ტომ!

მღალატობს ხოლმე.
აი, ზუსტად ვხვდები, რომ მღალატობს. დილით დარეკა, შეხვედრაზე უარი ვთქვი და თუ ამ დღეებში შემთხვევით ვნახე, ქალის ხელებისგან დასერილი ზურგი ექნება. რომ მოკვდე, არ გამოტყდება, ალერგიას ან ეკლებს დააბრალებს. აი, ახლაც ეხება. მე კი, რადგან მისი მოძრაობები ზეპირად ვიცი, წარმოვიდგენ მის ღალატს: ჯერ მაჯაზე მოკიდებს ხელს, მერე კაბის უკანა მხარეს შეაცურებს, თან ტუჩებში კოცნას არ წყვეტს და ამბობს: გაიხადე. მაოცებს, – ყოველთვის რა ადვილად გამოსდიოდა ბიუსღალტერის გახსნა.

მე კი ტომი მყავს. იმ კაცთან ბევრი ვქექე თუ ცოტა ვქექე, ამგვარად გამოვქექე კატა. პირველად კარის ტილოზე მოკუნტული ვნახე, ხელი კისრის ბეწვში შევუცურე და ავწიე სახლის მიმართულებით. მას შემდეგ მე და ტომი ერთად ვიძინებთ: მე ზეწარში ვიკუნტები, ის კი ჩემი მუცლის ღრუს ნიკაპს ადებს და ღრუტუნებს. დროდადრო მკაწრის. დროდადრო შევამჩნიე, რომ გასუქდა. მუცელი ჩამოებერა და მივხვდი, ჩემამდე რა გარყვნილ ცხოვრებას ეწეოდა. ინტერნეტში ვეძიე კიდეც, კატებს ტოქსიკოზი თუ სჭირდათ.

კედლის ღრმულების გასწვრივ სათაგურები მედგა, აღარ დამჭირდება მეთქი, ავიღე. ჩემმა ტომმა გაორმაგებით უნდა იკვებოს. სათაგური ძველ ყუთში პირქვე შევინახე და დავაფინე ტილო ტომისთვის. წინა თვეში ერთჯერად ცხვირსახოცებზე მორბენალი თაგვები დავინახე, რიგობის მიხედვით დამწკრივებულიყვნენ და სოროდან სოროში გადადიოდნენ. მათ შორის ყველაზე პატარა მილიმეტრების თუ იყო. პირველად სწორედ მაშინ ამოვიღე ძველ ყუთში პირქვე შენახული სათაგური და კედლის ღრმულების გასწვრივ დავდგი, სიტყვებით: აბა, დამაცადეთ!

მაგრამ ხშირად ცნობილი დასაწყისი დასასრულისთვის მეტად გამოდგება.
– ტომ!
პასუხი არ არის.
– ტომ!
პასუხი არ არის.
– რა დაემართა ამ კატას?
თურმე ტომისა და ჯერის ერთმანეთისთვის შვილები მოუნათლავთ.
მე ცხვირზე ჩამოვიშვი სათვალე და სათვალის ზემოდან მოვათვალიერე ოთახი:
– რას ვამბობდი ქატო და ფქვილიო?

ისე, ჩემებურად

დედა ამბობს, ისე გზრდიდი, ცუდი რა იყო არ გცოდნოდაო. ზღაპრებსაც თავისებურად ყვებოდა: ყველაფერი კარგად იყო, კარგად არის, კარგად იქნებას პრინციპით. დედა, მე რომ ნაზი ვარ, შენი ბრალია.
ერთი მეგობარი მყავს, წიგნი ბოლომდე არ წაუკითხავს, დაუმთავრობის პრინციპი ჰქონდა. მის საყვარელ მუზად ვიქეცი, მაგრამ მეექვსე თვეა აღარ გამოჩენილა. ჩემი ცხოვრებისეული წიგნის დასასრული ხომ არ იყნოსა მეთქი, ხანდახან ვფიქრობ.
თავადაც მთელი ცხოვრებაა ზღაპრების გადაკეთებას ვცდილობ. იმ მიზეზით, რომ საბოლოოდ ბოროტ გმირებს გამოკეტილი მეგობარიც არ ჰყავთ და მარტოობაში კვდებიან. საავტორო ზღაპრები რომ არ ჩავთვალოთ, სადაც დაიშვება, რომ წითელქუდა და მგელი საყვარლები ხდებიან, სტოკჰოლმური სიტუაციის არ იყოს, მსგავსია ტომმა და ჯერიმ ერთმანეთს ბავშვები მოუნათლონ.
ისე კი, ყველა ზღაპარი არარაობის მითებით იწყება და იდეალიზმით მთავრდება, უფრო სწორედ, უკიდურესი წერტილების განცალკევებით: ჭირსა და ლხინს რა ძალიანაც არ უნდოდეთ შეუღლება, მათი შერწყმა ”ჰეფი ენდით” ვერ გვირგვინდება. ასე ზღაპრის საერთაშორისო კანონმდებლობას უთქვამს: აქლემი ნემსის ყუნწში ვერ გავა და ქატო ფქვილთან ვერ შეიზილებაო.
ხანდახან მგონია, რომ ზღაპრის უარყოფითი პერსონაჟი ვარ, ფინალში მხოლოდ მშობლებს რომ უყვართ.
გავრისკავ, წითელ ქუდას მძევლად ავიყვან, ყურზე და კისერზე ვუკბენ ნაზად, რომ არ გამექცეს, მუცელში ჩავისვამ და დავუმტკიცებ, რომ ძალადობის მომხრე არ ვარ, მაგრამ ეს სიყვარულია, ისე, ჩემებურად.