შიში და სიყვარული

ფლირტი მენატრება. აი, პეპლების ტრიალი მუცელში, ქუჩაში რომ აგაცეკვებს, ხელებს რომ ერთმანეთს არ უშვებთ, მეგრული საწებლის დამზადებას რომ გასწავლის, ლეპტოპში ოპერატიულ სისტემას რომ შეგაცვლევინებს, ისეთი, უფრო შრომისუნარიანს რომ გხდის შესვენებაზე მისი 5 წუთით დანახვა. ფლირტი მომენატრა, რომელიც გამზრდის, გამავითარებს, არ დამაჭაობებს.

გუშინ ვისმენდი თეორიას, რომ ჰეტეროსექსუალური პენეტრაციისას ქალის ორგაზმი სტოკჰოლმის სინდრომს ჰგავს, ერთგვარი თავდაცვის მექანიზმია ტკივილის გასაყუჩებლად. ჯერ იყო და ლუდის სტოკჰოლმის სინდრომთან შედარებამ დამაინტერესა. ალკოჰოლის მავნებლობაზე საპასუხო რეაქცია მისით ტკბობა გახდა. შიში შეიქმს სიყვარულსაო.

შიშისა და სიყვარულის სინთეზის საუკეთესო მაგალითი ჩემთვის დაბურძგვლაა. ზოგიერთი ცხოველი მეტოქის დანახვისას ზომაში იმატებს. მაგალითად, უშხამო გველსაც უდიდდება თავი ადამიანის ნახვისას. ლომს კიდევ თავი ეფოფრება. ადამიანებში ეს ინსტინქტი დაბურძგვლაში ვლინდება.

კუნთები, რომლებიც ბურძგვლაზეა ორიენტირებული შიშის, სიცივის ან აღგზნების დროს, მაგარი ტრაბახა ტიპია. სხეულის მოცულობითად წარმოჩენის იმედით იბურცება. დარვინის მიხედვით, დროთაგანმავლობაში დაბურძგვლაზე ორიენტირებული კუნთები ადამიანს მოსცილდება. მაგრამ მანამდე ისეთი ფლირტი მენატრება, ჩემი სულელი კანი რომ გადიდებით გაიპრანჭება.

ლიმნის ტესტი: ტეკილა თუ ჩაი?!

042df50dda540b946cb61e39139118bd

როცა მეგობარმა შუადღის სტუმრობისას ოთახში ლიმონები შემოიტანა, სანამ ჩაიდანს შევამჩნევდი, გავიფიქრე: “ტეკილას მასმევს თუ ჭაჭას?” – ჩაიზე არც მიფიქრია. აი, მაშინ მივხვდი, რომ ლატენტური ალკოჰოლიკი ვარ. თქვენ როგორ გაივლიდით ლიმნის ტესტს? მერე მოვისმინე თეორია ლუდის სიყვარულის სტოკჰოლმის სინდრომში მოთავსებაზე, – თავიდან ლუდის გემო არავის მოსწონს, მაგრამ როცა ალკოჰოლი მოგწამლავს, მოძალადესადმი სიმპათიას იგრძნობ, ლუდის სმას სწორედ გემოს გამო იწყებ. მოცემული თეორია სხვა სასმელებზეც ვრცელდება. ზოგადად, ალკოჰოლთან შეხვედრის პირველი დღიდან ვიდრე დღემდე ტრანსფორმაცია განვიცადე, მისადმი ჩემი დამოკიდებულება შეიცვალა.

მაგალითი: სტუდენტობა რომ გავიხსენო, პირველი თრობა, იპოდრომზე გაზავებული სპირტების სმა, მერე გადაწოლა და ვარსკვლავების თვლა, ვარსკვლავების რა, მარტო დიდი დათვი, პატარა დათვი. არ ჰქონდა მნიშვნელობა რამდენად ხარისხიან ალკოჰოლს ვიღებდით, ყოველთვის ვაზავებდით კოკა-კოლით, კამპათი, ხიდან მოწყვეტილი ვაშლის ცხელ წყალში გახსნით, ბოლო-ბოლო ტერაფლუში ვხსნიდით არაყს. პირადად მე, ვერ ვსვამდი მისატანი წვენის გარეშე ღვინოსაც კი. მერე მიკვირდა ნაბახუსევი არ ვიცი მეთქი. და ჩემს ასაკში არავინ იცოდა ნაბახუსევი. ასაკი ალბათ თავისას შვრება, მაგრამ არავინ კვდება სიბერით, ხომ? სიბერეშიც ავადმყოფობებით ვკვდებით. უბრალოდ ახლა როცა ვისკის ვსვამთ, ხშირად ყინულებსაც არ ვუშვრებით, ტეკილას დროს მარილიან ლიმონს თუ მივადებთ ენას, მაგრამ წვენებს აღარ ვაყოლებთ. ნაბახუსევი კი სითხის ნაკლებობაა ორგანიზმში, სპირტისგან აორთქლებული სითხის მონატრება.  და როცა მეგობარმა შუადღის სტუმრობისას ოთახში ლიმონები შემოიტანა, არა თუ ჩაიზე არ მიფიქრია, იცით რა ვიფიქრე? რა საჭირო იყო მისატანებელი მეთქი.

ღვინო როგორც გემოს ხელოვნება (შესავალი)

tumblr_n7dwugBYV71te8ujco3_r1_250ღვინო სერსეისავით უნდა სვა და ობერინივით უნდა შეიყვაროო, – თამბლერმა. მართლაც, მიმზიდველი გრაციოზულობით უპყრია ჭიქა.
ხოლო ერთ სიტკომში როცა შელდონ კუპერმა პენის ჰკითხა, რა ზებუნებრივი ძალა გინდა რომ გქონდესო, – ბიბლიას დავესესხები და წყლის ღვინოდ გადაქცევა მინდა შემეძლოსო. ამ ეპიზოდზე შეზარხოშებული ქრისტე მახსენდება, მე ვკისრულობო, რომ აიტეხა.
ის იცით? მარიამი რომ იესოს ეკითხება: მართლა აქციე წყალი ღვინოდო? – შენ კიდევ მართლა ქალწულმა ჩამსახეო, – კითხვას უბრუნებს. არა და მხოლოდ ღვინოზე უნდა მესაუბრა.
სანამ
 დოლარის კურსი ჩემს სურვილებზე მაღალი აღმოჩნდებოდა, ერთი გატაცება მქონდა, სხვადასხვა ქვეყნის ღვინო დამეგემოვნებინა, მაგრამ ნახევარი წელია შეფერხდა. აქამდე მოვასწარი მხოლოდ ავსტრალიური, ფრანგული და ბერძნული თითო ბოთლი ღვინის მიღება.
ერთხელაც ამ სასმელზე ლიტერატურას მოვიძიებ და თავიდან ვისაუბრებ, მაგრამ ამჟამად მოგიყვებით ღვინის შესახებ ამ ეტაპზე რაც ვიცი და მახსენდება.
tumblr_n7dwugBYV71te8ujco2_250ღვინო როგორც ა) ვიზუალური ხელოვნება:
ცქერისას, სასურველია ჭიქა თეთრ ფონზე გვეჭიროს, რომ არ მოხდეს ფერების მცდარი დიაგნოზი. მაგალითად, თუ თეთრ ღვინოს მუქი ყვითელი ფერი დაჰკრავს, შეიძლება მეტი მუხაა (მგონი ასე ჰქვია) შეყოლილი ან ბოთლის გახსნამდე ჰაერმა გაჟონა და ჟანგვის პროცესია დაწყებული.
ღვინოს ჭიქაში დატრიალება უხდება, იმედით, რომ მსუბუქად ილივლივებს, კედლებზე ფხვნილად არ დარჩება. ყოველ შემთხვევაში, აქამდე ასე მეგონა, მაგრამ მხოლოდ ეს მიზეზი არ ყოფილა, სითხის მოძრაობის მანძილითა და სილაღით ღვინოში ალკოჰოლისა და შაქრის შემცვლელობას ხვდებიან.
აქამდე ბანალურად მეგონა, რომ წითელი და თეთრი ღვინის სხვაობა ყურძნის ფერზე იყო დამოკიდებული, არა და ხშირად ფერმენტაციული პროცესი მუშაობს. ისიც კი მეგონა, რომ ღვინო მხოლოდ ყურძნისგან მზადდებოდა.
ღვინო ბ) ყნოსვითი ხელოვნება:
შესუნთქვამდე ღვინო აუცილებლად უნდა დატრიალდეს ჭიქაში. ყნოსვით ხვდებიან თუ რა არის დაწურული. სულ ცოტა სამიოდე დატრიალება და შესუნთქვა მაინც სჭირდება ხოლმე ზუსტი დიაგნოზისთვის. მაგრამ იმდენად არ მაქვს ცხვირი განვითარებული, რომ მე ვერასდროს მივხვდები.
ღვინო როგორც გ) გემოს ხელოვნება:
ზოგადი რომ ვიყო, თეთრ ღვინოს ჩაციება უხდება, წითელი კი მზეზე ჩათბუნებისას გვაძლევს სიამოვნებას. გავაზვიადე, ოთახის ტემპერატურა ოპტიმალურია. ჩემი აზრით, კი კრიმინალიზირებული უნდა იყოს წითელი ღვინის ჩაციება. აი, საფრანგეთში ღვინოში შაქრის დამატება თაღლითობის ბრალდებით სამართლდება.
პირველი ყლუპი პირში ისე უნდა დავატრიალოთ, რომ ღვინით მთლიანი ენა გავჟონოთ. გემოს კი მას შემდეგ უნდა დავაკვირდეთ, რაც ღვინიან ენას ჰაერზე გამოვყოფთ. აქ უკვე ეტყობა ღვინო რომელ მინერალს შეიცავს.
მნიშვნელობას აქცევენ, არა მხოლოდ პირველ შეხებას ღვინოსთან, არამედ, ბოლოს დატოვებულ გემოს პირში.
wine_lgჭურჭელი:
წითელი ღვინის ჭიქას, თეთრთან შედარებით, მოკლე ყუნწი, მაგრამ განიერი სათავსო აქვს, ბუთქუნაა.
თეთრი ღვინის ჭიქა გრძელფეხა და წვრილტანაა.
ბორდოს ტიპის ჭიქა ორივე ფერის ღვინისთვისაა განკუთვნილი.
მეტიც, ჩემი აზრით, წითელი ღვინის ჭიქას მოკლე ფეხი იმიტომ შეუქმნეს, რომ დაჭერისას ხელი ყუნწუდან თასზე გადავიდეს და მეტად ჩათბილდეს. ხოლო თეთრი ღვინო ჩაციებული ამჟღავნებს არომატს, ამიტომ ცოდვაა ყუნწის ზემოთ მისი დაჭერა.
მაგრამ ჯერ ვერ მომიფიქრებია რატომაა უფრო მსუბუქი თეთრი ღვინის ტანინი წითელისაზე.
ღვინის სხვადასხვა სახეობას სხვადასხვა ფორმის ჭიქა სჭირდება, თუმცა ჯერ თავადაც ვერ ვანსხვავებ და შეცდომაში შეგიყვანთ. ამიტომ ზოგად მიმოხილვაზე შევჩერდები.

beaujolais-nouveau1Beaujolais Nouveau ბურგინდიიდან. ფრანგული ღვინებიდან ავირჩიე, რადგან დამწყები ვარ და ესეც ახალგაზრდული დასალევია. რთველიდან მოკლე დროში დასაწურია. მწიფე ყურძნიდან ტკბილი ღვინო ვის დაუწურავსო. თავად წარმოებაც ახალია.
წურავენ ნოემბერში და ორ კვირაში უკვე ისმევა. ბარემ აქვე დავწერ, რომ თურმე სხვადასხვა ქვეყანას ვაზის მოშენებისა და ღვინის გამოწურვის სხვადასხვა სეზონი ჰქონია. მაგალითად, ტრადიციული ფრანგები ღვინოს სველ და ცივ ამინდებში ამზადებდნენ.
მზადდება გამე ყურძნის ჯიშიდან და წითელი ღვინის კატეგორიაა, უფრო კონკრეტულად რომ ვთქვა, წითელი კი არა, ლურჯში გარდამავალი შავია.
ადვილი დასალევია, არ შეიცავს მძიმე ტანინს. ამიტომ წვეულებისა და სიმსუბუქის შეგრძნება დამიტოვა.
ფრანგული ჰიპსტერული მუსიკა რომ მოუხდება, ისეთია.
ჭეშმარიტება ღვინოშია, სიბრძნე კი – მისაყოლებელშიო. ამიტომ, სანამ გამოვიწერდი, ვეძებდი თუ რას უხდება და თითქმის ყველა ფორუმზე წიწილას ურჩევდნენ. ბოლოს პატარა პომიდორები და კაკლის პიურე (ჩვენთან მგონი ბაჟეს ეძახიან) შევუხამე. სხვა ბურგუნდიული და თან ვეგეტარიანული მე ვერაფერი მოვუფიქრე.
boutari_kretikos_wt_label__60778Boutari Kretikos White საბერძნეთიდან, კრიტიკოდან, კუნძული კრეტადან. ეტიკეტზე მითოლოგიური მეფეა გამოსახული. ლურჯი ქაღალდი ჰქონდა მიკრული და მგონია, რომ ზაფხულში, ზღვაზე დასალევი ღვინოა.
თეთრი ღვინის კატეგორიაში გადის, უფრო ზუსტად კი მოთეთრო-მოყვითალო ფერისაა.
თან მშრალია და პირში ხანგრძლივად ტოვებს გემოს.
თეთრი ყვავილების გემო აქვს.
საბავშვო დასალევია, შვილებისთვის არ დამენანებოდა.
რომანტიკული ფოლკლორის ფონზე ვსვამდი.
სხვადასხვა ყურძნის ნაზავიდან მზადდება და ასევე შეიცავს ატამს, მანგოს, გარგარს, ანანასს. ამიტომ მე ხილთან ერთად მივირთვი. თუმცა მსუბუქი სალათებისა და სოუსების ღვინოა. რახან მშრალია, მეგობარმა ლიმონი და ალუჩა (თუ ტყემალი, არ მახსოვს/ვერ ვარჩევ) შეატანა.
yellow-tail-SauvignonBlanc_converted-500x500yellow tail (Sauvignon Blanc) ავსტრალიური წარმოშობის ბრენდია. თუ წინა ჩამოთვლილი ნაწარმი ქართული გემოვნებისთვის უცხოა, გაგიკვირდებათ და ავსტრალიური ღვინო უფრო მექართულა.
ბრენდი სხვადასხვა სახეობისა და ფერის ღვინოს აწარმოებს, მაგრამ მე არაყისფერმა ბოთლმა დამაინტერესა. არა და მწვანე მცენარეები ურევია. პირში ბალახების გემოს ტოვებს.
ჩემი აზრით, ტიპი, ვინც ამ ღვინოს ეტანება, ოკეანის სანაპიროზე სილაში ხელბურთის მოთამაშე ახალგაზრდაა, ჯერ კიდევ რომ დღეა და ბუნგალოში ბოთლითვე დალევს.
კენგურუს ძუძუებიდან მიღებულ რძეს ვეძახი.
ამ ღვინისთვის მუსიკის შეხამება გამიჭირდა. ყველაზე მეტად მომეწონა და მგონია, გარემო სწორად ვერ შევუქმენი.
რჩევებში ეწერა, რომ მარილთან და პილპილთან (წიწაკასთან) ერთად ისმევა. მაგრამ ამგვარად ღვინის დალევას არ ვარ შეჩვეული და უბრალოდ სალათის ფოთლები და სოკო შევუხამე. არა მხოლოდ შევატანე, სულმა წამძლია და ზემოდან გადავასხი კიდეც. ყველაზე ვეგეტარიანული ღვინოა, რაც კი აქამდე გამისინჯავს.

სინტოისტური საკურთხეველი ანიმეების მიხედვით

იქნება ეს მიაძაკის თუ სხვა სინტოელთა ანიმეები, შეიძლება თვალი მოვკრათ პატარა ხის სახლს, რომელზეც არის გამოსახული დრაკონები, ჩინური ფენიქსები, კიდია სარკე და სხვა მისტიური ნივთებია განლაგებული. მითოლოგიის თანახმად, სწორედ ეს არის კლასიკური იაპონელის სალოცავი ადგილი და, ძირითადად, ჭურჭელთან ან სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების ბაზრობებზე იყიდება.

1240

1. 標縄・注連縄・七五三縄 სიმენავა ანუ ბრინჯის მცენარისგან დაწნული თოკი, რომელსაც ზიგზაგისებურად აკრავს თეთრი ქაღალდი – სიდე 紙垂, 四手. რაც სიმბოლურად სუფთა სივრცეს განასახიერებს, კამის მყოფადობას ადგილზე.
2. იაპონური მარადმწვანე საკაკი 榊 თავის ჭურჭელთან ერთად. ითვლება, რომ ეს მცენარე ღმერთებს იზიდავს.
3. კაგამი 八咫鏡 ანუ წმინდა სარკე, რომელიც გვახსენებს გულისა და ფიქრების სიწმინდეს. მოკლედ, ამატერასუს 天照大神 , მზის ქალღმერთს განასახიერებს.
4. მიძუტამა 水玉「みずたま」 არის სავსე წყლით.
5. 皿「さら」სარა – ლამბაქი ბრინჯისთვის.
6. სარა – ლამბაქი მარილისთვის.
– ეს ორი ფიზიკური და მორალური ზრდისთვის გაღებულ მსხვერპლს განასახიერებს.
7. 瓶子「へいじ」ჰეიძი – ბოთლი საკეთი お神酒.
8. 灯籠、灯篭、燈籠、燈篭「とうろう」ტომიო, ტორო ანუ წმინდა გამწმენდი ცეცხლი.
9. 神殿「しんでん」სინდენი ანუ ღვთის სახლი.
ამის გარდა გვხვდება ო-ფუდა お札「おふだ」მფარველი ანგელოზების სიმბოლოები, სადაც ალაგებენ იარაღს, გარდაცვლილთა პორტრეტებს და მსგავს გადაუყრელ ნივთებს.

159392_original

როგორც წესი, ეს სახლის მაკეტისმაგვარი საკურთხეველი სასტუმრო ოთახის კარების თავზე იკიდება და სინტოელს ტაძარში წასვლა აღარ ევალდებულება. ლოცვის წინ ჯერ ტაშს შემოკრავენ, რომ მიიზიდონ სულები, შემდეგ ჩუმად ლოცულობენ. ხმამაღლა ლოცვა მხოლოდ სასულიერო პირს შეუძლია. სხვა მსხვერპლშეწირული საკვები, ძირითადად, ქვირითი ან კვერცხია. ყოველ ტაძარს საკვების მომზადების და მირთმევის თავისებური გზა აქვს. ზოგადად, სინტო რიტუალებითაა აწყობილი.
მიმაჩნია, რომ სახლუკა კამიდანა ყველა იაპონიის მოყვარულმა უნდა იქონიოს, მიუხედავად იმისა, რომ სინტოს ეგოისტურად მხოლოდ იაპონელი  ღმერთები ჰყავს.

ლუდით დალოცვის შესახებ

imagesმას შემდეგაც, რაც პატრიარქმა ლუდი აკურთხა, ზოგი ქართველი, ადანაშაულებს რა ქართველობისგან გადაგვარებას, ლუდით დღეგრძელობას მაინც გაურბის: აი, რა გვიქნა დასავლურმა ცივილიზაციამო, – მაგრამ, მოდი, გავიგოთ რა არის  ქართული და რა შეძენილი, ამისთვის გავიხსენოთ ლეგენდა ხახმატის წმინდა გიორგის შესახებ, როცა ქაჯეთიდან ადამიანებს ფურის რქა ამოგვიტანა, გვითხრა, ლუდი ჩაგვესხა და ლოცვით მადლობა გადაგვეხადა, მეტიც, ლუდის შექმნა  წმინდა გიორგის სახელს უკავშირდება.
“ი ცალ რქა ძროხა რო მაუყვანავ, იმისთვის რქაი მაუტეხავ, უთქვამ ი წმიდა გიორგის, რო ჩემს ლუდს რო მახარშავთო, ამ ქაჯვეთური ფურის რქით არწყევით სალუდე ფორიო,” – და სხვა მრავალი მაგალითია ქართულ ფოლკლორში, ასევე, ის ქართული ჯვრის დღესასწაულის მთავარი ელემენტია.
პირადად მე, იმ სასმელებს არ ვსვამ, სწრაფად დალევის კატეგორიაში რომ გადიან, ლუდიც ასეთია და ქაფიან ფსელს ვადარებ, მაგრამ ალბათ ამ შაბათ-კვირას ფესტივალზე მიხვალთ და როცა ლუდითა და თევზით გაგრილდებით, გახსოვდეთ, რომ ამისთვის თავის დროზე მეტალისტმა გიორგიმ, მძიმე ლითონზე მუშაობა რომ გვასწავლა, ლუდისთვის ბევრი ბაყბაყ დევიც მოკლა.
გადავხედავ რა ჩემი ბლოგის ინტერესებს, სულ ვამბობ, ფენტეზის უნდა ვწერდე, მაგიურ რეალიზმს მაინც, უფრო ნაცადია.

სპირტი

თავის ტკივილმა გამაღვიძა.
ტკივილმა არა, უფრო შეგრძნებამ, რომ თავი მაქვს.
უცნაური შეგრძნებაა, რომ გრძნობ, რომ თავი გაქვს.
მერე გუშინდელი საღამოდან წყვეტილი კადრების აღდგენა ვცადე, რა სასაცილო იქნებოდა ცხოვრება, წყვეტილი რომ იყოს: გახსოვს, როგორ იღებ ბოთლს, ასხამ ისე, რომ ცდილობ ყველგან თანაბრად იყოს, მერე თეთრი კატა მახსოვს. თეთრი იყო, მაგრამ სახეზე შავი ხალები ჰქონდა. შიგადაშიგ გზა მახსოვს.
ხშირად ვსვამ იმის გამო, რომ მეორე დღეს ნაბახუსევზე ვიყო.
რომ განვავრცო, თუ რომელიმე დღეს ვიცი რომ ენერგიული უნდა ვიყო, წინა დღისით ალკოჰოლს ვიღებ.
თავს ასე ახალშობილივით ვგრძნობ.
ეტყობა, სპირტი ორგანიზმში წარსულს მიწვავს და სწორედ წარსულის დაწვა ისაა, რაც ახალშობილად მაქცევს.
მაგრამ დღეს თავის შეგრძნებამ გამაღვიძა.
ამან კი შიში მოიტანა, რომ დროთა განმავლობაში ასაკი თავისას იზამს და დროთა განმავლობაში ვეღარ დავლევ.
ნამდვილად არ დავემსგავსები მათ, ვინც ერთი საღამოს სიამოვნებისთვის შემდგომ დღეებს იფუჭებს, თავწაკრული გლოვობს სადღაცას ამოვარდნილ ფულზე, წუხანდელ შეცდომებზე და იმაზე, რომ თავს გრძნობს.
ჰო, შეიძლება ასაკი მამძიმებს, შესაბამისად, ორგანიზმში არსებული გამოცდილება.
ხშირად მეკითხებიან, რატომ ვსვამ.
მაგრამ პირველად ვხსნი. რადგან თუ კიდევ მკითხეს, ამ ნაწერს ვაჩვენებ.
კიდევ იმიტომ ვსვამ, რომ დალევის რიტუალური პროცესი მხიბლავს.
ბოთლს კი აქსესუარად ვთვლი სამაჯურს ან სიფრიფანა კაბებს რომ უხდება.
მთელი ცხოვრებაა შეუმჩნევლის შეხამებას ვცდილობ.
აი, ხანდახან მგონია, რომ თუ ადამიანებს დანიშნულების მიხედვით დავყოფთ, იმ ჯგუფში მოვხვდები, სიმახინჯესაც ლამაზი მხრიდან რომ იღებს.
გადასარევი აღქმა მაქვს, სიამოვნებით ვიმუშავებდი ისეთ ადგილას, სადაც აღქმა მუშაობის პირდაპირი გზაა.
ალბათ ამიტომ ყველგან მიჭირავს კამერა და ვიღებ.
გუშინ სხვა მიზნითაც ვიღებდი: მეორე დღისით გამეხსენა მომხდარი.
დღეს ვერ ვნახავ: ფირია და სკანერი მჭირდება, ციფრულზე გადაყვანა რომ ვცადო.
კიდევ იმიტომ, რომ ცარიელი კადრებიც დამრჩა.
ჰოდა, ვმკითხაობ: ფოკუზი გავასწორე-არ გავასწორეს.
მახსოვს, ვასწორებდი. აი, ზუსტად მახსოვს ვასწორებდი. მაგრამ ვერ ვიხსენებ სიჩქარე რაზე მეყენა.
კიდევ იმიტომ ვსვამ, რომ მომწონს როგორ ბჟუიან კიდურები. და ვერ ვხვდები, მათ მეტად ვგრძნობ თუ მათ მეტად ვერ ვგრძნობ.
კიდევ ის გამყიდველი გამახსენდა, ჩიფსები რომ ვიყიდე, კიდევ ყველას სახეები მახსოვს.
რაღაც მძიმედ ვარ.
იქნებ გუშინ რამე მძიმე მოხდა.
დავასკანერებ და მივხვდები.

სხვები


”დალევა მინდა.”
ჯეფერსონის თვითმფრინავებს ვუშვებდით და ვამბობდით, რომ გამოვიგონებდით იმას, რასაც ვუშვებდით.
ისე, რომ არავინ გვკითხავდა დაკარგული ქაღალდების შესახებ.
ვეჭვიანობდით, იმიტომ, რომ რამე ემოციას ეარსება ერთმანეთს აცდენილ სხეულებში.
სხეულებში, რომლებსაც არ ჰქონდათ აგონია.
აგონია, რომელიც ცდილობდა ყველაფერი განეცადა საკუთარი სხეულის იქით.
იქით მისნაირი ადამიანები იყვნენ.
მისნაირი ადამიანები სურვილებს კატეგორიებად ჰყოფენ.
დაბადებიდან ნიჭი აქვთ შენების.
მთელი ცხოვრება მაღალ სართულებს აშენებს და ცდილობს გოდოლად გამოიყენოს.
იმ გოდოლად, ღმერთს რომ მისწვდება.
ღმერთიც ხანდახან უახლოვდება და როცა ანგრევს, სანაცვლოდ, ადამიანის დონეზე ეშვება.
სინამდვილეში, სადღაც წერტილში ერწყმიან ერთმანეთს ან ვერასდროს ერწყმიან, რადგან ორივე ცდილობს ერთმანეთი იყოს და ამით საპირისპირო მსვლელობებს იწყებენ.
უფრო ადრე ერთმანეთი გვიყვარდა.
ისე გვიყვარდა, რომ ჩემსა და მას შორის სივრცე არ იყო.
ვაშენებდით უზარმაზარ გოდოლს და ფეხებზე ოცნების კოშკებად გვენგრეოდა.
დაინგრა და ენა აგვერია.
ენა ისე აგვერია, გავიყავით.
ისე გავიყავით, სახელმწიფოები ვაშენეთ და ვომობთ.
ისე ვომობთ, რომ მოგებისთვის ვლოცულობთ.
გამარჯობა, მისტერ დენიელს!
ხანდახან გიგონებ ხოლმე.
თავს ვაჯერებ, რომ იმდენი დავლიე, ფეხები უნდა ამერიოს ან მინდორზე დავწვე.
მეპატიება, მისტერ დენიელს!
თუ ძალას იხმარენ, უდანაშაულო გამოვჩნდები, მისტერ დენიელს!
”გავაკეთებ იმას, რაც მინდა, თან სინდისიც არ შემაწუხებს, თავს მსხვერპლად მოვაჩვენებ ან შენ დაგაბრალებ”.
”დალევა მინდა”.
”ასე თავს მხიარულად გრძნობ?”
”არა. მომწონს, როდესაც მიბუჟდება სხეული და ვერ გამიგია, დაბუჟებისას სხეულს ვერ ვგრძნობთ თუ მეტად ვგრძნობთ”.
”ერთი ჭიქაც, მისტერ დენიელს, და გოდოლის გადაყრას ვიწყებ: სხვები აპირებენ მოახლოებას”.

04:30

– გიყვარვარ?
ისე ვიკითხე, ყელი ჩამიშრა. ადგა და ჩაშრა, ყველა სისველე დაშრა, ცრემლიც გადმოსვლამდე შემაშრა, ვიფიქრე, ღვინოს დავლევ მეთქი. ხელის უნებური კანკალით ავიღე ბოთლი, მეორე ხელი შევაშველე წონასწორი მოძრაობისთვის. იგი მკაცრი ხმით მაფრთხილებდა, არ დამელია და საკუთარი ყავა დამითმო. სახეზე შევხედე, წუხანდელი ღამე არეკლილი ჰქონდა, წამლის ნდომა, არყის, ღვინის და წყლის ბოთლები, სიგარეტის კოლოფები, ძეხვი პურით, მოფერება ზურგზე და თმაზე ხელის გადასმა, კოცნა, ირონიული საუბრები მის შვილზე, სამყაროს მასთან შედარებით არარაობაზე. მოვსვი ყავა, გაწელილი მოძრაობით პალტოს ვიცვამდი და გაქცევა იმდენად მსურდა, რამდენადაც გონების დაკარგვა, ორი წუთით მისი გათიშვა. ან მისი მოკვლა.. დიახ, მოკვლა. მის სხეულზე წამოწოლა და მის გვერდით ჩემთვის განკუთვნილი ბალიშის სახეზე დაფარება. იცოდა, ძალა არ მეყოფოდა და წინააღმდეგობისგან ვთავისუფლდებოდი. მერსოს მდგომარეობაში იწვა. დუნდებოდა. ისე დუნდებოდა, როგორც გუშინ მოფერებისას, სხეულზე კოცნისას. მე კი უკანასკნელ ღილს ვიკრავდი პალტოზე. ამბობდა: “თუ წახვალ, არ დაბრუნდები.” ჩემთვის კი სულერთი იყო, ისევე სულერთი, როგორც საკუთარი ცხოვრება, მეხუთე სართულიდან გადამხტარი სხეულის ხილვით. გავთავისუფლდი მიჯაჭვულობისგან, რომელსაც ტოვებდა, მას კი თავი სტკიოდა. სასმლისგან, უძილობისგან და ჩემგან. მე კი ისევე ცარიელი ვიყავი, რამდენადაც ახალი ცხოვრება შემეძლო. ის კი ისევე სავსე, რამდენადაც წრეზე განაგრძობდა ტრიალს. იმ მომენტში შემეძლო ფრენა. მეგონა იმ დედას ვგავდი, ცხრა კი არა, წელიწად ნახევრის ნატარები შვილი ამ ღამით რომ იმშობიარა. არა საკეისრო კვეთით, მცირე ხანში რომ ხდება, უმტკივნეულოდ და მარტივად, მაგრამ შემდგომ ტკივილებს რომ ტოვებს. ბუნებრივი ჭინთვები იყო და გაბუჟებულ სხეულზე მეტად მოშორებული მუცელი მახარებდა, სიმსუბუქის შეგრძნება მასში. ჩავირბინე კიბეები, გადავახტი ბოლო სართულებს და ჩაჩუტულ მუცელს, დამძიმებული შვილის ნახვა მომინდა ცალკე. ნამშობიარევი შვილის მოკვლა მომინდა, კომედიის გათამაშება მომინდა, სადაც მედეას როლი მქონდა, შეცდომის ნაყოფი რომ გააქრო, ცხოვრების ახლიდან დასაწყებად, ან ახალი შეცდომების დასაშვებად. ჩვენი შვილის მოკვლა მის სატკენად. ის კი მერსოს ჰგავდა, ცხოვრებას რომ ამინდით ზომავს. სადარბაზოდან შემოსული ქარი სახეზე მილაწუნებდა, თავისუფლებისგან მისუსტებულ სხეულს თავისით დაატარებდა. საათზე 04:30 იყო. ის დრო, როცა იბადებოდა. გამოვლილი მქონდა ხუთი სართული, ის სართულები, ერთი ხელის მოსმით გადახტომა რომ მსურდა. ამოვირბინე უკან, გადავწყვიტე როლი ხელმეორედ მეთამაშა. იმდენად, ნებისმიერი გამეორება რომ ფარსია. დავაკაკუნე კარზე და ვიკითხე:
– გიყვარვარ?
მერე ისევ თავიდან.

ცხრა ჩემს იქეთ

”შენ რქები გაქვს, თუ არ დაგიკარგავს, ე.ი. გაქვს”.

ათიოდე წუთი ვისხედით და მოვასწარით, გვესაუბრა შიაცუს ხერხებზე, – იაპონური დაზელვის ხერხით მკურნალობის მეთოდებზე, – სხეულებზე წერტილები აღმოვიჩინეთ და აბსტრაქტულ თემებზე გადავედით.

მაგალითად, როგორ უნდა ილოცო გულით: მაჯიდან პულსი (ერთი-ორით) გაითვალო და ”მამაო ჩვენო” ისე ააყოლო.

იმაზე, რომ ცალმხრივობის ნებისმიერი გამოვლენა უსამართლობაა, თანაც მთელი არსითაა ნაკლული.

სიყვარული კი ერთგულებაა, როცა ორი გული იქცევა ერთ გულად და დაიბადება ერთგულება.

ერთგულება კი რაღაცით რელიგიურ რწმენას ჰგავს: როცა არ კითხულობ რისთვის და როდემდე უნდა უერთგულო.

მერე ის ცხრა ჩემს იქეთ გავუშვი და პარალელურად, გამორთული ტელეფონი ჩავრთე, კარლსონის პრინციპით დავიწყე ჩიჩქვნა: გასულ აბონენტთან დაკავშირება წუთში ერთხელ ვცადე, მერე ტელეფონი თავადაც დამიჯდა.

საიდუმლოს გაგიმხელთ, შეიძლება უჩემოდაც შეამჩნიეთ, – გზაში ვწერ. აი, როცა ტრანსპორტში ვზივარ ან თუ ვინმეს ველოდები და იგვიანებს. დროის დაკარგვა არ მიყვარს და მორიგ ნაწერებზე ვფიქრობ.

გზის სერიას გავაგრძელებ და დღეს გზა გავბზარე. ფეხი რომ დავდგი, ჩაიბრიცა და დედამიწას კიდევ ერთი ბზარი შევმატე, გუბემდე ათგზის დატოტვილი და გადავახტი.

მოქმედებამ ისე გამახალისა, – გადმოვახტი.

ახალი ფეხსაცმელი მაქვს.

აი, ისეთი, კაბინეტში ჩუმად რომ ვერ შეიპარები, მიწაზე დაბიჯებისას კი გგონია დედამიწას თხრი.

საკუთარ ნაბიჯებს ვერ ვცნობ, მგონია კენტავრს გავუცვალე სიმძიმე და ვნანობ: ”სანამ ვიყიდიდი, სიარულში უნდა გამომეცადა. ნეტა ჩაიბარებდნენ!”

უკვირთ, როგორი სუსტი ვარ და ჯარისკაცული სიარული ვიცი, მე კი ვფიქრობ: ყველამ ასეთი ფეხსაცმელი რომ იყიდოს, ზაფხულამდე დედამიწა მეტეორიტებად იქცევა.

შორიდან რა ლამაზი სამახსოვრო ფოტო გამოვიდოდა!

ნახევარი გზა წარსულს მივაბარე და სიარული მთვრალივით დავიწყე.

დაახლოებით ისე, სკაიპის სმაილი რომ ცეკვავს, – რიტმულად და ომახიანად.

საკუთარი სიფხიზლე რომ ვიგრძენი, ტირილისგან სუნთქვა გადამეკეტა და ჩემში ფემინურობა შევიძულე.

ოღონდ არ მეტირა, თავი ხალხს შევაფარე, ძველი ჩვევაა, ემოციები მიშრება მათთან.

თავი მიტინგის მონაწილედ აღვიქვი და ინდივიდუალური პრობლემები დავკარგე.

მიტინგი კი გასართობ ოთახს ჰგავს, ახლა არ ვიცი და ჩემს ბავშვობაში ზოოპარკში რომ იდგა, ჩაიხედავდი და იგივე იყავი, ოღონდ სხვადასხვა ფორმით.

მიტინგი ის არის, როცა იმას აკეთებ, რისი გაკეთებაც მარტო ყოფნისას თავში აზრადაც არ მოგივიდოდა.

ისევ ცხრა ჩემს იქით წავედი და ღიღინი დავიწყე, რომ აქეთ გორას წიხლს ვკრავდი, იქითას ძვრას ვუზამდი, და ცრემლები ისევ გადავაგორე.

ერთი სული მქონდა, ჩემში ის ქალური საწყისი ერთად გამენადგურა, აბაზანაში, გზაზე თუ ლოგინში აცრემლების მომენტები რომ ჰქონდა.

სქესის სუიციდი დამეშვა და ამით არც კაცური საწყისი გამეძლიერა. ალტერნატიული სხვა მომეხდინა ჩემში.

რამდენი ხანია დათრობამდე არ დამილევია.

შევიკრიბებოდით ჩვენ სამნი და კოცონთან ვუსმენდით ინგლისურ ჯოი დივიჟენს, ცეცხლზე გახურებულ ჭიქებში ვისკის ვასხამდით და შუბლს ერთმანეთის მხრებზე ვადებდით.

დაცლილ ჭიქებს შიშველ მუცელზე ვიდებდით და ვყვებოდით, რამდენ ონავრობას ვნანობდით.

შიგადაშიგ ამერიკაზე, როგორც დედამიწის მეორე მხარეზე, ვოცნებობდით, რომ იქ ერთი დღის კაბას მეორედ აღარ იცვამდნენ.

იქ ყველა იღიმებოდა, რადგან თეთრი კბილები ჰქონდათ და კოცონს ცეკვით წრეს ვარტყამდით.

ფიქრიც ცოდვაა. თუ გაიფიქრე ე.ი. დაუშვი. ჩვენ კი იმდენი ცხოვრება გვაქვს, რამდენიც ყველა შესაძლო ვარიანტი.

ამ ლოგიკით, რამდენიმე ჩემთაგანი ერთ-ერთი იმათგანია, ცხრა ზღვისა და მთის იქით რომ ცხოვრობს.

რამდენიმე ჩემთაგანს სქესი არა აქვს და აზრზე არ არის ცრემლი რა არის.

წავიკითხე, რომ ცრემლი ისეთ ნივთიერებას შეიცავს, უარყოფით ემოციებს რომ რეცხავს.

აღსანიშნია, რომ ხახვის დაჭრის დროს გამოყოფილ ცრემლში ეს ნივთიერება არ შეინიშნება.

შევნიშნე, რომ გადავახტი რამდენიმე შესახვევს და მანქანას. აღარ ჩავუკვეთე ჭიანჭველას მოხაზული მანძილი სახლიდან სამსახურამდე. აღარ დამეღალა ჭრილობიანი მუხლები სიარულისგან.

უბრალოდ ავდექი და ფრიიიი გავფრინდი სახლისკენ. ფრიიიი და შევფრინდი თვალებივით მჭიდროდ ჩარაზული ფანჯრიდან და ნამზეურ ლოგინში დავესვენე.

სახლში რომ შევედი, იმ დღეს დედა მხიარული დამხვდა. დღემდე საწოლის კიდესთან მიჯდება და ზღაპრებს მიყვება. მართლა.

მაგალითად, გუშინ ლეგენდა მომითხრო, რატომ დაერქვა ბაკურიანს ბაკურიანი, რომ ცხოვრობდა ვინმე ბაკური, კოვზებს თლიდა, ძმამ უთხრა: დიდი მე გამომითალეო, მერე სახლი აიშენეს, – რომ დაასრულა, თანდათან ჩამეძინა, ჩარაზული ფანჯარასავით მეხუჭებოდა თვალები.

ხოლო დედა იწყებდა ახალ თხრობას, ცხრა ზღვისა და მთის იქით რა ლამაზი სამეფო იყო.

დღეს ავტობუსი შემეშალა: 102-ს გავყევი 43-ის ნაცვლად. ალბათ რიცხვები მოხაზულობით გვანან.

ჰო, მე დაბნეული ვარ. კი ვიფიქრე, ამდენი ხალხი რატომ ამოვიდა, მაგრამ მერე გადავიფიქრე.

გზის ფული აღარ მქონდა, ფეხით დავბრუნდი და პოსტიც გამიგრძელდა.

მომავალ გზააბნევამდე 🙂

lemon

 

ვაღიარებ, ზედმეტად მორიდებული ვარ. სავარაუდოდ მოჭარბებული სიფრთხილის გამო. ვუფრთხი საკუთარ სიშიშვლეს. მენტალურს და ფიზიკურს. მენტალობაზე მიხვდებით და მე ხომ ისეთი ანდროგენული ტანი მაქვს. სულ მრცხვენოდა ვინმესთან გახდის. ეს სირცხვილი კი იმდენად მაღგზნებს, გადავწყვიტე, მასზე დავწერო.

კიდევ მომწონს სწორხაზოვანი მკერდი და იქვე შრამი, მშიერი ძაღლივით ნეკნების მაღლა რომ მაქვს, და ხორბლისფერი თმით დაფარული თეთრი სხეულიც ისევე, როგორც ჩემი მორიდება.

ვამბობ, რომ ნაადრევად ამოსული ამდენი თეთრი თმაც მომწონს და ღვიძლისგან შეშუპებული თვალები. ჩავარდნილი მუქი კონტური ადის წარბებშორის ნაოჭზე.

ვიხედები სარკეში. კისერიც კი არაქალურია, ფართო და ყელთან მემჩნევა ხორხი. თურმე მარტო კაცებს არ უჩანთ.

მახსოვს, ადრე თუ ქუდი მეხურა, ბიჭს მამსგავსებდნენ. სიარულიც ჯარისკაცული მაქვს, – მძიმე და ურიტმო ხაზზე. მიუხედავად იმისა, რომ კაბები მომწონს, ფეხებგაშვერილი ვჯდები ლეფტოპთან. მაგრამ ახლა მოკეცილი ვარ. მოკეცილი მუხლებზე მიდებული ნიკაპით. არასდროს მიშლიდა სხეული ხელს ხალხის მოხიბვლაში.

ფოტო ობიექტივს ვაახლოვებ მუცელთან. ვიღებ თეთრ კანს, რომელიც გამხდარია, მაგრამ  უვარჯიშობით  მოშვებული. ვუღებ რამდენიმე ფოტოს თეძოებს, თეთრი ხაზები რომ გამოჩნდეს მკაფიოდ. მეცინება.

მეცინება გრაციოზულად. მუხლებჩაკეცით მჯდომარეს თუ მდგომარეს.

შემცივდა შიშველი დგომით სარკესთან. მიკანკალებს ხელები სიცივისგან და თითები.  ბალიშების შეტყუპვას ვცდილობ. ერთი. ორი. სს..

შევდივარ აბაზანაში და ცხელ შხაპში ვისველებ კანს. მეწვება, მიწითლდება და მტკივა.

მტკივა, მაგრამ ტკივილის გარეშე მე ვერ.. მეტად მტკივა. თითქოს რაღაც მეხამუშება.

მისივდება ზურგი სიმწრისგან, ხერხემალგაყოლილი ცხელი წვეთებისგან. ვიხედები მუცელზე და ვცდილობ მოვეფერო  ემბრიონს, ახლა ჩემნაირად რომ წევს.

საფეთქლები ყურში მიფეთქავს. მეუბნება რომ  შევიმშრალო.

ვიმშრალებ. ჩემი შუბლი ისეთი ფართო და ოთკუთხედია, თითქოს სახის ნახევარი მიაქვს. ვუყურებ ჩემს თავს სარკეში უკან ხელით გადაწეული თმით.

მაღალი შუბლი მელანქოლიური ტემპერამენტის ხალხს აქვთო. მომდის აზრი, რომ ჩემსა და ღმერთს შორის არის პაუზა.

იდეა მომდის.

ვიღებ წითელ ღვინოს, სისხლში რომ წავა, – შვილისთვის კარგია, ბევრი სისხლი ექნება. მე და ის ერთმანეთში ასე ვშუალდებით. ყოველთვის უშუალოდ ველაპარაკები, როგორც თანატოლს. მერე რა, რომ მხოლოდ მატარებელი დედა ვარ, საკუთარ შვილსაც ასე გავზრდი.

მიზეზი? ჩემი სუროგატობის? ფულს ვაგროვებ, რადგან თავად ვიყო დედა. დედა. დედა. ედა. დდედდა.

აი, უკვე მეორე ყლუპიც. ჯერ მუცელი არ მეტყობა ხომ? ჯერ პატარა ხარ. ჯერ არ მეტყობი. ჯერ. ჯერ.

ჰმმ.

მეღიმება იცი, რაზე? სიგარეტზე. მოვწერ ორ ნაპასს. მარტო ორს, გპირდები. შენი მშობლებიც ვერ გაიგებენ. ვინ ეტყვის? მე – არა. შენ? ჩვენ ხომ მესაიდუმლოები ვართ.

საიდუმლოს შენახვა ყოველთვის მიყვარდა. მეც შეგინახავ ხოლმე. გპირდები, ისინი თუ გაგაბრაზებენ, ნებისმიერ დროს შეგიძლია, აქ მოხვიდე და დარჩე. მიყვარხარ.

ამ კონსერვზე როგორ გამეჭრა ხელი. ვერც ვიგრძენი. სისხლი ისე მკაფიოდ მომდის. კარგია, ზედმეტისგან ვთავისუფლდები.

შიშველი ავდივარ ფანჯრის მოაჯირზე. ცალ ხელში ღვინით, ცალში – სიგარეტით და ვმღერი. მიყვარს როცა ვმღერი. ხალხს აკვირვებს ჩემი სიშიშვლე. და მერე სისხლის ლაქები ხელიდან.

უცხოელები გაგადიან ტროტუარზე. ერთი ამბობს, მე მესმის:

”She is so lemon”.

 ქართველებიც აძლევენ ბანს.

შევდივარ სახლში, ვსვამ ლიმნიან ჩაის და ვფიქრობ:

რა რეაქცია გექნებოდა, გაგეგო, დედაშენი რომ ვარ?

ჩემგან გექნება რამე?

მოიცა.  ჩუმად!

 მომავალი და წარსული აწმყოში შეხვდნენ. ნახევარმთვარის, სასაცილოა, ჩაბნელებულ სივრცედ მაქციეს.  არ მეშინია. შიში, რომელიც მიცავს, გათავდა.  ორსულობის ბრალია ალბათ.