ღუზა

“ყველა ცარიელი ბოთლი სავსეა მოგონებებით”.
ფოტო აღებულია ღვინის სახლიდან.

7589709808

მე დაშორება მიყვარს, როგორც ურთიერთობის იდენტიფიკატორი და პარტნიორის გასაზღვრის საშუალება. რადგან თუ ამ პარტნიორთან ცხოვრებას ვაპირებ, ნეგატივის კულმინაციის მომენტი უნდა გავიაროთ ერთმანეთის ამ კუთხით გაცნობით. პირადად მე ყველაზე დიდ შეცდომებს ამ მომენტში ვუშვებ და ვიღებ. ამიტომ მაინტერესებს სად მიდის სიყვარული დაშორების მერე, რამდენად ხარისხიანია დაშორებისას სიმწარე, კომპლექსები მოგვარებადი, ურთიერთობაში დაბანდებული ენერგია ადეკვატური. კიდევ სიყვარული პატარა საწოლზე დატევით უნდა გამოსცადო, რადგან ამ დროს მთელი არაცნობიერი პრობლემები იგრძნობა. ჯერ შენმა წრიალმა და კოშმარებმა უნდა შეგაწუხოს და ახლა სხვისი წრიალი და კოშმარები უნდა აიტანო. რაღაც ჰორორ ფილმის იდეა მაქვს, რამდენად მზად ხარ ამ ადამიანს ინსომნიაში შეეწყო?

ბამბუკის ტყეში არის ხის სახლი, წვიმისას სველი ხის სუნი რომ ასდის. შიგნით ერთი წყვილი ცხოვრობს, ვინც მიატოვა თბილისი. ფერმერები გახდნენ, ბავშვი ჩასახეს და სამი წლის მანძილზე არც კი უკამათიათ. ერთ უქმეებზე სხვა წყვილებს გაგვიმასპინძლდნენ. ორი გოგონა იყო ურთიერთობის საწყის ეტაპზე, არცერთი აღიარებდა დაქრაშულობას და თბილისში ორივეს კაცები ელოდებოდათ. მე ყოფილ კაცთან ერთად ვიყავი, განვითარების სხვადასხვა საფეხურზე რომ ვართ, – ის ექსტრავერტული პაემნებით არის დაკავებული, მე კიდევ მის მერე პაემანი სიზმარშიც არ მქონია. ასე შევიკარით სამი აბსოლუტურად განსხვავებულ ეტაპზე მდგარი წყვილები უკომფორტო სახლში.

წასვლამდე ერთმა ჭკვიანმა მეგობარმა მირჩია: “ბიჭისთვის თავის მოწონება თუ გინდა უნდა წაიქცე რომ დაგიჭიროს”. ვუპასუხე: “ერთ სახლში რომ ვიცხოვრებთ ეგ არაა საკმარისი?” მერე განვიხილეთ რომ ურთიერთობაში არსებული კომპრომისი ბასიანზე გადის, ვერაფრით ეგუება იმ აზრს, რომ ერთხელაც შეიძლება შეყვარებულს იქ გაყვეს. ბევრი ვისმინე თუ ცოტა ვისმინე ჯერ იყო და წყვილებმა მატარებელზე დავაგვიანეთ, ავტოსტოპში შეჯიბრებისას ბე პუნქტში ბოლო მივედი და ჩემს მეწყვილეს მასპინძლების კატები ეარშიყებოდნენ. ესეც ნებდნებოდა მათ და კბენის უფლებას აძლევდა. არ მიყვარს კატები. მათთან კონკურენციას ვგრძნობ. თუმცა პატივს ვცემ ინტერნეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. ერთ საწოლში ვიწექით მე, ის და კატა. და არა მხოლოდ კაცთან, კატასთან შეწყობაც მიწევდა. უძილობის მერე ციხისძირთან ტოლკინის სამყაროში მოვხვდით, საიდანაც ბებერ ხეებს ფეხები აედგათ. კლდოვან მდინარეებთან ბანანიანი ღვინო გავსინჯეთ ბუხართან შეყუჟულებმა. ორივე წყვილი ჩემზე ბედნიერი იყო, პლუს ჩემი ყოფილი – კატასთან.

მე დაშორება მიყვარს, რადგან ძალიან რთულია მასთან ურთიერთობა ვინც თავს შენზე მეტად გრძნობს. ადამიანები ხომ მაშინ შორდებიან ერთმანეთს, როცა ფიქრობენ რომ მეტს იმსახურებენ. ვუყურებდი იმ ფილმებს, რაც მას მოსწონდა, ვიყენებდი მის ფავორიტ ოპერატიულ სისტემას თავის მოსაწონებლად. მჩვევია პიროვნების ნაცვლად პიროვნების ინტერესების სიყვარული. დაშორების თვეების განმავლობაში რაღაც ღუზად მექცა, ჩემში რომანტიკა რომ გააჩერა. ვერ ვიტყვი რომ სიყვარულის გამო, უფრო იდეალური დაშორების ძიებაში. ჩვეულებრივი მწერლის კომპლექსი, ვისაც თავისი რომანისთვის საინტერესო დასასრული უნდა, არა და მხოლოდ დასაწყისში მოხდა კულმინაცია. და იცით ჩემი რომანი როგორ დასრულდა? წავიქეცი. ოღონდ არასპეციალურად. ამჯერად კოჭლი ვარ, გადაქლეტილი მუხლებით და ხელისგულებით, სახეზე შრამები მადევს, ისე მრცხვენია ყოფილ კაცს ხელსაც ვერ ვკიდებ, ალბათ აღარასდროს მოვეწონები და ჩემს ჭკვიან მეგობარს მივმართავ: ანუკი, თუ შენ ამ პოსტს კითხულობ, ბასიანზე მუშაობას გისურვებ.

პატრიცია უნდა დაბერდეს

0961061

შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ბლოგის არსებობა ანა კორძაიას დანაშაულია. მაგრამ აქ იმ დღეებზე უნდა მოგიყვეთ, როცა ინევთ ჰოლში პრეზენტაციაზე ვეწვიე, რემარკის “სამ მეგობარზე” ყვებოდა. ადრე ამბობდა, რომ ლიტერატურაში ირიბი თემები არსებობს, მაგალითად, 90-იანელი პოეტესების მელოდრამულ ლექსებში ომის ტრაგედია იდო, რადგან ქალთა მარტოობა მამაკაცთა დანაკლისით იყო გამოწვეული. რემარკის “სამი მეგობარიც” ომზეა, პოსტ საომარ ტრამვებზე, დამარცხებული ქვეყნის სიღარიბესა და ავადმყოფობაზე. უიმედო ცხოვრება დანახულია სამი განუყრელი მეგობრის თვალით.
ირონიულია, რომ ამ პრეზენტაციაზე ძველი ადამიანი ვნახე, ადრე რომ ვახსენე მწვანე თმიანობისას, ქრაში, კაცი, რომელიც დადებითად მახსოვს და მთელი წელი ვერ დავიბრუნე. გამონაკლისის გარდა ადამიანებმა პატიება არ იციანო და ყოველი შერიგების მცდელობისას ძველი ნეგატივი უმწეობის სახით ბრუნდებოდა. სწორედ იმ მომენტში დავინახე ეს კაცი სხვა ქალთან, როცა ანა ლიტერატურული პერსონაჟებისადმი ეჭვიანობაზე ყვებოდა, რობისადმი ჩემი სიყვარულის მიუხედავად, პატი ისე მომეწონა, არ მიეჭვიანია და არ გამილანძღავსო. მეც მომეწონა ის სხვა ქალი, თეთრი კანი და წითელი თმა ჰქონდა, გემოვნება წლების მანძილზე არ შეცვლია მეთქი. ლამაზი, მოკლე კაბა ეცვა, მე კი შორიდან შევხედე ჩემს მოსაწყენ ხასიათსა და ჟაკეტ შემოცმულ კაბას, აი, ისეთს, რელიგიურ კოლეჯებში რომ მინახავს.
იმ საღამოს მეგობარმა წამიყვანა ბარში, სადაც დანაკლისებზე ვსაუბრობდით, რომ დრო არაა მკურნალი როცა მნიშვნელოვანი გაკლია. პირიქით, რაც უფრო მეტი ხანი გადის, დანაკლისი კომპლექსად იქცევა, ჭრილობა თანდათან ღრმავდება და შესავსები მეტი სიცარიელეა. სახლში რომ მივედი, საკუთარი თავი რობად აღვიქვი, რომელმაც იცის, რომ პატრიცია დამთავრდა, მასთან ერთად არ დაბერდება. ჩემთვის “სამი მეგობარი” არაა ომის შემდგომი ამბავი, საერთო საცხოვრებლები და სამეგობროში არსებული ერთი მანქანა. მთავარი არც სიყვარულია, თუმცა ადგილი, სადაც რობერტი მძინარე პატის საცვალს ათვალიერებს, თვეების მერე კი სარკის დაორთქვლა უწევს, უკვე მელოდრამული ცრემლის მომგვრელია. მეგობრობაც კი ხერხია, რომ ერთი ინტერესის მქონე სხვადასხვა ადამიანი გადარჩენისთვის გაერთიანდეს. ჩემთვის “სამი მეგობარი” მეზობლისგან ნათხოვარი წიგნია, რომელმაც კითხვა შემაყვარა, კერასინკის სინათლეზე წაკითხული ამბავი ხველაზე. იმ დროის მერე, როდესაც ცუდად ვარ, ვახველებ სანამ არ ვაღებინებ და იმედი მაქვს, რომ სისხლი წამოვა.