თორი, ნოე და გარეული მხეცი

ყველა საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება იცოდეს რა იცის მასზე სახელმწიფომ. ეს ინფორმაცია ინდივიდუალურად საჯაროა და, თუნდაც, სამთავრობო საიტზე აიდი პირადობის დასკანირებით არის პროსპექტიული. მაგალითად, ჩემზე სახელმწიფოს ჰგონია, რომ ა) არ მყავს ძმა, რომელიც რეალურად ახლა გვერდზე მიზის და ქილიკობს რომ მემკვიდრეობა არ დარჩება; და ბ) მამაჩემი ჩემს გაჩენამდე მოკვდა, სანამ დედაჩემს შეხვდებოდა, დაბადებისას, სიკვდილი იგივე წელს უფიქსირდება როცა დაიბადა. ანუ უკვე მემკვიდრე ვარ. სახელმწიფო მაწოდებს, რომ მამაჩემი შავი ხვრელია და სახელმწიფო სტრუქტურაში მისი მუშაობის 50წლიანი სტაჟი არაფერს ნიშნავს, არჩევნებში კანდიდატს მკვდარი სული აძლევდა ხმას და მემკვიდრეც მკვდარმა გააჩინა. არა, მე არ მჯერა, რომ სახელმწიფო არ მიცნობს, საქმე ალბათ ინფორმაციის თავმოყრაშია.

ყველა თაობას თავისი სპეციფიკური ფობია გააჩნია, ჩემს თაობას კი მასონური რეჟიმის ეშინია ანუ ლავკრაფტის ურჩხულები, საწოლის ქვეშ დამალული ჩონჩხები მოითელა და ახლა კარიერისტი ხალხისგან მართულობის გვეშინია. ჩემი აზრით, ეს იგივეა რაც ნეო ღმერთის შიში, ზემდგომის შიში, რომელიც გვაკონტროლებს და საჭიროა ჩვენი ეგზოფილიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. მაგრამ ვუძალიანდებით, მაღალი სიხშირის კომპიუტერებს ვყიდულობთ, ჩვენს IP მისამართებს რომ ვერ დაგვეწიონ ახლობლები მაინც, რომ არ გაიგონ სინამდვილეში სად დავდივართ, ვიდეო თვალებს და მიკროფონებს იზოლენტათი ვფარავთ ან დისკონექციას ვაწვებით, სუფთა ვებს ვერიდებით, პორნოს თორის ბრაუზერით ვუყურებთ, თან ისე, რომ ბრაუზერის ზომა არ შევცვალოთ და მანამდე ჯავასკრიფტი გვქონდეს ოფლაინ, არ ვუსმენთ მუსიკას ონლაინ, მხოლოდ გადმოწერის მერე, ისიც ანტივურულ დეტექტორებს თუ გაივლის, არ ვხსნით მეგობრებისგან გაზიარებულ ლინკებს სადაც ავტორიზაციის გავლაა საჭირო, ვაი და პაროლი დაინახონ, სხვადასხვა საიტებზე სხვადასხვა მეილებით ვრეგისტრირდებით და ა.შ.

და ჩვენ რეალურად გვეშინია, ოღონდ არა დემონი მედუზების, არამედ ბიბლიაც როგორც ჰორორი ლიტერატურა ისე მოვირგეთ. აიდი ბარათების აღების ფობია ანტი გლობალისტების წრეში. კონტროლიზაციის შიში, რომელიც მცირე შემთხვევაში მხეცის ნიშნის სიმბოლიკით იყო გამოხატული. ამის გამო სახელმწიფო უმნიშვნელო დათმობაზე წავიდა, აიდი პირადობის ბოლო სამი ციფრი 666 მოხმარებიდან ამოიღო და 665-დან 667-ზე გადახტა. ეს 667 მე შემხვდა. ანუ მხეცი მე უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ გადავრჩი, გავხდი ბლოგერი, ოფისის მენეჯერი. არა, ეშვი კი მაქვს, დამატებითი კბილი ამომივიდა ერთ ღრძილზე ორი, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ჩემს პრიორიტეტს ურბანული ცხოვრებისადმი, უფრო შინაური ცხოველი ვიქნებოდი, ვიდრე გარეული მხეცი. და ახლა როცა ვკითხულობ ჩემს მრავალავტორიან, ოფიციალურ ბიოგრაფიას, ცოტათი მწყინს კიდეც: რა მოსაწყენი 30 წელი გამივლია. აი, მხეცი რომ ვყოფილიყავი, ხომ ავიდოდი გრინვიჩზე ან მკვდარი ზღვის ნულოვან ზღვის დონეზე და სამყაროს შევაზანზარებდი. გამოვიდოდა ვინმე კეთილშობილი ნოე და სანათესაოს თუ სხვადასხვა ცხოველების რობოტებს პოსტ მეტროს მიწისქვეშაში შეაფარებდა. ნამდვილი რაინდები ქვეყნად არ დარჩნენო. მაგიტომ. მხეცი არ არსებობს და მისი ანტონიმიც არ იარსებებს თუ დონ კიხოტი არ გინდა. იტყოდა ნოე მიწისქვეშაში: მოდი დავიწყოთო თავიდან, სიგნალი ვაფრინოთო, – და თუ ვაი ფაი დაიჭერდა, ამოვიდოდნენ. და ვერ მიხვდებოდნენ, რომ ეს ჩემი ხრიკია, რომ ვაზი მოვაყვანინო, დავათვრო და გავაშიშვლო ისინი.

საურონი როგორც ლინგვისტი

ბნელი ენის შექმნას წინ აუთვისებელი სამყარო უძღოდა:
თავდაპირველად იყო მუსიკა და მუსიკა იყო ერუსთან, რომელსაც არდაში ილუვატარს უწოდებდნენ. თავად უხმო იყო და შექმნა აანურნი, რომლებსაც მიეცათ თემა მუსიკის შესათხზველად. ჰარმონიულად ამღერდნენ ისინი, სანამ მეამბოხე მელკორმა მელოდიაში წარმოსახვის ჩადება დაიწყო: დადიოდა სიცარიელეში და მარადიულ ცეცხლს ეძებდა, რათა საკუთარი შემოქმედებისთვის სიცოცხლე შთაებერა, ხოლო ნაწილი აზრებისა, რაც სიმღერაში ჩააქსოვა, არაკეთილხმოვან სიმღერად იქმნა.
და მაშინ თქვა ერუმ, რომ აანურნი თავისუფალ ნებას მოკლებულნი არიან და ყოველი განდგომა წინასწარაა დაგეგმილი. მელკორი სირცხვილის გრძნობამ მოიცვა, რამაც ფარული ბრაზი მოჰგვარა. ასკეტურად გამოეყო რასას და იმსახურა გორთაურ სასტიკი, საურონი ანუ საზიზღარი სული, როგორც ელდარნი უწოდებდნენ მას, აულეს მაიართაგანი აღმატებული ცოდნითა და მჭერმეტყველებით, – აქედან იწყება ტოლკინისთვის არა მხოლოდ ქვეყნიერების დასაბამი, ჩანს, რომ ბოროტების საწყისი მონობის გაცნობიერებაა. ნაწარმოები ერთგვარად მორალისტურია: თუ ვიცით, რომ ნეგატიური საქციელიც კი ერუსგან ანუ ღმერთისგანაა დაგეგმილი, მელკორს ანუ სატანას სურს გაიგოს, სადამდე შეიძლება გაგრძელდეს მისი ნეგატივის თვალსაწიერი. პასუხს კი, თეოსოფიური მორალის თანახმად, წიგნების პოზიტიური დასასრულიდან ვიგებთ.
ტოლკინს არ მოსწონდა ბნელი ენა:
ჩემთვის ტოლკინი, პირველ რიგში, ფილოლოგია, რომელსაც ენების გამოგონების გასამართლებლად ზედ ამბების დაშენება დასჭირდა. ამით თუ აიხსნება მისი ავტორობით შექმნილი ოცამდე ენა, რომლებსაც გამართული მორფოლოგია და სინტაქსი გააჩნდა, ანუ შეუძლია დამოუკიდებლად ფუნქციონირებდეს. მისთვის ენას ფსიქოლოგიური მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, ისეთი მდაბიური მეტყველება, როგორიც ორკებისაა დაბალი მოთხოვნილებების ხალხის აღმნიშვნელად გამოიყენა. როცა ელფებისთვის ენა არა მხოლოდ ინფორმაციის გადაცემის საშუალება, არამედ კულტურული ფენომენია. შეიძლება ითქვას, საუბრების მიხედვით რასის განვითარების დონის გაგება შეგვიძლია.
თუ “სილმარილიონში” ბრტყელი დედამიწის შექმნის ტრანსფორმაცია აღიწერება დამრგვალებამდე, “ჰობიტსა” და “ბეჭდების მბრძანებელში” მრუდე გზათა ამბებია მოთხრობილი. ლინგვისტური თვალსაზრისით “სილმარილიონია” საბაზისოდ განსახილველი, რადგან სწორედ აქედან იწყება ენათა შობა. შეიძლება ითქვას, “სილმარილიონი” ხელოვნური სიტყვებითაა აწყობილი, რისი მოფიქრება ტოლკინს ჯერ კიდევ მოსწავლეობისას დაუწყია. შეცდომაა იმის წარმოდგენა, რომ ავტორს შემოქმედების მიმართ უეჭველი სიყვარული ამოძრავებდა. ერთ წერილში მოუხსენიებია თაყვანისმცემლისგან ნაჩუქარი ჭიქა, რომელსაც ამოკვეთილი ჰქონდა შავ ენაზე დაწერილი ცნობილი ბეჭდის სიტყვები, რისიც ისე შეეშინდა, მისგან წყალი არ დაულევია. ჩემთვის ეს ფაქტი ავტორზე ბევრის მიმნიშნებელია.
საურონის განადგურების მერე ბნელი ენის სიცოცხლე გაურკვეველია:
შეიძლება ამიტომ მოიფიქრა ისე, რომ მთავარი პერსონაჟის, საურონის, გადამწყვეტი იარაღი მეტყველება გახლდათ, ორატორული ნიჭი, რომლითაც სასურველ წრეში აღწევდა და სიცრუეს აფრქვევდა. ბუნებრივია, რომ ერთხელაც საურონმა თავისი პოლიგლოტურობა მსახურებისთვის ახალი ენის შექმნისთვის გამოიყენა. მაგალითად, ორკებისთვის, რომლებსაც საკუთარი ენა არ ჰქონდათ, სხვადასხვა ენიდან რაც შეეძლოთ იმას იღებდნენ და გემოვნებისამებრ ჟარგონებად აქცევდნენ. საქმე კი ისეთ არეულობამდე მიდიოდა, რომ სათქმელს ერთმანეთსაც ვერ აგებინებდნენ. ამიტომ საურონმა დრო მოიმედე ენის შექმნას დაუთმო. გნომთა ჟესტიკულაცია რომ არ ვიგულისხმოთ, არდაში ეს ერთადერთი ხელოვნური ენა გახლდათ. არდა სამეფოა, სახელი დედამიწისა, რომელიც მანუეს (მიქაელ მთავარანგელოზის ანალოგის) სამეფოდ ითვლებოდა.
საურონმა შავი ენა ბნელ პერიოდში შექმნა, მაგრამ მისი პირველი მარცხიდან დავიწყებას მიეცა და მხოლოდ ნაზგულებმა ანუ ბეჭდისმსახურებმა შემოინახეს. აღზევებისას ბარად-დურისა ანუ შავბნელი კოშკისა და მორდორის სასაუბრო გახდა. ასევე ოლოგ-ჰაიმ, ტროლთა რასამ, რომელიც საურონმა მესამე ეპოქაში გადაიყვანა, არ იცოდა სხვა ენა გარდა ბნელეთისა და ბნელეთიდანაა მათი სახელიც. მკვლევართა ნაწილი თვლის, რომ თავად შავი ენის დასახელება საურონს არ უბოძია და სხვა ხალხებმა მისდამი ნეგატიური ასოციაციით უწოდეს. თუმცა ნაწილი ემხრობა საურონის სიყვარულს მუქი ფერებისადმი, აკვირდებიან რა მისი მეომრების სახლებსა თუ ტანსაცმელს. შესაბამისად, ენისთვის ამ სახელის მიცემით შავი თავის ოფიციალურ ფერად აღიარა.
ბნელი ენის შექმნისთვის საურონს ძირითადად მაღალ ელფთა და ვალარიანთა ენის ცოდნა დასჭირდა:
ვალარები უმაღლესი ძალა იყო არდაში, საიდანაც იყო მელკორი, ამიტომაც საურონს არა მხოლოდ ესმოდა მათი საუბრის, არამედ შეისწავლა და ენის შექმნისთვისაც გამოიყენა. მაგალითად, ბეჭედი – ნაზგ – შეიძლება აღებული იყოს ვალარინთა მსგავსი სიტყვისგან – ნასკად. მეტიც, შეიძლება ვალარიული საურონის მშობლიური ენაა ან გაიცნო მაშინ, როდესაც ტყვედ ჩავარდა. ნებისმიერ შემთხვევაში, მსახურებს კორექტირებული ფორმით მიაწოდა. შემქმნელმა გამოიყენა მაღალი ელფური, ოღონდ ხმოვანობა მოაკლო და სიუხეშით დატვირთა, რაც მან რთული თანხმოვნების გამოყენებით მოახერხა. თავად ელფებმა კი ვერაფრით აითვისეს შავი ენა და მას მძიმედ და ზიზღით წარმოსათქმელად აღიქვამდნენ. არსებობს რამდენიმე ვარაუდი თუ საიდან უნდა სცოდნოდა საურონს ელფური. მაგალითად, მათი ორკებად ქცევის გენურ ინჟინერიამდე შეისწავლა, რადგან მაია იყო არ გაუჭირდებოდა მათი გაგება. არცაა გამორიცხული სიტყვათა გამოგონების შემთხვევითი პრინციპები.
ბნელი ენა ფონეტიკურად საშიში არაა, მისდამი დამოკიდებულება სუბიექტურია:
ბნელი ენის ფონეტიკა შედგება ხშულებისაგან: b, g, d, p, k, t;
ნაპრალოვნებისგან: th, gh, შეიძლება f და kh-ისგან, რადგან ორკთა სახელებში გამოიყენება არ ვიცით რამდენად ამ ენის კუთვნილებაა;
ლატერალი l-ისგან;
ვიბრანტებისგან: r;
ნაზალები n და m-ისგან;
ასევე s, z, sh-ისგან.
შეიძლება მოცემული ასო-ბგერები სრული არ არის ამ ენის გასაიდუმლოების გამო.
ხმოვნებიდან ვიცით a, i, o, u, თუმცა o იშვიათად ცოცხლობს.
ასევე გვხვდება â და û (ან ú). დიფთონგი au იხმარებოდა ორკთა სახელებში, ხოლო დიფთონგი ai ფართო მოხმარების იყო. სამწუხაროდ, ორკთა სახელების ანალიზი, წარმოშობა არ წერია.
ის კი ვიცით, რომ საურონს ხმოვნებისადმი სიყვარული არ ახასიათებდა და სიტყვებს, ძირითადად, თანხმოვნებით ტვირთავდა.
ცნობილია, რომ ორკები ხშირად აცოცხლებდნენ ოვულარულ r-ს, რომელიც წარმოითქმის ფრანგულ-გერმანული აქცენტით, რაც ელფებს განსაკუთრებით ეზიზღებოდათ. მკვლევართა ნაწილი ამ ბგერას არქაული შავი ენის გადმონაშთად მიიჩნევს ორკულ დიალექტში.
რაც შეეხება სიტყვების წინა ნაწილში შერწყმულ თანხმოვნებს, ესენია: sn, thr, sk. ხოლო სიტყვის ბოლოს შერწყმული თანხმოვნებია: rz, zg.
ფრაზა ბეჭედზე ბნელ ენაზეა დაწერილი:
“აშ ნაზგ დურბათულუკ, აშ ნაზგ გიმბათულ, აშ ნაზგ თრაკათულუკ აღ ბურზუმ-იში კრიმპათულ”,ამგვარად ჟღერს შელოცვა ბნელ ენაზე, რასაც ქართულად ასე თარგმნიან:ერთი ბეჭედი მოძებნის ყველას, ერთი ბეჭედი მოიყვანს ყველას, ერთი ბეჭედი ბნელში შეჰკრავს ყველას”.  ახლა განვიხილოთ თითოეული სიტყვა:
აშ – ნიშნავს ერთს. მკვლევარები თვლიან, რომ ბნელი ენის არსებით სახელს მრავლობითი ნიშანი არ ჰქონია, ან იგივენაირად გამოითქმოდა, როგორც მხოლობითი. ამიტომ არსებით სახელებს წინ რაოდენობის აღმნიშვნელ სიტყვებს მიაწერდნენ.
ნაზგ – ბეჭედი. არსებობს ვერსია, რომ ეს სიტყვა დაკავშირებულია ვალარიანთა სიტყვასთან, რომელიც ბედის ბეჭედს ნიშნავს და გამოითქმის ასე: მაჩანანასკად, – საიდანაც ნასკად ბეჭედია. იგი ასევე გვხვდება რთულ სიტყვაში: ნაზგულ, – და ითარგმნება როგორც ბეჭდის აჩრდილი. ამიტომ ეძახდნენ საურონის მსახურებს ნაზგულებს.
აღ – კავშირი და, რომელიც სკანდინავიურ ოგ-ს წააგავს.
ბურზუმ – ბნელი, საიდანაც მოდის რთული სიტყვა ლუგბურზ ანუ ბნელი ციხე-სიმაგრე. ასე იმ ადგილის აღსანიშნად ხმარობდნენ, რასაც ელფები ბარად-დურს ეძახდნენ. აქედან გამომდინარე -უმ შეიძლება აბსტრაქციის მომცემი სუფიქსი იყოს, ქართველებს რომ გვაქვს -ობა.
-იში – სუფიქსი -ში. ბურზუმ-იში ანუ ბნელ-ში. ტრადიციულად ძირეულ სიტყვას დეფიზით გამოეყოფა, თუმცა ბეჭედზე ერთიანად წერია. ამის გამო ზოგი ვარაუდობს, რომ გეოგრაფიული ადგილის აღმნიშვნელი სიტყვები სუფიქსებთან მიბმულია და დეფიზს აღარ საჭიროებს.
დურბათულუკ – დურბ- თ- ულ- უკ – წარმოადგენს რთულ სიტყვას და რომ მართო ისინი ყველას ნიშნავს. ზოგი ამ სიტყვას შემდეგნაირად შლის: დურბ-ა-თულ-უკ.
მსგავსად იშლება სხვა ზმნებიც, მაგალითად, გიმბ-ათ-ულ (იპოვნო ისინი), თრაკ-ათ-ულ-უკ (მოიყვანო ყველა ისინი), კრიმპ-ათ-ულ (შეაერთო ისინი). ზმნები, რომლებიც მთავრდება სუფიქსით -ეთ, ითარგმნება ქართულში განუსაზღვრელი ზმნებისნაირად. აქვე მდგარი -უკ ნაწილი აღნიშნავს სიტყვებს: ყველა, ყველას, ყველასი.
დამატებითი სიტყვები რომ მოვაშოროთ ფრაზას და მხოლოდ ზმნები დავტოვოთ, უნდა გამოდეს, რომ ბეჭედი შეიქმნა იმიტომ, რომ იპოვნო, მოიყვანო და შეაერთო. შესაბამისად, ფრაზა მწყობრი სახით უნდა ითარგმნოს: იპოვნო, მოიყვანო და შეაერთო.
ბნელ ენაზე ნათქვამი წყევლა სუფთა სახით არ შემონახულა:
“უგლუკ უ ბაგრონკ შა პუშდუგ სარუმან-გლობ ბუდჰოშ სკაი”, – ამგვარად ჟღერს წყევლა ბნელ ენაზე, რაც კრისტოფერ ტოლკინმა ასე გადათარგმნა: “Uglúk to the cesspool, sha! the dungfilth; the great Saruman-fool, skai!” სხვა მკვლევრებმა კი შემდეგნაირად: “Uglúk to the dung-pit with stinking Saruman-filth, pig-guts, gah!” ვარაუდობენ, რომ აზრთა გაყოფა იმ გარემო პირობებმა გამოიწვია, რომ ბნელი ენა სუფთა სახით არ არსებობდა და მსახურები სერიოზულად არ ეპყრობოდნენ გრამატიკას. უკვე ვიცით, რომ ასო-ბგერა “ო” ბნელ ენაში არ გამოიყენებოდა, შეიძლება მისი შემცვლელი ასო-ბგერა “უ” ყოფილიყო.  რაც შეეხება “აშ”-სა და “სკაი”-ს, ისინი არ ითარგმნება.
ბნელი ენა საიდუმლო ენას წარმოადგენდა, ამიტომ რამდენიმე სიტყვის მნიშვნელობა ვიცით:
ოლოგ-ჰაი და ურუგ-ჰაი ერქვათ ხალხებს, რასებს, სავარაუდოდ, საურონმა რომ შექმნა. ამიტომ ფიქრობენ, რომ ცალკე “ჰაი” ნიშნავს ხალხს ან რასას.
რადგან მხოლობითსა და მრავლობითს შორის განსხვავება არსებით სახელებში არ გვხვდებოდა, ნაზგულები რაოდენობით სახელებს ურთავდნენ, მაგალითად, აშ ნაზგულ ან ნაზგულ-ჰაი, ერთი ბეჭდის აჩრდილი ან ბეჭდის აჩრდილთა რასა.
დღეისთვის ბნელი ენის თაყვანისცმემლები ერთიდან ათამდე შემდეგნაირად ითვლიან: აშ, კრულ, გახ, ზაგ, კრააკ, რუთ, უდუ, სკი, კრით, გალ.
ახლა უკვე არის მცირე, ორგვერდიანი ლექსიკონი შედგენილი, სადაც ბნელი ენა გაშიფრული სახით გვაქვს, სხვა ენებთან არეულობის გამო. მაგალითად, წერია, რომ “მორ” ნიშნავს შავს, “გორ” – სიმაგრეს და სხვა, რაც სხვა ენებიდანაა ნაწარმოები.
შემდეგ სიტყვებს, თვლიან, რომ ბნელები იყენებენ, თუმცა დიდი ნაწილი საურონისგან მოფიქრებული არ არის:
კაშაგ – ფრენა; ზეკნურზ – ხტომა;
ბარლუგ – ხმალი; დენზურ – შუბი; გოშურ – ფარი;
დეზნუშ – შთამომავლობა; გოლუგ – ელფი; უნგოლ – ობობა; კუზუ – გოლიათი; ოლოგ – ტროლი; ურუკ – ორკი; შარა – კაცი ადამიანი; ფუნგა – ვაჟი; გოგუ – ძველი; შარკუ – მოხუცი კაცი;
შარ – არა; აკნუ – სიცარიელე; დული – უკან; ზირფონ – წინ; სუნდუგა – სწრაფად;
დუმპუგა – მოკვდა; მოკუმ – სიძულვილი; უფუმ – შიში;
შაჰბურზ – ბნელი ლორდი; მაუ – მეომარი; ნაშ – სისხლი/ხორცი; ბაგვა – სახე; ღაშ – ცეცხლი;
-იზგ – მე სუბიექტურ პირში; -იზიშ – მე ობიექტურ პირში; -იზუბ – ჩემი; ლათ – შენ; ლაბ – შენი;
სილმარილთა როლი ბნელი ენის შექმნაში:
ამბობენ, რომ შუამიწეთი არა დედამიწის ჰორიზონტალურ ცენტრს, არამედ, ვერტიკალურ მდებარეობას ჰქვია, რომელიც დედამიწის სიღრმეშია განლაგებული და ატლანტიდის ალეგორიას წარმოადგენს, შანგრილაა. ანუ არსებობს სამი ფენა დედამიწაზე: გარე, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ; ხვრელი, არხი, რომელიც ვიღაცამ გაიყვანა, შუახმელეთი დაარქვა; და უფრო ღრმა შრე.
ამ შუა ხმელეთში ბრწყინავდა სამი იშვიათი ქვა, სახელად სილმარილი. იგი ფეანორმა, ფინიუსის ძემ, ფეანურული დამწერლობის გამომგონებელმა, იგივე ცეცხლის სულმა, ვალინორის ორი ხის გახმობამდე დაამზადა და შიგ ხეთა შუქი მოათავსა. არავინ უწყოდა ნივთიერება, რომლისგანაც ისინი შეიქმნა, ბრილიანტის კრისტალებს ჰგავდნენ, ოღონდ ანდამანტზე მტკიცენი იყვნენ და განადგურებას არ ემორჩილებოდნენ. მაგრამ კრისტალი მხოლოდ ჭურჭელია სილმარილთათვის, როგორც სხეულია ჭურჭელი ილუვატარის შვილებისთვის, შიგნიდან ცხოველმყოფელი ცეცხლი ანათებდა, რაზეც არდას ბედი ეკიდა.
შეიყვარა მელკორმა სილმარილები, როგორც ბნელმა ნათელი და მათი დაუფლება მოინდომა. იდეისთვის საურონი, როგორც ლუციფერი, იმსახურა სატანამ. საურონმა მსახურებად აჩრდილები შემოიკრიბა, ბეჭდის ირგვლივ ენის საშუალებით შეკრიბა. ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ მელკორი სამყაროს შექმნამდე სიცარიელეში მარადიული ცეცხლის საძიებლად დაეხეტებოდა, იარა, იარა და არდაში სილმარილები აიკვიატა.
ის.

მურმანის სინდრომის ძიება

“უკვდავების წყალსაHarryClarke3
ცხრაწყაროსას მომაწვდინე”.
– აბესალომი.
“იგრძენი ბნელი მხარის ძალა”.
– დარტ ვეიდერი

05-clarke-faust_905ამ კვირაში საკუთარი სახელის შესახებ ძიებებმა, თემას გადამახვევინა და ფაუსტურ პარადიგმებთან მიმიყვანა: ქართულ ფოლკლორში თინათინის (მზის სხივის) გამო ღმერთი ეშმაკს ებრძოლება. სახელი გზაჯვარედინზე მდგარ ადამიანს განასახიერებს, როგორც ეთერული სხეულისგან წარმოშობილი სახელი ეთერი.
აღსანიშნია, რომ დემნა შენგელაია და ნიკო მარი იზიარებდნენ ეთერის დაკავშირებას ბაბილონურ ღვთაებასთან “იშთართან” და “უშტარსაც” მათთან აახლოვებდნენ, HarryClarke4ხოლო ეთერს იზიარებდნენ აბესალომის ერთდროულად დედად და ცოლად, რასაც ფოლკლორის ჩანასახში ოიდიპოსის კომპლექსთანაც მივყავართ. თუ თვალს წინარე ზღაპრებს გადავავლებთ, მურმანის პირველწყაროებად შეგვიძლია მივიჩნიოთ: შერევლო, შირალი, შარამბლა, აშირალომა.
ვიცით, რომ ფაუსტმა სიყვარული სრულად ვერ განიცადა და პასიურ კაცად აღვიქვით, რომელმაც თავის თავში ბოროტი შეუშვა, ხოლო მურმანსა და ეშმაკს ერთსულოვანი ზრახვები ჰქონდათ და ის სიხარულით შეეგება შესაძლებლობას, ცხოვრების მეორე მხარის გაცნობისას კი საწყისი არ დაუკარგავს.08-clarke-faust_905
ჩემი ტერმინით, მურმანის სინდრომი იმ კონდიციას განასახიერებს, რომელშიც პიროვნება ნათლის გარეშე იმყოფება და გადის ბნელ საშუალებას სასურველი მიზნის მისაღწევად. მე არ ვაპირებ საკითხის მორალურ ჭრილში განხილვას, ნათლით უუნარო აბესალომისა და ბნელით მებრძოლი ტიპაჟის შედარებას. რადგან ამბავი ზედმეტად რეალურია მორალის განხრით საუბრისთვის. “ეთერიანი”, კიკნაძის თქმით, იმითაა საინტერესო, რომ ამბავი ზღაპრის ფაბულადან ამოვარდნით იწყება: იქ, სადაც, წესით, ზღაპარი უნდა მთავრდებოდეს, დრამა იწყება, – ნაგულისხმევია “ეთერიანის” ამბის ქორწილით დაწყება.
30-clarke-faustმე მახსენდება ცოდვით შეგროვილი სურვილები. და სურვილები, რომლებსაც არ უნდოდათ ყოფილიყვნენ ჩემნი. საუბრების მიუხედავად, რომ მთავარია სხეულთან შედარებით სულის პატიოსნება, მე და ჩემი თინათინი იმ სულიერ მეძავებს ვგავართ, სიბნელესა და სინათლეს, როგორც კურდღლებს, თანადროულად რომ ეთაყვანებიან და მაქსიმალიზმი უჭირთ, შუალედურ პოზიციაზე მდგომ “დიად მეძავ ბაბალონს” კი ღალატისთვის ორივე მხარე დაგვსჯის.

ჯეფთი ხუთი წლის არის

ოჯახში ბავშვისთვის ვემზადებით, მე კი ზინზილაკი სათამაშოების ნაცვლად ზღაპრებს ვაგროვებ, რა საჭიროა სათამაშო, როცა წარმოსახვაა. ფეხს რომ აიდგამს და სიბნელის შეეშინდება, ვეტყვი, რომ შიში საწყისია ცოდნის. თუ ოდესმე ტყუილში გამოვიჭირე, ვეტყვი, რომ მისგან კარგი მთხრობელი გამოვა. მე კი ახლა იმ ეჭვიან მამიდას ვგავარ, ყველა ბავშვობის ტრავმა 9 თვეში რომ გაახსენდება და 25 წლის ასაკში დედას ვეკითხები:
– შენი შვილი რომ არ ვიყო, მაინც გეყვარებოდი? – გუშინ ინი და იანის სვირინგი ვნახე, რომელსაც თეთრი წერტილი აკლდა და ვფიქრობ, მექანიკური შეცდომაა თუ პესიმიზმი. ჰოდა, მეც იმ ადამიანის მსგავსად, რომლისთვის ჭიქა არასდროსაა სავსე, თუ მასში მისი საყვარელი კომპოტი ასხია (აბა რა, სავსეობა დამოკიდებულია იმაზე თუ რა ასხია), სიყვარულის აღარ მჯერა, მგონია შემთხვევით, სულაც ბარში ან კინოში, როგორც მეგობარს რომ გავეცნე, არ ვეყვარებოდი. დედა დიპლომატიურად მიღიმის და მეუბნება:
– გაინტერესებს ლამაზი ხარ თუ არა?
ფეხმძიმე რძალი დავსვი და “როზმანი ჩვილს” ვაყურებინე, ყველაფრისთვის მზად უნდა იყო მეთქი. თან შიგადაშიგ ვეკითხებოდი, შენ როგორ მოიქცეოდი მეთქი. ბოლოს დარწევის სცენა რომაა და იავნანას ხმა, ვიფიქრე: რა იქნებოდა არ ვიცი, მაგრამ ახლა სატანაც რომ ვიყო, დედას მაინც ვეყვარები მეთქი.
jefftyჰ. ელისონის ჰუგოს ლაურეატი მოთხრობა ჩამივარდა ხელში, მარადმწვანედ 5 წლის ჯეფთიზე და მზარდ სამყაროს მუდამ ბავშვის თვალით ყურებაზე. ეს ის ასაკია, ადამიანებს ფართოდ რომ აქვთ დაჭყეტილი თვალები და მოდელი ჯერ არაა ჩასმული. მინდა მოგიყვეთ:
დონალდი მთხრობელია და მეგობარი, ჯეფთიში თავისი ბავშვობა რომ უყვარს. ხუთი წლის იყო დეიდასთან საცხოვრებლად რომ გადავიდა და იქ გაიცნო დონალდმა ჯეფი. “მაშინ ჯერ შვიდი წლის ვიყავი და განსხვავებას ვერ ვხედავდი,” – დონალდი.
თავის ბავშვობას ნივთებით იხსენებს, აი, ისე ჩვენს ირგვლივ რომ გაიხსენებენ ხოლმე კედელზე დაკიდულ რადიოს, “კერასინკას” თუ დენდიში გაჭედილ მარიოს, სკოლის მერხის ქვეშ “ტურბო” კევებს რომ აწეპებდნენ და ზედა მხარეს “კასანდრას”.
ათი წლის ასაკში, როცა პერსონაჟ-მთხრობელს ბაბუა გარდაეცვალა, სამხედრო სკოლაში შეიყვანეს და იქიდან თოთხმეტის დაბრუნდა. ჯეფთი ისევ ხუთი წლის დახვდა. უყურებდნენ კლინტ ისტვუდის ვესტერნებს და კარაქიან პოპკორნებს ჭამდნენ ათ ცენტიან კინოში.
“თვრამეტი წლის რომ ვიყავი, კოლეჯში შევედი, ბიძაჩემთან კი ზაფხულობით ჩამოვდიოდი, ბიძია ჯოუს მაღაზიაში ვმუშაობდი. და მაშინ მივხვდი, რომ რაღაც რიგზე არ იყო, ჯეფთი 5 წლის იყო და დღეც არ გაზრდილა”. მერე სონის ტელევიზორები შემოვიდა, სოფელში დონი პირველი იყო, ვისაც ჰქონდა, იქ უყურებდა, როგორ ვითარდებოდნენ საგნები და ჩქარდებოდნენ მანქანები, გაცილებით რბილი მაისურები შემოვიდა და რბილყრდიანი წიგნები, პორნოგრაფიაზე ძვირიც რომ ღირდა. ბებიამის ჰქონია ლინელიუმი, როცა ჯერ მხოლოდ ერთი მაღაზია ყიდიდა. მაკდონალდსის ადგილას ერთი რესტორანი იყო, კრემიან პეჩენიებს აცხობდნენ შეუდარებლადო.
ჯეფთი ჭკვიანი ბიჭუნა იყო, ოღონდ თავისი ასაკისთვის. სამთვლიანი ველოსიპედით დადიოდა და სვამდა კითხვებს: რას ჰგვანან სპილოები? რატომაა ბალახი მწვანე? რა ხნისაა ხნიერი? რა სიმაღლეზეა სიმაღლე?
სევდიანი წყვილი იყო მისი მშობლები, დროთა განმავლობაში კი მათი სევდა სიბერის ჭკუასუსტობაში გადაიზარდა, ჭკუასუსტობიდან – წყენაში, წყენიდან – შიშში, შიშიდან – დომხალში, დომხალიდან – ბრაზში, ბრაზიდან – ანტიპატიაში, ანტიპატიიდან – მტრობაში, მტრობიდან – ზიზღში და ზიზღიდან – მელანქოლიურ თანხმობებში.
სევდიანი დასასრული აქვს ამბავს. იცი, როგორი? ზღაპრულ სამყაროში რომ აღმოგაჩენს და ქატო-ფქვილიანად დაგლეწავს, თუ არ გჯერათ, თავად დაასრულეთ კითხვა:
“people dont die from old illness, there are new ones.
isnot it?
somebody please tell me.”
ისეთი “პრუჟინა” მინდა, რომ ავხტე-დავხტე და დედამიწიდან გადავხტე. ფრიი

თბილი

ჩემს სახლში ოთახები ისეა მოწყობილი, ერთ კარს რომ ვაღებთ, მეორე უნდა დაიხუროს. არც გოთიკური შენობაა და არც კადრია ფილმიდან, უბრალოდ ორპირმა რამდენჯერმე ჩაამტვრია ფანჯრები და დიდი ჰაერის ოთახებში გასვლას ვერიდებით. ვრეკავ ან ვყვირი ხოლმე: ”ოთახები ჩაკეთეთ, გარეთ უნდა გავიდე” და ერთდროულად ირაზება რამდენიმე კარი. ისე კი ვზივარ ერთი ოთახის ჰაერით ღია ფანჯარასთან და ისეთი პასუხი მინდა მქონდეს, ყველა კითხვაზე რომ გასცემს პასუხს.
გაიცანით, ეს თქვენი მკითხველია, ეს კედელია, როგორც ოთახების ჩარჩო, მისთვისაც სასიამოვნოა. აქ რამდენიმე საათი კიდია, ზოგადად ბევრი საათი გვაქვს, თუმცა ამას წინათ გაჩერება ერთდროულად მოუნდათ. ასე ხდება, როცა ელემენტებს ერთიანად ვყიდულობთ. ამ დროს სახუმარო ისტორიაც შემემთხვა, სწორი მხოლოდ ჩემი ტელეფონის საათი იყო, მისით ვხელმძღვანელობდი. ჰოდა, მეგობარი მირეკავს და არასწორ დროს მეუბნება, ვიბნევი და ვუჯერებ. მერე აღმოვაჩინე, რომ ჩემი დრო იყო სწორი.
მინდა რუტინული ნაწერით ჩემი სახლი გაგაცნოთ.
ან რაში გაინტერესებთ.

სტატისტიკა რომ შედგეს, პირი, რომელზეც ყველაზე ხშირი ცილისწამებაა განხორციელებული, სატანა პირველ ადგილს აიღებს.
თუ თქვენ სამყაროს უსამართლობაზე ღელავთ, მთელი ცხოვრება გადააკვდით მეგობრებს, მეუღლეების გამო ბინები გაყიდეთ, ბოლოს კი შვილების გამო სხვა საზრუნავი არა გქონდათ რა და მათგან კარგი არაფერი მიიღეთ, იმაზე დაფიქრდით, რასაც თესავდით, ის მოგიმკიათ: ახლა ისინი კარგად არიან, ძღებიან, საყვარლები დაჰყავთ და გაგინებენ. ასე რომ ცხოვრება სულაც არაა უსამართლო, თქვენი არჩევანია.
შემდეგში უკვე საკუთარ თავებზე იფიქრეთ, სანამ ეგოიზმის პიკამდე მიხვალთ, კაცობრიობა გენდომებათ თქვენთვის, ბოროტება ხალხში ვეღარ გადანაწილდება და ჭირ-ვარამიც თქვენ დაგეხვევათ.
პესიმისზმის ხასიათზე ვარ.

ესენი კარადებია, ზოგი მადგანი საუკუნეს ითვლის, თუმცა მხნედ გამოიყურება, განსაკუთრებით სარკე. ალბათ რამდენი ვინმე უნახავს. ეს საწოლებია, გადაშლილი მკლავებითა და ლამის მშობიარე მუცლით, რომელიც შუაღამისას სიყვარულით კავდება ჩვენთან. მაგიდები და სკამები ერთად არიან, ეს პარკეტია, რომელზეც დგანან, თეთრი ხისაა, რომელსაც ხის ჭაღი თავად შევუხამე. ეს კომპიუტერია, კედლებზე მიმოფენილია ნახატები. დივანსა და თაროებს შორის აქვე მე ვდგავარ. აბა გამარჩიე.

მეფობა ჯოჯოხეთში

 იანვარში ერთი წიგნის კითხვა დავიწყე. ძველით ახალი წელი იყო და შეიძლება ითქვას, ჩემი მეკვლე გახდა, რამდენადაც მეკვლეობა შეუძლიათ წიგნებს. ამიტომ მივაგებ პატივს და ანოტაციას მოგიყვებით:

          წიგნი პოსტმოდერნისტულ ხანას მიეკუთვნება, ამიტომაც სიკვდილ სიცოცხლის საკითხს ”ექშენის” ეფექტი დაერთო.

     სტივენ ბრუს ნოველა “მეფობა ჯოჯოხეთში” დაიწერა 1984 წელს. ჯონ მილტონის “დაკარგული სამოთხის” გავლენით. იწყება სამოთხის აღწერით, რომელიც ოთხი განზომილებისგან შედგება, გარს კი აკვრია კედლები, ქაოსისგან რომ იცავს. განხილულია პერიოდი დედამიწის შექმნამდე. ლუციფერი მარცხნივ ზის ტახტზე ლილიტთან, თავის მეუღლესთან, ერთად, რომელიც თავის მხრივ ადრე სატანაზე იყო შეყვარებული. სატანა კი ლუციფერზე ორი საფეხურით მაღლა დგას.

        რომანში ათასობით ანგელოზი კვდება ახალი სამოთხის (დედამიწის) აგების გამო. საქმე იმაშია, რომ დედამიწის შექმნისთვის ადამიანები სამოთხის გარეთ უნდა გავიდნენ, სადაც ქაოსია და ესაა მათი სიკვდილის მიზეზიც. ანგელოზები ჰონორარს, ყურადღებას და ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. ეჭვიანობენ ახალ სამყაროზე.

       როგორც პოსტმოდერნისტები თვლიან, მოდერნული ხელოვნების პოსტმოდერნული პერსპექტივა არა უკიდურესობა, არამედ უკიდურესი წერტილების ურთიერთდაკავშირებაა, რისთვისაც ინტერპრეტაციის საერთო სტანდარტები გამოიმუშავება. რომანში კი ჯოჯოხეთისა და სამოთხის უკიდურესი წერტილი აღმოჩენით დედამიწა მიიღება.

         მალე განხეთქილება ხდება ანგელოზთა შორის. ზოგი აპირებს სამოთხიდან გაპარვას. კედლებს ანგრევენ, რომლებიც ისეა მოწყობილი, რომ დანგრევა შეუძლებელია. დაზიანების შემთხვევაში, მთელდება. განხეთქილება ანგელოზებისა და დემონების გაყოფად სრულდება. ლუციფერი მარცხდება და სამოთხიდან გარბის. ასე იქმნება ახალი განზომილება – ჯოჯოხეთი.

        რომანში წამოყენებულია რამდენიმე საკითხი, მაგალითად, აქვთ ანგელოზებს თავისუფალი არჩევნის ნება თუ შუღლის ჩამოგდება პროვოკაციის ნაწილია? თუ აქვთ არჩევნის საშუალება, ადამიანები რატომღა არიან საჭირონი და საინტერესონი?

       ავტორმა პასუხის გასაცემად მოგვაწოდა სამყაროს თავისებური აღქმა, იერარქიებიც კი სუბიექტურად აქვს განაწილებული.

       დედამიწის შექმნა რომანის ქვაკუთხედია, რომლის ფონადაც მიმდინარეობს მოქმედება. მისი მშენებლობის ჩვენებით ავტორი მის ფუნქციას გადმოგვცემს.

    რომანი გადატვირთულია დიალოგებით და ფილმის სცენარს წააგავს. შინაარსი გაუგებარად მიმდინარეობს ზედმეტი ფანტასტიკური სიუჟეტების შემოტანით და პოსტმოდერნისტული ქაოსის შექმნით. სამოთხის გარეთ არსებული ქაოსის ჩვენება არის თანამედროვე კოსმოსიდან ქაოსის სურვილის გაჩენის ამსახველი.

     ნეტა, როგორი ფეხი ექნება?!

გილოცავ დაბადების დღეს!

შენ ავანტგარდული სიცილი გაქვს
და რეტრო სახე, წვრილი და უსახური.
მეუბნებიან, 33 წლის რომ გახდები, –
მოკვდები, –
მე მაინც გივლი.
და დილაობით გიკეთებ მასაჟს.
შენ რეტრო ზურგი გაქვს
და ხერხემლის ავანტგარდული მიმიკა.
ამბობენ, რომ შენ უნდა მოგვკლა.
მე კიდევ შენთან ვფსიქოლოგობ არმაგედონზე.
ავანტგარდული აქცენტი გაქვს.
მე მომწონს 🙂

ჩემი მეორედ მოსვლა

და მეექვსე დღეს ადამიანმა შექმნა ღმერთი. მეშვიდე დღეს დაისვენა. მერვე დღეს მოკვდა.

რასაც გვასწავლიდნენ ყველაფერი პირიქით შეიძლება. საქმე იმაშია, რომ ღმერთის საქმე ადამიანმა გაიმეორა და ყველაფერი კვლავ ”იქმნეს ნათელიდან” დაიწყო: პრიმატმა ცეცხლი გამოიგონა. ბუნტი განათლების სისტემაში იქნებ მერვე დღეს მოხდა ან მეშვიდე დღე ჯერ არ გასულა. თუ ჩვენი ცხოვრება ღმერთის დასვენების ხანაა, მერვე დღე -”მეორედ მოსვლა”. კვირის დღეების არსებობა მიდის იქითკენ, რომ წრეში იტრიალოს, მაგრამ იქნებ სწორხაზზე მიდის: …7…8… პირველი ადამიანი და მეორე ადამიანი. დრომ ჩაიხვია და ისევ პირველ-მეორეზე ვართ. მართლამადდებლები ხომ პირველცოდვას სიმბოლურ ხასიათს ანიჭებენ და დანარჩენი მილიარდი ადამიანი ამ ცოდვით იბადება. იკვრება ისევ წრე, რომელშიც ყოველი ადამიანი სამოთხეში ნამყოფია, შეცდუნებული და გამოძევებული. ამით იხსნება უსამართლო, გენეტიკური დასჯა ცოდვისთვის.

დავანებე სტატისტიკას თავი რამდენი ადამიანია ცოცხალი, რამდენი კვდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ადამიანი არის ორი, შესაბამისად, რამდენი ადამი და ევაც იბადება, იმდენი ქრისტე კვდება და არაა აუცილებელი დალურსმნული. აქვეა გოლგოთას მისტერიაც. ქრისტე მოკვდა იქ, სადაც ადამი მოკვდა. ხატები ქრისტეს ფეხთ გამოსახავენ ადამის თავის ქალას და სასწაულებრივ დამთხვევად თვლიან. ქრისტეს ცხოვრების ლოგიკით გავიგებთ სად დაიბადა ადამი.

არსებობს რვიანის შიში. ამას ოკტოფობია ჰქვია. ის არა მხოლოდ მოხაზულობის გამო ასოცირდება უსასრულობასთან(თან არც თუ უმიზეზოდ), მისი შინაარსიც საბედისწეროა. ასტროლოგიაში რვიანს ცოდვის გამწმენდი დანიშნულება აქვს. შეესატყვისება მორიელის ზოდიაქოს. ასოცირდება სიკვდილთან და ტრანსფორმაციასთან. პირველ რიგში, ეს ეხება ემოციურ და გრძნობად მხარეებს.

საკრალური რვიანით დაბადებული ადამიანები თავიდან სიყვარულს კი მუცელში გრძნობენ, მაგრამ იზრდებიან და ბურთად ეჩხირებათ ყელში. ის განწყობაა. განწყობის მიხედვით კი ვხვდებით ადამიანისგან რა გვინდა. ამის მიხედვით, სიყვარულში ემოციებისა და გრძნობების განშტოებებია. ურთიერთგაგებაა დამოკიდებული ემპათიაზე. სექსი უზრუნველყოფს ურთიერთობაში ჩაბმულთა კომუნიკაციას, იმიტომ, რომ ის ესმის შემტყობინებელსაც და დიალოგი მონოლოგური ხასიათისაცაა. სხეულის ენა სიტყვის აღმნიშვნელობით ფუნქციას ასრულებს. რვიანის თანმდევ ადამიანთან ურთიერთობა მძიმეა, რადგან გარდაცვალების ამინდი თან მის პარტნიორსაც გადაედება.

პირველად მეორედ მოსვლაზე რომ წავიკითხე, მთელი ბავშვობა მეშინოდა წვიმის. წყალი წარღვნასთან ასოცირდებოდა. ასევე ჯოჯოხეთიც ცხელი წყლით სავსე მეგონა და ძალით ვიწვავდი სხეულს წყლით, რათა ჯოჯოხეთს შევჩვეოდი. რელიგიური აღზრდის მსხვერპლი ვარ, როგორც უამრავი პოსტსაბჭოთა ადამიანი, თავისუფლება რომ მოიპოვა რწმენაში და ყველაფერს ედება. რვიანიც წყალთან ასოცირდება.

იმ თაობაში ვცხოვრობთ, სადაც არსებობა ფაქტებს გაუთანაბრდა, თუ თავიდან წარმოიშვა კვერცხები, მერე – დედამიწა, არსი წინ უსწრებს ფაქტს. ეს თაობაა, ვისთვისაც ღმერთი და რელიგია სხვადასხვა ცნებებია. მასობრიობას ინდივიდუალური რელიგია ჩაენაცვლა. რწმენა კი მაშინ ხდება მასობრივი, როცა ადამიანთა ქმედება ერთ სოციალურ ხასიათს ატარებს იგი ხშირად ინდივიდუალურადაც სრულდება, რადგან ჯგუფის გავლენა ინდივიდზე სხვადასხვა გავლენას ახდენს. მასობრიობა აღნიშნავს განცდების დროულობას, რომლებიც ადამიანთა დიდ რაოდენობას მოიცავს და ურთიერთობის პროცესში აღმოცენდება. ღმერთია შესაძლებლობა სუბიექტის ობიექტურობამდე აყვანით და სამყაროს ღმერთის პერსპექტივიდან დანახვის.

ქრისტემ თავისი გასხივოსნებით ადამიანის პოტენციურ ღმერთობას გაუსვა ხაზი. და ჩათვალა, რომ სიკეთე და ბოროტება სულაც არაა ინი და იანი. ღმერთია შემოქმედი სატანისაც, ოღონდ მისი დაუსრულებელი სახით, რომელიც პოტენციად ჩაედო ადამიანს. აქვეა ბიბლიაში ნათქვამი ადამის შექმნის მეექვსე დღე და ექვსი, როგორც სატანის რიცხვი. და რა იქნება მერე, თუ გველი მართალია ევასთან და ადამიანს ღმერთობა შეუძლია. ადამიანი უკვე ღმერთის ოპოზიციაა. ოპოზიცია კი იდევნება. ისევე როგორც მემარცხენეები. ცაციათა გარიყვა ბიბლიიდან მოდის: მარჯვენა მხარეს დაჯდომის, დაყენების გამო. სწამთ, რომ ღმერთის მემარცხენე სატანაა, ისევე მემარცხენული თვისებებით, როგორც თავად მისი არსება: ჯვრის უკუღმა ჩამოკიდებით, ლოცვათა უკუღმა წაკითხვით. მემარცხენეებს ერთ დროს კოცონზე წვავდნენ, დევნიდნენ.  სხვა ქვეყნებში კი ცნობიერზე ზეგავლენით ამ თვისებას უხშობენ. ეს მათ ფარულ ცაციებად ქმნის. თავს უჩვეულო ქმედებისას ან ემოციური აღგზნებისას იჩენს. სხვაგვარადაა იაპონურ ფილოსოფიაში, საპატიოა ცაცია ადამიანი. და თუ ინი და იანი ღმერთისა და სატანის ძმობას აღიარებს, ერთ მემკვიდრეობაზე თანაბარუფლებიანი ბრძოლა მიდის და პრიორიტეტი მეორედ მოსვლისას არც ერთ მხარეს ეჭირება.

მე არ მჯერა ათეისტების არსებობის, რადგან -ისტის არსბობის არ მჯერა. -ისტი ჯგუფს ქმნის. ჯგუფი, მათ შორის რელიგიურიც, სიყალბეა. ყველა ადამიანს სწამს: ზოგს იდუმალი ბუნების, ზოგს სამყაროს ერთიანობის, ზოგს საკუთარი არსებობის, თუნდაც ტექნიკის გჯეროდეს და მისი მამოძრავებელი ძალის, მაგრამ აქაც განსხვავდება რწმენა და დაჯერება.

ლოცვის დროს არ ვიჩოქები. ადამიანი შეიქმნა ხატად ღვთისა. ყველაზე მოხერხებულ პოზაში ვჯდები და საკუთარ თავს ვეთამაშები ჭადრაკს. არც გალობის მოსმენა მიყვარს, მაფხიზლებს. თუ ადამიანი პოტენციურადაა ღმერთი, ერთმანეთზე უნდა ვილოცოთ. ვცხოვრობ საქართველოში. მიკვირს რა საჭიროა ჯარის არსებობა. ვერც ერთი მეზობლისგან თავს მაინც ვერ დავიცავთ. ტყუილად მოვკვდებით და მაინც უნდა ჩავბარდეთ. აბრაამის კომპლექსები გვაქვს. გვგონია ღმერთი გამოგვეცხადა და მისთვის და სამშობლოსთვის შეწირული გმირები ჩვენი შვილებია. მსხვერპლშეწირვა კი ქრისტეს მერე არ არსებობს. სისხლი მენტალობითაა ჩანაცვლებული და მეორე ფიზიკური ლოყის სინდრომი მენტალურობის დაცვის საშუალება.

აჩვენებენ პატრიოტულ ფილმებს. ერთმა ტიპმა მტერი როგორ დაგვიხოცა და მატერიალური საზღვრები ჩვენი სალოცავია. ვტრიალდები ბალიშისკენ. არ ვთვლი გმირებად და არ ვუყურებ ტელევიზორს.