ქრისტეს ტკივილგამაყუჩებლები

ერთხელ მაცხოვარი ბეთანიაში სვიმონ კეთროვანის სახლში სტუმრობდა. მასთან ერთი ქალი მივიდა და მიიტანა ლავანდის ზეთისგან დამზადებული ნელსაცხებელი. ამ ნელსაცხებელს იყენებდნენ თმისა და კანის ლოსიონად, ტკივილგამაყუჩებლად, ლუბრიკანტად, ჩრჩილის გასაქრობად, სოკოსა და ალერგიების სამკურნალოდ, დიაზეპამის ნაცვლად და ა.შ. ანუ იმის თქმა მინდა, რომ საკმაოდ მდიდრული ნელსაცხებელი იყო. როგორც თვითონ მარკოზი ამბობს, სუფთა ლავანდი (ძველქართულად, ნარდი) იყო მოტანილი მინარევების გარეშე. ნელსაცხებელი ესხა ალაბასტრის ჭურჭელში. ქალმა გატეხა ალაბასტრი და ლავანდის ზეთით მორწყა მაცხოვარი. ანუ რამდენიმე ადამიანისთვის განკუთვნილი წამლის თვიური მარაგი ერთ ადამიანზე ერთჯერადად დახარჯა. ფარისევლები გაწყრნენ ქალზე, გაგეყიდა და აღებული ფული ღარიბებისთვის დაგერიგაო.
ა) მხოლოდ ალაბასტრის ჭურჭელი მარმარილოზე ძვირფასი იყო, რომ არ გაეტეხა;
ბ) ლავანდის ნელსაცხებელი ყველაზე ძვირად გაყიდვადი ნელსაცხებელი იყო, რომელსაც მხოლოდ არომატიზატორის კი არა, სამკურნალო თვისებებიც ჰქონდა.
მაგრამ იესომ ფარისევლები გააჩუმა, აცადეთ ქალს, ასე გამოხატავს თავის სიყვარულსა და ერთგულებასო. ეტყობა ამ დროს უკვე დაწყებული ჰქონდა ნელსაცხებელს დიაზეპამური მოქმედება.
ა) კი, იესო იყო ნარცისი;
ბ) არა, ბიბლია არ გვეუბნება, რომ მოძღვარმა უნდა გაყიდოს აიფონ12 ფულის ღარიბებისთვის დასარიგებლად თუ ამ აიფონ12-ით ქრისტეს სიყვარულს დაამტკიცებს.
ამ ამბის მერე მარკოზთან უკვე ჯვარცმაა აღწერილი, რაც ისტორიას უფრო საინტერესოდ აქცევს. ქრისტეს უკვე აქვს რამდენიმე ადამიანის რამდენიმე თვის სამყოფი გამაყუჩებული მიღებული. ანუ იცის როგორ მოქმედებს ადამიანზე. შეიძლება ამიტომ, როცა ჯვარცმის წინ მურგარეული ღვინო მიუტანეს როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, არ დალია, საღ აზრზე მინდა მოვკვდეო.
ლავანდას ეზოთერული მნიშვნელობა რომ გავიაზროთ, ძველ აღთქმას უნდა მივმართოთ, იმიტომ, რომ რთულია ძველი აღთქმის გარეშე ახალი აღთქმის გაგება. სერიალის მეორე სეზონის ნახვას გავს პირველი სეზონის ნახვის გარეშე. ლავანდის ნელსაცხებელს ცერემონიული მნიშვნელობა აქვს, ღმერთი გვირჩევს, რომ ლოცვის დროს არომატიზატორად გამოვიყენოთ.
დღევანდელ პირობებში სურნელებზე მეტად ვიზუალური ზეთოვანი კონცენტრატორები გვაქვს სალოცავად. მაგალითად, ხატები, ფრესკები. მამა გაბრიელის მაგალითზე, უკვე ფოტოგამოსახულებები.
ქართული ხატები იაპონური მანგების პერსონაჟებს მაგონებს მინიმალისტური ცხვირ-პირით, უშველებელი თვალებითა და უსუსური სხეულით. შეიძლება იმიტომ, რომ ქართულმა და რუსულმა კულტურამ რენესანსი გამოტოვა. სანამ პოსტ ბიზანტიელები სხვა ევროპელებთან კოლაბორაციით ნატურალისტურ ფორმებს ქმნიდნენ, იგონებდნენ საღებავებს, რომლებიც დღევანდელ რგბ ფერებს სიკაშკაშით წააგავს, სწავლობდნენ ანატომიასა და შუქ-ჩრდილების გამოყენებას, ჩვენი არჩილ მეფე ერწოს აძეძში თევზაობდა და ვეფხისტყაოსნის ფანარტით ერთობოდა, ვექტორებისა და სკეჩების სრულმქმნილ სურათად (შუქ-ჩრდილებით, ფონის ათვისებით, ფერთა თამაშით და ა.შ) გადაკეთების დრო არ ჰქონდა.
დაკვირვებული ხართ რანაირი ყელი აქვთ ჩვენს ხატებს? თითქოს ყველა წმინდანს თავი აქვს წაჭრილი და ტანს უბრალოდ ადევს. არ ვიცი ეს ექსპრესია რას ემსახურება, მაგრამ მაშინებს, არ ვიყიდიდი. რუსული ხატებიც მასეა. თითქოს ყველა წმინდანს ლავანდის ლოსიონი აქვს გადავლებული, მურგარეული ღვინო დალეული და მალავს, რომ ჭკუიდან იშლება. წმინდანებს თვალები უსივდებათ, ყელი ეღრიცებათ თითქოს კეტამინი გაიყნოსესო და მაინც ამაყად გვაჩვენებენ ცერა თითს არათითზე.

მეცადინეობა თავისუფალ ვარდნაში ნ1

არაცნობისმოყვარე ხალხი მაკვირვებს, წარსულში რომ დავბრუნდე, მაინც არაფერს შევცვლიდიო, რომ ღადადებენ. ბიტკოინს მაინც არ იყიდიდნენ? პარადოქსისთვის თავიანთ ბაბუებს არ მოკლავდნენ? და კიდევ ბუდას ფოლოუერები მაკვირვებენ. გაქვთ ისეთი რელიგია, რომლის რთული არქეტიპი თქვენ იქნებოდით? ჩემთვის ასეთია ბუდიზმი. აი, მე ეთერით თუ დანარჩენი არაასტრალური ტანით რიგითი, მედიუმ სტატისტიკური ქრისტიანი ვარ ვნების განსაცდელში “ცეცხლითა და მახვილით” მორკინალი. ბუდა მეუბნება, თუ გინდა ბედნიერი იყო, სურვილი არ უნდა გაგაჩნდესო. ქრისტე მეუბნება, თუ გინდა ბედნიერი იყო, მე უნდა გსურდეო. ამიტომ ქრისტეს ფოლოუერებს სურვილების მიმართვა უფრო გამოგვდის მათ დეზოლუციაზე მეტად. მგრძნობელობის ნაკადი სიარულშიც მეტყობა, რაშიც დაუკვირვებელი პირიც ამოიცნობს ჩემს ოჯახურ თუ კარიერულ სიტუაციას იმ ლოკალურ დროში: სწრაფი ნაბიჯებით, წაქცევებით, შუა გზაზე გაჩხერვით. აი, თამარამ, მყინვარის მეტეომდე ბასანოჩკებით ავდივარ ხოლმეო. მე კიდევ ჩემი სალაშქრო ტიპის ფეხსაცმლით ბორჯომის გოგირდის აუზებამდე ძლივს მივაღწიე მდინარის ქვები ისეთი მოყინული იყო. ჩამიქროლეს პენსიონერებმა ძაღლებით, ორსულებმა “კალიასკებით”, ჰოკინგიც კი იდრიფტავებდა თავისი სმარტ სავარძლით.

ამ ზაფხულს კოგნიტიური ფსიქოლოგიის თერაპევტს ვეწვიე, ვინც თავის პრაქტიკაში სხეულის ენას იყენებს სამკურნალოდ. ცდილობდა სხეული ზედმეტი დაჭიმულიობისგან ეხსნა, მაგალითად, ბუმბულით დაღუტუნების დროს იმდენად უნდა გამეთიშა ლოკალური ნერვებისგან ყურადღება, რომ აღარ გამცინებოდა. პრაქტიკას ტკივილზეც გავდიოდით, ხელოვნურად ვიღებდი და განვიზიდავდი მას. სეანსის დასაგვირგვინებელი ფაზა კი ერთდროულად ყველა კუნთის იმ დონეზე მოდუნება იყო, რომ წავქცეულიყავი. ინსტრუქტორმა მირჩია, როდესაც რაიმე საშიშის გაკეთება მიწევდა, რაიმე სასიამოვნო გამეხსენა ჩემი წარსულიდან. ანუ სასიამოვნო მოვლენის წარმოდგენის ქვეშ წავქცეულიყავი. თქვენ რა მოვლენას წარმოიდგენდით? აი, მე არაფრით წარმომედგინა რამე იმდენად სასიამოვნო, რომ წაქცევის დროს მუხლი ოდნავ მაინც არ შემეტეხა. შემრცხვა და ახალი გამოსავალი ვიპოვნე. ვარდნის დროს ოთახის ერთ-ერთი ჩუქურთმიანი აქსესუარი ამოვიჩემე და გონებაში იმ ჩუქურთმების ხაზვა დავიწყე. გამომივიდა. ესეც სუფთა ქრისტიანული მიდგომაა, როცა აბსტრაქციის მატერიალიზაციას ვახდენ.

ბორჯომის გოგირდული აუზი ტყიურ პირობებში საკმაოდ კომფორტულია, თუ გრილ წყალში ბანაობა გხიბლავთ. რადგან თოვლით გარშემორტყმული ცხელი წყალი საკუთარ ფარენჰეიტს ვერ ინარჩუნებს და ცივდება. აბასთუმანში გოგირდის ავზებს საბჭოთა არქიტექტურა ახურავს, ძველი სანატორიუმების მოზაიკები აგია და საღამოობით, მთვარის შუქი ჩაბნელებულ ინტერიერში სარკმელებიდან შემოდის, ისიც ხეთა ტოტები თუ განეფარებიან. შიგადაშიგ გვერდითა აუზიდან სომეხი ქალების ყიჟინა გაისმის, რომლებიც ტანსაცმლიანად შემოდიან წყალში, მაგრამ შებინდებისას შემიძლია ისე ვიწვე ამ ღვთისგან დალოცვილ ქიმიურ წყალში, რომ უქარო დაბაში საკუთარი ექოც არ მეყურადებოდეს. ვარ ამგვარ სიმშვიდეში, მოდის მირიანი და მახრჩობს, წყალში სამჯერ მაყურყუმელავებს. მერე ეგ და სანდრო წყალზე წოლას მასწავლიან. სანამ პირში ჰაერი გაქვს დაგუბებული, არ დაიხრჩობიო. მე კიდევ ძალიან მეშინია და იქამდე ვცურავ, სანამ ჰაერის შეკავება შემიძლია. სანდრო ჩემი რუმმეითია, მისი საწოლი ჩემგან ოთახის მეორე ბოლოშია. ოთხ საათზე, მაინც უნდა ავდგეთ, ამიტომ საუბრებით გაგვაქვს თავი. სიტყვა მიცვალებულებზე ჩამოვაგდეთ და ჩემი მორგის სოლო გამოცდილებები მოვუყევი, მერე სოლო ღამის ლაშქრობებიც. მთელი ღამე ეშინოდა, მგონი ჩემიც. უკვე მეჩვენებოდა მისგან აქა-იქ “მამაო ჩვენო”. როგორი უშიშარი ხარო, წარმოიდგინეთ, მე და უშიშარი. ტყუილია, მაგრამ ამის მოსმენა მაინც მესიამოვნა. რა ვიგრძენი? სიამოვნება? ხვალ ავდგები და სიამოვნების ქვეშ გავცურავ მეთქი. თბილისში რომ ჩავალ, სიამოვნების ქვეშ წავიქცევი მეთქი. შექებისგან გამოწვეული სიამოვნება უნდა დავიმახსოვრო მეთქი.

20180210_150428.jpg

გეორგია როგორც ჰოგვარტსი და ყვავილების შხაპი

tumblr_mgnopnW5vO1r66km2o1_500

კიკნაძის ჩაწერილებში სააღდგომო კვერცხების ქართული წარმომავლობა მოვიძიე, ამბავი ძმებისა, დიდი მარხვის პირველ კვირაში კვერცხებს ცეცხლზე რომ შედგამენ და ორმოცი დღით ჩაეძინებათ, გაღვიძებულზე კი აღმოაჩენენ, რომ კვერცხები წითლად შებრაწულიყვნენ. მე არ ვარ იუნგი მითებისგან არქეტიპები რომ შევქმნა და არც ლევი სტროსი, არქეტიპებს შევეწინააღმდეგო და ისინი სინქრონიულ-დიაქრონიულ ასპექტში განვიხილო, მაგრამ როგორც მოყვარული კომპარატივისტი, ამ პროფესიის განსაზღვრებას საყვარელ წინამორბედს დავესესხები: ნაკლებადაა ჩემი ინტერესის სფერო კერძოდ სამოთხე ან კერძოდ ჯოჯოხეთი, არამედ, მათი ურთიერთმიმართება, – ამიტომ ასე დუალისტურად მაღფრთოვანებენ მითები, რომელთა გაგებისთვის დამატებითი თქმულებებია საჭირო, იქნება ეს წითელ კვერცხებზე ამბების დაკრეფა თუ სხვადასხვა რელიგიური დღესასწაულის ერთმანეთით ჩანაცვლება.
ამიტომ დავხატე გოლუმის გარეგნობის მქონე ნოე, რომელმაც ათი საუკუნე განვლო და ქედივით თეთრწვეროსან კაცად ვეღარ წარმოვიდგინე; წმინდა გიორგი, რომელსაც ჰარი პოტერის ჯადოსნური შუბი აქვს და სამძიმირის ნაცვლად ჰერმიონას იხსნის გველისგან. (ინსტაგრამი) გაგიკვირდებათ და მე სულაც არ მსურდა ქრისტიანობის შეურაცჰყოფა, პირიქით, ქრისტიანობის პოპ კულტურასთან ადაპტირება. ავხსნი: ეკლესიისა და მრევლის სიჭარბის მიუხედავად, იმ სივრცეში სადაც ყოველდღიურად მიწევს ცხოვრება, იქნება ეს სამეზობლო წრე, სამუშაო ადგილი, სანათესაო თუ სამეგობრო, ათეიზმი უკვე კომფორმიზმია და თუ როდისმე ვნახავ ადამიანს, ვინც ტაძარში წაყოლას მთხოვს, ჩემთვის საკმაოდ უცხო, მასისგან გამორჩეული ნაბიჯი იქნება. მაგრამ ჩემი საზოგადოების დიდი ნაწილი ხშირად საუბრობს რელიგიის ზღაპრულობაზე უარყოფითი კუთხით, როდესაც ფენტეზი მათი საყვარელი ჟანრიაjeromelim-277a3715  ეს ორმაგი სტანდარტები კი ისეთივე ალოგიკური მგონია, როგორც ბერიკაობის მომხრეთაგან ჰელოუინის კრიტიკა, მხოლოდ იმიტომ, რომ ერთს არ აქვს ეროვნული ფუძე. ეს კი იმის ფონზე, რომ ორივე რიტუალი მკვდრების ერთი მიმართულებით აღდგენას ეხმიანება. პირადად მე, იმდენად მხიბლავს კოსტუმირებული წვეულებები, თანაც თუ ჰორორის ფონზე მიმდინარეობს, რომ შემიძლია ნებისმიერ აქტივობას შევუერთდე, მითუმეტეს, თუ გადაცმული საღამოები დასაშურებელია საქართველოში. ხოლო როდესაც ვუყურებ ამ ჩემს ქვეყანას ვხედავ ადამიანებს, რომლებსაც მაგია არ აინტერესებთ, სანახევროდ ადამიანებს და სანახევროდ მაგებს და მაგებს; მაგებს ანუ მრევლს რომლებიც უკვე თავის მხრივ იყოფიან კეთილებად და ბოროტებად. მე ხომ არ მაინტერესებს ტოლკინის, როულინგის და სხვა ფანტაზიორთა სამყარო რამდენად არსებობს და ისე მხიბლავს, შესაბამისად, თომას, იოანეს და სხვა მოციქულთა ამბების სინამდვილე ნაკლები ინტერესის საგანია.
აღდგომა ვახსენე და დღესასწაულებისადმი პროტესტის მიუხედავად, ჩემი საყვარელი დღე სულთმოფენობაა. ის, რაც დავითაშვილთან არის აღწერილი, მჭედლების გრდემლზე დაკვრა სწორედ ამ მოძრავ თარიღთანაა დაკავშირებული. შეიძლება იმიტომ, რომ ჩემი მჭედლიძეობის გამო სისხლის ყივილს ვგრძნობ; ან მთიულეთში ხშირი ქეიფის გამო, როცა ნებისმიერი ვახშმის დროს, როგორც გურულებს აქვთ მშვიდობის სადღეგრძელო პირველ ადგილზე, ჩვენთან იძახიან “მივაგებოთ”-ს, “მათ ხელთ ყოფს” და სვამენ; ქორწილის რიტუალებშიც კი წინაპრების სულების მოგონებითაა სუფრა გაჭედილი და კაი სინტოელივით ტაძრის ნაცვლად გვარის სალოცავებში ლოცულობენ, გენეტიკაა ორივესთვის მთავარი ღმერთი და სულთმოფენობა ვეგანური დღესასწაული, ბუნების ზეიმი. ამიტომ მიკვირს ხალხისგან, ვისაც სინტოისტური ფილოსოფია ხიბლავს, ჩვენთან აღნიშნულ წინაპართა და მცენარეთა დღეს რომ ვერ ამჩნევენ. დღეს, როცა ყვავილების დაჭერისას ვლოცულობთ, თაიგულებს ერთმანეთს ვუნაწილებთ და სხეულს ამ მცენარეებისგან ვიბანთ, მერე ჩვენთან შერწყმულ ყვავილების ნახარშს ბუნებას ვუბრუნებთ და მცენარეებს მოვრწყამთ, ჩვენს სხეულებთან ერთად რომ ამოიზარდონ. ქრისტიანობამ თუ ადამიანი მიწა-ბუნებას მოაშორა, მზისა და ზეცისკენ სწრაფვა მისცა, სულთმოფენობაზე გამონაკლისი დაუშვა და გაამიწიერა. პატრიარქს აკრიტიკებენ, რომ მაგიური რიტუალებისკენ მოწოდება დაიწყო, ბოლო დროინდელი ქადაგების გარდა, მანამდე ისაუბრა თანადროული სიტყვების აღვლენაზე და tumblr_inline_mrk9pelCCi1qz4rgpსხვა. მაგრამ ჩახედულმა პირმა იცის, რომ მაგიას აქვს განხრაც, როგორც წრეებში უწოდებენ “საეკლესიო მაგია”. მაგალითად, ნალოცავი სანთლის ტაძრიდან სახლამდე მიყვანა და კარის ჯვარის ფორმით ამოწვა. და თუ კლასიკურ განსაზღვრებას დავეშურებით რელიგიისა და მაგიის განსხვავებებზე, რომ რელიგიისას ადამიანი მიიწევს ღვთაებრივისკენ და მაგიისას ღთაებრივი მოიწევს ადამიანისკენ, სულთმოფენობა ორივეს ნაზავია, ბუნებრივისა და ადამიანის ნაზავია. მე კი ძალიან მწყდება გული, ამ დღესასწაულის არასათანადოდ დაფასების გამო. ვწუხვარ იმიტომ, რომ ამ დღეს მე არავინ მაჩუქებს მინდვრის ყვავილების თაიგულს და არავინ მეტყვის რომ შევერწყა ჩემს წინაპარ ბუნებას.

სინტოისტური საკურთხეველი ანიმეების მიხედვით

იქნება ეს მიაძაკის თუ სხვა სინტოელთა ანიმეები, შეიძლება თვალი მოვკრათ პატარა ხის სახლს, რომელზეც არის გამოსახული დრაკონები, ჩინური ფენიქსები, კიდია სარკე და სხვა მისტიური ნივთებია განლაგებული. მითოლოგიის თანახმად, სწორედ ეს არის კლასიკური იაპონელის სალოცავი ადგილი და, ძირითადად, ჭურჭელთან ან სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების ბაზრობებზე იყიდება.

1240

1. 標縄・注連縄・七五三縄 სიმენავა ანუ ბრინჯის მცენარისგან დაწნული თოკი, რომელსაც ზიგზაგისებურად აკრავს თეთრი ქაღალდი – სიდე 紙垂, 四手. რაც სიმბოლურად სუფთა სივრცეს განასახიერებს, კამის მყოფადობას ადგილზე.
2. იაპონური მარადმწვანე საკაკი 榊 თავის ჭურჭელთან ერთად. ითვლება, რომ ეს მცენარე ღმერთებს იზიდავს.
3. კაგამი 八咫鏡 ანუ წმინდა სარკე, რომელიც გვახსენებს გულისა და ფიქრების სიწმინდეს. მოკლედ, ამატერასუს 天照大神 , მზის ქალღმერთს განასახიერებს.
4. მიძუტამა 水玉「みずたま」 არის სავსე წყლით.
5. 皿「さら」სარა – ლამბაქი ბრინჯისთვის.
6. სარა – ლამბაქი მარილისთვის.
– ეს ორი ფიზიკური და მორალური ზრდისთვის გაღებულ მსხვერპლს განასახიერებს.
7. 瓶子「へいじ」ჰეიძი – ბოთლი საკეთი お神酒.
8. 灯籠、灯篭、燈籠、燈篭「とうろう」ტომიო, ტორო ანუ წმინდა გამწმენდი ცეცხლი.
9. 神殿「しんでん」სინდენი ანუ ღვთის სახლი.
ამის გარდა გვხვდება ო-ფუდა お札「おふだ」მფარველი ანგელოზების სიმბოლოები, სადაც ალაგებენ იარაღს, გარდაცვლილთა პორტრეტებს და მსგავს გადაუყრელ ნივთებს.

159392_original

როგორც წესი, ეს სახლის მაკეტისმაგვარი საკურთხეველი სასტუმრო ოთახის კარების თავზე იკიდება და სინტოელს ტაძარში წასვლა აღარ ევალდებულება. ლოცვის წინ ჯერ ტაშს შემოკრავენ, რომ მიიზიდონ სულები, შემდეგ ჩუმად ლოცულობენ. ხმამაღლა ლოცვა მხოლოდ სასულიერო პირს შეუძლია. სხვა მსხვერპლშეწირული საკვები, ძირითადად, ქვირითი ან კვერცხია. ყოველ ტაძარს საკვების მომზადების და მირთმევის თავისებური გზა აქვს. ზოგადად, სინტო რიტუალებითაა აწყობილი.
მიმაჩნია, რომ სახლუკა კამიდანა ყველა იაპონიის მოყვარულმა უნდა იქონიოს, მიუხედავად იმისა, რომ სინტოს ეგოისტურად მხოლოდ იაპონელი  ღმერთები ჰყავს.

23 გზა როგორ უნდა მოკლა წმინდანი

post-20-1412578822

როცა შვებულება ცხრა მთისა და ცხრა მდინარის მიღმა გავატარე, თავი “ნაციონალური გეოგრაფიის” წევრად წარმოვიდგინე, მაინტერესებდა ფულის გარეშე როგორ ვიცხოვრებდი, კამერა გადავტენე, საგზალი მოვიკიდე ტყეები გადავლახე, მწვერვალები დავიპყარი, ღამე კარავში აღმოჩენილ მორიელთან გავატარე, მესმოდა როგორ ყმუოდნენ ცხოველები, მოგზაურის დღიურების წერა დავიწყე, მაზოლებიანი, დაჩეხილი დავბრუნდი ჩემთა ამბავთა გასაზვიადებლად, როგორ შევებრძოლე ღამით წვიმას ფოთლების ჩრდილით და როგორ ვარჩევდი კარაბადინებით სასარგებლო მცენარეებს შხამიანისგან და როგორ არ მეშინოდა ათგზის ჩაცმულ გოგონას ზაფხულში ყინულოვან მთებზე სიარულისას და როცა ჩემი მეგობრები, თანამშრომლები, ნათესავები, გამვლელები ამ ჰეროიკულ ამბებს ისმენდნენ, უჩნდებოდათ ერთადერთი შეკითხვა: – არ გეშინოდა, რომ ვინმეს გაეუპატიურებინე?
და მე ვუპასუხე, რომ არა, რატომღაც არა. მსგავსი კითხვების დროს მახსენდება, რომ სამყაროს სიყვარული, ანუ სქესობრივი კონტაქტები ამოძრავებს. მიუხედავად იმისა, რომ ძალადობა ხდება ჩემს უნივერსიტეტში, ეზოში, სამსახურში, სამეგობროში, ეტყობა განვითარებით ჯერ კიდევ იმ ინფანტილურ საფეხურზე ვარ, როცა თავი ჩემივე სცენარის მთავარი გმირი მგონია და ვფიქრობ, სიკვდილი არ დამიგეგმავს. ალბათ სხვებიც ასე ფიქრობდნენ, რომ სუპერ გმირები იყვნენ, ფერად კოსტუმებს ჩაიცვამდნენ, ნარკომან მშობლებს ცხოვრებისკენ მოაბრუნებდნენ, ეჭვიან მეუღლეებს სიყვარულით რწმენას გაუჩენდნენ, მასწავლებლები აღარ გვეჩხუბებოდნენ და ქვეყანაც აშენდებოდა. ალბათ ჩემში ისევაა ღმერთის კომპლექსი.
შენებისას კი ხშირად საუბრობენ ქალთა უფლებებზე, როგორც ადამიანის უფლებებისგან დამოუკიდებელ წესებზე, რაც იმდენად თვითირონიული მგონია, რამდენადაც ფემინისტებისგან მოძალადე ქმრების დედებისადმი გაჟღერებული გინება. სწორედ ეს გინებაა ყველაზე სექსისტური ანეგდოტი რომელიც მომისმენია. სწორედ ეს გინებაა ყველაზე თვითგამომრიცხავი ფემინიზმი რომელიც მაშინებს. ხოლო თანასწორობამდე იმდენი ნაბიჯია დარჩენილი, რამდენჯერაც გავამახვილებთ ყურადღებას კაცისგან ქალის მკვლელობაზე, ვუგულველყოფთ ინფორმაციას იგივე პერიოდში ცოლისგან ქმრის მკვლელობაზე, კაცების ერთმანეთში ჩხუბზე ანუ ინფორმაციას სქესის მიხედვით გამოვარჩევთ. რატომ არიან მკვდარი ქალები უფრო საცოდავები ვიდრე მკვდარი კაცები ისევე არ მესმის, როგორც თეორია, რომ გაუპატიურებული კაცები ქალებზე მეტად დარდობენ. იმას ჰგავს, აპროტესტებდე ქალის პორნოგრაფიულ აღქმას და ღამის კლუბში ქალთა უფასო შესვლა გსიამოვნებდეს.
ამჯერად, საპატრიარქოს მიერ გამოცემულ დაბადებათა განმარტებანს ვეცნობი: ქალმა დაამტკიცა, რომ სუსტია, მალე ცდუნდება. მიუხედავად იმისა, რომ თანასწორები არიან, სხვადასხვა შესაძლებლობები აქვთ. ამიტომ უბრძანა ღმერთმა დამორჩილებოდა ქმარს, – ხელი აწიეთ ვისაც გინახავთ პირიქით, კაცისგან ნაცდუნები ქალი. არ მჯერა, რომ ღმერთი ფიქრობს რომ ეს იშვიათი ამბავია. სხვა საქმეა, რომ მარიამს დედობრივი მზრუნველობა აკლდა, მხოლოდ მეორე დღის მგზავრობისას შეამჩნია, რომ პატარა იესო მოსალოცად დარჩენილიყო მამამისის სახლში (ვფიქრობ, მწერალს ამის გახსენებისთვის არა მხოლოდ იმის თქმა უნდოდა, რომ იესო თავიდანვე დამოუკიდებელი და მამის მოყვარე იყო, იმისიც, რომ მარიამს ყველანაირი ეგრეთ წოდებული ქალური ინსტინქტები მოაკლო.), მთავარია, რომ ღვთისმშობელმა საკუთარ სხეულში ღმერთის დატევით ქალიც გააწმინდანა.
და რაც არ უნდა გაგკვიკვირდეს, საქართველო მატრიარქატული წყობის ქვეყანაა, მიწათმოქმედი, გეორგიანული, ფემინური, სადაც რადიკალური მატრიარქატის დამსხვრევაც ქალის ხელით მოხდა (მითი ამირანის დედაზე), კაცის სანადიროდ გასვლაც კი უსუსურ აქტს წარმოადგენდა ამორძალი დალის გარეშე. სადაც იდეალური სახელმწიფო ფორმის მეფე ქალი გვყავდა, იდეალური რელიგიის გამავრცელებელიც მდედრობითი სქესია, ხოლო ღვთისმშობელი წილ-ნაყრობს და გვიფარავს. აგერ, სახელმწიფოებრივობა მოვიპოვეთ ახლახანს და, სტატისტიკის თვალიერებისას გამოვტყდეთ, უმუშევარი კაცების ფონზე ეკონომიკა მეორე სქესზე ცხოვრობს. ხოლო ჩვენ ვიცით, რომ ქვეყანაში, სადაც ქალი წმინდანის საფეხურამდეა აყვანილი, მით უფრო დაკნინებულია მისი ადამიანური უფლებები. ამიტომ გვიჭირს დედების პორნოგრაფიული თვალით განხილვა, ცოლებისგან მფარველობას ვითხოვთ, რომ ისინი სწორ საკვებს და ჩასაცმელს აგვირჩევენ. ამიტომ გვიჭირს მათი სხვაგან გაშვება, რადგან ტრაგედიაა გაღმერთებული ადამიანის წასვლა, აღმოჩენა, რომ წმინდანსაც შეუძლია დაიგროვოს წყენა, არა მარტო წყენა, ღალატი. ამიტომ ვკლავთ. და ყოველ ჯერზე, როცა კაცები ქალებს ვკლავთ, სადღაც, სტერეოტიპთა სიღრმეში აქტი აღმოჩენას წარმოადგენს, რომ წმინდანი ადამიანია.
კაცებო, ყოველ ჯერზე როცა ერთმანეთს დედებს ვაგინებთ, ერთმანეთის წმინდანებს ვაგინებთ.
ქალებო, ყოველ ჯერზე როცა კაცებს დედებს ვაგინებთ, როგორც გვგონია, ეს არაა ჩვენი მოპოვებული თანასწორობის აქტი, ჩვენივე სქესს იმაზე მეტადაც ვკლავთ, აბორტის ლეგალიზაციით ფემინისტებმა რომ მოგვკლეს. ესაა მითი ამირანის დედაზე ხელახლა.
აი, ამიტომ არ ვიგინები.
ამ დღეებში საბოდიალოდ ისევე წავალ, და როცა ამბები დამიგროვდება, ძალიან მინდა უსქესო მსმენელი დამხვდეს, რომელიც მკითხავს, რას ვგრძნობდი ზღვის დონიდან ძალიან მაღლა, უდაბურ ტყეებში როგორი სოკოები ვნახე და როგორ გავაჩაღე ცეცხლი ნაფოტებით და ის ცეცხლი აბელზე მაღლა ავიდა, და თან წუხდეს დაღუპული კაცების და ქალების გამო თანაბრად.

გაზაფხულის მფარველი ანგელოზები კაბალაში

შემოდგომის მფარველი ანგელოზები
ზამთრის მფარველი ანგელოზები

C69როქელი
ანგელოზის ყოფნის დრო:
ფიზიკური: 1-დან 5 მარტამდე
ემოციური: 5 იანვარი, 17 მარტი, 30 მაისი, 13 აგვისტო, 26 ოქტომბერი
მენტალური: 22:40-22:59
რაქელი მფარველი ანგელოზია 1-დან 5 მარტამდე დაბადებული ადამიანების, ასევე იცავს 27 მაისს, 7 აგვისტოს, 18 ოქტომბერს, 29 დეკემბერს, 11 მარტს დაბადებულებს (ანუ ვისი ნათალური მზეც მდებარეობს 8°-8°59′ ტყუპებში, 20°-20°59′  ლომში, 2°-2°59′ მორიელში, 14°-14°59′ თხის რქაში, 26°-26°59′ თევზებში). ასევე მისი სახელი მფარველობს 22:40-დან 22:59საათამდე დაბადებულ ადამიანებს.
მასზე იმ შემთხვევაში ლოცულობენ, ვინც რაიმე ნივთს კარგავს. შეესატყვისება ღვთაებრივი სახელი დაოსი. მიეკუთვნება ანგელოზთა მეცხრე ჩინს. მისი ღვთაებრივი განსახიერება არის ყოვლის მნახველი.

C70იაბამია
ანგელოზის ყოფნის დრო:
ფიზიკური: 6-დან 10 მარტამდე
ემოციური: 6 იანვარი, 18 მარტი, 31 მაისი, 14 აგვისტო, 27 ოქტომბერი
ინტელექტუალური: ყოველ დღე 23:00 – 23:19
მისი სახელი მფარველობს ადამიანებს, რომლებიც დაიბადნენ 6-დან 10 მარტის ჩათვლით ანუ ვისაც ნათალური მზე თევზების ზოდიაქოს მეოთხე მეექვსედში აქვს. მისი ასტრალური სული გავლენას ახდენს მათზე, ვინც დაიბადა 28 მაისს, 8 აგვისტოს, 19 ოქტომბერს, 12 მარტს, ანუ ვისი ნათალური მზეც მდებარეობს ტყუპებში 9°-9°59′, ლომში 21°-21°59′, 3°-3°59′ მორიელში, 15°-15°59′ თხის რქაში. 27°-27°59′ თევზებში. ასევე 23:00 – 23:19 საათებში დაბადებული ადამიანების მფარველია.
ასტროლოგების აღწერით, იგი ადამიანებს აღდგომაში ეხმარება. შეესატყვისება ღვთაებრივი სახელი არისი. ანგელოზთა მეცხრე ჩინი აქვს. მისი ღვთაებრივი განსახიერებაა ზმნა, რომელიც საგნებს შეირწყამს. მისი ბოროტი სული ხელს უწყობს ათეიზმის დამკვიდრებას ლიტერატურაში. ხოლო კეთილი სული ჭეშმარიტებას ქადაგებს ფილოსოფიაში.

C71აიაიელი
ანგელოზის ყოფნის დრო: 11 მარტიდან 15 მარტამდე
ემოციური: 7 იანვარი, 19 მარტი, 1 ივნისი, 15 აგვისტო, 28 ოქტომბერი
ინტელექტუალური: ყოველ დღე 23:20 – 23:39
მისი სახელი მფარველობს ადამიანებს, რომლებიც დაიბადნენ 11-დან 15 მარტამდე, ნათალური მზე აქვთ თევზების მეხუთე მეექვსედში. მისი ასტრალური სული გავლენას ახდენს 29 მაისს, 9 აგვისტოს, 20 ოქტომბერს, 13 მარტს დაბადებულებზე, ვისი ნათალური მზეც მდებარეობს ტყუპებში 10°-10°59′, ლომში 22°-22°59′, მორიელში 4°-4°59′, თხის რქაში 16°-16°59′, თევზებში 28°-28°59′. მფარველობს მათ, ვინც იბადება 23:20 – 23:39 საათებში.
იგი მფარველია მათი, ვინც სთხოვს დახმარებას. მასზეა დამოკიდებული გამარჯვება და მშვიდობა. რაცაა ომში მნიშვნელოვანი: ციხესიმაგრეები, არსენალი. მას შეესატყვისება ღვთაებრივი სახელი ზეუტი. ანგელოზთა მეცხრე ჩინის მფლობელია.

C72მუმიაჰი
ანგელოზის ყოფნის დრო: 16 მარტიდან 20 მარტამდე
ემოციური: 8 იანვარი, 20 მარტი, 2 ივნისი, 16 აგვისტო, 29 ოქტომბერი
ინტელექტუალური: ყოველ დღე 23:40 – 23:59
მისი სახელი მფარველობს ადამიანებს, რომლებიც დაიბადნენ 16-20 მარტის ჩათვლით, ნათალური მზე აქვთ თევზების ბოლო მეექვსედში. მისი ასტრალური სული ბატონობს 30 მაისს, 10 აგვისტოს, 21 ოქტომბერს, 14 მარტს დაბადებულებზე, ვისი ნათალური მზეც მდებარეობს ტყუპებში 11°-11°59′, ლომში 23°-23°59′, 5°-5°59′ მორიელში, თხის რქაში 17°-17°59′, 29°-29°59′ თევზებში. ასევე მასზე ვინც დაბადებულია 23:40 – 23: 59 საათების შუალედში.
მისი სახელი მფარველია ქიმიკოსების, ფიზიკოსების და მედიცინის დაფარული გამოვლინებების. მას შეესატყვისება ღვთაებრივი სახელი კოლო. ეკუთვნის ანგელოზთა მეცხრე რიგს. ღვთაებრივად განასახიერებს ნივთების ბოლოს, დასასრულს. მისი ბნელი გენია ადამიანს უბიძგებს დაწყევლოს საკუთარი დაბადების დღე და საათი და ეხმარება თვითმკვლელობაში. ხოლო ნათელი საწყისი ეხმარება ადამიანს საიდუმლოს გახსნაში, რომელიც სხვა ადამიანებს დაეხმარება ცხოვრების გზაზე.

C01ვეჰუიაჰი
ანგელოზის ყოფნის დრო 21-25 მარტი
ემოციური ყოფნის დრო: 9 იანვარი, 21 მარტი, 3 ივნისი, 17 აგვისტო, 30 ოქტომბერი
ინტელექტუალური: ყოველ დღე 00:00 – 00:19 საათებში
მისი სახელი მფარველია 21-დან 25 მარტამდე დაბადებულების, რომლებსაც ნათალური მზე აქვთ ვერძის პირველ მეექვსედში. მისი ასტრალური სული მფარველობს 31 მაისს, 11 აგვისტოს, 22 ოქტომბერს, 15 მარტს დაბადებულებს, რომელთა ნათალური მზეც იმყოფება ვერძში 0°-0°59′, ტყუპებში 12°-12°59′, ლომში 24°- 24°59′, მორიელში 6°-6°59′, თხის რქაში 18°-18°59′. მათაც, ვინც იბადება 00:00 – 00:19 საათებში.
ატანასიუს კირჰერი მას მიაწერს ებრაელებზე მფარველობას. მიესატყვისება ღვთაებრივი სახელი იაჰოვა. მიეკუთვნება სერაფიმების პირველ რიგს. მისი ღვთაებრივი განსახიერებაა ღმერთი, რომელიც ყოველზე მაღლაა. მის მფარველობაში მყოფს აქვს მარსის დიდი გავლენა ომისას. მისი ბნელი მხარე მფარველობს ანარქიას, ბრაზსა და ფეთქებადობას.

C02იელიელი
ანგელოზის ყოფნის დრო
ფიზიკური: 26.03 – 30.03
ემოციური: 10 იანვარი, 22 მარტი, 4 ივნისი, 18 აგვისტო, 19 აგვისტოს  00:00 – 11:59 საათები, 31 ოქტომბერი
მენტალური: ყოველ დღე 00:20 – 00:39
მისი სახელით იფარება ადამიანები 26-დან 30 მარტამდე დაბადებულები, რომლებსაც ნათალური მზე აქვთ ვერძის მეორე მეექვსედში. მისი ასტრალური სული იფარავს 21 მარტს, 1 ივნისს, 12 აგვისტოს, 23 ოქტომბერს, 3 იანვარს დაბადებულებს, ნათალური მზე რომ აქვთ ვერძში 1°-1°59′, ტყუპებში 13°-13°59′ , 25°- 25°59′ ლომში, მორიელში 7°-7°59′, თხის რქაში 19°-19°59′.
მფარველობს თურქებს. შეესატყვისება ღვთაებრივი სახელი ეიდი. ანგელოზების პირველ ჩინს ეკუთვნის. მისი ღვთაებრივი განსახიერებაა ღმერთი დამხმარე. მისი გავლენის ქვეშაა ქორწინება და განქორწინება.

C03სიტაელი
ანგელოზის ყოფნის დრო:
ფიზიკური: 31.03 – 04.04
ემოციური: 11 იანვარი, 23 მარტი, 5 ივნისი, 19 აგვისტო 12:00 საათიდან, 20 აგვისტო, 1 ნოემბერი
ინტელექტუალური: ყოველ დღე 00:40 – 00:59 საათებში
სიტიელის სახელი მფარველობს 31 მარტიდან 4 აპრილამდე დაბადებულ ადამიანებს. ვისაც ნათალური მზე აქვს ვერძის მესამე მეექვსედში. მისი ასტრალური სული გავლენას ახდენს 22 მარტს, 2 ივნისს, 13 აგვისტოს, 23 ოქტომბერს, 4 იანვარს დაბადებულებზე. გავლენას ახდენს ვერძის 2°-2°59′, ტყუპების 14°-14°59′, ლომის 26°- 26°59′, მორიელის 8°-8°59′, თხის რქის 20°-20°59′ ადამიანებზე.
სიტაელი მფარველობს ადამიანებს მოულოდნელი თავდასხმისგან და მტაცებელი ცხოველებისგან. ეს ანგელოზი ეკუთვნის სერაფიმების პირველ ჩინს. მისი ღვთაებრივი განსახიერებაა ყოველი ქმნილების იმედის ღმერთი. ერთგულია საკუთარი სიტყვის და მათი, ვისაც მისი იმედი აქვს. მისი ბნელი გენია არის აფერისტობის და დაუნახავობის მფარველი.

C04ელემია
ანგელოზის ყოფნის დრო:
ფიზიკური: 05.04 – 09.04
ემოციური: 12 იანვარი, 24 მარტი, 6 ივნისი, 21 აგვისტო, 2 ნოემბერი
ინტელექტუალური: ყოველ დღე 01:00 – 01:19სს-ში
იგი მფარველია 05-დან 9 აპრილამდე დაბადებული ადამიანების, რომლებსაც ნათალური მზე ჰყავთ ვერძის მეოთხე მეექვსედში. მისი სახელი მფარველობს 23 მარტს, 3 ივნისს, 14 აგვისტოს, 24 ოქტომბერს, 5 იანვარს დაბადებულებზე. გავლენას ახდენს ვერძის 3°-3°59′, ტყუპების 15°-15°59′, ლომის 27°- 27°59′, მორიელის 9°-9°59′, თხის რქის 21°-21°59′ ადამიანებზე.
ელემია, ასტროლოგთა თქმით, მფარველობს მოგზაურებს და ზღვით გადაადგილებულ ადამიანებს, ხელს უწყობს გეოგრაფიაში სასარგებლო აღმოჩენებს. ატანასიუსი თვლის, რომ განსაკუთრებით არაბებს იფარავს. მისი ღვთაებრივი სახელია ალაჰი. ანგელოზების პირველ რიგს განეკუთვნება.

C05მაჰასიაჰი
ანგელოზის ყოფნის დრო:
ფიზიკური: 10.04 – 14.04
ემოციური: 13 იანვარი, 25 მარტი, 7 ივნისი, 22 აგვისტო, 3 ნოემბერი
მენტალური: ყოველ დღე 01:20 – 01:39
მაჰასიაჰი მფარველობს 10-დან 14 აპრილამდე დაბადებულ ადამიანებს, ანუ ვისაც ნათალური მზე ჰყავს ვერძის მეხუთე მეექვსედში. მისი სახელი ეხმარება 24 მარტს, 4 ივნისს, 15 აგვისტოს, 25 ოქტომბერს, 6 იანვარს დაბადებულებს. ანუ როცა ნათალური მზეა ვერძში 4°-4°59′, ტყუპებში 16°-16°59′, ლომში 28°- 28°59′, მორიელში10°-10°59′, თხის რქაში 22°-22°59′.
როგორც ასტროლოგები აღწერენ, მფარველობს მაღალ მეცნიერებებს, როგორიცაა ოკულტური ფილოსოფია, თეოლოგია, თავისუფალი ხელოვნება. ატანასიუსი მას ეგვიპტელთა მფარველობას ანიჭებს. მას შეესატყვისება ღვთაებრივი სახელი თეუთი. მიეკუთვნება ანგელოზთა პირველ რიგს. მისი ღვთაებრივი განსახიერება არის შემწე ღმერთი.

C06ლელაელი
ანგელოზის ყოფნის დრო:
ფიზიკური: 15.04 – 20.04
ემოციური: 14 იანვარი, 26 მარტი, 8 ივნისი, 23 აგვისტო, 4 ნოემბერი
მენტალური: ყოველ დღე 01:40 – 01:59
ლელაელი მფარველობს 15 – 20 აპრილში დაბადებულებს, ანუ ვისაც ნათალური მზე ჰყავს ვერძის ბოლო მეექვსედში. მისი ასტრალური სული გავლენას ახდენს დაბადებულებზე 25 მარტს, 5 ივნისს, 16 აგვისტოს, 26 ოქტომბერს, 7 იანვარს. ანუ როცა ნათალური მზეა ვერძში 5°-5°59′, ტყუპებში 17°-17°59′, ლომში 29°- 29°59′, მორიელში 11°-11°59′, თხის რქაში 23°-23°59′.
იგი მიეკუთვნება პირველ სერაფიმებს. მისი ღვთაებრივი სახელია აბგდი. მისი ბოროტი გენია უღვივებს ადამიანს სურვილს ნებისმიერი ხერხით გამდიდრების. აქვს მამრობითი თვისებები.

C07აჰაიაჰი
ანგელოზის ყოფნის დრო:
ფიზიკური: 21.04 – 25.04
ემოციური: 15 იანვარი, 27 მარტი, 9 ივნისი, 24 აგვისტო, 5 ნოემბერი
მენტალური: ყოველ დღე 02:00 – 02:19 სს
იგი მფარველობს 21-დან 25 აპრილამდე დაბადებულ ადამიანებს, რომლებსაც ნათალური მზე აქვთ კუროს პირველ მეექვსედში. მისი ასტრალური სული გავლენას ახდენს 26 მარტს, 6 ივნისს, 17 აგვისტოს, 27 ოქტომბერს, 8 იანვარს დაბადებულ ადამიანებზე, ანუ რომლებსაც ნათალური მზე ჰყავთ ვერძში 6°-6°59′, ტყუპებში  18°-18°59′, ქალწულში 0°- 0°59′, მორიელში 12°-12°59′, თხის რქაში 24°-24°59′.
იგი მიეკუთვნება ანგელოზთა პირველ რიგს სერაფიმებს. ატანასიუსი მას მიაწერს სომხებზე მფარველობას. იგი ღვთაებრივად განასახიერებს კითილსა და მომთმენ ღმერთს. უყვარს მუსიკა და სასიყვარულო ურთიერთობაში ეხმარება ადამიანებს.

C08კაჰეტელი
ანგელოზის ყოფნის დრო:
ფიზიკური: 25.04 – 30.04
ემოციური: 16 იანვარი, 28 მარტი, 10 ივნისი, 25 აგვისტო, 6 ნოემბერი
მენტალური: ყოველ დღე 02:20 – 02.39
იგი მფარველია 26 – 30 აპრილს დაბადებულების ანუ ვისაც ნათალური მზე აქვს კუროს მეორე მეექვსედში. ასევე გავლენიანია 27 მარტს, 7 ივნისს, 18 აგვისტოს, 28 ოქტომბერს, 9 იანვარს დაბადებულ ადამიანებზე. ანუ ვისაც ნათალური მზე ჰყავს ვერძში 7°-7°59′, ტყუპებში 19°-19°59′, ქალწულში 1°- 1°59′ , მორიელში 13°-13°59′, თხის რქაში 25°-25°59.
ასტროლოგთა თქმით, იგი ეხმარება კაცობრიობას ბოროტ სულთა განდევნა-განადგურებაში. ატანასიუსი მას საქართველოს მფარველად თვლის. შეესატყვისება ღვთაებრივი სახელი მოთი. მიეკუთვნება ანგელოზთა პირველ რიგს სერაფიმების. აქვს განაწყენებული ღმერთის განსახიერება. არის მიწათმოქმედი და სოფლის მაცხოვრებელთა მფარველი. მისი ბოროტი გენია აჩენს ადამიანში კმაყოფაზე ყოფნასა და უშვილობას.

C09ჰაზიელი
ანგელოზის ყოფნის დრო:
ფიზიკური: 1-5 მაისი
ემოციური: 17 იანვარი, 29 მარტი, 11 ივნისი, 26 აგვისტო, 7 ნოემბერი
მენტალური: ყოველ დღე 02.40 – 02.59 სს
იგი მფარველია 1 – 5 მაისში დაბადებული ადამიანების, რომლებსაც ნათალური მზე კუროს მესამე მეექვსედში ჰყავთ. აგრეთვე 28 მარტს, 8 ივნისს, 19 აგვისტოს, 29 ოქტომბერს, 10 იანვარს დაბადებული ადამიანების, რომელთა ნათალური მზე არის ვერძში 8°-8°59′, ტყუპებში 20°-20°59′, ქალწულში 2°- 2°59′, მორიელში 14°-14°59′, თხის რქაში.
ასტროლოგთა თქმით, მეგობრული და პირობის შემსრულებელი ანგელოზია. მიეკუთვნება ანგელოზთა მეორე რიგს, ქერუბუმებს. მისი ღვთაებრივი სახელია აგზი. განასახიერებს მოწყალე ღმერთს. ცოდვათა მიმტევებელია.

ალადიაჰი
ანგელოზის ყოფნის დრო:
ფიზიკური: 6.05 – 10.05
ემოციური: 18 იანვარი, 30 მარტი, 12 ივნისი, 27 აგვისტო, 8 ნოემბერი
მენტალური: ყოველ დღე 03.00 – 03.19
იგი მფარველია 6 მაისიდან 10 მაისამდე დაბადებული ადამიანების, ანუ რომლებიც დაიბადნენ ნათალური მზით კუროს მეოთხე მეექვსედში. აგრეთვე მფარველობს 29 მარტს, 9 ივნისს, 20 აგვისტოს, 30 ოქტომბერს, 11 იანვარს დაბადებულ ადამიანებს. ანუ ვისაც ნათალური მზე ჰყავს ვერძში 9°-9°59′, ტყუპებში 21°-21°59′, ქალწულში 3°- 3°59′, მორიელში 15°-15°59′, თხის რქაში 27°-27°59′.
იგი, ასტროლოგთა თქმით, დამნაშავეებს დაცვაში ეხმარება. იცავს ადამიანებს ჭირებისაგან. ატანასიუსი მას სპარსელებზე მფარველობას მიაწერს. მისი ღვთაებრივი სახელებია სირე  და ეიფი. მიეკუთვნება ქერუბიმების, ანგელოზთა მეორე რიგს. ღვთაებრივი განსახიერებაა მწყალობლის.

C10ლაუიაჰი
ანგელოზის ყოფნის დრო:
ფიზიკური: 11.05 – 15.05
ემოციური: 19 იანვარი, 31 მარტი, 13 ივნისი, 28 აგვისტო, 9 ნოემბერი
მენტალური: ყოველ დღე 03:20 – 03.39
იგი მფარველია 11-დან 15 მაისამდე დაბადებული ადამიანების, ანუ რომლებიც დაიბადნენ ნათალური მზით კუროს მეხუთე მეექვსედში. აგრეთვე მფარველობს 30 მარტს, 10 ივნისს, 21 აგვისტოს, 31 ოქტომბერს, 12 იანვარს დაბადებულ ადამიანებს. ანუ ვისაც ნათალური მზე ჰყავს ვერძში 10°-10°59′, ტყუპებში 22°-22°59′, ქალწულში 4°- 4°59′, მორიელში 16°-16°59′, თხის რქაში 28°-28°59′.
ასტროლები მას ჭექა-ქუხილისგან შემწედ მიიჩნევენ. მისი ღვთაებრივი სახელია დეუსი. ქერუბიმთა რიგს მიეკუთვნება. ადამიანებს ეხმარება იდეების რეალიზებაში. მისი ბოროტი გენია შურისა და ეჭვის დამთესია.

C12ჰაჰაიაჰი
ანგელოზის ყოფნის დრო:
ფიზიკური: 16.05 – 21.05
ემოციური: 20 იანვარი, 1 აპრილი, 14 ივნისი, 29 აგვისტო, 10 ნოემბერი
მენტალური: ყოველ დღე 03:40 – 03:59
იგი მფარველია ადამიანების რომლებიც დაიბადნენ 16 – 21 მაისს, ანუ ვისაც ნათალური მზე აქვს კუროს ბოლო მეექვსედში, აგრეთვე მფარველობს 31 მარტს, 11 ივნისს, 22 აგვისტოს, 1 სექტემბერს, 13 იანვარს დაბადებული ადამიანების. ანუ ვისაც ნათალური მზე ჰყავს ვერძში 11°-11°59′, ტყუპებში 23°-23°59′, ქალწულში 5°- 5°59′, მორიელში 17°-17°59′, თხის რქაში 29°-29°59′.
ასტროლოგების თქმით ჰაჰაიაჰი იფარავს იმ საიდუმლოებებს, რომელიც მომკვდავებისთვის არ უნდა იყოს გაცხადებული. ატანასიუსი მას მიაწერს ბერძნებზე მფარველობას. შეესატყვისება ღვთაებრივი სახელი თეოსი. მიეკუთვენა ქერუბიმთა რიგს. ღვთაებრივად განასახიერებს შემფარებელ ღვთაებას. მისი ბოროტი გენია მიუთითებს ნდობის ღალატად გამოყენებისკენ, ჭორაობისკენ.

C13იეზალელი
ანგელოზის ყოფნის დრო:
ფიზიკური: 22.05 – 25.05
ემოციური: 21 იანვარი, 2 აპრილი, 15 ივნისი, 30 აგვისტო, 11 ნოემბერი
მენტალური: ყოველ დღე 04:00 – 04:19
იგი მფარველია 22-25 მაისს დაბადებული ადამიანების, რომლებსაც ნათალური მზე ჰყავთ ტყუპების პირველ მეექვსედში. მფარველია 1 აპრილს, 12 ივნისს, 23 აგვისტოს, 2 სექტემბერს, 14 იანვარს დაბადებული ადამიანების. ანუ ვისაც ნათალური ზოდიაქო ჰყავს ვერძში 12°-12°59′, ტყუპებში 24°-24°59′ , ქალწულში 6°- 6°59′, მორიელში 18°-18°59′ , მერწყულში 0°-0°59′.
იეზალელი, ასტროლოგთა თქმით, იფარავს მეგობრებს, მეუღლეთა შორის ერთგულებას. შეესატყვისება ღვთაებრივი სახელი ბოოგ. ეკუთვნის ქერუბიმთა რიგს. მისი ბოროტი გენია იფარავს ტყუილს, ბუნდოვანობას.

C14მებაჰელი
ანგელოზის ყოფნის დრო:
ფიზიკური: 26.05 – 31.05
ემოციური: 22 იანვარი, 3 აპრილი, 15 ივნისი, 31 აგვისტო, 12 ნოემბერი
მენტალური: ყოველ დღე 04:20 – 04:39
მებაჰელი მფარველია 26 – 31 მაისს დაბადებული ადამიანის, ანუ ვისაც მზე ჰყავს ტყუპების მეორე მეექვსედში. მფარველია 2 აპრილს, 13 ივნისს, 24 აგვისტოს, 3 სექტემბერს, 15 იანვარს დაბადებული ადამიანების. ანუ ვისაც ნათალური ზოდიაქო ჰყავს ვერძში 13°-13°59′, ტყუპებში 25°-25°59′, ქალწულში 7°-7°59′,  მორიელში 19°-19°59′, მერწყულში 1°-1°59′.
მებაჰელი მფარველობს ქურდებისგან დასაცავად. ატანასიუსი თვლის, რომ ესპანელების მფარველია. მისი ღვთაებრივი შესატყვისი სახელია დიოსი. ეკუთვნის ქერუბიმთა რიგს. მისი ღვთაებრივი განსახიერებაა მფარველი ღმერთის.

 

 

 

 

მოგზაურობა მზიანი საქართველოდან მთვარიან აჭარაში

IMG_20140716_000013

ალბათ იმდენი სათავგადასავლო ფილმი მაქვს ნანახი, მგონია, კონტროლიორი შემოვა და ბილეთის წარდგენას მთხოვს, მე კი ვერაფრით ვიპოვნი, ხან ჯიბეებში ვნახავ, ხან ჩანთას ამოვაქოთებ, ხან სავარძლების ქვეშ ვიბოდიალებ. მერე ეს კონტროლიორი უცხო პლანეტელის ნაბიჭვრად გადაიქცევა, საერთო გონი რომ ამოძრავებთ, პირზე რვა ხორთუმი რომ ჩამოუკონწიალებიათ და უბილეთო მგზავრებს ძალიან შორეულ გალაკტიკაში უშვებენ. სამწუხაროდ, ბილეთი აღმომაჩნდა.
მანამდე ვაგზლის სალაროში რომ მივედი, ლამაზი ბაქოელი ბიჭი ვნახე, ქერა და ხორბლისფერკანიანი, თაფლისფერთვალებიანი. ჰოლივუდის ვარსკვლავს გავდა. მერე გაიღიმა და ოქროს კბილები გამოაჩინა.
ლამაზ და უცხოელ გოგოებთან მოხვედრამ მიმანიშნა, რომ სხვათა ოცნებებს უაზროდ ვხარჯავ.
პატარა ბავშვის თვალების დანახვამ, თუ როგორ უყურებდა დედას, რომელიც დაკარგული ეგონა, გამახსენა, რომ დიდი ხანია ასე არავისთვის შემიხედავს.
თავი რომ ემოციურად გაძარცვულად ვიგრძენი, ვიფიქრე, რომ ტრაგედია მხოლოდ ის კი არ არის, თუ საკუთარი მეობა დაკარგე, ისიც, რომ მეებში ქურდი გყოლია.
ხანდახან ჩაძინებული მგზავრის გადაჯვარედინებული ფეხი მეხება. ფანჯრიდან ვუყურებ როგორ იცვლებიან შენობიდან ხეებამდე, ბოძებიდან სატელეფონო მავთულხლართები, ადამიანები, რომლებიც სეირნობდნენ და მატარებელი დაინახეს.
ღამის ცენტრში გაწოლილი ძაღლი, რომელიც თენდება და ეს ესაა ჩნდება.
IMG_20140718_0005
მე ვიმოგზაურე მზიანი საქართველოდან მთვარიან აჭარაში, სადაც სუნიტები და შიიტები ერთად ლოცულობენ, სადაც ალკადრის ღამეს ხდება ადამიანის ბედის განსაზღვრა. ჩვენთან რომ ბედობა იციან, თევზები და ლობიანები, საყვარელი ადამიანები, მუსლიმებმა ლოცვა იციან. ისე, ყავის ფსკერზე დამალული მომავალივით.
“თქვენი რელიგია გაცილებით რთულია, ამდენი დოგმებია. ჩვენთან მარტო ლოცვებია და ლოცვები”, – ჩემი სათქმელი გაიმეორა ხულოელმა ბიჭმა, რომლის სოფლიდანაც გავრცელდა ქრისტეს რჯული და ბოლო ადგილი იყო, რომელიც გამუსლიმანდა.
“ჩვენზე ამბობთ, რომ თათრები ვართ, არა და თქვენ პირველებმა მიგვატოვეთ, – ამ დროს ქრისტიანის კრებითი სახელი ვარ და საუბარში პასუხისმგებლობას ვგრძნობ, – თქვენი კუთხეები ერთმანეთს ეხმარებოდნენ, ამიტომ გაუძელით, ჩვენ უფრო ცოტანი ვიყავით, მოგვერივნენ. უნდა აგვერჩია სარწმუნოება თუ ენა და ჩვენ ენა ავირჩიეთ. მოღალატეები არ ვართ, ვიცით, რა არის ერთგულება, დღემდე ოჯახებისთვის არ გვიღალატია და ცოლების გარდა სხვა ქალები არ შეგვირთავს. მერე დავინახეთ, სინამდვილეში როგორ არ არის თქვენში ქრისტეს რწმენა. თქვენგან შედარებით ორივე რელიგია ვიცით, ვიცით და ვარჩევთ.”
რამდენიმე დღე გასტანა ჩვენმა საუბარმა, ფხიზლებზე, მთვრალებზე, სახლში დაბრუნების წინა საღამოს მორიდებით ვეკითხები: “მონათვლა გეტკინა?”
“გამოიბერა და უფრო დიდი გახდა”, – ეღიმება.
სინამდვილეში ერთი ქრისტიანი გოგო ყვარებია, მაგრამ რელიგიის გამო მოწამეობრივად დაშორდნენ.
ტურაშვილის ერთი ჩანაწერი მახსოვს, უცხოელი გოგონა რომ აფხაზეთზე ეუბნება: ვერ დაიბრუნებთ, სანამ თქვენთვის კურორტი იქნებაო. იქნებ ეს მოხდა და ხდება აჭარის შემთხვევაშიც? უფროსი თაობისგან ხშირად გამიგია: ბათუმში ვინ მიდიოდა, როცა გაგრა შეგვეძლოო; სოხუმში ისეთი კარგი ამინდები იყო, ქობულეთის ნესტიანი ჰავა ჭირიანიაო. სანამ აჭარისგან მარტო ზღვა გვინდა, ზაფხულობით ხმელეთზე რუჯისთვის წამოწოლა, მისი მთიანეთი და ზამთრობით იგი სულ ცალ ფეხზე გვკიდია, გვიყვარს, როცა ტურისტები მოდიან და ადგილობრივებთან კონტაქტი არა გვაქვს და თათრებს ვეძახით, დიახ, ჩვენ არ გვიყვარს აჭარა როგორც სამშობლო.
და კიდევ ამ ხულოელი მეგობრის მსხვერპლად გაღებულ სიყვარულზე გამახსენდა, ერთხელ ერთმა მოაზროვნემ მკითხა, რომ თუ სიძულვილი მხოლოდ სიძულვილს ბადებს, ხოლო სიყვარული სიყვარულს ამრავლებს, მაშ არ არსებობს წმინდა მოწამეები, მხოლოდ ბედნიერი წმინდანების სჯერა. ტკივილი ხომ მხოლოდ ტკივილს ამრავლებს, რა არის ამაში წმინდა?
და კიდევ თუ ღმერთი მართლა სიყვარულია და ამ სამყაროს სიყვარული ატრიალებს, რატომ ამბობენ ადამიანები რელიგიის გამო ღმერთზე უარს?
IMG_20140716_00088

თანამეწიგნეები და სხვები

tumblr_mz5dqt0GGw1tp9105o1_500

ხომ არსებობენ სქულმეითები, სოულმეითები (რა კარგი სიტყვაა თანამესულეები), ასევე არსებობენ ბუქმეითები.
როგორც ყველა სოციალური ქსელის შემთხვევაში მოხდა, გუდრიდშიც გვიან დავრეგისტრირდი. ავიყოლიე ჩემი თანამშრომელი და ჩელენჯი მოვნიშნეთ ასამდე. საზიარო მაგიდაზე დავიწყეთ კითხვა და გამისწრო. არა, რაც არ უნდა გამიჭირდეს და ვაგებდე, რიცხვს მაინც არ შევცვლი. აღმოჩნდა, რომ ჩემი წასაკითხი წიგნები, ბევრი არაა დარეგისტრირებული. იმისთვის, რომ ატვირთვა შევძლო, უნდა წავიკითხო და იმისთვის, რომ წავიკითხო, უნდა ავტვირთო. ჰო და, ბოლო პერიოდია მე და ჩემი თანამშრომელი სტიმპანკურ რომანებს ვეცნობით. მაგალითად, მექანიკურ საათიან კონკიას. “სატახტო თამაშებიც” ვერ მივიყვანეთ ბოლომდე.
ზაფხულში შვებულება რომ მქონდა, ჩემი ციფრული მეს პარალელურად ხანდახან საჯარო ბიბლიოთეკაში მივდიოდი. ვერანდაში ჩავჯდებოდი და ბალახებმოსხმული კედლების ფონზე ვკითხულობდი. აქ შეიძლება გენახათ ლექტორები, რომლებიც ცდილობდენ სტუდენტებისთვის სისხლი გაეშროთ და რაც შეიძლება მეტი სცოდნოდათ; იყვნენ წვერმოშვებული ბიჭები სასულიერი სემინარიიდან, რომლებსაც სახარების ქვეშ ანთროპოსოფიური ლიტერატურა ეწყოთ; ბავშვები, რომლებიც ბაბუებმა მოიყვანეს და უცხოპლანეტელებზე აკითხებდნენ წიგნებს.
იმ დროს მე ბლავატსკაია ელენა მაინტერესებდა, შტაინერის მოძღვარი, იმ შტაინერის, რომელიც ტოლკინის პლატონური მოძღვარი გახლდათ. საბოლოო ჯამში მოსწავლე რომ განუდგა ელენას, აქაო და ქრისტე ნუ ჩამოაქვეითეო. საინტერესო ლოგო ჰქონდათ თეოსოფებს და ამან მიმიზიდა. ელენას კი ისეთი თვალები, ერთი ეგ დაგამახსოვრდებოდა და მეორე ის ავღანელი გოგონა, ნაციონალურმა გეოგრაფიამ ფოტო რომ გადაუღო. იყო ქალი, რომელიც პროლოგში დაწყებულ დრედებივით ჩახუჭუჭებულ წინადადებას ლამის წიგნის ბოლოს ამთავრებს. ვკითხულობდი, რომ ევულუცია ემბრიონის განვითარების ფორმებში უნდა ვეძიოთ და ერთმა ძველმა ფორუმელმა დამირეკა, წამოდი ნაფარაულზე პიცა ვჭამოთო. აქამდე მარტო ორჯერ მენახა და სიხარულით დავთანხმდი, რადგან უცნობებთან საუბარი მიყვარს: თითოეულზე მგონია, რომ ის ის არის, დაბალანსებურ თემებზე ვისაუბრებთ და მეგობრობის რადიკალიზმში არ გადავვარდებით. ადვილია.
სასაცილოა, მაგრამ თავიდან მამაჩემის გამო გამიცნო, პოლიციელის შვილები მიყვარსო და ერთად გადაღებულ საოჯახო ფოტოებს ვაჩვენებდი. თვითონაც თანამშრომელია. მოკლედ შეჭრილი თმიანი ქალი იარაღით. ორივე გამოეჭვიანებული ნატურაა, ერთი პერიოდი ვგეგმავდი, ერთმანეთს გავაცნობ მეთქი. სხვა ჩვენ რა საერთო უნდა გვქონოდა?! დის შვილთან ერთად მოვიდა და უხერხულობის დასაფარად, ბავშვს ვეფერებოდი. დაკარგულ მეგობრებზე ვჩიოდით. ბოლოს სიჩუმის დასარღვევად ვიკითხე: – კითხულობ რამეს?
– ბლავატსკაიას…არ გეცოდინება.
მე კი ჩემი წიგნი ამოვიღე ჩანთიდან: – მეც.
დამამახსოვრდა ის დღე.

სირაქლემას სინდრომი

1379284997_4440ადრე ერთ წიგნს ვკითხულობდი გაუხრწნელ სხეულებზე სხვადასხვა რელიგიებში და მხოლოდ იმას მივხვდი, რომ პრექრისტიანულ ეპოქაში დაბადებულ ზეზვა და მზიას ძვლებიც შეიძლება ბუნებამ შემოინახოს.
მამა გაბრიელის ნეშთს ისეთი პიარი გაუკეთდა, სულ რომ გახრწნილი ყოფილიყო, უნდა აეწყოთ. ურწმუნო ადამიანის სინდრომი ხომ იმაშია, სასწაულს ჩაეჭიდოს, როდესაც სხვა დასაყრდენი არ აქვს და ვერ ხვდება, რომ თავად გახრწნის შედეგიც ისეთივე სასწაულია, როგორიც დაბადება.
მაგრამ საკითხი იმაშია, რატომ დასჭირდა ადამიანს სასწაულებზე ჩაჭიდება, ტრიმიფუნტელის ფაჩუჩების გაცვეთა, ფორუმელები ზომბის/ზომბირების წარმომავლობას რომ მიაწერენ, გინდაც ცოცხლად აღდგენილი ადამიანი-ღმერთის?!
რატომ არის იშვიათი მოვლენა სასწაულად აღქმული?!
რატომ ვარ მე ერი, რომელსაც ისევე სჭირდება რწმენა არსებობისთვის, როგორც ნაღალატევ ცოლს ქმრის ნუგეში ერთგულებაზე?!
რატომაა საჭირო ერთმანეთის მოფრთხილებისთვის უღიარებლობა, რომ არც ისეთი ანტიკური ეროვნული თვითშეგრძნება გვქონია?! რომ მე-19 ს-ში, როცა მსოფლიოში ყველა ერს თვითცნობიერება ახლად უყალიბდებოდათ და ჩვენთან თერგდალეული 60-იანელები პირველი მერცხლები იყვნენ, ვთქვათ, რომ რამდენიმე ათასწლოვანი თვითშეგრძნება გვქონდა.
რატომ ვწუწუნებთ, რომ მთელი ერი ჩაერია ჩვენს ოჯახურ ამბებში, მას ხომ თავად მივეცით ნება ჩარეოდა ჩვენს ოჯახებში როცა ბნელი 90-იანები იდგა?! ნავთის ღუმელებს ვცვლიდით, უფროსი მეზობლები უმცროსებს ტანსაცმელს თუ სახელმძღვანელოებს ვუთმობდით, – ერთმანეთს სიბნელე ასე გადავატანინეთ, როცა ჟურნალ-გაზეთებში გვერდი-გვერდ ვუშვებდით ერთდროულად პორნოგრაფიასაც და ხატებსაც, ეროვნულ ცნობიერებაში თეორიულიდან განსხვავებით პირველ პრაქტიკულ ნაბიჯებს ვდგამდით თავისუფალ განმარტოებას დახამებული ადამიანები.
ძალიან მაგარი გრძნობაა ეჭვიანობა, იგი ანალიტიკურ აზროვნებაში მყოფ ადამიანს განასახიერებს. სირაქლემას სინდრომის არსი კი მხოლოდ იმაში კი არ არის, რომ თავი დამალო, არამედ უკანალიც მიუშვიროო.

0,001

ისე დაემთხვა, რომ პატრიაქრის ექისტოლისას მეტერლინკს ვკითხულობდი, სადაც აღწერილი ექსპერიმენტი სიმბოლური მეჩვენა მოწმუნე და ანარქისტის შედარებით: თავახდილ ქილებში ცალ-ცალკე ფუტკრებისა და ბუზებს მოვათავსებთ, ისე, რომ ქილის ძირი ნათელი ფანჯრისკენ იყოს მოქცეული, ხოლო ღია ნაწილი სიბნელისკენ, ფუტკრები იმდენჯერ მიარტყამენ თავს დახურულ სინათლეს, სანამ არ მოკვდებიან, ხოლო ბუზები, რომლებსაც არავითარი სინათლის რელიგია არ აქვთ, ინსტინქტებით მოახერხებენ გასასვლელი ადგილის პოვნას, ამიტომ ფუტკრები სულელ მწერებად წარმოიდგინეს, – თურმე რაში ყოფილა საქმე: ამას წინათ სასულიერო პირმა ხელოვნურ განაყოფიერებაზე საუბრისას უშვილო ოჯახისთვის გამოსავლად ტაძარში სიარული დაასახელა. ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში წყვილს სუროგაციის მიმართვა კანონით მოკვეთილი საშვილოსნოს შემთხვევაში შეუძლია, იმედი აქვთ, რომ ლოცვის ძალით მისი ნატურალური აღდგენაა შესაძლებელი. ბუნებრივია, ეკლესიას მრევლის მოკლება არ სურს, ისე, როგორც სუიციდის აკრძალვით, პოტენციურ მლოცველს იძენენ, ჭარბად დემოგრაფიული აზიისგან განსხვავებით, მაგალითად, იაპონიაში, თვითმკვლელობის რამდენიმე სახეობა პატივად ითვლება, ან ინდოეთში, როცა მედიტაციით ტოვებენ სხეულებს, ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით. ზოგადად, რელიგიაც ხომ დემოგრაფიული, სოციალური თუ ეკონომიკური ფარგლებიდან მოდის.

ჩათვალო ეპისტოლე პოლიტიკური შანტაჟის მსხვერპლად, ისეთივე გულუბრყვილო სურვილად მეჩვენება, როგორც ბერია სტალინს ’37 წლის ამბებს უმალავდა. სინამდვილეში ეს დიდი ხნის წინათ დაიწყო, როცა არქაულ წერილებში დაცემული ანგელოზების შესახებ დაიწერა: ლუციფერი ანგელოზებს განუდგა, ხოლო რამდენიმე მათგანმა ალტერნატიული გზა აირჩია და მატერიალურით ტკბობის სურვილით ადამიანებს გამოყვა, შეირთეს მათი ქალიშვილები და ასწავლეს მედიცინა, ხელოვნება თუ მეცნიერების სხვადასხვა დარგი, რითიც მოკვდავებს აჯერებდნენ ღვთისგან დამოუკიდებლად არსებობას. სინამდვილეში ეს ამბავი მაშინაც გაგრძელდა, როცა პლატონს თავისივე მოწაფე არისტოტელე დაუპირისპირდა, განაცხადით, რომ ხელოვნური ვარდი შეიძლება უკეთესიც აღმოჩნდეს ბუნებრივად შობილზე და უარყოფდა მასწავლებლის ე.წ. “ხატის ხატის” თეორიას: ჭეშმარიტი ღმერთის მსგავსის ანუ ადამიანის არსებობას მხოლოდ ჭეშმარიტების კოპიოდ, ხოლო ამ ასლისგან გადაქსეროქსებული შესაბამისად უფრო მეტად იყო დაშორებული ჭეშმარიტებასთან. თეორია ისე მოვიდა ჩვენამდე, რომ გააგრძელა ველურისა და შინაურის, ლონდონისა და პარიზული ბაღების შედარებამაც, მინიმალური სექსით მაქსიმალურ რეპროდუქციამდე.

მეტი რა არის პენტაგრამა, ფაუსტის სახურავზე დახატული გამოსახულების გარდა, მეფისტოფელემ სიმბოლოს მცდარი გამოსახვის გამო შენობაში რომ შეაღწია. ერთი თელემისტური ჯვარის თანახმად, მუხლზე გადაჯვარედინებული ფეხით დაკიდებული ქრისტე, ემოციით, რომ პენტაგრამას ცალი ფეხი აკლია, ანდაც კათოლიკური ჯვარცმა ავიღოთ, ტერფი ტერფზე გადადებული ქრისტეს მაგალითად. ახლა მართლმადიდებლური ჯვარცმა გაიხსენეთ, კვადრატული პენტაგრამას, ადამიანურობის სიმბოლოს, უფრო უახლოვდება. თავიდან ხომ ეს ორსახოვნება იყო ჩაფიქრებული.

ამჯერად, ჩემს ოჯახში ბუნებრივად გაჩენილი ბავშვი იზრდება, მასზე არასდროს ამბობენ, რომ, სიტყვაზე, ნული მთელი ერთი დღისაა, დაბადებას აღნიშნავენ ერთისა თუ ორმოცი წლის იუბილესგან განსხვავებით, მაგრამ არასდროს აღიარებენ ნულობას. ნულობას, ჩვეულებრივ, -280 დღიდან მიღებულს, საიდანაც სხვა ციფრების სვლა იწყება და საწყისს უსახელო ასაკივით გაურბიან.
სიმართლე ვთქვა, ძალიან მინდა სუროგატი ქალი რომ ვიყო, წეროდ უშვილო წყვილებისთვის გადავიქცე და სისხლი გავაგრძელო, რადგან ვფიქრობ, ორსულობა სამსახური არ არის, არამედ მადლი. და თუ სამოთხე მართლა არსებობს და სამსჯავროდან ვინმე მკითხავს, სიკეთე რა მიქნია, – ვეტყვი: ოჯახები გავამრავლე, შეუძლებელია სულის დაბადება იყოს ცოდვა.
ჩანაწერს ხელოვნების შესახებ ნეოარისტოტელური დიალოგით გავაგრძელებ:
” – დედა, ღმერთი მართლა ყოვლის შემძლეა?
– კი.
– მაშინ შეუძლია თავისზე სრულყოფილის შექმნა?”