ცალმხრივი ბილეთის ამბავი

Untitled

როგორ ვატარებ შვებულებას?
ერთი ხუმრობაა: ახლა მივხვდი უფროს კლასელებს რატომ აღარ აწერინებენ თავისუფალ თემას “როგორ გაატარეთ საზაფხულო არდადეგები?” – თქვენი არ ვიცი და ეშმაკურად მეღიმება ხოლმე.
მაინც 9 საათზე ვიღვიძებ, გამოგაზაფხულდა და საწოლში ვეღარ ვჩერდები. დილა მეილების შემოწმებით იწყება. მერე თავს ვიწესრიგებ და ზურგ ჩანთას ვალაგებ. საუზმე ვიცი ორჯერ, თუმცა მეორე საუზმეს მგონი სამხარს ეძახიან. ამავე დროს ვთამაშობ სიმსს და რამე ფილმს ან სერიალს ვუყურებ. ამასობაში ხდება 12 საათი და “სისაიდში” მივდივარ. ვვარჯიშობ, ვცურავ, ოღონდ ცურვა არ ვიცი. იქვე შევდივარ სილამაზის სალონში და თავს ვიბან. 3-4 საათისთვის ქალაქ გარეთ გავდივარ. მაგალითად, ლამის ფეხით ვიყავი წყნეთში და ტრანსპორტით კახეთის რამდენიმე სოფელი ვნახე. შემდეგი მარშუტი ქვემო ქართლის სოფლებია. 7 საათისთვის მოვდივარ სრულიად ქანცგაცლილი და “კანუდოსში” ან სხვა ადგილას ღვინოს ვსვამ. იქ ისეთი ტკბილი ღვინო აქვთ, როგორც იქაური ბარმენი იტყოდა, ზიარებაზე მგონია თავიო და კოვზით ვსვამ. დღეს ჰარი პოტერის საღამოზე წავალ “ბუქ სითიში” და მერე “არსადში” გოგონა წითელი პომადით-სთან ერთად. ძირითადად, ფეხით მივდივარ სახლამდეც.
ისევ ვესაუბრები უცნობებს და მოყოლილ ამბებს ვიმახსოვრებ. ამ ერთი კვირის განმავლობაში წავიკითხე წიგნის დღეზე ნაყიდი პავიჩი ქართულად. მაგრამ “გუდრიდსში” აღსანიშნად ვერ მოვძებნე. რობაქიძის სამი მოთხრობა დავიწყე ერთდროულად. საკმაოდ დადაისტური მკითხველი ვარ. დავიწყე ემბიენტის რადიოს მოსმენა და თავადაც ვცადე მუსიკის კეთება. მადლობა ჯასთბეიკას. სადღაც ემბიენტის, ფსაის, ჩილაუთის, ნოისის შორის გამომივიდა. პროცესში წარმოვიდგენდი კოსმონავტი ღია სივრციდან ჩვენთან ფეხაკრეფით რომ მოდის, ჯერ კოსმიური ხმები გამოიარა, ბოლოს ჰაერის, მიწის და წყლის ხმით უნდა დამთავრდეს. პირველი ტრეკის პირველ შავ ვარიანტს განახებთ: https://soundcloud.com/merzannablume/to-indoor
ჰო მართლა, რომ გითხრან, რომ ათიოდე წელში სულ რაღაც 49,99 ლარად გაფრინდები მარსზე უცნობებთან ერთად, რეალითი შოუში მონაწილეობის მისაღებად(http://www.mars-one.com/), დათანხმდებოდი? მოსალოდნელ ვოიაჟზე ჯერ ფილმს იღებენ, მისი ტრეილერიც გამოვიდა და ფოტო აქედანაა (http://marsonemovie.com/): კოსმონავტი ჩემოდნებით უცხო მიწაზე დგას. ფოტო იმათთვის, ვისაც გონია, რომ ოჯახი, სამსახური და ყოფითი დედამიწური პრობლემები მისთვის არაა. იმათთვის, ვინც ჯანმრთელია. თანამშრომელი კი მეუბნება, მერე რა, რომ უღონო ხარ, “სივი” მიანც გააგზავნეო, მაგრამ..
კიდევ მნიშვნელოვანი რაც ამ ერთი კვირის განმავლობაში ვისწავლე არის, რომ თავისუფლების ფასი არაფერია, როცა აკეთებ იმას, რაც გინდა, ახალს სწავლობ, შეიძლება ცუდად, ნელა, მაგრამ მაინც ცდილობ, ენერგიის დახარჯვაზე სასიამოვნო რა უნდა მქონდეს. ფულის კეთების პროცესი მის დახარჯვაში როგორ მზღუდავდა თურმე.

ბოლმსახური

დასვენების დღეებში ისაო-ესაო, არტში კვამლი რა რომანტიკულიაო.
ჩვეულებრივი სამსახური მაქვს, სადღესასწაულო დღეებში ლოცვაზე წამსვლელებს ადრე რომ უშვებენ და მწეველებს დამატებითი შესვენებები აქვთ.
შესვენება? არაა, ამის გამოც არ დავიწყებ მოწევას. ყველას მაგივრადაც ვიმუშავებ.
მოწევის ნაცვლად არ მოწევა, ალბათ არა, კლავს.

smoking-girlsmoking_girl_by_vagocool-d5ngo8c

მენატვრე

მეგობრების დღიურებში მასობრივად ჩაწერილი ნატვრა ამიხდა:
შეკითხვა: “- ფრაზა, რომელიც ხშირად გინდათ გესმოდეთ..”
პასუხი: ” -რაში დახარჯავთ მოგებულ თანხას?”
მაგრამ აღმოჩნდა, რომ სურვილებს რომანისხელა დაკონკრეტება სჭირდება.
სამსახურის და გამო ამას ყოველ დღე ვისმენ, მინის შიგა მხარეს ვზივარ, ვისმენ და ვამბობ. მიმღების ნაცვლად, სამწუხაროდ, ადრესანტი ვარ.

damn,

– გამოგიტყდები და შენდამი სიმპათია მაქვს, – მანქანა დაქოქა, მე კი მისი სახელის გახსენება დავიწყე. არ მახსოვდა, ამდენი ხნის განმავლობაში რომ ეთქვა. მგონი დათო ერქვა, მოფერებით სხვა სახელს ეძახდნენ, მაგრამ არ დამიმახსოვრებია. ამ ფრაზის გაგონებისას კი თითქოს დეჟავუ მქონდა, მგზავრობის დარჩენილი სცენარი წარმოვიდგინე.
– ქრისტიანი ხარ? – როცა შემატყო, რომ კითხვამ გამაკვირვა, დასძინა, – ვიცი, რომ სხვა რელიგია გაქვს, სახელი დამავიწყდა. ანუ ხარ?
– კი, შენ?
– მე კი, მაგრამ.. გეწყინა?
– არა.
– საქმე იმაშია, რომ ორ კვირაში პროგრამა სრულდება, მხოლოდ ორი გოგო დარჩება, არ მგონია, რომ შენ. მაგრამ თუ ჩემთან იქნები.. შეგვიძლია ვიმეგობროთ და დარჩე..
– სამართლიანი კონკურენცია მირჩევნია, – ისე გავაწყვეტინე, გაეღიმა, შემდეგ კი ცოლზე ვკითხე, – ვიცი, რომ გყავს.
– აქ რთულადაა საქმე.. ახლა.. გაცილებულია და.. ჩვენ.. – არც შეგირიგდება, იდეები მითამაშდება.
– ანუ ხვალ სამსახურში აღარ მოვიდე.
– აღარ.
– არ შეგიძლია გამათავისუფლო, მე კონტრაქტი მაქვს, მისი დარღვევა კი მხოლოდ 15 დღით ადრე შეიძლება. ქეთის ვეტყვი..
– ქეთი მაინც იმას გააკეთებს, რასაც ვეტყვი, დაგარეკინო?
ასე გასრულდა ამბავი.