ხელთნაკეთი ნივთები და შავი მთვარის დები

tumblr_lty756NyEo1qb3upvo1_1280

tumblr_l4942776N21qa9yjmo1_500

ისეთი ჩითის კაბა ვიყიდე, ჩაის დალევას მოგანდომებს მეთქი, – ვთქვი და ამით გარემოს გამო სამოსის შეხამების ნაცვლად – ხაზი სამოსის გამო გარემოს არჩევას გავუსვი. შეიძლება მოდა ბრუნდება და თბილისში ვინტაჟური კაბები აცვიათ, მაგრამ თუ ეს ვინტაჟური მოდელი ძველებური ქსოვილითაა ნაკერი, თან ამ ქსოვილზე თუ იცი, რომელი ველის რომელი ნაყოფისგან დაამზადეს, თანაც თუ ეს კაბა ხელნაკეთია, უკვე გაინტერესებს: რაზე ფიქრობდა მკერავი ამ ქსოვილთან მუშაობისას. აი, ჩემი ჩანთების ავტორს, რომლებსაც რუსთაველის მიწისქვეშაში ვყიდულობ, მთელი ამბები შევუთხზი: ვითომ ჩემხელა უმუშევარი გოგოა, საკუთარი სამყარო ჰქონდა, შეყვარებულმა მიატოვა, ოჯახის კისერზე წოლა ეუხერხულება და ერთხელაც ნათესავმა ქსოვილები უპოვნა. ურჩია, მაღაზიებში ჩაბარება დაეწყო და ორი კაპიკი ეშოვნა. მერე რა, თუ ერთხელაც ჩანთის ყიდვისას მომისწრო და პუტკუნა ღაწვებიანი გოგონას ნაცვლად გავიცანი როგორც მამაჩემის ხელა ჯანიანი კაცი. მერე რა, უკვე თუ მაღაზიაში მეხუმრებიან, რომ ყველა ჩანთა მე გავუყიდე, და მეც ღიმილით ვეუბნები, რომ რა ვქნა, ესეთები მალე იხევა. არა და მართლა ძალიან მალე იხევა და ნაძენძები კაბასაც მისვრის. ვეძებ ქალს, რომელიმე ბარში ღვინის ბოკალით ხელში, ვისაც ფიშნეტზე ბებიამისის მოქარგული წინდები აცვია, ჩაის ჭიქებს ფერად კაბებს უქსოვს და ღუნღულა ხელთათმანებით ჩულქის თასმების გასწორება იცის რას ნიშნავს.
შავი მთვარი დები – იმ ბრენდის ქართული სათაურია, ჩემი მოდაზე წარმოსახვა რომ შეცვალა. თვალს გამოჩენის დღიდან ვადევნებ და შეიძლება ითქვას, მაცმევენ. სარიტუალო ნივთებთან ერთად მტვრიანი ფირის კამერებით გადაღებული შავგვრემანი ქალი, ჰიპურად გაჩეჩილი თმებით. პიანინოზე უკრავს, როცა მეგობრებთან იკრიბება. აქა-იქ კაცი, რომელიც უყვარს. ხისგან გამოთლილი ბეჭდები. შიშველი სხეულები და იქვე ბუჩქებში დატოვებული ეროტიული თეთრეულები. უცებ გამოჩენა მუცლით. მერე სამშობიარო კაბების დამზადება და სურათების გადაღება. მერე მშობიარობა და ახალი პატარა მთვარის ხაზის დამატება. ხაზი, რომელიც უწყვეტად ასახავდა მკერავი ქალების ცხოვრებას, რომელიც დიზაინერთა პირად ბლოგად იქცა და ეს სინამდვილე იმდენად მიზიდავს, რამდენადაც შეიძლება მკერავმა სამოსის მეშვეობით მათი პირადი ცხოვრება გადმოგვცეს. ბრენდი, რომელსაც მხოლოდ ქალი მორიელები ვიგრძნობთ და ლილითის თაყვანისმცემლებს დააფიქრებთ. ეს არის სამი ქალი, რომლებსაც უმთვარო ცხოვრება აერთიანებთ, ფენტეზურ ჩანთებს მოიკიდებენ, ველად გადიან. თქვენც მითხარით ხოლმე სად იყიდება ხელთნაკეთი ნივთები და კაბები.

ცხოველთა ფორმის სამკაულები წარმართულ საქართველოში

ვინაიდან ახალ ქალაქში ჩასული პირველ რიგში მის მუზეუმს ვეცნობი, მათზე კითხვამაც გამიტაცა. კვირა ჯვრის პროლოგად წარმოდგენილი ცხოველების ფორმის სამკაულებს მივუძღვენი. მაგალითად, ახლად დაქორწინებულებს საწოლის ქვეშ მორიელის სიმბოლო, როგორც ნაყოფიერების წმინდანი, ეწყოთ და სხვა.
შეჯამებისთვის დავწერ, რომ გათხრებისას აღმოჩენილი აქსესუარების ფუნქციის გასაშიფრად ისტორიკოსებს ფოლკლორული მასალაც ეხმარებოდათ, როგორც პირიქით.
ძველად ირმებს მარჯვენა პროფილით სახავდნენ, აქცენტირებული თავ-კისერითა, უმეტესად წინ გაწვდილი დრუნჩით და ქორბუდა რქებით. სამკაულების უმეტესობას თითო რქაზე 6-7 შვრელი აქვს.
ირმისგან განსხვავებით წინ იყურება ჯიხვი. მის რქებს მიართმევდნენ ხოლმე მაშინდელ ხატ-სალოცავებს ძღვნად. შეინიშნება ორთავიანი ჯიხვის გამოსახვაც. ვნახე ერთი სამკაულიც, სადაც ვერძის გაკეთებისას ოსტატის ხელი ჩანს.
ცხენის ფაფარი, ძირითადად, შეკრეჭილია სხივისებრი გამონაშვერებით, რაც მზის იმიტაციად არის მიჩნეული და გამოხატავს ასტრალურ სიმბოლოს. ცხენი განიხილებოდა როგორც ნაყოფიერების ღვთაებათა წრის წარმომადგენელი და ნადირობასთანაა დაკავშირებული. ხანდახან ცხენზე ქალურად დამჯდარი მამაკაციც გვინახავს გამოსახული.
კურდღლის გამოსახვაში ჭარბობს სტილიზაციის ელემენტები. თვალები და ნესტოები წერტილებითაა აღნიშნული. ჭარბი სასიცოცხლო ძალისა და ნაყოფიერების სიმბოლოა. მისი წინა ფეხების თათები, როგორც ამულეტი, ბედნიერების წყაროდ ითვლებოდა. გაქცეული კურდღლის ამოტვიფვრა ქრისტიანობის გადევნის ხანებშია შექმნილი.
საინტერესოა, რომ მგელ-ძაღლი საფლავის ქვებზე გამოისახება. მაგრამ იქ გამოსახულ ძაღლებს საყელური უკეთიათ. რაც იმის მანიშნებელია, რომ მწყემს ეხმარებიან. ყმა აუცილებლად უნდა მონათლულიყო, რომ გამხდარიყო საყმოს წევრი. მაგალითისთვის შემოგთავაზებთ მგლად კურთხევის ლოცვას:
“ინათლება მგლად.. დღეის მერე ევალის: იყოს მგელი და მხოლოდ მგელი. სახე მისი არა კაცისა ფერი (არა ხატი და მსგავსება ღმრთისა), არა სხვა რამის მსგავსი, არცა კატისა, არცა ეშმაკისა.
დღეის მერე იყოს მორჩილი მბრძანებლისა ჩვენისა და მისგან განწესებული ყოველი კანონის.
დღეის მერე სვას სისხლი და ერიდოს მძორს!
არ დაინდოს ადამიანის ძე!
არ უღალატოს მგლებს!
ნადირობისას არ მოიშალოს რკალი!
არ გადავიდეს წინამძღოლის ნება-სურვილს.
ყოველივე, რაც განწესდება ჩვენს სამსჯავროზე, იყოს შეუვალი კანონი მისთვის.
ყელს გადაცმული ალდახი იყოს მისი მგლობის ბეჭედი.
მოინათლოს!..”
და ბოლოს მგლის სისხლს თავზე ასხამდნენ.