სამეცნიერო ქართული ცრურწმენების მიმართულებები

მინდა ვისაუბრო ცრურწმენებისადმი ჩემს სიმპათიაზე, როგორც ინდივიდის შეცნობის ხერხზე ან მათში დანახულ ისტორიულად განმეორებად ამბებზე კოლექტივში. ჩემი აზრით, გავრცელებული ცრურწმენები ორად იყოფა, პირველ კატეგორიას მიეკუთვნება ინდივიდის ფსიქიკური გამოვლინება. მაგალითისთვის, სახელმძღვანელო წიგნის დავარდნა მოსწავლეს იმ საგანში ცუდ ნიშანს უქადდა. არ შეიძლება ამ ნიშნის, როგორც სხეულის ენის უგულვებელყოფა. რადგან წიგნის ხელიდან გავარდა გამოხატავს ძნელად რეალიზებად თუ დაბნეული ინდივიდის ქცევას. და როცა ეს ინდივიდი გაკვეთილის ჩაბარების წინაშე დადგება, თუ მანამდე თავზე მუშაობა ვერ მოახერხა, ჩაიჭრება დიდი ალბათობით. ყავაში ჩახედვის დროსაც იგივე წესრიგი მოქმედებს, ოღონდ სხვა ადამიანის მიმართ განწყობა მეორისადმი რორშახის ტესტით ვლინდება. ჩემთვის ყავის ნალექის ფიგურები რორშახის ტესტის წრფივი გამოვლინებაა. წრფივი იმიტომ, რომ, როგორც წესი, ყავაში გარეშე პირი იხედება. რომელიც წრფის მეორე პუნქტში მდებარე პირზე ინტუიტიური ძალით ხვდება შედეგს ამოცანის გარეშე. მეცნიერებაში ინტუიცია სწრაფად მოაზროვნე ადამიანის პრეროგატივაა, ვისაც შედეგამდე მისასვლელი მანძილი იმდენად სწრაფად გადაულახავს, გააზრება ვერ მოუსწრია და მხოლოდ საბოლოო პასუხს აღიქვამს. რორშახზე გამახსენდა, რომ ამ ბოლო დროს მომეწონა დუდლის თამაში უცნობ ადამიანებთან ერთად. მთელი ჩვენი ინდორ ფანტაზიები უნებლიედ გადმოვალაგეთ. რა ჭიანჭველები შამპანურზე გადადიან და ნაპოლეონმა ხელი ჩაიტანა?

არსებობს ასეთი რწმენა-შელოცვა მაისურ წვიმებზე: “შვიდ მაისის წვიმაო, თმა კოჭებამდინაო”. მოცემული ცრურწმენა ინდივიდთან აცდენით კოლექტიურ რიტუალს განეკუთვნება და ალბათ იმ დროისთვის ლატენტურმა სტატისტიკოსმა წარმოთქვა. გვაქვს მოცემულობა, რომ თბილ და ნესტიან ჰავაში თმის ზრდა ჩქარდება, და მოცემულობა, რომ მაისში წვიმები ხშირდება, ჰაერი თბილდება. პირადად მე, ვაკვირდები და მშრალი შვიდი მაისი ჯერ არ შემხვედრია. მითუმეტეს, რომ ძველ დროს თმის დაბანის ლამის ერთადერთი საშუალება წვიმა გახლდათ. ამიტომ, პრესტატისტიკოსებმა ისტორიულად განმეორებადი მოვლენები შეაჯამეს და თმის ზრდა კი არ იწინასწარმეტყველეს, არამედ, აღწერეს. სწორედ მსგავსი კოგნიტური კომპონენტებია გამოყენებული სხვადასხვა ზოდიაქოს ფაზებში სხვადასხვა კოგნიტურ ქცევებზეც. მაგალითად, ქორწილი რომ სასწორის ფაზაში ანუ ოქტომბერში უნდა გადავიხადოთ, იმ პრაგმატული მიდგომიდან უნდა მოდიოდეს, სადაც ოქტომბერი პოსტ რთველური პერიოდია, ყურძენი დაიწურა და ღვინო გამოხდილია. ან ქალწულის ფაზა ანუ სექტემბერი რომ შრომისა და ფიზიკური გამძლეობის თვეა, იმ პრაგმატული მიდგომიდან მოდის, როცა შრომა მოსავლის მომკვასთან იყო კავშირში, მათი სიმბოლოც კი ქალწულია ფოცხით ხელში. თუმცა, ჩემი აზრით, დღეს ახალი ჰოროსკოპია დასაწერი, სადაც სექტემბერი ისევ შვებულებებისა და უშრომველობის თვეა ურბანულ ყოფაში და ღვინის მარაგის გაჩენით აღარ ვართ საქორწინოდ ერთ რომელიმე თვეზე დამოკიდებულნი, მეტიც, ერთი გუშაგის ქალიშვილის გამო ქორწინების აურამ გადაინაცვლა, კლასიკური გაგებით, ყველაზე უსიყვარულო მერწყულის ანუ თებერვლის თვეში.

2323545.png

არ გახსნა სხვა ფანჯარა!

8

ნიკოლა, ჩემი ძმის შვილი იმ თაობაში დაიბადა, რომელიც, მგონია, რომ მესაკუთრე აღარ იქნება ზედმეტი არჩევანის გამო. გარდა იმისა, რომ ცხოვრობს ორ სახლში, ფიზიკური თუ ვირტუალური სათამაშოების დიდი არჩევანი აქვს, თანაც მუდმივად ტრანსლირებული ანიმაციების ფონზე ორ ეკრანზე, ერთდროულად ტელევიზორშიც და კომპიუტერშიც. მას არ აქვს საყვარელი სათამაშო, რომელსაც ლოგინში ჩაიწვენდა და დაზიანებისას გული დაწყდებოდა. არც საყვარელი ეზო აქვს, რადგან თბილისში ყოველ ნაბიჯზეა სკვერი გახსნილი. ჩემი და ჩემი ძმის სათამაშოები 90-იანებში იმდენად მწირე რაოდენობის იყო, გაფუჭების შემთხვევაში გადაგდებაც გვენანებოდა. ამიტომ დაბრაკულ ნივთსაც ისეთივე სიყვარულით ვიღებდით, თითქოს კარგი ცოლი უვარგისს ქმარს არ უნდა დაშორებოდა. 90-იანების არც თბილისურ ნაომარ ეზოებს გავიხსენებ.

ამიტომ მგონია, ნიკოლა თანატოლებთან ერთად ჩაებმება არამიჯაჭვულ ურთიერთობებში როგორც საგნებთან, ასევე ადამიანებთან და მისი სიყვარული არ იქნება მიზანმიმართული ობიექტზე, არამედ იდეაზე. რაც ცოტა მაშინებს, რადგან მე არ ვიცი საკუთრების გარეშე ცხოვრება და ის უნარი, რაც ჩვენს შვილებს გამოვუმუშავეთ, ჩემს თაობაში იშვიათად მინახავს. დიახ, ჩვენ გამოვუმუშავეთ, რადგან ზედმეტად მესაკუთრე ხალხი არამესაკუთრეობას ბადებს. რაც ბუნებრივია, თუნდაც სამოსური მოდის მაგალითზე, როცა არაა საჭირო მოდის ექსპერტი იყო, რომ წინასწარ მიხვდე, ზედმეტად მჭიდრო შარვლის ტენდენცია თუ არის წელს, მომავალ წელს მოდაში ფართხუნა შარვლები იქნება.

არაერთ ობიექტზე პარალელური კონცენტრირება ჩვენმა თაობამაც შეისწავლა ინტერნეტთან დაუფლებისას. თურმე ერთდროულად შეგვიძლია რამდენიმე ადამიანს აბსულუტურად განსხვავებულ თემებზე ვეკამათოთ ფეისბუქზე სხვადასხვა ფანჯარაში, თან ნორმალურად შევასრულოთ საპასუხისმგებლო საქმეები სამსახურებისთვის, სიტყვაზე, ექსელში, თან ფონად მოვუსმინოთ სასურველ მუსიკას. პირადად მე, იმდენად შევეჩვიე რამდენიმე სამსახურში მუშაობას და, ზოგადად, ერთდროულად სხვადასხვა ავატარი გავხდი, საინტერესო ფილმის ყურებაც კი საკმაოდ დიდ ნებისყოფას მთხოვს ბრაუზერის ახალი ფანჯრის გახსნის გარეშე, სადაც ახალ სტატიას უნდა გადავავლო თვალი. სხვა ფანჯარა ხომ უფრო საინტერესოა. ამას მე ცხოვრების აჩქარებულ რიტმს ვუკავშირებ და იმას, რომ გვაქვს ყველაფრის ერთდროულად ჭამის შესაძლებლობა. ამ სტატიის კითხვის პარალელურად თქვენ რას აკეთებდით? ფოტო ჩემს სადარბაზოშია გადაღებული.