როგორ გავხდით რეინჯერები?!

3

გეოგრაფიულ რუკაზე ალბათ ყველას შეგვიმჩნევია მტირალას პარკისგან დაჩრდილული კინტრიშის ნაკრძალი, თუმცა ფიზიკურად ცოტას თუ მოგვინახულებია. მოლაშქრეს ან ზღვის სანაპირო ზოლი აინტერესებს ან მაღალმთიანი ხულოსებრი რეგიონები. მდინარე კინტრიშის ხეობაში გაშენებული სველი სოფლები ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მეტიც, ისტორიულად ქობულეთი ამ რეგიონში მდებარეობდა, ხოლო ამჟამინდელი ქობულეთი ჭირიანობით იყო მიტოვებული.

ადგილობრივების თქმით, გურიიდან ამ აჭარაში გადმოსასვლელი გზა უფრო მარტივია, ვიდრე აჭარიდან გურიაში გადასვლის მსურველებს ხვდებათ. ამ რეგიონში მოლაშქრეები, ძირითადად, რუკის არქონის გამო იკარგებიან/იღუპებიან, რადგან სათანადო გზამკვლევები არ იშოვნება, თუმცა თვითონ გზა არ უნდა იყოს რთულად სავალი. გურიის გზაზე ბონუსად ნახევრად ალპური ზონის ტბა შეგხვდებათ, წარმოიდგინეთ, ტბაზე ხართ და ზღვის სანაპირო ზოლს ათვალიერებთ ხედებად. ნაკრძალის ბაზაზე ბზის კორომსაც შეხვდებოდით აქამდე თუ მოილაშქრეთ, თუმცა ამჯერად ბზები დაიწვა. რჩება თამარის დაკიდული ხიდები და თამარის უთხოვარი ხეები. ყველა მეფის აღმშენებლობით მარაგს თამარს მივაწერთ და ყველა ბებერ ხეს მის შვილობილად ვაცხადებთ.

მაგრამ ყველაზე საინტერესო დროის ის აცდენაა, რომლითაც ამ სველი სოფლების მოსახლეობა ცხოვრობს. საათის გრინვიჩულ სისტემას საბჭოთა გადმონაშთად აღიქვამენ, რომლებმაც სასაათო სისტემა შრომაზე მოარგეს. სოფელში საათი არ არის, დროს ჯოხის ჩრდილით საზღვრავენ, რაც ორი საათის განსხვავებას გვაძლევს.

6

“მე დათო მქვია”, – გამოგვეცნაურა 25 კმ-ს ფეხით გავლის მერე პირველივე შემხვედრი მძღოლი, ვისაც ქალაქში დასაბრუნებლად სატვირთოში ჩავუსხედით. მემუარებში მომისხენიეთო და წაგიყვანთო. ბლოგზე დავწერ მეთქი სტატიას და ამიტომ მითხრა, მე დათო მქვიაო. 25კმ-ის მერე ეს მძღოლიც იმიტომ შეგვხვდა, რომ მდინარე კინტრიშზე მშენებლობა მიდის. ასე რომ მოურიდებლად შეგიძლიათ აქედანაც ჩახვიდეთ აქაურ აჭარაში კაკლისა და წაბლის საკრეფად, რომ დღეში ერთი მანქანის ფულად ჩააბაროთ.

აი, იმდენად მივიწყებული ადგილია, რომ ქობულეთიდანაც კი გიჭირთ ტრანსპორტის შოვნა და თუ მაინც ვერ გააგებინეთ მძღოლს კინტრიშის ნაკრძალზე, ჭახათის ნაკრძალად მოიხსენიეთ. ავტოსტოპს რაც შეეხება, გირჩევნიათ ქობულეთის სოფლებში ცერა თითი არ გაიშვიროთ და უბრალოდ ხელი ჩამოუკრათ, – აქაურ მძღოლებს უბრალოდ იმის შეგრძნება ექნებათ, რომ აქებ, კარგიაო, ეუბნები და გაჩერებას ვერ წარმოიდგენენ, დიდი-დიდი მათაც შეგაქონ.

ზოგადად, ავტოსტოპური გამოცდილება რეგიონების მიხედვით ფრიად საინტერესო სათხრობია: მხოლოდ გურიაში თუ გაგიჩერებს ორკაციანი მანქანა ოთხ ავტოსტოპერს. თუ ქუთაისში აჩერებთ, მძღოლები გეკითხებიან, თქვენც ის ფილმი ნახეთ უფასო მგზავრობაზეო. ქობულეთი-თბილისის გზაზე ისეთი პროგრამისტებიც შეიძლება შეგხვდნენ, არაელექტრონულ, სუფრულ მუსიკას რომ უსმენენ.

აი, ხაშური ცალკე აბზაცი უნდა იყოს. ამ გზაზე ავტოსტოპის იმედზე არ დადგეთ, თავმოყვარე მძღოლები სხვის გამო ხაშურში მანქანას არ შეაჩერებენ. ან თუ სიგარეტის მოწევა არ უნდა და ასანთი გაუთავდა. გამოგიყენებს, აგანთებინებს და ჭირის დღესავით გაგეცლება. ისეთი ცუდი დღე გვქონდა ხაშურში ნაზუქიც კი ვერ ვიშოვნეთ. მერე თამუნამ, არც ისე ცუდი ქალაქია ხაშური, ბორჯომის მთები ჩანსო, მაქსმა კი დიდი ხანი არ გაახარა, მასე ელიავაც კაი უბანია, მყინვარწვერი ჩანსო.

და თუ თბილისის გზაზე მძღოლი მაინცდამაინც შენი ყოფილი შეყვარებულის სახლთან დაგტოვებს, მადლობა გადაუხადე, რადგან შენი ბედი ყოფილა, ოღონდ არა ეს შენი ყოფილი ბიჭუნა, არამედ არმიწერის ნებისყოფის გამომუშავებაში გამოწვრთნა. ზოგადად, მძღოლებს მადლობა უნდა გადავუხადო, როგორც თამარი მასწავლის ხოლმე, მაგრამ სულ მავიწყდება. ერთხელ ისე დავძაბე გონება, მადლობა არ დამრჩეს მეთქი და გამომივიდა, მაგრამ, როგორც მითხრეს, გამარჯობის თქმა დამრჩა.

დისტრიბუციის ან ფოსტის მანქანით ავტოსტოპით მგზავრობა ჩემთვის არა, მაგრამ ბევრისთვის სახალისო იქნება, გზაში ნახევარ ქვეყანას გაეცნობა. ჩემთვის სახალისო იყო უფრო მიკრობუსის ტიპის მანქანით მგზავრობა, სადაც ტრადიციული დასაჯდომების ნაცვლად სახლის სკამები იყო ჩამწკრივებული. მაგრამ ყველაზე საინტერესო რეინჯერებთან მგზავრობა გახდა. ჩაუჯექით ხოლმე რეინჯერებს, თავებს გმირებად იგრძნობთ.

2

ჯერ ხომ ქობულეთის ბაზარში თუთუნის და ბოსტნეულის ყიდვაში სიმბარათი დავკარგე, თან სამსახურის, თან ვინც იპოვნა, სექსოლოგებთან ვმუშაობ და რამდენ კონფიდენციალურ ინფორმაციას ნახავდა, ამაზე ვდარდობ. თამარას ხომ ხაშური ურჩევნია ქობულეთს და უსასრულო გრძელ, სწორ და მზიან ქუჩებში დაღლილობისგან პანიკის შეტევა ჰქონდა. მაქსი კი ერთ ქობულეთურ ავტო სამრეცხაოს აკვირდებოდა, სექსუალურად ჩაცმული გოგონა რომ რეცხავდა, ეტყობა, სარეკლამოდ და კულისებში ჩანს, რომ ქობულეთელ ღიპიან მამრს არეცხინებენ.

თამარას მგონი მზის დარტყმა აქვს, მე წიკი მაქვს რომ ტელეფონი მირეკავს, იქაც კი, სადაც ტელეფონი არ იჭერს, მითუმეტეს, თუ სიმი ტელეფონში არ დევს. შეზოფრენიის ეს სიმპტომი გავრცელებული მდგომარეობაა და როგორც სუბიექტური დაკვირვებისგან მივხვდი, 3 დღეა საჭირო, რომ ზარის ხმა ამოგივარდეს ჩვევიდან. განსაკუთრებით თუ ჭახათს გასცდებით.

ადგილობრივებმა რესტორნის ტერიტორიაზე შეგვიფარეს, გაგვიშალეს სუფრა, ნიგოზივით მშრალი ხაჭაპურები დააცხეს, ნიგვზიანი კიტრი-პამიდვრის სალათა მოიტანეს. აი, საქართველოში მოგზაურობისას ფული არ გეხარჯება. მაქსის მეგობარს ჰქონდა იდეა, ვითომ რუსი ჟურნალისტები არიან და რეპორტაჟს აკეთებენ ქართულ სტუმართ-მასპინძლობაზე, სამეგრელოში რომ იტყოდნენ ჯადოსნურ სიტყვებს, აი კახეთში ისე გადაგყვნენო.

მაგრამ აჭარლებს ისედაც არ “შეეშლებოდათ”, ძალიან ლამაზ ადგილას დაგვაბინავეს მდინარის პირას, ჰამაკების რიგში. იმ ღამეს დავუშვით რომანტიკული შეცდომა და კარავი გავშალეთ პირდაპირ მდინარის ზემოთ, ანუ მდინარის ზემოთ ხუთიოდე მეტრში იყო ფიცრები გაშვერილი და ზემოდან დავადგით კარავი. თან მე თბილი საძილე ტომარა არ მქონდა მთის მდინარიდან გამოწვეული ქარი სხეულს მიკანკალებდა. სამაგიეროდ მეორე დღეს ზრდილობის გამო გადავკარი თაფლის არაყი და ეს იყო ყველაზე ლამაზი და გემრიელი სასმელი ჩემს ცხოვრებაში, სიამოვნებით გავაგრძელე გზა.

8

ორიოდე კილომეტრი გვქონდა დარჩენილი კინტრიშამდე. მე ცოტა უკან ჩამოვრჩი, თამარას ტელეფონით საქმეებს ვაგვარებდი, რომ ქობულეთის ბოსტნეული დამრჩა შუა გზაზე. მე ხომ ყველაფერს ყოველთვის ვკარგავ. უკვე ვკრეფდი დაყრილ ბოსტნეულს, რომ წამომეწივნენ რეინჯერები. ძალიან ლამაზი თვალები ჰქონდა ამ რეინჯერს. აი, აჭარლების ტიპური სახე, ზღვისფერი თვალები და ბორცვებივით ლოყები. წამო, არ გაინტერესებთ ჩვენი სამუშაო პროცესის ნაწილი გახდეთო? ჩავუჯექი მანქანაში, დავეწიე მეგობრებს და ისინიც შემოვისვი.

წარმოვიდგენდი ბრაკონიერებს როგორ დავიჭერდით, წრეს შემოვარტყავდით, სასამხილე ფოტოებს გადავუღებდით, ჩვეულებრივს და სასამხილე ფოტოებს სელფით, მაისურებზე დიდი, ლათინური R გვეწერებოდა, ვითომ სუფთა და დაუთოვებული მაისურები გვეცვა და არა ჩანთებში ცხრაგზის დაჭმუჭნული, ჟურნალისტები ეთერს დაგვითმობდნენ და ა.შ. არა და ამ უკაცრიელ სოფლებში, სადაც ცოცხალი სულის ჭაჭანება არ იყო, ოცნების საარჩევნო პლაკატი მაინც იყო გაკრული.

არა და ყველაზე საინტერესო ამ შემოვლაში ლობიო იყო, სარებზე გაწოლილი ცარიელი ღეროები. “ჰმმ, ჩვენი დირექტორის ლობიო დათვს შეუჭამია”, – თქვა ლამაზ თვალებიანმა რეინჯერმა, ოღონდ ჩემს წარმოსახვაში თითქოს დოქტორ ვოტსონს მიმართა, – “ვერ გაახარა კაცმა აქ ლობიო, მოდის დათვი და უჭამს”. ნახეთ, რა საინტერესოა, ჯერ ის, რომ შეგიძლიათ ლობიოს საკრეფად ჩახვიდეთ ამ სოფელში, მაინც დათვს დაბრალდება. და მეორეც, წარმოიდგინეთ, მურა დათვი შეპარული ბოსტანში.

5

ოც კილომეტრზე მეტი გვქონდა შემოვლილი და შეკრებილ საზოგადოებას წავასწარით რომანაძეების გვარის ქეიფისას. გაგვიმასპინძლდნენ ხაჭაპურებით, ცოლიკაურით, ბოლოკი და ყველით. ეს ლამაზთვალება რეინჯერი მგონი არ სვამდა, საჭესთან ჯდომა უწევდა და შემოვლითი სამუშაოები. დასვენების გარეშე მუშაობდა, ისტორიები გაიხსენა სხვა ტურისტების და მათი გაჭირვებების შესახებ. გვესაუბრებოდა, რომ ამ სოფლებში ქობულეთიდანაც იშვიათად ჩამოდიოდა ვინმე, აი, ხინოში მხოლოდ ერთი მოსახლე ცხოვრობს, მოინახულეთო. ახლახანს დაფინანსება მოუპოვებიათ და კოტეჯების დადგმას აპრებენ, საკარვე ზონა უკვე გააკეთეს, თუმცა კომფორტულ სარეინჯეროში ღამის გათენება მსურველს ახლაც შეუძლია ათ ლარად.

იქ ყოფნისას ფილმში მაინც გადაგვიღეს. უფრო ზუსტად, გვარის წარმომადგენლებზე იღებდნენ დრონით და მაღლა ავიხედეთ. როგორც თბილისელ სტუმრებს, სპეციალური სანახაობა მოგვიწყვეს, დაგვიკრეს, გვიცეკვეს, გვიმღერეს, თამარამ სცენა საპნის ბუშტებით გააფორმა. ერთადერთი მობინადრეს გაცნობა აინტერესებდა. მე დრონის შესახებ გამოკითხვას ვაწარმოებდი, ფოტოებს ვიღებდი, რომანაძეების გვარზე და, ზოგადად, სოფელზე ლეგენდებს ვიმახსოვრებდი, თურმე იქვე ტბაში კავკასიური ტრიტონი ბინადრობს, მიყვებოდნენ როგორ წაასწრეს.

9

შემოდგომის ქარიანი ღამე დადგა, ტანსაცმლიანი ვიწექი ტომარაში და ზემოდან სხვა ტანსაცმელები მქონდა გადაფარებული. მე და თამარა მთვარის გადაღებას ვცდილობდით, შორიდან მდინარის ხმა ჩაგვესმოდა. მაქსი მსხლის არაყის თანხლებით კარავში საამბობ ამბებს გვიყვებოდა. მაგალითად, რა გადახდა სააკაშვილს მყინვარზე ასვლისას და როგორ აგებდა დურაკაში იქაურ რეინჯერებთან. თამარამ ადრე ტელევიზიით მაინც ხდებოდაო წინსვლა. თან მაქსს ეკამათებოდა, რომ ლოთია. მარტო ასი გრამი არაყი დავლიეო, მაქსმა. და რაოდენობაში არაა საქმე, მთავარია, რომ მოგინდა დალევაო, თამარამ. სანახევროდ ვიხუმრე, რომ საბჭოთა კავშირი კოკა-კოლამ კი არა, ღვინომ დაშალა, როცა გორბაჩოვმა ანტიალკოჰოლური კამპანია წამოიწყო და ვაზი გააჩანაგა.

მეორე დღეს ერთადერთი მაცხოვრებელი მოვინახულეთ. მან კაკალივით გამაგრებულ, მაგრამ თაფლივით გემოიან ვაშლსა და მსხალზე დაგვპატიჟა. ირვლივ ფუტკრები დაფრინავდნენ, ფისოები კატას ეთამაშებოდნენ, კრავი ტაძართან იყო მიბმული. თამარამ: აქ მარტო ცხოვრობთო? და იმან: ღმერთმა დამიფაროს, ჩემთან უფალიაო. სწორედ მისგან გავიგეთ აქაურ სასაათო სისტემაზე და ჯოხით დროის ათვლა გვასწავლა. იყო რაღაც კაბალისტური მის რწმენაში, წმინდა სიტყვებს ერთმანეთთან ციფრებად აჯამებდა და იყო რაღაც დენ ბრაუნულიც მასში.

4

უკანა გზაზე, სანამ მანქანიან დათოს შევეყრებოდით, ჭარბი წყლიანობისგან ტალახიან გზებზე მოვფლატუნობდი, დილიდან გამოსულებს გზაში შემოგვისაღამოვდა. პატარა ხის ქოხთან ჩავდგით კარავი, მაქსმა გააჩაღა ცეცხლი, თამარმა მოხარშა გრეჩიხა.

და როცა მე გოგირდიან წყალს შევუშვირე ოფლიანი ტანი, მზე ისე ჩადიოდა, თითქოს ცა პატარა კვადრატად ამოჭრესო. სასიამოვნოა გაშიშვლება ბუნებაში ღამით, როცა იცი, რომ ვერავინ გხედავს ხეების გარდა და შორიდან ნაფოტების ტკაცუნი გესმის, ქარისგან წაბლების ჩამოცვენის ხმები და აქა-იქ ადევნებული ცუგა დაიწკმუტუნებს მოახლოებული ტურების შიშით. იმ დღეს ლობიოს ქურდის ნაკვალევსაც ვნახავთ. ამჯერადაც ვიკამათებთ თამარასთან ჯანსაღ პროდუქტებზე, ქობულეთში ჩასვლისას დაკარგულ სიმ ბარათს დავიბრუნებ, სამივეს ტელეფონი დაიჭერს და ოჯახის წევრებისგან შეშინებულ ზარებს მივიღებთ. მუნიციპალიტეტებიც დაგვაწევენ უკანონო მესიჯებს. თბილისში ჩამოსვლისას კი გავიხსენებთ სოფლებზე, რომლებიც რამდენიმე საათით აგვიანებენ. რეინჯერებზე, რომლებიც ტყეებში სეირნობენ ტურისტების გამოჩენის იმედად. ჩვენი წამოსვლის მერე ერთ კვირაში მოთოვს.

7

ლაშქრობის ასაკი

IMG_20160829_0003 copy

უშვებულებო ზაფხულის ერთ შაბათს თამუნამ და მაქსმა წამიყვანეს თრიალეთის ტყეში, სადაც მათი სამეგობრო დადის უკვე წლებია. ადგილი მოშორებულია სამანქანო გზას, ასე რომ შემთხვევითი მოლაშქრეები აქ თითქმის არ ხვდებიან, მხოლოდ ისინი, ვისაც უზიარებენ და კიდევ ჭინკები დაძრწიან მეტი სამძაფრისათვის. მოაწესრიგეს წყალი, გადაადეს თარო, სგუშონის ჩასადები არ დაივიწყეს, მოკლედ, “სტენკა” ჩადგეს აქანა. როგორც ხდება ხოლმე, ხეებს სოკოები ავაცალეთ, ღვინო ჩავაციეთ, ფოტოები გადავიღეთ, ისტორიები გავიხსენეთ, მოსაღამოვდა და ცეცხლი გავაჩაღეთ ცამდის. მაშინ პირველად ვნახე ტყის რეინჯერები ცხოვრებაში. მართალია, ლამბერსექსუალებს არ ჰგვანდნენ, მაგრამ სკუტერები ჰყავდათ. ცეცხლი დავინახეთ, ხანძრის შეგვეშინდაო. მაქსმა კი დაამშვიდა: თორმეტი წელია აქ დავდივართო. აი, ბიბლიოთეკის თანამშრომელებს რომ მიმართავენ სტუმრები: პროფესორი კაცი ვარ, ომის დროს წიგნზე ვიჯექი, შენ რა უნდა მასწავლო. და მაშინ დაფიქრდნენ ასაკზე: 12 წელი გავიდა? არა და ეს რეინჯერები რა პატარები არიან.

მე კიდევ დავფიქრდი სტერეოტოპებზე, რომლებიც ამერიკული ფილმებიდან შემექმნა. აი, უმეტეს ფილმში ლაშქრობაში კარვებით დადიან ბავშვები ოჯახებთან ერთად, აი, დედინაცვალს რომ უნდა ოჯახი შეაკავშიროს ან მამინაცვალი რომ მოიშორებს ბავშვებს საზაფხულო ლაგერზე გაგზავნით ან თუ დიდ ასაკში ვინმე ტყეში წავიდა, თავს იმართლებს, რომ ბავშვობის ნოსტალგია აქვს და მერე ირკვევა, რომ ვიღაცა ბიძაშვილთან წვებოდა ან სექსუალური ნაშა მუწუკებიანი მსუქანი იყო მოსწავლეობისას. მერე საქართველოზე გავავლე პარალელი: რა იშვიათად მინახავს ოჯახებით დასახლებული კარვები, 3-4 წლის ბავშვებს რომ ველურ სოკოებთან ზრდიან დეი ოფებზე. ამასობაში ვისმენ ისტორიებს, რომ მეტეოსთან ბავშვიანი კენგუროებით მოკიდებული ტურისტები ნახეს. აი, ამერიკაში ვინც ხართ ნამყოფი, ფილმებით შექმნილი მორიგი სტერეოტიპის საფუძველი მაინტერესებს: აიტი ან რამე გიკი ტიპების ყოველი სამეგობრო მართლა სტანდარტულად 4-5 წევრისგან შედგება, საიდანაც ერთი უეჭველი მართლაა აზიელი? არა რა, თავისუფლების კი არა, სტერეოტიპების ქვეყანაა ამერიკა.

ხეს უთქვამს, კიბო მაქვსო

ჩემი ამჟამინდელი გატაცება თვითგადარჩენის საფეხურის განვითარებაა, რომელიც ლაშქრობებში უპროდუქტოდ სიარულით გამოიხატება: გამოვცადო რა საკუთარი თავი მარტომ ან ჯგუფში ხეტიალისას რამდენად შევძლებთ საკვებისა თუ წყლის მოპოვებას დაუსახლებელ სივრცეებში. პირველ რიგში, თეორიული ცოდნა სათანადო ლიტერატურებში ვეძიეთ: მცენარეებიდან ნახშირწყლების გამოყოფაზე, შხამიანი ბალახების გარჩევის ხერხებზე და დავიმხსვრიე სტერეოტიპები ავი თუ საკვები სოკოს გამოცნობაზე, – არ ყოფილა რაიმე ხერხი მათი ვარგისიანობის შესამოწმებლად, ნიორისა და ხახვის ხარშვისას მხოლოდ ფერმენტი თუ დგინდება, ვერცხლის კოვზის ჩაწობით – ამინომჟავის შემცვლელობა, ჰაერზე ფერს იცვლისო, არა და ეს ქრომოგენებზეა დამოკიდებული, კეთილთვისებიან ობსაც შესძლებია წყენა და სხვა. თუ ცადამყვანა შემხვდება, წითელი და თეთრი კოპლიანი, კრიმინალიზირებული სულაც არ ყოფილა და მედიტაციას ჩავბარდები. საღამოს სიგრილეში აბედას ასანთად გამოვიყენებ და სოკოს ცხელი გლინტვეინით მოვხვრიპავ. თუ გამიჭირდა, ტექნიკას დავიხმარებ, მცენარეს სურათს გადავუღებ და სახეობაზე ამბების გასაგებად ავტვირთავ, არსებობს მსგავსი პროგრამები. მაგრამ ამჯერად მცენარეთა ავადმყოფობაზე მინდა ვიკითხო. რომ ხეებიც ავადდებიან კიბოთი, – ხანძრით, გვალვით ან ტემპერატურის გავლენით დასუსტებულ ხეებზე სოკოური მეტობები სახლდებიან.

cronartium flaccidum – ევროპისა და აზიის, მათ შორის, საქართველოს ხეებზე გვხვდება. დაავადების პირველი სიმპტომები მოყვითალო ლაქებით ვლინდება, რომლებიც თავს იჩენს როგორც მცენარეთა წყლულებზე, ასევე ტოტებსა და ფოთლებზე. ძარღვების დახშობით საკვებისა და წყლის მიწოდებას აფერხებს, რის გამოც მცენარე განვითარებას წყვეტს. პათოლოგია შეიძლება შემოერტყას დაზიანებულ სივრცეს და მთლიანი ხის სიკვდილი გამოიწვიოს. დაინფიცირებიდან ვიზუალურ გამოხატულებამდე  შეიძლება წლები გავიდეს. რაც ართულებს მოყვარულისგან მცენარის დიაგნოზირებას. ხშირად დაავადების ვიზუალიზაცია კონკრეტული სეზონის კუთვლილებაა და დამოკიდებულია მცენარის ადგილსამყოფელზე, გრძედსა და განედზე. მაგრამ ზოგადი მონაცემებით, ამ კონკრეტული დაავადების დიაგნოზირება ხილოვნების სეზონიდანაა გაადვილებული. გარეგნულად ფოთლებზე თითქოს ყვითელი ხავსიაო მოდებული. ობი მაკროწრიულია და სპორების ხუთივე ფაზაზე გადის. სხვა ჟანგოვანი სოკოების მსგავსად, მოწოდებით მუქთახორაა, რომელიც მასპინძელი უჯრედებისგან სიკვდილს მოითხოვს. კიდევ ორ სოკოს ჩამოვთვლი, რომელიც მცენარის კიბოს გამომწვევია, ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან როგორც ვიზუალურად, ისე შინაარსობრივად, თუმცა დაბოლოება ერთია, ხის კიბოს იწვევენ. ასევე ეს ობები მასპინძლებსაც განსხვავებულებს ირჩევენ.

melampsorella cerastii – სოკოსთან ასოცირებული ორგანიზმი ყოფილა, რომელიც ხესთან შეყრისას მცენარის კიბოთი დასნეულებას იწვევს. ზიანდება რა ხის მექანიკური მოწყობილობა, ხელს უშლის ზრდაში, ხოლო სოკოების ვრცლად მოდების შემთხვევაში მცენარე წყვეტს თავის ბუნებრივ არსებობას. პირველ რიგში, სათადარიგო მკვებავი წყვეტს მუშაობას, ფიზიოლოგიურად ტოტებშორის ურთიერთობა ქვეითდება, ზიანდება მცენარის ქალური საწყისები, რომ ხე რეპროდუქციულად უუნარო გახადოს, იცვლება ღერძის სტრუქტურა, მცირდება ხის ბიომეტრიული მაჩვენებლები, სიგრძე და სიგანე. ითვლება, რომ კიბოების გაჩენა, ადამიანისგან განსხვავებით ხეებისთვის, პირდაპირ კავშირში ყოფილა ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, მეტიც, ეკოლოგიური მუტაციის პირველ შემფასებლად აღიარებენ. დაავადების ხშირი მასპინძელი ნაძვები გახლავთ. პირველი სპორები წარმოდგენილია გაზაფხულზე ცოცხისებურში მოთავსებული წვერებით. შეფერილობით მოყვითალო-მომწვანე ფერისაა, ხოლო ხილოვან სხეულებზე ბებერებს წააგავს. შუა ზაფხულში მათი განლაგება იცვლება და ფართოვდება. მომდევნო გაზაფხულს კი დაავადება უკვე მცენარის ღრმა ფოსოებშია შეღწეული. ყოველ წელს ინფიცირებული წიწვები ცვივა და დაავადება ტყეში მაინც განაგრძობს განვითარებას. ცოცხისებური ვიზუალურობის გამო არსებობს ლეგენდა კუდიანთა ტრანსპორტზე, რომ ჯადოქრები სწორედ ამ წარმონაქმნებისგან აშენებენ ცოცხებს. 

hypoxylon pruinatum – ამ სახეობის ერთ-ერთი კუკისდროინდელი სახელწოდებაა. ძირითადად, უდაბურ ტყეებში იჩენს თავს და საშიშ მკვლელად ითვლება მცენარეებისთვის. მოკლული ჰყავს უამრავი ვერხვი (ვერხვი ტირიფისებრი ოჯახიდან თუ იყო, დიდი ხანი არაა რაც გავიგე), თავად ტირიფი, ცირცელი, თხმელა, არყის ხე, ვაშლის ხე, მუხა, უხრავი და ბევრი სხვა. მოკლედ, ბევრი ხის სიკვდილიანობის გამომწვევია. სოკო ხის ღეროსთან ტოტის ჭრილობის გავლით ახალგაზრდა ქერქში აღწევს. ამისგან ტოტი ხდება მოვარდისფრო-მოყვითალო ფერის და დეფორმაციას განიცდის. მომდევნო წელს ინფიცირებული ზონა ფართოვდება, ხორკლიანდება, ბებერებითა და ნაპრალებით იტვირთება. ეს სპორები არაა ახალი ინფექციის წარმოქმნის მიზეზი, მაგრამ აწარმოებს მეორე სახეობის სექსუალურად აქტიურ სპორებს, რომლებიც გაამრავლებს დაავადებას. ამიტომ ინფიცირებიდან მესამე წელს რამდენიმე მილიმეტრიანი დიამეტრის, ნაცრისფერ თეფშისფორმიან სტრუქტურებად ვხვდებით, ხოლო პირვანდელი წყლულის დიამეტრი შეიძლება მეტრამდეც ავიდეს. როდესაც წყლულები სველდება, სპორები თავისუფლდებიან და დაავადება ვრცელდება. სხვა სოკოვან/ობოვანი დაავადებების მსგავსად, გვალვის სეზონი მნიშვნელოვანი პერიოდია ამ დაავადების გაჩენისთვის. ზოგადად, ჰაერის სიმძრალე, დაბალი ტემპერატურა ხეების კიბოებისთვის საშიშ პერიოდად ითვლება.

პირველ რიგში, ბოტანიკოსებმა მომიტევეთ ჩემი მცირე ცოდნით ფლორაზე საუბარი. სიამოვნებით მოვისმენ რჩევას თუ სადმე ხარვეზი გამეპარა, ზეპირი მასალით ვწერდი. ახლა კი მინდა იდეა შევაჯამო. ბოლო პერიოდში ბევრს საუბრობენ ადამიანებისა და ცხოველების ტრაგედიის შედარებაზე, გამწვანებას კი ეროზიის აღმოფხვრის, სტიქიებისგან თავდაცვის გამო მოითხოვენ. მაგრამ თუ ვინმესთვის მილიონის მკვლელობა სტატისტიკა კი არა, უკვე ტრაგედიაა და ემოციის გამოწვევისთვის ინდივიდუალური ისტორიის მორგებას არ საჭიროებს, მცენარეებზე კითხვისას დოკუმენტურ მასალებშიც იპოვნის თანაგრძნობას. ხშირად ლაშქრობებში ყოფნისას ირონიით ვეპყრობოდი განვითარებულ ქვეყნებში ტყეების გაურბანულების, პარკებად ქცევის საკითხს, სადაც ჩადგმულია მოსასვენებელი სკამები და ხეები ვიტამინებითაა ნაკვები. მაგრამ იქნებ ეს პლიუსიცაა თუ საკითხს რომანტიკული მოლაშქრის თვალით კი არ შევხედავთ, არამედ ფლორის დაცვისთვის გამოვალთ, გავაპროტესტებთ, არა მხოლოდ ახალი მცენარეების დარგვის უარყოფას, ხელთ არსებული ფლორის მოვლასაც დავიწყებთ. თუმცა ვხვდები, რომ ტყის დაუფლება ბუნების დამცველებისგან კი არა, არასათანადო ხელისგან რადიკალურად ნეგატიურ შედეგს გამოიღებს. ამიტომ ვეძებ მოხალისეებს ფლორის შესასწავლად  და უპატრონო ხეების მოსავლელად. საპროტესტო აქციებისადმი ინერტული დამოკიდებულება მაქვს, ამიტომ შრომით გამოხატვა მირჩევნია.

vol.11.

15517372040_ad6d183b77_hk

 

როდისმე ნისლში დაგილევია?
უღრან ტყეში ფოთლების გუნდაში რომ ჩასხდებით, და ბოთლიანი ხელები გიჩანს როგორც ჰორიზონტზე დანახული უღრანი ხეები, როგორც მანქანის ჩაორთქლილი მინები. იორთქლებ, რომ შემატო ხელებს ნისლები.
თეორია მაქვს: ნაღველს იმდენი სითხე უნდა დავუმატო, რომ აორთლდეს. ბოღმიანი ქალების შედედებული ნაღველი დავალბო და ფრიი.. გავქრეთ.

 
15516805298_908c0db5e5_o

vol.7

ჩემი ბალახისფერი თმა.
ტანსაცმელზე ფოთლები მერეკლება. უკან დაჭრილია შეშა.
მერე ხის სახლი. ტელევიზორები შავ-თეთრია.
ღულელების ტყე.

Continue reading

ბაბა იაგურად

ჩვეულებრივი სახლია ხის კედლებით და ინდაურის ფეხებით. დილით ადრე იღვიძებს და თავისი დინჯი ნაბიჯებით სამსახურში მივყავარ. შუქნიშნებზე ისიც ჩერდება. გაწელილი მთქნარებით ცალ ფეხს სწევს, თითებს ბზიკავს და ჭიმავს, შემდეგ მეორე ფეხს ანაცვლებს და რაც შეუძლია სწრაფად გარბის. საოცარი სანახაობაა უკნიდან: მისი დაბნეული სირბილი მანქანათა შორის. ამ დროს ოთახში ყველა ავეჯი ერთ კედელთანაა მიყრილი და გვეღვიძება.

სახლში ქმართან ერთად ვცხოვრობ. ამას წინათ გამომიცხადა: “მუდამ გაწეწილი თმა გაქვს და ბებრულად გაცვია, – სახლიდან მივდივარ.”

ქონების გადანაწილების ჯერი რომ დადგა, ვთქვი: “ცოცხი ჩემია.”
თქვა: “ავეჯი ჩემია.”
ერთად: “სახლი ჩემია.”

გადავწყვიტეთ სახლი დაგვეკლა და გაგვეყო. სახლმა კი საუბარი რომ მოისმინა, შეეშინდა და გაიქცა.

ქმარმა: “ერთად  მოვძებნოთ.”
მე: “სახლი რომ ვიყო და ინდაურის ფეხები რომ მქონდეს, სად წავიდოდი?”
ქმარმა: “ტყეში მოვძებნოთ.”

ტყისკენ გავეშურეთ. ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ, შეჯგუფებულ ხეებთან მივედით. შუაგულში ჩვენი სახლი იჯდა, კვერცხები დაედო და იქიდან პატარა სახლი იჩეკებოდა.

სახლმა: “არ დამკლათ, ახლა ორნი ვართ!”

ქმარმა ხელი ჩამჭიდა, ცრემლი მომწმინდა და მითხრა: “მინდა ჩვენც შენნაირი ჭაღარათმიანი და ლამაზი შვილი გვყავდეს.”

დავუბრუნდით ბინას და იქიდან კაი ხანი გამოდიოდა ხმები: “აჰ, წიპიდოხ, წიპიდოხ!”

SHOOT

ვყროლდები.
ვირთხები კბილებს ასობენ ენას.
ვირწევი.
ჩაორთქლილ მინას თითებს ვუზომავ.
ვსწორდები.
მტრედის პირისპირ ვერ ვსწავლობ ფრენას.
ვირწევი.
სისხლში ერევა ძვალი,
რომელიც გატყდა,
და მოტყდა
წამწამები დაბეჟილ ხეებს.
ჩრდილით ზომავენ ხელები ტყეებს.
– დედა, მე მოვკვდი, –
და დედაჩემი უკვე კუნძია.