იანვარში ერთი წიგნის კითხვა დავიწყე. ძველით ახალი წელი იყო და შეიძლება ითქვას, ჩემი მეკვლე გახდა, რამდენადაც მეკვლეობა შეუძლიათ წიგნებს. ამიტომ მივაგებ პატივს და ანოტაციას მოგიყვებით:
წიგნი პოსტმოდერნისტულ ხანას მიეკუთვნება, ამიტომაც სიკვდილ სიცოცხლის საკითხს ”ექშენის” ეფექტი დაერთო.
სტივენ ბრუს ნოველა “მეფობა ჯოჯოხეთში” დაიწერა 1984 წელს. ჯონ მილტონის “დაკარგული სამოთხის” გავლენით. იწყება სამოთხის აღწერით, რომელიც ოთხი განზომილებისგან შედგება, გარს კი აკვრია კედლები, ქაოსისგან რომ იცავს. განხილულია პერიოდი დედამიწის შექმნამდე. ლუციფერი მარცხნივ ზის ტახტზე ლილიტთან, თავის მეუღლესთან, ერთად, რომელიც თავის მხრივ ადრე სატანაზე იყო შეყვარებული. სატანა კი ლუციფერზე ორი საფეხურით მაღლა დგას.
რომანში ათასობით ანგელოზი კვდება ახალი სამოთხის (დედამიწის) აგების გამო. საქმე იმაშია, რომ დედამიწის შექმნისთვის ადამიანები სამოთხის გარეთ უნდა გავიდნენ, სადაც ქაოსია და ესაა მათი სიკვდილის მიზეზიც. ანგელოზები ჰონორარს, ყურადღებას და ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. ეჭვიანობენ ახალ სამყაროზე.
როგორც პოსტმოდერნისტები თვლიან, მოდერნული ხელოვნების პოსტმოდერნული პერსპექტივა არა უკიდურესობა, არამედ უკიდურესი წერტილების ურთიერთდაკავშირებაა, რისთვისაც ინტერპრეტაციის საერთო სტანდარტები გამოიმუშავება. რომანში კი ჯოჯოხეთისა და სამოთხის უკიდურესი წერტილი აღმოჩენით დედამიწა მიიღება.
მალე განხეთქილება ხდება ანგელოზთა შორის. ზოგი აპირებს სამოთხიდან გაპარვას. კედლებს ანგრევენ, რომლებიც ისეა მოწყობილი, რომ დანგრევა შეუძლებელია. დაზიანების შემთხვევაში, მთელდება. განხეთქილება ანგელოზებისა და დემონების გაყოფად სრულდება. ლუციფერი მარცხდება და სამოთხიდან გარბის. ასე იქმნება ახალი განზომილება – ჯოჯოხეთი.
რომანში წამოყენებულია რამდენიმე საკითხი, მაგალითად, აქვთ ანგელოზებს თავისუფალი არჩევნის ნება თუ შუღლის ჩამოგდება პროვოკაციის ნაწილია? თუ აქვთ არჩევნის საშუალება, ადამიანები რატომღა არიან საჭირონი და საინტერესონი?
ავტორმა პასუხის გასაცემად მოგვაწოდა სამყაროს თავისებური აღქმა, იერარქიებიც კი სუბიექტურად აქვს განაწილებული.
დედამიწის შექმნა რომანის ქვაკუთხედია, რომლის ფონადაც მიმდინარეობს მოქმედება. მისი მშენებლობის ჩვენებით ავტორი მის ფუნქციას გადმოგვცემს.
რომანი გადატვირთულია დიალოგებით და ფილმის სცენარს წააგავს. შინაარსი გაუგებარად მიმდინარეობს ზედმეტი ფანტასტიკური სიუჟეტების შემოტანით და პოსტმოდერნისტული ქაოსის შექმნით. სამოთხის გარეთ არსებული ქაოსის ჩვენება არის თანამედროვე კოსმოსიდან ქაოსის სურვილის გაჩენის ამსახველი.
ნეტა, როგორი ფეხი ექნება?!