დანა-ჩანგლის როლი მარტოობისთვის

წიგნები უფლისწულისა და გლეხი გოგოს მელოდრამული ურთიერთობის შესახებ შეიძლება რომანტიკულია, მაგრამ კლასთა შორის განმასხვავებელ ფაქტორებს მალავს. მაგალითად, იმას, რომ გლეხი ჭამისას დანა-ჩანგალს არ იყენებს, საჭმელზე აცემინებს და შეუძლია საწოლშივე დაანერწყვოს. როცა უფლისწული სუფრასთან ჯდება და თეფშთან სამი სახეობის ჩანგალი ხვდება, მთლად პაზოლინი თუ არ ხარ არ აღწერ, რომ გლეხი გოგო წაკუზულია და წყალს შუა გუბიდან თქვლეფს. თან წარა-მარა საზარდულს იქავებს, რადგან საცვალი არ აქვს და კოკებოვანი დაავადებები სჭირს. როცა უფლისული მიჯნურს ეუბნება რა ლამაზი ღიმილი გაქვსო, გულწრფელობის ენაზე რომ გადავთარგმნოთ, ლამაზი ძაღლის, ვირის და პრუჟინის კბილები გაქვსო. რადგან სტომატოლოგიაში ადამიანური პროტეზი მხოლოდ მაღალი ფენის პრეროგატივა გახლდათ. სამაგიეროდ, ავტორი ხაზს უსვამს, რომ გოგონა კეთილია და პრანჭია სეფე ქალებს არ ჰგავს.

კლასთა შორის განმასხვავებელი ნიშანი, პირველ რიგში ეტიკეტი იყო, მითუმეტეს, სქესთა შორის დისბალანსის გამო, ქალების საზოგადოებისგან მოწყვეტის და განათლების ნაკლებობის გამო კონკიები ელემენტარულ ჰიგიენურ სტანდარტებში დაგვიანებით ჩასხდნენ. ეტიკეტმა მიღწეული სტანდარტი მაშინ დააფიქსირა, როცა სოციალური ცენტრიდან პერიფერიაში გადავიდა. არ იფიქროთ, რომ რომანტიკოსი არ ვარ, მწერალი რომ ვიყო ასეთ მელოდრამას დავწერდი: უფლისწულმა გლეხ გოგოს აკოცა, გლეხ გოგოს უფლისწულის კბილები მოეწონა და მას მერე კაკალი კბილებით აღარ ჩაუმტვრევია. იდიალური happy end.

რარიტეტულ წიგნებში რომ ვიტრიალოთ, როცა ბატალურ წიგნებს ვკითხულობ, სადაც სამამულო ან რომელიმე ომის თავგანწირვებია აღწერილი, სულ მინდა ვკითხულობდე ბიჭებზე, რომლებმაც აბჯარი აისხეს, ავანტგარდში დაეწყვნენ, მაგრამ ომში გრიპის ვირუსით მოკვდნენ ან უბრალოდ იმ დღეს კბილი სტკიოდათ და სუფთა დარიშხანი ჩაიდეს. სტატისტიკურადაც, ომებში ჭირიანობით უფრო იღუპებოდნენ, ვიდრე პირდაპირი შერკინებისას. ესეც იმ ელემენტარული ჰიგიენური ნორმების უცოდინრობით, რაც საზოგადოებამ გვიან გაითავისა. მხატვრულ ლიტერატურას რაღაც კაზუალ თემები აკლია, რის გამოც მთელი ეს მორალური ბატალურობები სადევ-გმირო რომანებად ან სულაც ჰაგიოგრაფიებად მევლინება.

თანამედროვეობაში ომი პირდაპირი შერკინებიდან ირიბ იმანენტურობაში გადავიდა, ბიოლოგიურ თუ კიბერნეტიკულ შერკინებებს მტერთან სხეულებრობრივი კავშირები მინიმუმამდე დაჰყავს. მტერზე ხელის გასვრა არ გვინდა, ხშირად არც მოყვარეზე და ამის დამადასტურებელია ჩანგალი. ჩანგალი პოსეიდონის ჯოხივითაა, ის მფლობელის კუთვნილება უნდა იყოს. დანა-ჩანგლით ჭამა ნიშნავს ადამიანის ინსტინქტურ შიშს, რომ თანამემსუფრე ავად არის. პლუს, შთანერგილი გვაქვს დასვრილობის შიში სისუფთავეზე კულტივირებულ საზოგადოებაში, რაც საკუთარ თავთან გვატისტანცირებს. მაგალითად, გასაგებია რატომ არ ვძიძგნით ხელებით სინაზე დადებულ გოჭს ერთდროულად, მაგრამ თეფშზე გადმოღებულ ულუფასაც ჩანგლით შევექცევით, რადგან არა თუ სხვისი, საკუთარი კიდურებიდანაც კი შეიძლება ავიკიდოთ ჭირი. ჩანგალი, ეს არის პრივატიზებით ლამის კბილის ჯაგრისისთან გათანაბრებული ატრიბუტი, რომელიც სიმბოლოა ადამიანების ნერწყვების განმაცალკევებელი და საკუთარი ნერწყვისგანაც დამაშორებელი. ჩანგლის რეკლამა სტუდიაში.

აღდგომა სვანეთში, ცხენისწყლის ხეობაში გავატარე. ასეთი ტრადიცია აქვთ: დააგდებენ სასაფლაოზე თონეში მთლიანად შემწვარ გოჭს ან ბეკეკას, ხოლო ირგვლივ იმა წლის სამზარეულო მიღწევებს შემოულაგებენ. ერთ კვირიანი კულინარიული დუელი ტარდება. მაგალითად, ჩემი მასპინძლის სუფრაზე სნიკერსის ტორტისა და სუშის როლების შუაში თონეში გამომცხვარი გოჭი გააწვინეს. ტრადიციაა, რომ გოჭი ხელებით გვეძიძგნა დანა-ჩანგლის გამოყენების გარეშე. მაგრამ სვანები ამას მხოლოდ დღესასწაულებზე სჩადიან, აქ შემონახულია წინაპრების ის წესები, რაც კულტურამ დავიწყებას მისცა. თუ ევროპული რენესანსი ჰიგიენის ნორმატიულობის განსამტკიცებლად ლიტერატურას ლიტერატურაზე ქმნიდა, ქართულ კულტურას ჰიგიენის აპოლოგეტი არ შეუქმნია. სუშის ხსენებაზე გამახსენდა, რაც შეეხება ჩინურ სამზარეულოს, აქ დანაა მონოპოლისტი. მე თუ მკითხავთ, ამ კუთხის კულინარიული პოპულარობა ცხოველთა სამყაროსადმი სინდისის ქენჯნით განისაზღვრება. თევზი იქნება, ქათამი თუ ძროხა, ისეთი მონდომებით გვინაწევრებენ ჩინელები საკვებში ბრინჯთან თუ კომბოსტოსთან ერთად, რომ შეგვიძლია სინდისი მოვატყუოთ, მაქსიმალურად დანაწევრებული ცხოველების მიღებით ცხოველურები აღარ ვართ, აი, როგორც სვანები დღესასწაულებზე.

დანა-ჩანგალი, როგორც ლეველური ეგალიტარისტი მიღებულ ცივილიზაციაში შეიძლება დამნაშავეა, რადგან ყველგან ჩვენს ნერწყვებს აღარ ვავრცელებთ, მაგრამ მარტოობაშიც აქვს ბრალი. ჩანგალში ადამიანის იზოლირება გამოიხატება სხვისი ან საკუთარი ნერწყვისადმი, როცა დანაში ილუზიის მორგება სინდისის ქენჯნის გამო. ჰიგიენის ნორმების დაცვისთვის საჭირო ყოფილა გარკვეული სახით იზოლაცია, მაგრამ იზოლაციას თითქოს მუხრუჭი აქვს სუსტი. ოჯახში თითქოს ყველას საკუთარი ჭურჭელი გვაქვს გარეცხვის მერეც კი. თანამედროვეობაში შეიძლება ჭირიანობის რიცხვმა იკლო, მაგრამ ფსიქიკურმა ავადმყოფობებმა იმატა. საუკუნეების მანძილზე ჩადებული სხვებისა და საკუთარი თავის შიში უკვალოდ არ გაქრა. ხანდახან კი ინსტინქტურ ლეველებზე ურთიერთობების დროს ჩვენი ქვეცნობიერი გვახსენებს რომ იყო დრო, როცა კოლექტივიზაციის პერიოდი იდგა, ინდივიდუალურობა გვაკლდა და ძალიან ვგავდით ერთმანეთს. აბა სხვანაირად როგორ ავხსნა, ცოლი რომ ქმარს ბასიანზე გაუშვებს და გულში ყველა რეივერ გოგოზე ეჭვიანობს, თავს სხვებთან აიგივებს და რახან ქმარი თვითონ მოსწონს ყველას უნდა მოეწონოს. უეჭველი კოლექტივიზაციის ნოსტალგიაა მიზეზი, სხვა რა უნდა იყოს.

ღვინისა და ყველის წვეულება

fivesecondruleof awsome

საღამოობით მაღაზიასთან გავლისას, სადაც სუვენირებს, ღვინოსა და ყველს მთავაზობდნენ, წვეულების მოწყობაზე დამაფიქრა. აი, შემეკრიბა სალონური საუბრების მოყვარული მეგობრები გალობის ხმებში და გვესაუბრა ქართულ სამზარეულოზე. მაგალითად იმაზე, რომ ისტორიულად გუდას ღვინოში ცვლიდნენ ხოლმე.
ჩემი აზრით, წითელი ღვინო მაინც ხორცისაა, რომელსაც ჯერაც სისხლი აქვს შემხმარი. ხოლო ყველი თეთრი ღვინის გამფორმებელია. თუმცა ამაში ნაცნობებიდან იშვიათად თუ ვინმე დამთანხმებია და მათდამი ისეთი მადლიერებით ვივსები, რომ ვახშამზე დავპატიჟე. თეთრი ღვინიდან სატრაპეზო მწვანე ავირჩიე, რბილ ტანინიანი ჯერ კიდევ მკვახედ დაკრეფილი ყურძნიდან, ქვევრში შენახული და გუდის ყველი შევუხამე, ჭინჭრის არომატით. ოღონდ ნაღებგამოხდილი გუდის ყველი ავიღე, რადგან ცხიმიანობა ღვინოს ხელოვნურ სიმძიმეში გადაზიდავდა. ამიტომ ისეთ გუდის ყველს ვეძებდი, შუაში სიყვითლე რომ არ უნდა ჰქონოდა. ასე მგონია, დეკორატიული ცხვრის ყველებიც მოუხდება, ბურთებად რომ იყიდება ხოლმე, ქიშმიშებივით ობებით.
როგორ უნდა მართო ქვეყანა, სადაც 246 სახეობის ყველი მოიპოვებაო, – გაგანია მსოფლიო ომისას გასჩენია ფრანგ გენერალს შეკითხვა. მშვენიერი ქვეყანაა საფრანგეთი, კულინარიაზე ნაშენები პოლიტიკით. თუ დააკვირდებით, ქართული პოლიტიკაც სწორედ რომ საჩვენო სამზარეულოს წააგავს, თუმცა ეს სხვა თემაა, სხვა დროისა და სივრცის. ერთმა გერმანელმა მარქსისტმა კი ეგზისტენციალური შეკითხვა დასვა: რა ემართებოდათ ნაჩვრეტებს ყველის დამთავრებისას.
თემამ მოიტანა და ჩემს საიდუმლო გემოვნებასაც გაგნდობთ: ვინ თქვა რომ ზეთში? კვერცხი მდნარ ყველში უნდა შეიწვას! წარმოიდგინეთ და, ხშირ შემთხვევაში ზეთს მეტი კალორია აქვს. ქართული ყველი, როგორც წესი, ჰოლანდიურსა და შვეიცარიულ ყველებზე ნაკლებად კალორიულია. ცხვრის ყველი კი ძროხის ყველთან შედარებით. ხოლო ას გრამ ღვინოს საშუალოდ კიტრზე ოთხჯერ მეტი, მაგრამ პურზე ოთხჯერ ნაკლები კალორია აქვს. თუმცა ზოგიერთი ჭიქა ღვინის კალორია სამასამდე ადის თუ ალკოჰოლი ჭარბობს. ამიტომ ხშირად ჭორია, რომ ტკბილი ღვინო მაღალ კალორიულია, რადგან კალორია შაქარს უფრო ნაკლები აქვს, ვიდრე – ალკოჰოლს. კალორია, კალორია, კალორიის ტავტოლოგია.
საღამოს საუბრებიდან რამდენიმე დასკვნა გამოვიტანე: ა) მარილიანი ყველი მჟავე ღვინოს უხდება; ბ) კვერცხის გემოიანი ყველი ტანინიან ღვინოზე მიდის; გ) რომ გეტყვიან, რომ ღვინოს მწარე ყველი ან ზოგადად, მწარე საკვები უხდება, ე.ი. ეს ღვინო ახალბედა და უბრალოა; დ) რაც უფრო ცხიმიანი და მძიმეა ყველი მით უფრო ძლიერი ღვინო ეხამება. ბუნებრივია, რომ ერთმანეთი არ დაჩაგრონ.
და შეუძლებელია ყველსა და პიცაზე არ ისაუბრო მარგარიტას ხსენების გარეშე, ხაჭაპურის მაინც. რამდენიმე დასკვნა რაც მარგარიტასთან ღვინის შეხამებისას გამოვიტანე: ა) ძელშავთან პიცისა და ხაჭაპურის შეხამება უნივერსალურია; ბ) მარგარიტას უხდება რბილი იტალიური ყაიდის ღვინო; გ) ღვინოსთან კავშირი არაა, მაგრამ მარგარიტას ძალიან უხდება ცოტაოდენი შაქარი ცომში. აი, მჭადსაც კი ვეღარ ვჭამ მიზერულად დანამატები შაქრის გარეშე, რომელიც ტკბილი გემოს ნაცვლად მხოლოდ არომატს აძლევს; და დ) ხილის გემოიანი ღვინო გამოკვეთს ტომატისა და ყველის სიტკბოს.
ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევაა ნებისმიერი გემოვნებითი რჩევის უკუქცევა. თორემ აგერ თეთრი და წითელი ღვინის კონკურენცია ყველისადმი უხსოვარ დროს ითვლის. რაც აღქმის რეცეპტორებზე უფროა დამოკიდებული ვიდრე ობიექტურ შეწყობაზე და ქერა ქალს წითელ ტუჩსაცხსაც კი მოახდევინებს. მაგრამ, აი, ქვევრში შენახულ ღვინოს გუდის ყველი როგორ ვერ უნდა შევუხამო, ვერ ვხვდები, ხის სოკოს კი – მუხის ღვინო. მნიამ.
ახლა კი ანეგდოტები რაც იმ დღიდან დამამახსოვრდა: რომელია ყველაზე სევდიანი ყველი? ლურჯი ყველი. რომელია ყველაზე რელიგიური ყველი? შვეიცარული ნაჩვრეტებიანი ანუ holy cheese. როცა ცხოვრება გაძლევს ლიმონს, გაყიდე და ღვინო იყიდეო. blogger

ღვინო როგორც გემოს ხელოვნება (შესავალი)

tumblr_n7dwugBYV71te8ujco3_r1_250ღვინო სერსეისავით უნდა სვა და ობერინივით უნდა შეიყვაროო, – თამბლერმა. მართლაც, მიმზიდველი გრაციოზულობით უპყრია ჭიქა.
ხოლო ერთ სიტკომში როცა შელდონ კუპერმა პენის ჰკითხა, რა ზებუნებრივი ძალა გინდა რომ გქონდესო, – ბიბლიას დავესესხები და წყლის ღვინოდ გადაქცევა მინდა შემეძლოსო. ამ ეპიზოდზე შეზარხოშებული ქრისტე მახსენდება, მე ვკისრულობო, რომ აიტეხა.
ის იცით? მარიამი რომ იესოს ეკითხება: მართლა აქციე წყალი ღვინოდო? – შენ კიდევ მართლა ქალწულმა ჩამსახეო, – კითხვას უბრუნებს. არა და მხოლოდ ღვინოზე უნდა მესაუბრა.
სანამ
 დოლარის კურსი ჩემს სურვილებზე მაღალი აღმოჩნდებოდა, ერთი გატაცება მქონდა, სხვადასხვა ქვეყნის ღვინო დამეგემოვნებინა, მაგრამ ნახევარი წელია შეფერხდა. აქამდე მოვასწარი მხოლოდ ავსტრალიური, ფრანგული და ბერძნული თითო ბოთლი ღვინის მიღება.
ერთხელაც ამ სასმელზე ლიტერატურას მოვიძიებ და თავიდან ვისაუბრებ, მაგრამ ამჟამად მოგიყვებით ღვინის შესახებ ამ ეტაპზე რაც ვიცი და მახსენდება.
tumblr_n7dwugBYV71te8ujco2_250ღვინო როგორც ა) ვიზუალური ხელოვნება:
ცქერისას, სასურველია ჭიქა თეთრ ფონზე გვეჭიროს, რომ არ მოხდეს ფერების მცდარი დიაგნოზი. მაგალითად, თუ თეთრ ღვინოს მუქი ყვითელი ფერი დაჰკრავს, შეიძლება მეტი მუხაა (მგონი ასე ჰქვია) შეყოლილი ან ბოთლის გახსნამდე ჰაერმა გაჟონა და ჟანგვის პროცესია დაწყებული.
ღვინოს ჭიქაში დატრიალება უხდება, იმედით, რომ მსუბუქად ილივლივებს, კედლებზე ფხვნილად არ დარჩება. ყოველ შემთხვევაში, აქამდე ასე მეგონა, მაგრამ მხოლოდ ეს მიზეზი არ ყოფილა, სითხის მოძრაობის მანძილითა და სილაღით ღვინოში ალკოჰოლისა და შაქრის შემცვლელობას ხვდებიან.
აქამდე ბანალურად მეგონა, რომ წითელი და თეთრი ღვინის სხვაობა ყურძნის ფერზე იყო დამოკიდებული, არა და ხშირად ფერმენტაციული პროცესი მუშაობს. ისიც კი მეგონა, რომ ღვინო მხოლოდ ყურძნისგან მზადდებოდა.
ღვინო ბ) ყნოსვითი ხელოვნება:
შესუნთქვამდე ღვინო აუცილებლად უნდა დატრიალდეს ჭიქაში. ყნოსვით ხვდებიან თუ რა არის დაწურული. სულ ცოტა სამიოდე დატრიალება და შესუნთქვა მაინც სჭირდება ხოლმე ზუსტი დიაგნოზისთვის. მაგრამ იმდენად არ მაქვს ცხვირი განვითარებული, რომ მე ვერასდროს მივხვდები.
ღვინო როგორც გ) გემოს ხელოვნება:
ზოგადი რომ ვიყო, თეთრ ღვინოს ჩაციება უხდება, წითელი კი მზეზე ჩათბუნებისას გვაძლევს სიამოვნებას. გავაზვიადე, ოთახის ტემპერატურა ოპტიმალურია. ჩემი აზრით, კი კრიმინალიზირებული უნდა იყოს წითელი ღვინის ჩაციება. აი, საფრანგეთში ღვინოში შაქრის დამატება თაღლითობის ბრალდებით სამართლდება.
პირველი ყლუპი პირში ისე უნდა დავატრიალოთ, რომ ღვინით მთლიანი ენა გავჟონოთ. გემოს კი მას შემდეგ უნდა დავაკვირდეთ, რაც ღვინიან ენას ჰაერზე გამოვყოფთ. აქ უკვე ეტყობა ღვინო რომელ მინერალს შეიცავს.
მნიშვნელობას აქცევენ, არა მხოლოდ პირველ შეხებას ღვინოსთან, არამედ, ბოლოს დატოვებულ გემოს პირში.
wine_lgჭურჭელი:
წითელი ღვინის ჭიქას, თეთრთან შედარებით, მოკლე ყუნწი, მაგრამ განიერი სათავსო აქვს, ბუთქუნაა.
თეთრი ღვინის ჭიქა გრძელფეხა და წვრილტანაა.
ბორდოს ტიპის ჭიქა ორივე ფერის ღვინისთვისაა განკუთვნილი.
მეტიც, ჩემი აზრით, წითელი ღვინის ჭიქას მოკლე ფეხი იმიტომ შეუქმნეს, რომ დაჭერისას ხელი ყუნწუდან თასზე გადავიდეს და მეტად ჩათბილდეს. ხოლო თეთრი ღვინო ჩაციებული ამჟღავნებს არომატს, ამიტომ ცოდვაა ყუნწის ზემოთ მისი დაჭერა.
მაგრამ ჯერ ვერ მომიფიქრებია რატომაა უფრო მსუბუქი თეთრი ღვინის ტანინი წითელისაზე.
ღვინის სხვადასხვა სახეობას სხვადასხვა ფორმის ჭიქა სჭირდება, თუმცა ჯერ თავადაც ვერ ვანსხვავებ და შეცდომაში შეგიყვანთ. ამიტომ ზოგად მიმოხილვაზე შევჩერდები.

beaujolais-nouveau1Beaujolais Nouveau ბურგინდიიდან. ფრანგული ღვინებიდან ავირჩიე, რადგან დამწყები ვარ და ესეც ახალგაზრდული დასალევია. რთველიდან მოკლე დროში დასაწურია. მწიფე ყურძნიდან ტკბილი ღვინო ვის დაუწურავსო. თავად წარმოებაც ახალია.
წურავენ ნოემბერში და ორ კვირაში უკვე ისმევა. ბარემ აქვე დავწერ, რომ თურმე სხვადასხვა ქვეყანას ვაზის მოშენებისა და ღვინის გამოწურვის სხვადასხვა სეზონი ჰქონია. მაგალითად, ტრადიციული ფრანგები ღვინოს სველ და ცივ ამინდებში ამზადებდნენ.
მზადდება გამე ყურძნის ჯიშიდან და წითელი ღვინის კატეგორიაა, უფრო კონკრეტულად რომ ვთქვა, წითელი კი არა, ლურჯში გარდამავალი შავია.
ადვილი დასალევია, არ შეიცავს მძიმე ტანინს. ამიტომ წვეულებისა და სიმსუბუქის შეგრძნება დამიტოვა.
ფრანგული ჰიპსტერული მუსიკა რომ მოუხდება, ისეთია.
ჭეშმარიტება ღვინოშია, სიბრძნე კი – მისაყოლებელშიო. ამიტომ, სანამ გამოვიწერდი, ვეძებდი თუ რას უხდება და თითქმის ყველა ფორუმზე წიწილას ურჩევდნენ. ბოლოს პატარა პომიდორები და კაკლის პიურე (ჩვენთან მგონი ბაჟეს ეძახიან) შევუხამე. სხვა ბურგუნდიული და თან ვეგეტარიანული მე ვერაფერი მოვუფიქრე.
boutari_kretikos_wt_label__60778Boutari Kretikos White საბერძნეთიდან, კრიტიკოდან, კუნძული კრეტადან. ეტიკეტზე მითოლოგიური მეფეა გამოსახული. ლურჯი ქაღალდი ჰქონდა მიკრული და მგონია, რომ ზაფხულში, ზღვაზე დასალევი ღვინოა.
თეთრი ღვინის კატეგორიაში გადის, უფრო ზუსტად კი მოთეთრო-მოყვითალო ფერისაა.
თან მშრალია და პირში ხანგრძლივად ტოვებს გემოს.
თეთრი ყვავილების გემო აქვს.
საბავშვო დასალევია, შვილებისთვის არ დამენანებოდა.
რომანტიკული ფოლკლორის ფონზე ვსვამდი.
სხვადასხვა ყურძნის ნაზავიდან მზადდება და ასევე შეიცავს ატამს, მანგოს, გარგარს, ანანასს. ამიტომ მე ხილთან ერთად მივირთვი. თუმცა მსუბუქი სალათებისა და სოუსების ღვინოა. რახან მშრალია, მეგობარმა ლიმონი და ალუჩა (თუ ტყემალი, არ მახსოვს/ვერ ვარჩევ) შეატანა.
yellow-tail-SauvignonBlanc_converted-500x500yellow tail (Sauvignon Blanc) ავსტრალიური წარმოშობის ბრენდია. თუ წინა ჩამოთვლილი ნაწარმი ქართული გემოვნებისთვის უცხოა, გაგიკვირდებათ და ავსტრალიური ღვინო უფრო მექართულა.
ბრენდი სხვადასხვა სახეობისა და ფერის ღვინოს აწარმოებს, მაგრამ მე არაყისფერმა ბოთლმა დამაინტერესა. არა და მწვანე მცენარეები ურევია. პირში ბალახების გემოს ტოვებს.
ჩემი აზრით, ტიპი, ვინც ამ ღვინოს ეტანება, ოკეანის სანაპიროზე სილაში ხელბურთის მოთამაშე ახალგაზრდაა, ჯერ კიდევ რომ დღეა და ბუნგალოში ბოთლითვე დალევს.
კენგურუს ძუძუებიდან მიღებულ რძეს ვეძახი.
ამ ღვინისთვის მუსიკის შეხამება გამიჭირდა. ყველაზე მეტად მომეწონა და მგონია, გარემო სწორად ვერ შევუქმენი.
რჩევებში ეწერა, რომ მარილთან და პილპილთან (წიწაკასთან) ერთად ისმევა. მაგრამ ამგვარად ღვინის დალევას არ ვარ შეჩვეული და უბრალოდ სალათის ფოთლები და სოკო შევუხამე. არა მხოლოდ შევატანე, სულმა წამძლია და ზემოდან გადავასხი კიდეც. ყველაზე ვეგეტარიანული ღვინოა, რაც კი აქამდე გამისინჯავს.

სამზარეულო რჩევები ბარბარე ჯორჯაძისგან

3465ხომ ბევრი წვლილი აქვს გაწეული ბარბარე ჯორჯაძეს ქართველებისთვის, თან პირველი ქართული სამზარეულო წიგნი აჩუქა მათ, ვისაც არც მზარეულის დაქირავების შესაძლებლობა არ ჰქონდა და არც რუსული ენა იცოდა.
თუმცა წიგნში მასიურადაა რუსული ტერმინები ნახმარი: სტაკანი და მისთანი.
რასაც დავაკვირდი, ხსნილში ზეთის ნაცვლად ერბო-კვერცხს იყენებს, შეყვარებულია ვარიაზე სალათებშიც კი და დასრულებულ კვერცხზე მაწვნის გადასხმა სამარილო ატრიბუტია.
გადავწყვიტე დღე მისი სამზარეულო რჩევები გამეთვალისწინებინა და რამდენიმე კერძი ჩამედინა, საექვსკაცო, გაგიზიარებთ:
1) ახალი ლობიო ვიშოვნე კარფურში და მოვთუშე ერბოში. მოვასხი მაწონი. ჰქონდა ხახვი, ქინძი, დანაყილი შაქარი, მარილი, დარიჩინი, რეჰანი, ზაფრანა, ქონდარი.
2) ისპანახი კვერცხში. გადავასხი მაწონი. შაქარი და მარილი. იგივენაირად კეთდება ბოლოკი კვერცხში.
3) გრძლად დავჭერი ბადრიჯანი. ტაფაზე შევწვი, მაგრამ ჯერ კარგად გამოვადინე შხამები წყალში. წავუსვი მაწონი და პიტნა მოვაფრქვიე.
4) კომშის ტოლმა. მოვთუშე დაჭრილი ტოლმა. ცალკე თაფლს შევურიე ქიშმიში და ნუში. მარილიც უნდა. მოთუშულ კომშს დავასხათ მერე ეს თაფლი.
5) იალღო. ავიღე კვერცხი, თბილი რძე, ფქვილი და ცომივით მოვზილე ისინი. მზადაა.
6) მწვანილის შეჭამანდი. პრასი, ნიახური, პიტნა, – რაცაა იმას ვხარშავთ წყალში და ვამატებთ ფქვილს, ნიგოზს. მზადაა.
7) კვერცხი ავთქვიფე შაქართან, მერე ყავა გადავასხი, დავდგი ცეცხლზე და ვურიე და ვურიე და ვურიე, სულ ვურიე. ჩავამატე მზა ნაღებიც. მზადაა.
მე არაესთეტიური გამომივიდა და ფოტოები არ გადამიღია, მაგრამ გემრიელი. ბარბარეს ინსტრუქციით, გაფორმებისთვის ფერად ძაფებს თუ დავამზადებთ, ლამაზი გამოვიდოდა, ჯამებისთვის შემოგვეხვია.
უმეტესობას ვარიაში თუ ჩადებთ, დედანი გამოვა, მაგრამ მე მხოლოდ ბალახეულობით მერჩივნა. მნიამ.

სუფრები ციური სხეულების მიხედვით ტემპერამენტის ჯგუფებზე ძველ საქართველოში (შესავალი)

“იანვარსა დილეულად წყალს ნუ სვამ”.
“თებერვალსა ნუ სჭამ ჭაკუნტელასა”.
“მარტსა ტკბილსა საჭამადსა ნუ სჭამ”.
“აპრილსა დილეულად წყალს შესვამდე”.
“ივლისსა დიაცსა თანა ნუ დასწვები”.
“აგვისტოსა მალოქს ნუ სჭამ, (წყალსა) შესვემდი”.
“სეკტენბერსა სძე ჭამე”.
“ოკდენბერსა მწვანილსა ნუ სჭამ.”
“ნოემბერსა თავსა და ტანსა ნუ დაიბან”.
“დეკემბერსა კალნაბსა ნუ სჭამ”.

რომ წარმოვიდგინოთ, რამდენად დიდი აცდენაა ძველ ტრადიციების მიმდევარ ადამიანებსა და ძველ ტრადიციებს შორის, თუნდაც პატრიოტულ სუფრაზე მოხვედრისას, ჯერ ძველი ქართველების დაბადების შეხედულებაზე, კალენდრულ ანატომიაზე უნდა შევიქმნათ წარმოდგენა. რომელიც თავის თავში სუფრის სქესობრივზე მეტად ასაკობრივ დაყოფას მოიცავს დროის სხვადასხვა მონაკვეთში. გვწამდა, რომ მუცელი ადამიანის სალარო იყო, რომლის დასაცავად შენდებოდა ხელები და ფეხები. თუ სალარო ფუღურო იქნებოდა, კიდურებიც გაუღარიბდებოდა.
ყველაფერს 4 ბუნება აქვს: ქარი, სიცხე, მიწა და წყალი. ესინია: მხურვალე, ხმელი, გრილი და ნედლი. ქარი მხურვალე და ნედლია და ქარი მისგანაა და სული მისგან იძვრის. და ცეცხლი მხურვალი და ხმელია და ზაფრა არის. მიწა გრილი და ხმელია და შავი ბალღამი მისგან არის. წყალი გრილი და ნედლია და ბალღამი მისგან არის. 1 სტიქიის დაზიანებას მეორითი მკურნალობენ. ვიცოდით, რომ თვეში 30 დღე იყო, აქედან შვიდნახევარი დღე სისხლის გუნება გვქონდა. შემდეგი დღეები თხუთმეტამდე – “კვერცხის გულის ნაღველის”. 22 და ნახევარ დღემდე “შავი ნაღველის ბუნება” ჩაგვერთვებოდა. შემდეგი პერიოდი ოცდაათამდე “თელგამის ბუნება” იყო, ნაღვლიანი და მწყურვალი. თან დღე-ღამეს 24 საათად ვყოფდით: დღის სამ საათამდე სისხლის ბუნება იყო, 3-დან 6-მდე კვერცხის ნაღველის, 9-მდე – შავი ნაღველის, შემდგომ კი მთელი ღამე თელგამის ბუნება გვქონდა.
მე იმ ასაკში ვარ, “კვერცხის გულისა ნადუღისა ბუნება” მქონდეს, ეს გულისხმობს, რომ 17-დან 35 წლამდე ქალები ერთ სუფრაზე გამოვკვებულიყავით. ამასთან, სუფრის მენიუ კალენდართან იმდენად იყო შეხამებული, ივნისში, ივლისსა და აგვისტოში ყვითელი ბალღამი დუღდებოდა, ზაფრა, როგორც ახლა ვეძახით, ყვითელი ნაღველი. ამ დროს, ძირითადად, ჩვენს ასაკობრივ ჯგუფში სუფრებზე სიმჟავეს დებდნენ, ძმრიანსა და გრილს. ღვინოს ვსვამდით, ოღონდ ოდნავ წყალგარეულს, ვატანდით ფლავს ზაფრანით. ყველა ასაკობრივი და ტემპერამენტის ტიპი საკვების მუცლადღების შემდეგ “პირის გასახმობად აკეთებდა ბოყინს”, კუჭი გაწმენდილიყო, რომ საჭმელი აღარ მოსდომებოდა.
17 წლამდე სისხლის ბუნება არის, ცეცხლს კი აბანო აქრობს. ამიტომ მათ სუფრაზე შეინიშნებოდა დიდი რაოდენობით წყალი. თან გვჯეროდა, რომ პირველი საკვებია სისხლი, ხოლო ორსულ ქალს თვიური თუ მოუვიდოდა, ნიშნავდა, რომ ბავშვს საკვები დააკლდებოდა და ამიტომ შიმშილით მოკვდებოდა. ხოლო მოზარდი ადამიანის შემთხვევაში, განსაკუთრებით, მარტსა, აპრილსა და მაისში სისხლი დუღდა და ყმაწვილის გუნება დგებოდა, მხურვალე და ნედლი. ამ დროს რეკომენდირებული იყო ტკბილი საკვების მიღება და სუფრები შარბათებით იყო სავსე. შაქრის ან თაფლის ნახარშებს სვამდნენ. აგებულების მიხედვით, კვერცხის გულის ნაღველზე იყოს, მალე დაბერდეს. თელგამის აგებულებიანი გვიან ბერდება. სუფრაზე აუცილებლად იყო ცხელი კორკოტი ხორბლის ქონდრით. ქერის კორკოტი გრილი, რომელშიც ხანდახან ვარიასა ან ბატკანს დებდნენ. ყველაზე მეტი ხორცეული მათ და შემდეგი ასაკობრივი კატეგორიის სუფრაზე დევს. “ისეთსა ჭამდეს, ესეცა იცოდი, ერთი მარცალი უნაბი ერთსა ლიტრასა სისხლსა დააწყნარებს”.
35-58 წლებში შავი ნაღველის ბუნებაა. ეს ასაკი შემოდგომას განასახიერებდა. ამ დროს შავი ბალღამი იძვრებოდა და შუაკაცობის გუნება ეძლეოდა. კაცი ჩამოხმება და გაგრილდება. ამ დროს მხურვალე და მწარე საკვები იყო სუფრებზე და ღვინო ყველა დროზე მეტად. “და წამალი აიღოს, რომე შავი ბალღამი დააკლდეს და დედაკაცისაგან იფარეზოს”. ხოლო ნაბახუსევზე ვიღებდით წინა დღის დაწურულ ბროწეულის მარცვლებს და პიტნას. დანაყული ძირტკბილა შერეული ღვინოში. წიწმატი და ხახვი შევატანეთ. ეს ასაკი განასახიერებდა სავსემთვარეობას და მივირთმევდით ისეთ საკვებს, რაც თვალის ტკივილისთვის იყო კარგი, მაგალითად, თევზის თვალს. თევზი იჭმებოდა გრილი. ქართულ სუფრაზე უფრთხობდნენ ერთდროულად ნედლი თევზისა და კვერცხს ერთდროულად მირთმევას, ადამიანი ამ დროს იღლებოდა და დამბლა ეცემოდა. ისევე უფრთოდნენ, როგორც ერთ სუფრაზე რძისა და ღვინის დადებას. არც კვერცხს შეატანდნენ რძეს. საღამოოებით მლაშე საკვებს არ იღებდნენ, რადგან სიბნელეში ვეღარ დაინახავდნენ. ასევე წყლის ზომიერად მიღების წესი იყო: “ვინცა ყელი გაიხსნას და მერმე უზმამ ბევრი წყალი სვას, მისგან ყოლინჯი დაიბადების”. ყოლინჯი თიაქარს ნიშნავდა და სხვანაირად ითარგმნებოდა როგორც “ღმერთო მიშველე”. ამასთან, დანაყრებული ჭამის მერე აბანოსაც არავინ იღებდა თუ თიაქარის გაჩენა არ უნდოდა.
58 წლიდან ადამიანი ბალღამისა გუნებაზედ იქნება. განასახიერებს ზამთრის პერიოდს, როცა ჩანს, რაც წლის მანძილზე/ცხოვრების მანძილზე/დღის მანძილზე არის დაავადება. ბერი კაცის ბალღამია მეტი, იღებს ხმელ საკვებსა და ღვინოს. მწუხრის დროს, როცა ადამიანი არ ჭამს, ნიახურისა და კამის წყალი უნდა ვასვათ ჯერ ვარდის წნილთან ერთად და მუცელი ამით გავუხსნათ. ამ ასაკობრივ კატეგორიის სუფრაზე, სწორედ, მუცლის გამხსნელი საკვები ეწყო. იჭმეოდა აუცილებლად ცხელი კორკოტი ხორბლის ქონდრით. ღვინოს, როგორც ვხედავთ, საქართველოს ნებისმიერი დროის სუფრაზე, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, სეზონური პერიოდის მიხედვით – გაზაფხულის გარდა, დღის მონაკვეთის მიხედვით – დილის გარდა, ხოლო ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით – 17 წლიდან. ასევე  რეპროდუქციულ მოთხოვნებს, რომელიც ასევე სუფრის შემადგენელი ნაწილი იყო, ძირითადად, შემოდგომასა და ზამთარში იკმაყოფილებდნენ, დღის მონაკვეთის მიხედვით კი – საღამოსა და ღამე. “ბალღამისა წამალი აიღოს, რომე ბალღამი დაკარგოს და ზედა ზედ არწყევდეს წამლებითა და დედაკაცისაგან ფარეზი იყოს”.

NYC44912

სადილი გორდონ რამზისგან

 images

სამზარეულოს არხს ვუყურებდი,  სადაც  მიშლენის მეგზურის მქონე გორდონ რამზის ერთ-ერთი გადაცემა გადის და ვფიქრობდი: კაცი არასდროსაა იმაზე სექსუალური, ვიდრე სამსახურიდან სახლში რომ მოვა, ერთი ხელის მოსმით ჰალსტუხსა და პერანგს გაიძრობს, თეთრ სამზარეულო ხალათს ჩაიცვამს და დანას ალესავს, არასდროს ხარ იმაზე ვნებიანი, როცა გემრიელი ხელი გაქვს მეთქი. შოტლანდიელი გორდონი ვეგეტარიანელთა გუნდში ისევე ვერ შევა, როგორც სვანი კაცი ვერ გადავა ჯონჯოლზე, მაგრამ რესტორნის სამზარეულოში ბალახჭამიებსაც აქვთ ხახვის დაჭრის უფლება და მერე ჰოლდინგიდან კი არ აგდებს, დასცინის.  გადაცემა “Top Gear“-ის ტემპში მიმდინარეობს, ხოლო შეფმზარეულის სხარტი ენა გვაგონებს ჯერემი კლარკსონს.

დაცინვაზე გამახსენდა, შავ რეკლამას ეწევა, ინდაურებს კონკურენტების სახელებს არქმევს და რესტორნის საპირფარეშოში ტუალეტის ქაღალდად სხვა მზარეულების ფოტოები უდევს. ერთხელ მათი კონკურსი მოაწყო, სხვათა რეცეპტების წიგნიდან სადილი დაამზადა და ჟიურის წევრებად ვიზუალური ნიშნით მათი მსგავსი ცხოველები აირჩია. ხოლო იმ კონკურსში ვინ უკეთესად დაამზადებდა, ცნობილ სამზარეულო სკოლებს ფერმერთა ცოლებმა მოუგეს. ხახვის დაჭრაზე კი ის ეპიზოდი მახსენდება, ციხის სამზარეულოდან რომ მიმდინარეობდა და ერთმა პატიმარმა დუელში გამოიწვია, ვინ უკეთესად და სწრაფად დაჭრიდა ხახვს. გორდონი დამარცხდა და მოგებული ჰოლდინგში მიიწვია, ციხიდან რომ გამოხვალ, პირდაპირ ჩემთანო.

ეს მთასავით მაღალი კაცი ატარებს 50-მდე ზომა ფეხსაცმელს და არავის ეცეკვება, შემთხვევით ფეხი რომ დაგადგათო.. მაგრამ საპარლამენტო დელეგაციები ლონდონში რომ ჩადიან, გორდონი კარის მზარეულიც არის და საპატიო წევრიც. როგორც ყველა ბრიტანელი თავიდან საფეხბურთო კარიერაზე ოცნებობდა და “გლაზგო რეინჯერსს” გულშემატკივრობდა. მერე, როგორც ხდება ხოლმე, ტრავმას მიიღებ, გოგონებს შეეცოდები, ცოლს მოიყვან, ოთხ შვილს გააჩენ და სამზარეულოში ჯდები. ბექჰემთან და მეგობრებთან ერთან რესტორნების ქსელებს ხსნი, სადაც სადილი “to do list”-ში მაქვს, ისეთ ტირამისუს აკეთებს, ღვინო გადასხმული ნაყინით, ეკრანს ჩაიკვნეტ, და მისი რეცეპტების წიგნი ჩატვირთული ტაბლეტში.

ჩემი აზრით, დექსტერული პოსტერით გაპიარებული გორდონ რამზი სიმბოლოა იმის, რომ სადილი არა მხოლოდ ხელოვნების ნიმუშად აღიქვა, არამედ შიდა სამზარეულო შოუდ აქციო და წარმოადგენს კაცის მატრიარქატულ სამყაროში შესვლის აქტს, პროცესს, როცა თავად არის (პირდაპირი გაგებით) მონადირეცა და მზარეულიც.

gordon-ramsay-meme-generator-happy-birthday-fei-fei-126d6d

სამზარეულოდან ვწერ

ქართული ფოლკლორი ამბობს, როცა მათხოვრის სამოსში გადაცმული ქრისტე აბრაამთან პირველად მივიდა, მასპინძელმა სტუმარი გამოაგდო. დაისაჯა აბრაამის ოჯახი ორმოცი დღით სტუმრის მიუსვლელობით. წყევლამ უწია და მარტოსულმა სუფრა ვეღარ გაშალა, პირში ლუკმა ვეღარ ჩაიდო, პირს იხოკავდა და პატიებას ითხოვდა. როცა ქრისტე მეორეჯერ გამოჩნდა, სტუმარი მონატრებით მიიპატიჟა, ღვინო და ბატკანი გამოიტანა, შვილის დაკვლასაც დათანხმდა. სიმბოლური ამბავია სტუმარ-მასპინძლობითა და აბრაამის სინდრომით, ღმერთთან მოლაპარაკე კაცის და ღვთის სახელით მკვლელობით.
ჩემი ამბავი თავისუფალ დროს არქივში მაცხოვრებელი ქალისაა, სადაც ნაფტალინად ქცეული წიგნი თავადაა ბიოგრაფიის მატარებელი ინფორმაცია. ორი წელია გენეალოგიური ხის წერა დავიწყე, თავიანთი ორალური/წერითი ისტორიებით. და ეს პერიოდი იმდენად ასოციალური გავხდი, ხშირად მთელი დღე ისე გადის, ხმას არ გავიღებ. ცოტა უსამართლობას ვგრძნობ ხალხის მიმართ რომლებსაც მეგობრობა უნდათ, საუბრები, სითბო, ერთ საათიანი სტუმრობის მერე ხშირად თავად რომ ვეუბნები, წავიდნენ, ბოლოს ის კაცი გავაგდე, წლების წინ სიკვდილის შემდეგ ერთმანეთთან გამოცხადების პირობა რომ დავდეთ, სიკვდილის დროსაც ერთმანეთზე უნდა გვეფიქრა, მაგრამ მწყინდება.
დროდადრო მეტად არ მიყვარს ხალხთან, მითუმეტეს, მათი შეხება, განსაკუთრებით სამსახურის დილა არ მიყვარს, სველი ტუჩებით მისასალმებლად რომ მოცურავენ, წარმოვიდგენ როგორ შემეხებიან და დაზეპირებულ ფრაზას ვიშველიებ: – არ გადამკოცნო, გაციებული ვარ, – და ვიღაც მაინც გამოიწევა: გადატანილი მაქვს, – ამ დროს ვკივივარ, თითქოს გაძარცვას აპირებდნენ, ამ დროს ყველა შეშდება. შეხების შიშით მიკრო ავტობუსის მძღოლს ხურდას ვერ ვართმევ, მაგრამ თუ ვინმემ დაიჟინა, ვყვირი: აუცილებლად უნდა შემეხოთ? ნაცნობებმა უკვე იციან და არავინ მეხება. მერე მესმის ზურგს უკან ხმები: ბავშვობის ტრამვას აბრალებენ ან თვითგამოხატვის სპეციფიკურ სურვილს.
პატარა ოთახი ვიქირავე, ლოჯის გარეშე, სააბაზანოთი და სამზარეულოთი, ლოგინითა და სკამით. ჭიქაში ამეთვისტო ჩავაგდე და გამავალ წყალს შევუშვირე, მზეზე გავათბე და ვსვი. მერე პიცის პირველი წინაპარი გავაკეთე, ჯერ კიდევ სქლად დაჭრილი მასალით. ადრე გადაცემაში ვნახე სპეციალური აზოტისგან როგორ ამზადებნენ ნაყინს პირდაპირ ესპანურ სანაპიროებზე და მომეწონა მინის ირგვლივ წარმოქმნილი ღრუბელი, მეთქი გავაკეთო. მაგრამ აზოტის შოვნა გამიჭირდებოდა და დავივიწყე. საბოლოოდ ბროწეულის სალათა გავაკეთე, სანთლები ჩამოვქანი.
ერთი ტიბეტური ვეგენატიანული წვნიანის რეცეპტს გთავაზობთ: ჟასმინის ან მარილიან ჩაიში მრგვლად დაჭრილ გამომშრალ კარტოფილს მწვანილებთან ჩავყრით და რძეს მოვასხამთ. ტიბეტელები არასდროს ამატებენ შაქარს ჩაიში, მხოლოდ – მარილს, ხანდახან – სოდას. მცენარეულ კარაქს ისინი კი არ ატანენ, ნატეხებად ჩეხავენ და წყალში ყრიან. კიდევ ყველისა და ხორცის შემცვლელი ფარშის წვნიანი ვიცი, კიდევ ტიბეტური წვნიანი გავაკეთე ფქვილითა და წყლით, თითებს ჩაიკვნეტთ. მომოს ამზადებენ, რომელიც გარეგნობით ჩვენს ხინკალს ჰგავს, ისეთივე ნაოჭები აქვს, მაგრამ თავში ღიას ტოვებენ, ბოსტნეულით ამოვსებული მუცლით, ჩილის სოუზს ატანენ.
მეზობელი, რომელიც მესტუმრა, კარებიდან დავინახე და მოვიგონე, რომ სახლში არ ვარ, მე, დედამ ისააკისამ. ჩემგანაც წავიდოდა ქრისტე. და თუ დაბრუნდება შვილის მოკვლას მომთხოვს, სოფელში გაზრდილი ვერძის.