გალიფრეელი მოხუცი და ზღვისფერი ჯიხური

tumblr_ncxur13zno1s4kizwo2_r1_500

როდესაც ჭეშმარიტი ინგლისელი სასუფეველში ხვდება, ჩაის სთავაზობენ. ასე იწყებენ საუბარს საფლავებიდან კიბერ ადამიანებად აღდგომის შესახებ. ვინჩესტერები ხომ ჯიუტები და გაბედულები არიან, კლარკ კენტი მეტროპოლისიდან ისეთი ძლიერია, მაგრამ გმირები ხომ გამუდმებით წუწუნებენ პირადი ცხოვრების გაქრობის შესახებ გლობალური მიზნებისთვის, ამიტომ მაოცნებებს ექიმი გალიფრეიდან: მიხაროდეს, რომ სინდისი მქენჯნის, ჯოჯოხეთურად მეშინიაო. ამიტომ ეს მან უნდა დაიცვას სამყარო მოსიარულე მკვდრებისგან ტრაუმის გარეშე. ოჰ, ღმერთო, როგორ მიყვარს ეს გალიფრეელი მოხუცი კაპალდი და მისი პოლიციის ჯიხური.
ინგლისი ცდილობს გამოვიდეს შექსპირული მონოლოგებიდან და თეატრი კინოს მოარიდოს. ამიტომაც აქციეს მეთ სმითი ბრიტანულ დუტა სხირტლაძედ და რა გადაცემა აღარ წააყვანინეს. ბოლოს გადიდგულდა და ჰოლივუდში მივდივარო. ახალ ექიმად კი შოტლანდიელი პიტერ კაპალდი მიიწვიეს. ადამიანი, რომელიც ექიმობაზე იმდენად ოცნებობდა, რომ თეატრალურზე ჩააბარა: ჯერ კიდევ სამოციან წლებში, 8 წლის კაპალდი სახრახნისით დარბოდა და ამბობდა, ერთხელაც მეc ვიმოგზაურებ დროსა და სივრცეშიო, – ბიბისიმ ძველი ჟურნალებიდან ამოქექა პატარა კაპალდის ღია წერილი. წამოდი, ოცნება ავუხდინოთო და დაურეკა: – ექიმს სთხოვეთ? კაპალდიმ: – ვინ ექიმს?
ვიცი, რომ მთვარე არაა უბრალო თანამგზავრი, გალაკტიკურმა დრაკონმა დადო, საიდანაც მალე მთვარის ბავშვი გამოიჩეკება. ვიცი გალიფრეის დამწერლობა, რომელიც საათის ისრის მიმართულებით იხაზება წრეზე. ვერ წარმოიდგენთ რა ლამაზია რთული შეწყობილი წინადადებები ციფერბლატებზე. ვიცი, რომ ჩახუტება მაშინ უნდა მიყვარდეს, როცა სახე უნდა დავმალო. ვიცი, რომ კიბერ ადამიანებს ემოციები არ აქვთ, მაგრამ სიყვარული მაინც შეუძლიათ. იმიტომ, რომ.. ჯანდაბა! ვინ თქვა, რომ სიყვარული ემოციაა, იგი პირობაა. ეს კი იმდენად საჩემოა, რამდენადაც გადაყვარების არ მწამს. მეც მეყვარება მოხუცი გალიფრეიდან ხმოვანი სახრახნისითა და უკიდეგანო ზღვისფერი ჯიხურით, ვინც კი ოდესმე მყვარებია, თუნდაც ბრიტანულ სასუფეველში მოვხვდე უემოციო კიბერ ადამიანად.

შეიწვება თუ არა კარტოფილი კოსმოსში?

04ba383da43b4e1794bb9cb945e427c59e0b7ec5

 -რატომ იყო საბჭოელი ბავშვი გონებაჩლუნგი?
– იმიტომ რომ მას არ ჰქონდა კომპიუტერული თამაშები.

ამას წინათ ბიბისიზე სტატია მომივიდა თავისი ტუტორიალებით კოსმიური კულინარიის შესახებ, რამდენად იყო შესაძლებელი ნულოვანი გრავიტაციისას ისედაც შხეფიან ზეთზე კარტოფილის დაყრა, რაც ჩემთვისაც პრობლემატურია. აღმოჩნდა, რომ მარსის გზაზე, მთვარეზე ბაღის მოწყობაზე და 2050 წელს დაგეგმილი კოსმიური ბავშვის დაბადებამდე, კოსმიური კულინარია მნიშვნელოვან ადგილს იკავებს უგრავიტაციობის შესწავლაში. მეტიც, ნასა სათანადო სემინარებს ატარებს და აცხადებს, რომ ასტრონავტებს კოსმოსში მზარეულებს გააყოლებენ, მხოლოდ პურზე და წებოვან თაფლზე რომ არ იყვნენ. ისიც ცნობილია, რომ აქამდე სივრცეში გაჭრილები ვიტამინებითა და პაკეტში ჩაყრილი მინერალებით არსებობდნენ.

თეორიული სივრცის მხრივ ჩემთვის ნაყოფიერი სეზონია ზამთარი, როცა ზაფხულის თავგადასავლები უარეს შემთხვევაში დათვურ ძილს მთავაზობს, ხოლო პირიქით – ინტროვერტულ სეირნობას მიწყობს და წიგნებს მაკითხებს. მაგალითად, რაც ნასამ სფეისშიპის “მართვის მოწმობების” გაკვეთილები ონლაინში გამოიტანა, მას შემდეგ წავიკითხე ჯოზეპ ჩამპერსის ნაშრომი “ფრენის მოდელირება“, სადაც ნაჩვენებია 1920 წლიდან დღემდე მფრინავი მანქანების ევოლუცია და ერთგვარ ლექსიკონს წარმოადგენს ფიზიკის, მფრინავი-ინჟინერის საბაზისო მცოდნე სტუდენტებისთვის. ეს ლექსიკონი საჭიროებს სულ ცოტა პროფესიული ინგლისურის ლექსიკონს მაინც. იმ მწირეთაგან მთავარი, რაც ნაშრომიდან გავარკვიე პროგრამებისა და ნაწილების პრიორიტეტების ჩვენებაა, რაც ევოლუციის გზაზე გამოიყოფა, რომლებიც მათ მაწარმოებელ თანამშრომლებს შეესაბამებიან. ასევე გამიტაცა ხელისგულისოდენა მფრინავმა მოდელებმა და ექსპერიმენტის ჩატარების აკადემიური ენით აღწერილმა თავგადასავლებმა. dc399ffca385ebb72bf639e860c4c1c5999856f4

მფრინავი ობიექტების გარდა კოსმიური არგონავტები თუ გაინტერესებთ, შეგიძლიათ წაიკითხოთ მარკ დ. ბოუელსის “აერონავტების აპოლო“. მასში აღწერილია კოსმოსში გადაყრილი საბიუჯეტო ამბებიდან ჩამოსულთა შოკურ თერაპიამდე. ენა საინჟინრო ნაშრომთა შედარებით მეტად ჰუმანიტარულია და ისტორიის მოყვარულთათვის ნატურალისტურად აღწერილი ფაქტებით გამოირჩევა. კოსმოსზე წიგნებიდან საკმაოდ ცოტა მაქვს წაკითხული, თუმცა მათ შორის იმით გამოირჩევა, რომ ყურადღება ინჟინერიადან ინჟინერებზე, მათი შემოქმედების მეთოდებზე მახვილდება.

ამასობაში, მხატვრული ლიტერატურის კითხვა გაცილებით მიჭირს, დოკუმენტური პროზა ჩემზე იმდენად მოქმედებს, რამდენადაც, თავის დროზე, საკუთრივ პროზამ იმოქმედა პოეზიაზე. ეს მოხდა ბაკალავრიატში სწავლისას, როცა მოდის ინდუსტრიაზე წიგნებს ვათვალიერებდი, ამიტომ არ არის გასაკვირი, რისი წაკითხვაც მინდა მოვასწრო დღესასწაულებზე. ეს არის დენის ჯენკინსის წიგნი კოსმიურ ჩაცმულობაზე, იმ მნიშვნელოვან ატრიბუტზე, ხომალდის ინჟინერიასთან ერთად, ადამიანსაც რომ გაიყვანს, წაიყვანს, გადაკარგავს.

4648659c12cd919edf42fdd86ac374b2378fe2d7

ჩრდილოეთის ნახევარსფეროს კალენდარი, 2014

აქედან შეგიძლიათ გადმოწეროთ ახალი 2014 წლის ასტრონომიური კალენდარი, რომელიც შეიცავს მთვარის ფაზებს, მეტეორების ცვენას, მაგნიტური და სხვა დღეების აღნიშვნას. მალე დედამიწა დანიშნულების ადგილამდე მივა და აღვნიშნავთ. აქაო და, ცხენის წელი მოდისო, ხეტიალი უყვარსო, გაგარინიც მშვილდოსანი იყო და სახლში ვერ გააჩერებდიო. მაგრამ მთავარი ყოველ წლიურად მიმატებული დღის მეოთხედია. ყოველ ოთხ წელში თებერვალს რომ აიძულებს კალენდარში 29 რიცხვის დამატებას. ვერც მასობრივმა მონდომებამ დაძრა დედამიწა და მთელი მასშტაბით ჩატარებული საერთო რიტუალის მიუხედავად, ახალ თარიღთან ექვსი საათით აცდენა ხდება. საყვარელი დაბადების დღის მილოცვაც კი უბრალო თარიღია და არა დედამიწის განლაგება მზესთან ზუსტი პოზიციით ღერძთან მიმართებაში. თუ კათოლიკეები დაბადებას 25 დეკემბერს აღნიშნავენ, ხოლო მართლმადიდებლები კალენდარში ცდომილებას აბრალებენ და 7 იანვარს, ასტრონომიულად თარიღი მოძრავია და მზის არაბუნიაობის, მზის კულტის ჩასანაცვლებად გამოიყენება. თუმცა ასტრონომიულადაც საინტერესოა ეს პერიოდი, მზის სითბო ჩრდილოეთი ნახევარსფეროდან სამხრეთში ინაცვლებს და სამხრეთში გაზაფხული დგება.

ერთხელ პატარა ანნა ბლუმი დედამ პირველად წაიყვანა დაკრძალვაზე. ბევრი ვიტირე თუ ცოტა ვიტირე, სევდა სხვა სტუმრებზე მეტი გამომივიდა. მიზეზი რომ მკითხეს, ვუპასუხე: მატყუებდით, რომ სიკვდილის მერე ცაში ხვდებიან, მიწაში ჩადიან მეთქი. მერე ყოველ ღამე რომ არ მეტირა, დედა შთამაგონებდა, რომ განსაკუთრებული ვიქნებოდი და ცაში წავიდოდი. ჩემი წლის გეგმა მხოლოდ ერთია: თვითმფრინავით მაინც წავიდე.

ea45467b2092feed2b90ea42c2a8b61fcb598b0c

ფოტოსურეალიზმი და კონსტუქტივიზმი

რეალისტურ ფოტოგრაფიაზე მეტად მხატვრული ფოტო მაინტერესებს, მათ შორის, სურეალისტური, როცა ფანქარი და ფოტოგრაფია თანამშრომლობას ცდილობენ. მისი ფესვები დაახლოებით იმდენი ხანია არსებობს, რამდენიც თავად ფოტოგრაფია. გილბერტ გარსინი თავიდან ლამპების ქარხანაში მუშაობდა და მელანქოლიკი გახდა. ეტყობა ჯინი არ გამოეცხადა და საკუთარი ჯინის ძიება დაიწყო ადამიანური და საყოფაცხოვრებო აბსურდულობით. გაურბოდა სივრცისა და დროის ადეკვატურ ასახვას. დაიბადა 1929 წლის საფრანგეთში. ფოტოების დასამუშავებლად იყენებდა წებოსა და მაკრატელს. საკუთარი თავის მოდელი იყო და მიეწოდა ”მისტერ ევრიბადის” ტიტული. იმ დროისთვის აქტიურ ფსიქოანალიზსა და ექსისტენციალიზმს დასურათების სახით წარმოაჩენდა. ასევე კაფკას, გოგოლის, ჩაპლინის და სხვათა სიუჟეტის ფოტო რეპროდუქციას. იდეების გასაგებად, საინტერესოა სათაურების წაკითხვა. გთავაზობთ რამდენიმე ნიმუშს:

კოლექციონერი

დაფარული ნივთები

ცხოვრება მშვენიერია

მექანიკური წყვილი

არაფერია იდეალური

თავის ძიება

ზუსტი ანგარიში

სურვილი, რომ შეიცვალოს მსოფლიო

დიოგენური ან ლუციფერული

თავაზიანობა

პროგრესში მუშაობა (გადაღებულია თავად მეუღლესთან ერთად)

მამოძრავებელი ამბიციები

უპატრონო

მომავალი ის აღარაა, რაც იყო

ცვლილების ქარი

სიზიფეს შრომა


სიზიფეს გაუცრუვდა იმედი

გააჩერო წარსული

აქცენტი სიცარიელეზე

ციხე

თავის დაკარგვა

გადაცვლა

ავტო კონტროლი

შემოდგომა

ხარის თვალი

ბედნიერი ხელოვნის არ არსებობა

არჩევანის არსი

ბაბილონის გოდოლი

მუზეუმში

აკრძალული

განმეორებადი წინააღმდეგობანი

გადარჩენა

მანძილი ნაკვალევს შორის

ინი და იანი მალევიჩისგან

დასაჯავშნი ადგილი

ადამ და ევა

უცხო

ზურგის გაელვება

პარიზის განაჩენი

დავიწყებული

ინდიფერენტული

მეხსიერება

იქ,სადაც მთავრდება შენი და იწყება სხვისი

დავიწყების მექანიზმი

ქალაქი

შემთხვევითობა

საუკეთესო მომენტი

უთანხმოება

ხელოვნებაზე შეყვარებული

დრო და სივრცე

დაჯავშნა

მოწმეს არ აინტერესებს

სისუსტე

შეუძლებლობა

ცოლ-ქმრის გეომეტრია

ცხოვრება ნულოვანი მოსახლეობით

სუნს ვერ ვგრძნობო, – ჯერ ერთი პაციენტი გამოჩნდა აკვიატებული იდეეით. საგანგებო არ იქნებოდა, მაგრამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ანალოგიური შემთხვევებიც დაფიქსირდა. ვირუსს დააბრალეს, მაგრამ დარწმუნებით არ იცოდნენ როგორ ვრცელდებოდა. სცენარში აღქმის შეწყვეტა ყნოსვით დაიწყო, უფრო სწორედ, ჯერ განვლილ ცხოვრებაში ნაყნოსი მასალა ერთბაშად იგრძნეს, მათი ერთიანობით კი მომავლის ფობიები დაეწყო ქალაქს. შემდეგ ყნოსვა შეწყდა, როგორც განგაშის პირველი ნიშანი. შინაარსი საავადმყოფოსა და რესტორნის ირგვლივ მიმდინარეობდა. ხალხმა პირში ყველაფერი ჩაიტია და გემოვნებაც შეწყდა. ექიმები პანიკას არ ტეხდნენ, ცდილობდნენ კორექტულობა შეენარჩუნებინათ, მზარეულები კი მაინც ამზადებდნენ კერძებს იმ კლიენტთათვის, რესტორნები თავშეყრის ადგილად რომ აქციეს, იკრიბებოდნენ და საუბრობდნენ. ერთხელ იჩხუბეს. ექიმები ყნოსვასა და გემოს ერთმანეთს უკავშირებდნენ, თავს იმშვიდებდნენ, მეტ ორგანოს აპოკალიფსი აღარ შეეხებაო, მაგრამ უყვიროდნენ ერთმანეთს და სმენა დაკარგეს, პირდაპირი გაგებით მათ მოსმენა აღარ შეეძლოთ. სამაგიეროდ, ხედვა გაუმძაფრდათ, უყურებდნენ ერთმანეთს და თვალებში შესციცინებდნენ, მერე ხედვაც დაკარგეს. ეკრანი გაშავდა. გაშავდა, მაგრამ ვხვდებით, როგორ კონტაქტობენ ადამიანები, შეხებაში ატარებენ ცხოვრებას. ფილმი სრულდება. მაგრამ ლოგიკური დასასრულის საზარელი შეგრძნება დამრჩა, რომ ტკივილამდე შეეხებიან, იქამდე, სანამ უკანასკნელი ადამიანი მიკარების აღქმას დაკარგავს. ასე ადამიანები ვეღარ დაიბადებიან. ეს აპოკალიფსია.

სცენარი რეპროდუქციულად გამოუსადეგარი და მექალთანის სასიყვარულო კავშირის ირგვლივ მიმდინარეობდა, რომელიც სიყვარული არც ყოფილა, მე თუ მკითხავდით. არა და ზედმეტად რომანტიკულ ტალღაზე ჩანდა. უბრალოდ, სამყაროს დასასრულის შეგრძნება იმდენად გამძაფრდა, რომ მარტოობის გამო მათზე ძლიერ სამყაროში ადამიანებმა ერთმანეთი ხელოვნურად ირგძნეს, გაერთიანების შანსი აღიქვეს. ამით სცენარი რომანტიკულ იდეად შემოსაზღვრეს და გაერთიანების სხვა ხაზი მოსპეს. დედამიწის მოსპობის უამრავი იდეაა შემუშავებული, ჯერ კიდევ ქრისტეს თანამაცხოვრებლებს სწამდათ, რომ დესტრუქცია მათვე დაემუქრებოდათ, ციდან ჩამოფრენილი ანგელოზების სახით კოსმიური შეტაკებების, ეკოლოგიური თუ ომის მიზეზით, მაგრამ სამყაროს აღქმის დაკარგვა, ვფიქრობ, ყველა მიზეზს აერთიანებს. მეტიც, შეიძლება სწორედ აღქმის სურვილია ცხოვრების საფუძველი. ამ საკითხს კვანტური ფიზიკის კუთხით თუ მივუდგებით და შეხების არ არსებობაზე ვისაუბრებთ, თუ არც მატერია, როგორც ასეთი არ არსებობს და ის ენერგიის სახეობრივი გამოვლინება, მისი შეგრძნება  აღქმაზეა დამოკიდებული. აღქმაზე, რომელსაც თავისთავად მიმღეობა და პასიურობა ახასიათებს სიცარიელეში. სიცარიელეში იმიტომ, რომ არაფერი ეხება ერთმანეთს, ყველაფერი სიცარიელეა, ენერგიის ანუ ღმერთის სიმულაცია და მატერიას მას ანიჭებს გონება. თუ სამყარო ღვთისგან მისი პრაქტიკაში გამოცდის გამო შეიქმნა, რათა ღმერთს ენერგია მატერიად ეგრძნო, აღქმათა ლიკვიდაცია, თავისთავად მოიცავს დასასრულს. თუ საკითხს რელიგიური თვალსაზრისით მოვეკიდებით, ღმერთი/ები რომ მოკვდეს/ნენ, ეს კი დასაშვებია მისი/მათი ყოვლისშემძლეობის გამო, ალბათ შეუძლია(თ) თავის ლიკვიდაციაც, მთელი მისი სამყაროები განადგურდება. პირველ რიგში მისი აღქმა, რადგან რელიგიები იმაზე თანხმდებიან, რომ მატერიალური სამყარო შეცნობის, აღქმის გამო შეიქმნა.  მენდელბორტს აქვს სამყაროს გრაფიკული ანალიზი მოყვანილი, რომელიც იმ იდეას ემხრობა, რომ მატერია, როგორც ასეთი, არ არსებობს და ის ენერგიის გამოვლინებაა, აღქმის საშუალებით რომ სახეს ვაძლევთ. თეორიის მიხედვით სამყაროს გრაფიკული ანალიზი მოგვცა და მის შრეებს გაუსვა ხაზი. საბოლოო აპოკალიფსი ამ შრეთა გაქრობით თუა დასაწყისი.

ამ ბოლო დროს კი ძველად ნანახი სატელევიზიო შოუს ყურება განვაახლე, რომელსაც ”ცხოვრება ადამიანების შემდეგ” ჰქვია. ფილმი პოსტ-აპოკალიფსური სამეცნიერო ფიქციაა და ორიენტირებულია კაცობრიობის ამოწყვეტის შემდგომ მდგომარეობაზე. თითო სერიაში თითო საკითხია დასმული, მაგალითად, თუ ერთ სერიაში საუბარია შენობათა მდგომარეობაზე ადამიანთა შემდეგ, მეორეში საუბრობენ ცხოველების არსებობაზე უადამიანო სივრცეში. შექმნილია მოვლენათა განვითარების ვირტუალური დრო, რომელიც ასევე, სამეცნიერო ფიქციას წარმოადგენს. სამაგიეროდ, არ არის ნაჩვენები ადამიანთა განადგურების მიზეზები, არამედ – შედეგები. პროცესი ბოლო ადამიანის ამოწყვეტით იწყება და ამის გამო შეიძლება წინა ნახსენები ფილმის გაგრძელებად ჩავთვალოთ. მასში ნაჩვენებია ადამიანთა მხოლოდ გვამები და მათი გახრწნის შედეგები. იგი სტრუქტურულ-ბიოლოგიური ნგრევის მაგალითებს გვთავაზობს სპეც.ეფექტთა გამოყენებით და, როგორც მივხვდი, ძირითადად, ამერიკაზეა ლოკალიზებული, თუმცა მსოფლიოში მომცველია. ფილმისთვის მაბრუნებელი ფრაზაა: ”კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დედამიწაზე ნულოვანი მოსახლეობით”. მოდი, ერთად ვადევნოთ თვალი:

1 საათის შემდეგ ჰიუსტონში (და სხვა ადგილებში) ნავთობის ტერმინალი ნადგურდება. ერთ ცისტერნაში მაინც გათავდება ნავთი, რის გამოც რეაქტორში წნევა მოიმატებს. მოხდება აფეთქება და განადგურდება მიმდებარე ტერიტორია. ხანძარი 1 თვის განმავლობაში იქნება.
 
1 დღის მერე ელექტრო სადგურების უმეტესობა მუშაობას შეწყვეტს და დენი ყველგან გაითიშება. ქარის გენარატორები აგრძელებენ მუშაობას, თუმცა დროთა განმავლობაში კომპიუტერული პროგრამები ბიძგის გაგზავნას წყვეტს და ქარის ტურბინი იმსხვრევა.
ჰუვერის კაშხალზე წყალი ახდენს ზემოქმედებას, ამის გამო მეთვალყურეობის გარეშე დიდხანს (თვეები, წელიწადიც) ძლებს. ასე რომ, ლას-ვეგასი ერთადერთი განათებული ადგილი იქნება და ეს კოსმოსიდანაც გამოჩნდება. მხოლოდ წყლით მოწოდებული ადგილები გადაურჩება დენის შეწყვეტას. მაგრამ დრო გავა და ბოძებიც ჩამოინგრევა.
 
2-3 დღეში ბევრი ქალაქის მეტრო სადგურები წყლით დაიფარება, რადგან მიწის ქვეშა წყლებს ვერავინ გააკონტროლებს.
ნავთობი უკონტროლოდ გაედინება მილებში და როცა ნაკადად მოაწვება, მილს გახეთქავს და ოკეანეს მოეფინება.
ფეთქვას დაიწყებს დენის გარეშე დარჩენილი ქარხანები.
მუზეუმებში ფიტულები ვენტილაციის სისტემის მოშლის გამო ჩამოიფშხვნება.
ალბათ ლამაზი სანახავი იქნება, შაქრის ქარხნის შეფერხება: შაქარი პუდრად იქცევა და ცაში აიფანტება. იმ დღეს მიწა გატკბილდება.
 
1 კვირაში – 10 დღეში საკვები გაფუჭდება.
შინაური ცხოველები და ფრიველები ნარჩენების ჭამას იწყებენ, სვამენ მაცივრებიდან გამოჟონილ წყალს, მერე ორი ვარიანტი აქვთ: გარეთ გააღწიონ ან შიმშილით მოკვდნენ.
ბუკინგემის სასახლეში სამეფო ძაღლები უფრო დიდ ხანს დარჩებიან.
ზოოპარკებიდან ცხოველები ვერ აღწევენ.წყლის სისტემა მწყობრიდან გამოვა. მილები დალბება და წყალი გამოჟონავს. რაც გზების დაშლას გამოიწვევს.
და აი, ბიგ ბენის საათიც გაჩერდება. გაჩერების მერე საუკუნე გაძლებს.
ატომურ სადგურებში წყალი შევა და დაიწყება სისტემატიური აფეთქებები.
 
1-2 თვის მერე გაუხრწნელად შენახული გვამებიც იწყებენ გახრწნას.
მარადიულ ცეცხლში ნავთობი გათავდება და პირველივე წვიმა ჩააქრობს მარადიულ ცეცხლს.
კომპიუტერით მარად მოძრავი მანქანებიც შეწყვეტენ გაკვალულ გზაზე სიარულს.
 
6 თვეში თაგვები და ხვლიკები ხრწნად მასალას შეჭამენ და ქალაქიდან გავლენ, ქალაქში ბინას მტაცებელი ცხოველები დაიდებენ.
 
ერთ წელში მცენარეები სკვერებში და შენობებზე ხრწნას დაიწყებენ. ადამიანებისგან დაცული კუნძულები წყლით დაიფარება.
 
2-3 წელში ელექტრონული საათებიც გაჩერდება.
ცხოველებსა და ქვეწარმავლებში დაიწყება კანიბალიზმი. შეუვალი ადგილებიდან  ავადმყოფური ფორმის ბალახები მოედება მიწას.
 
10-50 წელში ბალახები შენობებშიც ამოვა. მანქანები და თვითმფრინავები ნგრევას დაიწყებს. ამინდის გამო ინგრევა შენობები. ჩამოიშლება მხატვრული ხელოვნების ნიმუშები, ფრესკები.
თუთიყუში დამახსოვრებულ ლაპარაკს განაგრძობს. 
 
100 წლის მერე უკანასკნელი თუთიყუშიც მოკვდება, რომელიც ადამიანის ენაზე ილაპარაკებს.
 
1000 წლის მერე გამოქვაბულები მთლიანად დაკარგავენ თავიანთ იერსახეს.
გადაშენდებიან ბოლო ოჯახები, რომლებიც სიკვდილს დაემალნენ.
წყლით გაფართოვდებიან არხები.
წყლით დაფარულ დედამიწაზე ჩამოვარდებიან თანამგზავრები.
 
მილიონი წლების მერე დამარხული მიცვალებულები დაკარგავენ თავიანთ ჩონჩხსაც და მისი არსებობის თითქმის არანაირი კვალი აღარ შეინიშნება. ადამიანი ბუნებასთან აითქვიფება. ერთადერთი რაც დარჩება ადამიანს რომ გაახსენებს სამყაროს, ეს პლასტმასი იქნება.
 
 

ფილმი ან სერიალი თავად შეგიძლიათ ნახოთ, უფრო მეცნიერულად და წვრილად გადმოსცემს განადგურების თითოეულ ეტაპს. იმას წააგავს, ზღაპრებში ბოროტ ჯადოქარს თუ მოკლავდი, მთელი მისი ქმნილებები რომ ქრებოდა. როცა  შობადობისა და სიკვდილის საკითხებზე მეგობართან ვსაუბრობდი, კინო დარბაზში ვიყავი, პოპკორნი და კოლა მეჭირა, ტედის კონფერენციაზე ჰანს როსლინგის გამოსვლაზე მიამბო, რომ ადამიანთა რაოდენობა ათ ბილიონს არასდროს გადააჭარბებს, რომ პოლიტიკოსთაგან დაგეგმილი პანიკაა ის, რომ შიგადაშიგ სამყაროს ჰიგიენა ანუ ომი სჭირდება. ასე, რომ საერთაშორისო ურთიერთობის ლექციაზე მოსმენილი ფრაზა: ფუტურისტულ სამყაროში ადამიანები შიმშილისგან ერთმანეთს შევჭამთ, კიბერ ლიტერატურას რჩება. ავტორს თეორიის დასამტკიცებლად, რელიგიათა კლასიფიკაცია მოჰყავს, სხვადასხვა დროსა და სივრცეში შობადობის დონის აღნუსხვით და აღნიშნავს, რომ ადამიანები მოცემულ ზღვარს, ძალიანაც რომ უნდოდეთ, მომაკვდავი ბუნების გამო, ვერ გადააჭარბებენ. საინტერესოა, წარსულსა და აწმყოზე დაკვირვებით, მომავლის თეორია. პოსტი რომ 500 სიტყვაში ჩამეტია, დაზღვევის კონკურსზე წარვადგენდი. 🙂

ფაუსტის მშვენიერი მანქანა

უძილობისას, როცა ფანტაზიას ცხვრები ამოეწურა, გადავწყვიტე,  დროის მანქანა შემექნა, არა იმიტომ, რომ ვაშლი დამეცა თავზე, არამედ, საათის ისრის წიკწიკის გამო.
მახსოვს, როცა რამე ცუდი შემემთხვეოდა, დროს დავხედავდი, სახლში მისული კი საათს იმ მოცემულ დროზე დავაყენებდი და სურათს ვუღებდი. რაღაც ეშმაკის მანქანებით ვღუნავდი, დალის საათებივით მოჩვარულს ვხდიდი. უამრავი ფოტო დამიგროვდა.
შემაჩვიეს, რომ გაშეშებული წამები ჩიტების გამოფრენით იწყება. ეს კამერის მისტერია იყო თოვლის კაცუნაზე მეტად რომ მჯეროდა.
მოჭუტული თვალებით ვიფიქრე, რომ ადამიანები წარსულით ვცხოვრობთ, ცნების პირდაპირი თუ ირიბი გაგებით.
ანუ არაფერია ისეთი შედარებითი, როგორიც აწმყო, როცა თუნდაც დანახვა სინათლის სწრაფ ფეხებზეა დამოკიდებული, შეხება ტვინის ფუნქციისთვის მიწოდებულ ბიძგზე, რაშიც დრო გადის.
სადაც არ უნდა გავიხედო, მე წარსულს ვხედავ. წარსულს, პირდაპირი გაგებით.
ვიფიქრე, რომ წამის მიმართულება ორგვარი შეიძლება იყოს, – ინტრო ვერსიაში განვითარებისკენ და გარემოს მხარეს.
ხანდახან მგონია, რომ არსებობს მხოლოდ შეგრძნებული წარსული და შესაგრძნები გასავლელი მანძილი და ჩვენ მათ შორის შეჩერებული წამი, რომლით ტკბობაც ან სხვა განცდა არ შეგვიძლია.
აწმყო ფოტოსურათი შეიძლება მხოლოდ იყოს, თუ მას მატერიად არ აღვიქვამთ ქაღალდზე დინამიკურად დადებული მტვერით.  მისი შექმნით, აწმყოს პოტენციას ვიჭერთ.
იმ პოტენციას, რომელიც პირველი ნაბიჯია დროის მანქანის შექმნის თეორიულად მყოფ, მაგრამ პრაქტიკაში არ არსებულ დროსთან შეხების გამო.
მერე ვიფიქრე, რომ დროის საკონტროლებლად მისი არა მხოლოდ შუა, უკიდურესი წერტილების ფლობაც უნდა შევძლოთ და ამ კონსტანტის ენერგიის მატერიად მიმართვა.
თავად ტერმინი ”დროის მანქანა” ხომ ერთის მხრივ, დროის, მეორე მხრივ, სივრცის იარაღის შერწყმით მიიღება. შექმნა მანქანა ნიშნავს მოახდინო დროის ვიზუალიზირება.
დრო, როგორც დამოკიდებული ერთეული, ეჭვის ქვეშ დადგა, მისი სივრცის სხვადასხვა წერტილიდან აღქმის გამო.
გრინვიჩი, სადაც, პირობითად, დრო იბადება, წრიულობის გამო, დედამიწის ათვლის წერტილი არ არის, ხოლო მანქანის შესაქმნელად დროებს სივრცის აღქმაც უნდა შევუთავსოთ. ანუ არა მხოლოდ სინათლის სიჩქარის დაპაუზება და მასზე სწრაფად ან საპირისპიროდ სიარული უნდა ვისწავლოთ ( აქ, ზღვისა და ნიჩბის მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ: მომავალში გადაადგილება წარსულზე იოლია, ამ უკანასკნელის სინათლის სიჩქარის დინების საწინააღმდეგო მხარეს მოძრაობის გამო), არამედ მისი არსებობაც სივრცეში.
თუმცა რაც არ უნდა წავიდე წარსულში, მაინც მომავალში ვიქნები, რადგან თავად წარსულში დაბრუნება სვლაა მომავალში, სპირალისებული განვითარების დინამიკა არ წყდება. ანუ დრო მაშინაც უძლეველია, როცა მისი მაკონტროლებელი მანქანაა შექმნილი და ეს მანქანა მუშაობს.
თუ კოსმოსში დრო მიწასთან შედარებით არ არის ადეკვატური, მათ შორის საზღვრის პოვნაა საჭირო. წერტილი გარდამავალი ზონის.
ამბობენ, რომ თუ შავი ხვრელი ბევრ სივრცეს შეჭამს, დარჩენილი სივრცე დამოკლდება, დაიჭმუჭნება და დრო შედარებით სწრაფად გავა ხოლმე.
ამ ფიქრზე შემეშინდა.
ისიც ვიფიქრე, ცხოვრება უნდა ამოვჭრა, დავჭმუჭნო და ისე შევკრა, რომ წარსული რეალობა ერთმანეთს მიეწეპნონ, – შორი წარსული და აწ უკვე წარსულად ქცეული აწმყო.
აქ მიჩნდება კითხვა სივრცისა და დროის პირველყოფილობის შესახებ.
არ ვიცი ბოლო თუ აქვს, მაგრამ დასაწყისი ექნებოდა.
კვერცხის და ქათმის ანეგდოტივით შეიძლება მართლა ერთი წერტილიდან ერთდროულად შეიქმნენ. დრო და სივრცე ერთმანეთია და ქაოსიდან გამოწვეულმა განსხვავებებმა მათი წარმოშობა განაპირობა.
საბნისა და ბალიშის შორის წამის დაჭერა ვცადე.
მერე ვიფიქრე, რომ დრო თუ არის სივრცის ნაწილი, წარსული და მომავალი ისევე აწმყოა, როგორც სხვადასხვა ადგილი სივრცის სიბრტყეზე განთავსებით. ანუ ერთადერთი ჭეშმარიტება აწმყოა, პარალელურად განლაგებული სხვა დროებით სხვადასხვა არა ეტაპზე, არამედ ადგილას.
შეგვიძლია თამამად ვწეროთ კაცობრიობის ან ადამიანის განვითარებაზე მხატვრული გზის და მოგზაურობის გამოყენებით.
შეგვიძლია მოგზაურობა თავადაც ვცადოთ.
შეგვიძლია მოგზაურობა ტრანსპორტის მეშვეობით და ფეხით. ოღონდ ფეხით ან შორს ვერ წავალთ ან გაცილებით დიდი დრო და ძალა დაგვჭირდება.
თუ დრო არსებობს, მისი კონტროლის გზებიც არსებობს, თუ არ არსებობს, შეგვძლებია მისი გამოგონება. ყველა გზა მანქანისკენ მიდის.
ჩვევების ქონა პირველი სიმფტომია რეალობა წარსულით აღქმული გვქონდეს.
მეგობრები მახსოვს, შეუხებლად ჯერ ასანთის გადაწევას რომ სწავლობდნენ, მერე ისრის. ისარი თვალსა და ხელს შუა ორი წამით იწევა და აზარტში შედიან. და ფიქრში, რომ მეტი ენერგია აიღონ სერიოზული გადაწევისთვის. ზოგი მცენარიდან ცდილობდა აღებას, ზოგი – ცხოველიდან, ზოგიც – ადამიანიდან. ისტორიის ბოლო არ ვიცი. არც მათ იციან.
ისიც ვიფიქრე, რომ დროს პერიოდული აღქმა ახასიათებს. ასაკსა და პერიოდზეა დამოკიდებული მისი შენელება თუ დაჩქარება. გაჩერებაც.
გაჩერება, როგორც  გარემოს დინამიკურ მოძრაობასთან შეფარდებით ტვინის სტატიკურად გახდომა, გაშეშება. აწმყოს აღმოჩენა-გახანგრძლივებით დაბერების შებრკოლება და შეიძლება გადახტომაც  ტვინის იმ ნაწილზე ზემოქმედებით, დროის აღქმაზე რომაა პასუხისმგებელი. ამას ჰქვია ინტუიცია.
ინტუიცია, როგორც მახსოვრობა მოვლენათა თანმიმდევრობისა გაუხსენებელ წარსულში და სიბრტყეზე დროის წინა ჰორიზონტის ხედვა. ამ მხრივ, წინასწარმეტყველური სიზმრებიც სხვა არაფერია, თუ არა, ხედვის მექანიზმის სტიმულირება.
ამ თეორიით, იმდენი სივრცეა, რამდენიც დრო, როცა იმდენი დროა, რამდენიც სამყარო.
გავიტრუნე. ტვინში იმ წერტილს დავუწყე ძებნა, დროის მსვლელობას რომ მითიშავდა. დაძინება დიდი ხანია აღარ მინდოდა.
გაშეშების მერე, ვასკვნიდი, დროის არსებობა პარალელურ სამყაროებს წარმოშობს და მისი რაოდენობა იმდენივეა, რამდენიც ყველა შესაძლო გაელვება ნებისმიერ არსებულთან მიმართებით.
ისიც გამეფიქრა, რომ შეიძლება ყველაფერი ბლეფია და დრო ილუზიაა, ენერგია, ოღონდ რომელიც ფიზიკის კანონებში ვერ ჯდება. არა კონსტრუქციულია.
ეს კონსტანტაზე მიუთითებს, ილუზიის მიერ საათების გამოყენებით ძალით შექმნილი არც სუბსტანცია ორგანიზატორული სულის გასაღვივებლად.
მერე ისიც ვიფიქრე, რომ დრო, რომელიც ჰორიზონტალურად, ჩვეულებრივ, მარცხნიდან მარჯვნივ მოძრაობს, თუ არ შეუძლია ვერტიკალური მოძრაობაც  განახორციელოს, მიმართულება ამაოდაა სივრცეში დაკარგული.
შეიძლება, წარსული არც ერთ სივრცეში აღარ არსებობს. თითოეული გაელვება მკვდარია და რა კარგი გამოთქმაა: დროის დაკარგვა.
ამ შემთხვევაში, მისი სახე მომავალში გამოცდილების სახით არსებობს მხოლოდ და მე თუ უძილობა მაქვს უთვალავი წარსულის გადმონაშთი აჩრდილი თავს დამტრიალებს და ორგანიზმის პროცესის შენელებაში (ძილში) მიშლის ხელს.
ამ შემთხვევაში, მე ყოველთვის ვკვდები. ვკვდები ყოველ ჯერზე, როგორც კი წამი გადის და იბადება ახალი მე ჩემში, რომელიც პოტენციაა, რომ მოკვდეს და ერთხელაც აღარ დაიბადოს.
განადგურებამდე ამბობენ, სინათლის სიჩქარეზე სწრაფი გადაადგილება შესაძლებელია, ეს კი პირველი ნაბიჯია, დროს გადავუსწროთო.
ჯერ სიგნალები გადაუგზავნიათ მომავალში, სატელევიზიო არხები, სულ ამას იმეორებდნენ. ადამიანებსაც გადავგზავნით, – ფრთხილად იპირებიან.
მომავალს რომ გადავხედოთ, თუ შვილი მეყოლება, ვურჩევ, რომ ტურიზმი პერსპექტიული სფეროა, ჩააბაროს.
ცოტა ხანში შეიქმნება ტურისტული სააგენტოები და ფოტოაპარატით ხელში, დაბნეული სახეებით დროებს დავათვალიერებთ. გავხსნით ცემენტის სასტუმროებს ქვის ხანაში და კიბერ მომავალში ქოხებს ავაგებთ, – ანუ დროებს აწმყოდ ვაქცევთ.
ადამიანები ყველაფერს ვაჩანაგებთ.
გამოვფხიზლდი.
ახლა ისეთი რაკეტა გვინდა დროზე სწრაფად რომ იფრენს, მაგრამ მფარველ ანგელოზზე ნელა.
უკან ის ფიქრი დავაბრუნე, ვკვდები ყოველ ჯერზე, როგორც კი წამი გადის და ახალი პოტენციური გვამი იბადება მეთქი.
ცხოვრების სიცარიელით დამძიმებული აღქმა მაქვს და ყოველ ჯერზე არაფერი მტკივა. საშინელი ტკივილები იცის არაფერმა. არ არსებობის გამო ვერ უმკურნალებ.
არაფერზე გამახსენდა, როცა ასტრონომები კოსმოსში გავიდნენ და ცის იქით ღმერთი ვერ ნახეს, ღმერთი არ არსებობსო, აღნიშნეს. დრო თუ კონსტანტაა, დრო ღმერთია. ენერგია, რომელიც ყველა გამოვლინებაში ნაწილდება და ერთადერთია, რომელიც ყველაფერშია. მისი კონტროლით ღმერთი ხარ. სხვა რაღა თვისება უნდა გაგაჩნდეს.
****
უძილობას ძილის გადაგდებით ვძლევ, პერანგიანი ვდგები სარკესთან და თავს გაურკვეველ აწმყოსა თუ წარსულში ვხედავ. ჩამოკიდული მკლავებისა და მუქი ფანქრის მსგავსად დახაზული შუბლის პარალელურად. მიჩნდება შიში არა მომავლის არსებობის, მისი გაურკვევლობის გამო. შიში არა იმისა, რომ სიბერე ულამაზოა, დამძიმებული ცხოვრების გამო სილამაზე ასაკთან ერთად, ვეღარ აღვიქვა. თავს ვატან ძალას და ვაშეშებ:
”წამოდი, წამო! შეჩერდი, მშვენიერი ვარ!”

жизнь как в кино

მგონია, ავეჯით გადატვირთულ სახლში მხოლოდ სკამია.
ისეთი, ქანქარასავით მოძრაობა რომ შეუძლია.
მაგრამ მე გაშეშებული ვზივარ, წერტილის პოზა მიჭირავს და საგნებს დროის მანქანად ვიყენებ.
არაფერი დამიტოვა გასახსენებლად.
გამოგიგონე, რომ შემეყვარეო.
კალამი რომ გაგითავდება დიდხანს წერისგან მაინცდამაინც წერტილის დასმის დროს, იხტიბარს რომ არ იტეხ და მაინც არჭობ ფარფატა ქაღალდს, იქამდე სანამ არ გაიხევა, – ისე ვარ.
გავიხიე.
დაშალე და იბატონეს პრინციპი ჰქონდა.
ჯერ მეები გადამიმტერა, მერე იმეფა.
და ახლა გამოაცხადა: ქვეყნიდან მივდივარ.
ამბობს, რომ არაფერი შეიცვლება ან არ იცის.
არ ვიცი სივრცის მანქანა მქონდეს თუ დროის.
დავაპაუზო ერთ ადგილას და ვუყურო.
ახლა სამი ვარიანტი მაქვს:
ფილმებში რომაა, აეროპორტში ისე მივვარდე და ვთხოვო, რომ დარჩეს.
იქნებ ქარმაც ამიწეწოს თმა, დროს შენელების ეფექტი დაედოს და როცა ვაკოცებთ, მუსიკის ფონზე, ხალხმა ტაში დაგვიკრას.
ეს შემთხვევა, მაშინ გამოდგება, თუ მიზანზე მნიშვნელოვანი პროცესია.
ანუ უარს იტყვის.
მეორე ვარიანტიც მაქვს:
ტელეფონის ჯიხურიდან აეროპორტში დავრეკო და ვთქვა: მგზავრობა საშიშია, თვითმფრინავში ბომბია.
და ასე სამუდამოდ.
გაუმარჯოს “replay” ღილაკს.
მესამე ვარიანტიც მაქვს და ვიცი, დაშორებისას “მეს” შეგრძნებაა მძაფრი.
ლოზუნგიც გამოვიდა:
გინდათ თქვენი “მე” იგრძნოთ? დაშორდით სხვა ადამიანებს.
არ მინდა ლოდინი.
ხვალ ავდგები და ვეტყვი: რომ ვღალატობდი, თან დავცინოდი, რომ მისი მოფერებისას ისევ სხვაზე ვფიქრობდი.
მე თუ გამითავდა კალამი, წერტილს ის დასვამს.
жизнь как в кино.
დიდხანს ყურება თვალებს ტკენს.

კართან საკითხავი

“სად იმოგზაურებდი დროის მანქანა რომ გქონდეს?”
სახე ახლოს მივუტანე,
მე კი ინერციით გავწიე:
“გავყიდიდი.”
როცა გაკვირვება შევატყვე, დავსძინე:
“და მსოფლიოს შემოვივლიდი”.
დროის დათმობით რამხელა სივრცე იქნება ჩემი.

 

ვინ როგორ გვყიდის?! (ანუ დროის და სივრცის პრობლემა ეგზოტიკურ ქვეყანაში)

 ჩემი აზრით, ეგოისტურია თაობათა ბრძოლების განხილვა ეპოქისთვის ნიშანდობლივად. წუწუნი იმაზე, რა ხდება აქ და ახლა, მეტი არაფერია თუ არა, ნარცისიზმის გამომჟღავნება: რომ მხოლოდ ჩვენ ვართ ცუდები, დამნაშავეები.. ჩემი წერის თემა ძირითადად სულის ფსიქოლოგიურ, მათემატიკურ, თეოლოგიურ, პარამეცნიერულ სფეროებს ეხება, მაგრამ ამჯერად ქართულ სულზე მინდა დავწერო, რომელიც სახელმწიფოთა საზღვრებში არ შემოიფარგლება ( ვუფრთხი ამას ) და პრობლემა ორივე მხრიდან განვიხილო. დიდი ხანი ვფიქრობდი, რა დამერქმია სტატიისთვის. ბოლოს ორივე სათაური დავტოვე. მე ხომ არჩევნის გაკეთება მიჭირს. აქ გლობუსის ფოტო დაიდოს.

როცა ჩემი თაობის ბიჭებს ვეკითხები, მოუპარავთ რამე თუ არა, პასუხად თავის გამართლებას ვიღებ, რომ მაშინ სხვა დრო იყო, ისინიც აყვნენ. მორალის კითხვას, ქურდობა ცუდია თუ კარგია, არ ვაპირებ, მხოლოდ მიზეზ-შედეგობრივ მდგომარეობაზე გავამახვილებდი ყურადღებას. საკუთარი საქციელის დროით გამართლება ჩვევად ქცეულ მიმიკას წააგავს, ერთხელ მეც კი გამოვიყენე, ისე გაუცნობიერებლად.

მერე მივხვდი, რომ დაღლილი ადამიანი კონფლიქტურ სიტუაციაში აღმოჩენისას კომფორმისტი ხდება. თითქოს რა საშინლად უნდა ჟღერდეს ეს ცნება. აქ კი ყოველთვის ოქროს წესი მახსენდება, რომ თუ საკუთარ ნაკლს ვერ ვასწორებთ, მასზე ხშირად ვილაპარაკოთ.  იქნებ ”შეიფუთოს” და ვინ იცის, იქნებ სარფიანად ”გაიყიდოს”.

და ჩვენც ვლაპარაკობთ, ომახიანად და სადღეგრძელოებად დაღვრილი მონოტონურობით ქართულ ეპიკურ წარსულზე და თანამედროვეობაში ვერ აღმოჩენილ გმირებზე. გვჩვევია, ყოველგვარი უკულტურობის მსახიობურად წარმოჩენა ისე, რომ ”უნაკლო უცხოელს” შურის საბაბი მიეცეს. არტისტიზმს ამოფარებული უცოდინრობა კი თავისებურ ელფერს გვაძლევს. მაგალითად, ”მოგებული” ომი ხომ თავისთავად, მაგრამ ”წაგებული” ომის ისე შეფუთვა უნდა შეგვეძლოს, რომ მსხვერპლობა დიადი და მარად დამცირებული ერის პრობლემაა და ნებისმიერ შემთხვევაში  დიადემა გვშვენის.

ხალხი, რომელიც წარსულს განადიდებს ვერ ვხვდები, თუ უშვებს შესაძლო ვარიანტს წარსულის შესაძლო მცდარობაზე; რომ მოწოდებული ინფორმაცია შეიძლება გაზვიადებული იყოს და ისტორია სხვა არაფერი, თუ არა მხატვრული ლიტერატურა; რომ შეიძლება ერთი ქართველი სულაც არ ამარცხებდეს ას მებრძოლს; შეიძლება ხდებოდა ომები, მაგრამ ქვეყნის შიგნით, კუთხეებს შორის.

თქვენ ახლა გიწითლდებათ სახეები, ნაღველის მსგავსი ბურთულა ყელში გეჩხირებათ და ამბობთ, რომ ჩემნაირი არაპატრიოტებისთვის ტყუილად გაუწირავთ თავი. მესმის, რთულია დაანგრიო ნაშენები იდეოლოგია, როცა ალტერნატიული ვარიანტი არ გიძებნია. მაგრამ მე მხოლოდ ის მაინტერესებს, თუ უშვებ, სადღაც გულის კუნჭულში, რომ არსებული რელიგია მცდარია და ჯერ კიდევ შეუმდგარი ეროვნულობა გვაქვს; თუ უშვებ, რომ ეროვნულობა  თერგდალეულებიდან მოყოლებული შენდება, მანამდელ ისტორიაში კი მეფის და მებრძოლის ურთიერთობა გვაქვს, მე-19 საუკუნეში რომ პატრიოტიზმს ეწერებოდა: გმირი კაცები და მათი მებრძოლი დედები. ერთ-ერთ ძველ სპექტაკლში რომ ნახე, ქალი დაღუპული ქმრის სიკვდილს გლოვობდა, გაგიკვირდა, რომ პირადი ცხოვრება ქვეყანაზე მეტად მაშინაც აინტერესებდათ.

რაც ვიყავით, ისინი დავრჩით. ვაჩვენებთ გაქცევის გრანდიოზულ სანახაობებს. პატრიოტიზმი სადღეგრძელოდან მორიგ სადღეგრძელომდე გვყოფნის. სამაგიეროდ, იგი ნამდვილი და ნოსტალგიურია წარსულზე, რომელიც შესაძლოა არც გაგვაჩნდა და პოტენცია მისი არც გამეორების.

ჰოდა, ჩვენც ვრჩებით წარსულში, ვამუშავებთ და ვტრიალებთ თითზე დახვეულ დროებას, ხალხურ ფოლკლორში რომ იჩენს თავს და ვუჩვენებთ უცხოეთს: რა კარგები ვიყავით, ჩოხა-ახალუხი გვეცვა, ქალი ქალობდა, ვაჟი ვაჟობდა, გული გულაობდა. უცხოეთიც გვაფასებს როგორც ეგზოტიკურ ქვეყანას. მიკვირს, რატომ უნდა გინდოდეს დარჩე ეგზოტიკად, არ გინდოდეს შექმნა ახალი, არ განვითარდე როგორც აწმყო,  ამით ხომ კონკურენტუნარიანობას უსპობ ქვეყანას.

ხომ უამრავი ფრაზა მომისმენია, მაგრამ ამ შემოდგომით გაგონილმა გამაოგნა: სადღეგრძელო იყო, – მხოლოდ ქართველი დედა თუ იტირებს შვილის გამოო, – იყო გავრცობილი და დასაბუთებული აზრი. მე კი ვიჯექი და ხმაამოუღებლად ვფიქრობდი: რამე უნდა ვთქვა?

მოკლედ, ჩვილი ეროვნულობა გვაქვს. ქართული სული მხოლოდ ერთი საუკუნისაა, ისიც ნაწილი ტყვეობაშია გატარებული და განვითარებას ხელს უშლის. ახლა კი გლობალიზაცია ერთვის, რაც მეტად აფერხებს მის მოძრაობას.

უკიდურესობები მხვდება. ვამჩნევ, რომ შიშველი მეფის სამოსის დიდებამ, თუ რაოდენ არ გვძალგვიძს მოკვდავთ მისი დანახვა, ისეთ კომიკურ სიტუაციაში ჩაგვავგდო, როგორც ერთ ფილმშია: საბჭოელ ქალს რკინის ფარდის შეღების მერე პირველივე შავკანიანთან რომ ექნება სექსი, როგორც თავისუფლების, ”აკრძალული ხილის” სიმბოლოსთან.

საინტერესოა ეს ქვეყანა, – უყურებ, როგორ მოთქვამენ არშემდგარ პროფესიებზე და გარბიან; ან როგორ თვლიან საქართველოს სამყაროს ცენტრად და გარბიან.  კიდევ იმიტომ, რომ მაინტერესებს, ჩამოუყალიბებელი იდეოლოგიები რომ აქვს და ჩვენ რომ ვუქმნით, ახალს ვაშენებთ, ნულიდან. მისი ეროვნულობა ქალწულივითაა, როგორც გინდა ისე გამოიყენებ, რადგან შედარების შანსი არ აქვს. პლიუს მისავით მასობრივად ყველასთვის თავის შეყვარების მანია ახასიათებს. შენ ძალით აჩეჩებ სხვათა იდეოლოგიებს ან წარსულიდან აჩეჩებ რამეს. დიახ, ეს სიყვარულია. როგორც ერთ სპექტაკლშია: ეს ნაციონალური შოკია!

გაიზარდე!

ყოფილი მეგობრების შესახებ

#1. იმდენად გამხდარი იყო, მიკვირდა, თავისი ზომის ტანსაცმელს სად იშოვნიდა. არც ეძებდა. მხრებზე ფართო და მძიმე პალტო აწვა. რომ ვუყურებდი, მხრები მტკიოდა. თითქოს გადმომედოო ზეწოლა და მოვიხარე.

 ჩემს წინ იდგა. კბილებით ტუჩებს იკვნეტდა. კანს ისე ჭამდა, თითქოს მთელი ტანი თავადვე შეეჭამა, მოენელა და ტუჩებს დესერტად აყოლებდა. მის ხმას ვაყოლებდი თითებს.

იხდიდა თანდათან. ჯერ ქუდი მოიხსნა, ბერეტივით რომ ედო თავზე, შუბლთან. მერე ღილების შეხსნა დაიწყო. თან აგრძელებდა მონოტონურად საუბარს საკუთარ სამსახურზე და ვინაიდან უავეჯო შენობა იყო, პარალელურად სივრცე სმენით აღიქმებოდა, – იმეორებდა ექო მის ნათქვამს. ექოს სიმძლავრით სივრცის გაზომვა თუ შეიძლება მეთქი, დავფიქრდი.

ვფიქრობ, მისი მონოტონური საუბარი უკვე ბოდვას გავდა. ბოდვა რეფლექსია. ტუჩებს კვნეტავს გავს და თითებით ხელებს ჭმუჭნის.

შეიძლება შეგეხო მეთქი, – ვიკითხე, რადგან ვიცოდი, უცნაურად მოეჩვენებოდა ჩემი შეხება. პასუხს დიდხანს ველოდებოდი. სიმართლე ისაა, რომ მისი კანის სიგლუვე თუ ხორკლიანობა მსურდა გამეგო. ამისთვის ხელი საშუალო სისწრაფით მოვუსვი. სისწრაფე ან სინელე არასწორ შედეგს მომცემდა. გაარკვიეო, – მკითხა. თავი დავუხარე.

სივრცის გარდა დროსაც აღვიქვამდი მისი ფეხის ბაკუნის რიტმში. შეიძლება ითქვას, სივრცის და დროის შერძნებას ის მაძლევდა, მაგრამ ის ისეთი გამხდარი იყო, ცოტა ხანში მიილია და გაქრა.

=0=

#2. მეორეს გადახატვის პათოლოგიური სურვილი ჰქონდა.

ვერ ვიტყვი, რომ საკუთარი თვისებები არ გააჩნდა, მეტიც, დაავადება მის გარეშე ვერ იპოვნიდა ასე მრავალფეროვან გამოვლინებებს.

ხშირად წინადადებას შუა გზაში წყვეტდა და საპირისპირო დებულების მტკიცებას იწყებდა, იქამდე, სანამ მასაც გაწყვეტდა და პირველს უბრუნდებოდა. ამას საკუთარი ცვალებადობით ხსნიდა და წუწუნებდა: ”ჩემი არ ესმით, ნეტა მუდმივა ვიყო”.

ყველაფერთან ერთად ხანმოკლე მეხსიერებაც ჰქონდა. მისი აღქმული პიროვნებები სიუჟეტებთან ერთად დახშულ წრეში მოძრაობდნენ და ფიგურირებდნენ, სანამ მათი ენერგიიდან განტვირთვა არ მოხდებოდა.

იცვლებოდა თავად, მაგრამ არა მისი გარემო. იქ, სადაც ახალი არაფერია, შეძენილი მოქმედების გამეორების წინაშე აყენებდა. ჰოდა, მასაც გადახატვის პათოლოგიური სურვილი ჰქონდა. ნიჭიც.

ზოგი კრიტიკოსი იმასაც წერდა, რომ ხელოვნებაა სიგიჟე და თუ არ იგიჟე.. მე კი მგონია, მას უბრალოდ ჩვევები ჰქონდა.

ჩვევების ქონა ნიშნავს გაუცხოვებას მსვლელ გარემოსთან იმით, რომ გახდე სტატიკური და გაშტერდე. მივხვდი, რომ მისი ცვალებადობაც წარსულის რეპროდუქციიდან იყო აღებული. აიღო და წრეზე წავიდა.

დროთა განმავლობაში დავცილდით უბრალო მიზეზის გამო: დროში ავცდით.