გაყრა

მთელი დღეა, სციოდა. როცა ავტობუსში ფანჯრები დახურა, ხალხმა პანიკა მორთო დაკარგული ყლუპი ჰაერის გამო, ისედაც ათეულ მგზავრს რომ უნდა ჰყოფნოდა. ლურჯი ხელის გულებით გაყინული მხრები გაიხურა, რადიოში კი გამოაცხადეს, რომ ტემპერატურა პლიუს ორმოციდან ორმოცდაათ გრადუსამდე მერყეობდა. დაახლოებით იმდენზე, რამდენსაც ერთხელ ფეხდადგმული უცებ ფეხაშველბული ნაღმი გამოჰყოფს.

ხანდახან ფიქრობდა, რომ ნაღმზე დაიბადა. თესლი მწერებმა შეაკოწიწეს და გაზის გროვით შეკრულ საგანზე წამოაჯინეს, იმდენად დიდი ხანი გავიდა, რაც ფეხი შედგა. მაშინ ახალი შემოსული იყო ჯინსების და ბოტასების მოდა, მცენარეთა შორის ფეხი რომ ჩადგა და ნაღმზე გაშეშდა, – აქეთ სარეველა მცენარე იყო, კარტოფილს მოხვეოდა და სარას ეგონა, მოსავალი ნაადრევად ამოსულიყო.

ისტორია, თუ ფეხდაშვებით დაიწყო, ფეხაშვებით უფრო მალე დასრულდებოდა, ჩარლის რომ არ შეენიშნა სავარაუდო კარტოფილის ფარფლები. იმასაც ჯინსი და ბოტასები ეცვა. სხვა გზის არქონის გამო დისნაირად ცდილობდა ჩაცმას. ერთმანეთის სარკედ ქცეულიყვნენ და ქსეროქსულობა საჭიროც იყო. მერე სარამ ფეხი ნაღმზე შედგა და ჩარლის არც უფიქრია მისი მიტოვება მიწეპებული თავების გამო.

ასე უმშობიარიათ, საკეისრო კვეთით ერთდროულად ამოიყვანეს და მიწეპებული თავებით აკვანში ჩამარხეს. როცა წამოიზარდნენ, მცენარეულ გზას დაადგნენ და სარამ ნაღმზე შედგა ფეხი. სადგურის კიდეებთან ახალნაყიდი ბოტასებით და ცხოვრება ნაღმზე დაიწყო. საათში ერთხელ ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. ჯერ სარას ედო ბოტასი ნაღმზე, ჩარლი მაშინ შედგებოდა, როცა სარა იღლებოდა და ისვენებდა. საუბრობდნენ საკაცობრიო პრობლემებზე პირადულ ჭრილში და ნამდადებულ კარტოფილს ჭამდნენ.

ყოველი შემთხვევისთვის, მესამე პირში ვწერ, იქნებ პერსონაჟის მოკვლა მომინდეს.

გათავისუფლება გადაწყვიტეს. თავისუფლება კონფლიქტმა წარმოშვა, ბორბლის მსგავსად შეზღუდულ სივრცეში მოძრაობის და გაყრის დასკვნამდე მივიდნენ. გაყრამდე უნდა გაჭრილიყვნენ, ქლიბი აეღოთ და მოექლიბათ კანი მათ შორის.  ჩარლიმ სისხლი გაყო და იქ, სადაც ორი და გაიყო, როგორც ხდება, ინდივიდუალური ამბები შექმნეს.

სარამ ფეხი შეანაცვლა ჩარლის და აფეთქდა, როცა ჩარლი გაიქცა მაშველთა მოსაყვანად, მაგრამ სარა მაშველამდე აფეთქდა. დის თვალწინ სისხლიანი თავითა და ბოტასებიანი ფეხებით. ჩარლი გაეშურა ოქროსფერი სიმინდებისკენ და გახეულ თავზე ფოჩები დაიმაგრა. მიუსწრო ჩამომავალ ავტობუსს და ავტობუსის ფანჯრები დახურა. ამიტომ ებევრებოდა ყლუპი ჰაერი.

”ძვირფასო სარა,” – მომართვის მრავალჯერადი წაშლის შემდეგ.. ”ძვირფასო ჩარლი, ვინახავ ფოტოსურათებს”, – წერილები მას შემდეგ დაიწერა. ხალხო, ჩემი ბრალი არაა, კარტოფილით ხელში მფარველი ანგელოზი ამიფეთქდა. თუ ანგელოზის პერსონაჟული ხატი. მეორე დამრჩა.

ტყუპები

– დე, მე წავალ, კაი?

ოთახი, – უფანჯარო სიმაგრე.

სანტიმეტრი გადააგდე. გთხოვ.

რამდენი სიტყვა დაეტევა, იმით გაზომე!

თაროზე ხელისგულებით ვერ დაიჭერ ფანარმინათებულ მტვერს.

სულში გილაგდებიან ბოჭკოებში და შეკუმშულ ხვრელებს გიმუქებენ.

აწონე!

– დე, მე წავალ, კაი?

ზალაში მამას სძინავს.

ეს მისი ჰაერის სუნი გცემს.

წავალ, სანამ თვლემს.

მე და შენ გამოვაგდეთ საძინებლიდან და ახლა ჩვენ ვთვლემთ დედის სხეულთან მოკაკვულნი, მუცლის ღრუსთან დაპატარავებულნი და მიკრულნი ჩვენ.

აბაზანაში სიცივისგან შემჭიდროებულ სხეულზე ისხურებ წყალს და 30 კბილით ცახცახებ.

მე წყალს ვუსხამ საკუთარ პირის ღრუს.

ვაყოვნებ.

სისხლს ვუღვრი ონკანს და ვწურავ კბილის უგემურ პასტას.

კისერთან ნაგრძნობი სითბო სუნთქვისგან ნიკაპისკენ მოახლოებით.

– დე, მაკოცეს!

– დე, წავალ, კაი?

დაგიტოვებ საკუთარ განმეორებას.

ცოტა ხნით.

აუნთებელ სივრცეში.

შენ მაინც თვლემ..

13.03.11.

ჩარლი

მე და ის ვარსებობდით სამივე დროში თანადროულად განმეორებადი მეტასტაზებით. მერე შენობით ფორმაზე გადავედი. მერე ჩარლი გამოვიგონეთ.

როცა ჩარლი გავიცანი, ქაღალდის თვითმფრინავებს აწყობდა და ამბობდა: „მე მფრინავი ვარ“. მერე ის გაფრინდა. ოდესღაც, როცა გაიზარდა აზიაში გაფრენილმა ხომალდმა წაიყვანა.  დალაი ლამასთან წერილები გავატანე, მეგონა თოვლის ბაბუა იყო და დაწერილ სურვილს ამისრულებდა. „გადავცემ“, – მიპასუხა მან.

მე და ჩარლიმ კითხვა ერთად ვისწავლეთ. ასოების მნიშვნელობა რომ არ ვიცოდით, ბგერებს ვიგონებდით და ისე ვყვებდით. გამოვიგონეთ ამბავი ძაღლიან მაწანწალაზე, კანალიზაციის წყალში თავი რომ დაიხრჩო და ჩვენ მას ხურდები ჩავუყარეთ.

ტუჩს ზემოთ ღინღლების გამო მე და ჩემი და ჩარლის ვეძახდით.

„ჩარლი, მომწერე ხოლმე და ბგერები გამოვიგონოთ“.
ხელს მიქნევდა.

პატარაობაში ბუშტით და სილით სავსე ხელისგულებით მივრბოდი მასთან. მეზობელ ბიჭებს ერთად ვუწევდით ხელებს, გვიხაროდა, – ბავშვობაში გოგონები ბიჭებს ვერევით.

მტვრიან ასფალტებს ნაბიჯებით ვასუფთავებდით. მერე აზიაში გაფრინდა. კარგა ხანს გემო დამიტოვა  პირში უჰაერობის, თითქოს დასრისესო ჰაერი და დაიჭყლიტა.

„ძვირფასო ჩარლი, ხანდახან მგონია იჭმუჭნება ტროტუარი და ასფალტი ფეხებქვეშ მიდნება, ჩამოცვენილი ფოთლები აგურებივით მეცემა მხრებზე და გადაყვლეფილ სხეულზე მკოცნი, დაამების ნაცვლად, მტკივდება. მჭირდები, რომ არ ვიყო გიჟი“.

„ძვირფასო ჩარლი, შენ ჩემი სიამის ტყუპისცალი ხარ, როგორ მოეწყვე? ვინახავ ფოტოსურათებს“.

ერთ ფოტოზე ჩარლი იღიმება, ყურში ჩამღიმის და შეგრძნებაა, რომ მიმატოვებს.

როცა სიმშვიდე მოვიდა, მე ხელში ჯოხი მეჭირა, ვღრიალებდი და გავაგდე. ჩუმად იყავიო, ჩარლიმ. მერე ერთად ვითამაშეთ დამალობანა, ისე დაიმალა, ვეღარ ვიპოვნე. მერე მითხრა, რომ ამ თამაშს აღარ ვითამაშებდით.

გამივლის. თოვლის ბაბუების აღარ მჯერა და არც ჩარლის.

ის გაქრა. დარჩა მხოლოდ ჩემი ტყუპისცალი და დავრჩი მე. არ გვენატრება.