ჩემი აზრით, პიტერ გრინუეიმ 90-იანებში თავისი “საბალიშო წიგნის” იდეა, თუ როგორც ჩვენთან თარგმნიან “ინტიმური დღიურები”, უელსური ნისლიანობისას დაწერა. შეიძლება მას ჯერ მამამისთან ორიენტოლოგიური საველე კვლევების დროს მზისგან ზურგი დაეწვა და როდესაც უელსში ნისლი ჩამოწვა, დამწვარი არეალი დანესტიანდა და ისე აიტყავა, თითქოს ვადაგასული, შეყვითლებული გაზეთის ფურცლები ყოფილიყოს. ოჰ, ეს დაზიანებული ეპიდერმისი ძალიან წააგავს სხეულზე იარლიყივით მიწეპებულ უხარისხო ფურცლებს. უყურებ და გინდება ზედ ასოები გაარჩიო. მეც შეყვარებული ვარ ნისლზე. და შეიძლება ამიტომ მგონია, რომ ჰერბერტ უელსმა “უჩინარი კაცი” ასევე ინგლისური ნისლიანობისას დაწერა. ან რა შეიძლება იყოს იმაზე რომანტიკული, ვიდრე ნისლში მდგომი ხეები, რომელთა კიდურებზე ყვავები სტაბილურდებიან. რაც უფრო ღრმად შედიხარ ნისლში, მით უფრო უჩინარდები და შეგიძლია არ არსებობდე. თვალებში ეშმაკები აათამაშო და თანამოლაშქრეებს წყლები დაულიო, გაიხადო კედები და გაჭუჭყიანებული წინდები ვერც შენ დაინახო, ან, ზოგადად, გაიხადო. რა უნდა იყოს იმაზე სასიამოვნო, ვიდრე ნისლისგან დანესტილი გარუჯული სხეულის ატყავება, როცა ვერავინ გხედავს. მანამდე, სანამ ნისლში გავქრებოდი, ჯერ მდინარე უნდა გადამელახა. თითქოს არაფერი, მაგრამ იმ დღეს მივხვდი, რასაც გადარჩენის ინსტინქტის არქონას ვეძახდი, მოჭარბებული გადარჩენის ინსტინქტი ყოფილა.
მე ყოველთვის ვამაყობდი საკუთარი ნერვული სისტემის სიძლიერით, რომელსაც ვერც კოფეინი ერეოდა, ვერც ალკოჰოლი და ვერც მარიხუანა. სარკეში დაბალანსებულ გოგოს ვუყურებ, მაგრამ როგორც კი ურბანულ სივრცეს ვცდები და ბუნების ექსტრიმთან ვიკვეთები, მთელი ჩემი უბრანულად დაინჟინერებული ნერვები ხელში შვილაუყვანელად ფრთხებიან. ელემენტარულად, მდინარის გადაკვეთა არ შემიძლია, მგონია, რომ ბუნება მტერია, წამიღებს, მომსპობს, მომაშთენს, ყველას თვალწინ, თუ ნისლში არ ვარ. მდინარის გადაკვეთაც გავაზვიადე, მეტრანახევრის რადიუსით გადახტომაც კი გამიჭირდა. არა და ვუყურებ, როგორ ეშვებიან ან ადიან ჩანჩქერებზე სხვები. ისეთი მყარი ნერვები აქვთ, კრიტიკულ ფაზაში თოკის გადაჭრაც შეუძლიათ. მე ალბათ უმალ კლდე ათგზის დამარყევდა ვიდრე ჩემი ნებით წყალში ჩახტომას გავბედავდი. ჰო და ჩავვარდი მდინარეში, იმ მეტრანახევარს რომ ვახტებოდი, შუა ჰაერში უკან დავიხიე და გავიწუწე. ვიფიქრე, რომ გადარჩენის ინსტინქტი შტერია, ინფანტური. რომ ადეკვატური განსჯის უფლებას მიკარგავს. არ ვიცი, ზოგს შეიძლება უფრო გამჭრიახს ხდიდეს შიში, მაგრამ მე ხომ კომფორტის გოგო ვარ, დისკომფორტში პარალიზებული ვხდები. ვიფიქრე, რომ მოჭარბებული გადარჩენის ინსტინქტის გამო ვერ გადავრჩები. ამიტომ საკუთარ თავზე უნდა ვიმუშაო, სხეულის ფლობა რომ შევძლო. თორემ სხეული მფლობს და მონა ვარ.
ცოცვაზე შევედი. ერთდოულად ყველა კუნთს ვტვირთავ. ჯერ დარბაზში ვმუშაობ. მომავალში ველადაც გავალ. ჩანჩქერზე დავეშვები და იმედი მაქვს, თუ საჭიროა, თოკსაც გადავჭრი. ჯერ ჩანჩქერისგან დაყენებულ ნისლში ჩავვარდები და თუ წრიაპისგან კანი გამეკაწრება, გრინუეისგან მახსოვს, რომ სისხლიანი კანი უკვე წიგნია.
როცა ვინმე იგებს, რომ ჩემი სამუშაო ადგილი მორგია, ანატომიური შეკითხვები უჩნდება, მაგალითად, რამდენ ხანში უდედდება გვამს სისხლი ან ორგანოებით თუ ვვაჭრობთ. მაგრამ უფრო ხშირია პირადი ხასიათის ინტერესი, მაგალითად, მარად სევდიან მუსიკას თუ ვუსმენ ან ახლობლის სიკვდილი მადარდებს თუ არა. პარალელურად ვმუშაობ კომპანიისთვის, რომელიც სექსოლოგიურ კლინიკასთანაა კავშირში. ეტყობა დეპროდუქციულობაზე ტასკმა რეპროდუქციულობისკენ დამლინკა.
ყველაზე რთული ქეისი გვაქვს ამჟამად, პოსტ საოპერაციო ლეველზე გვყავს ქალი და რეაბილიტაციას გადის, ვისაც საშო და საშვილოსნო არ გააჩნდა. ქირურგებმა არეალი ხელოვნურად გამოუშიგნეს, ნერვული დაბოლოებები შეუკოწიწეს, რადგან თავი სოციუმის სრულფასოვან წევრად ეგრძნო, თუმცა საქმის კურსშია, რომ შვილოსნობას ვერასდროს შეძლებს. ეს ფასადი უკვე ჩემამდე მიაწოდეს უფრო კომპეტენტურმა პირებმა. გინახავთ პლასტიკური ქირურგის სნობობა? გინახავთ სექსოლოგები როგორი სნობები არიან? და ახლა წარმოიდგინეთ პლასტიკური ქირურგი სექსოლოგიის განხრით. ჩემი აზრით, მათ უნდა მივათხოვოთ სილამაზის სალონში მომუშავე ქალები, ინერციებზე ან ჟანგბადის პროცედურებზე.
“ჩემსავით მორიელი ხარ? ალბათ ძალიან ერთგული ცოლი იქნები. აი, მეორე ქმარი მერწყული მყავდა და იმდენად ერთგული იყო, სხვისკენ არც მე გამიხედავს”, – მესაუბრება ერთ-ერთი ჩვეულებრივი სალონური საუბრებით კაცებზე. “არ ვიცი, არა”, – ეთიკის გამო ვპასუხობ პირად შეკითხვებს ორალურად, რადგან პირადზე მხოლოდ წერა მიყვარს. რომ მოეწერა ვეტყოდი, რომ პოლიგამი ვარ. ან არა, – “უნდა დაასწრო ღალატი სანამ ის გიღალატებს”, – ან რამე ასეთს, უფრო კომუნიკაბელურს.
ფრჩხილების გაკეთება ჩემთვის დიდ ნერვულ შეტევებთან ასოცირდება ქლიბისადმი ჩემი სენსიტიური გრძნობების გამო. არ ძალმიძს საკუთარ თავს ეს ტკივილი თავადვე მივაყენო, ამიტომ ვირჩევ მომსახურეობას, თან მაინცდამაინც ამ ქალს, ვისაც ცხოვრებაში არც ერთ ქმართან არ გაუმართლა, როგორც ვატყობ არც ამჟამინდელ საყვარელთან უმართლებს და იმდენად ბევრს მიყვება ამაზე, რომ მგონია მე მეხება. ეს მე ვიყავი მორიელი, ვისაც სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშანი უყვარდა. ან ეს მე ვარ თითქოს შვილი, რომელიც ავადმყოფ დედას უვლის. და, რომლის ძმაც საზღვარგარეთ გადაიხვეწა. მაინცდამაინც ამ ქალს, რადგან ჯადოსნური ქლიბის პატრონია. იმდენად დელიკატურად ქლიბავს ჩემს ძვლებს, რომ მალებში არ მღრღნის. “სად მუშაობ?” “იმპორტსა და ექსპორტზე მომუშავე კომპანიაში”, – ვუპასუხე.
და როცა თვეების მანძილზე ისტორიები მესამე წრეზე მომიყვა, დადგა დრო რომ მეკითხა: “რატომ შორდებოდით შენ და ის ქმრები?” – მეგონა მეტყოდა რომ ურთიერთობა რთული რამაა, კუდმოქნეულ ამბებს დამიცხობდა, მაგრამ ძალიან ლაკონურად მიპასუხა: “უშვილო ვარ”. ამის მოსმენაზე დამექლიბა ხერხემალი, მეშვიდე მალასთან ძვალი შევიწროვდა, – ქლიბმა თავისი ჯადოსნობა დაკარგა. მორგში როცა მივედი აბორტის ჩანასახები დამახვედრეს. ჩვენთვის აბორტის ჩანასახები სოკოებივით მრავლდება. გავიხსენე ეს ჯადოსნურ ქლიბიანი ქალი, ვაგინას გარეშე დაბადებული ბავშვი, რადიოში ტექნო ფმ დავიჭირე და ვიფიქრე: “ორგანოები უნდა გავყიდო!”
რომელიღაც გაზეთში ამოიკითხა: მეორე კლასელ ნიკუშას სასწრაფოდ ესაჭიროვება სამეფო გვარის სისხლიო და ბევრი იფიქრა თუ ცოტა იფიქრა, დაასკვნა:
იმაზე უსამართლო არაფერია, სამართლიანად კვდებოდეო.
“ბულგაკოვსკი წაგიკითხავთ, სერ? ნუ ღელავთ, ქალბატონო, სისხლი რომელიც დაღვრილია, დიდი ხანია მიწაში გაიჟღინთა და იქიდან ვაზი ამოიზარდაო. ის მომენტი გახსოვთ? ეშმაკს დოსტოევსკი რომ გაუგია და თავს ასაღებს მე ვარო. კი, მაგრამ ის ხომ გარდაიცვალაო? და ამან: დოსტოევსკ ბეზ სმერწენ”, – ეროვნული აქცენტით თავს იწონებდა.
ლიტერატურაზე საუბარი გავნაგრძეთ და ანა ბლუმს მივადექით:
“ანა ბლუმ! ანა ბლოსსამ! გაყვავების პერიოდში მდგარი არარეალური მუზაა გასული საუკუნის რობოტული რომანტიკისა”.
“ალბათ თეთრი სახე და წითელი ლოყები ჰქონდა,”– ჩუმად ისიც ვიფიქრე, რომ განსაკუთრებით მიზიდავდნენ დაბალი ჰემოგლობინის მქონე ქალები, ფერმკრთალი ლოყებითა და ტუჩებით. შემატყო და შვილივით მომეფერა:
“ძალიან თეთრი ხარ, ანა ბლუმ, ანა ბლოსსამ!”
****
საკუთარი ხელით ამოჩიჩქნა გორები, მიცვალებული მიწას კი არ მიაბარა, დათესა.
მისნაირებზე იტყოდნენ, ისტორიაში კი არ შევიდა, ჩავარდაო. ჰოდა, იმდენი ამოჩიჩნა, ფეხი მოუცურდა და ჩავარდა.
მერე ყველანი დავცინოდით და ვაკოცე.
დიდხანს ამოგვყვავდა.
****
ჩახუტების არ სწამდა, ბრძენ ხალხთა ნათქვემებს ამეორებდა, არაფერი ისე არ ზღუდავს თავისუფლებას, როგორც ჩახუტებაო და ჩახუტებისას თვალებს ვერ ვხედავ და შეიძლება დანა დამარტყასო.
უკარება მოხუცი იყო, ფასკუნჯიზე ზღაპრები იცოდა, ადრე ცოლი ჰყავდა, ახლა დიდი ხანია შოკოლადზე გადავიდა.
ხელი და ფეხი არ ჰქონდა, ჩამოთალესო თითქოს მარცხენა მხრიდან.
სადღაც ისე ჩაეხლართა ცხოვრება, რომ ვეღარ გაეგო, უსაქმურობით დროს კლავდა თუ დრო კლავდა. ეგ მგონი ცხოვრებას ჯოჯოხეთში მოსახვედრ შესამზადებელ პერიოდად აღიქვამდა.
ამას წინათ დამკვირვებელთა აზრი გაგვიმეორა:
“სადგურს უფრო მეტი კოცნა ახსოვს, ვიდრე – ქორწინების სახლს, ხოლო საავადმყოფოს – ეკლესიებზე მეტი ლოცვაო.”
****
ქალს მუცელზე გამოუჩნდა სახე, რომელიც ჩაბერვისას ქვემოთ ჩაიწია, შვილისგან ამოჩიჩქნილი გორებივით მაღლა რომ აშვერილიყო, თეთრმა ქალმა კი ჭიპებით გაჰყო.
როცა ზოგიერთები ცხოვრების ხანმოკლეობაზე წუწუნებდნენ, ამან დაამთქნარა: ამიერიდან, ერთი ცხოვრება გაქვს, მაგრამ ყოველდღეო.
ისე გემრიელად დაამთქნარა, მეგონა დღეები მიყოლებით შთანთქა.
მერე სხვებიც მთქნარებაში აყვნენ და აყვნენ.
მთელი ოჯახი სამშობიაროში იდგა, მკურნალებზე და სამკურნალოებზე მეტნი იყვნენ.
ღმერთმა გამრავლოთო.
****
საზეიმო ლენტასავით გადაჭრილი ჭიპლარი სანაგვეში ერთჯერადი მოხმარების ნივთებთან ეგდო.
ეს მისი დიდი დაშორება იყო.
თიბვისას ერთხელაც ისე მოიქნია ნამგალი, ჯერ ხელ–ფეხი წაიჭრა. ის ნამგალი სათონეში ახლაც მიყუდებულია.
****
“ისევ?”
“ერთხელაც”.
“დუმილის უფლება გაქვთ, რასაც იტყვით ღმერთი თქვენს წინააღმდეგ გამოიყენებს.”
****
მანამდე საკუთარი სხეულის ნაწილაკი გამოჰყო და დასამუშავებლად ქალს მისცა, რომელიც ჭრელი ფონიდან წინა რიგში გამოარჩია. ისინიც მთელი ცხოვრება აჯერებდნენ ერთმანეთს, რატომ უნდა ჰყვარებოდათ ერთმანეთი სხვების ფონად, ბოლოს კი დაინახეს რას ჰგავდა მათი ურთიერთობა:
ქალს მუცელზე გამოუჩნდა სახე, რომელიც ჩაბერვისას ქვემოთ ჩამოიწია, მამისგან ამოჩიჩქნილი გორებივით მაღლა რომ აშვერილიყო, თეთრმა ქალმა კი ჭიპებით გაჰყო.
ეს მისი დიდი დაშორება იყო.
იმ სამშობიაროში მთელი ოჯახი მკურნალები და სამკურნალოები იყვნენ.
დაშორება ისე ეწყინა, ფონში აითქვიფა, ვერავინ გამოჰყო და ნამგალი მოიქნია.
ის ოჯახი სამშობიაროდ აღარ წასულა.
ეს უფრო დიდი დაშორება იყო.
****
– დებილი ადამიანი იცი ვინ არის? ვისაც გვარი არა აქვს, გენეტიკაში გაწყდა და სისხლი წინაპართა გამოცდილებას აღარ აგრძელებს, ახლიდან იწყებსო, – მიყვებოდა ხოლმე მისი უშვილ–ტომო შვილიშვილი, – უცხო–უცხო მკვლევარები იყვნენ, ცხოველებზე ჩაუტარებიათ ცდა, პირმშოებს თუ ეცოდინებოდათ სად იყო დამალული ნივთები, რომლებიც მათმა მშობლებმა იცოდნენ და მაგრამ მკვლევარები მხოლოდ იმას მიხვდნენ, რომ ვერ მიხვდნენ. ფოთოლი რომ გასცვდივდება, ვაზი მაშინ უნდა მოსხლა.
ღვინოს მაწოდებს, წინაპართაგან ამოსული სისხლი დავლიოთო. დალევამდე სურვილი წარმოთქვი და ამ სისხლის პატრონები შეგისრულებენო.
– სტატისტიკა იცი? დამერწმუნე, შობადობის რიცხვი იკლებდა, ადამიანები რომ არ თვრებოდნენ.
ჯერ კიდევ თეთრი ხარო, უსისხლოდ. თეთრი და ნელი.
– ხანდახან მგონია, რომ გვარი არა მაქვს, რაც შეიძლება მეტი ღვინო უნდა დავლიო, რომ მქონდეს.
ის ანეგდოტი იცი?
თომამ მასობრივი ფრაზით დაიწყო მოყოლა:
კაცი სიკვდილის მერე გზაჯვარედინზე მოხვდება. ორი გზა სიბნელითაა მოცული. მხოლოდ ერთგანაა ფეიერვერკი.
თქვენ საით წახვიდოდით?
ჰოდა, ადგა ისიც და განათებისკენ წავიდა.
მივიდა – სიბნელე დახვდა. აკი სინათლე იყოო?
ის რეკლამა იყოო.
ამ ანეგდოტზე ბევრი ვიცინე და მოვიხიბლე იდეით, რომ სამოთხე და ჯოჯოხეთი ერთი სიბნელეა, მხოლოდ ერთგან უკეთესი პიარი კეთდება.
სიცილის მერე გამალებით დაიწყო მტკიცება, რომ სამყაროში ორი სიტყვაა უშინაარსო: უცნაური და ბანალური.
რომ სამოთხე ცაში კი არ ვეძიოთ, არამედ ჩვენში, დედამიწაზე, რომელიც აღმოჩენილი სიცოცხლის მიხედვით, უნიკალური ეგზემპლარია, ჯერჯერობით.
ფანტაზია მაქვს, რომ მივაშურეთ ბაბილონს თოხებითა და სქელყრდიანი ლექსიკონებით.
გველი, როგორც პირველი სარეკლამო აგენტი, ბეგბედერთან და თავად რეკლამის სხვა გამპიარებლებთან, უხელფეხო სისინით მონანიე ხასიათს იღებს და მედიცინურ ბალახებს გვაზიარებს.
შენება ვერტიკალით დაბლა დავიწყეთ ანუ ცის მიწვდომის ნაცვლად, დედამიწის ბირთვში ჩავედით. თომა ამბობდა, ცაში წმინდანებად ყოფნას, მიწაში ღმერთობა გერჩივნოსო.
ამბობენ, იმ სამყარომ კარიბჭე მიწით გადაკეტა, რათა მომაკვდავებს არ შესძლებოდათ შეღწევა. მაგრამ მე ვფიქრობ, მათ ეშინიათ, რეკლამირებული ვაშლის საამაყო მაგალითების.
იმდენი ვქექეთ, ფრჩხილები გავიშავეთ, ნეშთები ცამდე გადავყარეთ.
ეგ არაფერი, ფრჩხილებზე ის, რომ მიწა თავისას მოითხოვს, ხოლო ნეშთები ყოველთვის ოცნებობდნენ, ცამდე აყვანას.
ეს იმ ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც საუკუნეებით სისხლიდან სისხლში გადაცემული ვენერული და მარსული საწყისები ადგილებს ცვლიან. ჯერ წონასწორდებიან, შემდეგ ადგილებს ცვლიან. როგორც ფილმებშია, მაგიური ელემენტებით უცბად ქცევა, რათა ერთმანეთი უკეთ შეიგრძნონ, ისე არა. ეს ხანგრძლივი და მტკივნეული პროცესია.
ვეძებდით დამალულ სამყაროს სადღაც სამოთხესა და შამბალას შორის და ჩვენმა შვილებმა, კიდევ მათმა შვილიშვილებმა და იმათმა შვილთაშვილებმა მიწას ბოლო გოროხი მოაცილეს.
ბოლო გოროხიც მოვაცილეთ დედამიწას და ვიფიქრეთ, ღრუში მცხოვრებთათვის ციდან დაშვებული ანგელოზები ვიქნებოდით.
თომას ყოველთვის უნდოდა ანგელოზობა, ბავშვობაში მარჯვენა მხარზე საკუთარი ფოტოსურათიც კი დაიწეპა.
ბოლო გოროხიც მოვაცილეთ და მუშტები დაფრენისთვის მოვამზადეთ.
ქვემოდან, ნანატრი სამყაროდან გავიგონეთ ხმები: ”საყვარელო, მიწიდან ამოდიან მიცვალებულები.”
ჩემზე დედას ორჯერ უმშობიარია. ბებიაქალს ცხვირი მოქავებია, ხელი გაუსხლტა და შევსრიალდი. ხელმეორედ დაუწყია დედას ჭინთვები. ისტორია თავისთავად კომიკურია, თან საკმარისი აღმოჩნდა სიმბოლური სახით განმეხილა და თავი ორჯერ დაბადებულად ჩამეთვალა. მეტიც, ორი სიცოცხლის ლოგიკური იმედი გამჩენოდა და მეფიქრა: ორი სიკვდილი უნდა მქონოდა.
მერე გადავწყვიტე ყველა გავიცნო, ცხოვრების ერთი ათვლის სათავე რომ გვაქვს ანუ იუბილედ ერთი თარიღი. ჯერ ერთი გოგონა იყო, ერთ სამშობიაროში ვიწექით და დედამისი რძეს მაწოვებდა. აქეთ-იქით მოგვსვამდა, მოძველებული სიტყვა უნდა ვიხმარო, მაგრამ ძუძუმტე გამოდის. შემშურდა, მას ჩემი ოცნება ახდენოდა.
ბოლოს ანა გავიცანი. ერთად ჰოროსკოპს ვადგენდით და ისე. ამას წინათ მითხრა, ჩვენი ახალი მთვარე სავსე მთვარეობას იწყება და ქალური სისხლის დენა ახალმთვარეობას გვაქვს, რადგან როცა დავიბადეთ, მთვარეს მეთექვსმეტე ღამე ჰქონდა ანუ სავსე იყო. ჩემი და ანას ცხოვრება ერთმანეთს არ ჰგავს. აკვიატება მაქვს, ჩემს დღეს დაბადებული ყველა გავიცნო, დავუმეგობრდე და მათი ჰოროსკოპები ჩემთან შევადარო. კიდევ ბებია ქალი მინდა ვნახო და მერე მოვკვდე.
ყოველ დღისით, სახლიდან გასვლისას სუფთა კაბას ვიცვამ, ტელეფონში ყველა წერილს ვშლი, ეტყობა ”მეს” შეგრძნება დამისუსტდა, საკუთარ თავს მთავარ პერსონაჟად არ ვთვლი და ნებისმიერ მანქანას ჩემი გატანის დანადგარად აღვიქვამ. მე კი ნამდვილად არ მინდა უნებართოდ ჩემი წერილები იკითხონ. ასე რომ, იმ ჯგუფში ნამდვილად არ შევდივარ, ბოლო ორი თვე რომ იციან, რომ არაფერი მოუვათ.
ადრე რომ გეკითხათ, როგორ ვიცხოვრებდი, რომ მცოდნოდა, რომ მალე მოვკვდები, გეტყოდით: ისევე, როგორც ახლა. უფრო ადრე რომ გეკითხათ, ყველა შესაძლო ცოდვას ჩავიდენდი მეთქი, ანუ მატერიალურ სხეულს ბოლომდე დავხარჯავდი. ამაზე უფრო ადრე რომ გეკითხათ, ჩემში ეგოისტს ნახავდით და საკუთარ რეპროდუქციას ბავშვის ან მსგავსი სახით მოვავლენდი ქვეყნად. ოღონდ ქალურობის კომპლექსი მქონდა და ჩუმად ვიტყოდი. მაგრამ ახლა რომ მკითხოთ…
არასდროს მქონია კენტავრული სურვილები. როცა მეზობელი გოგონები ცხენსა და პრინცზე ოცნებობდნენ, ჩამოვარდნილ ვარსკვლავებს ვუყურებდი და მფრინავი თეფშის გამოჩენას ველოდი, უცხოპლანეტელს რომ აღმოვაჩენდი, გადამალვაში დავეხმარებოდი და ჭრილობებს მოვუშუშებდი. ბევრი ჭირ-ვარამის მერე თავის სამშობლოში წამიყვანდა. ვერ ვიტყვი, რომ ერთად მოვკვდებოდით, დაქვრივება მინდოდა. უბრალოდ საყვარელი კაცის მთლიანი აღქმა მინდოდა, ისე, რომ მისი ტკივილიც დამეღეჭა. დაქვრივება ცუდად არ გაიგოთ, ბოლომდე მინდოდა მყვარებოდა.
მიწა თავისას მოითხოვს და ჩემს უბანში ერთი მემწვანილე ცხოვრობს, დილაობით მისი ჩხუბი მაღვიძებს, ლოთი ქმარი ჰყავს, თანაც უმუშევარი. კიდევ ერთი ბავშვია ნერვიული მიმიკებითა და თვალებით. მისი ტირილი მაძინებს. ვიკუნტები საბანში და ვფიქრობ, არასდროს ვისაუბრებ ყვირილით. მეშინია, რომ ერთხელაც ვისაუბრებ ყვირილით. ვფიქრობ, რომ ერთხელაც თვალს ვერ გავახელ და რომ ვახელ, ახალ წრეს ვიწყებ.
მოსაწყენი ცხოვრება მაქვს: ვნებიან ტანგოს ნაზად შეხებული ვალსი მირჩევნია, ჯინსებს – ნაზი სარაფანები, ბრაზილიურ კარნავალებს – ვენეციური მეჯლისები, საუბრებს – წერა. მაგრამ არ ვგავარ იმ ადამიანს, სიკვდილის წინ რადიკალურად რომ იცვლებიან. მე ასე მომწონს. უბრალოდ, ახლა რომ მკითხოთ, სიკვდილის წინ რას გავაკეთებ, ბებია ქალს გავიცნობ მეთქი, გეტყვით. საწყისს სასრულთან დავაკავშირებ და წრეს შევკრავ. ყოველთვის მიყვარდა წრეები. ალბათ ამიტომაც მქონდა ამდენი დეჟავუ. ხვალ შაბათია, ორშაბათს სამშობიაროში, კამოზე ავალ, იქნებ არქივში ძველი ნაწერები ვნახო.
არ იყო სხვა არაფერი… მან გაიფიქრა: ”ახლა მე შევქმნი სამყაროებს”… მან შექმნა სამყაროები… მან გაიფიქრა: ”აი, სამყაროები. ახლა მე შევქმნი სამყაროს მცველებს”. (უპანაშვიდები)
ძირითადი განსხვავება ბუდიზმსა და ქრისტიანობას შორის დუალიზმის რაობაში მევლინება. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ: ქრისტიანის დებულებას, – ჩემკენ თუ არ ხარ, მათკენ ხარ, – ბუდიზმში დუალისტური, შუალედური პოზიცია უჭირავს. უძველეს ხანაში, როცა არაფერი იყო, ჩვენ ერთნი ვიყავით არაფერში, მერე ნაწილებად დავიშალეთ და რაღაცასთან ერთად ასე ვიქეცით. არსებობს ერთიანი სამყარო, ისინი მიზიდულობის კანონით ერთმანეთს უკავშირდებიან. შესაბამისად, მოქმედების ძალაში ერთიანობა დევს. ერთი სული იყო და ერთი თიხა, შემდგომ სხვადასხვა სახე რომ მიიღო. აი, ამიტომ, ადამიანები უნდა გვიყვრდეს. ჩემსა და შენს შორის არაფერია. კარმის კანონიც აქედან მოდის: სხვას თუ უშავებ, შენს ნაწილს უშავებ, უბრალოდ, სხვა რაღაც აცვია, ამიტომაც, არ შეგერგება და იგივე დაგემართება. ქრისტიანს შეუძლია ქრისტეზე მთელი დღე ილოცოს, ცოდვები გულწრფელად მოინანიოს, მაგრამ კარმის კანონის თანახმად, ამით ბედს ვერ შეცვლის, კარმა მისი საქმეებითაა აწყობილი. ის მაშინაც იწყობა, როცა ადამიანი არაფერს აკეთებს. თავად სიტყვა წარმოსდგება სანსკრისტული სიტყვისგან და კეთებას ნიშნავს. ის არაა შურისძიება, არამედ შრომაა. იწყება იმ მომენტიდან, როცა სული და მატერია ერთმანეთს უწონასწორდება და მთავრდება, როცა სული ხელმეორედ უთანაბრდება მატერიას.
ტანტრა აჩვენებს რა გამოცდილებას განიცდის პიროვნება შუამავლურ პერიოდში ყოფნისას, გარდაცვალებისა და ხელახლა დაბადებას შორის. მხატვრულად რომ ვთქვა, სამომზადებლო პერიოდია მოსამზადებელი ხანისთვის. ტანტრას ლოცვის სახე აქვს, რომელშიც ბუდა მოწაფეებს გადასცემს თავის დოქტრინას. ვინაიდან, ბუდიზმი რელიგიაა ღმერთის გარეშე, სადაც ღვთისა და ეშმაკის საწყისი ადამიანის გონს წარმოადგენს, შესაბამისად, სამოთხეც და ჯოჯოხეთიც სიცოცხლეშივეა, მათი შუალედური პოზიცია კი ეგრეთ წოდებული, ნირვანა, გასხივოსნება. მათი რწმენით, სამყაროს სქესობრივი კონტაქტი ამოძრავებს, არა მხოლოდ მატერიალურ, მის აბსტრაქტულ გამოვლინებებშიც. შავისა და თეთრის შერწყმით (აქ ინი-იანურ პოზიციაზე მივდივართ), ღმერთებად ვიქცევით და თუ ჩვენში უპირატესი ძალაა, ის-ღა დაგვრჩენია, ვილოცოთ ერთმანეთზე. სექსთან მივდივართ. სექსთან ადამიანური გამოვლინებებით და ბუნების მოვლენების შეჯვარებასთან. ტანტრას დროს იქ ხარ, სადაც არ არსებობს არც დადებითი, არც უარყოფითი. რადგან დადებითი და უარყოფითი მხოლოდ მათი ურთიერთკავშირით ისაზღვრება, ხოლო სექსის დროს მამრობითისა და მდედრობითის ცალკეული აღქმა არ ხდება. არც ღმერთია სხვადასხვა და ცალკეული. მაგალითად, რამაკრიშნა ამბობდა, რომ ღვთის ბუნებაზე არანაირი სხვადასხვა შეხედულება არ არსებობს. ყოველი ჩვენგანი რამდენადაც წვდება ღვთის ბუნებას, იმდენადვე აცნობიერებს მას და სახავს თავის წარმოდგენაში. ამჯერად, ბუდიზმზე მინდა გესაუბროთ, ტიბეტის ბებერ მუხებს შორის, ჰიმალაის მთებში.
მზისა და მთვარის ტანტრა ეზოთერულ სწავლების წრეში ერთ-ერთია და მზესა და მთვარეს აუღლებს. ფსიქიურისა და გონების შერწყმაზე მიუთითებს. პლიუს, თითქოს ერთმანეთთან დაპირისპირებული ცნებები, ეზოთერიკთა სიტყვებით რომ ვისაუბროთ, სპირიტიზმი და მატერიალიზმი ერთი და იგივეა, ისინი მხოლოდ განსხვავებულ ფაზებს წარმოადგენენ, რომლებშიც თანმიმდევრულად იმყოფება ერთიდაიგივე ადამიანი. მათი კავშირი იმაზე ღრმაა, ვიდრე თითოეული ცალ-ცალკე. ბუნების ერთიანობის კანონთან მივდივართ, სადაც ყოველი ქვა, პლანეტა თუ ადამიანი ერთმანეთზე მიჯაჭვულია და შეერთებას საჭიროებს. მზისა და მთვარის ტანტრა ლექსად დაიწერა და დასაწყისში იოგის მიღებისთვის ამზადებს, საუბრობს რა ”არსით მოსულსა და არსით წასულზე”, რითიც უკვე ძლევამოსილი ვაკუუმის განდიდებას წარმოადგენს. იმისთვის, რომ ტანტრაზე მეტი ვისაუბროთ, ჯერ იოგის შესახებ გეტყვით ორიოდე სიტყვას.
პატარა ჭრილი რომ გავაკეთოთ და იოგაზე რომ ვთქვა ორიოდე სიტყვა ზოგადად, რთულია, თუ არ ვიცით მისი სახეობები ცალ-ცალკე. მაგალითად, ჰათჰა იოგა დადებითი და უარყოფითი მუხტების, მზისა და მთვარის სუნთქვის (მოჰამარის თემაში რომ აქვს აღწერილი) ცოდნაა. იმისთვის, რომ სულს მივხედოთ, ჯერ ანატომია უნდა შევისწავლოთ დევიზით, – მე თვითონ ვარ ჩემი ორგანიზმი. სუნთქვის ვარჯიშებით გამომუშავდება ”პრანა” ანუ სასიცოცხლო ძალა. იოგით მიიღწევა ჰიპნოზური ტრანსიც. ამით ვაღწევთ არა მხოლოდ ორგანიზმის კონტროლს, არამედ ნებისყოფას ვიმუშავებთ. ორგაზმის კონტროლზე კამა იოგა ზრუნავს. რაჯა იოგას ჰათჰა იოგისგან განსხვავებით პიროვნების სული აინტერესებს. ”მეს” შემეცნებით ხდება შემდგომ ”მეს” გაფართოება. მისი შეცნობა იწყება მედიტაციის მდგომარეობაში გადასვლით, როცა ყურადღება კონცენტრირდება საკუთარ ინდივიდუალობაზე. ხდება სხვათა აზრების განდევნა ირგვლივ და თავის ”მედ” აღქმა, რომლის ირგვლივაც ბრუნავს სამყარო. ამ დროს ”მე” აღიქმება, როგორც თვისებათა სახლი მთლიანობაში და არა ცალ-ცალკე. კონცენტრაციით ვცდილობთ, რომ აზრები მოდიოდეს ”მედან”. კი არ უნდა ითქვას, – ”მე ასე ვფიქრობ”, არამედ, ”მე ვარ”. ვარჯიშის მეორე სტადიაა ყურადღებიანობა, როცა ვცდილობთ, დეტალურად შევისწავლოთ ნივთები. თვალის ხეტიალიდან დეტალურ მზერაზე გადავერთოთ. ხდება მოვლენენების თანმიმდევრობით დამახსოვრება. ვიღებთ თემას და ვმსჯელობთ, სანამ არ ვიგრძნობთ, რომ საკითხზე ყველაფერი ვიცით. შემდეგ უინტერესო თემას ვიღებთ და ვაკეთებთ უსიამოვნო საქმეს, მისი გამოსვლის შემთხვევა თავდაჯერებულობას მატებს. ჰათჰა იოგას დასკვნითი პოზაა სავასანა. ვჭიმავთ და ვადუნებთ კუნთებს, იმ იდეით, რომ ზოგ რამეს ვერ მივხვდებით, თუ არ შევიგრძნეთ. კრიტა იოგა ეს კავშირია მომავალთან. ამ დროს ენერგიას იღებ არარსებულიდან, არამედ, მომავალში არსებულიდან. იგი ეტიმოლოგიურად და შინაარსითაც უკავშირდება ქრისტეს. იოგას შეუძლია კარმა ააჩქაროს ან აანელოს. მთლიანობაში რომ განვიხილოთ, იოგა გათავისუფლებაა მიჯაჭვულობისგან. მიჯაჭვულობა ხომ არის ის, რაც სიამოვნებას ემყარება. ზიზღი კი ისაა, რაც ტკივილს ეფუძვნება. მასში სიძულვილიც განხილულია, როგორც მიჯაჭვულობის სახე.
დავუბრუნდეთ თემას, მზისა და მთვარის ტანტრის მეორე ნაწილში სიკვდილის მანიშნებელ სიმბოლოებს (ჭეშმარიტება ანუ ღმერთი ქვეყნად ხომ ისედაც სიმბოლოებით ეძლევა ადამიანს, ირიბი სახით, რაც საშუალებას იძლევა ჩვენივე განვითარების დონის მიხედვით იყოს აღქმული) აღწერს და მისი დაძლევის ცდაა, იმ შემთხვევაში, თუ პიროვნება აღნიშნულ სიმბოლოებს ამჩნევს. აღწერს ადამიანის გარეგნულ ნიშნებზე დაყრდნობით, ცხვირის ფორმითა თუ ენაზე მკითხაობით. ასწავლის სიკვდილის, როგორც რადიკალური წერტილიდან, საწინააღმდეგო მხარეს სიარულს. მეთოდები აღმოსავლურ მედიცინაში აქტიურად გამოიყენება, თუმცა, მიხვდებოდით, ექიმბაშური სახე აქვს დარჩენილი. ტანტრაში სიკვდილის მატერიალური პროცესები წარმოდგენილია სამყაროს ოთხი ელემენტის ერთმანეთში გახსნად: მიწა მიწაშია, წყალი წყალშია, ცეცხლი ცეცხლშია, ჰაერი ჰაერშია. შემადგენელ ნაწილებად მათი დაშლის თანმხლებია ტემპერატურის დაცემა და კიდურების გაშეშება. ვასკვნით, რომ სიკვდილის მომენტში ხდება შემდგომ შესაძლო ვარიანტთა წარმოდგენა და უნიფიცირება. ტანტრაში იგავ-არაკთა მსგავსად არის ცხოველები თუ უსულო სხეულები გამოყვანილი, როგორც რეალურად სულის მქონენი.
მზისა და მთვარის ტანტრის მესამე ნაწილში საუბარია ბარდოს (სულის მდგომარეობა სიცოცხლიდან ხელახლა დაბადების შორის) მორგებაზე განუყოფელ რეალობასთან. ამ მდგომარეობაში პიროვნება ხედავს მანდალას, ანუ სამყაროს წრის სახით, შეკრულ სამყაროს, ათვლის წერტილი რომ არ გააჩნია. იგი ვიბრაციისა და ნაპერწკლების სახით იხილება. მულტი ფერიანი, ყველაფერიანი სინათლე არის, გულიდან გამოსული. პიროვნებას მისი შეგრძნება ასტრალური სხეულითაც შეუძლია, თუ მას ფიზიკურ ტანს მოაცილებს, ანუ იმ ტანს, ქრისტიანული თვალსაზრისით, რომლითაც ღმერთმა შემოსა ადამ და ევა, შიშვლად რომ აღიქვეს თავი, მაშინ. ბუდისტური ტანტრა მსგავსია, რაც ქრისტიანისთვის ფსალმუნია. არსებობს თვალსაზრისი, რომ ასტრალურ სხეულს ადამიანი ძილის პერიოდში გრძნობს, ოღონდ ისინი, ვისაც განვითარებული აქვთ მასზე კონცენტრირება. მოცემულ ტანტრაში განიხილება იმ ნაგრძნობი, მულტი სინათლის აღქმის რვა გზა. გათავისუფლების შესაძლებლობას იძლევა, თუ პიროვნება გააცნობიერებს ამ სინათლის ისედაც მასში ყოფნას. როგორც მიხვდით, ის სინათლეა აღწერილი, მომაკვდავებს რომ ევლინებათ გვირაბის ბოლოს. თუ პიროვნებამ ეს სინათლე ვერ აღიქვა, შიში იცავს და შემდეგ ბარდოში, არსებობის მდგომარეობაში გადადის.
ტანტრას შემდეგი ეტაპი არსებობის ბარდოს განხილვაა. ის პროცესი, რა სამზადისსაც გადის სული ახალი სხეულისათვის. სულიერი სამყაროს გამოცხადებას უნდა ვუწოდოთ ინტუიცია, იმავე გაგებით, რომ სხეულებრივი სამყაროს გამოცხადებას ვუწოდებთ შეგრძნებას. ეტაპს არსებობის ბარდო იმიტომ ჰქვია, რომ პიროვნება საწყისის ექვს ტიპს ხედავს: ღმერთსა და ნახევარ ღმერთებს, ცხოველებსა და მშიერ სულებს, ჯოჯოხეთის არსებებსა და ადამიანებს. ასევე ზოგი ნახავს ტაძრებს, ხალხის მარაგს, უფსკრულებს, უდაბნოებს, ციხეებს, შენობებსა და ჟლეტვას. ეს სამი ხილვა განაპირობებს ადამიანის შემდგომ დაბადებას, მისი მომავალი საშვილოსნოს არჩევას. დავსძენ, რომ იმას, თუ რას ვნახავთ ბარდოს მდგომარეობაში ვედების შეხედულებით, დამოკიდებულია სიკვდილის უკანასკნელ სურვილზე, უკანასკნელი სურვილი კი ყალიბდება მთელი ცხოვრების მანძილზე. ხედავთ, რომ აქ ერთგვარი წრე იკვრება და ამ მანდალურ წრეზე ვსაუბრობდი წეღან. ამ ტანტრაში მოცემულია ემბრიონის განვითარება, მისი გასავლელი მანძილი, რომელსაც თავისუფალი ნება აქვს შეიქმნას ისეთი ცხოვრება, რომელიც უფრო აწყობს, შეიძლება მტანჯველი, მაგრამ პიროვნების ფუნქციაა გააცნობიეროს, რომ ეს ტანჯვა მას აწყობს. ეს იდეა ბევრი თანამედროვე რელიგიისთვის მისაღებია, განსაკუთრებით ექსისტენციალური პერიოდისას. აქ უკვე გასარკვევია: რატომ ავირჩიეთ თავისთვის ტანჯვა? ბევრისთვის საძულველი ფრაზა, რომ ყველაფერი უკეთესობისკენაა და ყველაფერი კარგად იქნება, ამ მხრივაც შეგვიძლია განვიხილოთ. ბრძენი კი ის ადამიანია, რომელიც ცხოვრებაშივე ხვდება იმას, რასაც სიკვდილის მერე მიხვდება სხვა.
ამ ტანტრაში ძირითად თემად სიცოცხლე-სიკვდილისგან მკურნალობა იკვეთება. სიკვდილი, მთვარე, განხილული, როგორც უკიდურესად ნეგატიური მხარე, განხილულია, როგორც სიცოცხლისგან მარცხი. ეს, გადატანითი მნიშვნელობით ექიმის, მკურნალის, მარცხია. სიცოცხლე კი ისაა, რასაც ვეპოტინებით, ზოგ შემთხვევაში იმიტომ კი არა, რომ სიცოცხლე გვიყვარს, უბრალოდ სიკვდილი არ გვინდა და სხვა ვარიანტს ვერ ვამჩნევთ. მზე ანუ ცეცხლი, სინათლე არის როგორც პირველადი სტიქია. აღსანიშნავია, რომ საშვილოსნო არ არის ტექსტში განხილული, როგორც სიცოცხლის სიმბოლო, არამედ, როგორც საპყრობილე. ტანტრაში სიცოცხლე შედარებულია სიზმართან, ილუზიასთან, ქართან. სიკვდილისას კი გამოყენებულია შედარებები: უჩინარი, შეუჩერებელი, უეცარი. ტექსტის კითხვისას შეგრძნება გრჩება, რომ სიცოცხლის ელექსირის დასამზადებლად ცოტაოდენი სიკვდილიც აუცილებლად უნდა შეაზავო. ძენ-ბუდიზმი სვამს კითხვას: როგორ უნდა დააღწიო თავი შობა-სიკვდილის წრეს? საპირისპირო კითხვა დასვა: ვინ მომაქცია ამ წრეში? როგორ უნდა გათავისუფლდე ნაჭუჭისგან? მიხვდე, რომ თავად ხარ ნაჭუჭიც. ვისია სარკე, რომელიც მაჩუქეს: ჩემი თუ გამომგზავნის? ამ შემთხვევაში ”მეს” დაკარგვა ხდება და კოლექტიურ ცნობიერების მიღმა შევდივართ.
ეგოიზზე ვამბობდი, როგორც აზრის კონცენტრაციაზე კოლექტიურიდან ინდივიდუალურზე, აზრი კი სამყაროში ჩადებული ენერგიებიდან, რომლებსაც შემოქმედებითი თუ დესტრუქციული ენერგია თანაბრად გააჩნია, ყველაზე მკვეთრი აზრის (აქ აღსანიშნია, რომ ტვინის ფუნქცია აზრი კი არაა, არამედ აზრის დანერგვაა რეალურობაში) ენერგიაა. ამის გამო ადამიანი აზრების გამო ისევე აგებს პასუხს, როგორც მისი შედეგების, საქციელების გამო. მისი შიდა მიდრეკილებები ხომ წარსულში მისმა აზრებმა და ქმედებებმა წარმოშვეს. თუ ადამიანი ეგოისტია და საკუთარ ოპოზიციას ანტონიმად ეკიდება, თავს გამოყოფილ არსებად აღიქვამს და დიდ ყურადღებას უთმობს თავს, მაშინ მისი აზრები არსადაც არ მიდიან, მის თავზე ტრიალებენ და ისევ მას აზიანებენ, როცა პასიურ მდგომარეობაში ნახავენ. თუ ის გარკვეულ ეგოისტურ აზრებს ხშირად ეძლევა და ისეთ დასკვნამდე მიდის, რომ მისი რომელიმე სურვილის დაკმაყოფილება მისთვის იმ ერთ-ერთ საარსებო მოთხოვნილებათაგანს წარმოადგენს, რომლის გარეშეც მას ყოფნა არ შეუძლია, მაშინ ბოლოს ასეც მოხდება, მის გარეშე ვერ იარსებებს. ცნობილია, ადამიანის აუცილებელ მოთხოვნათა ძირითადი მატერიები: საკვები, წყალი, ჰაერი, ტემპერატურა. თუმცა მედიტაციის მნიშვნელობა იმაშიც ჩანს, რომ ადამიანი მათზეც ამაღლდეს. ციტატა რომ გამოვიყენოთ, ყველაზე დიდი ბოროტება ე.წ. მოხეტიალე აზრებია. ყოველი შეგნებული აზრი უკვე შეიცავს გარკვეულ ორგანიზებულობას. მაგრამ ყველაზე უარესია მცირე მოხეტიალეები, რომლებიც გზებს შეუგნებლად ანაგვიანებენ. ზოგადად, აზრებით და მათი შერწყმით საკუთარ ევოლუციას და მომავალს ვქმნით.
ამ აზრიდან ამოდის ტანტრული სექსი. თუ ტანტრა შეერთებაა, შეერთება ნიშნავს ორი ან მეტი არსების ერთ წრფეზე ისეთ განლაგებას, როცა მათ მოცემულ ადგილზე მყოფნი ერთი მიმართულებით იწყებენ აღქმას.ხოლო სადაც ორნი და მეტნი იკრიბებიან, მათი აზრები ერთიანდებიან, როცა მანამდე აღქმა ცალმხრივად ხდება.ეს იმიტომ, რომ ცნობიერების ფიქსაციის წერტილში მოვლენის მხოლოდ ის მხარეები ხვდება, რომლებიც გარკვეულ გრძნობებს იწვევს. როგორც გავიგეთ, ტანტრა არ არის მხოლოდ სქესობრივი კავშირი ადამიანებს შორის, უბრალოდ ადამიანთა შორის სექსი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ანუ როგორც ესმით, ტანტრასა და სექსის გასინონიმება, არასწორია. თუმცა, როგორც ინდუიზმშია კამა-სუტრა, ტიბეტურ ბუდიზმში მის მსგავსს ცოდნას ტანტრა წარმოადგენს. ტანტრას თეორიის თანახმად, შეუძლებელია სექსი ცოდვა იყოს, ანუ პროცესი, რითიც ხდება შერწყმა და ახალი სულის შთაბერვა ხდება. ცოდვა მის არასწორ გამოყენებაშია. ეს კი ოფიციალური ქორწინების მიუხედავად ხდება, ანუ არ აქვს მნიშვნელობა მის კანონიერობასა თუ ალეგალურობას. როდესაც სექსი მიზანი ხდება და არა საშუალება, ეს დეგრადაციაა, მატერიალურ სფეროში გაჭედვა. ასევე, იგი განიხილება, როგორც ენერგიის აღდგენის ეგოისტურ საშუალებად. როდესაც ერთი პარტნიორი მუდმივ გაცემაში იმყოფება და მეორე – მიმღებ მდგომარეობაში, ამით ორივე მხარე ცოდვილი ხდება. და არ აქვს მნიშვნელობა მის ლეგალურობას. მორალური მაზოხიზმიც, ისევე, როგორც სადიზმი, ბუდიზმში მატერიალური მიჯაჭვულობის სახედ ითვლება.
კაცის თვიური ქალის ციკლისგან განსხვავებით, თვიურად თესლისგან გათავისუფლებას წარმოადგენს. თუ ქალის თვიურზე მთვარეა პასუხისმგებელი, მთვარე, როგორც სიკვდილისა და ქვეცნობიერის სიმბოლო, კაცის თვიურზე მზეა კონცენტრირებული, მზე, როგორც სასიცოცხლო ძალა, ცნობიერება, მათი სასქესო ორგანოთა გარეთ და შიგა განლაგებების გამო. კაცის და ქალის ოვულაციათა მომენტში, ცნობიერი ჩადის ქვეცნობიერში, რათა ცნობიერში ამოიყვანოს ის. მამრობითის პერსონალური უმთვარო და ახალ მთვარეობისას, მამაკაცი ინტროსპექტული ხდება და განმარტოებას საჭიროებს. ეს პერიოდი ქალის მენსტრუაციის მსგავსია. ამ დროს ის შესაძლოა დაბალი ენერგიის მატარებელი იყოს და გრძნობს, რომ თავი დასვენებით გაანებივროს. შემდგომი ფაზა ოთხიოდე დღე გრძელდება და ინი-იანური პრინციპით, მასში ფემინური საწყისი ჩანს. შემდგომი 11 დღე სქესობრივი ანუ შემოქმედებითი ძალის მომატებას ემსახურება და ადის მწვერვლზე, რომელიც ქალური ოვულაციის მსგავსია. ეს მის პერსონალურ სავსე მთვარეობას ემთხვევა და ორიოდე დღე გრძელდება ახალ მთვარემდე. მისი მზის ციკლი ტესტოსტერონის ხარისხური აღგზნების დროა, რომელიც ყოველ 11 წელში იზრდება, იღებს მზის რადიაციას და მწვავდება. აღნიშნავენ, რომ ამ დროს კაცის სისხლი თხელი ხდება. მზეს 90 წლის ციკლი აქვს, რომლისგანაც პირველი 45 წელი პიროვნების აქტიურობას ემსახურება, მეორე 45 კი აქტიურობის შენელების ეტაპია. ამის მიხედვით, ასტროლოგიაში ადამიანის ცხოვრების სამი 30-30-იანი ეტაპი იყოფა, პერსონალური ჰოროსკოპის ნახვისას. მისი იარაღია განსაზღვროს მთვარისა და მზის ციკლი და ციურ სხეულთა ურთიერთობა მათ პერსონალურად მოარგონ.
დასკვნის სახით რომ ვთქვა, მზისა და მთვარის ტანტრა განხილულია, როგორც ინკარნაციის შეწყვეტის ცდები. ეს ტანტრაში ნახსენები მეტაფორებით ხდება. გიტოვებთ მზისა და მთვარის ერთობის მელოდიას. შემდეგ თვეში შევეცდებით ასტრალური სხეულის ან იოგის პრაქტიკული გამოყენება ვისწავლოთ, სხვა ტიპის ტანტრაზე ვისაუბროთ ან რეინკარნაცია მიმოვიხილოთ, ხავს მოკიდებულ მუხებს შორის, ჰიმალაის მთებში.
ყოველ ღამით შენს თავს ჰკითხე ერთი ფრიად ძველი კითხვა: რა ხდება ახალი?
როგორც ხდება ხოლმე, ჯერ სიახლეებზე საუბარს თავი ვარიდე, შემდეგ კი შესაძლო პასუხებზე დავფიქრდი:
მე შეიძლება ბევრი სიცრუე ვუთხრა, ცრუპენტელობაზე მეტად ფანტაზიის უნარს რომ გამოკვეთავს.
მე შეიძლება ისიც ვუთხრა, თმა შედარებით ღიად რომ შევიღებე.
შემიძლია ახალ სამსახურზეც ვუთხრა, სულაც იმ სასაცილო შემთხვევებზე, იქ როგორ მოვხვდი.
ანდაც, ახალ რძალზე ვუთხრა, ოჯახში ხომ მუდამ სიახლეებია. შემიძლია გავჩუმდე და სიახლეებს ოქროს ფასი ექნება.
სულაც გავღიზიანდე და კითხვის ავტორზე ნერვები მომეშალოს.
ასევე შემიძლია მოვყვე, იმაზე, თუ მომავალში რა მოხდება ახალი.
მე ისიც შემიძლია ეს ყველაფერი დავწერო და ამით სიახლე მოგონებად ვაქციო.
კიდევ ის შემიძლია, რომ კითხვა შევუბრუნო და ვკითხო: ძველი სადამდე იცი?
მე ასევე შემიძლია დილის გაზეთებზე ვუთხრა, მაგალითად, ლონდონის ბირჟის ფასებზე ან ამინდის პროგნოზზე.
კიდევ მეგობრებთან გაგებულ ჭორებზე ვუთხრა.
ისიც შემიძლია, რომ სიახლეები მასაც გამოვკითხო და დაველოდო პასუხს: ”არაფერი”, რომელიც იმ ფიქრთა ნაკადის მოზღვავებას გულისხმობს, ბოლო დროინდელ ცხოვრებას რომ მიმოიხილავს.
ჯადოსნური კითხვაა: ”რა ხდება ახალი?” რაღაცით სიკვდილს ჰგავს:
გაიძულებს ცხოვრებამ თვალწინ გაგირბინოს, დაიბნა და შეარქვა: ”არაფერი”.
ახალი წელი ყოველთვის გეგმებს უკავშირდება: ”ამ დღიდან არავითარი ალკოჰოლი” ან ”ახლა მაინც დავიწყო კარგი სამსახური”, – სურვილები სტიმულს გვაძლებს ახალი ცხოვრება შევქმნათ ძველის მოკვლით, შენაცვლებით ანდაც მასთან თანაარსებობით. ახალი კალენდრის დადგომამ და მეგობრის დაორსულებამ ამ თემაზე დამაწერინა. ანუ მანქანის მიზეზსა და შედეგზე. ამ საახალწლოდ ამეკვიატა ფრაზა, რომ ქრისტე მკვლელობამდე დაბერდა. დაბადებამდე. არ ვმკრეხელობ. ხანდაზმულობა რადიკულიტს არ ნიშნავს მხოლოდ.
როგორც აღვნიშნე, ჩემი მეგობარი ორსულადაა. დიდი ხანია გაიგო და უხარია. მხოლოდ შარშან ამ დროს სამ მეგობარს გაუჩნდა ბავშვი, – დღემდე ვერ შევეჩვიე მათ ხელში დაჭერას. მგონია, ვატკენ. ვერც მოფერებას. მგონია, ჩემი შეეშინდებათ. მეგობრებს კი ჰგონიათ, ბავშვები არ მიყვარს. არ ვიცი. ალბათ პასიური ვარ. თუ არ მოდიან, იქით მე – ვერ.
მახსოვს, პირველად რომ ვნახე ბავშვი ექოზე, ოთხის ვიყავი. შავ-თეთრ მონიტორზე ბევრი შავ-თეთრი ლაქა რომაა და მკითხაობ, რომელი ლაქაა უცხო სხეული. მერე სქესს გეუბნებიან და გიკვირს, თანდათან იჯერებ. ოღონდ რომც სხვა ლაქაზე მიგითითონ, ალბათ მაინც დაიჯერება. ბოლოს ამგვარად სამი წლის წინ ვიყავი. ამჯერად, მეტად შედეგიანად. ვერის ბაღის მიწისქვეშა გამოვიარე. თეთრი ქსოვილი მახსოვს, ქალები რომ ყიდიდნენ ბავშვისთვის წინდებს.
სახლში მოვედი და გამუდმებით ვამტკიცებდი, რეინკარნაცია რომ არ არსებობდეს, რა უსამართლო იქნებოდა სამყარო. ღარიბების დაბადებას ვერ გავამართლებდით იმით, რომ ქონებას სხვათა საზიანოდ იყენებდნენ წინა ცხოვრებაში, რომ მტაცებელ ნადირად დაბადება ნიშნავს, წინაზე ხორცის ჭამის მოჭარბებულ იმპულსს, რომ ხეიბრებს უსამართლოდ არ მოქცევია ცხოვრება უხელფეხოდ რომ დაიბადნენ, თავი მოიკლეს ფანჯრიდან ასფალტზე გადმოხტომით და სხეული დაუზიანდათ, რომ მილიონობით უდანაშაულო ადამიანი შიმშილობს ან ომში იღუპება, უსამართლობას როდი ნიშნავს, არამედ – სამართალს. მართლაც, რა უსამართლო იქნებოდა სამყარო, ადამიანთა უთანასწოროდ გაჩენის გამო.
ვცდილობ ხელის მიდებით ვიგრძნო, როგორ მოძრაობს ბავშვი მეგობრის მუცელში, წარმოვიდგინო როგორი ცხოვრება ჰქონდა. რატომღაც მგონია, რომ ჩვენ თავად ვირჩევთ, დაბადებამდე დიდი ხნით ადრე, დაბადების ადგილს, დროს, მშობლებს.. ვფიქრობ, რა მინდოდა ამ კონკრეტულ ქალაქში ან რატომ ავირჩიე ეს საუკუნე, 24 წლის ჩვეულებრივი წყვილი დედა და მამად. ამ დროში, იმის მაგივრად, რომ ღმერთის არარსებობას ადამიანისთვის ფუნქცია წაერთმია, პირიქით – გააძლიერა.
წლების წინ როცა ერთ მეგობარს ვკითხე წინა ცხოვრების შესახებ როგორ იგებდა, რამდენიმე წიგნი მირჩია, – მათი წაკითხვის მერე ხვდებიო. მერე ჰოროსკოპი შევადგინე, ანუ გრაფიკული ნახაზი ჩემი თვისებებისა. ამის მიხედვით, წინადან დაგროვილი გამოცდილება აწმყოში რეალიზდება. არ არსებობს შემთხვევითობა. სპონტანურად გადასხმული ყავაც კაბაზე დროის მანძილზე დაგროვილ ინსტინქტს უკავშირდება. ცხოვრების ანარეკლიაო და პროგნოზი, და არა წინასწარმეტყველებას, ვაკეთებ: წინა ცხოვრებაში ბავშვებს ცუდად ვექცეოდი. თუმცა დედად ვიღაცას მაინც მოვუნდები. ბიჭი უნდა იყოს. რატომღაც იოსები მინდა დავარქვა. ალბათ მასაც ექნება წარსული. მშობლად რომ ამირჩევს, ვფიქრობ, დედობაზე ზედაპირული შეხედულება ჰქონია. ნეტა, ქრისტეს რამდენი დაბადება ჰქონდა?
თავი ყოველთვის ფემინისტად მომქონდა, თუმცა ყველანაირ -ისტობას თავს ვარიდებდი. მომწონდა, როცა ჩემში ფემინური ჭარბობდა კაცურს, ინტუიციის, მიმღებობის, ჩაკეტილობის, დიალოგის (ანუ ყველა იმ რიგით, რითაც ქალს კაცისგან ანსხვავებენ) გამო ვაფასებდი. თუმცა ვიცი, ეს ყველაფერი პირობითია, ვამბობდი, რომ ქალად თავს სრულფასოვნად ვერ ვიგრძნობდი, თუ შვილი არ მეყოლებოდა. ეს სქესის უკვე პირობითი განმსაზღვრელი არ არის. არც საკეისრო კვეთა მირჩევნია ბუნებრივს. მინდა დაბადება რიტუალად ვაქციო. და რაც მეტად მაშინებენ მეგობრები, რომ ლამისაა მოკვდნენ, ცხოველებად იქცნენ, მით მეტად მინდა ჩემთვის ერთადერთი ქალურობის აღმნიშვნელი რიტუალი.
ამბობენ, ადამიანი კარმას რომც არაფერს აკეთებდეს, მაინც აკეთებსო. იმასაც ამბობენ, სიკვდილის წინა სურვილს დიდი მნიშვნელობა აქვსო, მაგრამ ის მთელი ცხოვრების განმავლობაში ყალიბდება. იმასაც ამბობენ, რომ მორიელის ზოდიაქო ტრანსფორმაციის პერიოდს უკავშირდება, – სიკვდილს და ხელახლა, ფერფლიდან დაბადებას, სიკვდილს და მემკვიდრეობის დატოვებას, მოკლედ, მომენტს დაბადება-სიკვდილსა და დაბადებას შორის. და ყოველ ჯერზე ვფიქრობ, თურმე ისე მიცხოვრია, სიკვდილ-სიცოცხლის განგაში დავდე. სინამდვილეში ძალიან დაბნეული ვარ. აღარც ხორციელი ღმერთის არსებობას გამოვრიცხავ, მაგრამ მაინც ვფიქრობ, ლამაზი სახელია იოსები.
ჩემ შესახებ? ყველაფერი ისე არ არის.
არა, ყველაფერი ისეა, როგორც სხვებთან, მაგრამ არა ისე, როგორც მინდა.
მე მინდა,,
მე ვიცი რა ჩავუთქვა ასანთს, მაგრამ ხანგრძლივობა ექნება მოკლე.
მინდა ჯადოსნური ღეროები გამრავლდეს და მახსოვდეს სად დავდე.
გალამაზდეს საკუთარი ანატომია.
მინდა ფსიქიკა ქვეცნობიერთან გაერთიანდეს.
და სხვა.
ჩემ თავს უჭირს შეჩერება ერთ ემოციაზე, მას ყოველთვის ზედმეტი შეგრძნება სჭირს, იმდენი, რომ ქაოტური მდგომარეობები ქაოტურ სამყაროში არ მილაგდება.
ყოფილხართ ერთ წამს სამ ციფრიანი ემოციებით დატვირთულნი? ჰაჰა და არც იცით არსებობს თუ არა ეს ემოციები. და მერე უკვირთ, დაბნეულიო. ერთდროულად მოგდომებიათ ცხელი და ცივი წყლის მიღება? ორივე ტემპერატურის წყალს ისხამთ პირში ორი ჭიქით და გრძნობთ როგორ გტკივდებათ ოცდარაღაცა რაოდენობის კბილი. გადაამრავლეთ ეს შეგრძნება რამდენიმეჯერ და მიიღებთ ჩემს გულს. როგორ იტევს? ორგული ვარ. გულსაც ვუბრძანებ. როგორ? მე ყოველთვის ვმართავ ემოციებს. ოღონდ არა ემოციური მდგომარეობისას. ყველა ემოციას ვამჟღავნებ, სანამ არ დაბერდებიან და დასუსტდებიან. და მერე ვმართავ. მარტივია.
ვგრძნობ. იცით რას?
როცა სიკვდილი მოკვდა, სიცოცხლე დაიბადა.
შვილი მომიკვდა.
არ ვიცი არსებობდა თუ არა, მაგრამ მომიკვდა. სხეულით არ ვგულისხმობ.
ყველანი ერთად მოკვდით ბარემ თუ კვდებით. ხალხი ყოველთვის მიდის. მაგრამ ზოგჯერ ხალხში მე ვარ.
დაო, ფერმკრთალდები და ქრები. სანამ გაქრები, უნდა მოვასწოთ არაფერი.