ვაღიარებ, ზედმეტად მორიდებული ვარ. სავარაუდოდ მოჭარბებული სიფრთხილის გამო. ვუფრთხი საკუთარ სიშიშვლეს. მენტალურს და ფიზიკურს. მენტალობაზე მიხვდებით და მე ხომ ისეთი ანდროგენული ტანი მაქვს. სულ მრცხვენოდა ვინმესთან გახდის. ეს სირცხვილი კი იმდენად მაღგზნებს, გადავწყვიტე, მასზე დავწერო.
კიდევ მომწონს სწორხაზოვანი მკერდი და იქვე შრამი, მშიერი ძაღლივით ნეკნების მაღლა რომ მაქვს, და ხორბლისფერი თმით დაფარული თეთრი სხეულიც ისევე, როგორც ჩემი მორიდება.
ვამბობ, რომ ნაადრევად ამოსული ამდენი თეთრი თმაც მომწონს და ღვიძლისგან შეშუპებული თვალები. ჩავარდნილი მუქი კონტური ადის წარბებშორის ნაოჭზე.
ვიხედები სარკეში. კისერიც კი არაქალურია, ფართო და ყელთან მემჩნევა ხორხი. თურმე მარტო კაცებს არ უჩანთ.
მახსოვს, ადრე თუ ქუდი მეხურა, ბიჭს მამსგავსებდნენ. სიარულიც ჯარისკაცული მაქვს, – მძიმე და ურიტმო ხაზზე. მიუხედავად იმისა, რომ კაბები მომწონს, ფეხებგაშვერილი ვჯდები ლეფტოპთან. მაგრამ ახლა მოკეცილი ვარ. მოკეცილი მუხლებზე მიდებული ნიკაპით. არასდროს მიშლიდა სხეული ხელს ხალხის მოხიბვლაში.
ფოტო ობიექტივს ვაახლოვებ მუცელთან. ვიღებ თეთრ კანს, რომელიც გამხდარია, მაგრამ უვარჯიშობით მოშვებული. ვუღებ რამდენიმე ფოტოს თეძოებს, თეთრი ხაზები რომ გამოჩნდეს მკაფიოდ. მეცინება.
მეცინება გრაციოზულად. მუხლებჩაკეცით მჯდომარეს თუ მდგომარეს.
შემცივდა შიშველი დგომით სარკესთან. მიკანკალებს ხელები სიცივისგან და თითები. ბალიშების შეტყუპვას ვცდილობ. ერთი. ორი. სს..
შევდივარ აბაზანაში და ცხელ შხაპში ვისველებ კანს. მეწვება, მიწითლდება და მტკივა.
მტკივა, მაგრამ ტკივილის გარეშე მე ვერ.. მეტად მტკივა. თითქოს რაღაც მეხამუშება.
მისივდება ზურგი სიმწრისგან, ხერხემალგაყოლილი ცხელი წვეთებისგან. ვიხედები მუცელზე და ვცდილობ მოვეფერო ემბრიონს, ახლა ჩემნაირად რომ წევს.
საფეთქლები ყურში მიფეთქავს. მეუბნება რომ შევიმშრალო.
ვიმშრალებ. ჩემი შუბლი ისეთი ფართო და ოთკუთხედია, თითქოს სახის ნახევარი მიაქვს. ვუყურებ ჩემს თავს სარკეში უკან ხელით გადაწეული თმით.
მაღალი შუბლი მელანქოლიური ტემპერამენტის ხალხს აქვთო. მომდის აზრი, რომ ჩემსა და ღმერთს შორის არის პაუზა.
იდეა მომდის.
ვიღებ წითელ ღვინოს, სისხლში რომ წავა, – შვილისთვის კარგია, ბევრი სისხლი ექნება. მე და ის ერთმანეთში ასე ვშუალდებით. ყოველთვის უშუალოდ ველაპარაკები, როგორც თანატოლს. მერე რა, რომ მხოლოდ მატარებელი დედა ვარ, საკუთარ შვილსაც ასე გავზრდი.
მიზეზი? ჩემი სუროგატობის? ფულს ვაგროვებ, რადგან თავად ვიყო დედა. დედა. დედა. ედა. დდედდა.
აი, უკვე მეორე ყლუპიც. ჯერ მუცელი არ მეტყობა ხომ? ჯერ პატარა ხარ. ჯერ არ მეტყობი. ჯერ. ჯერ.
ჰმმ.
მეღიმება იცი, რაზე? სიგარეტზე. მოვწერ ორ ნაპასს. მარტო ორს, გპირდები. შენი მშობლებიც ვერ გაიგებენ. ვინ ეტყვის? მე – არა. შენ? ჩვენ ხომ მესაიდუმლოები ვართ.
საიდუმლოს შენახვა ყოველთვის მიყვარდა. მეც შეგინახავ ხოლმე. გპირდები, ისინი თუ გაგაბრაზებენ, ნებისმიერ დროს შეგიძლია, აქ მოხვიდე და დარჩე. მიყვარხარ.
ამ კონსერვზე როგორ გამეჭრა ხელი. ვერც ვიგრძენი. სისხლი ისე მკაფიოდ მომდის. კარგია, ზედმეტისგან ვთავისუფლდები.
შიშველი ავდივარ ფანჯრის მოაჯირზე. ცალ ხელში ღვინით, ცალში – სიგარეტით და ვმღერი. მიყვარს როცა ვმღერი. ხალხს აკვირვებს ჩემი სიშიშვლე. და მერე სისხლის ლაქები ხელიდან.
უცხოელები გაგადიან ტროტუარზე. ერთი ამბობს, მე მესმის:
”She is so lemon”.
ქართველებიც აძლევენ ბანს.
შევდივარ სახლში, ვსვამ ლიმნიან ჩაის და ვფიქრობ:
რა რეაქცია გექნებოდა, გაგეგო, დედაშენი რომ ვარ?
ჩემგან გექნება რამე?
მოიცა. ჩუმად!
მომავალი და წარსული აწმყოში შეხვდნენ. ნახევარმთვარის, სასაცილოა, ჩაბნელებულ სივრცედ მაქციეს. არ მეშინია. შიში, რომელიც მიცავს, გათავდა. ორსულობის ბრალია ალბათ.