ღრუ

მაგიდის კიდესთან იჯდა, მე კი მაინც ვატყობდი, მის თმაში მომრავლებულ ჭაღარას, თავად რომ უკეთებდა აქცენტს. თითებს თმაში ნაოჭიანი შუბლიდან იყოფდა და ქვემოდან მაკვირდებოდა. სულ მეშინოდა, ჩემს პიურეში სადმე ჩადებული ცელოფანი არ შეემჩნია. შევრცხვები მეთქი და გამალებით ვღეჭავდი, თან ყოველი შემთხვევისთვის, პირთან ხელებს ვიფარებდი.
ხალხი მეგობრებთან რატომ დადისო. განტვირთვისთვის მეთქი, ვუპასუხე და აქედან დაიწყო ჩვენი კონტაქტიც. ვისაუბრეთ, თუ შეუძლიათ ადამიანებს ყურადღების გადატანა. აი, რომ დარდობ რამეზე და კომედიას ჩართავ, სასმელში ან სამსახურში ჩაახშობ, მეგობრებს აეკიდები ან მუსიკას მოუსმენ. სულ მიკვირდა, ზოგს ეს როგორ შველიდა. შეიძლება თავის მოტყუებაა, მაგრამ მთლად ამასაც ვერ ვუწოდებ. ალბათ ზედმეტად გახსნილები არიან გარე სამყაროს მიმართ. აბა მე რა მჭირს მეთქი, თუ რამე ამეკვიატა, ნებისმიერ საქმეს უძღვის ფონად.
ისე ჩუმად მისმენდა, ლუკმა ლამის გადამცდა. მიმოვიხედე, მხედავენ მეთქი და ნამცხვარი გვერდზე გადავდე. ველოდებოდი მისგან თემის კრიტიკას.
ისე არ გაიგოთ, დეპრესია მაქვს. ხანდახან ისე მომდომებია მისი აკიდება, – ბოლომდე ჩართვა თუნდაც რამე უარყოფითში, მისივე განტვირთვის მიზნით, – მაგრამ ადამიანს, რომელსაც გაორება აქვს, დეპრესია არ ემართება. სულ არსებობს მოცინარი ”მე”, რომელსაც პასუხისმგებლობა აქვს საქმის თუ თავის წინაშე და ზღვარს ვერ გადადის.
აი, ვერასდროს გადავდიოდი ზღვარს. სიტუაციებს იმდენად ვაბალანსებდი, რომ თვით ცნება ”დაბალანსებაშიც” არ ვიყავი რადიკალური.
გაორების გარდა, ამ ბოლო დროს, პარანოია დამჩემდა. აი, ახლაც მგონია მაგიდის კიდესთან პაზოლინი მიზის და ჩვეული ნატურალიზმით ცდილობს გადმომცეს. თავი მის სცენარში მგონია და ვუყურებ საკუთარ კინოს. აი, ახლაც, მედეას კივილით საკუთარ სამარეს ვთხრი, თეორემაში რომ ჩავწვები და მიწას ზემოდან ვიყრი. გვამიც არ ვრჩები, უკეთეს შემთხვევაში სასუქი, კარტოფილს რომ ანოყიერებს. შემდეგ შედის კაფეში და ითხოვს: ”კარტოფილის პიურე, თუ შეიძლება”. მე კი თავს მის ლუკმად ვგრძნობ.

სულით ავადმყოფთა მხატვრობაზე

ამ თემაზე წიგნი ჩამივარდა ხელში თავისი ილუსტრაციებით. განსაკუთრებით ერთი ნახატი მომეწონა: კაცი ზურგით იდგა, მოძრაობაში ჩანდა და შებმული ცხვარი გასაყიდად მიჰყავდა. წარმოვიდგინე, რომ ამ ნახატის ავტორსაც მოექცნენ ასე. ან გონია, რომ გაყიდეს. ნახატებით ხელში ავადმყოფები საცდელი ზაზუნები იყვნენ და პოდიუმზე საკუთარ თავს წარადგენდნენ. ჩემს გვერდით ბიჭი  იჯდა, რომელიც ხატავდა. ვიფიქრე გამოველაპარაკებოდი, მაგრამ ბავშვობის კომპლექსია, უცნობ ადამიანებს არ ველაპარაკები და არც მათ მოწოდებულ კანფეტებს ვჭამ. სამაგიეროდ, ჩუმად ვაკვირდებოდი როგორ ავლებდა სწორ ხაზებს და მათ მუქად აფერადებდა.

თუ ისტერიას არ მივიღებთ მხედველობაში, რომელსაც სიახლის განცდის მანია აქვს, დანარჩენ სულით ავადმყოფთა განწყობას სტაბილურობა ახასიათებს. ერთხელ ფიქსირებულს რამდენჯერმე იმეორებს. ახდენს ერთი აზრის რეალიზაციას. მაგალითად, ხატვის დროს შიზოფრენიით, პარანოიით დაავადებულებს ხშირი გამეორება ახასიათებთ. უღრმავდებიან რომელიმე დეტალს და მას მკვეთრად აფერადებენ. ტენდენცია აქვთ ძველისკენ მიბრუნების. ფიქსირებული განწყობითაა განსაზღვრული ერთი და იმავე შინაარსის გამეორება. თუმცა ერთი ექიმი წერდა, ცნობიერებას არ შეუძლია გაიაროს ორჯერ ერთიდაიგივე მდგომარეობა, მას მეხსიერება აქვსო. თვითნებული ფიქრი წარსულზე დაავადებათა პირველადი სიმფტომია.

გამოდიან შეშლილები და ხატავენ. ძირითადად ეროტიზმის შესახებ და ძირითადად დისპროპორციით. ხშირად მათი პერსონაჟები უფორმონი არიან. ამაზე ექიმებმა  ივარაუდეს, ხვდებიან მიმართებას მახინჯ სხეულში რომ მახინჯი სულიაო. ექიმებმა შიზოფრენიის სიმფტომებიც ჩამოწერეს: ემოციური სფეროს დაკლება, პიროვნების თანდათან შეცვლა, ქცევაში უცნაურობები, ზემქმედების ბოდვა, ნებითი სფეროს შესამჩნევი შესუსტება და პიროვნების გახლეჩვა.

მხატვრები ამ წიგნიდან შუქ-ჩრდილებს არღვევენ. სიღრმეს სიბრტყედ აღიქვამენ და ასეც ხატავენ. მომრგვალების გარეშე, მესამე განზომილებას რომ კარგავს. გადავხედე ჩემგან მარჯვნივ მჯდომის ნახატს და ქაღალდზე მიტყეპილი კუბო ვნახე. თავიდან სახლი მეგონა. მერე დავაკვირდი და ჯვარი ესვა. ბავშვივით ხატავდა. თუმცა ავადმყოფის ბავშვთან გაიგივება არ შეიძლება. თუ ერთი პირველადი მატერიაა, მეორე გარკვეული გამოცდილების მქონე ადამიანი და მათი მსგავსება მხოლოდ ზედაპირულ დონეზეა აღსანიშნი.

დავუბრუნდი წიგნს, სადაც ავადმყოფებზე ეწერა ხატვა აჯანმრთელებსო. თურმე ეპილეფსიით დაავადებული შეტევამდე ნელა, მაგრამ არითმულად ავლებს ხაზებს, იმდენად მკვეთრად, რომ ნახატს ხევს. სიუჟეტი დინამიკურია, მაგრამ ერთი ნაწილიდან მეორეზე გადასვლა უჭირთ. მათ სურათებში წითელი ჭარბობს. გულყრის წინ აურას სწორედ წითლად ნახულობენო. გადავხედე გვერდით მჯდომს. გემს აგებდა.

ავადმყოფები ხატავენ ბევრ რამეს. მათ შორის მედ. პერსონალს, მაგრამ ძირითადად ხატავენ თვალებს, გამოკვეთილად და ისე, სასხვათაშორისო ფონად რომ უძღვის მთლიანი სახე. ხატავენ მიმიკებს. შეიძლება ჰგონიათ, რომ თვალები მართლა სარკეა და პირისგან განსხვავებით ტყუილი არ შეუძლიათ. ჰმმ. მე შემიძლია. უბრალოდ არა დროულად.

დროის განცდის შეფასება სივრცით შეიძლება. მარცხნივ დახატული წარსულს უდრის, ცენტრში – აწმყოს, მარჯვნივ – მომავალს.  შიზოფრენიით დაავადებულები ფერებს აქცევენ ყურადღებასო, დეპრესიით ავადმყოფები – ფორმებს. ხატავენ კუბებს, გეომეტრიულ ფიგურებს ან უბრალოდ ერთმანეთს უხამებენ ფერებს. დეკადენტური მხატვრობაც ხომ მსგავსია. შეშლილის მხრიდან შეცნობილი სამყარო მეტად რეალური, სურეალური ეჩვენათ.

და სურეალისტები ბოდავენ. ბოდვა კი მით უფრო კარგადაა გამოხატული და მით მეტად ძლიერია მასში დარწმუნებლობის განცდა, რაც უფრო კარგადაა შენახული აზროვნება. რაც შემეხება მე, ავად არ ვარ, პირიქით, ჯანსაღი ფსიქიკა მაქვს, არ ვბოდავ, არც ვიჩემებ მოდერნისტული შეშლილის იმიჯს, მაგრამ რაღაც ცხოვრებაში დამიხატავს. ეს ჩემი ჩანახატებია. დღიურისთვის, ისე..

მეტის ნახვა სრულიადში