როგორ გადამეზარდა ისტერია ინსომნიაში?!

ვფიქრობ, დაბადებიდან არამორწმუნე ადამიანები ჩემზე ჯანსაღი ფსიქიკის არიან. რადგან ჩემს სხეულს ცნობიერთან შეუთავსებლად მექანიკური მოძრაობები დარჩა, ემოციას მოკლებული ჟესტები: პირჯვრის წერა იქნება ეს მიჩვეული მდგომარეობისას თუ ჯდომის მანერა ეკლესიის ეზოში, – მაგრამ საუბარი საეკლესიო რწმენაზე არ მინდა, არამედ გაროხის წვნიანსა და წყალმცენარეებზე: როცა ღებინება დავიწყე ხორცის გემოიან კერძებზე, მივხვდი, რომ ვეგეტარიანულმა სურვილებმა ორგანიზმი მოირგეს. ეს კი სხეულის გადმოსახედიდან კლასიკური ისტერიის შემთხვევაა, როგორიც აღდგომისას ჯვრებიანი სტიგმატების ან საახალწლოდ ნაძვებიანი ჭრილობების გაჩენა. მაგრამ საუბარი ამაზეც არ მინდა.

ბოლო ათწლეულში ფსიქიკამ ორგანიზმზე იმდენი სხვადასხვა რწმენა გამოიმუშავა, ამჯერად, ინსომნიურ მდგომარეობაში მოვხვდი. ხშირად უძილობა ილუზიებს აჩენს, მაგრამ მე უძილობა ილუზიებმა მომცეს. სადღაც ორი წლის წინ დამეწყო ე.წ. მომაკვდავის რეფლექსი, როცა პრობლემის დავიწყება იმდენად ვცადე, მთელი თვის, სეზონის მოგონებები გავინადგურე და დროთა განმავლობაში თუ შევძელი მათი წყვეტილად აღდგენა. პარალელური სიმპტომი ჩემი ჰიპნოზური მდგომარეობა იყო. ჩემი მეტყველება ქვეცნობიერული ნაკადებიდან თითქოს და ფხიზელ მდგომარეობაში. გავხდი დაბნეული არა მხოლოდ სიფხიზლეში, ძილზეც კი გამიჭირდა კონცენტრირება. სიფხიზლეში ძილისმაგვარი მდგომარეობით მივადექი უძილობას ძილში.

როგორც წესი, ესსეს მესამე ნაწილში უნდა მესაუბრა ინსომნიასთან გამკლავების გზებზე, ითხოვს. მაგრამ ხელში მხოლოდ მცდელობების სია შემრჩა. ეტყობა რაღაც ჯაჭვი გამომრჩა. წავშალე და მხოლოდ წიგნებზე დავწერ: ამ დღეებში ჩამივარდა ხელში შრომები ასათიანის და პავლოვის ექსპერიმენტების შესახებ. ექსპედიცია სვანეთში ამტკიცებდა, რომ სტატისტიკურად ნევროზული მდგომარეობა მაღალ მთიან რეგიონებში მინიმუმამდეა დაყვანილი. მაგრამ ფშავში არაისტერიული ადამიანთან შეხვედრა გამონაკლისს წარმოადგენს. ექიმებმა კი დაასკვნეს, რომ ისტერიული იყო ფშავში, ნორმაა, პირიქით, სიჯანსაღეა ავადმყოფურიო. საღამოობით შემოსხდებიან ცეცხლის ირგვლივ და ერთმანეთს საშიშ ამბებს უგონებენო, ვინ უნდა გადარჩესო.

სიმონა

“ყველაზე რთული იცი რა არის? როცა დილით იღვიძებ და მიზეზს ეძებ გასაღვიძებლად. ზოგჯერ იგონებ, მაგრამ ამ ბოლო დროს ძილს იბრუნებ. ძილის დაბრუნებაა ყველაზე ცუდი, – ღამე შეგროვილ ენერგიას სულ ძილში ხარჯავ. მერე წყალს ვივლებ”, – მერამდენედ მიტრიალებს დილით თავში ეს აზრი. და მერე წყალს ვივლებ.

სადღაცას წავიკითხე, ფიქრები წყლის მეშვეობით შემოდიან სხეულში და მოძრაობენო. ვიბადებით მასე, სითხით და მერე ვაკვირდებოდი წყლების კრისტალებს, ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ სხვადასხვა რელიგიებში ლოცვებისას მათი ფორმა სტერეოტიპულად განსხვავდებოდა.

ჯერ ერთი ადამიანი იყო, ფერების ვიზუალიზაცია რომ მოახდინა და ამბობდა: “ახლა იმას კი არ ვიცვამ, რაც კარგად გამოიყურება, არამედ რაც კარგად ჟღერსო”. ამ ფრაზაზე გავიღიმე და მეგობარს ვაჩვენე და იმასაც გაეღიმა.

ერთი ესსეს პაროდია რომ გავაკეთო, ხატი, არჩევნების გამო მოწყობილი მიტინგების, სახალხო გამოსვლების დღეს, ცარიელ მონიტორთან მჯდარი ადამიანის პოზისა, ოდესღაც ოცდამეერთე საუკუნის ანთროპოლოგიაში დამსახურებული ადგილით შევა.

ხოლო ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, იძულებითი სცენარია მხოლოდ, სიცარიელის შესავსებად მიმართული უწყვეტი ფიქცია, არა მხოლოდ ეკრანის სიცარიელიდან, არამედ, გონებრივ მონიტორს მიჩერებულები სიცარიელეში რომ ვუცდით გამოსახულებას.

ეს მაღლიდან, მაგრამ ერთხელაც მე და ჩემმა მეგობარმა ერთმანეთის შესწავლა მოვინდომეთ და გადავწყვიტეთ მიკროსკოპი გვეყიდა.

მანამდე კონფერენციებზე გამოტანილი ტვინის რუკა დავათვალიერეთ. ის ჩიზბურგერს ამერიკანოს აყოლებდა, მახსოვს, როცა დაავადებათა ნამდვილსა და ილუზიურ გამოვლენებზე მითხრობდა:

“ტვინი სულ რომ ნაწილებად დაჰყო და მიკროსკოპით უჩხიკინო, შიგნით მაინც ვერაფერს ნახავ, ცარიელია. მაგრამ ინჟინერია, სიცარიელე, როგორც გამოსახულების შემოქმედი”.

“სიცარიელე და ღმერთი ბევრ რელიგიაში ერთ ცნებად აღიქმება, ისევე, როგორც შემოქმედი და ღმერთი განსხვავდება ერთმანეთისგან”, – გამახსენდა და ქალაქის შუაგულში სულ ყავის გემოთი ვათრიეთ გიტარა, მერე თქვა, რომ მწვანედ შეიღებავს ისედაც მოკლე თმას. გავიცინე, რადგან მიმიკები არ ჰქონდა და უმოძრაო სახეზე უცხო პლანეტიდან ჩამოსულს დაემსგავსებოდა. მერე სხვაც შეგხვდა და სამივემ ვიცინეთ.

“ვეღარ ვწერ, – ისევ ამოიღო ხმა, – რადგან ჩემი ფიქრები დღის მანძილზე ფინანსური პრობლემებით შემოიფარგლება, გონებაში ბანკების გადასახადების ქსელები იხაზება: სად შევიტანო, რომ მერე გავიტანო, რომ მერე შესატანი იყოს, ოღონდ გატანა ხერხდებოდეს და ა.შ. და როცა თითოეულ ლარზე ვფიქრობ, ფიქრები იმდენად იტოტებიან, რომ მომიცავენ და მე სხვა რამეზე უკვე ვეღარ ვწერ.”

“მაგაზე დაწერე. საინტერესო მოთხრობა გამოვა ადამიანზე, რომელიც არ არსებული ფულით, კრედიტით ცხოვრობს და იქსაქსება”.

“კარგი აზრია,” – ენთუზიაზმი გამომდის ხოლმე, მე კი ორი კაცის, ბოდრიარისა და ჭილაძის, ენა მომწონს: როცა პირველმა ოქროს ვერძი იმას შეადარა, კაცმა რომ ბავშვს პირველად ხელი გაარტყა და ცოლმა ქმარი გააღვიძა, რომელსაც თმაში ჭაღარა გამოერია და ეს იყო პირველი ჭაღარა, რომელიც ნახა.

ბოდრიარმა კი მოქალაქეები ბევრ ტვინებად დახატა, ინტელექტუალურ სიცარიელეში მცხოვრებ სივრცეებად, ხოლო ისინი, დროთა განმავლობაში ვინც გაირიყა, ე.ი. მანამდე მასობრივი ინფორმაციის სხვა მხარეს მოხვდა.

მერე ისინი უსაქმურები გახდნენ, ხოლო უმუშევართა შთამომავლობას იმ ქალაქში დაასახლებენ, სადაც ინფორმაციული ქსელები იმატებს და გარიყულნი ხდებიან შრომის სამყაროდან. მაგრამ ყველაზე უარესი ის კი არ არის, რომ ისინი ჩვენ გამოვკეტეთ, არამედ ის, რომ ისინი ვხდებით.

“სიმონა” ალბათ გინახავთ, მშვენიერი ფილმია კაცზე, რომელსაც საკუთარი “ქალი პულტით” სულ უღებს ბოლოს, სხვის სამართავად შექმნილი კომპიუტერი მას აკონტროლებს და სიკვდილამდეც კი მიჰყავს ბოლოს.

“ჩემი სიზმრები გამახსენდა, სადაც გამოცანებს მისვამენ, მე კი ვფიქრობ და ვფიქრობ, პასუხს ძლივს ვპოულობ. რომ ვიღვიძებ მიკვირს შეყოვნება, კითხვა ხომ ჩემივე მოფიქრებული იყო ძილში”.

“ანუ ცხოვრებაშიც ასეა? თუ ცხოვრების ინჟინერი ტვინია, ხშირად ისეთ პრობლემებს გვახვედრებს, რასაც ვერ ვუძლებთ და ვხლართავთ, როცა მისივე გადაწყვეტა წინასწარ ვიცით?”

“მოდი, დღეს ისევ ვისნობებ და მომავალი ვნახოთ. ნეოპლატონიზმიდან მიღებული რელიგიები ვნახოთ: სამყაროს ოთხივე ელემენტი ადრე აბსტრაქცია იყო, ხელშეუხებელი იდეები, მერე კი მატერიად იქცა. იქნებ შესაძლებელია სხვა აბსტრაქციის ფიზიკურად აღქმაც?”

“ანუ ფიქრობ, რომ სიყვარული, სიძულვილი თუ ნებისმიერი აბსტრაქტული საგანი დროთა განმავლობაში მატერიალურ ფორმად გარდაისახოს?”

“თუ წინა თეორია სიმართლეა, ეს მომავლის სავსებით შესაძლებელი გზაა. შეიძლება აურაც მიებათ ადამიანებს და აზრები ეწეროთ შუბლზე. ეს ნებისმიერი იდეის ფიზიკურად ქცევის მაქსიმალიზაციაა”.

“ანუ მწვანეთა მოწოდებები, რომ დავუბრუნდეთ ბუნებას და აბსტრაქციას, წარსულში უკანსვლით წავსლაა და მსგავსი უკიდურესობა ადამიანს დაბოლოების მორიგ მცდელობაში მოხვედრილ დასაწყისად აქცევს? ადამიანია, რომელიც წარსულში ცხოვრობს?”

“ჰო, წარმოიდგინე აბა, საუკუნეების მიღწევები გააქრო და ახლიდან დაიწყო ცხოვრება მერე, ისევ მატერიალიზმისკენ არ წაგიყვანს? მერე სადღაც შუა გზაზე მიატოვებ და ახლიდან დაიწყებ. იდეების სამყაროში მოხვედრა ისედაც გექნება, უბრალოდ, გავიჭრათ წინსვლისკენ, კოსმოსისკენ, იქნებ მართლა აღმოვაჩინოთ შემოქმედი და როცა კითხვებზე პასუხს მივიღებთ, მატერიებს სულ ამოვწურავთ, იდეებისკენ მერე დავბრუნდეთ. არ ვიცი. არ ვიცი.”

მე კაბაზე ჩამოვისვი ხელი და ბოლოებში მოვჭმუჭნე, ნაკეცები მის ხელებს გადავაფარე, გაურკვევლობისგან რომ კანკალებდა:

“მე ამაზე პასუხი ვიცი, ჩემი ტვინი ხომ ამ კითხვების ინჟინერია, უბრალოდ დამავიწყდა.”

“ახლა პასუხები წიგნის ბოლო ფურცელზე გვეწერია, ცხოვრება ალგებრის სახელმძღვანელოს ჰგავს, შეიჭყიტე”.

მთვარის მეორე მხარე

იოგა ამბობს, სულამდე სხეული უნდა ისწავლოო. სხეულს ვერ განაგებ და სხვას როგორო. ჯერ ხელისგულებს ვაკვირდები და გონებაში დიდხანს ვიზეპირებ ხაზებს. მოუხერხებელ პოზაში ვდგები და გამადიდებელ სარკეს ვიშველიებ. ვარჯიშის დროს იჭიმება კუნთები, რომელთა არსებობაც არ ვიცოდი. გადავწყვიტე, დავაკვირდე მიკროსკოპით სხეულს.

თავში მიელვებს აზრი, რომ მკვდარი ვარ. ვასკვნი: შეუძლებელია თავი წარმოიდგინო მკვდრად, – გონება თვალს ყოველთვის მიადევნებს წარმოდგენილ გვამს თუ მოტირალ ნათესავებს. მოკლედ, ყველაფრის წარმოდგენა შეიძლება მკვდარი თავის გარდა.

შარშან ფობიებზე უნდა დამეწერა. ვერაფერი მოვიფიქრე, უშიშარი ვარ მეთქი და ზღაპარი დავწერე ჭია მაიაზე. რეალურად არც არაფერი მაქვს, თვითსინანულის განცდას დასჯის შიშად თუ არ აღვიქვამთ. შიშების გასარკვევად სიზმრებს მივმართე. როგორი კოშმარები მესიზმრება:

მაგალითად, ორი კვირის წინ ჩემს ორგანიზმში შემოსული უცხო სხეული ცხვირიდან სისხლს მადენდა.  ორ დღეში დავიცლებოდი და მოვკვდებოდი. ახალი მეზობელი იყო. ეტყობა, სიზმრისთვის გამოვიგონე. სასეირნოდ დამპატიჟა და მეც ვეპრანჭებოდი.
არა ისე, სხვა დროს პირველად რომ მენახა სამომავლო ურთიერთობისთვის, არამედ – ისე..

მკითხეს: რა გინდა სიკვდილის წინ გააკეთო?
– სკაიპის ისტორიას წავშლი.
საშინელი შეგრძნება მაქვს, რომ საკუთარ ინფორმაციას ვეღარ გავაკონტროლებ.
– ”პრიკინ”? იმაზე კი არ ვდარდობ, რომ მოვკვდები, იმაზე, რამე არ დარჩეს.

წინა კვირას დიდი თოვლი რომ მოვიდა,  მე და თეო საგუნდაოდ წავედით. მერე კინოში დამპატიჟა: ეგზორციზმს ვუყურეთ. მხატვრული ფილმი იყო, რეალითი შოუს მოტივებზე: განდევნის პროცესში ფარულად დაყენებული კამერები, ინტერვიუები.. თავიდანვე მიაწერეს, ფილმი ვატიკანმა აკრძალაო. იტალია სატანიზმის ცენტრად განიხილეს, ვატიკანი კი უძლური მის მიმართ. ერთი მღვდელი ამბობდა:  ცხოვრებაში ღმერთზე მეტი დემონი მინახავსო.

მეჭირა პოპკორნი და ვფიქრობდი: დემონები სხეულში შესასვლელად ნებართვას თხოულობენ, ირიბად, მაგრამ მაინც. ჯერ ცოდვებს გაახსენებდენ და ამით მათ საკუთარ თავებთან იდენტიფიცირებას მოახდენდენ. ღამით კი შეშფოთებულ ”მეს”, რომ მეორედ მოსვლისას ყველა საიდუმლო გაცხადდება, ვპასუხობდი: ეცლება შენთვის ვინმეს?

იუნგი საუბრობს სიზმრებზე

(მეორე ნაწილი)

სიზმრისეული ცნობიერება კლინიკურად აღწერილი იყო ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში. მიიჩნიეს, რომ დაავადებული და ჯანმრთელი ადამიანის სიზმარს მაინც ერთი საფუძველი აქვს, – ჩაფლულია განცდებში და ამის მერე გარემოს ორგვარად აღიქვამს.

ფიზიოლოგიური თეორიების მიხედვით ძილი ნერვული სისტემის აღგზნებადობის დაქვეითების შედეგია. თუმცა პავლოვი თვლიდა, რომ შეფერხების პროცესი არის. ძველად ძილს მეცნიერები პასიურ ქმედებად განიხილავდნენ. ეზოთერული თვალსაზრისით კი ამ დროს ადამიანი ”ასტრალურ არეში” გადადის. სიზმარი კი იმის მოგონებაა, თუ რა განიცადა მან ამ არეში.

იუნგის აზრით, ადამიანის ქვეცნობიერი სიმბოლოებით გვაწვდის სათქმელს. მე კი მგონია, რომ სიმბოლოებს არავითარი ან ნაკლები მნიშვნელობა არ აქვს, თუ ზოგადია.  თუმცა მათ მართლაც რომ რაღაც აერთიანებთ. მაგალითად, ცისარტყელას ქვეშ გავლა ბედნიერების მომტანია, მაგრამ მასზე გადასვლა მხოლოდ ღმერთებს შეუძლიათ, მოკვდავებისთვის ის სიკვდილს იწვევს.. მნიშველოვანად მიმაჩნია აქცენტით დასიზმრება ოთხი სტიქიიდან რომელიმესი. მაგალითად, წყალი ემოციური სფეროა. და როგორც წესი, სულით ავადმყოფებს ესიზმრებათ. ოკეანის მერე უკაცრიელ კუნძულზე აღმოჩენა კი განმარტოების სურვილია. ერთგვარად საჯარო სიზმრადაა ქცეული მათთვის. მერე კი მართლაც რომ დავრჩებით მარტო, ვამბობთ, სიზმარი ამიხდაო. არა და ჩვენვე გამოვიწვიეთ.

ქუდს, როგორც თავსაბურავს, საზოგადოდ თავსესაფრის მნიშვნელობა აქვს. სხვისი ქუდის დაფარება სხვისი ბუნების შეცნობას ნიშნავს. ქუდის შეცვლა – არაცნობიერის ცვლილებას, მის წინა პლანზე წამოწევას გულისხმობს. ზოგჯერ უკვდავი, ზედროული, მარადიული ადამიანის სიმბოლოა. თუ კაცი ფანჯრისკენ, ანუ ცნობიერისკენ გზას გახსნის, მაშინ არაცნობიერი შინაარსი ცნობიერი გახდება.

იუნგის აზრით, შეურაცმხყოფელი ურთიერთობით გამოწვეული უნდობლობა ბადებს დევნის მანიას. პრიმიტიული ადამიანი უკაცრიელი, უდაბური ადგილების ხილვისას მათ გამოცოცხლებას ეშმაკეულზე მიფურთხებით ცდილობს. მამა კი რელიგიურ და მსოფლმხედველურ სისტემაში ტრადიციულ სულს განასახიერებს. უცნობი ქალის მოტივს ”ანიმას” უწოდებს, როგორც გამოცოცხლებული ფსიქიკური ატმოსფეროს პერსონიფიკაცია, პირველად ჩნდება. კიბე აღმა-დაღმა სვლაზე მიუთითებს. ზესწვლა უმეტესად კიბით გამოიხატება.

იუნგი საუბრობს სიზმრებზე

(ნაწილი პირველი)

ბიბისის ინტერვიუში როცა კარლ იუნგს ჰკითხეს საზოგადოების სიზმრებზე, მიუთითებდა თუ არა ომის დაწყებას, უპასუხა,  რომ ხალხი ისე იყო ომით შეშინებული, მათი სიზმრები მომავალს კი არა, წარსულზე საუბრობდნენ.

სიტყვა ან გამოსახულება სიმბოლურია, თუ საკუთარ თავში მეტს მოიცავს, ვიდრე მისი ჩვეულებრივი მნიშვნელობაა. ადამიანი ხშირად თვითონვე ირჩევს სიმბოლოებს სპონტანურად და ქვეცნობიერად. მას არ ძალუძს გაიგოს ან მიიღოს მთლიანი ინფორმაცია. მისი შესაძლებლობები ხედავდეს, ესმოდეს, დააგემოვნოს ან გრძნობდეს ყოველთვის დამოკიდებულია შესაბამისი ორგანოების გავარჯიშებით. შესაბამისი ზომებით ეს შეზღუდღვები შესაძლებელია გადაილახოს. ცოდნას არ ძალუძს დაეხმაროს გონებას ზღვარის გადალახვაში. ზოგჯერ მიღებული ინფორმაცია არ აღწევს ცნობიერს და მისი გარჩევა შეგვიძლია მოგვიანებით. დაიგნორებული მასალა ხშირად ქვეცნობიერიდან ვერ აღწევს თავს მისი არაფრად მიჩნევის გამო. მან შესაძლოა სიმბოლოების სხეულით სიზმარში მოხვდეს. სწორედ სიზმართა შესწავლამ მისცა საშუალება ფსიქოლოგებს შეესწავლათ ქვეცნობიერის ასპექტები ფსიქიკური გამოვლინების ცნობიერი მიღება.

უამრავი ადამიანი იტანჯება პიროვნების გაორებით. ეს არ არის პათოლოგია. ”ადამიანის მარჯვენა ხელმა არ იცის რას აკეთებს მარცხენა”. დროთა განმავლობაში ადამიანის აზროვნება ვითარდებოდა ნელა და რთულად. დღესაც აზროვნების შესაძლებლობა შორსაა იდეალურისგან. გონების დიდი ნაწილი დაფარულია დღესაც ბნელით. რასაც ჩვენ ფსიქიკას ვეძახით, არავითარ შემთხვევაში არ არის ის ცნობიერის იდენტური.

ანტროპოლოგთა აზრით, პირველყოფილი ადამიანები თავიანთ ფსიქიკურ დაავადებას ”სულის დაკარგვას” უწოდებდნენ. მათი რწმენით ჩვეულებრივი სულის გარდა ”ტყიური”, მეორე სულიც გააჩნდათ, ამას აღიქვამენ მისტიკად. ხშირად პირველყოფილებს სწამდათ, რომ სული ჩასახლებული იყო რომელიღაც ცხოველში, რომლის მიმართ ის სულიერ ნათესავობას გრძნობდა. ”ტყიური სულის” ფლობა ხეში აღიქმებოდა როგორც მშობლის ძალაუფლება ინდივიდზე. ორივე შემთხვევაში სულის შეურაცხყოფა ადამიანის შეურაცხყოფად აღიქმებოდა. პიროვნება იყოფოდა რამდენიმე ნაწილად. ეს იმას ნიშნავს, რომ ინდივიდუალური ფსიქიკა შორს იყო მთლიანობის ჰარმონიიდან. პირიქით, არაკონტროლირებადი ემოციების ტალღა ემუქრებოდათ.

ჩვენც შეიძლება ვერ ვაკონტროლოთ ჩვენი ქმედება, განწყობის ძალაუფლების ქვეშ ვიქცეოდეთ, რომელიც ამ ყველაფერს სიკეთესთან ერთად, განუწყვეტლივ იცვლება. იშვიათად თუ ვინმე საკუთარ თავს კონტროლს გაუწევს. ვვარაუდობთ, რომ საკუთარი თავის კონტროლი შეგვიძლია, მაგრამ გარშემომყოფები ზოგჯერ ამჩნევენ იმას, რასაც ჩვენ თვითონ ვერ ვხედავთ.

შესაძლებლობა, რომ გონების იზოლირება მოხდეს, ფასეულია. იგი შესაძლებლობას გვაძლევს ყურადღება რაიმე კონკრეტულს მიექცეს. მთავარი საკითხავია, ვაკეთებთ ამას შეგნებულად თუ არა. პირველ შემთხვევაში ამას ცივილიზაციისკენ მივყავართ, მეორეს – ”სულის დაკარგვამდე”.

ზიგმუნდ ფროიდი პირველი იყო ვინც ემპერიული გზით სცადა გამოეკვლია ცნობიერის ქვეცნობიერი ფონი. თავის კვლევებში იგი ყურადღებასს სიზმრებს უთმობდა. თვლიდა, რომ იგი არ იყო შემთხვევითი და ასოსიაციურად დაკავშირებული იყო გადატანილ ფიქრებთან და პრობლემებთან.

ეს დაშვება დაფუძნებული იყო ნევროლოგთა თეზისზე (პიერ ჟანე, მაგალითად) , რომლის მიხედვით ნევროლოგიური სიმფტომები უკავშირდებოდა კონკრეტულ ცნობიერ განცდებს. ზ. ფროიდი და იოსიფ ბრეიერი მივიდნენ დასკვნამდე, რომ ნევროლოგიური სიმფტომები: ისტერია, ტკივილები, არანორმალური ქცევა, – ამ ყველაფერს სიმბოლური დატვირთვა აქვს. თვითგამოხატვის ფორმას კი სიზმრად ახდენს.

პაციენტს, რომელიც შეჯახებია აუტანელ სიტუაციას, აქვს გადაყლლაპვის დროს სპაზმა. ანალოგიურ სიტუაციაში სხვა პაციენტს ემართება ასთმა ან არ შეუძლია ”გადახარშოს” რომელიმე არასასიამოვნო ფაქტი, აი, ასე გამოხატავს ქვეცნობიერი თავს.

სიზმარი შეგდება რთული და პატარა ფანტაზიებისგან. თუ გამოვიყენებთ ფროიდისეულ მეთოდს, ”თავისუფალი ასოციაციისა”, გამოჩნდება, რომ სხვადასხვა სიზმრის შეერთებით შეიძლება მივიღოთ ბაზური სიუჟეტი. მივხვდი, რომ პაციენტის კომპლექსის შესასწავლად არაა აუცილებელი გამოვიყენოთ სიზმრები პროცესის ”თავისუფალი ასოციაციების” წერტილები. მაქამდე მისვლა სხვადასხვა გზით შეიძლება: ლოცვით, მედიტაციით, ნახატებით და საუბრითაც კი.

სიზმრის დროს არეულია კოორდინაციის შეგრძნება. მის შესასწავლად ისეთი მდგომარეობაა საჭირო, თითქოს უცხო ნივთს უყურებდე. მე ვშორდები ფროიდის ”თავისუფალი ასოციაციის” მეთოდს, თუნდაც იმაში, რომ ფროიდი მარტო სიზმრებით ცდილობდა პაციენტების ”კომპლექსების” გამოკვლევას. ვერბალური ტესტები ამის მაგალითია (პაციენტს უსახელებენ სიტყვას და ის პასუხობს თუ რასთან ასოცირდება იგი მისთვის).

შეიძლება მხოლოდ სექსუალური აქტის სიზმრები არ გვესიზმრებოდეს, როგორც ფროიდი თვლიდა. ანუ სიმბოლურად გასაღებს, რომელსაც ნახვრეტში არჭობთ, შეიძლება უბრალოდ გასაღებს ან სხვა რამეს აღნიშნავდეს და არა მხოლოდ სექსუალურ აქტს.

მაგალითად, ჩემს პაციენტს ესიზმრა მთვრალი, უგემოვნო ქალი, რომელიც სიზმარში მისი ცოლი იყო, თუმცა რეალურ ცხოვრებაში ამ ქალს არასდროს მიეკარებოდა. საშუალება რომ ჰქონოდა ჩემს პაციენტს, გადაიკარგებოდა სადმე, ოღონდ ის საშინელი სიზმარი დაევიწყა. მივედი დასკვნამდე, რომ პაციენტს ჰქონდა საკუთარი თავის კომპლექსი და საკუთარ თავს ისე საზიზღრად მიიჩნევდა, როგორი სიმბოლოც იყო მისი ვულგარული ცოლი სიზმარში. თუ მე არ მეცოდინებოდა წინაპირობები, რომ მას ასეთი ქალი არ ყავს ცოლად და არ მოსწონს ასეთები, მე ვერ გავიგებდი ამ სიზმრის სიმბოლურ არსს. ასე რომ, წინაპირობები მაინც მნიშვნელოვანია.

ჰოდა ფრაზით ”ყოველ მამაკაცში იმალება ქალი” მივედი ჩემს დასკვნამდე. ყოველ კაცშია ქალური და კაცური საწყისები. ამ ქალურ საწყისს კაცში მე დავარქვი ”ანიმა”. შეიძლება კაცური საწყისი ნორმალური იყოს, მაგრამ ქალური საწყისი – საზიზღარ მდგომარეობაში. ჩემს პაციენტს ამ დროს სიზმრის მეშვეობით უთხრა ქვეცნობიერმა: ”ზოგ შემთხვევაში საკუთარ თავს ისე ვგრძნობ, როგორც ეს დაცემული ქალია”. ადვილი გასაგებია რატომ უკეთებენ იგნორს სიზმრების შეტყობინებებს. ადამიანებს გაგების, სიახლის შიში აქვთ. ფსიქოლოგია ”ახალგაზრდა მეცნიერება, უკავშირდება ”მიზონეიზმს” მის ყველა ექსტრემისტულ გამოვლინებაში.

სიზმარი ქვეცნობიერის სპეციფიკური ენაა. როცა რამე გვავიწყდება, სინამდვილეში კი არ გვავიწყდება, ცნობიერიდან სიღრმეში გადადის. პაციენტები ხშირად თავიანთ თავებზე ტყუილებს თხზამენ. მითუმეტეს, თუ პაციენტი ისტერიულია. ბევრ რამეს ვერ ამჩნევს. ის ამჩნევს მხოლოდ ქვეცნობიერით. ეს აშკარად ჩანს ჰიპნოზის სედეგად. ადვილი საჩვენებელია, რომ მას ყველა დეტალი ახსოვს.

ფროიდმა სხვადასხვა ადამიანებზე შემთხვეული მეხსიერების დაკარგვა აღწერა. როგორც ნიცშე იტყოდა, სადაც სიამაყე ხელშეუხებელია, მეხსიერება გაცლას დააპირებს. როგორც ცნობიერიდან შეიძლება ინფორმაცია ქვეცნობიერში გადავიდეს, ისე პირიქითაც შეიძლება მოხდეს. ამ  შემთხვევაში ვიძახით, რომ ცუდი წინათგრძნობა გვაქვს. ადამიანის ფსიქიკის შესაძლებლობა შექმნას სიახლე, მნიშვნელოვანია განსაკუთრებით სიზმრის სიმბოლიკის გაგებისთვის. იდეები მოგვდის სიზმარში სიმბოლოებით. ეს სიმბოლოები ქმნიან ახალ ფიქრებს, რომლებსაც აქამდე არ გადაეკვეთათ ცნობიერის საზღვარი.

სიზმარი არ ჰგავს ისტორიას, მოყოლილს ჩვეულებრივად. ყოველი ინდივიდი განსხვავებულად იგებს აბსტრაქციას თუ საერთო გაგებას, მეტიც თავისებული ინტერპრეტაციით იყენებს კიდეც. სიზმრის ერთ-ერთი ფუნქციაა, მიგაქცევინოს ყურადღება იმაზე, რაც არ გაღელვებს, ვერ  ხვდები რომ შენთვის ეს პრობლემას წარმოადგენს. ხშირად ერთიდაიმავე სიზმარი ესიზმრებათ წლების განმავლობაში. ქვეცნობიერი რაღაცას მიანიშნებს. მათ არ ესმით და სანამ პრობლემა რჩება, სიზმარი ტრიალებს. ზოგჯერ ეს მიანიშნებს მომავლის სირთულეებზე. აქ არავითარი მაგია არ არის.

აი, ქალს ესიზმრებოდა, რომ რაღაც ხიფათი შეემთხვეოდა. ერთხელ მასზე მანიაკმა იხმარა ძალა. სინამდვილეში ეს შემთხვევა არ უნდა აღვიქვათ ისე, რომ სიზმარმა მომავალი გვიკარნახა. უბრალოდ ამ ქალს თავგადასავალი სჭირდებოდა და ქვეცნობიერად ხიფათები სურდა. ”თაგვმა თხარა თხარაო”.

განსაკუთრებით საყურადღებოა განმეორებადი სიზმრები. იყო შემთხვევები, როცა ერთიდაიგივე სიზმარი ესიზმრებოდათ ბავშვობიდან მოყოლებული. ეს შემთხვევა ზოგადად მიუთითებს ცდაზე, გამოასწორონ კონკრეტული დეფექტი სიზმარში მაინც. ზოგჯერ ასეთი სიზმრები ვხვდება ფსიქოლოგიური ტრამვის შედეგად.

მათემატიკა ფსიქოლოგიაში: სად არის სურათის თავი დამალული?

მათემატიკა ფსიქოლოგიაში

იქ, სადაც წარსულია.
-მეტის ნახვა->

ბოდვებზე და წიგნებზე

ტელეფონი უნდა გატყდეს.
ახლა საუკეთესო ვარიანტია შურისძიება საგანზე იდეის ნაცვლად.
ვხვდები გადაღეჭილ დებულებას, რომ მარტივად მსხვრევადია რწმენა ლოგიკის გარეშე და რა მარტივად შეიძლება დამზადდეს ლოგიკაც.
გთხოვთ, მომიტევოთ ჩემი წრიული მოძრაობა, ინსტინქტია ბავშვობიდან ღრმად ჩარჩენილი.
მომიტევეთ, რა თქმა უნდა, ამ სიტყვის ირონიული მნიშვნელობით, საკუთარი მეორე დაბადება.
პირველს არყოფნის რისკი დაემუქრა.
მომიტევეთ ჩემი გაორება ემოციურობის დაბალ ტონალობაში რომ შედგა.
მთავარია ტელეფონი გამორთული იყოს მიღებული ლოდინის ადვილად გადასატანად.
სარკის ეფექტს შეუძლია ნებისმიერი აზრის კოპირება.
ვდგავარ მის წინ და ვავარჯიშებ სავარცხლის სწორხაზოვან ბრუნვას.
ვფიქრობ, გულწრფელობას ჯერ არ მომიტევებს. არც ბოდვებს.
მეძინება საკმარისად, რომ არ დამეძინოს.
ასე ვიცი. ფიზიკურ ლტოლვას გონი არ მისრულებს.
ვიყოფი.
ვფიქრობ თავისუფლებაზე ნებისმიერი სახის მიჯაჭვულობისგან.
თუ ლოდინი არ მიყვარს, ტელეფონი უნდა გატყდეს.
****
ბიბლიოთეკაში ვაწყდები წიგნს ოკულტიზმზე.
”ფიქრების მიზანზე კონცენტრაციით, შესაძლებელია ნებისმიერს აიძულო დაკავშირება, შენი გავლენის ქვეშ მოქცევა.”
ჩემი სხვა მეუბნებოდა შემემოწმებინა, მითუმეტეს, მსგავსი ადრეც მიცდია.
გავითვალისწინე მწერლის მოთხოვნა და ჯერ მარტივი პროცედურით დავიწყე: ადგილობრივი მკითხველის კისერზე მივმართე მზერა და ფიქრი: ”ახლა მარჯვნივ მიიხედე”, ”ახლა მარცხნივ მიიხედე”, ”მინდა ჭერში აიხედო”..
წიგნში გაფრთხილება იყო, რომ საწყის სტადიაში შეიძლება არ გამოსულიყო, მაგრამ მგრძნობიარე ობიექტი აუცილებლად იგრძნობდა უჩვეულო ველს.
მე არ გამჭირვებია. ცდისპირი დამყოლი იყო.
საათიანი ვარჯიშის შემდეგ კონცენტრაცია მოვახდინე მაგიდაზე მიგდებულ ფუჭურ ტელეფონზე. სეანსს მაწყვეტინებს მესიჯი მობიფეისგან.  😦
მე მხოლოდ ამას თუ გამოვიწვევდი.
მერე ჩემი ცდის პირი მოდის და მეცნობა: ”შეიძლება თქვენთან დავჯდე? რა საინტერესო წიგნს კითხულობთ.”
მეღიმება: ”არა, გმადლობთ”.
და ვფიქრობ, სულაც არ მინდა, ტელეფონი გატყდეს. 🙂
****
ერთი საინტერესო სიზმარი ვნახე.
ცხოვრების მანძილზე სამი სახლი გამოვიცვალე. მათ შორის პირველში დიდი ხანი ვიცხოვრე.
სიზმარში არეულია სივრცის ობიექტური შეგრძნება და ჯერაც პირველ სახლში ვცხოვრობ, მგონია.
სკოლიდან სახლში ვბრუნდებოდი. ერთი გაჩერების მერე უნდა ჩამოვსულიყავი. ოცნებამ გამიტაცა და ერთი გაჩერებით გავცდი.
სიზმარში არეულია სივრცის ობიექტური შეგრძნება და რუმინეთის ქალაქ მოლდოვაში ავღმოჩნდი.
ყველაფერი ყვითელი იყო: სახლები, ცა, მიწა. უბრალოდ ადამიანები იყვნენ დაგრუზულები.
უკან გზა გაცილებით შორი აღმოჩნდა, ბევრი თავგადასავალი გამოვიარე.
თან ვღელავდი ოჯახის წევრების ნერვიულობაზე. ბოლო-ბოლო ვალოდინებდი.
გამეღვიძა. ტელეფონი ვეღარ ჩავრთე, ბატარეა მოეშალა.  მაინც არ მჭირდებოდა.
სამაგიეროდ, უბოტკინო სიყვითლის დადებითი განწყობა მაქვს.
ლოდინი არ მინდა, მოგზაურობა მინდა.
უფულოდ, მედიტაციით.

დაშორება სიზმრიდან

გწერ. იმაზე, რასაც ვერ ვამბობ ისე. რადგან უცხო ხარ. ჩემგან უცხო ხარ. ჩემით ვიგონებ: ახლოს ხარ და ერთად ვსუნთქავთ. ვუკრავ. შემთხვევით ჩავარდნილ ნოტას ვაჭერ. არ ვიმჩნევ, როგორც დადგმულ ფეხებს კაბაზე ცეკვისას. გაშლილ ხელებში გამოვექანე და წავიქეცი სანტიმეტრებით ფეხებთან ახლოს. არ მეყო ძილი. შენ საგანი ხარ. გამეღვიძება. მიზეზი? უმიზეზოდ. იმისთვის, რომ დავლიო ჩაი. ვინმეს მივწერო: დილა მშვიდობისა. და დაველოდო იგივე პასუხს. დილით შევამოწმებ საფოსტო ყუთებს. ოჯახში მივიღებთ შხაპებს და გავაკვირვებ მეგობრებს ქცევით. გამეღვიძება. მიზეზი? სიზმრებს გავექცე. კოშმარულ სიზმრებს. და ციფრულ სიზმრებს ფილმების სახით მივიღებ დილით. ასეთი ჩვევა მაქვს: ვიღვიძებ ხოლმე 🙂