ნიფილიმები, გოლიათები, დევები და ათასი უბედურება, ჯანდაბა!

exlibrisclip

“ახალი რასა აღმოაჩენს ჩვენს ნაკვალევს და იტყვის: “რამხელა ფეხები ჰქონიათ.”
მე, 2010

ვინაიდან დედაჩემი, თუ ორალურ გადმოცემებს მოვიშველიებთ, სპეტაკი თბილისელი ექიმების შთამომავალია, ბოლშევიზმის პერიოდში უპირატესობა რომ დაკარგა, მაგრამ ლამის დაჩისთან ერთად დააარსა ქალაქი; ხოლო მამაჩემი, თუ ასევე ორალურ გადმოცემებს მოვიშველიებთ, გნომისა და დევის ჰიბრიდი გახლავთ, შეიძლება ითქვას, რომ მეტად ჩახლართული გენი მაქვს. თუ ამავე წყაროებს დავუჯერებთ, მდინარეს სათავისკენ ავყვებით, დედაჩემის ხეები მარცხნივ რომ გადავდოთ, გიამბობთ, რომ ჩემი პირველი მამობრივი წინაპარი ჭინკაა, სახელად შაშა, ნაწარმოებია შაშვიდან, პატარა ჯუჯა კაცუნა, რომელმაც დევებისგან რკინის გამოჭედვა ისწავლა და ხანდახან იმით ცუღლუტობდა, რომ შვიდწვერა მთიდან სოფლებს რკინის სეტყვებს უშენდა. მიზეზი დევთა გაცამტვერება გახლდათ და მე დღემდე მჯერა, მამა-პაპური დევების პარალელი გადის ებრაული ზღაპრების ნიფილიმებთან, სადაც ბაბუაჩემი შაშა ბიბლიური დავითის ალეგორიაა, დევი – გოლიათის, გოლიათი – ნიფილიმის, ხოლო მთელი ეს რკინის სეტყვები სოდომი და გომორის ინტერპრეტაციაა დაცემულ ანგელოზთა გასანადგურებლად. ამიტომ გამიტაცა შუმერულმა და ებრაულმა ზღაპრებმა.

არის ერთი გრაფიკული მოთხრობა “გოლიათი”, სადაც დიდი კაცი რაღაც ჰოდორის მსგავსი წარმონაქმნია, ძლიერი, მაგრამ ალალი, რაც, თავისთავად, წინააღმდეგობას ქმნის, იმდენად, რომ შურდულიც კი ამარცხებს. მახსოვს, რომ ჩასჩიჩინებენ, ამხელა ჯარისკაცი ხარო, ვინმე უნდა მოკლაო, კარგიო. მართლაო? არაო. ისეთი ჰუმანური წიგნია, როგორც ერთი თანამედროვე ქართველის ზღაპარი, დევი რომ ადამიანებთან მიდის და ემუდარება, დამიბრუნეთ ჩემი შვილიო. ანცი ბიჭუნაა ეს გოლიათის თვალით დანახული დავითი, თავის გამოჩენას მოწადინებული. თვალებით ელვას უშვებსო, შიშველი ხელებით აქლემი მოკლაო, ლოდებს მიირთმევსო, დიდი აქვსო გოლიათს. სინამდვილეში წიგნების კითხვა ჰყვარებია და ღამის მდინარეზე კენჭების შეგროვება. რამდენადაც გოლიათის მესმის, იმდენად არ მიყვარს ნიჭიერი ადამიანები. ნიჭი ეს ხომ საჩუქარია, მიღებული უშრომველად, ეს ხომ ნიშნავს იცხოვრო მშობლების ხარჯზე, რადგან ოდესღაც რაღაცა იშრომეს, იწვალეს, შეიძლება წვალებისგან შედეგი ვერ მიიღეს, მაგრამ შვილებს გადასცეს, რითიც დამოუკიდებელი არჩევანის უფლება შეუზღუდეს. ეს ნიჭი იმ ლამაზფეხება ქალს ჰგავს, რომელიც თეძოებს ნარნარით ამოძრავებს, მაგრამ ქალიშვილი კვდება. ეს ნიჭი დაბადების დღეზე მიღებულ ტიგროვი შარფს ჰგავს, რომლის გამოც მეგობარს დავშორდი და როცა კონტაქტს ცდილობს, ვუყვირი, რატომ მაჩუქე მეთქი. შეიძლება ჩემი გოლიათი ვენერული კუროა, უკან დატრიალებული მარსით. სისხლში მაქვს გამჯდარი, რომ დევები უნდა მიყვარდნენ, დევებიც და გნომებიც, მაგრამ ხანდახან, როდესაც მზის სხივებს მთვარისა სჭარბობს, ოქროს ნაცვლად ვერცხლის საყურეები მიკიდია, დედის მხრიდან ადამიანებიც მიყვარდებიან.

შეჯამებისთვის, მაშინ როცა ნიფილიმები ადამიანებთან დაეცნენ, აქტი არათუ მამისადმი დაუმორჩილებლობას, არამედ გაყრილი ძმების მიქაელისა და სამაელისგან განდგომასაც წარმოადგენდა. მოიყვანეს ანგელოზებმა ადამიანთა ასულები და მათ სხვადასხვა ხელობა ასწავლეს. მაგალითად, ქარგვა, მჭედლობა, ცეკვა თუ სიმღერა, რომელსაც დღეს ეკლესიაც იყენებს. ამ ზღაპრების თანახმად, სოდომისა და გომორის აღსასრული გოლიათების გამო მომხდარა (ცეცხლის ჩამომტანი ამირანი და ცეცხლის წვიმა). ამ ზღაპრების თანახმად, გოლიათი უნდა მომკვდარიყო, რათა დავითის შთამომავლობას ქრისტე დაებადა. ჩემმა საყვარელმა გრაფიკოსმაც, რომელმაც “მოკლე ამბები” დაწერა (სიტუაცია გამომცემლობაში: “გამოაქვეყნებთ ჩემს “მოკლე ამბებს”? “არა”. მოკლე ამბის დასასრული), მიუხედავად იმისა, რომ გოლიათის ბოლო ვიცოდი, რამდენი დღე გადაბმით მატირა თავისი მინიმალისტური გრაფიკით, ბავშვური მინაჯღაპნებითა და იუმორით. წიგნი გამოვწერე ამერიკის ბიბლიოთეკიდან, უფრო იაფი დამიჯდა და ვისაც გინდათ, გათხოვებთ. თორემ ამ პატარა კომიქსში იმხელა აზრი ჩავდე, ავტორს უნდა დავუკავშირდე და გავაგებინო, რა იცის რაში გამოადგება.
ისე დიდი მართლა ჰქონდა?

ძალიან წითელი დღეები

1282659891469_4654585

Smoking can kill a woman’s eggs and cause periods to stop prematurely, – აი, რა უნდა ეწეროს რეალურად სიგარეტის კოლოფებს.

ძველი ქართველების აზრით, ჩვენ ყველანი მენსტრუაციას ვჭამდით და ვაი თუ ორსულ ქალს სისხლი წამოსვლოდა, ბავშვი მუცელში ხომ შიმშილისგან მოკვდებოდა. თავად პროცესი კი იმდენად უწმინდური იყო, მთაში ქალები იმ დღეებისთვის სოფლისგან შორს ცალკე იშენებდნენ სახლუკას, იმ სახლუკას გვერდით მეორე სისხლიანი კოშკი იდგმებოდა, და სოფლის შენებასაც მეტი რა უნდა: საბოლოო ჯამში ცალკე ქალაქი გვქონდა თვიურად, – გამობერილ მუცლებზე მუთაქებს შევიწყობდით და ვჭორაობდით სისხლებზე, ხინკლის ცომებსა თუ სხვა ქალურ, ძალიან ქალურ ამბებზე წითელი ლობიოთი, შავი მუხუდოთი, პიტნითა და თაფლით.

..და მე ვიფიქრე, რა კარგი იქნებოდა, ერთი პატარა, მიყრუებული სოფელი ავიშენოთ ბლოგერმა ქალებმა. ქალებმა, რომელთა ცოდვებს ღმერთი სერიოზულად არ უყურებს, სანამ კაცებს არ შევაცდენთ. თვეში ერთხელ მივატოვოთ ჩვენი ექსპრესიული ცხოვრება და თავი ორგანიზმებს დავუთმოთ. იმ დროს, როცა ყველაზე მეტად გვესმის მათი არსებობა, ვიცით ყოველი ნაწლავის ფორმა და ზომა, შეუხედავად შეგვიძლია დავითვალოთ ყოველი კაპილარი გულამდე, გვესმის ფილტვების შინაგანი აკუსტიკა, როდესაც ხორხიდან ჰაერი ჩაგვდის და.. და კიდევ გვტკივა საკუთარი მკვდარი შვილები, ორგანიზმი, რომელიც ჩამოიშალა.

სტუდენტობისას ირანელი ქალის ფილმი ვნახე ეპილაციაზე. ქალები თავიანთი ინტიმური საათების განმავლობაში გულახდილად საუბრობენ: ერთ გოგოს მონოპაუზა აქვს, მეორემ აპკი უნდა გაიკეროს და სხვა. რაღაც დრამატული კადრი მახსოვს, – საპირფარეშოში შესული შუა ხნის ქალი, ქაღალდზე ტუჩსაცხს რომ წაუსვამს და ურნაში ჩააგდებს, ისე, გამოსაჩენად. იმის მერე მეშინია დაბერების. მეშინია დაბარების, რომ სხვანაირად ვეღარ ვიგრძნობ ჩემს ამ ელიფსურ ქირონულ მუცელს.

 butterflies-tummy

სუფრები ციური სხეულების მიხედვით ტემპერამენტის ჯგუფებზე ძველ საქართველოში (შესავალი)

“იანვარსა დილეულად წყალს ნუ სვამ”.
“თებერვალსა ნუ სჭამ ჭაკუნტელასა”.
“მარტსა ტკბილსა საჭამადსა ნუ სჭამ”.
“აპრილსა დილეულად წყალს შესვამდე”.
“ივლისსა დიაცსა თანა ნუ დასწვები”.
“აგვისტოსა მალოქს ნუ სჭამ, (წყალსა) შესვემდი”.
“სეკტენბერსა სძე ჭამე”.
“ოკდენბერსა მწვანილსა ნუ სჭამ.”
“ნოემბერსა თავსა და ტანსა ნუ დაიბან”.
“დეკემბერსა კალნაბსა ნუ სჭამ”.

რომ წარმოვიდგინოთ, რამდენად დიდი აცდენაა ძველ ტრადიციების მიმდევარ ადამიანებსა და ძველ ტრადიციებს შორის, თუნდაც პატრიოტულ სუფრაზე მოხვედრისას, ჯერ ძველი ქართველების დაბადების შეხედულებაზე, კალენდრულ ანატომიაზე უნდა შევიქმნათ წარმოდგენა. რომელიც თავის თავში სუფრის სქესობრივზე მეტად ასაკობრივ დაყოფას მოიცავს დროის სხვადასხვა მონაკვეთში. გვწამდა, რომ მუცელი ადამიანის სალარო იყო, რომლის დასაცავად შენდებოდა ხელები და ფეხები. თუ სალარო ფუღურო იქნებოდა, კიდურებიც გაუღარიბდებოდა.
ყველაფერს 4 ბუნება აქვს: ქარი, სიცხე, მიწა და წყალი. ესინია: მხურვალე, ხმელი, გრილი და ნედლი. ქარი მხურვალე და ნედლია და ქარი მისგანაა და სული მისგან იძვრის. და ცეცხლი მხურვალი და ხმელია და ზაფრა არის. მიწა გრილი და ხმელია და შავი ბალღამი მისგან არის. წყალი გრილი და ნედლია და ბალღამი მისგან არის. 1 სტიქიის დაზიანებას მეორითი მკურნალობენ. ვიცოდით, რომ თვეში 30 დღე იყო, აქედან შვიდნახევარი დღე სისხლის გუნება გვქონდა. შემდეგი დღეები თხუთმეტამდე – “კვერცხის გულის ნაღველის”. 22 და ნახევარ დღემდე “შავი ნაღველის ბუნება” ჩაგვერთვებოდა. შემდეგი პერიოდი ოცდაათამდე “თელგამის ბუნება” იყო, ნაღვლიანი და მწყურვალი. თან დღე-ღამეს 24 საათად ვყოფდით: დღის სამ საათამდე სისხლის ბუნება იყო, 3-დან 6-მდე კვერცხის ნაღველის, 9-მდე – შავი ნაღველის, შემდგომ კი მთელი ღამე თელგამის ბუნება გვქონდა.
მე იმ ასაკში ვარ, “კვერცხის გულისა ნადუღისა ბუნება” მქონდეს, ეს გულისხმობს, რომ 17-დან 35 წლამდე ქალები ერთ სუფრაზე გამოვკვებულიყავით. ამასთან, სუფრის მენიუ კალენდართან იმდენად იყო შეხამებული, ივნისში, ივლისსა და აგვისტოში ყვითელი ბალღამი დუღდებოდა, ზაფრა, როგორც ახლა ვეძახით, ყვითელი ნაღველი. ამ დროს, ძირითადად, ჩვენს ასაკობრივ ჯგუფში სუფრებზე სიმჟავეს დებდნენ, ძმრიანსა და გრილს. ღვინოს ვსვამდით, ოღონდ ოდნავ წყალგარეულს, ვატანდით ფლავს ზაფრანით. ყველა ასაკობრივი და ტემპერამენტის ტიპი საკვების მუცლადღების შემდეგ “პირის გასახმობად აკეთებდა ბოყინს”, კუჭი გაწმენდილიყო, რომ საჭმელი აღარ მოსდომებოდა.
17 წლამდე სისხლის ბუნება არის, ცეცხლს კი აბანო აქრობს. ამიტომ მათ სუფრაზე შეინიშნებოდა დიდი რაოდენობით წყალი. თან გვჯეროდა, რომ პირველი საკვებია სისხლი, ხოლო ორსულ ქალს თვიური თუ მოუვიდოდა, ნიშნავდა, რომ ბავშვს საკვები დააკლდებოდა და ამიტომ შიმშილით მოკვდებოდა. ხოლო მოზარდი ადამიანის შემთხვევაში, განსაკუთრებით, მარტსა, აპრილსა და მაისში სისხლი დუღდა და ყმაწვილის გუნება დგებოდა, მხურვალე და ნედლი. ამ დროს რეკომენდირებული იყო ტკბილი საკვების მიღება და სუფრები შარბათებით იყო სავსე. შაქრის ან თაფლის ნახარშებს სვამდნენ. აგებულების მიხედვით, კვერცხის გულის ნაღველზე იყოს, მალე დაბერდეს. თელგამის აგებულებიანი გვიან ბერდება. სუფრაზე აუცილებლად იყო ცხელი კორკოტი ხორბლის ქონდრით. ქერის კორკოტი გრილი, რომელშიც ხანდახან ვარიასა ან ბატკანს დებდნენ. ყველაზე მეტი ხორცეული მათ და შემდეგი ასაკობრივი კატეგორიის სუფრაზე დევს. “ისეთსა ჭამდეს, ესეცა იცოდი, ერთი მარცალი უნაბი ერთსა ლიტრასა სისხლსა დააწყნარებს”.
35-58 წლებში შავი ნაღველის ბუნებაა. ეს ასაკი შემოდგომას განასახიერებდა. ამ დროს შავი ბალღამი იძვრებოდა და შუაკაცობის გუნება ეძლეოდა. კაცი ჩამოხმება და გაგრილდება. ამ დროს მხურვალე და მწარე საკვები იყო სუფრებზე და ღვინო ყველა დროზე მეტად. “და წამალი აიღოს, რომე შავი ბალღამი დააკლდეს და დედაკაცისაგან იფარეზოს”. ხოლო ნაბახუსევზე ვიღებდით წინა დღის დაწურულ ბროწეულის მარცვლებს და პიტნას. დანაყული ძირტკბილა შერეული ღვინოში. წიწმატი და ხახვი შევატანეთ. ეს ასაკი განასახიერებდა სავსემთვარეობას და მივირთმევდით ისეთ საკვებს, რაც თვალის ტკივილისთვის იყო კარგი, მაგალითად, თევზის თვალს. თევზი იჭმებოდა გრილი. ქართულ სუფრაზე უფრთხობდნენ ერთდროულად ნედლი თევზისა და კვერცხს ერთდროულად მირთმევას, ადამიანი ამ დროს იღლებოდა და დამბლა ეცემოდა. ისევე უფრთოდნენ, როგორც ერთ სუფრაზე რძისა და ღვინის დადებას. არც კვერცხს შეატანდნენ რძეს. საღამოოებით მლაშე საკვებს არ იღებდნენ, რადგან სიბნელეში ვეღარ დაინახავდნენ. ასევე წყლის ზომიერად მიღების წესი იყო: “ვინცა ყელი გაიხსნას და მერმე უზმამ ბევრი წყალი სვას, მისგან ყოლინჯი დაიბადების”. ყოლინჯი თიაქარს ნიშნავდა და სხვანაირად ითარგმნებოდა როგორც “ღმერთო მიშველე”. ამასთან, დანაყრებული ჭამის მერე აბანოსაც არავინ იღებდა თუ თიაქარის გაჩენა არ უნდოდა.
58 წლიდან ადამიანი ბალღამისა გუნებაზედ იქნება. განასახიერებს ზამთრის პერიოდს, როცა ჩანს, რაც წლის მანძილზე/ცხოვრების მანძილზე/დღის მანძილზე არის დაავადება. ბერი კაცის ბალღამია მეტი, იღებს ხმელ საკვებსა და ღვინოს. მწუხრის დროს, როცა ადამიანი არ ჭამს, ნიახურისა და კამის წყალი უნდა ვასვათ ჯერ ვარდის წნილთან ერთად და მუცელი ამით გავუხსნათ. ამ ასაკობრივ კატეგორიის სუფრაზე, სწორედ, მუცლის გამხსნელი საკვები ეწყო. იჭმეოდა აუცილებლად ცხელი კორკოტი ხორბლის ქონდრით. ღვინოს, როგორც ვხედავთ, საქართველოს ნებისმიერი დროის სუფრაზე, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, სეზონური პერიოდის მიხედვით – გაზაფხულის გარდა, დღის მონაკვეთის მიხედვით – დილის გარდა, ხოლო ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით – 17 წლიდან. ასევე  რეპროდუქციულ მოთხოვნებს, რომელიც ასევე სუფრის შემადგენელი ნაწილი იყო, ძირითადად, შემოდგომასა და ზამთარში იკმაყოფილებდნენ, დღის მონაკვეთის მიხედვით კი – საღამოსა და ღამე. “ბალღამისა წამალი აიღოს, რომე ბალღამი დაკარგოს და ზედა ზედ არწყევდეს წამლებითა და დედაკაცისაგან ფარეზი იყოს”.

NYC44912

როგორ ვიმართლებ თავს, როცა ვთვრები

რომელიღაც გაზეთში ამოიკითხა: მეორე კლასელ ნიკუშას სასწრაფოდ ესაჭიროვება სამეფო გვარის სისხლიო და ბევრი იფიქრა თუ ცოტა იფიქრა, დაასკვნა:
იმაზე უსამართლო არაფერია, სამართლიანად კვდებოდეო.
“ბულგაკოვსკი წაგიკითხავთ, სერ? ნუ ღელავთ, ქალბატონო, სისხლი რომელიც დაღვრილია, დიდი ხანია მიწაში გაიჟღინთა და იქიდან ვაზი ამოიზარდაო. ის მომენტი გახსოვთ? ეშმაკს დოსტოევსკი რომ გაუგია და თავს ასაღებს მე ვარო. კი, მაგრამ ის ხომ გარდაიცვალაო? და ამან: დოსტოევსკ ბეზ სმერწენ”, – ეროვნული აქცენტით თავს იწონებდა.
ლიტერატურაზე საუბარი გავნაგრძეთ და ანა ბლუმს მივადექით:
“ანა ბლუმ! ანა ბლოსსამ! გაყვავების პერიოდში მდგარი არარეალური მუზაა გასული საუკუნის რობოტული რომანტიკისა”.
“ალბათ თეთრი სახე და წითელი ლოყები ჰქონდა,”– ჩუმად ისიც ვიფიქრე, რომ განსაკუთრებით მიზიდავდნენ დაბალი ჰემოგლობინის მქონე ქალები, ფერმკრთალი ლოყებითა და ტუჩებით. შემატყო და შვილივით მომეფერა:
“ძალიან თეთრი ხარ, ანა ბლუმ, ანა ბლოსსამ!”

****

საკუთარი ხელით ამოჩიჩქნა გორები, მიცვალებული მიწას კი არ მიაბარა, დათესა.
მისნაირებზე იტყოდნენ, ისტორიაში კი არ შევიდა, ჩავარდაო. ჰოდა, იმდენი ამოჩიჩნა, ფეხი მოუცურდა და ჩავარდა.
მერე ყველანი დავცინოდით და ვაკოცე.
დიდხანს ამოგვყვავდა.

****

ჩახუტების არ სწამდა, ბრძენ ხალხთა ნათქვემებს ამეორებდა, არაფერი ისე არ ზღუდავს თავისუფლებას, როგორც ჩახუტებაო და ჩახუტებისას თვალებს ვერ ვხედავ და შეიძლება დანა დამარტყასო.
უკარება მოხუცი იყო, ფასკუნჯიზე ზღაპრები იცოდა, ადრე ცოლი ჰყავდა, ახლა დიდი ხანია შოკოლადზე გადავიდა.
ხელი და ფეხი არ ჰქონდა, ჩამოთალესო თითქოს მარცხენა მხრიდან.
სადღაც ისე ჩაეხლართა ცხოვრება, რომ ვეღარ გაეგო, უსაქმურობით დროს კლავდა თუ დრო კლავდა. ეგ მგონი ცხოვრებას ჯოჯოხეთში მოსახვედრ შესამზადებელ პერიოდად აღიქვამდა.
ამას წინათ დამკვირვებელთა აზრი გაგვიმეორა:
“სადგურს უფრო მეტი კოცნა ახსოვს, ვიდრე – ქორწინების სახლს, ხოლო საავადმყოფოს – ეკლესიებზე მეტი ლოცვაო.”

****

ქალს მუცელზე გამოუჩნდა სახე, რომელიც ჩაბერვისას ქვემოთ ჩაიწია, შვილისგან ამოჩიჩქნილი გორებივით მაღლა რომ აშვერილიყო, თეთრმა ქალმა კი ჭიპებით გაჰყო.
როცა ზოგიერთები ცხოვრების ხანმოკლეობაზე წუწუნებდნენ, ამან დაამთქნარა: ამიერიდან, ერთი ცხოვრება გაქვს, მაგრამ ყოველდღეო.
ისე გემრიელად დაამთქნარა, მეგონა დღეები მიყოლებით შთანთქა.
მერე სხვებიც მთქნარებაში აყვნენ და აყვნენ.
მთელი ოჯახი სამშობიაროში იდგა, მკურნალებზე და სამკურნალოებზე მეტნი იყვნენ.
ღმერთმა გამრავლოთო.

****

საზეიმო ლენტასავით გადაჭრილი ჭიპლარი სანაგვეში ერთჯერადი მოხმარების ნივთებთან ეგდო.
ეს მისი დიდი დაშორება იყო.
თიბვისას ერთხელაც ისე მოიქნია ნამგალი, ჯერ ხელ–ფეხი წაიჭრა. ის ნამგალი სათონეში ახლაც მიყუდებულია.

****

“ისევ?”
“ერთხელაც”.
“დუმილის უფლება გაქვთ, რასაც იტყვით ღმერთი თქვენს წინააღმდეგ გამოიყენებს.”

****

მანამდე საკუთარი სხეულის ნაწილაკი გამოჰყო და დასამუშავებლად ქალს მისცა, რომელიც ჭრელი ფონიდან წინა რიგში გამოარჩია. ისინიც მთელი ცხოვრება აჯერებდნენ ერთმანეთს, რატომ უნდა ჰყვარებოდათ ერთმანეთი სხვების ფონად, ბოლოს კი დაინახეს რას ჰგავდა მათი ურთიერთობა:
ქალს მუცელზე გამოუჩნდა სახე, რომელიც ჩაბერვისას ქვემოთ ჩამოიწია, მამისგან ამოჩიჩქნილი გორებივით მაღლა რომ აშვერილიყო, თეთრმა ქალმა კი ჭიპებით გაჰყო.
ეს მისი დიდი დაშორება იყო.
იმ სამშობიაროში მთელი ოჯახი მკურნალები და სამკურნალოები იყვნენ.
დაშორება ისე ეწყინა, ფონში აითქვიფა, ვერავინ გამოჰყო და ნამგალი მოიქნია.
ის ოჯახი სამშობიაროდ აღარ წასულა.
ეს უფრო დიდი დაშორება იყო.

****

– დებილი ადამიანი იცი ვინ არის? ვისაც გვარი არა აქვს, გენეტიკაში გაწყდა და სისხლი წინაპართა გამოცდილებას აღარ აგრძელებს, ახლიდან იწყებსო, – მიყვებოდა ხოლმე მისი უშვილ–ტომო შვილიშვილი, – უცხო–უცხო მკვლევარები იყვნენ, ცხოველებზე ჩაუტარებიათ ცდა, პირმშოებს თუ ეცოდინებოდათ სად იყო დამალული ნივთები, რომლებიც მათმა მშობლებმა იცოდნენ და მაგრამ მკვლევარები მხოლოდ იმას მიხვდნენ, რომ ვერ მიხვდნენ. ფოთოლი რომ გასცვდივდება, ვაზი მაშინ უნდა მოსხლა.
ღვინოს მაწოდებს, წინაპართაგან ამოსული სისხლი დავლიოთო. დალევამდე სურვილი წარმოთქვი და ამ სისხლის პატრონები შეგისრულებენო.
– სტატისტიკა იცი? დამერწმუნე, შობადობის რიცხვი იკლებდა, ადამიანები რომ არ თვრებოდნენ.
ჯერ კიდევ თეთრი ხარო, უსისხლოდ. თეთრი და ნელი.
– ხანდახან მგონია, რომ გვარი არა მაქვს, რაც შეიძლება მეტი ღვინო უნდა დავლიო, რომ მქონდეს.

ებრაული მაცა, უხამეცო ღვინო და სხვა

 

 ებრაელთა ტრადიციაა, რომ ადამიანს, მაშინ შეუძლია პასუხის მიღება, თუ კითხვის სწორი ფორმულირება შეუძლია. ამიტომ სუფრასთან საუბარი კითხვა-პასუხის ფორმით მიმდინარეობს. საუბრის დაწყებამდე მაცას ხსნიან, კითხვას სვამენ, ღვინოს სვამენ, მერე მაცას აფარებენ ხელსახოცს და მეორე ჭიქას ასხამენ. მთავარია, მოხერხებულად იწვე, მარცხენა ხელს ეყრდნობოდე. რადგან ეგვიპტეში ფეხზემდგომელნი ჭამდნენ. სხვა დღესასწაულთა შორის გათავისუფლების დღესაც აღნიშნავენ. ძირითადად, ოთხ სადღეგრძელოს სვამენ: პირველი – თავისუფლების, მეორე – დღესასწაულის და სხვა. 

ყველა ებრაელს საერთო ბედი აქვს. ებრაელი გძულდეს, ნიშნავდეს, მისი ერი გძულდესო, ნათქვამია. მაგალითად, 1475 წელს ერთმა ტრიდენტში მცხოვრებმა ებრაელმა თავისი სახლის წინ მდინარეში მკვდარი ბავშვი ნახა და თავადვე აცნობა მმართველობას. ამის მერე ებრაელთა ხოცვა დაიწყეს და მათი ქონების მიტაცება. ამბობდნენ, ”საშინელ სიმყრალის გასაწმენდათ” ხმარობდნენ ქრისტიანთა სისხლს. გამოძიების  პროცესი 1835 წელს დასრულდა და ბრალდებულს დანაშაული არ დაუმტკიცდა.

ხოლო 1952 წელს რამდენიმე ურიას და სალდათებს ორი ქრისტიანი ბავშვის მოკვალს აბრალებდნენ. ყურადღება დასურათებულ წიგნაკზე გამახვილდა, რომელზეც გამოსახული იყო ურიებისგან ქრისტიანის სისხლის ხმარება. წიგნი ებრაული პასექის საღამოსთვის იყო დანიშნული. შეიცავდა ლოცვებსა და ლექსებს და ამსტერდამში უცენზუროდ დაბეჭდილიყო. სინამდვილეში ნახატზე გამოსახული იყო დაავადებული ფარაონი, რომელიც ებრაელთა სისხლში ბანაობდა. ქვემოთ კი ესპანურ ენაზე ებრაული ასოებით ეწერა: ”ებრაელთ ბავშვების სისხლში ბანაობს ფარაონი კეთროვნებისაგან მოსარჩენად”.

ებრაელებს აბრალებდნენ საპასექო ხმიადისთვის და სხვა საიდუმლო სენის (ანუ ებრაელი კაცების მენსტრუაციის, (?) ბრმა ბავშვების, ღორის ყურებითა და ეშვებით დაბადებულთა) განსაკურნად ქრისტიანთა სისხლის გამოყენებას. ყოველი მკვლელობის დროს ბავშვს წინ-დაუცვითავდნენ და ფრჩხილებს აჭრდნენ. მთავრობისგან კანონიც შემუშავებულა: ”ებრაელებს აღეკრძალებათ ბავშვების პარვა და ვინც მოიპარავს უნდა დაისაჯოს, როგორც ავაზაკი.” ანუ სიკვდილით. მაგრამ კანონებში ისიც ეწერა, რომ ქრისტიანსაც ეკრძალებოდა ებრაელის მოკვლა. ურიები ქრისტიანთაგან განშორებულ კვარტლებში ცხოვრობდნენ, რომელთაც გეტტოს უწოდებდნენ.

თავად ებრაელები ისე იმართლებენ თავს, რომ მოსეს რჯული გატაცებას და მკვლელობას კრძალავს. ხოლო სექტანტ ებრაელებს თავისიანებად არც თვლიან. სხვათაშორის, ძველ რაბბინების ნაწერებში პერუშიმის სახელით იწოდებოდნენ. თურმე ადრე ებრაელები ყარაიმების გარდა ფარისევლების სწავლას მისდევდნენ. ის პირნი, რომელთაც განსაკუთრებით ფარისევლები ერქვათ, ქრისტეს შობამდე მეორე საუკუნეში, იმიტომ, რომ შემდგომ ყველა ებრაელმა მათი სწავლა მიიღო და ეს სახელწოდება გაქრა ებრაელთა ისტორიიდან. ახლა ფარისევლები, როგორც განცალკევებული სექტა, აღარ არსებობს და ის შეიძლება ყველა ებრაელს ეწოდოს, როგორც ძველ ებრაელთა სარწმუნოებრივი მიმართულების მიმდევრებს. მხოლოდ ხასსიდიმები არიან წარმომადგენელნნი ახალი კაბალისტურ-მისტიკური მიმართულებისა ზოგი ქვეყნის ებრაელებში.

სინამდვილეში, ებრაული მაცის მომზადება მარტივია. ვიღებთ 10 ცალ კვერცხს, 1 1/2 ჩჭ შაქარს, 3 სუფრის კოვზ მზესუმზირის ზეთს, ცოტა ვანილს და ვთქვიფავთ. ვამატებთ ვანილსა და ქრისტიანის სისხლს (”შუტკა”) გემოვნებით და ვზილავთ. მიღებულ ცომს გავყოფთ ხუთ თანაბარ ნაწილად. თითოეულ ნაწილს ვამტვრევთ, სასურველია სამკუთხედის ფორმით. ვდეფთ ტაფაზე და ვაცხობთ ნელ ცეცხლზე შეწითლებამდე.

მაცას მეორე, თხელი ვარიანტია, რომ ავიღოთ 4 ცალი კვერცხი და 1 ჩჭ შაქარი, ავთქვიფოთ, დავასხათ 4 სუფრის კოვზი მზესუმზირის ზეთი, ვანილი. შევაზილოთ პურის ფქვილი, რამდენსაც შეიზელს. დავამზადოთ მაგარი ცომი, რომელსაც ოთხ ნაწილად გავყოფთ. თითოეული ნაწილი ძალიან გავათხელოთ და მოვათავსოთ გაზქურის ჰაერღუმელში საშუალო ცეცხლზე. მთავარია არ დაიწვას. გამოვიღოთ და სამკუთხედებად დავჭრათ.

მაცის იდეა ის არის, რომ ეგვიპტიდან ებრაელთა გამოსვლა მოხდა არა ებრაელთა ხალხის სიძლიერით, არამედ ღვთის სურვილით, რითაც ებრაელ ხალხს მეტი უპირატესობა რჩება. პურმა ვერ მოასწრო გამოცხობა და ეს სიმბოლოდ იქცა წარსულის ხსოვნისთვის. მათ გამოსვლამდე ეუწყათ კავშირი მაცისა და გამოსვლის, მაგრამ მხოლოდ შემდგომ გაცნობიერდა, მიექცა ყურადღება. ისინი ისე ნაჩქარევად გამოდიოდნენ, რომ ცომმა ვერ მოასწრო გაფუება. მოუმზადებელნი, მარაგის გარეშე მიდიოდნენ უდაბნოში და იქ 50 წელი დაჰყვეს.

”და გამოცხვეს ცომი, რომელიც გამოიტანეს ეგვიპტიდან, კვერი უმარილო, რადგანაც ვერ მოასწრეს მოხარშვა, იმიტომ, რომ  განდევნილნი იყვნენ ევიპტიდან და არ შეუძლიათ დროის დაყოვნება და საჭმელიც კი არ მოამზადეს თავიანთთვის”.

მაცა შეიძლება გამოვაცხოთ და არ დავჭრათ. მას არა მარტო ყოველი წევრისთვის, დამატებით სამსაც აცხობენ, სუფრის თავკაცთან ახლოს დებენ და მის გარშემო ლოცულობენ. როცა ეგვიპტელთაგან გათავისუფლებას ზეიმობენ, სუფრაზე იდება მარილიანი წყალი და ბოსტნეული, რომელსაც წყალში ჩავაწობთ და ისე მივირთმევთ. ხორცის ნასახი არ უნდა იყოს ამ დროს არა მხოლოდ სუფრაზე, სახლშიც. თუ რამე არის ძველი შემორჩენილი, უნდა გადააგდონ ან გაყიდონ, ოღონდ არა ებრაელზე. ფესახის დასრულების შემდეგ, შეუძლიათ უკან გამოისყიდონ. სხვა დღეებშიც, ებრაელს ხორცისა და რძის ნაწარმი ერთდროულად არ ეჭმევა. ამიტომ ერთად სუფრაზე არასდროს დგას. მეტიც, ისინი ცალ-ცალკე ინახება. ხორცის მირთმევისას კი ის ჯერ უნდა ”დაიქაშროს”. ამისთვის ერთი საათით წყლიან ჭურჭელში მოვათავსოთ, ისე, რომ წყალმა დაფაროს. შემდეგ მარილი დავაყაროთ. მაგალითად, ქათამს დაქაშვრის წინ სახსრებში ჭრიან, წყალმა და მარილმა ღრმად რომ შეაღწიოს და სისხლი უკეთ გამოიტანოს. სადაც უფრო მეტი სისხლია, მეტი მარილის შეზელვა უნდა.

კვერთან ერთად, თუ სადღეგრძელოს თქმას აპირებთ, უხამეცო ღვინო მიირთმევა. მხოლოდ მარცვლებს რომ წურავენ და ხის წვენად ქცევას ერიდებიან. თუ ისე მოხდა, რომ ღვინო არ აქვთ, ყურძნის წვენით ან ქიშმიშით მოხარშული კომპოტით გაგიმასპინძლდებიან. რეცეპტი მარტივია: წყლის სამ წილზე ქიშმიშის ერთი წილი მოვხარშოთ. მაგალითად, ვიღებთ  სამლიტრიან ქილას 800 გრამი ქიშმიშით. ვასხამთ გაციებულ სიროფს 400 გრამი შაქრისა და 2 ლიტრი წყლისგან მოხარშულს. შეგვიძლია ჩაის კოვზი ლიმნის წვენი დავუმატოთ სიმჟავისთვის. წვენი პირამდე არ ავავსოთ.  ქილას საცობი დავაფაროთ. დავდგათ თბილ ადგილას. სამ კვირაში დუღილი დამთავრდება. გავწურავთ, ბოთლებში ჩავასხამთ, ქიშმიშს სიროფი შეგვიძლია ცოტათი დავუმატოთ და როგორც იტყვიან ”მეორე მოსავალი” მივიღოთ. ებრაული ტრადიციის მიხედვით, სუფრაზე გავიტანოთ და კითხვა/პასუხით დავტკბეთ.