შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ბლოგის არსებობა ანა კორძაიას დანაშაულია. მაგრამ აქ იმ დღეებზე უნდა მოგიყვეთ, როცა ინევთ ჰოლში პრეზენტაციაზე ვეწვიე, რემარკის “სამ მეგობარზე” ყვებოდა. ადრე ამბობდა, რომ ლიტერატურაში ირიბი თემები არსებობს, მაგალითად, 90-იანელი პოეტესების მელოდრამულ ლექსებში ომის ტრაგედია იდო, რადგან ქალთა მარტოობა მამაკაცთა დანაკლისით იყო გამოწვეული. რემარკის “სამი მეგობარიც” ომზეა, პოსტ საომარ ტრამვებზე, დამარცხებული ქვეყნის სიღარიბესა და ავადმყოფობაზე. უიმედო ცხოვრება დანახულია სამი განუყრელი მეგობრის თვალით.
ირონიულია, რომ ამ პრეზენტაციაზე ძველი ადამიანი ვნახე, ადრე რომ ვახსენე მწვანე თმიანობისას, ქრაში, კაცი, რომელიც დადებითად მახსოვს და მთელი წელი ვერ დავიბრუნე. გამონაკლისის გარდა ადამიანებმა პატიება არ იციანო და ყოველი შერიგების მცდელობისას ძველი ნეგატივი უმწეობის სახით ბრუნდებოდა. სწორედ იმ მომენტში დავინახე ეს კაცი სხვა ქალთან, როცა ანა ლიტერატურული პერსონაჟებისადმი ეჭვიანობაზე ყვებოდა, რობისადმი ჩემი სიყვარულის მიუხედავად, პატი ისე მომეწონა, არ მიეჭვიანია და არ გამილანძღავსო. მეც მომეწონა ის სხვა ქალი, თეთრი კანი და წითელი თმა ჰქონდა, გემოვნება წლების მანძილზე არ შეცვლია მეთქი. ლამაზი, მოკლე კაბა ეცვა, მე კი შორიდან შევხედე ჩემს მოსაწყენ ხასიათსა და ჟაკეტ შემოცმულ კაბას, აი, ისეთს, რელიგიურ კოლეჯებში რომ მინახავს.
იმ საღამოს მეგობარმა წამიყვანა ბარში, სადაც დანაკლისებზე ვსაუბრობდით, რომ დრო არაა მკურნალი როცა მნიშვნელოვანი გაკლია. პირიქით, რაც უფრო მეტი ხანი გადის, დანაკლისი კომპლექსად იქცევა, ჭრილობა თანდათან ღრმავდება და შესავსები მეტი სიცარიელეა. სახლში რომ მივედი, საკუთარი თავი რობად აღვიქვი, რომელმაც იცის, რომ პატრიცია დამთავრდა, მასთან ერთად არ დაბერდება. ჩემთვის “სამი მეგობარი” არაა ომის შემდგომი ამბავი, საერთო საცხოვრებლები და სამეგობროში არსებული ერთი მანქანა. მთავარი არც სიყვარულია, თუმცა ადგილი, სადაც რობერტი მძინარე პატის საცვალს ათვალიერებს, თვეების მერე კი სარკის დაორთქვლა უწევს, უკვე მელოდრამული ცრემლის მომგვრელია. მეგობრობაც კი ხერხია, რომ ერთი ინტერესის მქონე სხვადასხვა ადამიანი გადარჩენისთვის გაერთიანდეს. ჩემთვის “სამი მეგობარი” მეზობლისგან ნათხოვარი წიგნია, რომელმაც კითხვა შემაყვარა, კერასინკის სინათლეზე წაკითხული ამბავი ხველაზე. იმ დროის მერე, როდესაც ცუდად ვარ, ვახველებ სანამ არ ვაღებინებ და იმედი მაქვს, რომ სისხლი წამოვა.