ლეგენდები თბილისის დაარსებაზე

საბჭოთა ლექსიკა ურბანულ სნობიზმში გადაიმალა. მაგალითად, ვერის ბაღის კიროვის პარკად მოხსენიება ხო ნიშნავს ჰიპსტერულ სინდრომს “ეგ ადგილი მე შენამდე ვიცოდი”. ურბანული სნობიზმი კი საკმაოდ დუალისტური ბუნებისაა, ეკონომიური ფაქტორები რომ გამოვაკლოთ, მის გამოა რომ ჩემს თაობაში მეტრო ინარჩუნებს სტილს და ვინმე რიგითი საბურთალოელი დიდი ჯიპის მაგიერ ჩადის მიწისქვეშ, მანქანები პროვინციაში უყვართო. სნობიზმის და ცოტა საიფაისაც.

ჩემში მცირეა სოციალისტური გემოვნება, ტიპური კაპიტალისტი გოგო ვარ fast fashion guilty pleasure-ებით. მაგრამ ჩემს თაობას სოციალიზმი ჩვევებში და გემოს რეცეპტორებში განსაკუთრებით შემორჩა. ჩემთვის სოციალიზმის სიმბოლოა ტკბილი ღვინო და შაქრიანი ჩაი, როცა კაპიტალიზმის სიმბოლო მგონია მშრალი ღვინო და უშაქრო ჩაი. კაპიტალიზმისთვის ხო პროდუქტი თავისთავად უნდა იყოს მაღალხარისხიანი შაქარმა რომ არ დაჩრდილოს. მაგრამ არის გემო, რაც მისი სოციალისტური ბუნების გამო მიყვარს, ესაა ოლივიეს სალათა. შეიძლება ბავშვობის ნოსტალგიის გამო, მაგრამ მთავარია ვერთობი. სიყვარული არის როცა ხედავ ვინმეს ქუჩაში, ვისაც შენნაირი ყურსასმენი უკეთია და ოლივიეს სალათა. შეიძლება იმიტომ მიყვარს, რომ ასოცირდება ბავშვობასთან და მამას ხელფასთან. შემწვარი კარტოფილი მანამდე და თვის ბოლოს ოლივიეს სალათა, როგორც ცუდი და კარგი პოლიციელის გათამაშება. დამნაშავე ვარ, შემწვარი კარტოფილი არ მიყვარს.

არც – ახალი წელი. მგონია, რომ პოლიტიკურად ცუდი მაგალითია, რადგან პირველობის ფეტიშს გვაძლევს. უპირატესობას აძლევს პირველ შვილს, პირველ ქმარს, პირველ ხილს, პირველად დაგემოვნებულ კერძს და ა.შ. მერე ვამბობთ, ებრაელთა გენოციდი კი არა, მასე გენოციდი პირველად ებრაელებმა დაიწყესო; ან გახარიას დარბევა კი – არა, ხალხი პირველად ნაციონალებმა დაარბიესო. არა და სულ სხვაა სიყვარული უკანასკნელი, როგორც ყვავილი შემოდგომის ხშირად პირველს სჯობს, როგორც თვის ბოლოს ჩარიცხული ტკბილი ხელფასი.

***

ხანდახან როცა მთაწმინდიდან თბილისს ვუყურებ, მის წარსულს წარმოვიდგენ. არა ისე, როგორც ტურისტებს უყვებიან გორგასალზე ლეგენდებს, უფრო შემდგომი პერიოდის თბილისის დაარსებას, ნამდვილი თბილისის დაარსებას, რადგან თბილისი მხოლოდ ორთაჭალა-ვერა არ არის, ნავთლუღი და დე ფაქტო ნაძალადევია, ფანჯრებზე გაქონილი ქაღალდებია, უსახლკარო გლეხებია კუთხურ ქსელებად ან ერთმორწმუნე ჯგუფებად დასახლებულები, სიმინდი რომ გაიტანეს ექსპორტზე და იმ თანხით თბილისში აიშენეს სახლი, ძველი სომხები რომ ახალ ემიგრანტ სომხებს ამრეზით უყურებდნენ, ჩამოსულოო, აზერებს რომ ჯერ ეროვნულობა არ აქვთ და მუსულმანს ნიშნავს, თბილისი ეს ზაქარია ჭიჭინაძის წიგნის მაღაზიაა, რკინიგზელელებია. თბილისი ხომ რკინიგზის მშენებლობის დროს დაარსდა.

სენტიმენტალურია, როცა ძველი თბილისის გაურემონტებელ იტალიურ ეზოში ცხოვრებისთვის თითქმის ორმაგს ვიხდით, ვიდრე რიგით უკეთეს ბინაში დელისთან. თითქოს საკუთარ ქალაქში ტურისტად ყოფნა გვინდა. სენტიმენტალური, სნობური და ნეკროფილური, იქაურ აბორიგენებს კი აგრესია უჩნდებათ და ამბობენ “ბელნსკი”, “კიროვი” და სხვა. სნობიზმი ესაა ომი ისტორიასა და სხვა ისტორიას შორის. ჩემთვის თბილისი მიერთებების გარეშე მკვდარია, როგორც ენების გრამატიკას სიცოცხლეს ზღვრების დარღვევა სძენს. თორემ იქნებოდა წალკა, რაიონი, რომელიც ისეთივე ოთხკუთხედია, როგორიც იყო და ალბათ დარჩება.

ჩემთვის თბილისი ქალებმა ააშენეს. ბატონ-ყმობის გადავარდნის მერე უსახლკარო გლეხკაცები თბილისში ჩამოვიდნენ და ახალი ქალაქის მშენებლობა დაიწყეს. კაცები დასაქმებულები იყვნენ ან რკინიგზის მშენებლობაზე ან სასულიერო სემინარიაში სწავლობდნენ. ანუ ქალებისთვის საქმე არ იყო. ბინის ქირა 2.5მანეთიდან 5მანეთამდე მერყეობდა. მაშინ ხელფასი დღიურად 20კაპიკი იყო, ხოლო ქალების ანაზღარება – უფრო დაბალი. ქალები მხოლოდ თამბაქოს დამფასოვებლებად მუშაობდნენ ან მეძავებად. და როცა აჯანყების დრო მოვიდა შრომითი რეფორმების გამო, სანამ მეძავები და თამბაქოს დამფასოვებლები არ გაიფიცნენ, არავინ ისმენდა. “ცოტა” ტერაქტებმაც გაამართლა.

***

ისტორიის გიკებისთვის და უფრო მელოდრამების მოყვარულებისთვის არის ასეთი წიგნი და სერიალი “უცხოელი”. მეოცე საუკუნის შოტლანდიელი მოგზაურობს მე-18 საუკუნის შოტლანდიაში, რადგან იმ ცოდნით, რაც გააჩნია სამშობლო ინგლისელებისგან იხსნას. ვიღაც საფრანგეთს შავი ჭირის ეპიდემიისგან იხსნის კარანტინის შემოღებით. სხვა სეზონში მეოცე საუკუნის ამერიკელი ინდიელი მოგზაურობს მე-18 საუკუნის ამერიკის კოლონიებში, რათა საკუთარი ხალხი გააფრთხილოს ევროპელებზე. სულ მინდა მსგავსი სერიალი ვნახო საქართველოზეც. ისტორიის ან საკუთარი თავის შეცვლის მიზნით პერსონაჟები სხვადასხვა ეპოქაში ვამოგზაუროთ. შენ რომელ ეპოქაში იმოგზაურებდი?

მე მეოცე საუკუნის დასაწყისი მაინტერესებს, ინდუსტრიული მშენებლობის აკვანი, ავანდგარდული ტენდენციები ხელოვნების სხვადასხვა ჟანრებში, საპროტესტო აქციები და მისგან გამოწვეული კარანტინი. იცი, იმ დროს ნაბადით სიარული იკრძალებოდა, იარაღი რომ არ დაგვემალა. მაშინ თუ ვერაზე ან რიყეზე ცხოვრობდი, სემინარიელი იყავი ანუ ანარქისტი. იმ დროს თინეიჯერი სტალინი ამბობდა, პარლამენტი ბურჟუებისა და პლეხანოველებისაა, ნამდვილი პოლიტიკა ქუჩაში წყდებაო. მაგრამ რომ დავფიქრდე, ირონიულია, პოლიტიკური პროტესტებისგან და კარანტინისგან მინდა გაქცევა პოლიტიკურ პროტესტებსა და კარანტინში საცხოვრებლად? პირიქით სჯობს, წარსულზე ამ ცოდნით მომავლის შეცვლა. შენ რომელ ეპოქაში იმოგზაურებდი?

***

ჩემი დიდი ბაბუა, ვფიქრობ, ლიბერალი იყო, ილიასთან მეგობრობდა, ფენსი წვეულებებს აწყობდა. გადმოცემის თანახმად, კეთილი ექიმი გახლდათ, თავადი, ორმოც ოთახიანი სასახლით გლეხების უფასო დამხმარე. მაგრამ თუ რომელიმე თავადიშვილს მოახლე შეუყვარდებოდა, მოახლის კუდიანობაზე ავრცელებდნენ ხმებს, სიყვარული-სიძულვილის ჯადოები იცისო. იმ მოახლეების შთამომავლები დღემდე არსებობენ როგორც გარიყულები ვაი და ჯადო არ გაგვიკეთონო. დედაჩემს დღემდე ჰგონია, ოჯახი იმიტომ არ მყავს, რომ იმათ ოჯახში 1 ცალი “პავიდლოს კანფეტი” მაქვს ნაჭამი. თავადიშვილებს კი მაშინ მოახლეებისგან შორს პიტერში აგზავნიდნენ სასწავლებლად.

ჩვენი სახლი თბილისში ახლანდელ ჭავჭავაძეზე იდგა, სოციალისტებმა გაასახლეს და საექიმო კორპუსში მისცეს ბინა ბაბუას სიკვდილის მერე. გადმოცემის თანახმად, ბაბუა ჭლექისგან მოკვდა, რადგან ბევრ ჭლექიან გლეხს უვლიდა. შუა რუსთაველზე დაკრძალეს, მაშინ იქ სასაფლაო იყო. კომუნისტებმა სასაფლაოს გადაფარვით იქ პარკი გააშენეს. ეს ადგილი თბილისის კიდე აღარაა სასაფლაო რომ იდგასო, უკვე თბილისის გულიაო. ალექსანდროვი ჰქვია იმ პარკს. მერე მაგ ტერიტორიაზე ხალხი ცოცხლად დამარხეს. ტერენტი გრანელი მაგაზე იძახდა “გახსოვდეთ სიკვდილი”.

უი, იცით, როგორ იპრანჭებოდნენ პოსტ თავადის ქალები მეზობლებთან? ფანჯარაში კარაქიანი პურითა და ჩაით საუზმობდნენ. ოღონდ ხელი სახის ოდნავ მაღლა ეჭირათ და სახის ზემოთ აწევა უწევდათ კარაქიანი პურის ჩასაკბეჩად. კაფეები ასეთმა სნობებმა დავაარსეთ, ხალხმა უნდა გვიყუროს როგორ ვჭამთ და ბოლოს მიმტანს ხურდა ვაჩუქოთ. ხანდახან ვფიქრობ, რაზე ფიქრობდა დაქვრივებული ბებია საბურთალოს კორსპუსების მეექვსე სართულზე რომ გამოიკეტა, რადგან ვეღარავინ დაინახავდა როგორ საუზმობს კარაქიანი პურით ფანჯარასთან. ვიცი რას ფიქრობ, – მოგვიანებით, საბურთალოზე კორპუსების წინ სხვა კორპუსები ალბათ მაგიტომ ააშენეს, ქვრივი თავადი ქალების საპატივცემულოდ.

ნებისმიერი დიასახლისის ფიქრები ნებისმიერ დილას

ცხოვრების რაღაც სასაცილო ეტაპზე მე და ჩემმა დაქალმა გადავწყვიტეთ ფული გვეშოვნა მემარცხენე გზით: ბინა გვექირავა 6 თვით და დღიურად გაგვექირავებინა წვეულებებზე, უცხოელებსა თუ წყვილებზე. კომუნალურებიანად და გაფორმებებით ბინის შენახვა ათას ლარამდე გვიჯდებოდა. ანუ თვეში ოცი დღე მაინც უნდა ყოფილიყო დაკავებული რომ მოგება გვენახა. მოგება ვერა, მაგრამ ფილოსოფიური სტატისტიკა ვნახეთ: კაცები არ რეკავენ. კი, შეიძლება, შეკრების ინიციატორები იყვნენ კაცები, მაგრამ აბსტრაქტული სახით, ინტერნეტით განცხადებების მოძიებას და რეკვებს არ იწყებდნენ. არა და წიგნებიდან პირიქით ვიცოდი, თუნდაც ფემინისტური წიგნებიდან. შეიძლება ინიციატორები მართლა არიან, არ ვიცი, მაგრამ საშინლად არ იციან მენეჯმენტი. ხოლო ჩემი ეს მენეჯმენტური უნარები იმის ბრალი მეგონა, რომ მთელი ცხოვრებაა სხვადასხვა კომპანიის მენეჯერად ვმუშაობ, მეიბი სისხლში გამიჯდა. არასდროს მიჭირს დროის გადანაწილება და საქმეების კლასიფიკაცია. არასდროს მიმიყვანია საქმე დედლაინამდე. სკოლაშიც კი, არდადეგების პერიოდში ვსწავლობდი გაკვეთილებს წინასწარ რომ საქმე ბოლო წუთამდე არ მიმეყვანა. არასდროს დამიყენებია მაღვიძარა. ალბათ ერთადერთი რისი ნიჭიც მაქვს მენეჯერული უნარებია და უცებ გამახსენდა, რომ ყველა ქალი ასეა. უცებ გამახსენდნენ ნაცნობი კაცი მენეჯერები, ბოლო საათში რომ ავალებენ თანამშრომლებს საქმეებს; ჯობს.ჯი, სადაც მენეჯერის პოზიციაზე სულ მდედრობითი სქესი ესაჭიროვებათ; მამაჩემი, რომელიც დედაჩემს აძლევდა ფულს ყოველ ხელფასზე კომუნალურებისთვის და სახარჯოდ გადასანაწილებლად, და ახლაც კი, როცა დედაჩემი ავადაა, სიარული აღარ შეუძლია ავარიის მერე, მამაჩემიც, ძირითადად, სახლშია, დიაბეტიკია, ყოველ საღამოს დედას ეკითხება ორინაბიჯიდან ან სუფთა სახლიდან “რა წამოვიღო?” – ქალი ხო კაცს ამას არასდროს კითხავდა, მაშინაც კი, თუ კაცია სახლში და ქალი მუშაობს. ჩვენ ყოველთვის კონკრეტული პროდუქტი გვშივდება და ზუსტად ვიცით რომელ სასტუმროში გვინდა დასვენება და ზეპირად გვახსოვს ყველა ივენთი, რაც ჩვენს ქალაქში მიმდინარეობს, მუზეუმი იქნება თუ რეივ ღონისძიება.

თანასწორუფლებიანად გიცხოვრია კაცთან? თითქოს სადილსაც თვითონ ამზადებს, ჭურჭელს უვლის, ავეჯს მტვრისგან ათავისუფლებს, მაგრამ არაგეგმიური დასუფთავება არ იცის. აი, თავისით არ მოაფიქრდებათ, რომ მაცივარი ან გაზი დაშალოს, ქიმიური ხსნარები იყიდოს და გაწმინდოს ან ძველი გარდერობი გადასაყრელი აქვს. არა, თუ მიუთითებ, დაკისრებულ მოვალეობას შეასრულებს, მაგრამ მენეჯერული უნარები არ აქვს. აი, ერთ ჩემს საყვარელ თანამშრომელ გოგონას ქორწილი აქვს, კი ბიჭის ინიციატივით, მაგრამ ქორწილს პატარძალი გეგმავს, ხმა მესმის ხოლმე როგორ რეკავს პერიოდულად სასტუმროებში და გეგმავს. მე და ჩემი ქმარიც ასე ვართ, ის იტყვის “წამო, სადმე დავლიოთ”, – მე ვიტყვი – “იქსიგრეკ რესტორანში ივენთის ფარგლებში აქციაა ღვინოზე და წამო, დავლიოთ”. ქალები უფრო კონკრეტულები ვართ, პრაქტიკულები და ამ წინასაარჩევნოდ მაგნუმის დამაარსებლის კაპას სიტყვები მახსენდება: “ქალი ომის ფოტოგრაფიაში აუცილებელია, ნეგატივების დაბეჭდვის ორგანიზებას უწყობს ხელსო”. ხო ძალიან სექსისტური ფრაზაა? თავის შეყვარბულზე თქვა, იმ შეყვარებულზე, ვინც ომის გადაღების დროს დაიღუპა. რეცენზიაზე “ომი მაღალ ქუსლებზე” საპასუხოდ. თითქოს ამ ფრაზით კაპამ გერდა დაიცვა. ჰო და თუ ორგანიზატორები ვართ და ჯობს.ჯიზე ქალი მენეჯერები გჭირდებათ, პარლამენტში მეტ ქალს ვითხოვთ. ხომ მოგწყინდათ აბსტრაქტული დაპირებები? გინდათ პრობლემების პრაქტიკული გადამწყვეტელები? ჰოო? ბრაზობდით მთელი პეკინი და მერე ჭავჭავაძე რომ გადათხრილი იყო უვადოდ და დროის მენეჯმენტს ვერავინ ახდენდა? წადით არჩევნებზე, აირჩიეთ ქალები პარლამენტში და ინიციატივებს პრაქტიკული შეფუთვა მიეცემა. მოგწყინდათ გაწელილი რემონტი? პრარაბებად აირჩიეთ ქალები.

მთავრობა

BORGEN-BOX-SET

პოსტერზე ჟურნალისტი შეიძლება GoT-ის წინა სეზონიდან გეცნობათ.

Borgen-ის პირველი სეზონის ყურებისას ვიყავი ემოციურად ძალიან დაძაბული, მეთქი, აი, ახლა მოხდება მკვლელობა, კონკურენტებს მოიშორებენ, ვისაც ჯერ House of Cards ან მსგავსი პოლიტ. შოუები ჰქონდა ნანახი, მიხვდება რას ვგულისხმობ. მაგრამ სადღაც შუაში მოვდუნდი და მივხვდი, რომ მხოლოდ მენტალურად უნდა ვყოფილიყავი დაძაბული, რადგან მთელი წარმოდგენა (30 სურათს მოიცავს), იდეოლოგიური წახნაგების ჩვენებაა. 30 სერია ანუ 30 საკითხი, რაზეც მთავრობა უნდა ფიქრობდეს.

მაგალითად, გაუშვას თუ არა სახელმწიფომ განვითარებად ქვეყნებში ქვეითი ჯარი, ლტოლვილების მიღებისას ქვეყანა რა პრობლემების წინაშე დგება, რა პლიუსებს და მინუსებს წააწყდებიან პროსტიტუციის ლეგალიზაციისას, რა უნდა მოიმოქმედოს სახელმწიფომ თუ ცხოველთა უფლებები ადამიანთა ჯანმრთელობას ლახავს, ორივე მხარე რომ დააკმაყოფილოს, გენდერული თანასწორობის სურვილის შემთხვევაში მორალურია თუ არა ქალის ხელოვნურად გაპოლიტიზირება და მსგავსი საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემები, რაზეც მოქალაქეებს უნდა გაგვაჩნდეს აზრი.

სერიალი მიმდინარეობს დანიის პირველი ქალი პრემიერ მინისტრის თვალით, სადღაცას იგულისხმებიან მოქალაქეები, ტელევიზორთან მოვახშმე წყვილები, რომლებიც, რატომღაც, არასდროს ჩანან ტელეეკრანებზე. პოლიტიკოსებისა და ამომრჩევლების შუამავალს მედია წარმოადგენს, ჟურნალისტისა და პოლიტ. კონსულტანტის რომანტიკული კავშირი კი საერთო ამბავს ლაიტმოტივად სდევს. საინტერესოა, რომ სერიალში არაპოლიტიკური ადამიანებისადმი დამოკიდებულება ზედაპირულია, მათი სხვა ინტერესები სერიოზულ ინტერესებად არ არის აღქმული.

ფრენკ ანდერვუდის მამა

Francis_Urquhartგამეცინა, როცა მაიკლ დობსმა პრეზენტაციაზე ბოდიში მოიხადა, ჩემი მეუღლე ვერ ესწრებაო. ეგრევე სეზონის ბოლოდროინდელი ფრენკ ანდერვუდი გამახსენდა. ამჯერად, 90-იანებში გამოსულ “ბანქოს სახლს” ვკითხულობ, შეიძლება ითქვას, კორუფციოლოგის ბესტსელერს. საინტერესო კი ისაა, რომ ავტორი ამჯერად შიგნიდან, ლორდთა პალატიდან გვწერს. მუშაობდა ბოსტონის ჟურნალშიც პოლიტიკის მიმომხილველად. იყო მარგარეტ ტეტჩერის პირადი მრჩეველიც, ჯერ კიდევ მისი ოპოზიციურობის ხანაში, სხვათაშორის, სწორედ მისი აუზის პირიდან დაუწყია ტრილოგიის დაწერა.
შესაბამისად, მაკბეტიდან რიჩარდ მე-3-ზე მოთხრობილმა ამბებმა არა მხოლოდ ისტორიული, თანამედროვე პოლიტიკური გავლენაც მოახდინა. წიგნი კიდევ უფრო დუნედ იკითხება, ვიდრე სერიალი მიმდინარეობს, კამერები რომ თითქმის არ მოძრაობს და წარმოიდგინეთ ახლა მისი პირვანდელი ბრიტანული სერიები.
ხოლო ის, რითიც ფრენკ ანდერვუდი შეიფუთა, სხვადასხვა დროის ცნობილი სახეები გახლდათ. მაგალითად, ჯონ კენედის მიმიკები სასიმბოლო სცენებში, გარეტ ვოლკერის დებულებები, ობამას მიშტერება ნიკოლა სარკოზის უკანალზე, რაც ფრენკს ზოისთან დაემართა და სხვა. ასე შეიქმნა ანტიგმირი, რომელიც ხალხმა შეიყვარა. და ფრენსის ურქუჰარტისნაირ პოლიტიკოსს ითხოვენ პრეზიდენტად.
ჯერ განსხვავება წიგნსა და ამერიკულ სერიალს შორის ისაა, რომ ფრენკ ანდერვუდი ფრენსის ურქუჰარტისგან განსხვავებით ნაკლებად ლოიალურია იდეებში, ფრენკს რცხვენია თავისი სამხრეთ კაროლინური წარმომავლობის, ფრენსისი თავის შოტლანდიური წარმომავლობის აწევას ცდილობს. თავისთავად განსხვავდება მოქმედების ადგილი, ვაშინგტონის სახლი ლონდონის სააბატოსაგან, დროის სხვაობაცაა. ფრენკის ცოლი კლერი გაცილებით ძლიერი ქალი ჩანს, წიგნში მას უფრო მეორე ხარისხოვანი როლი აქვს. სამაგიეროდ, პრესა უფრო ძლიერია წიგნის ვერსიაში.
ვფიქრობ, ტრილოგიის წაკითხვის მერე ათი წლის წინ გამოშვებულ “პირველ ლედის” წავიკითხავ, სანახევროდ, უკვე გადავათვალიერე და მგონი მისი პერსონაჟი მაკბეტის ტიპაჟს ვერ ეშვება და ამ წიგნით უნდა რომ ამოწუროს. თან რაღაც აბზაცები ვიპოვნე, სადაც პირველი ლედი მუსლიმან გეის დასაცავად წავა, “ბანქოს სახლის” მე-3 სეზონის მნახველებს ალბათ გეცნოთ ეს ამბავი. ამიტომ, ვიფიქრე, რომ ამერიკული სერიალი არა მხოლოდ ერთ ტრილოგიაზეა დაფუძნებული, მაიკლ დობსის სხვა ნაწერებსაც მოიცავს. fc,550x550,navy.u1