გალიფრეელი მოხუცი და ზღვისფერი ჯიხური

tumblr_ncxur13zno1s4kizwo2_r1_500

როდესაც ჭეშმარიტი ინგლისელი სასუფეველში ხვდება, ჩაის სთავაზობენ. ასე იწყებენ საუბარს საფლავებიდან კიბერ ადამიანებად აღდგომის შესახებ. ვინჩესტერები ხომ ჯიუტები და გაბედულები არიან, კლარკ კენტი მეტროპოლისიდან ისეთი ძლიერია, მაგრამ გმირები ხომ გამუდმებით წუწუნებენ პირადი ცხოვრების გაქრობის შესახებ გლობალური მიზნებისთვის, ამიტომ მაოცნებებს ექიმი გალიფრეიდან: მიხაროდეს, რომ სინდისი მქენჯნის, ჯოჯოხეთურად მეშინიაო. ამიტომ ეს მან უნდა დაიცვას სამყარო მოსიარულე მკვდრებისგან ტრაუმის გარეშე. ოჰ, ღმერთო, როგორ მიყვარს ეს გალიფრეელი მოხუცი კაპალდი და მისი პოლიციის ჯიხური.
ინგლისი ცდილობს გამოვიდეს შექსპირული მონოლოგებიდან და თეატრი კინოს მოარიდოს. ამიტომაც აქციეს მეთ სმითი ბრიტანულ დუტა სხირტლაძედ და რა გადაცემა აღარ წააყვანინეს. ბოლოს გადიდგულდა და ჰოლივუდში მივდივარო. ახალ ექიმად კი შოტლანდიელი პიტერ კაპალდი მიიწვიეს. ადამიანი, რომელიც ექიმობაზე იმდენად ოცნებობდა, რომ თეატრალურზე ჩააბარა: ჯერ კიდევ სამოციან წლებში, 8 წლის კაპალდი სახრახნისით დარბოდა და ამბობდა, ერთხელაც მეc ვიმოგზაურებ დროსა და სივრცეშიო, – ბიბისიმ ძველი ჟურნალებიდან ამოქექა პატარა კაპალდის ღია წერილი. წამოდი, ოცნება ავუხდინოთო და დაურეკა: – ექიმს სთხოვეთ? კაპალდიმ: – ვინ ექიმს?
ვიცი, რომ მთვარე არაა უბრალო თანამგზავრი, გალაკტიკურმა დრაკონმა დადო, საიდანაც მალე მთვარის ბავშვი გამოიჩეკება. ვიცი გალიფრეის დამწერლობა, რომელიც საათის ისრის მიმართულებით იხაზება წრეზე. ვერ წარმოიდგენთ რა ლამაზია რთული შეწყობილი წინადადებები ციფერბლატებზე. ვიცი, რომ ჩახუტება მაშინ უნდა მიყვარდეს, როცა სახე უნდა დავმალო. ვიცი, რომ კიბერ ადამიანებს ემოციები არ აქვთ, მაგრამ სიყვარული მაინც შეუძლიათ. იმიტომ, რომ.. ჯანდაბა! ვინ თქვა, რომ სიყვარული ემოციაა, იგი პირობაა. ეს კი იმდენად საჩემოა, რამდენადაც გადაყვარების არ მწამს. მეც მეყვარება მოხუცი გალიფრეიდან ხმოვანი სახრახნისითა და უკიდეგანო ზღვისფერი ჯიხურით, ვინც კი ოდესმე მყვარებია, თუნდაც ბრიტანულ სასუფეველში მოვხვდე უემოციო კიბერ ადამიანად.

თანამეწიგნეები და სხვები

tumblr_mz5dqt0GGw1tp9105o1_500

ხომ არსებობენ სქულმეითები, სოულმეითები (რა კარგი სიტყვაა თანამესულეები), ასევე არსებობენ ბუქმეითები.
როგორც ყველა სოციალური ქსელის შემთხვევაში მოხდა, გუდრიდშიც გვიან დავრეგისტრირდი. ავიყოლიე ჩემი თანამშრომელი და ჩელენჯი მოვნიშნეთ ასამდე. საზიარო მაგიდაზე დავიწყეთ კითხვა და გამისწრო. არა, რაც არ უნდა გამიჭირდეს და ვაგებდე, რიცხვს მაინც არ შევცვლი. აღმოჩნდა, რომ ჩემი წასაკითხი წიგნები, ბევრი არაა დარეგისტრირებული. იმისთვის, რომ ატვირთვა შევძლო, უნდა წავიკითხო და იმისთვის, რომ წავიკითხო, უნდა ავტვირთო. ჰო და, ბოლო პერიოდია მე და ჩემი თანამშრომელი სტიმპანკურ რომანებს ვეცნობით. მაგალითად, მექანიკურ საათიან კონკიას. “სატახტო თამაშებიც” ვერ მივიყვანეთ ბოლომდე.
ზაფხულში შვებულება რომ მქონდა, ჩემი ციფრული მეს პარალელურად ხანდახან საჯარო ბიბლიოთეკაში მივდიოდი. ვერანდაში ჩავჯდებოდი და ბალახებმოსხმული კედლების ფონზე ვკითხულობდი. აქ შეიძლება გენახათ ლექტორები, რომლებიც ცდილობდენ სტუდენტებისთვის სისხლი გაეშროთ და რაც შეიძლება მეტი სცოდნოდათ; იყვნენ წვერმოშვებული ბიჭები სასულიერი სემინარიიდან, რომლებსაც სახარების ქვეშ ანთროპოსოფიური ლიტერატურა ეწყოთ; ბავშვები, რომლებიც ბაბუებმა მოიყვანეს და უცხოპლანეტელებზე აკითხებდნენ წიგნებს.
იმ დროს მე ბლავატსკაია ელენა მაინტერესებდა, შტაინერის მოძღვარი, იმ შტაინერის, რომელიც ტოლკინის პლატონური მოძღვარი გახლდათ. საბოლოო ჯამში მოსწავლე რომ განუდგა ელენას, აქაო და ქრისტე ნუ ჩამოაქვეითეო. საინტერესო ლოგო ჰქონდათ თეოსოფებს და ამან მიმიზიდა. ელენას კი ისეთი თვალები, ერთი ეგ დაგამახსოვრდებოდა და მეორე ის ავღანელი გოგონა, ნაციონალურმა გეოგრაფიამ ფოტო რომ გადაუღო. იყო ქალი, რომელიც პროლოგში დაწყებულ დრედებივით ჩახუჭუჭებულ წინადადებას ლამის წიგნის ბოლოს ამთავრებს. ვკითხულობდი, რომ ევულუცია ემბრიონის განვითარების ფორმებში უნდა ვეძიოთ და ერთმა ძველმა ფორუმელმა დამირეკა, წამოდი ნაფარაულზე პიცა ვჭამოთო. აქამდე მარტო ორჯერ მენახა და სიხარულით დავთანხმდი, რადგან უცნობებთან საუბარი მიყვარს: თითოეულზე მგონია, რომ ის ის არის, დაბალანსებურ თემებზე ვისაუბრებთ და მეგობრობის რადიკალიზმში არ გადავვარდებით. ადვილია.
სასაცილოა, მაგრამ თავიდან მამაჩემის გამო გამიცნო, პოლიციელის შვილები მიყვარსო და ერთად გადაღებულ საოჯახო ფოტოებს ვაჩვენებდი. თვითონაც თანამშრომელია. მოკლედ შეჭრილი თმიანი ქალი იარაღით. ორივე გამოეჭვიანებული ნატურაა, ერთი პერიოდი ვგეგმავდი, ერთმანეთს გავაცნობ მეთქი. სხვა ჩვენ რა საერთო უნდა გვქონოდა?! დის შვილთან ერთად მოვიდა და უხერხულობის დასაფარად, ბავშვს ვეფერებოდი. დაკარგულ მეგობრებზე ვჩიოდით. ბოლოს სიჩუმის დასარღვევად ვიკითხე: – კითხულობ რამეს?
– ბლავატსკაიას…არ გეცოდინება.
მე კი ჩემი წიგნი ამოვიღე ჩანთიდან: – მეც.
დამამახსოვრდა ის დღე.