დღიურების კითხვის ცოდვაზე

 10917382_1012428145438348_4806292010097135862_n

თუ ერთხელაც ქალაქიდან პატარა ხელჩანთით გახვალ, თანაც სამიოდე დღით ლამის უცნობ ადამიანებთან მიტოვებულ სახლში მოთავსდები, ჰამაკიანი ეზოთი, მოშიებული კატებითა და ჩემოდნებში, ლამპებში, ნათურებში, ჩაიდნებში ჩალაგებული მცენარეებით, ცდილობ ანაკომის სუპები კეჩუპითა და ჩიფსებით გაახალისო, რომელიც უკვე იმდენად გეზიზღება, რამდენადაც მოკრძალებულია თქვენი ჯიბეები, მთავარია ღვინის თამაშობანი მეტაფიზიკურ საუბრებად არ აქციო, ამგვარად სახლის იმ იდუმალ კუნჭულს მიადგები, რომელსაც მიტოვებული წიგნების კარადა ჰქვია.
დიასახლისს ისტორიული ლიტერატურა და სამეცნიერო ფანტასტიკა ჰყვარებია. მაგრამ კითხვასთან ერთად თურმე, სტუდენტობისას კალამსაც ამოძრავებდა. დიახ, ისაა: აწ გარდაცვლილი ქალის დღიური ვიპოვნე და წავიკითხე კიდეც. ჩემი ცოდვები სინდისმა მაშინ დამიმძიმა, როდესაც მწერალი შემიყვარდა. 80-იანების მაგარი გოგო, რომელიც ქალთა თავისუფლებისთვის იბრძვის, 9 აპრილს გვიყვება, არის ვინმე კაცზე უიმედოდ შეყვარებული, წონის პრობლემა აწუხებს და.. უცებ აუპატიურებენ. მერე მშობლები და ნათესავები მის დღიურს იპოვნიან, წუწუნი პირადი ცხოვრების გაქრობაზე, შიგადაშიგ ლექციების ცხრილი და სასწავლო პროგრამების მსუბუქი გაშარჟება. ის ხვრელი, რომელიც გრჩება საიდუმლოს ამოთქმის დროს და სრულდება ახალი ენთუზიაზმის პოვნით. დღიურის წერისას ხომ ყველას, თუნდაც გულის პატარა კუნჭულში, გვაქვს მკითხველიან მწერლად ქცევის ამბიცია.
ამჟამად, რუტინულ ცხოვრებას დავუბრუნდი და დროდადრო საახალწლო გადაკარგვას ვიხსენებ, როცა მეგონა, რომ არ არსებობდნენ ადამიანები გარდა ამ სახლისა, ოთხი ლოთი გოგო-ბიჭისა, რომლებიც ვხატავდით, მტვრიანი ფირით სურათებს ვიღებდით, გიტარაზე ვუკრავდით და ირგვლივ მაგარი ქალის აჩრდილი დადიოდა. და როცა სამსახურში დღევანდელზე მკითხეს რა უნდა მესაუზმა, ვუპასუხე, რომ ანაკომის სუპი კეჩუპით. ვაი და რა, წყალწაღებული რომანტიკოსი ვარ.

ყვავილი ჯიბეში

dreadlocks-dreads-girl-hair-orange-Favim.com-189146სამსახურის მერე ისე დავიღალე, ფეხსაცმელი დარეტიანებული ქალივით გავიძრე და სარკეში თვალში სილა ჩაყრილივით ჩავიხედე. მერე ეს სილები ხელის გულებზე ვაგორგოლავე და შევადარე დღის ბოლოს რამდენად ვიქეცი მიწად. ისევ ვერ ვხვდები, თბილ ამინდში მანქანით როგორ უნდა ვიარო, როცა შემიძლია შუა ქუჩაში ფეხით გავიჭრა და საკუთარი ორგანიზმით, ყოველი კუნთის არსებობით დავტკბე. ან რატომ უნდა შევიზღუდო თავი დიეტით, როცა ვარჯიშის შესაძლებლობა მაქვს. ამიტომაც მუდამ ვიღლები. ნახევრად მძინარემ პალტოს ჯიბიდან ყვავილი ამოვიღე, ერთმა უცნობმა დრედებიანმა გოგომ, დანახვისთანავე  რომ მომეწონა და მისმა ბავშვმა ტრანსპორტში მაჩუქეს. დამამახსოვრდა. გულში სითბო ჩამეღვარა, – რა ლამაზი სიტყვათშეთანხმებაა “სითბო ჩამეღვარა”. ასეთ დროს მგონია, თბილი ქვეყნები, სადაც ფრინველები მიფრინავენ, ყინულოვან მთებზე იღვრება, მთელი ქვეყანა იღვრება. აღარ დავიღალე, თითქოს არ მიმუშავია. არაფერი. მინდოდა დამეწერა. საქმე რაშია: არსებობენ უცნობები, რომლებსაც არ ვიცნობ, ვერასდროს შევხვდები, მაგრამ სიცოცხლის ენერგიას მაძლევენ, გულში სითბოს მიღვრიან თავის ფრინველებიანად. თვალში მიწა ისეთი მძიმე არაა.