ნებისმიერი დიასახლისის ფიქრები ნებისმიერ დილას

ცხოვრების რაღაც სასაცილო ეტაპზე მე და ჩემმა დაქალმა გადავწყვიტეთ ფული გვეშოვნა მემარცხენე გზით: ბინა გვექირავა 6 თვით და დღიურად გაგვექირავებინა წვეულებებზე, უცხოელებსა თუ წყვილებზე. კომუნალურებიანად და გაფორმებებით ბინის შენახვა ათას ლარამდე გვიჯდებოდა. ანუ თვეში ოცი დღე მაინც უნდა ყოფილიყო დაკავებული რომ მოგება გვენახა. მოგება ვერა, მაგრამ ფილოსოფიური სტატისტიკა ვნახეთ: კაცები არ რეკავენ. კი, შეიძლება, შეკრების ინიციატორები იყვნენ კაცები, მაგრამ აბსტრაქტული სახით, ინტერნეტით განცხადებების მოძიებას და რეკვებს არ იწყებდნენ. არა და წიგნებიდან პირიქით ვიცოდი, თუნდაც ფემინისტური წიგნებიდან. შეიძლება ინიციატორები მართლა არიან, არ ვიცი, მაგრამ საშინლად არ იციან მენეჯმენტი. ხოლო ჩემი ეს მენეჯმენტური უნარები იმის ბრალი მეგონა, რომ მთელი ცხოვრებაა სხვადასხვა კომპანიის მენეჯერად ვმუშაობ, მეიბი სისხლში გამიჯდა. არასდროს მიჭირს დროის გადანაწილება და საქმეების კლასიფიკაცია. არასდროს მიმიყვანია საქმე დედლაინამდე. სკოლაშიც კი, არდადეგების პერიოდში ვსწავლობდი გაკვეთილებს წინასწარ რომ საქმე ბოლო წუთამდე არ მიმეყვანა. არასდროს დამიყენებია მაღვიძარა. ალბათ ერთადერთი რისი ნიჭიც მაქვს მენეჯერული უნარებია და უცებ გამახსენდა, რომ ყველა ქალი ასეა. უცებ გამახსენდნენ ნაცნობი კაცი მენეჯერები, ბოლო საათში რომ ავალებენ თანამშრომლებს საქმეებს; ჯობს.ჯი, სადაც მენეჯერის პოზიციაზე სულ მდედრობითი სქესი ესაჭიროვებათ; მამაჩემი, რომელიც დედაჩემს აძლევდა ფულს ყოველ ხელფასზე კომუნალურებისთვის და სახარჯოდ გადასანაწილებლად, და ახლაც კი, როცა დედაჩემი ავადაა, სიარული აღარ შეუძლია ავარიის მერე, მამაჩემიც, ძირითადად, სახლშია, დიაბეტიკია, ყოველ საღამოს დედას ეკითხება ორინაბიჯიდან ან სუფთა სახლიდან “რა წამოვიღო?” – ქალი ხო კაცს ამას არასდროს კითხავდა, მაშინაც კი, თუ კაცია სახლში და ქალი მუშაობს. ჩვენ ყოველთვის კონკრეტული პროდუქტი გვშივდება და ზუსტად ვიცით რომელ სასტუმროში გვინდა დასვენება და ზეპირად გვახსოვს ყველა ივენთი, რაც ჩვენს ქალაქში მიმდინარეობს, მუზეუმი იქნება თუ რეივ ღონისძიება.

თანასწორუფლებიანად გიცხოვრია კაცთან? თითქოს სადილსაც თვითონ ამზადებს, ჭურჭელს უვლის, ავეჯს მტვრისგან ათავისუფლებს, მაგრამ არაგეგმიური დასუფთავება არ იცის. აი, თავისით არ მოაფიქრდებათ, რომ მაცივარი ან გაზი დაშალოს, ქიმიური ხსნარები იყიდოს და გაწმინდოს ან ძველი გარდერობი გადასაყრელი აქვს. არა, თუ მიუთითებ, დაკისრებულ მოვალეობას შეასრულებს, მაგრამ მენეჯერული უნარები არ აქვს. აი, ერთ ჩემს საყვარელ თანამშრომელ გოგონას ქორწილი აქვს, კი ბიჭის ინიციატივით, მაგრამ ქორწილს პატარძალი გეგმავს, ხმა მესმის ხოლმე როგორ რეკავს პერიოდულად სასტუმროებში და გეგმავს. მე და ჩემი ქმარიც ასე ვართ, ის იტყვის “წამო, სადმე დავლიოთ”, – მე ვიტყვი – “იქსიგრეკ რესტორანში ივენთის ფარგლებში აქციაა ღვინოზე და წამო, დავლიოთ”. ქალები უფრო კონკრეტულები ვართ, პრაქტიკულები და ამ წინასაარჩევნოდ მაგნუმის დამაარსებლის კაპას სიტყვები მახსენდება: “ქალი ომის ფოტოგრაფიაში აუცილებელია, ნეგატივების დაბეჭდვის ორგანიზებას უწყობს ხელსო”. ხო ძალიან სექსისტური ფრაზაა? თავის შეყვარბულზე თქვა, იმ შეყვარებულზე, ვინც ომის გადაღების დროს დაიღუპა. რეცენზიაზე “ომი მაღალ ქუსლებზე” საპასუხოდ. თითქოს ამ ფრაზით კაპამ გერდა დაიცვა. ჰო და თუ ორგანიზატორები ვართ და ჯობს.ჯიზე ქალი მენეჯერები გჭირდებათ, პარლამენტში მეტ ქალს ვითხოვთ. ხომ მოგწყინდათ აბსტრაქტული დაპირებები? გინდათ პრობლემების პრაქტიკული გადამწყვეტელები? ჰოო? ბრაზობდით მთელი პეკინი და მერე ჭავჭავაძე რომ გადათხრილი იყო უვადოდ და დროის მენეჯმენტს ვერავინ ახდენდა? წადით არჩევნებზე, აირჩიეთ ქალები პარლამენტში და ინიციატივებს პრაქტიკული შეფუთვა მიეცემა. მოგწყინდათ გაწელილი რემონტი? პრარაბებად აირჩიეთ ქალები.

მეორე დღის პრობლემა

როგორც კი მარტყოფში შევედით, ტკბილი სუნი მეცა. ალბათ მზის, მწიფე ხეხილის და შუამავალი ნამის გამო. გზაზე ჭაობების დანახვამ გამახარა, ძალიან მომწონს მათი თვალიერება. ჩემთვის ის ბოღმის სიმბოლოა, რაზეც შეიძლება ლამაზი ნაყოფი გაიზარდოს. ტყის განაპირა სახლში დავბარგდით, პირდაპირ აივნიდან იწყებოდნენ ხეები. პურის საყიდლად ანუ უახლოეს სოფლამდე მისასვლელად სამი კილომეტრის გავლა მომიწია. უკან კი გზა ამერია, ცრუ ბილიკმა შემიტყუა, მთასთან გაჩერდა და თეძომდე ბალახებში ცოცვა მომიწია. სახლს ბუხრიდან ამოსული კვამლით მივაგენი. კი არ ვარ ბუხრების მომხრე, მაგრამ მომეწონა. სუფრა თანდათან გაიშალა, ღვინო მალე გაგვითავდა. ჭაჭასთვის მისაყოლებელი წვენი აღარ გვქონდა, სამეზობლოდ მიტოვებულ სახლში ალუბლის დასაკრეფად გადავედი. სიბნელეს რომ თავი დავანებოთ, ჭექა-ქუხილი იყო. ძალიან მომწონდა რომ მეშინოდა. გემრიელი წვენი გამოვიდა, როგორც მეორე დღეს ხეებიდან პირდაპირ ქვაბში დამზადებული წითელი ტყემალი. მეორე დღეს ტყეში შევედით, ყვავილები დავკრიფეთ და ხეებს ვეცეკვეთ. განსაკუთრებით მომეწონა ხეების გვირაბი. მინდოდა დამუხტვა გამომეხატა და ლირიკული აბზაცი გამომივიდა.

თბილისში რომ დავბრუნდი, პირველი რაც გავაკეთე, ორი წლის ძმის შვილი მოვინახულე, ნიკოლა. მიბაძვის ასაკი აქვს და კანფეტი რომ მომართვა, შეეცადა ჩემთვის შეფუთვისგან გაეხსნა. მე კიდევ მადლობის თქმა დამავიწყდა. აბა რა უნდა მითხრაო, მადლობაო. დავფიქრდი, რა იშვიათად ვიმადლი ზოგადად. ამბიცია მაქვს, რომ მეკუთვნოდა. ერთი გოგო გავიცანი მარტყოფში. ორსულად იყო, მაგრამ არ ამხელდა, სიტყვებით ლავირებდა. მაგრამ მე რას გამომაპარებდა, იმდენ ორსულთან მაქვს სისტემატურად მჭიდრო კავშირი, რომ ლამის აქეთ ცრუ ორსულობა დავიმართო. უი, ჩემი ძველი თანამშრომლის ძაღლს ჰქონდა ცრუ ორსულობა. იმდენ დროს ატარებენ ძაღლები ადამიანთა სამყაროში, რომ განწყობა უვითარდებათ. ნადირობისას საცხოველეთსაც ერჩიან ადამიანთა გამო, თავისიანებს ებრძვიან განვითარების ამბიციით. ჭაობის იდეაც ამიტომ მომწონს, სადაც გარდაცვალება დაბადებას ნიშნავს, რომ ბოღმიან წყალსაც აქვს დედობრივი ინსტინქტი, როგორც მე ვეძახი, გარდასახვის.

როგორც კი მარტყოფიდან გამოვედით, წვიმდა. სადღაც კილომეტრი სიმშრალე იყო, მერე კი ისევ წვიმდა. მინდოდა გადამეხვია გზა, რომ სახლში მალე მივსულიყავი. მეორე დღის პრობლემა მაქვს. იშვიათია, თუ სადმე წავედი და მეორე დღეს იქიდან გამოქცევა არ მომინდეს. თუ მეორე დღე გადარჩა, მესამე დღეს ეს აუცილებლად ხდება. რა ძალიანაც არ უნდა მიყვარდნენ ჩემი მეგობრები, უმეგობროდ ყოფნა მენატრება. ჩემში ეს დისტანციის სურვილი ხშირად მიქმნის პრობლემას, რადგან არ მყავს ისეთი მოლაშქრე მეგობარი, ერთ დღიანი გასვლები რომ უყვარდეს. საქმე ისაა, რომ მოძრაობა მიყვარს, ორი დღით ერთ სივრცეში გაჩერება ჩემთვის მდინარისთვის ჭაობში ჩადინება იქნება. ვერ ვიტყვი, რომ ჩემს ამ ხანგრძლივი გასვლების მოყვარულ მეგობრებს ძალიან ვუყვარვარ. რადგან არასდროს წამომყოლიან იმ ადგილებში სადაც მე მინდა, არ მახსოვს ტური დამეგეგმოს და მოსწონებოდეთ. ასე რომ ყველაფერი სამართლიანია, სინდისი არ მქენჯნის. უბრალოდ მწყინს, რომ სიარულში ვერ ვეწყობით და მაკვირვებს, რომ სტაბილურ ადამიანებს ვიყვარებ. დავწერე ის, რაზეც ფსიქო-თერაპევტს გავესაუბრებოდი პირველ სეანსზე, მათი რომ მჯეროდეს.