პრინცესა რომის ბაჭია

ერთ სოფელში ცხოვრობდა პატარა ბაჭია, რომელიც ძალიან მსუნაგი იყო. კომბოსტოსა და სტაფილოსთვის ბოსტანში გადაძვრა, ბოსტნეული დაღრნა და გასუქდა, ისე გასუქდა, რომ ღობეში უკან ვეღარ გამოეტია: თავი ეტეოდა, მუცელი კი ვერაფრით გაკვეხა. იდარდა პატარა ბაჭიამ, დიასახლისი რომ წაასწრებდა და დაკლავდა. ო, როგორ იდარდა. ბევრი ეწვალა, როგორ–ღა არ მიუდგა, თუმცა მუცელი კომბოსტოსავით გაბერვოდა. სად იყო და სად არა, დედა დაინახა, ფათხა–ფუთხით  მისკენ რომ მორბოდა, შეუმჩნევია შვილის არ ყოფნა და მოიწყინა. საშველად ღობეში თვითონაც გადაძვრა, უკნიდან ზურგით მიაწვა და გამოაძვრინა. ამ ზღაპარს ორი დასასრული ჰქონდა: დედა ღობის იქითა მხარეს რჩება და კლავენ, – მაგრამ ეს ვარიანტი მარტო ერთხელ გავიგე, ისე კი ბედნიერი დასასრული აქვს.

პატარა რომ ვიყავი, ბაჭიაზე ზღაპარს მამა მიყვებოდა ხოლმე. იცოდა, მამიკოს გოგო რომ უფრო ვიყავი და ცდილობდა დედა შემეყვარა.  როცა ეგონა, რომ მეძინა, დედა მამას ეფერებოდა და ეუბნებოდა: – აღარ ვიცი როგორ დავიმეგობრო, – ამაზე კი მამა ეუბნებოდა: – აცალე, – მერე ჩემთან მოდიოდა, მე კისერს დაბლა გადავწევდი, – ძველი ჩვევაა დღემდე გამოყოლილი და მიღუტუნებდა. მერე მუცელზე შემისვამდა, საოცარია, მაშინ მუცელზე ვეტეოდი. მე კი ვითომ ვერ ვხვდებოდი რატომ მოვიდა: – მამა, ის ზღაპარი მომიყევი რა შენ რომ გამოიგონე! – სულ მგონია რომ გამოიგონა. ტელევიზორში მაშინ მულტსერიალი გადიოდა და თავის პრინცესა რომს მეძახდა. მაფიცებდა, რომ სიგარეტს არ მოვწევდი და არასდროს გავთხოვდებოდი.

ამჯერად, აღარ გავათენებ ღამეს, რომ ვიგრძნო, ყოველდღიურად როგორ მეზრდება ხერხემალი და სიმაღლეში ისე გავიწევი, რომ საბნიდან ფეხებს გამოვყოფდი, თავს კი საწოლის კიდეს მივარტყამდი. ამჯერად, მამაზე მეტად დედა უფრო მიყვარს და არც საიუბილეო გეგმებისთვის მიმიღწევია: ისევ არასდროს გამიბერავს კევი, არც ბუშტი გამიბერავს, არც მეგობრებთან მიჩხუბია როდისმე, არც არასდროს ჩამოვსულვარ გაჩერებაზე “ელ–დეპო”, არ მომიწევია და არც ლუდი დამილევია. არც კი ვიცი შემდეგ იუბილემდე ამდენს თუ მოვასწრებ. მაგრამ რაღაცა მაინც შეიცვალა.

გამთენიისას სარკეს მივუვარდები, რომელიც თვალებს არ დაუჯერებს როგორ გავიზარდე: სამ დღეში ჩემი დაბადების დღეა. საიუბილეო სანთლების ნაცვლად სამსახურში გავიქცევი და იქიდან შუა ღამეს მოვალ, თუმცა თვალსისხლიანი, ღობეში გაკვეხილი ბაჭიასავით დაქანცული თვალები მექნება, მაგრამ სარკეს მაინც გაუკვირდება და თვალებს არ დაუჯერებს, იტყვის: ერთ ღამეში აუყრია ტანი.

სახლი, რომელშიც ვიპარებოდი

ხედებია ჩემი აივნიდან

 

 

 

არასდროს გავპარულვარ სახლიდან. არა იმიტომ, რომ რახან მეექვსე სართულზე ვცხოვრობდი სიმაღლის მეშინოდა, არც იმიტომ, რომ სურვილი არ მქონდა, მშობლებისგან მორალით მქონდა განსაზღვრული საქმის სიავ-სიკარგე.
სახლი, რომელიც ამოჩემებული მქონდა ჩვენი ბინის გვერდით მდებარეობდა. შიგ არავინ ცხოვრობდა, მაგრამ ძველი მეზობლის სუნი კაი ხანი იდგა.
თამარი ქართველი ებრაელი იყო. როგორც ამბობდნენ, მისი ოჯახი შევარდნაძემ გააწამა, მაგრამ ებრაელებს მასზე ცუდს ვერ დააცდენდი. თბილი ქალი კი იყო: მე და ჩემს ძმას ”ოქროს” გვეძახდა. მიკვირდა, ქვას რატომ გვადარებდა. გვიან გავიგე, რომ ოქრო ძვირფასი იყო.
ჩემი ძმის დაბადება სსრკს დაშლას დაემთხვა. მთელი ზამთარი უშუქობა იყო. ოჯახს ჩვილთან ერთად ცხოვრება განსაკუთრებით უჭირდა. თამარი გვსტუმრობდა და დაირით გვართობდა. ის დაირა წლების მერე ჩემს ძმას გაუტყდა, – ცუდი ხელი ჰქონდა. მახსოვს, დედამ ინერვიულა.
თუ შუქი მოვიდოდა, სერიალებს ვუყურებდით. მაშინ სერიალებს ყველა უყურებდა. კოცნის სცენის დროს ბავშვებს ხელებს თვალებზე გვაფარებდნენ, ისე, რომ არ ვიცოდით რატომ. პირველად აქედან გავიგე, როგორ ჩნდებიან ბავშვები: ”დინასტიის” პერსონაჟმა, შვილის კეთება ახლავე უნდა დავიწყოთო და მშობლებმა ხელები აგვაფარეს. ამ დღეს უკავშირდება ჩემი პირველი იმედგაცრუება ტვინში შეტენილ ღმერთზე, რომელიც ჯადოსნური ჯოხით სახავდა ბავშვებს.
ის ემოცია ახლაც მახსოვს: მიკვირდა. ისევე, როგორც მიკვირდა ყოველ აღდგომას დაყრილი ჭორი, რომ პარასკეობით ებრაელები ბავშვებს კლავენ და მათი სისხლიდან აცხობდნენ ნამცხვრებს. თამართან მისვლას იმ დღეებში ერიდებოდნენ, არც მისგან მიწოდებულ ”ნამცხვრებს” სინჯავდნენ. არა და კეთილი ქალი იყო, რაც თავი მახსოვს, შვილიშვილების დაწყვილებაზე ფიქრობდა: ბიჭი წუნია ყოლია, თქვენს გარიგებულს, მზეთუნახავიც რომ იყოს, არ მოვიყვანო. თამარი რომ მოხუცდა, მათთან გადავიდა საცხოვრებლად. ბინა დაცარიელდა, თუმცა თამარის სუნი რჩება.

****

იმ ხანებში ერთი მულტფილმი გადიოდა. პერსონაჟს პრინცესა რომი ერქვა. მამამაც ასე შემარქვა. და დამაჯერეს, რომ პრინცესები სახლიდან არ იპარებიან. ვერაფრით გავიხსენე მულტფილმის სახელი. მერე ”რომაული არდადეგები” ვნახე.
ხელახლა დავიწყე შეპარვისთვის მზადება. სიზმარში ხშირად ვიპარებოდი და ბინას ინტერიერს ვუცვლიდი. ასე არ ვიყავი მარტო მე. თურმე ჩემი ძმაც თავისებურად ცდილობდა შიგ შესვლას. ღამ-ღამობით, როცა ყველას გვეძინა, თითებით კედელს ფხაჭნიდა. რომ შევამჩნიეთ, უკვე ღრმა ხვრელი იყო. მოგეხსენებათ, სტალინური პროექტის სახლი სიფრიფანა კედლებით. დედამ ნაჩვრეტი პლასტერინით ამოავსო. მერე ვიგებ, რომ ჩემმა მეგობარმა პირადი ცხოვრება მეზობელთან კედელში ხვრელით ააწყო და ასე პლატონურად უყვარდა მასთან სახლში მისვლის გარეშე.
თამარმა ბინის გასაღები ჩვენ დაგვიტოვა. ჩაშვებული წყალი ან მუშების-შესვლა გამოსვლა რომ გვეკონტროლა. აქამდე ზოგი მდგმური, თუ გასაღები სახლში დარჩებოდა, ჩვენგან იპარებოდა სახლში. მე ვუყურებდი, როგორ იპარებოდნენ. სიხშირის გამო ამ სანახაობას შევეჩვიე.

****

სახლმა ბევრი მდგმური გამოიცვალა. ძირითადად, სტუდენტ ბიჭებზე ქირავდებოდა. აღარც მეზობლების ინსტიტუტი იყო, ყავისთვის რომ დადგომოდი. მეზობლებს გარეგნობითაც ვერ ვცნობდი. უბრალოდ ვიცოდი, რომ მდგმურებს უჩიოდნენ: თქვენგან ხმაურიაო, -საყვედურისთვის ურეკავდნენ თამარს.
მერე თამარი გარდაიცვალა. მე და დედა პანაშვიდზე წავედით. მაინტერესებდა, მისმა შვილიშვილმა როგორი ცოლი მოიყვანა. ვერ ვნახე.
ბინას კი ქირაობდნენ მეგობრები, შეყვარებულები, ცოლ-ქმარი.. როცა ბიჭი მეზობლები აივანზე გამოდიოდნენ, მამა აივანზე დგომას მიშლიდა: პრინცესები ბიჭების საუბრებს არ ისმენენო. მე კი მათ სახლში ყოველთვის მინდოდა შეპარვა. განსაკუთრებით მაშინ, როცა შიგ არავინ ცხოვრობდა.
როცა ვიღაც მომეწონა, სურვილი მქონდა, იმ სახლში მასთან მეცხოვრა. გასაღებს ვუყურებდი, როცა მამამ თქვა: რატომ არ ვუჯერებდით თამარს, მისგან ეს სახლი უნდა გვეყიდაო. თამარა ბებო და მისი დაირა ყველას გვიყვარდა.
მერე მამამ გვითხრა, რომ ფული გვჭირდებოდა და ბინას ვყიდითო. ოღონდ სახლი არ გაგვეყიდა და დავშორდები მეთქი იმ ბიჭს, – ღმერთს ვუთხარი. მერე გადავიფიქრე, – სახლი ცარიელი კარკასი გახდა სიმბოლურ დატვირთვებს მოკლებული. და როცა ჩემმა ძმამ ახალი სახლი ნახა, მითხრა: შენ მოგეწონება, მესამე სართულია, აივნიდან ყვავილები მიწამდე ეშვება, – ადვილად გადაიპარები, – გამიკვირდა, საიდან იგრძნო მეთქი. ალბათ ეს ზოგადი ოცნებაა.
თამარის მერე იმ სახლში პირველად შარშან მოვხვდი. და-ძმა ცხოვრობდა. მათ დამპატიჟეს იქ, სადაც ყოველთვის მინდოდა შეპარვა. არქიტექტურა შეცვლილი იყო მთლიანად. თამარის სუნი აღარ იდგა. რომელიღაც სუნამოს სუნი უფრო.
როცა ახალ სახლში გადავედით, კედელზე ნაჩვრეტები და პლასტერინები შევნიშნეთ. გაგვეღიმა. ახლა დედა დგას აივანთან და ამბობს: იმ მთის იქით, ჩემი სახლია. მე კი ვფიქრობ: იმ მთის იქით, ჩემი ოცნება იყო, რომელიც არ გავრისკე. ისტორია არ არის სახლზე. ჩემზეა. მას შემდეგ ყველა ოცნებას ვრისკავ.