ინსტინქტი (პირველი)

მეორე ინსტინქტი

ჩემი აზრით, პიტერ გრინუეიმ 90-იანებში თავისი “საბალიშო წიგნის” იდეა, თუ როგორც ჩვენთან თარგმნიან “ინტიმური დღიურები”, უელსური ნისლიანობისას დაწერა. შეიძლება მას ჯერ მამამისთან ორიენტოლოგიური საველე კვლევების დროს მზისგან ზურგი დაეწვა და როდესაც უელსში ნისლი ჩამოწვა, დამწვარი არეალი დანესტიანდა და ისე აიტყავა, თითქოს ვადაგასული, შეყვითლებული გაზეთის ფურცლები ყოფილიყოს. ოჰ, ეს დაზიანებული ეპიდერმისი ძალიან წააგავს სხეულზე იარლიყივით მიწეპებულ უხარისხო ფურცლებს. უყურებ და გინდება ზედ ასოები გაარჩიო. მეც შეყვარებული ვარ ნისლზე. და შეიძლება ამიტომ მგონია, რომ ჰერბერტ უელსმა “უჩინარი კაცი” ასევე ინგლისური ნისლიანობისას დაწერა. ან რა შეიძლება იყოს იმაზე რომანტიკული, ვიდრე ნისლში მდგომი ხეები, რომელთა კიდურებზე ყვავები სტაბილურდებიან. რაც უფრო ღრმად შედიხარ ნისლში, მით უფრო უჩინარდები და შეგიძლია არ არსებობდე. თვალებში ეშმაკები აათამაშო და თანამოლაშქრეებს წყლები დაულიო, გაიხადო კედები და გაჭუჭყიანებული წინდები ვერც შენ დაინახო, ან, ზოგადად, გაიხადო. რა უნდა იყოს იმაზე სასიამოვნო, ვიდრე ნისლისგან დანესტილი გარუჯული სხეულის ატყავება, როცა ვერავინ გხედავს. მანამდე, სანამ ნისლში გავქრებოდი, ჯერ მდინარე უნდა გადამელახა. თითქოს არაფერი, მაგრამ იმ დღეს მივხვდი, რასაც გადარჩენის ინსტინქტის არქონას ვეძახდი, მოჭარბებული გადარჩენის ინსტინქტი ყოფილა.

მე ყოველთვის ვამაყობდი საკუთარი ნერვული სისტემის სიძლიერით, რომელსაც ვერც კოფეინი ერეოდა, ვერც ალკოჰოლი და ვერც მარიხუანა. სარკეში დაბალანსებულ გოგოს ვუყურებ, მაგრამ როგორც კი ურბანულ სივრცეს ვცდები და ბუნების ექსტრიმთან ვიკვეთები, მთელი ჩემი უბრანულად დაინჟინერებული ნერვები ხელში შვილაუყვანელად ფრთხებიან. ელემენტარულად, მდინარის გადაკვეთა არ შემიძლია, მგონია, რომ ბუნება მტერია, წამიღებს, მომსპობს, მომაშთენს, ყველას თვალწინ, თუ ნისლში არ ვარ. მდინარის გადაკვეთაც გავაზვიადე, მეტრანახევრის რადიუსით გადახტომაც კი გამიჭირდა. არა და ვუყურებ, როგორ ეშვებიან ან ადიან ჩანჩქერებზე სხვები. ისეთი მყარი ნერვები აქვთ, კრიტიკულ ფაზაში თოკის გადაჭრაც შეუძლიათ. მე ალბათ უმალ კლდე ათგზის დამარყევდა ვიდრე ჩემი ნებით წყალში ჩახტომას გავბედავდი. ჰო და ჩავვარდი მდინარეში, იმ მეტრანახევარს რომ ვახტებოდი, შუა ჰაერში უკან დავიხიე და გავიწუწე. ვიფიქრე, რომ გადარჩენის ინსტინქტი შტერია, ინფანტური. რომ ადეკვატური განსჯის უფლებას მიკარგავს. არ ვიცი, ზოგს შეიძლება უფრო გამჭრიახს ხდიდეს შიში, მაგრამ მე ხომ კომფორტის გოგო ვარ, დისკომფორტში პარალიზებული ვხდები. ვიფიქრე, რომ მოჭარბებული გადარჩენის ინსტინქტის გამო ვერ გადავრჩები. ამიტომ საკუთარ თავზე უნდა ვიმუშაო, სხეულის ფლობა რომ შევძლო. თორემ სხეული მფლობს და მონა ვარ.

ცოცვაზე შევედი. ერთდოულად ყველა კუნთს ვტვირთავ. ჯერ დარბაზში ვმუშაობ. მომავალში ველადაც გავალ. ჩანჩქერზე დავეშვები და იმედი მაქვს, თუ საჭიროა, თოკსაც გადავჭრი. ჯერ ჩანჩქერისგან დაყენებულ ნისლში ჩავვარდები და თუ წრიაპისგან კანი გამეკაწრება, გრინუეისგან მახსოვს, რომ სისხლიანი კანი უკვე წიგნია.

დაკარგული ულვაშის ძიებაში

ერთი ინდიკატორი, რომ თანამშრომელს ჩემი ამ ბლოგთან კავშირის შესახებ გაეგო, საკითხავში მონიშნული მარსელ პრუსტი გახლდათ, – ამდენი დამთხვევა შეუძლებელია, აბა სხვა ამას ვინ წაიკითხავდა. შეგმთხვევია, რომ გოგოები ვისკით დათვრებით, სარკესთან იტრიალებთ, წვეულებაზე წახვალთ, სანაძლეოს დადებთ, რომ ჩიფსებს ის იკისრებს, ვინც ყველაზე სიმპათიურ ბიჭს გაიცნობს და მისი სახელიც კი ეცოდინება?! ასეთ დროს თემის ამტეხიც ვარ და დამარცხებისთვის განწირულიც, რადგან ვინმესთან საცეკვაოდ გაპრანჭვაც კი ჩემგან იმდენ ფსიქიკურ ძალისხმევას მოითხოვს, მონოტონური ხმაური ჭკუიდან მშლის და ივენთებიდან ორ საათში გავრბივარ. გზაში ვფიქრობდი, როგორი იქნებოდა ბუზისტოლასავით დარჩენილი კლუბი, მატლები რომ დაპატრონებოდა და ზოგიერთებს მუცლებში შესძრომოდათ და, რაც ყველაზე საინტერესოა, როგორ გაერთობოდა მარსელ პრუსტი, უელსთან რომ ემეგობრა, მანქანები გაეცვალათ, სინათლის სიჩქარეზე სწრაფად ეტარებინა და ამჟამინდელ თბილისში აღმოჩენილიყო შუბლზე ჩამოკონწიალებული ღერა ჩოლკითა და ჰიპსტერული ულვაშით, სავარაუდოდ, რომ დაეთუთქა ცხელი ჩაისგან.

ერთგან გილბერტ ადერმა გააზვიადა, წაიკითხეთ პრუსტი და თქვენ სხვა რამის კითხვა არ მოგიწევთო. მაგრამ პრუსტმა ხომ იმდენი წიგნი დაწერა, ჯერ მარტო “დაკარგულ დროებში” დანტეს საიქიოს წრეები მატერიალურ სამყაროს მოარგო. მე კი მისი კითხვა ბოლოდან დავიწყე, ილუზიით, რომ საინტერესო იქნებოდა, – სოდომი და გომორის გამოქვეყნების შემდეგ, მარსელი გარდაიცვალა. კითხვა ორი მიზეზის გამო დავიწყე, როცა მამარდაშვილმა დაკვირვება ექსტრა და ინტრო მოვლენებად დაყო და დედიკოს კირჩხიბ ბიჭუნას შინაგანი დაკვირვება მიაწერა, მის გონებას ტყავიდან გამოძვრომა არ სჭირდებოდა, რომ აღექვა და აღქმული სამყარო მასშივე რჩებოდა. მეორე მიზეზი მისი ასთმური სუნთქვა იყო, ადამიანი, რომელშიც ჰაერი ცოტაა, მძიმდება.

კითხვის პერიოდში მეცხრამეტე საუკუნის მწერლურ-კრიტიკოსთა დუელებზე წარმოდგენა შევიქმენი, თავიანთი სეკუნდანტებითა და ბასრი პეროებით. შეიძლება ითქვას, თამაშში იმდენად ჩავერთე, თანმიმდევრობით განვიხილავდი ყოველ კრიტიკულ წერილსა თუ პროზას ჟიურის ორსაუკუნოვანი სართულიდან. მენტალური დუელები ჯერ კიდევ პაპიუსის კითხვიდან შემიყვარდა. როცა დაწვას გადარჩენილი ჯადოქრები ერთმანეთს ჰიპნოზის თუ სხვა ეშმაკის მანქანებით ებრძოდნენ. პრუსტის შემთხვევაში კი ბასრმა პერომ, როცა ფროიდული გათავისუფლება ხდებოდა, ავტორი დეკადენტური რომანის ფუძემდებლად აქცია. ეს ამბავი შეიძლება იქიდან დაიწყო, როცა ექიმმა მამამ ათი წლის მარსელს ონანიზმისას წაასწრო და ათიოდე ფრანკად პარიზულ ბორდელში მიიყვანა, მარსელმა კი აღმოაჩინა, რომ პანსიონატში “ქამინ’ აუთი” უნდა გაეკეთა და თანამოსწავლე ბიჭუნას სიყვარულში გამოუტყდა. მშობლების სიკვდილის მერე ჯერ გეი ბურჟუები შემოიკრიბა, მემკვიდრეობით მიღებული ქონება ჰომოსექსუალთა ფსიქოლოგიურ თუ ბიოლოგიურ ანალიზს, მათი ორგიების დაკვირვებას დაუთმო, ცხოვრების ბოლოს კი მაღალ სოციალურ ფენებს ბორდელის კაცები არჩია. სიყვარულით კი ასთმიანს, არ გამიკვირდა და, ჰაერის კაცი უყვარდა, – ალფრედი ერთ-ერთი პირველი მფრინავი იყო, აეროპლანის ავარიისგან რომ დაიღუპა. რა ლამაზი სიტყვაა ქართულად ას-თმა, თითქოს ასი თმა გაქვს ფილტვებში.

“სოდომი და გომორი” ალფრედ დე ვინის აზრით იწყება ლექსიდან “სამსონის ბრაზი” და მთლიანი რომანი მდედრობითსა და მამრობითს შორის სხვაობებზეა აგებული, მარსელი თავს ქალებისგან სხვა ქალაქში მცხოვრებად მიიჩნევს. მარტო ქალური საწყისის პოეზიის მეტაფორასთან შედარება განსაზღვრავს ღმერთის მამრობით საწყისად გაგებას. მთელი წიგნის განმავლობაში ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო ყვავილთა ურთიერთობების კითხვა იყო, რომელიც მეტერლინკის, დარვინის და ფრანგი ბოტანიკების ნაშრომებიდან აეღო. სამაგიეროდ, ერთი რომანით ვერ შევძელი დროისა და ხანგრძლივობის სხვაობის ნახვა, ძილში ამოჭრილი დრო განვიხილო, როგორც უსარგებლო ხვრელი კაბაზე თუ დაკარგულ ნაჭრად. ანუ ის, რაც ემილ ზოლას დააკლდა, ყოფიერების ეზოთერული გაგება, მარსელთან ცხოვრების წესებს წარმოადგენს. ამიტომ სახლში მიმავალ გზაზე მენ რეის ცნობილი ფოტო მახსენდებოდა, დაკარგული ქვეყნის მპოვნელი მარსელ პრუსტი.

sur_11g