მეტრო და პირადი სივრცე

ვინც ამბობს, რომ ქართველებს ინდივიდუალობის შეგრძნება არ გვაქვს, ის ქართულ მეტროში არ ჩასულა. არ დაკვირვებია მათი პრობლემებისა და კმაყოფილების ამსახველი სიარულისთვის, სადაც ზედმეტად მკვეთრადაცაა გამოხატული თითოეულის ხასიათი. ყოველ ჯერზე როცა მეტროში ჩავდივარ მახსენდება ბრბოს წრფივი რიგის ამსახველი კადრი პოსტ ცუნამური იაპონიიდან. ამ ფოტოდან გავიაზრე რატომ აყვა იაპონია გერმანულ ფაშიზმს და იტალიური ტემპერამენტი რატომ გამორიცხავს ფაშისტური ჯარის სწორხაზოვან მარშირებას. ხოლო მეტროში მოხვედრისას ვხვდები, რატომ ვერ ხდება პოპულარული ტვიტერი საქართველოში.

ტვიტერი სამეცნიერო წრეებში კოლექტიური ცნობიერების საბაზისო სოციალურ ქსელად ითვლება. საქართველოში კი ინდივიდუალური ცნობიერება მეტადაა განვითარებული ვიდრე კოლექტიური თვითშეგრძნება. ტვიტერის და სხვა ანალოგიური sms მიკრობლოგინგის დანიშნულება მომენტალური აზრის გაზიარება და მიღებაა, რასაც ტელეპატიის მოთელვით სამუშაოებს უწოდებენ ფუტურისტულ პროქტებში. ასე რომ, თუ ფუტურისტულ დროში ტელეპატია გახდება სამყაროს უნივერსალური ენა, კავკასიელი ხალხი იქამდე გვიან მივა.

ჩემი აზრით, მიზეზი პირად სივრცეში უნდა ვეძიოთ. ქართული მიწა მოსახლეობის კვალობაზე ვრცელია. ბოლო წლებში რაიონებიდან ურბანულმა მიგრაციამ მასობრივი ხასიათი განიცადა. ამ დროს ქართველი უდაბნოს მასშტაბებში გაზრდილ ლომს გავს რომელიც ქალაქის ზოოპარკში გამოამწყვდიეს. რაც მეტროში ინდივიდუალურად მოსიარულე მოქალაქეზეც აისახება. სხეულის გარშემო გარკვეულ სივრცეს თავისად აღიქვამს. გამოკითხვის თანახმად, პატიმრები, რომლებიც პირადი საკუთრების და სივრცის დათრგუნვას ხანგრძლივად განიცდიდნენ, პირადი სივრცის გაძლიერებულ გრძნობას განიცდიან.

ტვიტერზე ხშირად მხვდება წუწუნი რომ ქართველი დამოუკიდებელი ტრანსპორტით მგზავრობას არჩევს საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რის გამოც ქალაქის ცენტრში საცობები წარმოიშვა. საქმე პრიორიტეტშია. პირადად მეც ბინის კვადრატულობასთან პროპორციულად დიდ ოჯახში ვცხოვრობ. ასე რომ სახალხო ტრანსპორტით მგზავრობას დამოუკიდებელი ტრანსპორტით მგზავრობა მირჩევნია. საცობში მანქანის გაჭედვა, ვიდრე მეტროში ადამიანურ საცობში გამეჭედოს პირადი სივრცე.

ბოშა ქალი

4-Gypsy

“რეალური ზღაპრების” პირველ ლექციაზე, ქვე-სათაურით “აურა”, ფილოსოფოსმა გიორგი მაისურაძემ საშუალო კლასზე ისაუბრა, რომელიც კვირაში ერთხელ ფაბრიკასა და ბასიანზე გართობის ფუფუნებით კმაყოფილდება და კოპი-ფეისთ წრეს ქმნის. რომ გალაკტიონი იმდენად დაფიქსირდა ქართულ რეალობაში, რომ სუიციდის აქტით ხელოვნების მკვლელად იქცა, როგორც შოთა რუსთაველი იყო შუა საუკუნეების ქართული მწერლობისთვის. რომ სქესობრივ აქტში ფულის გადამხდელი კაცი აფიქსირებს არა იმდენად უფასო სითბოს უქონლობას, არამედ სხვისთვის ან საკუთარი თავისთვის მატერიალური წარმოჩენის უნარს. რომ ლუვრში ორიგინალი ჯოკონდას ღიმილისთვის ჩასულ ტურისტებს ძეგლი ზურგიდან აქვთ ნანახი, სელფის ჯოხებთან ფრონტალური კონტაქტის გამო. რომ კოკა-კოლა ამერიკაში დემოკრატიის სიმბოლო არის, ყველა სოციალური ფენის ადამიანი განურჩევლად რომ სვამს. რომ მარტოობა არის ერთჯერადობის გამოვლენა, როცა ადამიანი კოლექტიურ კვალს არ უერთდება.

ლექცია დაიწყო აურაზე თეოსოფოსების წარმოდგენით და მოდერნისტული თეორიით გაგრძელდა, სადაც დიუშანის მზა პისუარის კოპირაიტის გარეშე გამოფენა პლაგიატის აქტი არ გვგონია და პოსტ მოდერნიზმში უორჰოლმა კონსერვის ქილების გადამრავლებით რაოდენობა ხარისხზე წინ დააყენა. აურის ბენიამინისეული გაგებით თანამედროვეობაში აურა დაიკარგა, რადგან აურის მატარებელი მხოლოდ ორიგინალი შეიძლება იყოს. როგორც წესი, მიმბაძველი ადამიანი საშუალო ფენის წარმომადგენელია, რომელიც თავს ნიმუშის ასლით ტკბობის საშუალებას აძლევს, რადგან ორიგინალის ფუფუნება არ აქვს. ლექცია ერთგვარი მოწოდება იყო მარტოობისკენ, რომელიც კოლექტიური ცნობიერების ინდივიდუალური ცნობიერებით ჩანაცვლებით მიიღწეოდა. ნამდვილად სახასიათო ღიმილი აქვს ამ ლექციის ლექტორს, ვინც შეხვედრილხართ, დამეთანხმებით ალბათ.

gypsy-tv-show-on-netflix-cancelled-or-renewed-590x218

ამ ზაფხულსვე Netflix-მა ახალი სერიალი გამოუშვა დამწყები მწერლის ლაიზა რუბინის ავტორობით Gypsy. “ვინ ხარ მაშინ, როცა არავინ გიყურებს?” – სერიალის სლოგანია და დასმულია საკითხი – თუ პიროვნება სინამდვილეში მიმბაძველია, მისგან ინდივიდუალური ცხოვრების ქონის მოთხოვნა რამდენად ეთიკურია, ანუ მიმბაძველი ტიპაჟი სხვების მიბაძვის გარეშე პიროვნულობას თუ კარგავს. სერიალის მთავარი პერსონაჟი ფსიქოლოგ-თერაპევტი ჯინ ჰოლოუეია. მას შემდეგ რაც ქვეცნობიერის კვლევა დაიწყო, თავისუფალი ნების არ სჯერა. როგორც იქნა ოცნების მამაკაცს მოანდომებს მასთან მონოგამიურ ცხოვრებას, გაუჩენს ჯანმრთელ და ჭკვიან გოგონას, ფსიქოლოგიის კათედრის კოლეგებში ავტორიტეტით სარგებლობს, მაგრამ პერმანენტულად მაქციური სურვილები იპყრობს. იგი არ მუშაობს მხოლოდ პაციენტებისგან მონაყოლი ინფორმაციით, არ სჯერდება სხვების აღქმას, პირიქით, შენიღბული იდენტობით და პაციენტების ცხოვრებაში დასადგურებით ცდილობს მათ შველას.

მაგალითად, ჰყავს პაციენტი ნარკოდამოკიდებულებით და მის დასახმარებლად ნარკოტიკი ჯერ საკუთარ ტყავზე უნდა გამოსცადოს, მერე საცხოვრებელი სახლი დაუთმოს. ჰყავს პაციენტი ქალი, რომელიც მოჭარბებული დედობრივი ინსტინქტისგან იტანჯება და რახან შვილს გასაქანს არ აძლევს, შვილისთვის იგი უინტერესოა. ჯინი პაციენტის შვილს ვითომ შემთხვევით უმეგობრდება, პირველწყაროდან იგებს თუ რატომ უკეთებს დედამისს იგნორს და შემდგომ თერაპიის კათედრაში მისულ პაციენტს ადეკვატურ რჩევებს აძლევს. ჰყავს პაციენტი ბიჭი, ვისაც დაშორების გადატანა უწევს თავზეხელაღებულ გოგოსთან. იმისთვის, რომ ამ ბიჭის განცდები აღიქვას, ამ გოგოსთან გააბავს რომანტიკულ კავშირს. როგორც ყველა სუპერგმირს, გადაქცევის რიტუალი სჭირდება. მაგალითად, კლარკ კენტი სუპერკაცად გადაქცევისთვის სათვალეს იხსნის და თმას უკან იწევს. ჯინი თმას ისწორებს, N4 შანელის სუნამოს ისხამს და ვისკის სვამს ღვინის ნაცვლად.

ჩემი აზრით, იყო ორიგინალის ასლი, ჰგავს განტევების ვაცად ქცეულ პაიკს შაჰმათში. The Veritas-ის სერიაში ასლი რომ უნდა მოკვდეს ორიგინალისთვის. ამიტომ გვაწვდიან რარიტეტული წიგნების დაქსეროქსებულ ვარიანტებს ბიბლიოთეკებში. იყო ასლი ნიშნავს განვითარდე, რადგან ბავშვს მიბაძვით შეუძლია ლაპარაკის და ქცევების სწავლა. ბნელ ოთახში უკონტაქტოდ გამოკეტვის ალტერნატივაში უკონტაქტო ბნელ ოთახს მიბაძავს. უნიკალურობაზე ფიქრი კი მეამიტობაა როგორც თავისუფლებაზე საუბარი ქვეცნობიერთან ერთად. ერთხელ ცხოვრება დიდ მარკეტს შეადარეს, სადაც მუდმივად გიწევს ყოფნა და მზა პროდუქტების არჩევა, აღარ მახსოვს ავტორი. ჩემი აზრით, ეს ბაშაობა, მრავალი ნაციის და რელიგიის მატარებლობა პოსტმოდერნიზმის სიმბოლოა. სიმბოლო, რომ ცხოვრება საკუთარი თავის პოვნა კი არა, საკუთარი თავის შექმნაა. ხოლო პარასკევობით, როცა კლუბში თავს უჯრედად გრძნობ კოლექტივიდან, როცა ცეკვავ იმის ნაცვლად რომ მუსიკა დაწერო, როცა არემიქსებ იმის ნაცვლად, რომ გამოიგონო, შენ ამით ორიგინალს იცავ. იქნებ შენც, კაძუო იშიგუროს Never Let Me Go-ს პერსონაჟივით, ეროტიკულ ჟურნალებს ორიგილანის საპოვნელად ფურცლავ. ორიგინალის სტატუსით მოღვაწეობ, მაგრამ როცა მარტო რჩები, ჩემსავით ბოშა ხარ.

კარგი პოლიციელი და პოლიციელის ცუდი ავატარი

Fba2F

ალბათ ყველა ბლოგერს შეუმჩნევია როგორ იმატებს მათ საიტზე ვიზიტის რაოდენობა პაემანზე წასვლის მერე. ამასობაში კი უამრავი წყვილი შლის ერთმანეთს სოციალური ქსელიდან როგორც თერაპია – აარიდონ თავი ერთმანეთის ავატარს, რათა უპიქსელო სამყაროში დაახლოვდნენ. თითქოს ეს ნიშნავს აიხვიო თვალები სხვა გრძნობის ორგანოების გასავითარებლად. სოციალური ქსელების ხანაში კი ტყუილის წარმოება გართულდა. შეუძლებელია უღალატო, როცა გიყვარს – მოძველდა. შეუძლებელია უღალატო, როცა ჰაკერული სქილზის შეყვარებული გყავს.

პოსტ საბჭოთა ფილმების ყურებისას ყურადღებას ვაქცევ არქიტექტურას, რადგან ეტყობა უფრო დამაჯერებლად ვაიდენტიფიცირებ მიმდინარე მოვლენას საკუთარ ყოფასთან თუ ვხედავ მშობლიურ ქუჩებთან მიახლოებითს. Panama (მეორე სათაური See you for sex) 2015 წელს შექმნილი სერბული ფილმია, სადაც მთავარი გმირი იოვანი მომავალი არქიტექტორია პრიალა თმით, სანაპიროს რუჯის ქვეშ თეთრი კბილებით, მოკლედ, ჰოლივუდური ღიმილით, სანდომიანი, რაღაც მიკი მაუსის მსგავსად. პოსტი სავსეა სპოილერებით.

სურათი იწყება მეგობრებ შორის სექს პარტნიორთა რაოდენობის დატოლებით და პარალელს პოვებს სატელევიზიო შოუებში გამარჯვებულის ფეისბუქ ლაიქებით გამოვლენასთან. ზოგადად, მთელი ფილმი აწყობილია შედარებებით, მაგალითად, რეჟისორი იყენებს ტრიუკს “ფილმი ფილმში” და ფილმში არსებული სექსის სცენები იოვანსა და მაიას შორის დაპირისპირებულია პორნოგრაფიული ვიდეოების სექსთან, რასაც იოვანი უყურებს მასტურბაციისას. რაც უფრო ადვილია შემთხვევითი ღამეები, მით უფრო რთულდება გააზრებული ურთიერთობები. სხვადასხვა პერსონაჟის გამოჩენის მიუხედავად, იოვანისა და მაიას ფიზიკური კავშირი ესთეტიკური თვალსაზრისით შესრულებულია საკმაოდ ლამაზად, რაც მაყურებელს წყვილის საგულშემატკივროდ განაწყობს.

მელოდრამას დეტექტივად აქცევს იოვანის ეჭვიანობა მაიას მიმართ. ღია ურთიერთობის ქონაზე შეთანხმების მიუხედავად, მაია უარყოფს სხვა პარტნიორის არსებობას მის ცხოვრებაში, თუმცა იოვანს უჩნდება ეჭვი, რომ მაია გულახდილი არაა. რეალურ ცხოვრებაში დადებითი ურთიერთობის პარალელური ნეგატიური ურთიერთობა ინტერნეტში მიმდინარეობს. იოვანს რამდენადაც დადებითად ავსებს მაიასთან კავშირი, იმდენად ფიტავს მაიას დაგუგლვა, ჩეკინზე მიმაგრებული ფოტოების დევნება. Follow არის პირდაპირ დევნად განხილული. ამიტომ მათი ურთიერთობა ორ განზომილებაში მიმდინარეობს. თუმცა მაიას მხრიდან ცუდი და კარგი პოლიციელის გადათამაშება პოლიციისთვის ყოველთვის მომგებიანია, – იოვანს აღარ უნდა ღია ურთიერთობა.

მოკლედ, ფილმი არის პიროვნულ გაორებებზე, სადაც გაორება არ არის ფსიქიური დაავადება, არამედ, ნორმა. ფილმი არის გამორკვევის პროცესი (და არა შედეგი, პასუხი არ ჩანს), რომელია უფრო ნამდვილი, ადამიანი თუ მისი ავატარი.

რატომ არ უნდა მქონდეს ფეისბუქის ექაუნთი?

10947312_966571226710877_6645503416850714238_n
ამ პოსტის დაწერა იქიდან მოყოლებული მინდა, როცა წინა კვირას “ბასიანის” ბილეთების ყიდვა გადავწყვიტე: რადგანაც სამსახურში გვიანობამდე ვიყავი, ინტერნეტ ვაჭრობას მივმართე. მაგრამ ამაოდ, ვინაიდან ფეისბუქის ექაუნთი არ მქონდა და შესაბამისად, მათთან დამეგობრებული არ ვარ, ისევე არაფერი გამომივიდა, როგორც სხვადასხვა კომპანიებთან, რომელთა მომსახურეობით სარგებლობა სწრაფად და შედარებით იაფად ფეისბუქში დამეგობრების მერე შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დაწესებულება უკვე ნაირფეროვანი სოციალური ქსელებით სარგებლობს, უპირატესად, ისევ ფეისბუქის ფეიჯებს თვლიან, და მე, როგორც არა მომხმარებელი, არა თუ სწრაფი და იაფი ხერხით მომსახურეობის შანსს ვუშვებ, არამედ, ხშირ შემთხვევაში, მათი ღონისძიებათა თუ სხვა აქტივობის შესახებად ნაკლებად მესმის, განსაკუთრებით ქართული ორგანიზაციებისგან.
თითქოს სოციალური ქსელი თავის თავშივე დემოკრატიას მოიცავს, მაგრამ სწორედ ეს დემოკრატია იწვევს ნებაყოფლობით დიქტატურას. რაც ორგანულად ისეთივე ალოგიკურია, როგორც, დავუშვათ, ნასას ფემინისტებისგან ქალთა გონებრივი მიღწევების წარმოსაჩენად გამოყოფილი ცალკე სივრცე. ან როდესაც, წიგნს აქვს სათაური: “პირველი ფემინისტი და ლგბტ პირი კოსმოსში”, – რატომ უნდა ამტკიცო, რომ ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქე ხარ და თანაც შენი განსხვავებულობის აპელირებას ახდენდენ? შესაბამისად, ჩნდება პროტესტი არა ნახსენები სოციალური ქსელის მიმართ, არამედ, უფრო კონკურენტი ორგანიზაციების მისამართით, რომლებიც იმ ბაზას ვერ აღწევენ, ყველანაირი გემოვნების აქტივობა, ესთეტიკური ცენტრისგან ფასდაკლების გაჩენა იქნება თუ თბილისობის დღის განრიგი თავიანთ თავებში რომ მოიცვან.
დღეისთვის ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვიდან მსოფლიო მასშტაბით კერძო კომპანიების აქტივობა ტვიტერზე ფეისბუქთან შედარებით ორიოდე პროცენტით მეტია, ხოლო ვორდპრესი ბლოგსპოტზე 12-ით, რომლებსაც თავისი აქტიურობით linkeld უსწრებს. მე-5-მე-6 ადგილებს კი ფლიკრი და თამბლერი ინაწილებენ. მაგრამ მსოფლიოც თანხმდება იმაზე, რომ ძირითადი საშინაო გვერდი ტვიტერთან შედარებით ფეისბუქში აქვთ. გამოსავლად თავად ხალხის აქტივობა მევლინება, ყურადღების გადანაწილება კომუნური ქსელების მიმართ, რაც, თავის მხრივ, კონკურენტუნარიანობას გაზრდის. და თავი მეც ინფორმაციულ ვაკუუმში აღარ მეგონება.Social-Media-Checklist-Small-Business

წერილი myspace-ის ტომს!

myspaceჩემი ძველი მაისფეისის პროფილი აღმოვაჩინე და ისეთი განცდა მაქვს, კედელში ჩაშენებული კარადა გამეღოს და იქიდან მტვრიანი ალბომი ჩამომეთრიოს. მას მერე, რაც პლაცებოს ეფექტით ხველა ავტეხე, თავი ხელში ავიყვანე და ფოტოები დავათვალიერე. როგორი მატრაკვეცული სტუდენტობა მქონია სახლში თაიმერზე დაყენებული ნოკია ე90-დან აუდიტორიის მერხებამდე.
შეიძლება ითქვას, სელფის გადაღება მაისფეისმა დაიწყო.
მაგრამ მთავარი მაინც ტომი გახლდათ, მაისფეისელებისთვის იგივე, რაც საჩუქარს ბაფთა მოყვებოდა და სკაიპისთვის echo იყო, ჩვენი ძვირფასი თეთრ მაისურიანი ტომ ანდერსონი, გვარს რომ მიაფუჩეჩებდნენ და მაისფეისის ტომს ეძახდნენ. ყველა მოვესწარით ერთ მშვენიერ დღეს მის გამოჩენას ფეისბუქზე და ეს დღე იყო იმდენად სასაცილო, თავის გასამართლებელი სტატუსიც კი გამოაცხო, რომელიც რეკორდული რაოდენობის მოწონებითა და კომენტარით დაჯილდოვდა. ამის მერე გაჩნდა ხუმრობები:
ვინმეს თუ მაისფეისი არ ჰქონია, შენთვის ზედმეტად ახალგაზრდააო;
დედაშენი ტოპ რვაში შევიყვანეო;
რომ ჩაკ ნორისს აქვს მაისფეისის ექაუნთი ფეისბუქზე, სადაც მეგობრების ნაცვლად, მტრებს იმატებს;
ჩემი შეყვარებული ისეთი მახინჯი იყო მაისფეისმა დაბლოკა და თვითერმა მიიღოო;
მაისფეისი ფეისბუქს შეუძენია და ეგ სივრცე ფერმისთვის გამოუყენებიაო;
და კიდევ ჩემი საყვარელი: კათოლიციზმი რელიგიების მაისფეისია, ახალი პაპი რომ ამბობს, დაგვიბრუნდით, შევიცვალეთო.
ბოლოს ტომი ინსტაგრამზე აღმოვაჩინე, მოგზაურობს და პეიზაჟებს იღებს სამნაირი ნიკონით, მაგრამ პროფილზე ისევ დაბალპიქსელიანი თეთრ მაისურიანი სურათი უყენია და ჰაჰაჰა, რომ ძველ პოპულარობას იყენებს, რადგან ახალ ფოტოებში ხალხი ვეღარ იცნობს, ცუკემბერგისგან განსხვავებით, რომელმაც თავი სხვადასხვა პოზაში შეგვაჩვია. მაგრამ ტომს ამაზეც აქვს საკუთარი ხუმრობა: ჩემი ფოტო ხომ უფრო მეტჯერაა ნანახი ვიდრე მონა ლიზა.
იცით, რა გამახსენეს?
ადამიანი რომ დაგამატებდა და პროფილზე მადლობა რომ უნდა დაგეწერა, გახსოვთ?
პირველი რასაც მეგობრის სივრცეში შესვლისას გააკეთებდი, პროფილის ტრეკისთვის ხმის გამორთვა რომ იყო.
ის გახსოვთ, ურთიერთობის სტატუსების დამატება რომ არ ხდებოდა და ვისაც პირველ ნომრად დაამატებდი, შეყვარებული ის იყო. და ვაი თუ შენი ბიჭის რვიანში შენს გარდა სხვა გოგოც აღმოჩნდებოდა. და მე რომ სულელი ბავშვი თავს ვიფასებდი და “ის” ტოპებში მაინც არ შემყავდა, რადგან პირველ სამად თავისი ბენდის წევრები ჰყავდა.
ვიღაცა რომ მოგწერდა და პასუხს კითხვის ქვეშ კი არ დაუწერდი, არამედ მის სივრცეზე გადადიოდი და იქ. ხოლო სხვისი საუბრების კითხვა თუ გინდოდა, აქეთ-იქით უნდა გერბინა.
რაც შეიძლება მეტი მეგობარი რომ უნდა გყოლოდა და უმეტესად მუსიკალურ ბენდებს ამატებდი.
pc4pc.
ფოტოებს კი არ ვიწონებდით, ვიჩემებდით (own).
და ის სევდიანი მომენტი, როცა ხალხი წერდა, რომ აქედან ფეისბუქზე არ გადავიდოდნენ, მაგრამ ფოტოებს მაისფეისზე მე-ღა ვტვირთავდი და ხალხი ფეისბუქზე გადადიოდა.
ძვირფასო ტომ, ჩემთვის კარლსონივით ხარ: ბავშვობა, რომელმაც გული ამიჩუყა.

myspace-tom-bags-money-109088910996

კაცი მოთამაშე

ის აზიური სოციალური რეკლამა თუ გახსოვთ, მკითხავთან შესული ხალხი რომ ოცდება, ჩვენზე ამდენი საიდან იცისო, ბოლოს კი კულისების ფარდა ეშვება და კლიენტურის ფეისბუქში შესული პროგრამისტები ჩანან ტიტრებად დაწერილი ფრაზით: “დაფიქრდი, სანამ რამეს დაწერ სოციალურ ქსელში”. ან ის რეიჯი, ახლა არ მომაძებნინოთ, ფასთ ფუდში შესულ ობამას პატარა ბიჭუნა რომ ეკითხება: “მამა ამბობს, რომ გვითვალთვალებ”. და პასუხი: “ის მამაშენი არაა”.
ტედის კონფერენციას ვუყურე, ერთი ჩემნაირი მოცლილი, პოლიტიკურად არაფრით გამორჩეული კაცის შესახებ, რომელსაც იმის გარკვევა მოუნდა, რა იცის მთავრობამ მასზე. მოთხოვნითი წერილების გზავნამ სტრუქტურებში შედეგი რომ არ გამოიღო და პროკურატურაში სარჩელი შეიტანა, რადგან ყველა მოქალაქის უფლებაა, იცოდეს, რა ინფორმაციას ფლობს მთავრობა მის შესახებ. აი, მაშინ მიუვიდა ფოსტა საქაღალდეების დასტით, რომლის მიხედვითაც კაცმა ტედზე დიაგრამა დახაზა: მისი სატელეფონო საუბრები მეტყველებდნენ მის დღის განრიგსა თუ რაციონზე, ყოველ ნაბიჯზე.
ტოტალიზატორში ვმუშაობ, ანუ სადაც ადამიანები ინტუიციის გავარჯიშებისთვის და იღბლის გამოსაცდელად მოდიან. ჰაიზინგას არ იყოს, “საპიენსების” ნაცვლად “ჰომო ლუდენსები” ვართ, რიტუალებით აწყობილი თაობა. საკუთარ თავთან იმის დასადასტურებლად რომ გონებაში არსებულ მომავალზე ფლობენ ინფორმაციას. ერთ დღესაც გადავწყვიტე ეს ჩემი შინაგანი ლოგიკა  გამეგო და ცოდვა ჩავიდინე: მეილ.რუს პაროლების ტეხვა დავიწყე. უცნობი ხალხის მიტოვებული და დაუცველი ფოსტის. არა, არ მაინტერესებს როგორ ატარებენ დროს თანამედროვეობაში და შესვლის შემთხვევაში წერილები არც წამიკითხავს. უფრო კონკრეტულად, საიდუმლო კითხვებს ვიცნობდი: რა ერქვათ მათ საყვარელ შინაურ ცხოველებს ან რა იყო ქართველების საყვარელი საკვები და სხვა. სადღაც ორმოცდაათიდან ორიოდე ქულა მივიწერე და იმ მეგობარს ვახარე, ვისაც ვეჯიბრებოდი.

ბოლო მწამს, ფიცი მაკვირვებს

ერთ ფილმში, როცა პერსონაჟმა დის სატელეფონო საუბარი მოისმინა, შენიშვნა მისცა: რატომ იცრუე რომ მოდელი ხარო. ტყუილი არ მითქვამს, ჩემი გარეგნობა ბიჭებისთვის გასაგებ ენაზე ავღწერეო, – უპასუხა მან.

ერთი მეგობარი მყავს: სულ სიმართლეს ამბობს, მაგრამ სანახევროდ.
მეორე მეგობარი მყავს: იმდენ სიმართლეს ამბობს, რომ არ სჯერათ.
გაგებული მაქვს, ტყუილის დროს ცხვირი ეფხანებათო და არ იფხანს.

რა არის ტყუილი?
როგორც ვიკიპედიამ აღნიშნა ცბიერების ერთ-ერთი სახეთაგანია, ავრცელებს ცრუ ინფორმაციას.
ხოლო მატყუარა არის ადამიანი, ვინც ამბობს ტყუილს, უთქვამს და მიდრეკილია ამ ქმედებისკენ ხელმეორედ – მაშინაც კი, როდესაც არ არის საჭირო.

მატყუებდნენ, თოვლის ბაბუა არსებობსო და მეც მდიდარ ბაბუას ვეძებ, საჩუქრები რომ მომიტანოს.
მატყუებდნენ, გუდიანი კაცი წაგიყვანსო და მეც იმ ბომჟს მივყვები, ცუდად რომ მომექცევა.

ვიტყუები. უფრო სწორედ, ბევრ რამეს ვმალავ. მაგალითად, ერთი საიდუმლო მეგობარი მყავს. თუ მყავდა. მისი არსებობის შესახებ არც თავად იცის. მეტიც, ხანდახან ეჭვი მეპარება, რომ არსებობს. ჰო, ერთი პრობლემა მაქვს, – გამოგონება ვიცი.
ვიგონებ საგნებიდან დაწყებული ყველაფერს, სიზმრის სცენარასაც კი ძილის წინ თავად ვთხზავ. ამას წინათ, ტკივილები გამოვიგონე. უფრო სწორედ, მჯერა, რომ მართლა მტკიოდა, ექიმები კი მეუბნებოდნენ, არაფერი გჭირსო.
მაგრამ ჩემი მეგობარი ვიცი, რომ არსებობს. ის ორი – სამი წლის წინ შემხვდა. ყველაფერი კოცნით დაიწყო. ვეუბნები: რომ არ გვეკოცნა, არ ვიმეგობრებდით. მერე კოცნა ჩვევაში გვექცა. ეს უვნებო კოცნები იყო, – აი, საკუთარ ტუჩებს რომ ადებ ერთმანეთს. ურთიერთობა მარტივი იყო. არც თამაში გვიწევდა ერთმანეთთან და არც ტყუილებს ვამბობდით, – დასაკარგი არაფერი გვქონდა.
ზოგადად, შეხებას ყოველთვის ვუფრთხოდი, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს მუდამ ვეხუტებოდით. თავიდან ცდილობდა, საერთო ენა გამოენახა, მაგრამ მერე არ ვსაუბრობდით, შუბლს ნიკაპზე ვადებდი, ხელებს ვკიდებდი და ვთიშავდით ტვინს. ერთმანეთს ვთიშავდით.
არც ერთ სოც. ქსელში არ მყავდა დამატებული, არც ტელეფონში მეწერა მისი ნომერი. უბრალოდ ერთი და იგივე დღეს ამოჩემებულ ადგილას ვხვდებოდით.
– რომ მოვკვდე, გაიგებ?
– ვერა.
მერე შეყვარებული გავიჩინე. როგორც ვიცი – მანაც. ისინი ჩვენს გაუჩინარებას საეჭვოდ აღიქვამდნენ და რამდენიმე დაძაბული კამათიც გადავიტანე. ერთ დღესაც მოვატყუე და გავეპარე. მაგრამ ჩემს სანახავად არ მოვიდა. იქნებ, მოკვდა.