თანამეწიგნეები და სხვები

tumblr_mz5dqt0GGw1tp9105o1_500

ხომ არსებობენ სქულმეითები, სოულმეითები (რა კარგი სიტყვაა თანამესულეები), ასევე არსებობენ ბუქმეითები.
როგორც ყველა სოციალური ქსელის შემთხვევაში მოხდა, გუდრიდშიც გვიან დავრეგისტრირდი. ავიყოლიე ჩემი თანამშრომელი და ჩელენჯი მოვნიშნეთ ასამდე. საზიარო მაგიდაზე დავიწყეთ კითხვა და გამისწრო. არა, რაც არ უნდა გამიჭირდეს და ვაგებდე, რიცხვს მაინც არ შევცვლი. აღმოჩნდა, რომ ჩემი წასაკითხი წიგნები, ბევრი არაა დარეგისტრირებული. იმისთვის, რომ ატვირთვა შევძლო, უნდა წავიკითხო და იმისთვის, რომ წავიკითხო, უნდა ავტვირთო. ჰო და, ბოლო პერიოდია მე და ჩემი თანამშრომელი სტიმპანკურ რომანებს ვეცნობით. მაგალითად, მექანიკურ საათიან კონკიას. “სატახტო თამაშებიც” ვერ მივიყვანეთ ბოლომდე.
ზაფხულში შვებულება რომ მქონდა, ჩემი ციფრული მეს პარალელურად ხანდახან საჯარო ბიბლიოთეკაში მივდიოდი. ვერანდაში ჩავჯდებოდი და ბალახებმოსხმული კედლების ფონზე ვკითხულობდი. აქ შეიძლება გენახათ ლექტორები, რომლებიც ცდილობდენ სტუდენტებისთვის სისხლი გაეშროთ და რაც შეიძლება მეტი სცოდნოდათ; იყვნენ წვერმოშვებული ბიჭები სასულიერი სემინარიიდან, რომლებსაც სახარების ქვეშ ანთროპოსოფიური ლიტერატურა ეწყოთ; ბავშვები, რომლებიც ბაბუებმა მოიყვანეს და უცხოპლანეტელებზე აკითხებდნენ წიგნებს.
იმ დროს მე ბლავატსკაია ელენა მაინტერესებდა, შტაინერის მოძღვარი, იმ შტაინერის, რომელიც ტოლკინის პლატონური მოძღვარი გახლდათ. საბოლოო ჯამში მოსწავლე რომ განუდგა ელენას, აქაო და ქრისტე ნუ ჩამოაქვეითეო. საინტერესო ლოგო ჰქონდათ თეოსოფებს და ამან მიმიზიდა. ელენას კი ისეთი თვალები, ერთი ეგ დაგამახსოვრდებოდა და მეორე ის ავღანელი გოგონა, ნაციონალურმა გეოგრაფიამ ფოტო რომ გადაუღო. იყო ქალი, რომელიც პროლოგში დაწყებულ დრედებივით ჩახუჭუჭებულ წინადადებას ლამის წიგნის ბოლოს ამთავრებს. ვკითხულობდი, რომ ევულუცია ემბრიონის განვითარების ფორმებში უნდა ვეძიოთ და ერთმა ძველმა ფორუმელმა დამირეკა, წამოდი ნაფარაულზე პიცა ვჭამოთო. აქამდე მარტო ორჯერ მენახა და სიხარულით დავთანხმდი, რადგან უცნობებთან საუბარი მიყვარს: თითოეულზე მგონია, რომ ის ის არის, დაბალანსებურ თემებზე ვისაუბრებთ და მეგობრობის რადიკალიზმში არ გადავვარდებით. ადვილია.
სასაცილოა, მაგრამ თავიდან მამაჩემის გამო გამიცნო, პოლიციელის შვილები მიყვარსო და ერთად გადაღებულ საოჯახო ფოტოებს ვაჩვენებდი. თვითონაც თანამშრომელია. მოკლედ შეჭრილი თმიანი ქალი იარაღით. ორივე გამოეჭვიანებული ნატურაა, ერთი პერიოდი ვგეგმავდი, ერთმანეთს გავაცნობ მეთქი. სხვა ჩვენ რა საერთო უნდა გვქონოდა?! დის შვილთან ერთად მოვიდა და უხერხულობის დასაფარად, ბავშვს ვეფერებოდი. დაკარგულ მეგობრებზე ვჩიოდით. ბოლოს სიჩუმის დასარღვევად ვიკითხე: – კითხულობ რამეს?
– ბლავატსკაიას…არ გეცოდინება.
მე კი ჩემი წიგნი ამოვიღე ჩანთიდან: – მეც.
დამამახსოვრდა ის დღე.

მოციქულები ატარებენ “კვარცს”

მოციქულები ატარებენ “კვარცს” კი არა და.. სათაური ავიღე სერიალიდან “უკანასკნელი ჟამი”, საიდუმლო მესასგან შექმნილ 12 აპოსტოლზე, რომელთა რიგებში აინშტაინიც იყო, მთელი სერიები მშრალი ხიდისნაირ ადგილას ნაყიდ საათებში დატოვებული მინიშნებებით კრუციფიქსის, ქრისტეს ჯვრის ადგილს რომ იკვლევენ და ბოლოს მიზანი გახრწნილი ხვდებათ, ხოჭოებდახვეული. ფილმი რომ სიმბოლისტიკური მისტიკა ყოფილიყო, აქვე შეჩერდებოდა, “და ვინჩის” კოდის მაგვარ პესიმიზმს მიეცემოდნენ, მაგრამ საი ფაი რისი საი ფაი იქნებოდა, ხოჭოები ლაბორატორიებში არ წაეღოთ და ქრისტეს უხრწნელი სისხლის კლონირებით მეორედ მოსვლა არ მოემზადებინათ. აი, თურმე რა იგულისხმებოდა ქრისტეს სიტყვებში, მიცვალებულები აღდგენიან და მეც მოვალო. ბოლო-ბოლო შეჩვეულია კაცის გარეშე ჩასახვას. კი არა და..
Elegant-Mens-Military-Sports-Quartz-Watch-Brand-New-2013Free-Ship-Drop-Ship სულ ვფიქრობდი, რომ დროის ნიჭი მქონდა, ალბათ იმიტომ, რომ ცხოვრებაში მაღვიძარა არ მომიქოქავს და ძილშიც კი პუნქტუალობა ვიცოდი (მასპინძლებო, თუ სადმე დავაგვიანე, სხვა რამის ბრალია, მოხუცები გზაზე გადამყავდა ან თავს დამესხნენ ან “მიწა თავისას მოითხოვსნაირ” სამეფოში ცხოვრება მომინდა). ამიტომ ჩანთა ელ. საათებით გავსებული მქონდა და სახლშიც სათანადო ადგილი ეკავათ. გუშინდელივით მახსოვს ლაპარაკსა და საათის ცნობას ერთდროულად რომ მასწავლიდნენ, მაშინ არ ვფიქრობდი, რომ მესაათე ვყოფილიყავი. და სამწუხაროდ, ვერასდროს ვიქნები, ამისთვის ხელები ისტერიის ავადმყოფობით ზედმეტად მიკანკალებს. როგორც რაკეტაში არავინ ჩამსვამს დაბალ წნევიანობის გამო.
მაგრამ მაინც ვცადე. ვცადე და, წიკ-წიკი რომ თქვა, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ დრო დავბადე, ცხრა თვის ნაწვალევი, აი, საკუთარი საშოდან გამოვიღე, ჭიპლარი გადავუჭერი და სუნთქვა შეკრული ველოდებოდი, მკვდარი არ ყოფილა და, – წიკ-წიკო, – თქვა. მე მითხრა. საათი, რომელიც ადრეც დაბადებულა და კლონირებით აღვადგინე. და ერთხელაც თუ გალაკტიონის ორეული საყვარელი ლექსიდან მკითხავს: “რომელი საათია?” ვეტყვი, რომ გლოვის კი არა, თრობის და ღვინის კი არა, მეცამეტე კი არა, ეს ჩემი საათია.

ოთახი, სადაც არ იყო საათი

მუსიკა, რომელიც ჩაგვესმის,
არ გვესმის.
გამორთე.

საბანი გადაწიე უკან,
ერთმანეთი დავიფაროთ
ცოტა ხნით.

რამდენიმე ნაპასი კოცნა
და ფიქრები ცოტა ხნით
გამოვრთეთ.

მე ჩავიკეტე,
როცა გონება დავტვირთე
მუქი მომავლით.

უსხეულო სხეულებით
ვდგავარ, თუ არ მახსოვს,
მე შენში ვწევარ.

როცა გძინავს, კანკალებ,
გეძინოს, თორემ წახვალ.
რადგან მე – ვეღარ.