ბოშა ქალი

4-Gypsy

“რეალური ზღაპრების” პირველ ლექციაზე, ქვე-სათაურით “აურა”, ფილოსოფოსმა გიორგი მაისურაძემ საშუალო კლასზე ისაუბრა, რომელიც კვირაში ერთხელ ფაბრიკასა და ბასიანზე გართობის ფუფუნებით კმაყოფილდება და კოპი-ფეისთ წრეს ქმნის. რომ გალაკტიონი იმდენად დაფიქსირდა ქართულ რეალობაში, რომ სუიციდის აქტით ხელოვნების მკვლელად იქცა, როგორც შოთა რუსთაველი იყო შუა საუკუნეების ქართული მწერლობისთვის. რომ სქესობრივ აქტში ფულის გადამხდელი კაცი აფიქსირებს არა იმდენად უფასო სითბოს უქონლობას, არამედ სხვისთვის ან საკუთარი თავისთვის მატერიალური წარმოჩენის უნარს. რომ ლუვრში ორიგინალი ჯოკონდას ღიმილისთვის ჩასულ ტურისტებს ძეგლი ზურგიდან აქვთ ნანახი, სელფის ჯოხებთან ფრონტალური კონტაქტის გამო. რომ კოკა-კოლა ამერიკაში დემოკრატიის სიმბოლო არის, ყველა სოციალური ფენის ადამიანი განურჩევლად რომ სვამს. რომ მარტოობა არის ერთჯერადობის გამოვლენა, როცა ადამიანი კოლექტიურ კვალს არ უერთდება.

ლექცია დაიწყო აურაზე თეოსოფოსების წარმოდგენით და მოდერნისტული თეორიით გაგრძელდა, სადაც დიუშანის მზა პისუარის კოპირაიტის გარეშე გამოფენა პლაგიატის აქტი არ გვგონია და პოსტ მოდერნიზმში უორჰოლმა კონსერვის ქილების გადამრავლებით რაოდენობა ხარისხზე წინ დააყენა. აურის ბენიამინისეული გაგებით თანამედროვეობაში აურა დაიკარგა, რადგან აურის მატარებელი მხოლოდ ორიგინალი შეიძლება იყოს. როგორც წესი, მიმბაძველი ადამიანი საშუალო ფენის წარმომადგენელია, რომელიც თავს ნიმუშის ასლით ტკბობის საშუალებას აძლევს, რადგან ორიგინალის ფუფუნება არ აქვს. ლექცია ერთგვარი მოწოდება იყო მარტოობისკენ, რომელიც კოლექტიური ცნობიერების ინდივიდუალური ცნობიერებით ჩანაცვლებით მიიღწეოდა. ნამდვილად სახასიათო ღიმილი აქვს ამ ლექციის ლექტორს, ვინც შეხვედრილხართ, დამეთანხმებით ალბათ.

gypsy-tv-show-on-netflix-cancelled-or-renewed-590x218

ამ ზაფხულსვე Netflix-მა ახალი სერიალი გამოუშვა დამწყები მწერლის ლაიზა რუბინის ავტორობით Gypsy. “ვინ ხარ მაშინ, როცა არავინ გიყურებს?” – სერიალის სლოგანია და დასმულია საკითხი – თუ პიროვნება სინამდვილეში მიმბაძველია, მისგან ინდივიდუალური ცხოვრების ქონის მოთხოვნა რამდენად ეთიკურია, ანუ მიმბაძველი ტიპაჟი სხვების მიბაძვის გარეშე პიროვნულობას თუ კარგავს. სერიალის მთავარი პერსონაჟი ფსიქოლოგ-თერაპევტი ჯინ ჰოლოუეია. მას შემდეგ რაც ქვეცნობიერის კვლევა დაიწყო, თავისუფალი ნების არ სჯერა. როგორც იქნა ოცნების მამაკაცს მოანდომებს მასთან მონოგამიურ ცხოვრებას, გაუჩენს ჯანმრთელ და ჭკვიან გოგონას, ფსიქოლოგიის კათედრის კოლეგებში ავტორიტეტით სარგებლობს, მაგრამ პერმანენტულად მაქციური სურვილები იპყრობს. იგი არ მუშაობს მხოლოდ პაციენტებისგან მონაყოლი ინფორმაციით, არ სჯერდება სხვების აღქმას, პირიქით, შენიღბული იდენტობით და პაციენტების ცხოვრებაში დასადგურებით ცდილობს მათ შველას.

მაგალითად, ჰყავს პაციენტი ნარკოდამოკიდებულებით და მის დასახმარებლად ნარკოტიკი ჯერ საკუთარ ტყავზე უნდა გამოსცადოს, მერე საცხოვრებელი სახლი დაუთმოს. ჰყავს პაციენტი ქალი, რომელიც მოჭარბებული დედობრივი ინსტინქტისგან იტანჯება და რახან შვილს გასაქანს არ აძლევს, შვილისთვის იგი უინტერესოა. ჯინი პაციენტის შვილს ვითომ შემთხვევით უმეგობრდება, პირველწყაროდან იგებს თუ რატომ უკეთებს დედამისს იგნორს და შემდგომ თერაპიის კათედრაში მისულ პაციენტს ადეკვატურ რჩევებს აძლევს. ჰყავს პაციენტი ბიჭი, ვისაც დაშორების გადატანა უწევს თავზეხელაღებულ გოგოსთან. იმისთვის, რომ ამ ბიჭის განცდები აღიქვას, ამ გოგოსთან გააბავს რომანტიკულ კავშირს. როგორც ყველა სუპერგმირს, გადაქცევის რიტუალი სჭირდება. მაგალითად, კლარკ კენტი სუპერკაცად გადაქცევისთვის სათვალეს იხსნის და თმას უკან იწევს. ჯინი თმას ისწორებს, N4 შანელის სუნამოს ისხამს და ვისკის სვამს ღვინის ნაცვლად.

ჩემი აზრით, იყო ორიგინალის ასლი, ჰგავს განტევების ვაცად ქცეულ პაიკს შაჰმათში. The Veritas-ის სერიაში ასლი რომ უნდა მოკვდეს ორიგინალისთვის. ამიტომ გვაწვდიან რარიტეტული წიგნების დაქსეროქსებულ ვარიანტებს ბიბლიოთეკებში. იყო ასლი ნიშნავს განვითარდე, რადგან ბავშვს მიბაძვით შეუძლია ლაპარაკის და ქცევების სწავლა. ბნელ ოთახში უკონტაქტოდ გამოკეტვის ალტერნატივაში უკონტაქტო ბნელ ოთახს მიბაძავს. უნიკალურობაზე ფიქრი კი მეამიტობაა როგორც თავისუფლებაზე საუბარი ქვეცნობიერთან ერთად. ერთხელ ცხოვრება დიდ მარკეტს შეადარეს, სადაც მუდმივად გიწევს ყოფნა და მზა პროდუქტების არჩევა, აღარ მახსოვს ავტორი. ჩემი აზრით, ეს ბაშაობა, მრავალი ნაციის და რელიგიის მატარებლობა პოსტმოდერნიზმის სიმბოლოა. სიმბოლო, რომ ცხოვრება საკუთარი თავის პოვნა კი არა, საკუთარი თავის შექმნაა. ხოლო პარასკევობით, როცა კლუბში თავს უჯრედად გრძნობ კოლექტივიდან, როცა ცეკვავ იმის ნაცვლად რომ მუსიკა დაწერო, როცა არემიქსებ იმის ნაცვლად, რომ გამოიგონო, შენ ამით ორიგინალს იცავ. იქნებ შენც, კაძუო იშიგუროს Never Let Me Go-ს პერსონაჟივით, ეროტიკულ ჟურნალებს ორიგილანის საპოვნელად ფურცლავ. ორიგინალის სტატუსით მოღვაწეობ, მაგრამ როცა მარტო რჩები, ჩემსავით ბოშა ხარ.

მიტოვებულების ბიბლია

960

Leftovers იმიტომ არ მოგეწონა, რომ მიტოვებული არასდროს ყოფილხარო, – მიპასუხა მეგობარმა, რომელიც HBO-ს სცენარით დატენილ კომპანიაში იყო შეჩვეული საუბარს. სინამდვილეში სერიალმა დამაჯერა, რომ შეიძლება დედამიწის მოსახლეობის 4% სხვების თვალწინ ერთდროულად უკვალოდ გაუჩინარდეს, მაგრამ ვერ დამაჯერა მარადიული სიყვარულის არსებობა, რომელიც ყოველ წელს ავსტრალიაში გაგატარებინებს შვებულებას გაუჩინარებული მეუღლის ძიებაში. მომიტევეთ, არ მიყვარს სპოილერის გარეშე საუბარი. სერიალის ფინალი თინეიჯერ გოგოებზეა გათვლილი, რომელთა სხეულებში ჰორმონები კრეპტონური ძალებივით ბუდობენ და ჯერ მათი ფლობა არ შეუძლიათ. ალბათ იმიტომ, რომ პრეისტორია მიტოვებული ადამიანის ბიბლიაა, ჰოლივუდური ღიმილიანი დასასრული არ შეეფერებოდა, რადგან მაყურებელმა ამოღეჭა მთავარი გმირების სასწაულებრივად გადარჩენების ხარჯზე მიღებული ემოციები.

ეს არის წიგნი პოლიციის ოფიცერზე სახელად კევინ გარვი, რომელიც არავის მიუტოვებია ერთი ღამით გაჩერებულ ქალს თუ არ ვიგულისხმებთ შუა აქტისას. კაცი, რომელმაც აბაზანის ნიჟარიდან სექსუალურად ამოძვრომა იცის და choking ფილია აქვს. როგორც პოლიციის შეფს, მას მიტოვებული მოსახლოების დაცვა ევალება და უპატრონო ძაღლებს ხოცავს, პატრონების გაუჩინარების შესწრებისას რომ გაავდნენ. მიტოვებულ სამყაროში ცხოვრებას ის ღამის იდუმალი ცხოვრებით უმკლავდება ანუ მთვარეულია. ცოლად ოჯახისგან მიტოვებული ქალი მოჰყავს, ვისთან ყოფნისთვის მრავალი დაბრკოლების გადალახვა უწევს, როგორც ზღაპრებში ცხრათავიან დევებთან გამკლავება, – მან ჯერ უნდა მოკლას მისი მსხვერპლი ქალის ენიგმა, გამოიმუშაოს განწყობის კონტროლი და იმღეროს როცა არ ემღერება, დასძლიოს საკუთარ ორეულს, რომ მიხვდეს მარტოა და მეუღლესთან ცხოვრება სჭირდება, ქალაქში ყველაზე მიტოვებულ ქალთან.

ეს მიტოვებული ქალი ნორა ჯონსია, ყოფილი დიასახლისი ამჟამინდელი მიტოვების პრევენციის სამსახურის სტაფი. ქალი, რომელიც მსხვერპლის როლმა კარიერულ საფეხურზე აიყვანა და საჯარო სივრცეებში გამოსვლის სქილზი მისცა. მისი სამსახურეობრივი მისია გაუჩინარებულ ადამიანებში კანონზომიერების პოვნაა – ოფიციალურად რეგისტრირებულ მიტოვებულებთან დადის და მატერიალური კომპენსაციის სანაცვლოდ მიტოვებულ ოჯახებს კითხვარებს ავსებინებს. სწორედ ნორას წიგნიდან ვიგებთ, რომ გამქრალი ადამიანები პარალელურ სამყაროში ცხოვრობენ, რომელთათვის გამქრალები ჩვენ ვართ, ხოლო ისინი მიტოვების მსხვერპლები არიან, მათ ხომ დედამიწის მოსახლეობის 96% დაკარგეს. Leftovers-ის ფინალის ერთი თეორიის მიხედვით, ნორას წიგნის ფინალი რეალურ ფაქტს კი არ წარმოადგენს, არამედ ოცნებას, რომ მისი გამქრალი ოჯახი უმისოდ ბედნიერია და აწი თვითონაც შეეძლება ახალი ოჯახის შექმნა თუნდაც სიბერეში, თუნდაც ქორწილებში მტრედების გამშვებად მოუწიოს მუშაობა, თუნდაც ღვიძლი ძმის სიკვდილის მერე.

the-leftovers-1

ნორას ძმას მეთ ჯეიმსონი ჰქვია. ალბათ იმიტომ, რომ კონსერვატული ეკლესიის მღვდელია, იგი ერთადერთია, რომელიც გაუჩინარებული ადამიანების კულტს არ ქმნის და მორალურ-მატერიალურ წინაღობებს განიცდის იმ სტატიების გამო, რასაც ეკლესიებში არიგებს. სტატიებში წერია, რომ არ შეიძლება გაუჩინარებული ადამიანის კულტი ააგო, მხოლოდ იმიტომ რომ გენატრება. მეთი ტაბლოიდის ედიტორიბით ცდილობს მრევლს შეახსენოს, კულტად ქცეული გამქრალების მანკიერებები. თვლის, რომ ქრისტეს ტყუპისცალი ჰყავდა, ამიტომ როცა სიკვდილით დასაჯეს, მესამე დღეს ქრისტედ თავს ცოცხლად დარჩენილი ძმა ასაღებდა. ცოლად ჰყავს უშვილო და პარალიზებული მეუღლე, რომელიც სასწაულებრივად დაფეხმძიმდა, რამაც მასში ღმერთობის ამბიცია გამოიწვია. ჩემი აზრით, გემზე ნანახი ღმერთკაცა სწორედ მის ფარულ ორეულს განასახიერებდა. თავიდან მისი იდეები იმდენად კონსერვატული იყო მიტოვებულთა ქალაქებში, რომ ახალმა სექტამ ადვილად ჩაანაცვლა. მომავალში კი დაიჯერა ტყუილების, როგორც მომავალში პოტენციურად არსებული სიმართლის და ახალი მესიის, რომელიც დედამიწას ახალი მიტოვებებისგან იხსნის და ეს მესია კევინ გარვია.

მეთის შეხედულებებს წარსულზე ორიენტირებული სექტა უწევს ანტონიმობას, თეთრებში ჩაცმული სიგარეტიანი ტიპები დუმილის აღთქმით. მათ მემარცხენე ფრთას ლივ ტაილერის პერსონაჟი ასახიერებს. ვხედავთ სიბერისგან როგორ დაეჭიმა მსახიობს სახე, ერთ დროს ელფური გარეგნობის მქონეს. ქალაქებში არსებობენ მედიატორები, რომლებიც ფულს მიტოვებულებისგან შოულობენ, ცრუდ მიცემული იმედების სანაცვლოდ. ლაურა გარვის მორალი: წინასწარმეტყველებთან მისვლამდე სოციალური ქსელი წაშალე. და სხვა და სხვა დატვირთული პერსონაჟები სივრცეში. Leftovers-ს სამი სეზონი მოვლენების ეპიცენტრის სამ ქალაქშია გადაჭიმული. ნეიტრალური ნიუ ჯერსი, საიდანაც თვალს გაქრობას ვადევნებთ; ქალაქი, სახელად “სასწაული”, სადაც არავინ გამქრალა; და მელბურნი, სადაც პროცენტულობით ყველაზე მეტი მიტოვებული აღინიშნება და ერთგვარი ზღურბლია გამქრალების სამყაროში გადასასვლელად. სერიალი ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით ყოფილა შექმნილი.

დაემთხვა, რომ Leftovers-ის ყურებისას break up ქოუჩის საავტორო წიგნს ვკითხულობდი სახელად – The Ex Factory (c) ბრედ ბროუნინგი. ავტორი ყოფილ შეყვარებულებს წვრთნის მეორე შანსის მიღებისთვის დროში გაწელილი სტრატეგიით, სადაც პირველი რჩევაა ერთ თვიანი გაქრობის დაცვა. ავტორის აზრით, ყოფილთან შერიგებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია სხვა ადამიანებთან პაემნებზე წასვლა, ვარჯიში, ახალი ჰობი. სტატისტიკის თანახმად, 3 კვირა საკმარისია უარყოფითი ემოციები გაიფილტროს მოგონებებიდან და ძველი ურთიერთობიდან სასიამოვნო მომენტების გახსენება დაიწყოს. ამიტომ მხოლოდ ერთ თვიანი პაუზის პოსტ ფაქტუმ შეიძლება პირველი შეტყობინებით რეაგირება, მენტალური დაინტერესების მიზეზით, წიპა “ახალი ამბავი გაიგე? შენი საყვარელი ჯგუფი ჩამოდის ქალაქში”, ან ფიზიკური აღგზნების გამოსაწვევად ტანსაცმელზე გაკეთებული აქცენტი “დღეს ის კაბა ჩავიცვი, ჩემთვის რომ მოიპარე. იმედია, კარგად ხარ”. პასუხზე ერთი საათის მერე პასუხი. სატელეფონო საუბრისას ხმა რომ მკვეთრი და ხმამაღალი უნდა გქონდეს. იგნორის შემთხვევაში წყენის ჩაყლაპვა და ახალი სტრატეგიის მოძიება ათ დღიანი იზოლაციის მერე. წიპა, “გამარჯობა, შვებულების გატარებას ესპანეთში ვგეგმავ. ვიცი, რომ იქ შენი საყვარელი ადგილებია. მირჩევ რამეს?” შეხვედრისას ძალიან ბევრი მიმიკური შეხება, მაგრამ ურთიერთობისთვის მზადყოფნამდე სექსზე უარი.

ასევეა Leftovers-იც, ახალი მიტოვებისთვის შემზადებაა წარსულის მტკივნეული გამოცდილების გამო, თან მეორე შანსისთვის ახალი სტრატეგიის დაგეგმვაა ძალიან შორ მანძილზე და როცა საუკუნის მესამედის მერე ყოფილი მეუღლეები ერთმანეთს სიბერეში ხვდებიან, თავს უცნობებად იკატუნებენ. ამიტომ როცა მეგობარმა მითხრა, სერიალი იმიტომ არ მოგეწონა, მიტოვებული რომ არ ყოფილხარო. ვუპასუხე, რომ პირიქით, დანაკლისში ცხოვრების გამო.

cropped-tableau-medium

ო და დაკარგული გასაღების ძებნაში

img_20170214_0024-copy

არის ამერიკული ტვ შოუ, სადაც შუა ხნის კრიზისიანი მარტოხელა დედა შვილის კოლეჯში გასაშვებად უშედეგოდ ეძებს სამსახურს ბრუკლინში. საგამომცემლო ბიზნესში თავს ახალგაზრდა ქალად გაასაღებს და მუშაობას იწყებს ისეთ ავტორთან, როგორიცაა ჯორჯ მარტინის კარიკატურული პერსონაჟი. როგორც ხვდებით, შოუ მარადიულ ახალგაზრდობაზეა და როცა ბებერი ავტორი ბალზაკის ასაკში გადავა, ახალგაზრდა ქალის ფსევდონიმით ეროტიკულ დეტექტივს დაწერს იდეალურ ო-ზე ანუ იდეალური ორგაზმის ძიებაზე. მისი პერსონაჟი ქალი მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყანაში და სხვადასხვა კულტურის ადამიანებთან კავდება სექსით, სხვადასხვა რელიგია სხვადასხვა სუნთქვით ვარჯიშებს და მედიტაციებს სთავაზობს. თუმცა იდეალურ ო-ს იგი საკუთარ თავთან, მასტურბაციის დროს მიაღწევს. 1 მხრივ, ამ ქალს თავიდანვე ჰქონდა ის, რასაც ეძებდა. II მხრივ, უნდა განვითარებულიყო პოვნისთვის. აი, სულ მიკვირს ზრდასრული ადამიანების წუწუნი, რომ სინათლეში ვერ იძინებენ, ხმაურში ვერ მუშაობენ. იგივეს გრძნობს ქალიც როცა ორგაზმს ვერ იღებს, ანუ პრობლემა კონცენტრაციაშია. ასეთი პრობლემები, ძირითადად, პატარა ასაკში გვაქვს, მერე ვსწავლობთ მედიტაციას და ჭრელ ნახატებში ვცდილობთ თვალი რომელიმე აკვიატებულ ფერს გავაყოლოთ, ისე, რომ კონცენტრაცია არ შეგვიწყდეს და საბოლოოდ, სინათლეშიც ვიძინებთ. ან მრავალინსტრუმენტიან ჯაზში რომელიმე სუსტ ინსტრუმენტს გამოვარჩევთ და მხოლოდ მისი მელოდიის ხმას ვიღიღინებთ. ამის მერე ხმაურშიც დავიძინებთ. ორგაზმიც ხომ კონცენტრაციაზეა დამოკიდებული, ეროგენული ზონების ერთ წერტილში გაერთიანება.

დავფიქრდი და დაკარგული გასაღების ძებნაც ასეა. გასაღების არაფროიდული გაგებით, უბრალოდ გასაღების. რადგან ჩემს ცხოვრებაში იშვიათია დღე, როცა ზუსტად ვიცი სად დავდე იგი. იმისთვის, რომ შარვალის ჯიბეში აღმოვაჩინო, მთელი სახლი უნდა გადავქექო და ორიოდე ადგილას დავრეკო. ამიტომ მგონია, რომ ერთგვარი time loop ფუნქცია აქვს ჩემთვის გასაღებს. ვერ გამიგია, პირველად იყო დაკარგვა თუ პოვნა. დღეს კი ამ გასაღების ძებნაში საბუთების ქვეშ ძველი რენტგენის სურათები აღმოვაჩინე. ალბათ ათასჯერ მაქვს ნანახი სხვადასხვა დროს პოზირებული ჩემი ჩონჩხი, მაგრამ ამჯერად დავფიქრდი: “ჰოო, თურმე ასეთი ვიქნები როცა მოვკვდები”. ვილჰელმ რენტგენისგან წოდებულმა იქს სხივებმა მომავალზე დამაფიქრა, როგორ ვიწვები კუბოში ტყავს მოცილებული ძვალი, ხოლო მანამდე მაცივარში პანაშვიდის დროს როგორ ვგავარ საკუთარ აიდი ფოტოს. აიდი ფოტოებიც ხომ სტრუქტურის გამო არ მოგვწონს, რადგან ჩვენს დეპროპორციულობას ავლენს, სილამაზე კი პროპორციაშია. ამიტომ ვმანჭავთ სახეებს ფოტოგადაღებებისას კოცნის თუ სიცილის იმიტაციების, სათანადო რაკურსების დაჭერებით, რადგან ჩვენს იმ აიდი ფოტოებს სპეციალურად უპროპორციულობით გავექცეთ, რომლებიც ბუნებრივ უპროპორციულობას გვიფარავს ანუ თავებს მკვდარ მდგომარეობებში გვაჩვენებს. სად წავიდა წყეული გასაღები?!

სერიალი პლასტიკურ ქირურგებზე

key_art_niptuck

“რა არ მოგწონთ საკუთარ თავში?”
2000-იან წლებში რაიან მერფის მიერ შექმნილი სატელევიზიო სერიალის საფირმო ფრაზაა. სიუჟეტი მიმდინარეობს სამხრეთის სანაპიროს ზოლიდან – მაიამიდან – შემდეგ კი უკვე ლოს ანჟელესის ბევერლი ჰილსური ინტრიგების ირგვლივ.
ადგილებში, სადაც “სილამაზე წყევლაა” და იყო ყველაზე ლამაზი ქალი ნიშნავს ყოფილიყავი წარსულში ყველაზე მახინჯი და დაგჭირვებოდა ქირურგიული ჩარევები. ან კაცი ყოფილიყავი. სერიალი დაყოფილია ექვს სეზონად. ყოველ სერიას მინიჭებული აქვს იმ პაციენტის სახელი, ვის ამბავსაც ეძღვნება თხრობა. თხრობა მიმდინარეობს პლასტიკური ქირურგიისთვის ოქროს ხანაში, სანამ მას უოპერაციო პროცედურები ჩაენაცვლება.
ისმის კითხვა თუ რამდენადაა მორალური ნაციონალურობის და რასების ერთმანეთში არევა, როცა ნეო ნაცისტები აპროტესტებენ სილამაზის თანამედროვე სტანდარტს, რომ ყველას ჰქონდეს არიული აპრეხილი ცხვირები, აზიური აწეული თვალები, აფრიკული მოცულობის ინტიმური ადგილები, ჩაუტარდეს ტრანსგენგენდერებს სქესის შეცვლის ოპერაციები. თხრობა ქირურგების ოჯახური თრისამის ფონზე მიმდინარეობს, პაციენტებს უმეტესად სექსით იტყუებენ, უჩენენ კომპლექსს და სთავაზობენ გამოსავალს.
ოპერაციები სხვადასხვა მუსიკის ფონზე მიმდინარეობს, რასაც ანესთეოლოგი არჩევს. ამავე დროს ქალაქში დადის მანიაკი, ვინც აფუჭებს გაკეთებულ ოპერაციებს, ძალით ამახინჯებს ადამიანებს ჭრილობებით ან არღვევს ოპერაციით მიღწეულ სილამაზეებს, მაგალითად, მიმართავს ანტილიპოსაქციას – ქათმის ცხიმი შეჰყავს იმ ადგილებში, სადაც წესით უნდა ყოფილიყო სიმსუქნე. მსხვერპლთან კი ტოვებს დევიზს: “სილამაზე ეს წყევლაა”. ქირურგები კი მაინც იმეორებენ: “სილამაზე ეს სიმეტრიაა”. ფონურ მუსიკად ისმის სიტყვები: იდეალური სული – იდეალური გონება – იდეალური სახე – ეს იდეალური ცხოვრებაა. რეჟისორი ცდილობს გვაჩვენოს იდეალური დანაშაულიც.
სერიალში ვხედავთ ტირიონ ლანისტერის შემსრულებელ ტიპს როგორ იწყებს კარიერას პატარა როლით, უნარშეზღუდული პირის ძიძაა და “რა ტერმინია ეს უნარშეზღუდული, ეს იმას ჰგავს, მე არა მაღალი მიწოდონ”-ო. ან კასტიელის ტიპი ეპიზოდურ როლში, ვისაც პენისის დამოკლება უნდა ან ენის, რომ ავტომინეტს გადაეჩვიოს.
ვიხილეთ საინტერესო ქირურგიული ჩარევების დაგეგმები: მაგალითად, ქალს, ვისაც ბაგეები დაეწვა, აღდგენისთვის კლიტორის ბაგეების კანი გამოუყენეს, ორალური სექსის მოძულე ქმარს კი ახალი ტუჩების წარმომავლობა დაუმალეს. იყო რელიგიური თუ სხვა მიზნებით პენისის ჩუჩის მოჭრა. საქალწულე აპკის აღდგენა. ვაგინაპლასტიკა მშობიარობის მერე. კლიტორის კასტრაქციის მქონე კამბოჯელისთვის ხელოვნურად ნერვების დაგროვება, რათა ხელოვნური ჯი წერტილი შეექმნათ. სტიგმატი, ვისაც ჭრილობების მოშორება უნდა. ბულინგის მსხვერპლი ქალები. სექსში საბმისივი დაზარალებული კაცები. ქალი, რომელიც სავარძელში დაჯდა და რამდენიმე წელი იჯდა, სანამ არ შეეწეპა. კაცი, ვინც კომაში 20 წელი გაატარა და დაძინებამდე როგორც გამოიყურებოდა, ისეთად ქცევა უნდოდა. სქესის გადაკეთება უნდათ მამაკაცთა ციხეებში იმ პატიმრებს, რომელთაც გადარჩენისთვის გავლენიანი პატიმრების კახპობა გადაწყვიტეს.
იყო ოჯახური ინტრიგები, მაგალითად, აყვანილ შვილს რომ უნდა მშობელს დაემსგავსოს ნიკაპის ჩაღრმავებით, დაუნის სინდრომიანს რომ უნდა დედ-მამიშვილებს დაემსგავსოს, ბრმა ქალს – თვალები მიუხატეს, იდენტურ ტყუპებს სურთ რომ ერთმანეთს არ ჰგვანდნენ, სიამის ტყუპები იყოფიან. ადამიანები, რომლებსაც უნდათ კუმირებს ჰგვანდნენ, ან ბარბის თოჯინებს და გენეტალიები მოიშორონ. ცოლი, ვისაც უნდა ალცჰეიმერით დაავადებულ ქმარს ახსოვდეს და ისევ ახალგაზრდად აქციონ. გავიცანით პროფესორი, ვინც ამბობს, რომ უცხოპლანეტელებმა ჩიპი ჩაუმონტაჟეს და ამოღება უნდა. გავიცანით ქალი, რომლის სხეულშიც ტყუპისცალი დის ჩანასახი ცოცხლობს. დედა, ვის სხეულშიც ოცი წლის წინ გაქვავებული ემბრიონი ცოცხლობს. ქალი, ვის სხეულშიც თვითმკვლელი ტერორისტის კბილები ბომბის ნაწილებთან ერთად მოხვდა, შეეზარდა, შურისძიების სურვილით აავსო.
გავიცანით კაცი, ვინც სოკომ ისე მოწამლა, გაა-ხე-ვა, ხედ აქცია და პაემნებზე სიარული შეაწყვეტინა. მოაჭრეს ტოტები ხელებიდან, ახლები ამოუვიდა. პირველად გავიგე ამ დაავადებაზე. ბევრი სხვადასხვა სინდომით დაავადებულები აჩვენეს. პაემნებზე სიარული უნდოდა შიდსიან მამაკაცს და “შიდსის ნაწიბურები” მოიშორა. ხმის იოგების დაჭიმვა სექს ოპერატორად მომუშავე ქალისთვის. პაემანზე წასვლა უნდოდა მეზობელ ზოოპარკში მდედრ გორილასაც და სახე გაილამაზა, მაგრამ მამრ გორილებს კარგი ინტუიცია ჰქონიათ.
სერიალი იწყება ამბით, თუ როგორ გაეხვივნენ მთავარი ქირურგები ნარკობარონების საქმეში, რომლებსაც მექსიკიდან ამერიკაში კოკაინი ქალების სხეულში ჩადგმული ძუძუების იმპლანტებით გადაჰქონდათ. ქირურგებმა ძირფესვიანად შეუცვალეს გარეგნობა დამნაშავეს, რათა მას თავიდან აიეცილა სასჯელაღსრულება, ამას მოჰყვა თანამშრომლობა ეფბიაისთან, მოწმეების “ახალ ტყავში” დამალვა. ლიპოსაქციით ზედმეტი წონის დაკლება სიკვდილმისჯილი პაციენტისთვის, რათა შტატის კანონმდებლობის თანახმად, სწრაფი სიკვდილი შეძლებოდა, ზედმეტი წონა კი ამაში ხელს უშლიდა. აი, 15 წლის წინ გამოუტანეს განაჩენი და აღსრულებაში სხვანაირად ვერ მოიყვანეს.
ქირურგების სახლი ოკეანეს უყურებს. ოკეანის პირას მდგარი სახლის ნაკლი ის არის, რომ ღამით თითქოს სასაფლაოს უყურებ. ამდენად შევეჩვიეთ ლამპიონებით განათებულ სივრცეს. ბუნებრივია გარეგნობაზე ზრუნვა. რადგან მხოლოდ ცოცხლებს გვაქვს მატერიალური სხეული. დანარჩენი კი ისედაც გასარკვევია.
თქვენ რა არ მოგწონთ საკუთარ თავში?

მთავრობა

BORGEN-BOX-SET

პოსტერზე ჟურნალისტი შეიძლება GoT-ის წინა სეზონიდან გეცნობათ.

Borgen-ის პირველი სეზონის ყურებისას ვიყავი ემოციურად ძალიან დაძაბული, მეთქი, აი, ახლა მოხდება მკვლელობა, კონკურენტებს მოიშორებენ, ვისაც ჯერ House of Cards ან მსგავსი პოლიტ. შოუები ჰქონდა ნანახი, მიხვდება რას ვგულისხმობ. მაგრამ სადღაც შუაში მოვდუნდი და მივხვდი, რომ მხოლოდ მენტალურად უნდა ვყოფილიყავი დაძაბული, რადგან მთელი წარმოდგენა (30 სურათს მოიცავს), იდეოლოგიური წახნაგების ჩვენებაა. 30 სერია ანუ 30 საკითხი, რაზეც მთავრობა უნდა ფიქრობდეს.

მაგალითად, გაუშვას თუ არა სახელმწიფომ განვითარებად ქვეყნებში ქვეითი ჯარი, ლტოლვილების მიღებისას ქვეყანა რა პრობლემების წინაშე დგება, რა პლიუსებს და მინუსებს წააწყდებიან პროსტიტუციის ლეგალიზაციისას, რა უნდა მოიმოქმედოს სახელმწიფომ თუ ცხოველთა უფლებები ადამიანთა ჯანმრთელობას ლახავს, ორივე მხარე რომ დააკმაყოფილოს, გენდერული თანასწორობის სურვილის შემთხვევაში მორალურია თუ არა ქალის ხელოვნურად გაპოლიტიზირება და მსგავსი საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემები, რაზეც მოქალაქეებს უნდა გაგვაჩნდეს აზრი.

სერიალი მიმდინარეობს დანიის პირველი ქალი პრემიერ მინისტრის თვალით, სადღაცას იგულისხმებიან მოქალაქეები, ტელევიზორთან მოვახშმე წყვილები, რომლებიც, რატომღაც, არასდროს ჩანან ტელეეკრანებზე. პოლიტიკოსებისა და ამომრჩევლების შუამავალს მედია წარმოადგენს, ჟურნალისტისა და პოლიტ. კონსულტანტის რომანტიკული კავშირი კი საერთო ამბავს ლაიტმოტივად სდევს. საინტერესოა, რომ სერიალში არაპოლიტიკური ადამიანებისადმი დამოკიდებულება ზედაპირულია, მათი სხვა ინტერესები სერიოზულ ინტერესებად არ არის აღქმული.

ლოდინის თაობა

ლოდინი არის აგროვო ისტორიები სიკვდილამდე, – ბუკოვსკი.

ყველა ორგანიზაციას აქვს მოსაცდელი ოთახი, – რონალდ ბარტი.

 წინა კვირას წიგნის ფესტივალის ფარგლებში გამახსენდა, თუ როგორ ვარჩევ ლიტერატურას. თემატიკას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია თვითონ ტექსტი მინიმალური დიალოგებით შედგებოდეს და გამომცემლობის რომელიმე სერიული გამოცემის ნაწილი არ იყოს. შეიძლება ითქვას, დიალოგების ფობია მაქვს, თუ არსებობს მსგავსი შიში ან უბრალოდ ფანტაზიის ნაკლებობა მაქვს და მონოლოგური თხრობა უფრო დამაჯერებლად მიმაჩნია. სერიული გამოცემები კი ეტყობა მომავალზე მაფიქრებს ამ უფანტაზიო მკითხველს გაუცნობიერებლად. მეთქი, აი, მომავალ წელს ახალი სერია უნდა გამოვიდეს. მერე მომდევნო 5 წელი წლის ამ დროს სერიების შენაძენს უნდა ვაკეთებდე. იქნებ აღარ მომინდეს, გავკოტრდე და ფული არ მქონდეს ან წიგნის შესანახი თარო ან აპოკალიფსი დაიწყოს. მგონი უფანტაზიო კი არა, ჭარბად ფანტაზიორი ვარ. მოკლედ, მომავალი ბურუსში იფარება და სერიული წიგნის შეძენას ვუფრთხი ისე, როგორც ბანკიდან კრედიტის აღებას ან უარესი, დიოდიმდე სახის კანის გაპარსვას.

  არა და სერიულობით გამოწვეული ლოდინი თუ ლოდინი გამოხატული სერიულობით პოსტმოდერნიზმის მთავარი ხიბლია. დაუმთავრებელი ნაწარმოებების ტენდენცია, როცა მკითხველს თავად შეუძლია თხრობა დაასრულოს, მე-19 საუკუნიდან იწყება, თუმცა, ჩემი აზრით, ჩანასახი იმ პირველ ამბავში უნდა ვეძიოთ, სადაც მთხრობელმა პერსონაჟები არ გაჟლიტა, რომელიმე დაენანა და ცოცხალი დატოვა. ჩვენ კი სერიულობის თაობა ვართ, სადაც ფილმებზე მეტად სერიალებს უყურებენ და ფილმებზე მეტად სერიალებს ქმნიან. ბლოგიც კი პოპულარულია, როცა განგრძობითი ამბავი ანონსდება. თითქოს ლოდინი არ გვიყვარს, მაგრამ ცხოვრებაში ხშირად ხელოვნურად ვიქმნით ლოდინს. სერიალები შეყვარებულების მესიჯობანას ჰგავს, როცა დარეკვაში ჩატეულ ხუთ წუთს გირჩევნია შეტყობინებები გზავნო მთელი საღამო. ან კოცნის პრელუდიას, როცა შეხებამდე მისასვლელ მანძილს წელავ. ესაა ლოდინის ესთეტიკა სერიალებშიც, კოლექტიური ლოდინის განცდა.

 მომლოდინე თუ განასახიერებს უსუსურობას, მალოდინებელი წარმოაჩენს თავის ძალაუფლებას, პრეროგატივას. ლოდინი ნიშნავს, რომ ვიღაც ჩვენ წინ არის რიგში ან ჩამოგვრჩება უკან, რადგან შეხვედრაზე დროულად არ მოვიდა. ანუ ლოდინი არათანხვედრაა, დეცენტრივიზმი, რაზეც არის აგებული მოდერნისტული კულტურა. ალოდინო სხვას, ნიშნავს გქონდეს პრივილეგია, ალოდინო თანაკურსელებს შენი გვიანი გამოჩენით ნიშნავს იყო ინდივიდი ბრბოში, რომელმაც ვერ მოიფიქრა სხვა ეფექტური საშუალება ყოფილიყო ინდივიდი. ალოდინო საყვარელს პაემანზე ნიშნავს აგრძნობინო მას თავი შეყვარებულად, რადგან დალოდებით ილინკება ღირებულება. აქ ჩანს მალოდინებელის კომპლექსი თავის ღირებულად გრძნობაში. ალოდინო ქვეშემრდომები თათბირზე ნიშნავს იგრძნო თავი მათზე უპირატესად. რაც ბუნებრივია, იმიტომ, რომ ცხოვრება ხანმოკლეა მხოლოდ მაშინ, როცა ახალშობილი კვდები სამშობიაროში, როგორც ჩემი სერიალის გმირი იტყოდა. თან რაც უფრო მოკლდება ცხოვრება, უფრო ველით. გვჭირდება ლოდინი, რომ ცხოვრება გადავაგოროთ. თავი რომ არ მოვიკლათ მხოლოდ ორი რამაა საკმარისი, გვქონდეს იმედი და ცნობისმოყვარეობა. და თუ ეს მიზანი ცხოვრების ბუნებრივად შეგვიმცირდება, ჰბო ან მსგავსი ორგანიზაციები თავს შემდეგ სეზონამდე გაგვატანინებენ.

 

 

რამდენად მალეა ახლა?

სათაური სმიტის სავიზიტო სინგლიდან ავიღე, “ზებუნებრივის” წინამორბედი სერიალის სასაუნდტრეკე ქოვერიდან. პერიოდი იყო, როცა ინგლისურ ფეხბურთს ვგულშემატკივრობდი, ყოველ შვიდ საათზე კი რეპეტიტორთან წასვლის დრო მქონდა. ის წელი დამამასხოვრდა, როგორც ყველაზე ყინვიანი ზამთარი, რაც კი 28 წლის მანძილზე გადამიტანია. ვინაიდან ტელევიზორში სერიალიც შვიდზე იწყებოდა, ყურებას ვერ ვასწრებდი, თუმცა გასვლის წინ გასათბობად საუნდტრეკს მოვუსმენდი ხოლმე, დავიგროვებდი პირში ოთახის მოთბილო ჰაერს, რომ 10 წუთიანი სირბილის მანძილზე შემთხვევით ცივი ჰაერი არ ჩამეყლაპა. გადასალახი მანძილი მქონდა ე.წ. ცეკას დაღმართიდან ყოფილ პურის ქარხანამდე, რჩეულიშვილის ცოლმა იქ მერე სახლები რომ ააშენა. ამიტომ ყინვა რომ მომეტყუა, წარმოვიდგენდი, რომ ჯერაც გამოდიოდა ცხელ-ცხელი პურების სუნები, ლოკალურად რომ იაფად არიგებდნენ. ხოლო თუ ჩაგუბებული თბილი ჰაერი გამითავდებოდა, ვღიღინებდი: “Glory, Glory to Man Utd”-ს, “You never walk alone”-ს და ბოლოს მოსმენილ “How soon is Now?”-ს.
თუმცა მე მაშინ witch-ების პირადი ცხოვრების შეზღუდვად აღვიქვი, მოგვიანებით გავიგე, რომ სმიტის ეს ცნობილი სიმღერა გეი ჰიმნს წარმოადგენს, გადმოსცემს აკრძალული სიყვარულის ტანჯვას: “I am human and I need to be loved just like everybody else does”. კრიტიკოსები კი წერდნენ, რომ ჰეტეროსექსუალი ურთიერთობა ბანალურობამდე ამოიწურა, ჰომოსექსუალური კავშირი მალე კომფორმისტული გახდება და არქივში ჰეტეროსექსუალურობას მიუსვამენ, ხოლო ტრანსგენდერად ყოფნა ისაა, რაც სამედიცინო სფეროს ფუტურიზმს მოუტანს. მსგავსი შეგრძნება მქონდა “The Lobster”-ის ნახვისას, რომ ე.წ. ნამდვილი სიყვარულისთვის საჭიროა ნონკომფორმიზმი, მუდმივი დაძაბულობის განცდა, რადგან თითქოს ადამიანებს არ უყვარდებათ შესაყვარებლად გამზადებული პარტნიორები. ისეთივე შეგრძნება, როგორც “Reverent”-ის ყურებისას ჩამებეჭდა სხარტი რეცენზენტის სიტყვები: “ეს იყო ტკივილის პორნოგრაფია შინაარსის გარეშე”, – მთლიან ფილმს რომ ერთი ფრაზით აღნიშნავს.
ვისთანაც მისაუბრია, უმეტესობა აღნიშნავს, რომ ურთიერთობებში საერთო დაბრკოლებები აძლიერებს ვნებებს. მაგალითად, ცხვირიდან ქრონიკული სისხლდენა იქნება ეს თუ სიელმე. ხოლო როდესაც გარემო წყვილისთვის პრობლემას არ ქმნის, თავს ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებები იჩენს. მაგალითად, რაიმე აზარტის გაჩენა ურთიერთობაში, ხელოვნურად შექმნილი ეჭვიანობის საბაბები და ა.შ. ალბათ ამიტომ მაშინებენ რომანტიკული ადამიანები, მგონია, რომ ურთიერთობებს ქარის წისქვილების ძებნაში გაანადგურებენ. მე არ ვიცი რამდენად მალეა “ლობსტერის” დისტოპიურ რეალობამდე, მაგრამ ალბათ სმიტი არ შემიყვარდებოდა გაყინვის შიშის გარეშე. დღემდე თუ ვინმე ან რამე მიყვარდება, მათთან არანაირი აზარტი არ მაქვს, მხოლოდ ისინი, ვინც ასოცირდება სითბოსთან და სიმშვიდესთან, მაგალითად, ვინც იყოფს ჩემთან კომუნალურ გადასახადებს, რომ სიცივით არ მოვკვდეთ, და ამ ყოველდღიურობაში არაფერია მოსაწყენი.

შიზოფრენიის უპირატესობა

როგორც აუტისტებზეა ტენდენცია, რომ გენიოსები არიან, თითქოს ისევე მოელიან შიზოფრენიით დავადებულთაგან მაღალ შინაგან ლოგიკას (ინტუიციას). თეორია 2012 წელს პოპულარული აქცია ჯერ კიდევ ელინ საკსმა (Elyn Saks) პრეზენტაციით “ზღაპარი მენტალურ ავადმყოფობაზე” (“A Tale of Mental Illness”), სადაც ტრადიციული მკურნალობა უარყო. “თქვენი ანგელოზები არ მინდა, ჩემი დემონები მირჩევნია”. ერთი წლის შემდეგ კი ელინისგან საფუძველჩაყრილმა ასევე შიზოფრენიკმა და ფსიქოლოგმა ელეანორე ლონგდენმა (Eleanor Longden) ტედისთვის წაიკითხა ლექცია სახელად “ხმები ჩემს თავში” (“The Voices In My Head”). ჯერ პიროვნების გაორებასა და შიზოფრენიას შორის განსხვავება ახსენა, – გაორების შემთხვევაში თუ პიროვნება გახლეჩილია, შიზოფრენიის შემთხვევაში – დამსხვრეულია. შესაბამისად, მისი ჰალუცინაციები აწყობას საჭიროებს და არა წამლებისგან ჩახშობას. ნათქვამის მიხედვით ჰალუცინაცია განხილული არაა როგორც შიზოფრენიის სიმპტომი, არამედ პიროვნების დამსხვრეული კადრები, საჭირო მასალა მთლიანის ასაწყობად, პაზლი, “შემოქმედებითი და მოხერხებული გადარჩენის სტრატეგია”. შეიძლება ეს გამოსვლა გახსოვდეთ, – 20 ონლაინ საუბარში, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის, – შევიდა.

ამავე პერიოდში Star Trek-ებისა და Smallville-ების მწერლებმა დაიწყეს ახალ სატელევიზიო შოუზე მუშაობა სახელად “აღქმა” (“Perception”). შოუ არ გახდა იმდენად წარმატებული როგორც მისი წინამორბედები, თუმცა ესეც ამერიკული დეტექტივის კლასიკურ საზღვრებშია: დენიელ პირსი, გენიოსი და შეშლილი გამომძიებელი, ვისი მოსაზრებებიც იმდენად გიჟურია, რომ თავიდან არავინ უჯერებს, სარკასტულია, მიზანთროპია, ჰყავს ერთგული თანაშემწე, ვისაც მუდამ ამცირებს, მაგრამ მიეჯაჭვა, პირად კავშირებში გულქვაა, რადგან ურთიერთობების ეშინია, ჰყავს საკუთარი “უოტსონი” დედუქციური გადათამაშებისთვის, ოღონდ იგი მისი წარმოსახვის ნაწილია. ჰოპ, დიახ, ჩვენი FBA-ის აგენტი პარანოიდული შიზოფრენიითაა ავად, ჰალუცინაციებით კი ქვეცნობიერი ეხმარება ხელახლა ხედავდეს მოვლენებს, სანამ მოვლენებში დამალულ გასაღებს არ შეამჩნევს. იმისთვის, რომ ამ პირველი ხარისხის ფსიხის დენიელის მდგომარეობა მთლად ხელიდან არ წავიდეს, გამოცანების ამოხსნა სჭირდება, ტვინის მუდმივი მზადყოფნა ჰალუცინაციების დეტალებზე კონცენტრაციაში.  ეს კი ელეანორე ლონგდენის ამბავს ჰგავს, ფსიქოლოგიის გამოცდაზე წარმოსახვითი ხმები რომ კარნახობდა პასუხებს. სპოილერი: რეალობა ეს ილუზიის ერთ-ერთი სახეობაა.
1987 წელი არის თარიღი, საიდანაც დაიწყო აქტიური ბრძოლა ფსიქიატრიულების წინააღმდეგ ჰალუცინაციების სასარგებლოდ. ხმოვანი მოძრაობა (“Hearing Voices Movement”) ვერბალურ, აუდიო ჰალუცინაციებზე ორიენტირებული ექსპერიმენტული მკურნალობის შემომთავაზებელი ორგანიზაციაა, რომელიც უარს ამბობს ხმების წამლებით ან სხვა ხერხებით ჩახშობაზე და გვთავაზობს შინაგან ხმებზე კონცენტრაციას; იცავს ჰალუცინაციებით შეპყრობილ ადამიანთა უფლებებს, ცდილობს გაუწიოს ფსიქოლოგიური კონსულტაცია, აარიდოს ბულინგი, თანასწორუფლებიან დასაქმებას მოითხოვს შრომის კოდექსში, ეწევა ფსიქოლოგთა გადამზადებას და აწარმოებს ტრენინგებს, ყოველ 10 ოქტომბერს მსოფლიო მენტალური ჯანმრთელობის დღეს აჯამებს წლიურ შედეგებს და სხვა. მას დღეისობით უკვე სხვადასხვა ქვეყანაში აქვს ავტორიტეტი. კომუნა HVM პაციენტს სამ საფეხურიან მკურნალობას სთავაზობს: ა) ინიციაცია, ემოციური ქაოსი, შიში; ბ) ორგანიზება, საგანი/მიზანი/ამოცანის პოვნა, დაკოპირება და ჩასმა ჰალუცინაციების ყოველდღიურ ცხოვრებაში; გ) ჩასმულის გაწონასწორება, პაზლის აწყობა, მიღებულის გამყარება.
Dr. Marius Romme მოძრაობის თეორიტიკოსი, Dr Sandra Escher-თან ერთად კომუნის დამფუძნებელი, მაგალითს ისტორიიდან იღებდა. ძველ ცივილიზაციებში ჰალუცინაციები განიხილებოდა როგორც ნორმა. ისედაც, შინაგანი მეტყველება შედარებულია ბავშვის თავისთვის საუბართან იგივე ლინგვისტური კონსტრუქციის გამოყენებით, რასაც მშობლები აწვდიან. ეს მას კონცენტრაციაში ეხმარება, თუნდაც თამაშისას პაზლის აწყობაში. ასეა შიზოფრენიის შემთხვევაშიც. იგივე დოქტორი თვლის, რომ არავითარი სამეცნიერო დამამტკიცებელი საბუთი არ არის, რომ შიზოფრენია ტვინის ავადმყოფობაა. მისი კოლეგა ბეიკერი წიგნში “შინაგანი ხმა, ხმების დაკოპირების პრაქტიკული გზამკვლევი” (“The Voice Inside, A Practical Guide To Coping With Hearing Voices”) ასევე მოითხოვს ხმებთან საუბარში შესვლას. ამავე წიგნში გვიყვება როგორ დაიბადა მოძრაობის იდეა: დრ. მარიუსს პაციენტი ეკითხება, თუ შენ ღმერთის გჯერა, ვისიც არ გესმის, რატომ არ უნდა მჯეროდეს მისი ვისიც მესმის? რაც შეეხება კრიტიკას, მოძრაობას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, ვინაიდან უარს ამბობს წამლებზე და მედიტაციას მიმართავს. თან არის შემთხვევები, როდესაც ხმა პაციენტს ამორალური ქმედებისკენ უბიძგებს, – ქურდობა, მკვლელობა, სუიციდი.. მოძრაობა ყველა ინდივიდუალურ შემთხვევას ბოლომდე ვერ გააკონტროლებს და დამამშვიდებლებზე უარის თქმის გამო დაავადებული ფორსმაჟორ სიტუაციაში ხშირად აღმოჩენილა.

პაემანი შვილებიან კაცთან

g86hm

წარმოიდგინეთ, ლუი ანდერსონისნაირი ტიპი, წითელი, მსუქანი ბიჭუნა ანიმაციიდან, სახლში დაგპატიჟებს, სადაც მამამისს გამოაქვს თოფი და სამამულო ამბებით თავს იწონებს, პარლამენტში კგბს შპიონები ელანდება, შენ კიდევ უნდა შეაფასო როგორ მოგეწონება მამამთილი, სანამ დედამთილი ახალ ბავშვზეა ორსულად. არა, აქ სხვა ლუიზეა საუბარი. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ანიმაციის ლუი გაიზარდა და ბარში კომიკად მუშაობით ირჩენს თავს, მელოტდება, ჭორფლები უფართოვდება, კიდევ უფრო მრგვალდება. არა და, როდესაც ორმოცს გადაცილებული კაცი ხელს განქორწინებაზე აწერს, თითქოს მთელი ახალგაზრდობა ციხეში გაატარა და ცხოვრება ნულიდან უნდა დაიწყოს დამახინჯებულმა და არარეალიზებულმა. თქვენ შეხვდებოდით ასეთ კაცს?

ხანდახან ბავშვებს ძიძას მიაბარებს და პაემნებზე დადის. საშუალოზე დაბალი დონის ქალები ერთიმეორით ენაცვლებიან. მაგრამ, ძირითადად, ანძრევს. მეტიც, როცა მმკსნაირმა ორგანიზაციამ უბიწოების პროპაგანდისთვის აქციები მართა, ტელევიზიაში მასტურბაციის მხარდამჭერად სწორედ ლუი მიიწვიეს. ზოგადად, რელიგიური ადამიანია ლუი, სიკვდილის მერე სიცოცხლის სჯერა, უბრალოდ მკვდრები ამას ვეღარ ნახავენო. ბავშვობაში, როცა რამეს დააშავებდა, ეტყოდნენ, ეს შენ დაარჭე ლურსმანი ქრისტესო. შეიპარა კათოლიკურ ეკლესიაში, ქრისტეს ქანდაკება ჩამოხსნა და ლურსმნებისგან გაათავისუფლა. ირონიაა, რომ უფროსებმა ბავშვი ვანდალიზმში დაადანაშაულეს და ქანდაკებას ლურსმნები ხელახლა მიაჭედეს.

tumblr_m6drr4Btf41qz7o2oo1_500

ლუი ობამას ინერტული მხარდამჭერია. აინტერესებს პოლიტიკურ დისკუსიებში ჩაბმა, თანასწორობას ღაღადებს: ვინ არ შეუშვა გორილა ბალეტზე? ვინც ამ პასუხზე სერიოზულად ფიქრობს. იცით, როგორი ბანალური ფილმია? შვილი მეტროში რომ დაეკარგება და გგონია, ვინმე მოიტაცებს, გამოსასყიდლებიო, ცხოვრება დაენგრაო, არა და ბავშვი გაუნძრევლად იქვე ყოფილა. აი, ავღანეთსა და ერაყში როგორც კომიკოსი ისე წაიყვანეს ლუი, კონცერტზე ჯარისკაცები გაგვირთეო. ამასობაში, შეიარაღებული მტრები დაადგებიან, მეთქი, მძევლად აიყვანენ, რა ეშველება. არა და ლუის ჩანთიდან იხვი ამოუხტება, რა საყვარელიაო და ორივე მხარე შერიგდება, იხვს მოეფერებიან, ჭამენ, დალევენ, დროს გაატარებენ. მოკლედ, ლუის ცხოვრებაში არაფერი სათავგადასავლო არ ხდება გარდა ყოფითი პრობლემებისა: ბავშვები სკოლაში მიიყვანოს და მოიყვანოს, მანქანაც კი არ ჰყავს, მეტროს კლიენტია, რესტორნებშიც კი არ დადის, პიცასა და პონჩიკებს მიირთმევს.

ფილმი ისე მიმდინარეობს, ვერ გაიგებ სიმართლეს ამბობს თუ ცრუობს. თან ჩემი თავი მეცნო ამ ფრაზაში: “მე ყველაზე საშინელი მატყუარა ვარ, ვინც კი შემხვედრია. ჟურნალის საყიდლად რომ მაღაზიაში ჩავდივარ და ვინმე მეკითხება თუ სად მივდივარ, ვპასუხობ, რომ ოპერაში. საშინელებაა”. ამაშიც: “მე არ ვწყვეტ ჭამას, როცა დავნაყრდი, საკვები ხომ არ მთავრდება იმით, რომ მე დავნაყრდი”. ან ამაში: “ცხოვრება ზედმეტად ხანმოკლეა მხოლოდ მაშინ, როცა სამშობიაროშივე კვდები”. ინერტული მიმიკებით წარმოთქმული სევდიანი ხუმრობები ვისაც მოგწონთ, ლუიც მოგეწონებათ, ანტირასისტული, ფემინისტური, ანტიჰომოფობიური ნაკრებია. ქუჩაში ვინმე რომ შეაგინებს, ლამის პატრულს რომ გამოიძახებს. წადით ხოლმე პაემანზე შვილებიან კაცთან.

louis-c-k-pamela-adlon-65th-annual-writers-guild-east-coast-awards-inside

ფრენკ ანდერვუდის მამა

Francis_Urquhartგამეცინა, როცა მაიკლ დობსმა პრეზენტაციაზე ბოდიში მოიხადა, ჩემი მეუღლე ვერ ესწრებაო. ეგრევე სეზონის ბოლოდროინდელი ფრენკ ანდერვუდი გამახსენდა. ამჯერად, 90-იანებში გამოსულ “ბანქოს სახლს” ვკითხულობ, შეიძლება ითქვას, კორუფციოლოგის ბესტსელერს. საინტერესო კი ისაა, რომ ავტორი ამჯერად შიგნიდან, ლორდთა პალატიდან გვწერს. მუშაობდა ბოსტონის ჟურნალშიც პოლიტიკის მიმომხილველად. იყო მარგარეტ ტეტჩერის პირადი მრჩეველიც, ჯერ კიდევ მისი ოპოზიციურობის ხანაში, სხვათაშორის, სწორედ მისი აუზის პირიდან დაუწყია ტრილოგიის დაწერა.
შესაბამისად, მაკბეტიდან რიჩარდ მე-3-ზე მოთხრობილმა ამბებმა არა მხოლოდ ისტორიული, თანამედროვე პოლიტიკური გავლენაც მოახდინა. წიგნი კიდევ უფრო დუნედ იკითხება, ვიდრე სერიალი მიმდინარეობს, კამერები რომ თითქმის არ მოძრაობს და წარმოიდგინეთ ახლა მისი პირვანდელი ბრიტანული სერიები.
ხოლო ის, რითიც ფრენკ ანდერვუდი შეიფუთა, სხვადასხვა დროის ცნობილი სახეები გახლდათ. მაგალითად, ჯონ კენედის მიმიკები სასიმბოლო სცენებში, გარეტ ვოლკერის დებულებები, ობამას მიშტერება ნიკოლა სარკოზის უკანალზე, რაც ფრენკს ზოისთან დაემართა და სხვა. ასე შეიქმნა ანტიგმირი, რომელიც ხალხმა შეიყვარა. და ფრენსის ურქუჰარტისნაირ პოლიტიკოსს ითხოვენ პრეზიდენტად.
ჯერ განსხვავება წიგნსა და ამერიკულ სერიალს შორის ისაა, რომ ფრენკ ანდერვუდი ფრენსის ურქუჰარტისგან განსხვავებით ნაკლებად ლოიალურია იდეებში, ფრენკს რცხვენია თავისი სამხრეთ კაროლინური წარმომავლობის, ფრენსისი თავის შოტლანდიური წარმომავლობის აწევას ცდილობს. თავისთავად განსხვავდება მოქმედების ადგილი, ვაშინგტონის სახლი ლონდონის სააბატოსაგან, დროის სხვაობაცაა. ფრენკის ცოლი კლერი გაცილებით ძლიერი ქალი ჩანს, წიგნში მას უფრო მეორე ხარისხოვანი როლი აქვს. სამაგიეროდ, პრესა უფრო ძლიერია წიგნის ვერსიაში.
ვფიქრობ, ტრილოგიის წაკითხვის მერე ათი წლის წინ გამოშვებულ “პირველ ლედის” წავიკითხავ, სანახევროდ, უკვე გადავათვალიერე და მგონი მისი პერსონაჟი მაკბეტის ტიპაჟს ვერ ეშვება და ამ წიგნით უნდა რომ ამოწუროს. თან რაღაც აბზაცები ვიპოვნე, სადაც პირველი ლედი მუსლიმან გეის დასაცავად წავა, “ბანქოს სახლის” მე-3 სეზონის მნახველებს ალბათ გეცნოთ ეს ამბავი. ამიტომ, ვიფიქრე, რომ ამერიკული სერიალი არა მხოლოდ ერთ ტრილოგიაზეა დაფუძნებული, მაიკლ დობსის სხვა ნაწერებსაც მოიცავს. fc,550x550,navy.u1