ინსტინქტი (პირველი)

მეორე ინსტინქტი

ჩემი აზრით, პიტერ გრინუეიმ 90-იანებში თავისი “საბალიშო წიგნის” იდეა, თუ როგორც ჩვენთან თარგმნიან “ინტიმური დღიურები”, უელსური ნისლიანობისას დაწერა. შეიძლება მას ჯერ მამამისთან ორიენტოლოგიური საველე კვლევების დროს მზისგან ზურგი დაეწვა და როდესაც უელსში ნისლი ჩამოწვა, დამწვარი არეალი დანესტიანდა და ისე აიტყავა, თითქოს ვადაგასული, შეყვითლებული გაზეთის ფურცლები ყოფილიყოს. ოჰ, ეს დაზიანებული ეპიდერმისი ძალიან წააგავს სხეულზე იარლიყივით მიწეპებულ უხარისხო ფურცლებს. უყურებ და გინდება ზედ ასოები გაარჩიო. მეც შეყვარებული ვარ ნისლზე. და შეიძლება ამიტომ მგონია, რომ ჰერბერტ უელსმა “უჩინარი კაცი” ასევე ინგლისური ნისლიანობისას დაწერა. ან რა შეიძლება იყოს იმაზე რომანტიკული, ვიდრე ნისლში მდგომი ხეები, რომელთა კიდურებზე ყვავები სტაბილურდებიან. რაც უფრო ღრმად შედიხარ ნისლში, მით უფრო უჩინარდები და შეგიძლია არ არსებობდე. თვალებში ეშმაკები აათამაშო და თანამოლაშქრეებს წყლები დაულიო, გაიხადო კედები და გაჭუჭყიანებული წინდები ვერც შენ დაინახო, ან, ზოგადად, გაიხადო. რა უნდა იყოს იმაზე სასიამოვნო, ვიდრე ნისლისგან დანესტილი გარუჯული სხეულის ატყავება, როცა ვერავინ გხედავს. მანამდე, სანამ ნისლში გავქრებოდი, ჯერ მდინარე უნდა გადამელახა. თითქოს არაფერი, მაგრამ იმ დღეს მივხვდი, რასაც გადარჩენის ინსტინქტის არქონას ვეძახდი, მოჭარბებული გადარჩენის ინსტინქტი ყოფილა.

მე ყოველთვის ვამაყობდი საკუთარი ნერვული სისტემის სიძლიერით, რომელსაც ვერც კოფეინი ერეოდა, ვერც ალკოჰოლი და ვერც მარიხუანა. სარკეში დაბალანსებულ გოგოს ვუყურებ, მაგრამ როგორც კი ურბანულ სივრცეს ვცდები და ბუნების ექსტრიმთან ვიკვეთები, მთელი ჩემი უბრანულად დაინჟინერებული ნერვები ხელში შვილაუყვანელად ფრთხებიან. ელემენტარულად, მდინარის გადაკვეთა არ შემიძლია, მგონია, რომ ბუნება მტერია, წამიღებს, მომსპობს, მომაშთენს, ყველას თვალწინ, თუ ნისლში არ ვარ. მდინარის გადაკვეთაც გავაზვიადე, მეტრანახევრის რადიუსით გადახტომაც კი გამიჭირდა. არა და ვუყურებ, როგორ ეშვებიან ან ადიან ჩანჩქერებზე სხვები. ისეთი მყარი ნერვები აქვთ, კრიტიკულ ფაზაში თოკის გადაჭრაც შეუძლიათ. მე ალბათ უმალ კლდე ათგზის დამარყევდა ვიდრე ჩემი ნებით წყალში ჩახტომას გავბედავდი. ჰო და ჩავვარდი მდინარეში, იმ მეტრანახევარს რომ ვახტებოდი, შუა ჰაერში უკან დავიხიე და გავიწუწე. ვიფიქრე, რომ გადარჩენის ინსტინქტი შტერია, ინფანტური. რომ ადეკვატური განსჯის უფლებას მიკარგავს. არ ვიცი, ზოგს შეიძლება უფრო გამჭრიახს ხდიდეს შიში, მაგრამ მე ხომ კომფორტის გოგო ვარ, დისკომფორტში პარალიზებული ვხდები. ვიფიქრე, რომ მოჭარბებული გადარჩენის ინსტინქტის გამო ვერ გადავრჩები. ამიტომ საკუთარ თავზე უნდა ვიმუშაო, სხეულის ფლობა რომ შევძლო. თორემ სხეული მფლობს და მონა ვარ.

ცოცვაზე შევედი. ერთდოულად ყველა კუნთს ვტვირთავ. ჯერ დარბაზში ვმუშაობ. მომავალში ველადაც გავალ. ჩანჩქერზე დავეშვები და იმედი მაქვს, თუ საჭიროა, თოკსაც გადავჭრი. ჯერ ჩანჩქერისგან დაყენებულ ნისლში ჩავვარდები და თუ წრიაპისგან კანი გამეკაწრება, გრინუეისგან მახსოვს, რომ სისხლიანი კანი უკვე წიგნია.

ჩემს სხეულზე

წონის მატება მეტროთი მგზავრობით ვიგრძენი, – როცა ვაგონის დაძვრისას აღარ შევფრიალდი, არამედ ფეხებმა სხეულის დაჭერა მოახერხა თანაც საკიდურზე ხელებჩაუკიდებლად, მივხვდი, რომ ფრიად დამოუკიდებელი ქალი ვარ. დააკვირდით, მჯდომარე მგზავრები საკუთარ აიდი ფოტოებს გვანან, თუმცა დაჭიმული გამომეტყველების მიღმა მოხეტიალე მზერის მართვა რთულია. მე კი ახლა საკუთარ კუნთებს ვუყურებ და თუ ტკივილმა მონატრება იცის, ვარჯიშის ნაბახუსევი მენატრება, – გამოღვიძებულზე კუნთების ტკივილი და სამსახურში გაჩაჩხული წასვლა. კაი ხანია ჩვეულ მოძრაობას არ გადამიჭარბებია: ნახევარ საათიანი დილის ვარჯიშები, კვირაში 40 კმ ჰაერზე სეირნობა, კუნთების მასაჟი, აი, ფილმებში რომ მინახავს გულზე დენის გადატარება, ისეთი. მოკლედ, სტრესის დროს შოკოლადის ჭამას ცეკვა და ესთეტური პროცედურები მირჩევნია.

შეყვარებული ვარ ცეკვაზე: აი, რომ იტყვიან, მთავარია ადამიანს იუმორის გრძნობა ჰქონდესო, ამის ნაცვლად ვამბობ, რომ მთავარია ცეკვა-კუნტრუში ქუჩაშიც შეეძლოს. არ მიყვარს არავითარი სიცილი, თუმცა ხანდახან მეც მეცინება, მაგალითად, სერიალში ნათქვამზე: “წოლილხარ ტატუიან ტიპთან? თითქოს მუზეუმს ჟიმავ”. მაგრამ როგორც კი რეალური ცხოვრება ერთვება, თითქოს ასპ სინდრომი მაქვს, ხუმრობას სინამდვილისგან ვეღარ ვანსხვავებ. ხანდახან კი ისე ვცეკვავ, სიგარეტის კვამლი ცხოველებად მელანდება, თითქოს რამე ფსიქოდელიური მიმეღოს. ცეკვის მერე სახლში მოვდივარ, აბაზანას ქაფით ვავსებ და დამძიმებული სხეულით სიმსუბუქეში ვწვები. თითქოს საკუთარი სხეული ვხდები, სარკეში შიშვლად შერცხვენილი. და ვფიქრობ: რა უნდოდა ამ სხეულს ჩემთვის ეთქვა, როცა მასში ვიბადებოდი?!

მე აღარავის მოვახატინებ თაბაშირს

დამისპოილერეს, რომ ლი ტრამვების მერე გახსნის ლოტუსს, მე კი გაარასთან შედარებით, რა მიჭირს, დამიწებულია მხოლოდ ცალი ფეხი. ამგვარად, ოთხი კედელი გავარღვიე და ორი ყავარჯნით სიარული ვისწავლე. რაც თავის თავზე იღლიებმა იტვირთეს, ერთი შეხედვით, ყველაზე გამოუსადეგარმა სხეულის ნაწილებმა, სუნი აქვს, ეღუტუნება და ეპილაციისას თუ დაუწყებ ყურებას, კრიტიკულ სიტუაციაში კი მთელი სხეული ასწიეს. პირველი პრობლემა, რასაც მკურნალობისას წავაწყდი, სამსახური იყო. სამუშაოს გაცდენებმა უხელფასობა წარმოშვა, ხოლო მთელი დანაზოგი ჯანმრთელობაზე წავიდა.
მეორე პრობლემა მოტეხილობისა და ჰემატომის გამო დახურულ სივრცეში მშობლებსა და მეგობრებზე დამოკიდებულება გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ მამშვიდებდნენ, აწი ნარუტოსთვის მეტი დრო დაგრჩებაო, და მეც თავს ვიმშვიდებდი, რომ თაბაშირი მშვენიერი ეპილატორია, ლოგინში საკვების მორთმევისა და ხელში აყვანით გადაადგილების მომენტი ორივე მხარისთვის დისკომფორტულია. მაგრამ ანნა ბლუმი რის ანნა ბლუმი არის მეთქი, ყავარჯნებზე აზიდულს ტყეში არ ერბინა და მთიულეთში თოვლში მოპენტილი ენძელების მოსატანად გავიქეცი. დისკომფორტის კომფორტში გადასატანად კი მეგობრებმა ყავარჯნებზე ჯოხები დამიტაკეს და ულაზერო ვარსკვლავური ომები გავმართეთ.
მესამე პრობლემა, რასაც ქუჩაში გასვლისას მეგონა წავაწყდებოდი, თბილისური ინფრასტრუქტურა და ხალხი იყო. საბედნიეროდ, ზოგი დაწესებულება და მადლობა მათ, ჩემნაირი პირებისთვის უკიბო მისადგომს გვთავაზობს, რადგან ჯერ კიდევ მიჭირს ყავარჯნებით კიბეებზე ასვლა, განსაკუთრებით ისეთ წვიმიან ამინდში, თან ღამე, როგორიც გუშინ იყო. ამ დროს ყავარჯნების სიმაღლე იღლიებთან შედარებით მაღალ საფეხურზეა და რეზინა ჯოხების ბოლოებში შეიძლება ისე გაცურდეს, ვერ დავინახო. რაც შეეხება ქუჩაში ხალხს, ჩემი ტანჯული სიარულის ჟამს ბევრი მათგანი გავიცანი, თურმე ზოგს გამოუცდია ტრამვული მდგომარეობა და ყავარჯნებთან დაკავშირებით რჩევებსაც მაძლევდნენ. კარგებსაც და ასეთებსაც: თურმე საქართველოში ჩაი, როგორც კონტრაბანდა, ნიკო მარის შემოუტანია აღმოსავლეთიდან და ეს აკრძალული ბალახი ყავარჯენში ედოო, – პაპაჩემმა. მესამე სურათზე, თუ კარგად დააკვირდებით, კავკასიონი ჩანს.

546566

სხეული, როგორც ანტიდეპრესანტი

– როდესაც ხუთი ათასი მეტრის სიმაღლეზე იმყოფები და ფილტვებში სუნთქვა აღარ მიგეწოდება, მხოლოდ ზოგიერთი ადამიანი გახსენდება, – ჩემი მეგობარი კულტურულ სნობს მეძახის, ვინაიდან თუ სადმე მივდივარ, ბუნების ან არქიტექტურის დათვალიერება მსიამოვნებს. ვერ გაგიგია, ბოდიალშიაო სიამოვნება, არა იმაში, რა დაგხვდებაო.
მიუხედავად იმისა, რომ მე მეკამათება, მისი მჯერა. სულ მინდება რომ ბლოგი გააკეთოს, რამე სოც ქსელში მაინც დარეგისტრირდეს, ტელეფონი მაინც ჰქონდეს, რადგან იშვიათად შემხვედრია მასზე მაქსიმალისტი ქალი, რომელსაც შეუძლია დაცემამდე იაროს. ერთხელაც გამომიტყდა, რომ სიკვდილის ძიებაში იყო, დაინვალიდების ძიებაში მაინც.
და დავფიქრდი, მოგზაურ ადამიანებში რამდენია თავისთვის შარის ამტეხველები, დეპრესიულები და თავგადასავლით სიკვდილის მსურველები. ჯანდაბა, რატომ გარბიან ადამიანები ადგილიდან ადგილზე და როდესაც სიარული უკვე მანიასავით ექცევათ, ტრიერის ჯოსავით ცახცახს აუტანიათ.
სექსი, როგორც ანტიდეპრესანტი.
სასმელი, როგორც ანტიდეპრესანტი.
კვება, როგორც ანტიდეპრესანტი.
ვარჯიში, როგორც ანტიდეპრესანტი.
სიარული, როგორც ანტიდეპრესანტი.
ზოგადად, სხეული, როგორც სამშვინველის ანტიდეპრესანტი.
ჩემგან ძალიან ბევრი ადამიანი წავიდა. ნეტა იმ ქვეყანაში ვიყო, სადაც ჩემი ერის ხალხი არ დამხვდებაო. დიდი რუკა ვიყიდო და სხვადასხვა ფერის ჭიკარტებით მგზავრობები აღვნიშნოო.
მაგრამ როდესაც ჩემთვის საინტერესო ქალაქისკენ ბილეთი უნდა შემეძინა, ისე დამეზარა, როგორც პურის ამოსატანად მაღაზიაში ჩასაგზავნი ჩემი თავი. მანამდე თვეში სამი ავარია მოხდა, რამაც თავის ტკივილები დამიტოვა და ფეხზე შრამი, თითქოს ტონობით მომატებული თავის წონა ფეხებს დააწვა და ვფიქრობ:
გამართულად სიარული რომ ვერ შევძლო, ქალაქი რომ ფეხით ვეღარასდროს შემოვიარო, მთებზე უფრო მეტად რომ ვეღარ ავცოცდე, ის–ღა დამრჩეს, რომ სხვათა სალაშქრო ჩანაწერები ვიკითხო და ჩემთან მოსული მეგობრები ვეღარ გავაგდო, ალბათ ისეთი შეგრძნება იქნება, როგორც ჩაის სახლის საპირფარეშოს სარკეში ხელახლა აღმოჩენილი ძარღვები რომ დავინახე ფეხებზე.
მოდი, შეიარეთ, ლიმნიანი ნამცხვარი აიღეთ, სარკეში შიშველ ფეხებს დააკვირდით და თუ ლურჯ ზოლებს იპოვნით, მიხვდებით. კიდევ უფრო უნდა მეტკინოს, რომ მქონდეს შანსი, სიარული ახლიდან ვისწავლო.

 dont-miss-the-train_1242

ნახატი გალიფრეის ენაზე

tatoooგუშინ ხელში ჩამივარდა დოკუმენტი, ძველ რუსეთში პირველი ტატუს ხელოსნების ნებართვა, ეწარმოათ თავიანთი საქმიანობა და ჩავფიქრდი ამ ჯეიმს კუკის დროინდელ ტერმინზე, როგორც ხელოვნებად ქცეულ სხეულზე, ძველად რიტუალის ჩასატარებლად ან პატიმართა დასანიშნად რომ იყენებდნენ. ერთი პიტერ გრინვეის ფილმი მოგვითხრობს, მკვდარი ადამიანის წარწერიანი კანის გატყავებაზე, დღიურად ქცეულ პოლიგრაფიულ კანზე. და მივხვდი, გადასაღებად, ერთჯერადი საღებავებით კანზე ნახატების მიუხედავად, ერთგულების არ ქონის გამო, ვერასდროს გავიკეთებ ტატუს. ეს ისეთია ამბავია, შენს ცხოვრებას ჯერ კიდევ საუკუნის მეოთხედში სათაური მისცე. თურმე ჯეკ ლონდონიც “პატარა დიასახლისის” მიუხედავად, ტუმინირების აპოლოგეტი ყოფილა: მაჩვენე ადამიანი ტატუთი და მე გაჩვენებ რა საინტერესო წარსული ქონიაო. ხოლო ჩემი საყვარელი ციტატა მაინც უილიამ დევაულთს ეკუთვნის: ციტატა ეს არის ტატუ ენაზეო.
მართლაც, ჩემთვის საკუთარი თავის შეგუება თავად იმხელა პროცესია, როცა სხეულის სტაბილურობის ატანა მიწევს, ნებისმიერი ხანგრძლივი დანამატი ისტერიაში მაგდებს. ერთი სიტყვით, შეფარული პანიკიორი ქალი ვარ. ხომ არსებობს ზოგადი საერთაშორისო წესები, რომლის მიხედვითაც ტატუირების პროცესი რეგულირდება, მაგალითად, პლიუს თვრამეტი, გადაწყვეტა ალკოჰოლის არა ზემოქმედების ქვეშ, არ უნდა იყოს შეჩვეული ნარკოტიკის მოხმარებას, არა ფეხმძიმე ან მეძუძური დედა, – მაგრამ ამ წესებს არც ჩვენთან და ზოგადი მასშტაბითაც ნაკლებად აკვირდებიან. მე კი დავამატებდი კიდევ სხვა პუნქტს, რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანია: ადამიანის უნარის თუ უუნარობის გამოკვლევას უცხო ფორმების ფიზიკური და მენტალური მხრით, რამდენად ფლობს პიროვნება საკუთარი სხეულის სტაბილურობას და სიახლისადმი შეგუებას. არა, როგორც კანონს, თუნდაც როგორც სემინარს, სადაც ვივლიდი ამ ლამაზი ტატუს გაკეთების გამო: პლანეტების ენაზე დაწერილი ჩემი სახელი, რომლის ჯერ მხოლოდ ფეინთური მონახაზია.

მედიტ.

ფანჯრიდან ვუყურებ
სახურავებზე დადებულ ფიფქებს.
ჩემი სხეული ძალიან მაღალ
გორაკზე სუნთქავს.
ცხელი ღუმელი
მიორთქლებს ფიქრებს.
ფეხის წვერებზე ძალიან მაღლა
ვიკავებ სუნთქვას.
გავფრინდე უნდა.

ზეცა დადაბლა,
როგორც კი სუნთქვით ავიწიე
ფეხის წვერებზე.
ვიღაცას უთქვამს, სხეულის გარსი,
რომ ჩავიწიე
და სიტყვები ვნახე ხელებზე.

ადამიანის აგებულება რელიგიების მიხედვით

”სპირიტიზმი და მატერიალიზმი ერთი და იგივეა, ისინი მხოლოდ განსხვავებულ ფაზებს წარმოადგენენ, რომლებშიც თანმიმდევრულად იმყოფება ერთი და იგივე ადამიანი”.
ოტტო ვაინენგერი

და შექმნა ღმერთმა ადამი ხატად ღვთისა. თავისნაირი სრულყოფილი და სამება.  მოდი, ვნახოთ, რას ამბობენ სხვადასხვა რელიგიები ადამიანის ანატომიაზე.  ბევრ რელიგიას სწამს, რომ ადამიანს სული ფილტვებში გადაეცა. მისი კონტროლით შესაძლებელია ფრენა და წყალზე გავლა. ამ ცენტრს ტრალმუტაციის ცენტრი ჰქვია. გულის კონტროლის მეშვეობით ხდება ადამიანის შემდგომი განვითარება. მესამე თვალი ავითარებს შემეცნების შესაძლებლობას.

-გაგრძელება აქ