vol.10.

IMG_20141103_00049

ერთ მშვენიერ დღეს ვიღაცამ წაიკითხა ჩემი “გოგონა, რომელსაც მცენარედ ქცევა უნდოდა” და საყვავილე სამსახურში მომართვა. წერილიც მოაყოლა, რომ მცენარედ თუ გადავიქცეოდი, გამომადგებოდა. სამწუხარო მხოლოდ სამადლობელი აბზაცი იყო. ახალ ოთახში ერთადერთი ახალი ნივთი დავდე – ჩემი საყვავილე. იმის მერე ერთი თვე გავიდა. ცარიელ ქოთანში ეგრეგორი მოვაშენე. ბალახის ქვრივის ზღაპრებს წყალივით მივცემ: Do you have love for humankind?

ძალიან წითელი დღეები

1282659891469_4654585

Smoking can kill a woman’s eggs and cause periods to stop prematurely, – აი, რა უნდა ეწეროს რეალურად სიგარეტის კოლოფებს.

ძველი ქართველების აზრით, ჩვენ ყველანი მენსტრუაციას ვჭამდით და ვაი თუ ორსულ ქალს სისხლი წამოსვლოდა, ბავშვი მუცელში ხომ შიმშილისგან მოკვდებოდა. თავად პროცესი კი იმდენად უწმინდური იყო, მთაში ქალები იმ დღეებისთვის სოფლისგან შორს ცალკე იშენებდნენ სახლუკას, იმ სახლუკას გვერდით მეორე სისხლიანი კოშკი იდგმებოდა, და სოფლის შენებასაც მეტი რა უნდა: საბოლოო ჯამში ცალკე ქალაქი გვქონდა თვიურად, – გამობერილ მუცლებზე მუთაქებს შევიწყობდით და ვჭორაობდით სისხლებზე, ხინკლის ცომებსა თუ სხვა ქალურ, ძალიან ქალურ ამბებზე წითელი ლობიოთი, შავი მუხუდოთი, პიტნითა და თაფლით.

..და მე ვიფიქრე, რა კარგი იქნებოდა, ერთი პატარა, მიყრუებული სოფელი ავიშენოთ ბლოგერმა ქალებმა. ქალებმა, რომელთა ცოდვებს ღმერთი სერიოზულად არ უყურებს, სანამ კაცებს არ შევაცდენთ. თვეში ერთხელ მივატოვოთ ჩვენი ექსპრესიული ცხოვრება და თავი ორგანიზმებს დავუთმოთ. იმ დროს, როცა ყველაზე მეტად გვესმის მათი არსებობა, ვიცით ყოველი ნაწლავის ფორმა და ზომა, შეუხედავად შეგვიძლია დავითვალოთ ყოველი კაპილარი გულამდე, გვესმის ფილტვების შინაგანი აკუსტიკა, როდესაც ხორხიდან ჰაერი ჩაგვდის და.. და კიდევ გვტკივა საკუთარი მკვდარი შვილები, ორგანიზმი, რომელიც ჩამოიშალა.

სტუდენტობისას ირანელი ქალის ფილმი ვნახე ეპილაციაზე. ქალები თავიანთი ინტიმური საათების განმავლობაში გულახდილად საუბრობენ: ერთ გოგოს მონოპაუზა აქვს, მეორემ აპკი უნდა გაიკეროს და სხვა. რაღაც დრამატული კადრი მახსოვს, – საპირფარეშოში შესული შუა ხნის ქალი, ქაღალდზე ტუჩსაცხს რომ წაუსვამს და ურნაში ჩააგდებს, ისე, გამოსაჩენად. იმის მერე მეშინია დაბერების. მეშინია დაბარების, რომ სხვანაირად ვეღარ ვიგრძნობ ჩემს ამ ელიფსურ ქირონულ მუცელს.

 butterflies-tummy

ხიდჩატეხილი ჩემი ქალაქი

თბილისის შუაგულში მშვიდობის ხიდთან გავლისას ედუარდ მანეს ტილო “სამხარი ბალახზე” მახსენდება, სადაც ნახატში კონტექსტიდან ამოვარდნილი ნახატი, ხოლო ძველი თბილისის შუაგულში შიშველი ხიდია გამოსახული. თუმცა ვიზუალური ხელოვნების მცოდნეებს შეიძლება სანტიაგო კალატრავას იგივე სახელწოდების ბაგირები გიდგებოდეთ თვალწინ, მისი ვიზუალურ-სემანტიკური კოპირება.
ჩემი აზრით, აბანოებიდან დაწყებული ეს ჰავლაბრელებზე მიწოლილი ხიდი თბილისელებისთვის ზედმეტად სიმბოლურია, როგორც იდეურად ბიმორფული პროდუქტის თბილისელებთან დესინთეზირება, სადაც ნიმუში ადამიანთან და მის ფონთან არაა შერწყმული, ადამიანი ვერ ხდება შენობა და შენობა ვერ ხდება ადამიანი. თუნდაც, როგორც ხალხური მიშენებების, ე.წ. “ეგოისტური არქიტექტურის” შემთხვევაში მოხდა, ქალაქელები შეერწყნენ საკუთარ დანამატებს. პროექტიც იყო ჩაფიქრებული გასული საუკუნის ბოლო წლებში მათი მასობრივ არტად ქცევის, თუმცა უსახსრობის გამო შეწყდა.
ბებიაჩემი, “კარენოი თბილისელი” ქალი, იტყოდა ხოლმე: მთელი ცხოვრება მინდოდა მოვხუცებულიყავი, რომ ჩემთვის პატივი ეცათ, ხოლო მოვხუცდი მაშინ, როცა უკვე პატივს ახალგაზრდებს სცემდნენო. მართლაც, კომპიუტერულ სისტემებთან ერთად მილიარდელთა ასაკიც შემცირდა. ჩემი თაობაც, ფსიქოლოგებისგან წოდებული 87-95-იანელების “ჩატეხილი ბავშვები”, ბებიის მსგავსად, გარდამტეხ პერიოდში მოვხვდით, სადაც თუნდაც სამსახურის შოვნაში, ძველ თაობადაც არ ვითვლებით, მაგრამ ამავე დროს, შედარებით კიბერნეტიკული თაობა გვიწევს კონკურენციას.
მე კი არ მავიწყდება ჩემი გერმანელი მგზავრი, რომელიც სათანადო დიპლომატიით მეკითხება: “რატომაა ამდენი ეკლესია თქვენს ქალაქში? ალბათ ძალიან გწამთ. მაგრამ თუ ძალიან გწამთ, სიკვდილი ასე ძალიან რატომ გიყვართ? თქვენი მანქანები სულ დაქრიან და მეშინია.” ვხვდები, რომ არქიტექტურა ოპოზიციური მენტალობით აქაც უარყოფს თავს და ვპასუხობ: “ღვინის უფრო გვწამს”. ცოტა ხანში მე და ადოლფი რამდენიმე კილომეტრით აზიაში, სიღნაღში ვსვამთ. სტუმართმასპინძლობაც ხომ იმიტომ ვიცით, საკუთარ პატივმოყვარეობაზე წყალი დავისხათ და აღვნიშნოთ, ჩვენთან შედარებით რა ადვილად თვრებიან.
იყო კიდევ ერთი ინგლისელი სტუმარი, რომელმაც ქართული არქიტექტურა თავად გამაცნო და მეც პარლამენტის შენობასთან სელფ-შოთით ტურისტივით მატარა. ერთხელ მეუბნება, რომ მე ღია ზღვაში ციცაბო კლდეზე აღმართულ მინიან შენობას ვგავარ, რომ დაღამდება და შენობაზე ვარსკვლავები აირეკლება. დავფიქრდი, სინამდვილეში რამდენად გვანან ადამიანები თავიანთ ქალაქს ან თუნდაც საკუთარი ოთახების არქიტექტურას. ან რამდენად შეიძლება ვგავდეთ ცხოვრებაში არ დანახულ შენობებს, რა რომანტიკულადაც არ უნდა ჟღერდნენ ისინი. ვარსკვლავიანი მინები არ ვიცი და ჩემი ქალაქი არის მცხეთა, ისეთივე, როგორიც მოსკოვისთვის არის პეტერბურგი, ფენტეზური გალავანებით, მუზეუმად ქცეული ისტორია, მე ხომ ავეჯიც კი არ მაქვს დაბერებული არ იყოს, მოგონებები არ გააჩნდეს. კერპად სალოცავი ქალაქი – მცხეთა.
300px-Mtskheta-Georgia

მკრთალი ლურჯი წერტილი

pbdwords

ღრმა კოსმოსიდან ათინათის მტვერში დაკიდული მკრთალი ლურჯი წერტილი მოჩანს. ეს აქ არის. სახლია. ჩვენ ვართ. ერთადერთი სახლი, რაც ვიცით,  – ალბათ გეცნობათ კარლ საგანის მოხსენება “მთელი კაცობრიობის ისტორია ამ პაწაწინა პიქსელში ჩაეტია” კორნელის უნივერსიტეტში. შემდგომში მოხსენებითი წიგნიც უძღვნა 1990 წლის “ვოიაჟერ1”-ის (Voyager 1)  მიერ 3.7  ბილიონი მილით (6 ბილიონი კმ-ით) დაცილებულ დედამიწას მკრთალი ლურჯი წერტილი: მომავალი კაცობრიობის სურათები კოსმოსში (Pale Blue Dot: A Vision of the Human Future in Space ). იმის შემდეგ დედამიწის ბევრი ფოტო გვექნება, მაგალითად: დედამიწა სატურნის ბეჭედში (2006), რომელსაც  პნევმონიის გამო თავად ვერ მოესწრება, მაგრამ თაყვანისმცემლებმა წერილების ბლოგი შეუქმნეს, საუბრობენ მისი ფანტაზიები ფაქტები თუ როგორ ხდება ან მისი ნაშრომების კითხვისას იმპრესიებს გამოთქვამენ.

უმეტესობას, კარლ საგანი მხ. ფილმიდან “კონტაქტი” (contact) ეცნობა, რომელსაც ასევე ვერ მოესწრო. ფილმში ჰოკინგისა და არტურ კლარკის თანამედროვე ფუტურისტი, ასტრონომი და კოსმოლოგი სცენარის ავტორი იყო: შინაარსი ეხებოდა კოსმოსის კვლევის ფონზე ათეისტი და მორწმუნე ადამიანების კვეთას. ნასამ ორი წლის წინ გამოაქვეყნა იმ ფილმების სია მომავალს ყველაზე რეალისტურად რომ გადმოსცემს და “კონტაქტი” მეორე ადგილზე გაიყვანა “გატაკას” შემდეგ. ყველაზე ცუდად გადმოცემულ რეალობაში მაშინ ფილმმა “2012”- იმ გაიმარჯვა. ერთგან კარლ საგანი წერდა: კოსმოსმა ადამიანი თავისი მსგავსი შექმნა, რადგან თავი შეეცნოო.

პირადად მე, როცა პაწაწინა დედამიწას ვუყურებ, ბიძგს მაძლევს, იქნებ ყოფითი პრობლემების არე შევამცირო, იქვე კი ასტროლოგიაში გამოთქმული აზრი მახსენდება, რომ პლანეტების ზოდიაქალურ სახლებში განხილვისას, დედამიწა მუდამ განზეა. კულისებში თითქოს დედამიწას ვენერას ნაცვლად კუროს ზოდიაქოს პატრონად განიხილავენ, ამ დროს შედარებით ეგზალტირებული მაგნიტური ველის თუ სხვა მიზეზების და გამო. ჩემთვის კი დედამიწა იმ ადამიანურობის და ინდივიდუალობის მომცემია, იმ ფონზეც რომ სხვათა მაგნიტური ველები ჩარჩოში სვამენ. რაც არ უნდა იყოს დედამიწა მზესა და მთვარესთან ერთად ის პლანეტაა, რომელის გავლენაც ადამიანიაზე ასტროლოგიაში არამორწმუნე ადამიანსაც სჯერა.

წინა კვირას მეგობარს ქორწილის გადაღებაში დავეხმარე, ჯვრისწერა არ იყო, პროტესტანტი კაცისა და ათეისტი ქალის მხოლოდ ხელის მოწერა, შემდეგ სტუდიაში გადავინაცვლეთ, სუფრის გარეშე. ქორწილის მუსიკოსების არ იყოს, ქორწილის ფოტოგრაფია ნაკლებად ელიტარული ხელობაა, მაგრამ საათნახევარში 150 ლარი მინდა. განცხადება: შვებულება ავიღე, ფული უნდა შევაგროვო, ათასი ლარიდან იწყება, ექსტრა ზუმის ობიექტივი უნდა ვიყიდო კოსმოსისთვის. ჯანმრთელობის გამო მე არავინ წამიყვანს ბილიონი კილომეტრებით შორს, ჩავიდე აბასთუმაში და ვიღო და ვიღო სახლიდან.

მოხუცი და ზღვა

/”კუბიკიანი სახლის” მიხედვით/

ამბობენ, სამყაროში დავიწყება რომ არ არსებობდეს, ადამიანები ორმოცს ვერ მიაღწევდნენო. ეს ამბავი მაშინ მოხდა, როცა დედამიწა წყალმა დაფარა და ადამიანები გადარჩენისთვის ამატებდნენ სართულებს.

ყოველი დილა თავთან შეკითხვით იწყება: როგორ ხარ? – და პასუხის გაცნობიერებით გრძელდება.
ოღონდ თბილ ლოგინში ჯერ ჩიბუხს გააბოლებდა, კისერს მოიფხანდა.

იმ ასაკში არ იყო, ცხოვრება რომ ესწავლა და სიკვდილს სწავლობდა, ალბომის ფონზე, ჩიბუხით ხელში, კომოდზე ცოლის ჯერ კიდევ შემორჩენილი სამკაულებით. ზღვა ჩანდა მისი ფანჯრიდან.

ყოველ ჯერზე აღებდა იატაკზე ამოჭრილ ფანჯარას და თევზაობდა ანკესით ხელში. ქვემოთ დაცურავდენ ქალაქები, ჩიტების ნაცვლად თევზები რომ არტყამენ წრეებს. ამბობდა:

– ვახშამზე თევზი და ღვინო მექნება, – არ ამბობდა, ფიქრობდა, იმდენი ხანი არ ესაუბრა, იფიქრებდი, საუბარი დაავიწყდაო. შეიძლება მართლა დაავიწყდა.

საამური საღამო იდგა, წყლის ფოთლებივით შრიალს უსმენდა, ტელევიზორმა მოთენთა და ჩააძინა.

დილით ისევ კისერი მოიფხანა, კომოდზე დადებული ჩიბუხი ხელის ცეცებით მოძებნა და ორივე ფეხი წყალში ჩატოპა, – იატაკზე გუბე დამდგარიყო, მის ანარეკლში ლივლივებდა ოთახი, ფანჯრიდან კი ზღვის ჰორიზონტი ჩანდა, მოცეკვავე თევზებს პირდაპირ კართან რომ რიყავდა.

დანანებით შეავლო თვალი კომოდზე დადებულ ცოლის სამკაულებს და რამდენიმე ფოტოს. სახურავზე კიბე მიადგა და გაჭირვებით აბობღდა, რადგან სახლის ზემოდან დაიწყო ახალი სახლის შენება. სახლის, სადაც დაეტეოდა ანკესი, მაგიდა თუ საწოლი. იმ სიმაღლეზე წყალი კიდევ კარგა ხანი არ მისწვდებოდა.

როცა ახალი სახლი გადახურა, ნავი აიღო და ნივთების წასაღებად დაბრუნდა. მხრებზე კომოდი მოიკიდა და ჩიბუხი გაუვარდა. იატაკზე ამოჭრილ ხვრელში ჩაუვარდა და ჩაყვა:

ჯერ ნიჩბებით იპოვნიდა, ეგონა, მერე ჩაყვინთვა გადაწყვიტა, ოთახების ჩავლით, ოთახების, რომლებსაც იატაკის ფანჯარა ამოჭრილი და გაღიავებული ჰქონდათ.

როცა დაკეტილი ფანჯარა დაინახა, ოთახს ყურადღებით მოავლო თვალი, დაცემული ჩიბუხი ნახა და აიღო.
ერთხელ ამ იატაკიდან სწორედ ეს ჩიბუხი მიაწოდა მეუღლემ, თავად ქანქარა სკამზე იჯდა, ის კი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, ოღონდ მოხრილი.

ცოლი არასდროს დასცინოდა, როცა მოხუცდა, გაკეთებულ სათვალეს რომ ეძებდა: “საყვარელო, ვერც მე შევამჩნიე, თურმე გიკეთია..”

გარისკა და ამ ოთახის ფანჯარაც გახსნა, ჯერ ზემოთ აიხედა, სუნთქვას მოუჭირა და გაცურა: იმ სახლში მოხვდა, სადაც ცალი საწოლი დატოვა და პატარა ტაბურეტკა კუთხეში, ღამეებს რომ უთენებდა მეუღლეს ავადმყოფობისას, მოუკეცავდა საბანს და ჩაათბუნებდა.

მერე კიდევ გარისკა, იატაკზე კიდევ გამოაღო ფანჯარა და ჩავიდა.

დივანი დახვდა. ის დივანი, რომელზეც მისი ცოლი და შვილი იჯდა ოჯახთან, თავად კამერას აყენებდა დროის რეჟიმზე. მათთან ერთად გაცუნცულდა, მაგრამ ფეხი რაღაცას წამოარტყა და დაცემის პროცესში იყო, რომ დაჩხაკუნდა. სასაცილო სურათი გამოვიდა, რომ ნახეს, ბევრი იცინეს.

მერე ახალი ოთახი იყო, ალბათ იმ პერიოდის, ცოლი რომ მოიყვანა, მშობლებს გააცნო და მოიყვანა.

ყოველთვის ფიქრობდა, რომ ქორწინება წარმოადგენდა მიზანს, რომელის გაცნობიერებას ოჯახური ცხოვრებით ახერხებდა. ისწავლა, რომ ცოლის გაღვიძების სწრაფი საშუალებაა, მისთვის სხვა ქალის სახელი დაეძახა. მერე ამაზე დიდხანს იცინოდა, ყოველ დილა კოცნიდა, ის კი ყოველ დილა უსწორებდა ჰალსტუხს. როგორ უყვარდა.. მერე შვილი. გემზე ჩასვა და სასწავლებლად გაუშვა. მაგიდაზე კარაქიანი პური დარჩა.

უფრო ღრმად ჩავიდა და სახლის ფსკერი ნახა, მიწაში ჩაშენებული ნივთებითა და იატაკზე აღარ იყო ფანჯარა.

კარები გააღო და გარეთ გავიდა, სახლს დაბლიდან მაღლა ახედა, მაღალი კოშკი იყო, მრავალგზის მიშენებული სახლებით, არქიტექტურით რომ წყალს გაქცეოდნენ. წყალი კი სულ მაღლა და მაღლა იწევდა.

გარშემო მისი ძველი ქალაქი იყო, შეყვარებული მისი მშობლები ბებერ ხეს წრეებს რომ არტყამდნენ, დაფრინავდნენ პეპლები და ჩიტუნები. მერე დაჭრეს და სახლი სულ აგურ–აგურ ააშენეს, ის სახლი, სადაც ცხოვრებას აპირებდნენ.

მაშინ სახლები ჯერ კიდევ მიწაზე იდგა, ამოდიოდა ბალახი და ხეხილი ყვაოდა. ისინი კი შეიყუჟებოდნენ სახლში და ღვინოს სვამდნენ ორცხობილასთან.

კაცს ცრემლი მოადგა, იატაკზე დაგდებული ჭიქა იპოვნა, თავის სართულზე აიტანა. ვახშმად ისევ თევზი ექნება და ღვინო. მაშინ ძალიან ბევრი თევზი დაუჭერიათ, ფრინველებიც თევზებად გადაიქცნენო. ეს სართული ბოლოა ალბათ.

 

 

 

 

 

თბილი

ჩემს სახლში ოთახები ისეა მოწყობილი, ერთ კარს რომ ვაღებთ, მეორე უნდა დაიხუროს. არც გოთიკური შენობაა და არც კადრია ფილმიდან, უბრალოდ ორპირმა რამდენჯერმე ჩაამტვრია ფანჯრები და დიდი ჰაერის ოთახებში გასვლას ვერიდებით. ვრეკავ ან ვყვირი ხოლმე: ”ოთახები ჩაკეთეთ, გარეთ უნდა გავიდე” და ერთდროულად ირაზება რამდენიმე კარი. ისე კი ვზივარ ერთი ოთახის ჰაერით ღია ფანჯარასთან და ისეთი პასუხი მინდა მქონდეს, ყველა კითხვაზე რომ გასცემს პასუხს.
გაიცანით, ეს თქვენი მკითხველია, ეს კედელია, როგორც ოთახების ჩარჩო, მისთვისაც სასიამოვნოა. აქ რამდენიმე საათი კიდია, ზოგადად ბევრი საათი გვაქვს, თუმცა ამას წინათ გაჩერება ერთდროულად მოუნდათ. ასე ხდება, როცა ელემენტებს ერთიანად ვყიდულობთ. ამ დროს სახუმარო ისტორიაც შემემთხვა, სწორი მხოლოდ ჩემი ტელეფონის საათი იყო, მისით ვხელმძღვანელობდი. ჰოდა, მეგობარი მირეკავს და არასწორ დროს მეუბნება, ვიბნევი და ვუჯერებ. მერე აღმოვაჩინე, რომ ჩემი დრო იყო სწორი.
მინდა რუტინული ნაწერით ჩემი სახლი გაგაცნოთ.
ან რაში გაინტერესებთ.

სტატისტიკა რომ შედგეს, პირი, რომელზეც ყველაზე ხშირი ცილისწამებაა განხორციელებული, სატანა პირველ ადგილს აიღებს.
თუ თქვენ სამყაროს უსამართლობაზე ღელავთ, მთელი ცხოვრება გადააკვდით მეგობრებს, მეუღლეების გამო ბინები გაყიდეთ, ბოლოს კი შვილების გამო სხვა საზრუნავი არა გქონდათ რა და მათგან კარგი არაფერი მიიღეთ, იმაზე დაფიქრდით, რასაც თესავდით, ის მოგიმკიათ: ახლა ისინი კარგად არიან, ძღებიან, საყვარლები დაჰყავთ და გაგინებენ. ასე რომ ცხოვრება სულაც არაა უსამართლო, თქვენი არჩევანია.
შემდეგში უკვე საკუთარ თავებზე იფიქრეთ, სანამ ეგოიზმის პიკამდე მიხვალთ, კაცობრიობა გენდომებათ თქვენთვის, ბოროტება ხალხში ვეღარ გადანაწილდება და ჭირ-ვარამიც თქვენ დაგეხვევათ.
პესიმისზმის ხასიათზე ვარ.

ესენი კარადებია, ზოგი მადგანი საუკუნეს ითვლის, თუმცა მხნედ გამოიყურება, განსაკუთრებით სარკე. ალბათ რამდენი ვინმე უნახავს. ეს საწოლებია, გადაშლილი მკლავებითა და ლამის მშობიარე მუცლით, რომელიც შუაღამისას სიყვარულით კავდება ჩვენთან. მაგიდები და სკამები ერთად არიან, ეს პარკეტია, რომელზეც დგანან, თეთრი ხისაა, რომელსაც ხის ჭაღი თავად შევუხამე. ეს კომპიუტერია, კედლებზე მიმოფენილია ნახატები. დივანსა და თაროებს შორის აქვე მე ვდგავარ. აბა გამარჩიე.

თმა

სტუმარს თეთრი წინდები ეცვა, ლოგინზე ააწყო და დამამახსოვრდა. მე კი კაბა მუხლებამდე ჩამოვიწიე, მუდამ მეწევა სიარულისას. სახეზე ღვინის ბოთლი დავიდე. მეხუმრებოდა ვენეციური ტიპის სმის გამო. ეს ღვინო არ ათრობს.
ამას წინათ ქალი პირველად ვნახე სიმსივნისგან მოჭმული მკერდით. დაკეცილ კანზე გამჭირვალე ბინტი ეფარა და ხელი დავადე. ვკითხე: ”ღვინო გინდა?” მერე დიდხანს დავდიოდი ლამპიონებისგან განათებულ თბილისში ან დავრბოდი.
თავისი ბინის გასაღები მომცა ბიძამ. წლების მანძილზე სხვა ქვეყნებში ცხოვრობდა, ახლაც უნდა მსოფლიოს შემოვლა. ისე, ხშირად ჰყვება ბავშვობის სიყვარულზე: როგორ ვუყვარდი, ეროვნების გამო დავშორდი, მაშინ სხვანაირად გვზრდიდნენო.
ერთად ბედნიერად ვცხოვრობთ, საღამომდე ლინგვისტიკაში ნაშრომს ვწერ, საპრეზენტაციო დღე ახლოვდება, ის რემონტზე მუშაობს. დაღლილი მოდის, მაგრამ მცენარეულ საკვებზე გადამყავს, ხორცს ვერ ვიკარებ. შემდეგზე რაფებს დავალაგებთ. სუფრას ვშლით, ღვინო მაცივრიდან გაგვაქვს და ვსვამთ.
ერთხელ დედამ ღვეზელები დააცხო და გვესტუმრა. სუფრის ბოლომდე ეგონა, რომ ლიმონათს ვსვამდით. ფერებში ღვინოს ჰგავს. როცა ვთვრები, ბიძა თავის პერანგს მაძლევს, აბაზანაში შევყავარ და ცივ წყალში მკეტავს. თან ვუბრაზდები, რომ ბავშვივით მექცევა, მერე ვეხუტები.
სხვა ბიძაც მყავს. მახსოვს, სკოლაში რომ შევდიოდი, ის ამთავრებდა. ღელავდა. მერე ვიღაც ქალზე წუწუნებდა, თითში ჩაქუჩი ჩამარტყაო, მერე კარში ხელი მომაყოლაო. ხშირად საუბრობდა ქალებზე, პორნოგრაფიულ გაზეთსაც უშვებდა სადღაც 90-იანებში. მერე ცოლი მოიყვანა, გაშორდა. მერე სხვა მოიყვანა, გაშორდა. ახლა სხვა ქვეყანაში ცხოვრობს, ამბობს, რომ ცოლი მოჰყავს. ამბობს, რომ ბოლოა. ახლაც მოტოციკლით მოძრაობს და რჩევებს არ მაძლევს.
დედას და მამას ბავშვობა არ ჰქონიათ.
გადავწყვიტე უჯრები დავალაგო, როგორც კომპიუტერი და ჩანთა. გადავწყვიტე თმა შევიღებო, თმა, რომელიც ინსტინქტს ჰგავს, მთელი ცხოვრება იზრდება, მაგრამ ვიჭრით, იზრდება, მაგრამ ვიჭრით. დედამ საღებავი მომიტანა, რძალმა წამისვა. 40 წუთი უნდა გავაჩერო, ნახევარი საათი გავიდა, მერე არ ვიცი რა მოხდება. მინდა, რომ მომეწონოს.

ბაბა იაგურად

ჩვეულებრივი სახლია ხის კედლებით და ინდაურის ფეხებით. დილით ადრე იღვიძებს და თავისი დინჯი ნაბიჯებით სამსახურში მივყავარ. შუქნიშნებზე ისიც ჩერდება. გაწელილი მთქნარებით ცალ ფეხს სწევს, თითებს ბზიკავს და ჭიმავს, შემდეგ მეორე ფეხს ანაცვლებს და რაც შეუძლია სწრაფად გარბის. საოცარი სანახაობაა უკნიდან: მისი დაბნეული სირბილი მანქანათა შორის. ამ დროს ოთახში ყველა ავეჯი ერთ კედელთანაა მიყრილი და გვეღვიძება.

სახლში ქმართან ერთად ვცხოვრობ. ამას წინათ გამომიცხადა: “მუდამ გაწეწილი თმა გაქვს და ბებრულად გაცვია, – სახლიდან მივდივარ.”

ქონების გადანაწილების ჯერი რომ დადგა, ვთქვი: “ცოცხი ჩემია.”
თქვა: “ავეჯი ჩემია.”
ერთად: “სახლი ჩემია.”

გადავწყვიტეთ სახლი დაგვეკლა და გაგვეყო. სახლმა კი საუბარი რომ მოისმინა, შეეშინდა და გაიქცა.

ქმარმა: “ერთად  მოვძებნოთ.”
მე: “სახლი რომ ვიყო და ინდაურის ფეხები რომ მქონდეს, სად წავიდოდი?”
ქმარმა: “ტყეში მოვძებნოთ.”

ტყისკენ გავეშურეთ. ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ, შეჯგუფებულ ხეებთან მივედით. შუაგულში ჩვენი სახლი იჯდა, კვერცხები დაედო და იქიდან პატარა სახლი იჩეკებოდა.

სახლმა: “არ დამკლათ, ახლა ორნი ვართ!”

ქმარმა ხელი ჩამჭიდა, ცრემლი მომწმინდა და მითხრა: “მინდა ჩვენც შენნაირი ჭაღარათმიანი და ლამაზი შვილი გვყავდეს.”

დავუბრუნდით ბინას და იქიდან კაი ხანი გამოდიოდა ხმები: “აჰ, წიპიდოხ, წიპიდოხ!”

ბოდვებზე და წიგნებზე

ტელეფონი უნდა გატყდეს.
ახლა საუკეთესო ვარიანტია შურისძიება საგანზე იდეის ნაცვლად.
ვხვდები გადაღეჭილ დებულებას, რომ მარტივად მსხვრევადია რწმენა ლოგიკის გარეშე და რა მარტივად შეიძლება დამზადდეს ლოგიკაც.
გთხოვთ, მომიტევოთ ჩემი წრიული მოძრაობა, ინსტინქტია ბავშვობიდან ღრმად ჩარჩენილი.
მომიტევეთ, რა თქმა უნდა, ამ სიტყვის ირონიული მნიშვნელობით, საკუთარი მეორე დაბადება.
პირველს არყოფნის რისკი დაემუქრა.
მომიტევეთ ჩემი გაორება ემოციურობის დაბალ ტონალობაში რომ შედგა.
მთავარია ტელეფონი გამორთული იყოს მიღებული ლოდინის ადვილად გადასატანად.
სარკის ეფექტს შეუძლია ნებისმიერი აზრის კოპირება.
ვდგავარ მის წინ და ვავარჯიშებ სავარცხლის სწორხაზოვან ბრუნვას.
ვფიქრობ, გულწრფელობას ჯერ არ მომიტევებს. არც ბოდვებს.
მეძინება საკმარისად, რომ არ დამეძინოს.
ასე ვიცი. ფიზიკურ ლტოლვას გონი არ მისრულებს.
ვიყოფი.
ვფიქრობ თავისუფლებაზე ნებისმიერი სახის მიჯაჭვულობისგან.
თუ ლოდინი არ მიყვარს, ტელეფონი უნდა გატყდეს.
****
ბიბლიოთეკაში ვაწყდები წიგნს ოკულტიზმზე.
”ფიქრების მიზანზე კონცენტრაციით, შესაძლებელია ნებისმიერს აიძულო დაკავშირება, შენი გავლენის ქვეშ მოქცევა.”
ჩემი სხვა მეუბნებოდა შემემოწმებინა, მითუმეტეს, მსგავსი ადრეც მიცდია.
გავითვალისწინე მწერლის მოთხოვნა და ჯერ მარტივი პროცედურით დავიწყე: ადგილობრივი მკითხველის კისერზე მივმართე მზერა და ფიქრი: ”ახლა მარჯვნივ მიიხედე”, ”ახლა მარცხნივ მიიხედე”, ”მინდა ჭერში აიხედო”..
წიგნში გაფრთხილება იყო, რომ საწყის სტადიაში შეიძლება არ გამოსულიყო, მაგრამ მგრძნობიარე ობიექტი აუცილებლად იგრძნობდა უჩვეულო ველს.
მე არ გამჭირვებია. ცდისპირი დამყოლი იყო.
საათიანი ვარჯიშის შემდეგ კონცენტრაცია მოვახდინე მაგიდაზე მიგდებულ ფუჭურ ტელეფონზე. სეანსს მაწყვეტინებს მესიჯი მობიფეისგან.  😦
მე მხოლოდ ამას თუ გამოვიწვევდი.
მერე ჩემი ცდის პირი მოდის და მეცნობა: ”შეიძლება თქვენთან დავჯდე? რა საინტერესო წიგნს კითხულობთ.”
მეღიმება: ”არა, გმადლობთ”.
და ვფიქრობ, სულაც არ მინდა, ტელეფონი გატყდეს. 🙂
****
ერთი საინტერესო სიზმარი ვნახე.
ცხოვრების მანძილზე სამი სახლი გამოვიცვალე. მათ შორის პირველში დიდი ხანი ვიცხოვრე.
სიზმარში არეულია სივრცის ობიექტური შეგრძნება და ჯერაც პირველ სახლში ვცხოვრობ, მგონია.
სკოლიდან სახლში ვბრუნდებოდი. ერთი გაჩერების მერე უნდა ჩამოვსულიყავი. ოცნებამ გამიტაცა და ერთი გაჩერებით გავცდი.
სიზმარში არეულია სივრცის ობიექტური შეგრძნება და რუმინეთის ქალაქ მოლდოვაში ავღმოჩნდი.
ყველაფერი ყვითელი იყო: სახლები, ცა, მიწა. უბრალოდ ადამიანები იყვნენ დაგრუზულები.
უკან გზა გაცილებით შორი აღმოჩნდა, ბევრი თავგადასავალი გამოვიარე.
თან ვღელავდი ოჯახის წევრების ნერვიულობაზე. ბოლო-ბოლო ვალოდინებდი.
გამეღვიძა. ტელეფონი ვეღარ ჩავრთე, ბატარეა მოეშალა.  მაინც არ მჭირდებოდა.
სამაგიეროდ, უბოტკინო სიყვითლის დადებითი განწყობა მაქვს.
ლოდინი არ მინდა, მოგზაურობა მინდა.
უფულოდ, მედიტაციით.

წარსულში მომხდარი ირონიები

იდარდე, –
ემოციები მჩხვლეტს.
და მედინება თეთრი სისველე.

გამჭირვალეა.

გაიყიდება ეს სახლიც.
დარჩება ჩვენთვის ნანგრევები,
სხვისთვის კი – ბინა.

მაწუხებს ჩხვლეტა.
ვითხოვ ჩემებურ ანესთეზიას.

მეკუმშება ხელები
შენი ჟაკეტის ჯიბეში არსებულ
ხურდებთან.

ვყიდით ბინას.
შემოდგომისთვის უნდა მოვასწროთ
ნაგავსაყრელზე დატოვება
ბავშვის,
ნამსხვრვების,
წვრილმანი სერვიზების
და ქილებში ჩატენილი ცხვირსახოცების.

სამზარეულო გაიტანეს და დარჩა
ფარდა.
ვიხურებ მხრებზე.
ვამბობ, რომ მცივა.
გავუძლებთ.
11.10.2010.