თავს გაურკვეველ აწმყოსა თუ წარსულში ვხედავ. ჩამოკიდული მკლავებისა და მუქი ფანქრის მსგავსად დახაზული შუბლის პარალელურად. მიჩნდება შიში არა მომავლის არსებობის, მისი გაურკვევლობის გამო. შიში არა იმისა, რომ სიბერე ულამაზოა, დამძიმებული ცხოვრების გამო სილამაზე ასაკთან ერთად, ვეღარ აღვიქვა. თავს ვატან ძალას და ვაშეშებ:
”წამოდი, წამო! შეჩერდი, მშვენიერი ვარ!”