სტამბოლი

ტაქსიმზე ერთ ანტიკურ ბუტიკში საყურე მოვიპარე. კი არ მიხდებოდა, უბრალოდ ლამაზი სახე მქონდა რომ დავინახე. შიშის წვერებით გავიარე გზა ბეშქენამდე, არ ვიცი რატომ მქონდა ასეთი სინდისის ქენჯნა. შემოვტრიალდი, ბუტიკს სირბილით დავუბრუნდი და მანევრი ჩავიდინე, თითქოს ეს კლიპსიანი საყურე კალათაში ახლახანს აღმოვაჩინე. მაგის ხურდა არ მაქვსო, – მომიგო მოხუცმა ვაჭარმა, როცა ოც ლირიანი გავუწოდე, – უფასოდ წაიღეო.

IMG_20171119_220137_034კადრი ფილმიდან Closer 2004, სადაც ჯულია რობერთსის პერსონაჟი აკვარიუმის მასივში სეირნობს და ნატალია პორტმანის პერსონა(ჟ)ს ირიბ კონკურენციას უწევს, ჩემთვის იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, სტამბოლში მოხვედრილმა მეორე დღესვე აკვარეუმის კორიდორს მივაშურე. საზოგადოებრივ დივანზე ჩამოვჯექი და ვფიქრობდი იმ პრიმატულ სამყაროზე, რომლის საფეხურსაც წარმოვადგენ. დინამიკებიდან ემბიენტური მუსიკა ისმოდა, იმბეცილები აკვერიუმის კედლებს ეკროდნენ, შენობის გარეთ კი ქალაქი სასირბილე მარათონისთვის ემზადებოდა, მოსახლეობა სტამბოლის გასარბენად.

IMG_20171118_163531_111აეროპორტში მოხვედრისას ბექა მახსენდება, მისი მორიდებული ღიმილი და დაჭმუჭნული ქილების ოჯახი. დრო, როცა მეოცნებე თმა მქონდა. ახალი ზელანდია კი არა, სტამბოლი ეს არის ტრანსკონტინენტური ქალაქი და ჩემთვის ყველა ადამიანი კიჩია, ვისაც მხოლოდ დასავლური ნაწილი აინტერესებს. ქალაქის აზიურ ნაწილში მეტროთი მგზავრობა ორმაგად სასიამოვნოა. რადგან მგზავრები, თითქოს ფლეშმობი ყოფილიყოს, წიგნის თანადროული კითხვით მოძრაობენ. მაგრამ აზრზე არ არიან რა ავტობუსი მიდის დასავლურ ნაწილამდე. მეტროში მონიტორზე სტომოტოლოგის რეკლამა დამამახსოვრდა. პაციენტი ქალი ისე მოწადინებით აღებდა პირს და კრთებოდა ბურღის შეხებაზე, თითქოს ორგაზმს განიცდიდა.

აზიური ნაწილი თუ ცათამბრჯენებით გამოირჩევა, ევროპულ ნაწილში დაბალი შენობებია. კონსტანტინოპოლის კვალობის რესტავრაციებით და ამავე დროს მოდერნიზებული მუზეუმებით, სადაც ადგილობრივი შეყვარებულები, მეგობრები თუ შატოლოზე გამოსული ბავშვებიც კი დადიან. და მე არ ვიცი სხვა ქალაქი, სადაც მუზეუმებში სიარული ასეთი ხშირია ადგილობრივისთვის.

IMG_20171116_202922_859

ვათვალიერებდი სტამბოლს მთვარიანი მეჩეთებით, კლაუსტროფობიულ ქუჩებში ასფალტად დაგებული მოზაიკებით, რომლებსაც ბაიკერები ყოველდღიურად გადიან, ტრამვაის ხაზებით დაქსაქსული ქუჩებით, კატებით ბუკინისტური მაღაზიების თაროებზე, ანტიკურ მუზეუმებში უბილეთოდ მოხეტიალეები, ლინგერიების მაღაზიებში შესულები, რომელიმე ფუმფულა ბიუსჰალტერზე რომ მიგითითებს, მიაუო. ბიბლიოთეკებში ჭრიალა თაროებზე რომ ღრუტუნებენ. მარათონზე მოქალაქეებთან ერთად რომ დარბიან. ამბობენ, რომელიღაც სულთანს ჰყვარებია კატები და იმიტომო. ეს სტამბულია, კატების ქალაქი, დაბინძურებული ბოსფორის სრუტით, ამ გაგანია მარათონის დროს ბეშქენის წვრილ ქუჩებში დავდივარ და ადგილობრივივით მოქცევას ვცდილობ.

ისე მოხდა რომ  ცაში აწვდილი ხალიჩებით, გიგანტური შენობებით, შუაღამისას მომღერალი ტრანსგენდერებით, მასივი გეტოებით, სადაც დაკარგვა ისე ადვილია, ნიშნულებით, რაზეც აწერია, რომ პოლიციელების შესვლა აკრძალულია. მე კიდევ ფეხისწვერებით ვცდილობ გავიარო. ჰიპსტერული უბნებით, კონტემპორარი არტის გალერეებით, ყოველი კუნჭული რომ საპერფორმანსო არეალია. პაბებით, სადაც ლუდს მიწის თხილის ნაცვლად წაბლებს ატანენ. მგონი მათი ეროვნული ვალუტა წაბლია. და მართლაც, თურმე ისეთივე ლამაზი ქალები დასეირნობენ, როგორც სერიალებშია. არ ვიცი, შეიძლება სრუტესთან რომ ცხოვრობენ, მაგრამ მათი თვალები თითქოს ისრუტავს.

IMG_20171204_131914_794

შევდივარ ადგილობრივ პაბში დებიუტანტი მწერლის წიგნის პრეზენტაციაზე, საჯარო ლექციით რომ ცდილობენ გაყიდვას და გულმოდგინედ ვცდილობ თავი მოვიკატუნო, რომ ლოკალური ნაწარმი ვარ. ისე თბილად მხვდებიან, წრეში მაყენებენ, ცდილობენ გამოიცნონ ჩემი სამშობლო. ფიჩხებიან ფეჩზე წაბლები იხრუკება, ქვეყანა “ჯორჯია” თითქოს არ გაუგიათ, “აა, გურჯისტან?” “მარტო მოგზაურობ?” ჩაის ფულს არ მახდევინებენ, ბიჟუტერიას მჩუქნიან. ძალიან სტუმართმოყვარენი არიან.

IMG_20171126_191822_326