ფიქრი ჭაობის პირას

ჩემთვის ზამთარი არის: მახსოვდეს გაზმიჭერილი მანქანიდან გადაყოფილი ხელების, თმის, რომელიც შეტაკებული ქარისგან ათ წუთში საუკუნის დასაბანივით გამოიყურება, ცოტა ხანში კი ფანჯრიდან გადაზიდული მთლიანი სხეულის დაბუჟების განცდა. ვიხსენებდე, როცა ლოგინზე აივნიდან შემოსული წვრილი მზის სხივის ქვეშ მოვიკუნტები. და როცა მზე დასავლეთით გადაიწევა, სხვა ოთახის აივანთან მოვიკუნტო. მაგრამ საბოლოო ჯამში ვიცვამ თბილად და ყინვაშიც ვსეირნობ.

ქავთარაძეზე ვიყავი შუა მაისში, მეთქი აქედან ლისის ტბაზე ფეხით ავისეირნებ. თმა ავიკაპიწე, ზურგზე საგზალი მოვიკიდე. ტბაში რომ გედებია, იმათ სკოლამდელი გოგონა ეთამაშებოდა თუ აჭმევდა. კამერაში ელემენტი არ მქონდა, ვერაფრით ვიშოვნე 2CR5, თორემ გადავუღებდი. ამ გოგოს გიშრის ფერი, ხუჭუჭა და სხეულზე შემოხვეული თმა ჰქონდა, კადრი იყო ზღაპრების ილუსტრაციიდან. უცებ ჟღალი გოგოების ჯგუფი “როლიკებით” მოსრიალდა, ფერადი კაბები ეცვათ და ნაყინებით გრილდებოდნენ. ბებია-ბაბუები წყლის პისტოლეტებით წუწაობდნენ, სანამ მათი შვილიშვილები ხიდან ხეზე ხტუნავდნენ. შეყვარებულები დაჭერობანას თამაშობდნენ. მოკლედ, ტრადიციული მაისის შაბათი იდგა.

მეორე პატარა ტბასთან თუ ჭაობთან გადავედი, თვალსაწიერში არავინ იყო. დავფიქრდი, რომ მშვენიერი კანი მაქვს, მადლობელი ვარ იმიტომ, რომ უხეში არ არის, მკვრივია, ბატონები არ მაქვს გადატანილი, რომ ნაწიბურები დამრჩენოდა, სისხლიც ისეთი მაქვს, უალერგიო. მაგრამ ჩემზე 3 წლით პატარებსაც ძალიან ნორჩი კანი აქვთ, თითქოს შუბლიდან ლოყებზე რძე ჩამოსდით, კაპილარები ზედაპირებზე ებჯინებათ და ემოციებზე უფრო რეაგირებენ. ვერც იმას იტყვი, რომ ვიზუალურობას მნიშვნელობა არ აქვს და მთავარი გამოცდილება, პოტენციურად მოსათხრობი ამბებია. აი, გაიცნობ ვინმეს, ვინც უკვე მუშაობს, სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობს, სათქმელს დინჯად ჩამოგიყალიბებს, შეხედავ მის პირადობას და 90-იანების ბოლოს ან 2000-იანებშია დაბადებული. ანუ უფრო მეტს აკეთებს ვიდრე ჩემი 80-იანების თაობა აკეთებდა მათ ასაკში. ბუნებრივია შემშურდა, მაგრამ ძალიან მიყვარს ეს თაობა. სისხლი უდუღთ, ზამთარშიც კი არ სცივათ. ისინი ხომ ჩვენს შეცდომებზე სწავლობენ. 

ეს ფოტოები სადღაც იანვარში გადავიღე იქ. წამო ნუში დავკრიფოთო, აიტეხა თამარამ, კანს უხდებაო. ამ ზამთარში ნუშს რა უნდაო, ერჩოდნენ, მაგრამ იყო.

346

890
345

457

თბილი

ჩემს სახლში ოთახები ისეა მოწყობილი, ერთ კარს რომ ვაღებთ, მეორე უნდა დაიხუროს. არც გოთიკური შენობაა და არც კადრია ფილმიდან, უბრალოდ ორპირმა რამდენჯერმე ჩაამტვრია ფანჯრები და დიდი ჰაერის ოთახებში გასვლას ვერიდებით. ვრეკავ ან ვყვირი ხოლმე: ”ოთახები ჩაკეთეთ, გარეთ უნდა გავიდე” და ერთდროულად ირაზება რამდენიმე კარი. ისე კი ვზივარ ერთი ოთახის ჰაერით ღია ფანჯარასთან და ისეთი პასუხი მინდა მქონდეს, ყველა კითხვაზე რომ გასცემს პასუხს.
გაიცანით, ეს თქვენი მკითხველია, ეს კედელია, როგორც ოთახების ჩარჩო, მისთვისაც სასიამოვნოა. აქ რამდენიმე საათი კიდია, ზოგადად ბევრი საათი გვაქვს, თუმცა ამას წინათ გაჩერება ერთდროულად მოუნდათ. ასე ხდება, როცა ელემენტებს ერთიანად ვყიდულობთ. ამ დროს სახუმარო ისტორიაც შემემთხვა, სწორი მხოლოდ ჩემი ტელეფონის საათი იყო, მისით ვხელმძღვანელობდი. ჰოდა, მეგობარი მირეკავს და არასწორ დროს მეუბნება, ვიბნევი და ვუჯერებ. მერე აღმოვაჩინე, რომ ჩემი დრო იყო სწორი.
მინდა რუტინული ნაწერით ჩემი სახლი გაგაცნოთ.
ან რაში გაინტერესებთ.

სტატისტიკა რომ შედგეს, პირი, რომელზეც ყველაზე ხშირი ცილისწამებაა განხორციელებული, სატანა პირველ ადგილს აიღებს.
თუ თქვენ სამყაროს უსამართლობაზე ღელავთ, მთელი ცხოვრება გადააკვდით მეგობრებს, მეუღლეების გამო ბინები გაყიდეთ, ბოლოს კი შვილების გამო სხვა საზრუნავი არა გქონდათ რა და მათგან კარგი არაფერი მიიღეთ, იმაზე დაფიქრდით, რასაც თესავდით, ის მოგიმკიათ: ახლა ისინი კარგად არიან, ძღებიან, საყვარლები დაჰყავთ და გაგინებენ. ასე რომ ცხოვრება სულაც არაა უსამართლო, თქვენი არჩევანია.
შემდეგში უკვე საკუთარ თავებზე იფიქრეთ, სანამ ეგოიზმის პიკამდე მიხვალთ, კაცობრიობა გენდომებათ თქვენთვის, ბოროტება ხალხში ვეღარ გადანაწილდება და ჭირ-ვარამიც თქვენ დაგეხვევათ.
პესიმისზმის ხასიათზე ვარ.

ესენი კარადებია, ზოგი მადგანი საუკუნეს ითვლის, თუმცა მხნედ გამოიყურება, განსაკუთრებით სარკე. ალბათ რამდენი ვინმე უნახავს. ეს საწოლებია, გადაშლილი მკლავებითა და ლამის მშობიარე მუცლით, რომელიც შუაღამისას სიყვარულით კავდება ჩვენთან. მაგიდები და სკამები ერთად არიან, ეს პარკეტია, რომელზეც დგანან, თეთრი ხისაა, რომელსაც ხის ჭაღი თავად შევუხამე. ეს კომპიუტერია, კედლებზე მიმოფენილია ნახატები. დივანსა და თაროებს შორის აქვე მე ვდგავარ. აბა გამარჩიე.

ჩემი ფსიქიური მორჩები,

დავალაგე ნივთები ერთად უხარისხობის მიხედვით.
სადღაც ვაგდივარ მეც
სველი ნაწნვით
მეგობრებმა რომ დამიხვიეს,
მეგობრებმა, რომლებიც გამოვიგონე ხატვისას.

ურიგითობით დალაგებული ჩემი ქაოსი
და ქაოსში მომხდარი თვითმკვლელობები
ფსიქიკურად.

დავალაგე წიგნები ფერების მიხედვით.
ყვითლებთან ჩამოვდე თავი,
ნაწნავებით აკინძული თავი,
ასფალტივით უგულო თავი.
ყვითელი სითბოს ფერია,
სითბო – ჩემი ნაკლი.

ყველაფერი დაიწყო კაფეში.
როდესაც მეგობრები გაკლია ხატვისას,
მათი გამოგონება ადვილია
ხელსაწმენდზე მიხატული ჯოხებისაგან,
თუნდაც მერე ცხოვრობდე ქაოსში,
უგულო ქაოსში,
მალავდე გულს
აბსურდზე თემით და სიჩუმით ქაოსში
და ყველაფერი დაიწყო ქაოსში.

,,,,
მე ავად ვარ, ფსიქიურად გავცივდი
ცივი ოთახის ფონზე,
უსაუბრობის გამო
დახატული მეგობრების ფონზე თარგებად.
თარგები ადამიანებად არ გამოდგებიან.

მე არ მახსოვს რა იყო გუშინ.
გუშინ ალბათ შიში იყო,
რადგან ფსიქიური თვითმკვლელობა ვცადე.
ალბათ ნაკლები ქაოსი იყო
მოჭარბებული ემოციების
და გამოჩნდა ყველაზე შიში
საკუთარი თავის და მილაგებული კოსმოსის დანახვის.

დავსვი წერტილი, რომელიც დღეს უკვე მძიმეა.
მე არასდროს ვსვამ ხანგრძლივ წერტილებს.
წერტილები არ არსებობენ,