რატომ არ უნდა შევაყვაროთ ბავშვებს წიგნები?

რაღაც ჯგუფში იკითხეს 9 წლის ბავშვს კითხვა რომელი წიგნით შევაყვაროო და მე-19 საუკუნის კლასიკოსები ლიდერობენ. 9 წლის ბავშვისთვის ყველაზე თანამედროვე ოტია იოსელიანის რომანებია დასახელებული.
გავჩუმდი, როგორც ჩემს მეგობრებთან ვჩუმდები ხოლმე, რომლებიც გამუდმებით საკუთარ შვილებს ტუქსავენ წიგნებზე მეტად ვიდეო თამაშების სიყვარულისთვის. გავჩუმდი, რადგან 9 წლის ასაკში წიგნების კითხვა მიყვარდა და შეჩვეული ვარ დადგენილი აზრების გაუპროტესტებლად მიღებას.
არა და როგორია, რომ 9 წლის ბავშვს აუხსნა, რომ, როცა ცხოვრება მის წინაშე ასეთი აქტიურია და გარშემო იმდენი რამაა შესაცვლელი, გინდა, პასიურ მდგომარეობაში ჯდომა და სხვების აზრები შეაყვარო.
თამაშებიც ლიტერატურაა, მიმდინარე თხრობასთან ერთად მოთამაშეს სიუჟეტის შეცვლაც შეუძლია. ბავშვი თვითონ არის ავტორებთან ერთად სიუჟეტის დამკორექტირებელი და მთავარი მოქმედი პირიც. თავად არის შესული თხრობაში და საკუთარ თავზე განიცდის ბიძია თომას ქოხის ისტორიულ ამბებს, – ეგ თამაში თურმე მართლა არსებობს. ხანდახან მგონია, რომ წიგნები პოლიტიკოსებმა გამოიგონეს სიუჟეტში ჩაურეველი მოქალაქეების შესაგროვებლად.
პოსტმოდერნისტულ ლიტერატურაში ეს პოლიტიკური ხარვეზი გამოსწორებულია, მკითხველსაც აქვს პატარა არჩევნების უფლებები, ხან მკითხველის გადასაწყვეტია რომელი ფურცლიდან დაიწყებს კითხვას აზრის გადმოსაცემად, როგორც ეს აკა მორჩილაძეს წერილებშია, ხან ნებისმიერ სოფისტური ლიტერატურაში მკითხველი მწერალთან ერთად პასუხობს შეკითხვებს. მაინც ეგოცენტრული საუკუნე გვაქვს.
დღეს უფრო პრეტენზიულები ვართ ხარვეზების მიმართ. მაგალითად, ჩემი ყური ვეღარ უსმენს გიტარიან ტიპებს უბანში, იმდენად რუტინულია მაღალი ჟღერადობის ფონოგრამიანი მუსიკა ჩემთვის, ნატურალური ხმები ხო ხარვეზებითაა სავსე. ასტრონავტების ინტერვიუდან ვიცი, პირველად რომ გადიან კოსმოსში და დედამიწას ზემოდან დაჰყურებენ, ამბობენ: ” ამმ, იური გაგარინს მოეწონებოდა”. თვალი ხომ ვერ აღიქვამს იმაზე უკეთ, ვიდრე – კამერა. და იცი, მშურს ხალხის, ვისაც პეიზაჟების ძალიან ბევრი ფოტო მასალა უნახავს და მაინც, როცა ჭაუხებიდან გადმოყურებს ხევს, ამბობს: “რა ლამაზია”.

მოიპარე!

ერთი თეორიის თანახმად, თუ პირი ნივთებს ხშირად კარგავს, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ მოწყენილია, ავანტურა აკლია და პოტენციური მპოვნელების გაცნობა უნდა. ყოველ შემთხვევაში, ჩემმა ფსიქოლოგმა ასეთი რევიუ დაუტოვა ჩემს ინვალიდ კონცენტრაციას. გონებაში ეგრევე ყველა ნანახი ფილმის სცენა ამომიტივტივდა სადაც დაკარგული ნივთები ურთიერთობაში მედიატორია, რომანტიკული ტინდერია, სამეგობრო ჩატია, თუნდაც მტრად გადაკიდების შანსია. რაღაც წიგნიც მახსოვს ჩემნაირი დაბნეული გოგოს შესახებ, საფულე რომ დაკარგა და სიმპატიურმა მპოვნელმა დედამიწის გარშემო ამოგზაურა. ასეთი სცენარები ხომ ღარიბ და მარტოხელა გოგოებს სტიმულს გვაძლევს რომ კიდევ უფრო დაბნეულები ვიყოთ ან უბრალოდ ჩვენი დაბნეულობა თავგადასავალზე კონცენტრაციით ავხსნათ, ასე უფრო შინაარსიანია.

Anybooks-ის აპლიკაციით ახალი წიგნის კითხვა დავიწყე, რომელსაც “მოიპარე” ჰქვია. სადაც ორიგინალი ეს არის არაგამოვლენილი პლაგიატიზმი, ყოველი ლექსი კი გაზეთში წაკითხული სტატიით იწყება. ზოგადად, ყველა არტისტმა თუ მომხმარებელმა გავითავისეთ, რომ პოსტმოდერნიზმში ოქროს წესი მოქმედებს: თუ იდეას მოიპარავ ერთი პირისგან – არ არის ლეგალური, მაგრამ თუ მოიპარავ სხვადასხვა პირისგან – ლეგალურია. მწერალი რომ ვიყო, სიამოვნებით დავწერდი იმ უტოპიურ სამყაროზე, სადაც სუპერმარკეტიდან ტორტის მოპარვა ისჯება, მაგრამ ფქვილის, შაქრის და ნაღების სხვადასხვა სუპერმარკეტიდან აღება კანონიერია. ამ ბლოგისთვის მე მოვიპარე ქუჩაში ნანახიდან, ღრუბლების ფიგურებიდან, ტრამპის ტვიტებიდან და კიდევ ბევრი სხვა რესურსიდან. მაგრამ იქნებ იმიტომ ვკარგავ ნივთებს რომ ზედმეტად ბევრი მოვიპარე?

შავ ხვრელამდე, დიდო დედაო, დემესთვის!

საინტერესო ოჯახში მოვხვდი, რამდენადაც რელიქვიური ქარქაში ვნახე სატურნისა და მთვარის ეზოთერული სიმბოლოებით. ერთი შეხედვით ერთმანეთთან დაუკავშირებელი პლანეტები შეერთებაში იმყოფებოდნენ და გარშემო ოთხქიმიანი ვარსკვლავები ერტყათ წრიულად. პარალელურად ტელევიზიით მსოფლიო არქეოლოგი დასკვნას აკეთებდა: “ძვლებს ტყუილი არ შეუძლიათ”, – ჩონჩხით აღწერა რა გარდაცვლილის ფიზიკური ცხოვრება და ცოტა ემოციურიც. იქვე, როცა ტელევიზიით ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზებს ისმენ, მომავალში შესაძლო მისაღებ ტრავმებსა თუ გაჯანსაღებაზე /ფიზიკურ თუ მორალურ პლანში/, ხშირად ბარტის სიტყვები მახსენდება, თავის “მითოლოგიებში” ახსენა, სადაც თანამედროვე ყოფას სიმბოლური დატვირთვა მიანიჭა, მაგალითად, სარეცხი საშუალებების რეკლამებისთვის გამოყენებული სიღრმე და ქაფიანობა, სიღრმეზე ქვეცნობირად ღირსების და იდუმალების განცდას რომ გვიტოვებს, ხოლო ქაფიანობაზე მარკეტოლოგები ფუფუნების უჯრედებს გვიაქტიურებენ. “როგორც ჩანს, საფრანგეთში “მისნობისთვის” წლიური ბიუჯეტი დაახლოებით სამასი მილიარდი ფრანკია. ეს კი ღირს იმად, რომ თვალი გადავავლოთ კვირის ასტროლოგიურ კალენდარს…. მოლოდინის საწინააღმდეგოდ აქ არ გვხვდება რაღაც ფანტასტიკური სამყარო. პირიქით, აქ არის ზუსტი რეალისტური აღწერა იმ სოციალური გარემოსი, რომელსაც მიეკუთვნებიან ამ ჟურნალის მკითხველები,” – ასტროლოგია არ წინასწარმეტყველებს ცხოვრებას, არამედ – აღწერს, – როცა ხელში მთელი კვირის პროგნოზი გიჭირავს, მოცემულ სფეროებს ვერ შევაჯერებთ ერთმანეთთან, ვერ გავიაზრებთ ცხოვრების ტოტალურ გაუცხოებას. პატიმრები გადაჰყავთ ერთი კამერიდან მეორეში, მაგრამ ამ კამერებს ვერ შევადარებთ ერთმანეთს. ვარსკვლავები არასდროს იუწყებიან წესრიგის დარღვევას.

მაინც მგონია, რომ ასტროლოგია მისნობად ამგვარმა ჟურნალებმა აქცია, უარესი კი ის არის, რომ ჟურნალისტთა მსგავსად იქცევიან, არ დავასახელებ და, ცნობილი ასტროლოგებიც, ადამიანთა ნახვის, პირისპირ კონტაქტის, საცხოვრებელი სივრცის და დროის გათვალისწინების გარეშე, როგორც ინკუბატორში გამოყვანილ წიწილებზე იწყებენ მუშაობას. ცალკე საკითხია წითელი თუ მწვანე, ნეგატიური და პოზიტიური დღეების შესახებ. ერთხელ, როცა ერთ ასტროლოგს ტრანზიტულ რუკაში სიკვდილის ნიშნის შესახებ ვკითხე, როგორ ამომეცნო ზუსტი თარიღი და სივრცე, მიპასუხა: დიდი ხანია ვაკვირდები და იცი რა ვნახე? ადამიანები უფრო ხშირად პოზიტიური დღეებისას კვდებიან, – ანუ თითქოს ლატარიაში ჯეკპოტი უნდა მოიგო და კვდები. შესაბამისად, ზედმეტად სიმბოლურია კარგი და ცუდი, ვინაიდან, შეჯამებით რომ ვთქვათ, ტრანზიტული წითელი ხაზი ენერგიის დახარჯვას ემსახურება, ხოლო მწვანე ნიშანი პიროვნების მიმღეობაზე, მის პასიურობაზე მიუთითებს. ასე რომ ნეგატიური დღის შემთხვევაში, სახლიდან გასვლას ნუ შეშინდებით, სავსემთვარეობა არა მხოლოდ ორგანიზმში სისხლის მიმოქცევას აღგიგზნებთ, თქვენში ჩადგმულ პოტენციას გამოამჟღავნებს და შეეცდება პასიური მკვდარი არ იყოთ.

სიკვდილზე ლირიკული ჭრილისთვის, ტელევიზიით ისიც გადმოსცეს, რომ ამ დღეებში ბავშვი დაიღუპა, – ფანჯრიდან გადავარდა და სასხვათაშორისოდ ახსენეს, რომ პატრიარქის ნათლული იყო. ადამიანის თვისებაა თავდაცვის ინსტინქტი, ვერ გამოტყდნენ რა მშობლის დაუდევრობაზე, მემკვიდრეობით ცოდვებს გადააბრალეს. პოსტმოდერნიზმი ხომ ის პერიოდია, სადაც უმაღლესი წესები არის ბუნების  კანონები და მათი შემეცნება ჭეშმარიტებასთან მისასვლელი გზა, ხოლო მიდგომა “ათი მცნების” მიმართ უკვე ინდივიდუალურია. თანაც ისე,  რომ ღმერთი კი არ დაკნინდეს, არამედ  ყოვლისმომცველი სამყარო გახდეს, მისი პოვნა ერთდროულად მარსზეც შეიძლება და ხეებშიც. ვისაც რუნები დაუთლია, ნებისმიერი ხეც მოყვება შენს ისტორიას. ინფორმაცია ხომ მანამდე ინახება სანამ შავ ხვრელში მოხდება, ადამიანი კი მაშინაც აგრძელებს ცხოვრებას როცა მკვდარია, დამოკიდებულ მოღვაწეობას საფლავქვეშ და თანდათან ქვეწარმავლებში გარდაისახება, ისინი კი თავის მხრივ ფრინველებში და არაფერია ახალი, – მეტი რა არის რეინკარნაცია, ევოლუციის გზაზე ალქიმიაც ქიმია ხდება, ხოლო “სამეცნიერო ფანტასტიკა – სამეცნიერო ფაქტი”. შავი ხვრელი კი ერთხელ შექმნილი სამყაროს გარდასახვის, ნებისმიერი ტოტალური ენერგიის ანუ ტოტალური სულის განადგურებად წარმოგვიდგება, ანუ მორიელის ხანაში მცხოვრების (შავი მატერია ხომ მკვდარი მზეების შემდეგ შეიქმნა, აქ პარალელია “მზე დაცემულ” სასწორის ნიშანთან) ანუ შავი ხვრელის პირდაპირი თუ მითური გაგებით, სადაც ნებისმიერი გარდაცვალებით გაგრძელებული ცხოვრება შიგნით ატომების დონეზე ნადგურდება. ირონია კი იმაშია, რომ სამყარო შავი ხვრელიდან აფეთქდა.

სადღაც ერთი თვის წინ, სასაცილო სიტუაციაში აღვმოჩნდი, როცა ძველმა ჯგუფელმა, პირველად ლინგვისტიკის ლექციაზე რომ ვნახე და ახლა ბავშვებს ქართულ ენას ასწავლის, ჩაის სმისას შვილის მონათვლა მთხოვა. მორიდების გამო ყურადღება არ მიმიქცევია და თემა შემიცვლია. მაშინ არც მიფიქრია, რომ სწყინდა. ლამაზი ჯვარი ვიყიდე კიდეც და ერთი კვირის მერე ვნახე წერილი, რომ გადაიფიქრა. გადაიფიქრა? ნუ კაი. არც გავამხილე რომ ვიყიდე. დავივიწყე. მერე დამირეკა და მერე რაო, რა რომ ბავშვები არ მიყვარს, “პამპერსი” “ოლვეისის” მსგავსი მგონია და ბავშვის სქესი ყოველ ჯერზე მავიწყდება, ვიცი, რომ მისი ზოდიაქო მორიელია, და რახან კეთილი მეგობარი ვარ, ამიტომ ნათლია უნდა რომ ვიყო. ამბობენ, იყო მონათლული ეს საშვია სამოთხეში მოსახვედრად, იყო ნათლია კი შენთვისაც ერთგვარი სარეკომენდაციო წერილია. მე დემე მოვნათლე, ჩემი მეგობრის მეორე და დაუგეგმავი შვილი. ტაძარში, სადაც კვეთებულის მოსმენა ნორმაა, მაღლიდან თოლიების ცეკვას უყურებ და.. და ძვირია. იმხელა პასუხისმგებლობაა, რამდენადაც ჩემთვის შემდგარი სულის ხელახალი ყოფნა მორიელის ტრანსფორმირებული ნიშნით. მაგრამ არ ვიცი, შვილი თუ მეყოლება რამდენად მომინდება მისი მონათვლა, მითუმეტეს, ბავშვობაში და გაუაზრებლად. რასაც ყოველთვის ვეძებდი იმას, ანუ რიტუალებს მინდა მოვაკლო. მაგრამ ძილის წინ ქართული, მშობლიური ფოლკლორიდან წავუკითხავ უხმოდ ერთ პატარა ლოცვას, რომელიც საქართველოში “მამაო ჩვენოს” შემოსვლამდე არსებობდა:

“დიდო დედაო,
ცაო მშვენიერო,
მომცველო ყოველივესი,
შემქმნელო და დამბადებელო უსასრულო სამყაროში,
დაუტეველო, უმცირესში ჩატეულო,
უწონ-უმანძილოვ,
ცარიელა და სავსევ,
უჟამო,
უძრაო,
წყვდიადო ცაო,
სივრცეში, დროში ნათლით გამოვლენილო,
ერთა და ერთთა ერთობაო, მომეც უფლება უფლებათა,
დავრჩე მართალი ჩემ თავ-უფალთან და სამართლიანი სხვათა მიმართ,
რათა დავიცვა ცის სიწმინდე და ვიყო თავისუფალი,
ვითარცა შენ, ცაო თავნებაო”.
ლოცვით პირველივე ნახვისთანავე ხიბლში ჩავვარდი, ვუყურებ ნეგატიურისა და პოზიტიურის შეერთებიან იარაღს და ვიხსენებ პრექრისტიანურ ეპოქაში შექმნილ ლოცვას: შენდობის ნაცვლად სიმართლეს სთხოვდა და პურის ნაცვლად – თავისუფლებას. ლოცვაა, რომელიც,  ეტყობა ქართული ხასიათიდან გამომდინარე, გამორიცხავს მუხლის ჩოქვით საუბარს, არამედ მიმართებას შვილის მშობელთან. თანაც მაშინ, როცა სამყაროს მეორე მხარეს, ღმერთი აღიქმებოდა არა როგორც მამა მხსნელი, არამედ ძველი აღთქმის უძღები შვილის მამა.

მე უკვე ვიცი დემე როგორ აღვზარდო: ბღუჯა წიგნებს დავიჭერ თეოსოფიაზე, ანთროპოსოფიაზე, თორაზე, ბიბლიაზე, ყურანზე და როცა მეგობართან ჩაიზე გავალ, დემეს ვუკითხავ და ვეტყვი: “მასწავლე. ჯერ კიდევ შარშან მასთან იყავი. შენ უფრო გახსოვს რა არის ღმერთი”.
983605_472001682888751_392415099_n

ბიოპანკი ლიტერატურაში

სამეცნიერო ფანტასტიკას ის მიზანიც აქვს, ნებისმიერი ფანტაზია მეცნიერულად გაამართლოს. კონკრეტულად ბიოპანკის შემთხვევაში თვალს ვადევნებთ მიწისქვეშეთის ბიოლოგიურ ექსპერიმენტებს. ბიოპანკი ეს ამბავია გენურ ინჟინერიასა და ბიოლოგიურ ძიებებზე. მოვლენების სათანადო განვითარებისას ზოგჯერ შედის საშინელებათა ჟანრში. მაგალითად ნაჩვენებია, მეცნიერთა ხელში ადამიანთა სასურველად გადაკეთების, კლონირების ვერსიები, როგორ ქმნიან მოძალადე მუტანტს. ან მიმართავს საერთაშორისო პოლიტიკას, როცა ატომურ იარაღზე საშიში ხელოვნურად გამოწვეული დაავადებებია. ის მოედება არა მხოლოდ რომელიმე ქვეყნის ტერიტორიას, არამედ მის ფარგლებს გარეთ გავა. ცდილობენ გენური ინჟინერია გამოიყენონ, რათა დაბადებული ადამიანები მონაცემებით თავიდანვე იყვნენ დაგეგმარებულნი. (გათაკა.1997) ამ დროს მწერალი უნდა ერკვეოდეს ბიოტექნოლოგიებში, თანამედროვე ბიოლოგიის მიღწევებში.

ბიოპანკი სამ. ფანტასტიკის მიმართულებებში ჩემთვის იმდენად საინტერესოა, რამდენადაც სურვილი,  ვფლობდე, პირველ რიგში, საკუთარ თუ სხვათა სხეულს. მისი მეშვეობით, ათეიზმს ადამიანის ეგოცენტრულობა ენაცვლება და საკუთარ თავს ზილავს თიხის ”ნავაროჩენი” ვარიანტისგან სასურველი ფორმის მისაღებად. სამეცნიერო ფანტასტიკისა და ფენტეზის ჟანრს შორის კი ის განსხვავებაა, რომ ამ უკანასკნელში პარანორმალური სხეულები ნატურალური მოვლენაა, პირველში კი აღწერილია გზა, ხელოვნურად თუ როგორ მივიღოთ ის. ეს ისე, შესავლისთვის. ამჯერად კი ჩემი ბიოპანკის ბიბლიოთეკიდან სამ ძირითად თემაზე გავამახვილებ ყურადღებას:

  1. პლასტიკური ქირურგიის პლიუს-მინუსებზე, ანუ იდეალური სილამაზითა და მის შესაბამისად სიმშვიდით  განთქმულ სამყაროზე;
  2. კლონირების პრობლემაზე ანუ რამდენად არის ფიზიკური სხეულის იდენტურობა გონებისთვის გადამწყვეტი;
  3. დესტრუქციასა და გენეზისზე.

”მახინჯები” სკოტ უესტერფილდის ავტორობით დაწერილი ახალგაზრდული რომანია, ფანტასტიკის ჟანრს რომ მიეკუთვნება და იმავე მწერლისგან სერიებსაც ქმნის. ეს წიგნები ერთად რომ ავთქვიფოთ, მოქმედება ანტიუტოპიურ მომავალში მიმდინარეობს. რომანის მთავარი, ფუტურისტულ ქალაქში მცხოვრები პერსონაჟი, 15 წლის ტელი იანგბლადია, რომელიც ხელსაყრელ ასაკს ელოდება პლასტიკური ქირურგიის წყალობით სხეული რომ გაილამაზოს. სამყარო, რომელშიც ის ცხოვრობს ლამაზია. შეიძლება იმიტომ, რომ 16 წლის ასაკიდან პლასტიკური ქირურგია მასისთვის ხელმისაწვდომი და პოპულარულია. ამაზე კი ცნობილი ფრაზა მახსენდება: ”ყველა ქალი ლამაზია, მადლობა ფოტოშოპს”.

მაგრამ დედამიწა დაჟანგდა. მეტსახელიც შეურჩიეს: ”ჟანგიანი მსოფლიო”. ადამიანებმა იმდენი მეტალი გამოიყენეს, რომ მიწა წახდა და დაჟანგდა. ნივთიერებათა ცვლა მოხდა, ოქსიგენებთან რაღაც (არ მახსოვს) შეერთო და აალდა. სამაგიეროდ, ყველა ლამაზი და სუპერმოდელია. არიოლის მანათობელი ეფექტი (halo effect) კი ძალადობას ამცირებს. თანასწორობის შემთხვევაში სილამაზე თავის მნიშვნელობას კარგავს, ეს ადგილია, სადაც არავინაა ლამაზი და არც არავინ მახინჯი, თანასწორობა კი საამურობის გარანტიაა. თან საამურობის მოთხოვნილება მათში იმდენად დიდია, რომ სათანადო შედეგებისთვის ტვინის უსარგებლო ქსოვილების განადგურება უწევთ. ამით ადამიანის სხეული საერთაშორისო პოლიტიკის მწარმოებლის როლში გვევლინება. ჩემი ფრაზაა, რომ ცხოვრება ფოტოაპარატს ჰგავს, სადაც სინათლე სიჩქარის პროპორციულია და პირიქით, ანუ სასურველი ფოტოს მისაღწევად სასურველი ფოტო უნდა დათმო. ვისაც კამერასთან ჰქონია შეხება, მიმიხვდება.

მაგრამ საკვანძო მომენტები სისტემასთან რამდენიმე აჯანყებული პერსონაჟის ირგვლივ ვითარდება. თუ დაკვირვებიხართ, პლატონისეურად ყოველთვის გამოერევა ერთი-ორი ღვთისგან მოცემულ სიმახინჯეს ადამიანისგან შექმნილ სილამაზეზე მეტად რომ არჩევს. მოკლედ რომ ვთქვა, მთელი კითხვის მანძილზე მწერლის მორალი დამყვება, რომ მთავარია პერსონალური აზრები და არა გარეგნული ბრჭყვიალებები. ვიცი, რომ რომანის მიხედვით შარშან ფილმიც გადაიღეს. ისიც გავიგე, მწერალს მოზარდებისგან წერილები მისდიოდა, რომ დიეტას აღარ იცავდნენ და მკერდის ოპერაციებს აღარ იკეთებენ. <გადმოსაწერი ლინკი>

”არასდროს გამიშვა” კაზუო იშიგუროს ავტორობით შექმნილი ბიოლოგიურ მიღწევებზე ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ანტიუტოპიაა. სიუჟეტი კაცობრიობის გადარჩენისთვის შექმნილ ადამიანთა კლონებს ეხება და მოგვითხრობს ლაბორატორიაში აღზრდილ ბავშვებზე, რომელთა მომავალიც ორიგინალთა ჯანმრთელობით განისაზღვრება.

წიგნის ამოცანაა უარყოს ან დადგინდეს კლონთა იდენტურობა საკუთარ თავებთან, აქვთ თუ არა თავისუფალი ნება თუ ორიგინალთა ნაწილნი არიან და მათში სულის არსებობის შესაძლებლობა. ბუნდოვანია მიზანი ადამიანთა გადარჩენაა ავადმყოფობებისგან თუ კლონების გადარჩენაა ადამიანების გადარჩენისგან. მიზანი მიიღწევა არტ-ექსპერიმენტით, ანუ აღმზრდელები ცდილობენ გაიგონ, ბავშვებს რამდენად შეუძლიათ შექმნან დამოუკიდებელი ხელოვნების ნიმუშები.

კაზუო იშიგურო კი წიგნის იდეას წარმოგვიჩენს კლონთა ცხოვრების აღწერით: ბავშვობიდან დაწყებული, როდესაც ისინი პირველად აცნობიერებენ სამყაროს და უჩნდებათ ეჭვები და ემოციები, მოზარდული პრობლემების გავლით დონორობით დამთავრებული, როცა ორგანოების ტრანსპლატაციაზე მიდიან. სასიყვარულო სამკუთხედით შექმნილი სევდიანი ისტორიაა, თან ადამიანური და კლონური სიყვარულის დაპირისპირებით პარალელი ივლება ორ არსებულ სამყაროს შორის. <გადმოსაწერი ლინკი>

 პოსტმოდერნისტებისთვის ძველის დანგრევა და ახლის შენება, ეს მიდგომა აპოკალიფსური დრომოჭმული არსებობის და ახალ, ვირტუალურ, ოცნებათა ახდენის სამყაროში შესვლაა. სიცოცხლეზე, ნორმაა. სურთ გათავისუფლება დრომოჭმული არსებობისგან და ახალი, ვირტუალური, ოცნებათა ახდენის სამყაროში შესვლა. 

ოქტავია ბატლერის ტრილოგია ”ქსენოგენეზისი” ცდაა ახალი სამყაროს შექმნის. წიგნის თანახმად, კაცობრიობამ გაუთავებელი ომებით და ატომური იარაღებით გაინადგურა თავი. სიტუაცია კი ერთადერთი გადარჩენელი ქალის – ლილიტის, როგორც პირველსაწყისი ქალის – ირგვლივ მიმდინარეობს. მან ახალ რასას უნდა ჩაუყაროს საფუძველი. აქვს კონტაქტი უცხოპლანეტელებთან, რომლებიც დედამიწას თავიანთი ექსპერიმენტებით ქმნიან. მანამდე კი ლილიტზე ექსპერიმენტებს ატარებენ.

თავად ტრილოგიის მხოლოდ პირველი ნაწილი წავიკითხე და მასვე ეხებოდა ჩემი სამაგისტრო თემაც. ჭორის დონეზე გავიგე, რომ ბოლო თავებში იუდას შობას ლილიტს აწერენ. ტრილოგიას სხვაგვარად ”ლილიტის გუნდსაც” ეძახიან. იგი სამი ნაწილისგან შედგება: ”დაბლა”, ”ყმაწვილობის წესები” და ”იმაგო”. მწერალი ერთგვარად ცდილობს ბუნებასთან დაბრუნების იდეა შემოგვაწოდოს. ამას ასრულებს დანგრეული ცხოვრების ჩვენებით და ალტერნატიული გზების მოძიებით თუ გამეორებით. ატაცებული აქვს რუსოს, ჰიპთა თეორიები. შავკანიანი მწერალია პოსტკოლონიურ პერიოდში. ამ დროს კი ამბობენ, ქრისტე შავია, პირველი ქალი შავია. ბედნიერ კითხვას გისურვებთ. <გადმოწერა>

მოდერნიზმის შემდეგ

„მე ვასკვნი, რომ ხელოვნების ნამდვილი მცოდნე და შემფასებელი სწორედ ისაა, ვისთვისაც ის მოკლებულია მნიშვნელობას“.(იუნგი)

თანამედროვე ხელოვნებაში სიმულაკრულია სექსის იდეა და ჩვენი ალისებად ქცევა ზღაპრულ სამყაროში. სიმულაკრულია ჰოლივუდური ღიმილი და საკუთარი სხეული, მაგრამ სანამ „რობოტების ქალაქში“, ზობმირებულ დისნეი ლენდში(უმბერტო ეკო) მოვხვდებით, ჯერ რიგი უნდა დავიცვათ. რიგი გრძელია, რადგან ადამიანია ბევრი. ისინი სხვა სამყაროს ელოდებიან, უტოპია ხელმისაწვდომია. გადაგვარებული უტოპიააო, ეკომ, იკონიზმის სამყარო, სადაც ტოტალური სიყალბე ნებადართულია.

პოსტმოდერნის განსაზღვრება, შემთხვევითი არ უნდა იყოს, „ფლეიბოიში“ დაიბეჭდა. ამ ეპოქაში ინოვაციებს არ უნდა ველოდოთ. ის მთელი რიგი წვრილმანებითაა სავსე. იწყება იქ, სადაც მთავრდება მთლიანი. ლიოტარმა ტერმინი პოსტმოდერნში ჩავარდნა შემოიღო, რითიც თავისი პერიოდის ფონს გაუსვა ხაზი. ეს კონსამერული ანუ სამომხმარებლო ეპოქაა. იძლევა ცოდნის კომერციალიზაციას.
აბსტრაქტული ექსპრეციონიზმიდან და პოპ–არტიდან მოდერნიზმი პოსტმოდერნში გადადის.

– მოდერნისტული ხელოვნება ეპისტემოლოგიურია, პოსტმოდერნისტული – ონტოლოგიური (ბრაიან მიშელი).

მკვლევარს იმის თქმა უნდოდა, რომ პოსტმოდერნიზმი მოდერნიზმისგან ისტორიულ–შედეგობრივად დაიწყო, მთავარი, რაშიც ის მოდერნიზმს უარყოფს, არის ეგზისტენციალურ კითხვებში ჩაღრმავება. აღარ შეისწავლის შემეცნების თეორიის საფუძვლიანობას. თუ ნიცშესგან ღმერთის სიკვდილი ტრაგედიად აღიქმებოდა, ამჯერად პოსტმოფერნულ ხელოვნებას ეს ნაკლებად ადარდებს.

ონტოლოგია მეცნიერებაა ყოფიერების არსზე. ის სამყაროს თეორიული აღწერაა. ერთადაა სამეცნიერო და პოსტმოდერნული ფიქცია. ორივეს აქვს თავისი მთავარი ინტოლოგიური პოეტიკა. მაგრამ მათ შორისაცაა პარალელი. ზღვარი კარებზე გადის. დეტალების აღწერა აღარაა საჭირო. ნებისმიერს შეუძლია ნებისმიერ ადგილზე და დროზე ინფორმაციის მოძებნა და რომანი დეტალურობისგან დაცლილია.

პოსტმოდერნიზმი ეხება დუალისტურ ონტოლოგიას. სამეცნიერო რომანი არის ის, რაც დეტექტიური რომანი იყო მოდერნიზმში. ისტორიულ ნოველაში კი ხალხს აინტერესებს დაგეგმარებული სამყარო, მისი მოშლის მექანიზმები და სხვა.

მისი ტექსტის აგების ძირითად პრინციპად მიიჩნევენ ნონსელექციის ცნებას, ანუ ენობრივი და სხვა ელემენტების წინასწარ შერჩევაზე უარის თქმას და ტექსტის აგების კოლაჟისეულ ხერხს. უკვე სამყარო აღიქმება როგორც ქაოსი, სადაც ღმერთი, მეფე, ადამიანი, გონება, სახელმწიფოებრივობა, ენა, ისტორია, დრო, სივრცე აბსტრაქტული ცნებებია. ამგვარად, იქმნება ქაოსი და მკითხველი ვერ უნდა მიხვდეს, თუ როგორ განვითარდება ტექსტი.

პოსტმოდერნიზმი გლობალიზაციას მიადგა. მისი სფერო მასშტაბურია და ლოკალურობას სცდება. იღებენ ფილმებს, სადაც უცხოპლანეტელები გვიტევენ და მთელი მსოფლიო საერთო მტრის წინაშე ერთიანდება. შემთხვევითი არაა, ნიუ–იორკული არქიტექტურა, მინის ნაგებობები ერთმანეთში გადადიან და შენობა–შენობაში ითქვიფება.

დებულებამ, რომლის თანახმადაც, ისტორია და საზოგადოება შეიძლება წავიკითხოთ როგორც ტექსტი, განაპირობა კულტურის, როგორც ერთიანი ინტერტექსტის აღქმა. ამ შემთხვევაში ავტორი და მკითხველი მკვდრები არიან და მათი ცნობიერება ციტატებისგან შედგება. ანუ სამყაროში უკვე ნათქვამია ყველაფერი ყველაფრის შესახებ, პოსტმოდერნიზმი მოკლებულია ინოვაციებს და ტექსტი იქმნება კალეიდოსკოპის პრინციპით.

პოსტმოდერნი ნაკლებადაა სკანდალური და თავისი უფლებების დამცველი. მისთვის ჭეშმარიტება პირობითი ცნებაა და არც ძველ მწერლობას უარყოფს, როგორც ამას მოდერნისტები აკეთებდნენ. აქ უკვე სინამდვილე მხოლოდ წარმოდგენაა სინამდვილის შესახებ და ის შერჩეულ თვალთახედვაზეა დამოკიდებული. სხვადასხვა სტილი და ჟანრი ერთ ტექსტში ერთიანდება. პოსტმოდერნული ტექსტი არის ფესვთა ჯგუფი, რომელსაც ღერო არ აქვს.

თუმცა ეს განსაზღვრებები ზოგადია. ასევე ქვემოთაა მოდერნი პოსტმოდერნისგან განსასხვავებელი ცხრილი. შენიშვნა: თუ დააკვირდებით, ამის მიხედვით, ავანგარდი მოდერნიზმის კუთვნილება არ არის.

პოსტმოდერნზე წერენ:

„პოსტმოდერნს“ განიხილავენ, როგორც ახალ ტექნოლოგიათა ეპოქას, კოსმიურ იდეოლოგიას, მეორენი ამ ნიშნით სწორედ ტექნოლოგიათა მოზღვავებას ემშვიდობებიან, მათთვის პოსტმოდერნი „მწვანეთა“, ეკოლოგთა, ალტერნატიულთა იდეოლოგიაა.“(ვოლფგანგ ველში)

– პოსტმოდერნი შენელების პერიოდია. ჩემთვის მოდერნულია ის ხელოვნება, რომელიც თავის „მცირე ტექნიკას“ წარმოაჩენს იმისთვის, რომ წარმოუჩენელი არსებობს. მალევიჩის თეთრი კვადრატი შეიძლება დავინახოთ იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს რამის დანახვა. პოსტმოდერნი არ არის მოდერნის დასასრული, არამედ მისი დასაბამი. „ავანგარდი მილიტარული ქვეტექსტით. (ჟ.ფ. ლიოტარი).