თანამეწიგნეები და სხვები

tumblr_mz5dqt0GGw1tp9105o1_500

ხომ არსებობენ სქულმეითები, სოულმეითები (რა კარგი სიტყვაა თანამესულეები), ასევე არსებობენ ბუქმეითები.
როგორც ყველა სოციალური ქსელის შემთხვევაში მოხდა, გუდრიდშიც გვიან დავრეგისტრირდი. ავიყოლიე ჩემი თანამშრომელი და ჩელენჯი მოვნიშნეთ ასამდე. საზიარო მაგიდაზე დავიწყეთ კითხვა და გამისწრო. არა, რაც არ უნდა გამიჭირდეს და ვაგებდე, რიცხვს მაინც არ შევცვლი. აღმოჩნდა, რომ ჩემი წასაკითხი წიგნები, ბევრი არაა დარეგისტრირებული. იმისთვის, რომ ატვირთვა შევძლო, უნდა წავიკითხო და იმისთვის, რომ წავიკითხო, უნდა ავტვირთო. ჰო და, ბოლო პერიოდია მე და ჩემი თანამშრომელი სტიმპანკურ რომანებს ვეცნობით. მაგალითად, მექანიკურ საათიან კონკიას. “სატახტო თამაშებიც” ვერ მივიყვანეთ ბოლომდე.
ზაფხულში შვებულება რომ მქონდა, ჩემი ციფრული მეს პარალელურად ხანდახან საჯარო ბიბლიოთეკაში მივდიოდი. ვერანდაში ჩავჯდებოდი და ბალახებმოსხმული კედლების ფონზე ვკითხულობდი. აქ შეიძლება გენახათ ლექტორები, რომლებიც ცდილობდენ სტუდენტებისთვის სისხლი გაეშროთ და რაც შეიძლება მეტი სცოდნოდათ; იყვნენ წვერმოშვებული ბიჭები სასულიერი სემინარიიდან, რომლებსაც სახარების ქვეშ ანთროპოსოფიური ლიტერატურა ეწყოთ; ბავშვები, რომლებიც ბაბუებმა მოიყვანეს და უცხოპლანეტელებზე აკითხებდნენ წიგნებს.
იმ დროს მე ბლავატსკაია ელენა მაინტერესებდა, შტაინერის მოძღვარი, იმ შტაინერის, რომელიც ტოლკინის პლატონური მოძღვარი გახლდათ. საბოლოო ჯამში მოსწავლე რომ განუდგა ელენას, აქაო და ქრისტე ნუ ჩამოაქვეითეო. საინტერესო ლოგო ჰქონდათ თეოსოფებს და ამან მიმიზიდა. ელენას კი ისეთი თვალები, ერთი ეგ დაგამახსოვრდებოდა და მეორე ის ავღანელი გოგონა, ნაციონალურმა გეოგრაფიამ ფოტო რომ გადაუღო. იყო ქალი, რომელიც პროლოგში დაწყებულ დრედებივით ჩახუჭუჭებულ წინადადებას ლამის წიგნის ბოლოს ამთავრებს. ვკითხულობდი, რომ ევულუცია ემბრიონის განვითარების ფორმებში უნდა ვეძიოთ და ერთმა ძველმა ფორუმელმა დამირეკა, წამოდი ნაფარაულზე პიცა ვჭამოთო. აქამდე მარტო ორჯერ მენახა და სიხარულით დავთანხმდი, რადგან უცნობებთან საუბარი მიყვარს: თითოეულზე მგონია, რომ ის ის არის, დაბალანსებურ თემებზე ვისაუბრებთ და მეგობრობის რადიკალიზმში არ გადავვარდებით. ადვილია.
სასაცილოა, მაგრამ თავიდან მამაჩემის გამო გამიცნო, პოლიციელის შვილები მიყვარსო და ერთად გადაღებულ საოჯახო ფოტოებს ვაჩვენებდი. თვითონაც თანამშრომელია. მოკლედ შეჭრილი თმიანი ქალი იარაღით. ორივე გამოეჭვიანებული ნატურაა, ერთი პერიოდი ვგეგმავდი, ერთმანეთს გავაცნობ მეთქი. სხვა ჩვენ რა საერთო უნდა გვქონოდა?! დის შვილთან ერთად მოვიდა და უხერხულობის დასაფარად, ბავშვს ვეფერებოდი. დაკარგულ მეგობრებზე ვჩიოდით. ბოლოს სიჩუმის დასარღვევად ვიკითხე: – კითხულობ რამეს?
– ბლავატსკაიას…არ გეცოდინება.
მე კი ჩემი წიგნი ამოვიღე ჩანთიდან: – მეც.
დამამახსოვრდა ის დღე.

მალინიანი ჩაი

– მიყვარხარ.
არა, შენ ავად ხარ და ბოდავ. გადატრიალდი, საბანი უკეთ მოგეკუჭება. მე შოკოლადის კუბიკებს ვამტვრევ. ჩაის უხდება. შენი საწოლი და იატაკი ჭრაჭუნობს ჩემი სიარულისას. ფოკუზით ჩემკენ მომართე ნერვები. კუთხეში გახვრეტილი ნერვები ვიგრძენი.
– მიყვარხარ.
აგრძელებდი ჩემს შეგრძნებას კუთხეში. მე ვერ ვამბობდი, რომ არ ვარსებობდი.
– პარკეტი ამტკიცებს შენს არსებობას.
დაკარგულები პარალელურ სამყაროებში. საათის ტრიალი ზღვარზე. ხანდახან, როცა ნაჭრაჭუნები კბილები მტკივა, მე ვიზრდები ტკივილით ძვლებში და მარტოსული ჩვრები კაპილარებით იწელება, სივრცეში დროზე და დროზე ცოტა ადრე.
– გილოცავ, ჩვენ სხეულები არ გვაქვს, ჩვენ ჩვრები გვაქვს კაპილარებით.
შენ ბოდავ.
– ღმერთო, რომელიც მოკვდი ან ღმერთო, რომელიც, – მერე ლოცვას წყვეტს და მეუბნები, – მოდი ვინ უფრო ატკენს სამყაროს.
მძიმედ სუნთქავდი. მერე თანდათან ხელებიც დამძიმდა. სუნთქვას მუჭებში იჭერდი და გრძნობდი, ღმერთიც ხმაურობდა.
– გაჩუმდით.
გაჩუმდით.
მერე ყურები მივადეთ საწოლებს, რომლებმაც დაიძინეს.
– შენი ლექსები დაუბეჭდიათ, – მეუბნებოდი სიზმარში და მხედავდი უწამო დროში.
უამინდო სივრცეში მოხვდი, უსხეულოდ რომ სული ასწიე და მე მექანიკურად საბანი მოგახვიე.
– გიყვარვარ?
ლოგინის ქვეშ შევძვერი და დავატეხეთ ისრები საათს.
უმატერიო შიშველი სულებით მივუსხედით როიალს, აყრილი კლავიშების გამო სიშიშვლეს გრძნობდა. არაესთეტიურია როიალის ჩონჩხი. არწასულზე ვბრუნდები და უკან ვხვდები, როგორ მეხება კაპილარებიანი ჩვარი ძვალზე.
– გიყვარვარ?
არ ვიცი თუ მოუხდა ჩაის შოკოლადის ნამტვრევები. ნელ-ნელა გამოგდის სითბო და ხვდები უსიცოცხლობასთან ერთად ვფერმკრთალდები.
– ჩვენ ლამაზი შვილები გვეყოლება და ეზოში გირჩებით ირბენენ. ჩემი მეს და მეს შვილი. მერე რა, რომ პარალელურ სამყაროში ხარ, კომპრომისზე წავალთ და ნეიტრალურ სამყაროში იცხოვრებენ, სამყარო რომ მთავრდება, იქ.
ვასრულებ საკუთარი თავის სიყვარულს, რადგან მის პარალელურ სამყაროში აღქმას. მივდივარ, რადგან სიხშირეს დაუწიე.

/2011/

კარტის პრინციპი


იქნებ რასაც ვეძებ, პარალელური მდებარეობა აქვს.
მაგალითად, არჩევნის წინაშე დადგომისას, ჩვენი მეები ყველა შესაძლო ვარიანტზე იქსაქსებიან და პარალელური სამყაროები იქმნება.
დროთა განმავლობაში ტოტები შეიძლება გადაიკვეთოს და სხვადასხვა მხრიდან მისულ მწვერვალზე შევვერთდეთ.
სიკვდილის მერე პარალელურ სამყაროში გავნაგრძოთ, ჩვეულებრივი ცხოვრება, ისევე, როგორც დაბადებამდე.
მისტიკას რომ თავი დავანებოთ და დედამიწა გავთხაროთ, მეორე ნახევარსფეროზე ამოვყოფთ თავს.
მიწის სივრცე რომ ჩავფუშოთ და შევკუმშოთ, ჩვენი ფეხები ერთმანეთს მიეკვრება კარტის პრინციპით.
აქეთ–იქით – ფეხები, შუაში – მიწა.
აქ ათასგვარი წარმოდგენა შეიძლება:
დგახარ, აბაკუნებ ფეხებს და ამ დროს შეიძლება “ენერგოტალღური” სისტემით “იმას” სიწყნარე უნდა.
ან სულაც “იქით” სასაფლაოა.
შეიძლება იმედი გაგიცრუვდეთ და თქვენი სახლის პარალელურ ადგილას, ადამიანი არ იყოს. ოკეანე.
ამ დროს რჩები კითხის ნიშნის ქვეშ: მე რომ წყალი ვიყო..
რომ გამერკვია, რაა ჩემი პარალელური, გუგლის დედამიწა გამოვიყენე.
შედეგი საიდუმლოა. 🙂