მეცადინეობა თავისუფალ ვარდნაში ნ1

არაცნობისმოყვარე ხალხი მაკვირვებს, წარსულში რომ დავბრუნდე, მაინც არაფერს შევცვლიდიო, რომ ღადადებენ. ბიტკოინს მაინც არ იყიდიდნენ? პარადოქსისთვის თავიანთ ბაბუებს არ მოკლავდნენ? და კიდევ ბუდას ფოლოუერები მაკვირვებენ. გაქვთ ისეთი რელიგია, რომლის რთული არქეტიპი თქვენ იქნებოდით? ჩემთვის ასეთია ბუდიზმი. აი, მე ეთერით თუ დანარჩენი არაასტრალური ტანით რიგითი, მედიუმ სტატისტიკური ქრისტიანი ვარ ვნების განსაცდელში “ცეცხლითა და მახვილით” მორკინალი. ბუდა მეუბნება, თუ გინდა ბედნიერი იყო, სურვილი არ უნდა გაგაჩნდესო. ქრისტე მეუბნება, თუ გინდა ბედნიერი იყო, მე უნდა გსურდეო. ამიტომ ქრისტეს ფოლოუერებს სურვილების მიმართვა უფრო გამოგვდის მათ დეზოლუციაზე მეტად. მგრძნობელობის ნაკადი სიარულშიც მეტყობა, რაშიც დაუკვირვებელი პირიც ამოიცნობს ჩემს ოჯახურ თუ კარიერულ სიტუაციას იმ ლოკალურ დროში: სწრაფი ნაბიჯებით, წაქცევებით, შუა გზაზე გაჩხერვით. აი, თამარამ, მყინვარის მეტეომდე ბასანოჩკებით ავდივარ ხოლმეო. მე კიდევ ჩემი სალაშქრო ტიპის ფეხსაცმლით ბორჯომის გოგირდის აუზებამდე ძლივს მივაღწიე მდინარის ქვები ისეთი მოყინული იყო. ჩამიქროლეს პენსიონერებმა ძაღლებით, ორსულებმა “კალიასკებით”, ჰოკინგიც კი იდრიფტავებდა თავისი სმარტ სავარძლით.

ამ ზაფხულს კოგნიტიური ფსიქოლოგიის თერაპევტს ვეწვიე, ვინც თავის პრაქტიკაში სხეულის ენას იყენებს სამკურნალოდ. ცდილობდა სხეული ზედმეტი დაჭიმულიობისგან ეხსნა, მაგალითად, ბუმბულით დაღუტუნების დროს იმდენად უნდა გამეთიშა ლოკალური ნერვებისგან ყურადღება, რომ აღარ გამცინებოდა. პრაქტიკას ტკივილზეც გავდიოდით, ხელოვნურად ვიღებდი და განვიზიდავდი მას. სეანსის დასაგვირგვინებელი ფაზა კი ერთდროულად ყველა კუნთის იმ დონეზე მოდუნება იყო, რომ წავქცეულიყავი. ინსტრუქტორმა მირჩია, როდესაც რაიმე საშიშის გაკეთება მიწევდა, რაიმე სასიამოვნო გამეხსენა ჩემი წარსულიდან. ანუ სასიამოვნო მოვლენის წარმოდგენის ქვეშ წავქცეულიყავი. თქვენ რა მოვლენას წარმოიდგენდით? აი, მე არაფრით წარმომედგინა რამე იმდენად სასიამოვნო, რომ წაქცევის დროს მუხლი ოდნავ მაინც არ შემეტეხა. შემრცხვა და ახალი გამოსავალი ვიპოვნე. ვარდნის დროს ოთახის ერთ-ერთი ჩუქურთმიანი აქსესუარი ამოვიჩემე და გონებაში იმ ჩუქურთმების ხაზვა დავიწყე. გამომივიდა. ესეც სუფთა ქრისტიანული მიდგომაა, როცა აბსტრაქციის მატერიალიზაციას ვახდენ.

ბორჯომის გოგირდული აუზი ტყიურ პირობებში საკმაოდ კომფორტულია, თუ გრილ წყალში ბანაობა გხიბლავთ. რადგან თოვლით გარშემორტყმული ცხელი წყალი საკუთარ ფარენჰეიტს ვერ ინარჩუნებს და ცივდება. აბასთუმანში გოგირდის ავზებს საბჭოთა არქიტექტურა ახურავს, ძველი სანატორიუმების მოზაიკები აგია და საღამოობით, მთვარის შუქი ჩაბნელებულ ინტერიერში სარკმელებიდან შემოდის, ისიც ხეთა ტოტები თუ განეფარებიან. შიგადაშიგ გვერდითა აუზიდან სომეხი ქალების ყიჟინა გაისმის, რომლებიც ტანსაცმლიანად შემოდიან წყალში, მაგრამ შებინდებისას შემიძლია ისე ვიწვე ამ ღვთისგან დალოცვილ ქიმიურ წყალში, რომ უქარო დაბაში საკუთარი ექოც არ მეყურადებოდეს. ვარ ამგვარ სიმშვიდეში, მოდის მირიანი და მახრჩობს, წყალში სამჯერ მაყურყუმელავებს. მერე ეგ და სანდრო წყალზე წოლას მასწავლიან. სანამ პირში ჰაერი გაქვს დაგუბებული, არ დაიხრჩობიო. მე კიდევ ძალიან მეშინია და იქამდე ვცურავ, სანამ ჰაერის შეკავება შემიძლია. სანდრო ჩემი რუმმეითია, მისი საწოლი ჩემგან ოთახის მეორე ბოლოშია. ოთხ საათზე, მაინც უნდა ავდგეთ, ამიტომ საუბრებით გაგვაქვს თავი. სიტყვა მიცვალებულებზე ჩამოვაგდეთ და ჩემი მორგის სოლო გამოცდილებები მოვუყევი, მერე სოლო ღამის ლაშქრობებიც. მთელი ღამე ეშინოდა, მგონი ჩემიც. უკვე მეჩვენებოდა მისგან აქა-იქ “მამაო ჩვენო”. როგორი უშიშარი ხარო, წარმოიდგინეთ, მე და უშიშარი. ტყუილია, მაგრამ ამის მოსმენა მაინც მესიამოვნა. რა ვიგრძენი? სიამოვნება? ხვალ ავდგები და სიამოვნების ქვეშ გავცურავ მეთქი. თბილისში რომ ჩავალ, სიამოვნების ქვეშ წავიქცევი მეთქი. შექებისგან გამოწვეული სიამოვნება უნდა დავიმახსოვრო მეთქი.

20180210_150428.jpg

graduated

თავიდან ჰაერში აგდებული მონეტით დაიწყო, სად ჩამებარა.
მერე თამაშში ისე შევედი, მაგისტრატურისთვის სადაც კი გამოცდას ვიგებდი, აზარტისთვის ყველგან ვაბარებდი, მიღებდნენ, მოვდიოდი.
მერე მივხვდი, რომ საუკეთესო პროფესია ისაა, როცა პროფესიული და თავისუფალი დრო ერთია:
სწავლისას ან მუშაობისას მაინც იმას აკეთებ, რასაც ისედაც გააკეთებდი.
ჰო, დღეს მანტიები გვეცვა და ქუდები ჰაერში ავყარეთ,
მოვუსმინე როგორ უკრავდა ჩემთვის უცნობი ჯგუფი კარგი ვოკალისტით და
ალაფუშეტზე ღვინოები დავაგემოვნე.
მეტი არც არაფერი მინდოდა.
მაგრამ მაინც მგონია, რომ მოვა დრო სწავლისთვის სკოლები და უნივერსიტეტები აღარ იარსებებს,
ყველას საკუთარი მობილიზება ექნება
და ბაკალავრის კონსპექტებს ჩემსავით მაკულატურაში არ ჩააბარებს.
ნეტა, ტანსაცმელსაც ასე ვაბარებდეთ, ახლებს ვღებულობდეთ.
ვინ იცის, იქნებ დიზაინერიც გავხე.
ოდესმე.
ჯერ ხატვას ვისწავლი.
ისე, არალეგალურად.