დნმ–ის ფუნქცია უჯრედში ინფორმაციის შენახვა და შთამომავლობით გადაცემაა. ბაზაა, სადაც ჩემი მე წინაპირობებისგან მომარაგდა.
თუ ცხოვრებას შევხედავთ რეტროსპექტივიდან, ჩემი დიდი ბაბუა ანტიგმირი იყო. ხარაგაულის რაიონში, სოფელ ღორეშაში მჭედლიძეები და ორჯონიკიძეები ერთად ცხოვრობდნენ. როცა რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ თავადები, პოლიტიკური მიზნით, იორდანე და კოლა მჭედლიძეებმა თავისი აჯანყებული პატრონი ორჯონიკიძე მოკლეს და მთაში გაიქცნენ.
ისინი თიანეთმა მიიღო. ეს ამბავი სახალხო აჯანყების დროს, 1820 წელს მოხდა.
ერთ–ერთს შეეძინა შვილი თედო მჭედლიძე. მთელი ცხოვრება გაატარა შრომაში, სანამ თივის ზვინიდან არ გადმოვარდა. ურმის ჭავლზე დაეგო. გარდაიცვალა. ამბავი მხატვრულად ილია ჭავჭავაძემ გადმოსცა „ოთარაანთ ქვრივში“. მას დარჩა ორი შვილი: მიხა და ალექსანდრე.
იმ წელს, როცა სტალინი მოვიდა და დიდი დახვრეტები დაიწყო, ალექსანდრეს შეეძინა ვაჟი. დაიბადა ჩემი უშუალო პაპა, – არჩილი. ცხოვრობს სოფელ დევენანთხევში ცოლთან ერთად. ზაფხულობით ჩავდივარ მათთან. შეგრძნებაა, რომ მოწყვეტილია ცივილიზაციას.
დევენანთხევი პატარა სოფელია, სასაფლაოებიდან ჩამოუდის ხევი. ეზოებში ბევრი ვაშლის ხეა. ნაყოფი არასდროსაა ტკბილი.
სოფლის სახელის ისტორია დევენას უკავშირდება.
მაღალი და ძლიერი იყო, მთელ სოფელს ის იცავდა. ლეკებმა მისი მოტაცება განიზრახეს, მაგრამ დევენამ ისინი ერთხელ ისე დააშინა, მეორედ არც კი გამოჩენილან.
რამდენიმე კილომეტრში არჩილის მონასტერია. გადმოცემით, იქაა დაკრძალული მეფე არჩილი. აქ ხალხის ნათქვამი არასდროს ემთხვევა ისტორიკოსების ნაწერებს. ეს ისეთი განყენებული სამყაროა, თბილისიდან ერთ საათში რომ ჩახვალ. სამყაროა, სადაც არეულია ათეიზმი და სოფელში ჭინკების თარეში, ეროვნულობა და საბჭოთა კავშირი. უყვართ შრომა და ქეიფი. აქ ქალებს კაცებისგან ცალკე სუფრა აქვთ, თუ არ არის ამის შესაძლებლობა, ქეიფის შუა პერიოდში, როცა ხინკლის ბოლო თეფში დაიდგმება, მერე მივუსხდებით ხოლმე მაგიდას. ყოველთვის მომწონდა აქაური ქალები. შეუძლიათ მთელი დღე თავად დადიოდნენ ტყეში, ხნავდნენ და თესავდნენ მიწას და საღამოს სახლის საქმეებსაც ასწრებდნენ. უცნაური მატრიარქატია.
იქვე საყდრივნის ეკლესიაა. მისი გული აშენებულია ცამეტი საუკუნის წინ. კედელს ახლაც ეტყობა მუშის უზარმაზარი და ძლიერი ხელი. ეტყობა დაიღალა და ხელი ჯერ კიდევ გაუმშრალ კედელს მიადოო, – ამბობენ იქაურები. საყდარი წმინდა გიორგის სახელობისაა. მჭედლიძეებს განსაკუთრებით უყვართ წმინდა გიორგი.
მაინტერესებს, მას რატომ თვლიან გვარის მფარველად. არავინ იცის. განსაკუთრებით მისი კულტია მთაში, მისი სახელობისაა წამყვანი სადღეგრძელო ქეიფობისას.
ყოველ გიორგობას მჭედლიძეები სხვადასხვა კუთხიდან იკრიბებიან თავიანთ პირველყოფილ სოფელში წმინდა გიორგის სალოცავთან. მე არასდროს ვყოფილვარ იქ. ომიანობის პერიოდში ბაბუებმა წამოიღეს სალოცავის ნიში და გორაზე, ტყეში ღვთისმშობლის სალოცავთან მჭედლიძეების ხატი ააგეს.
სამაგიეროდ, არ ვიცი საიდანაა დედის გვარი. სავარაუდოდ, იგი ქართლელია. ბაბუამისს ჰქონდა სასახლე. ექიმი იყო. იმ დროში ექიმებს სასახლეები ჰქონდათ ან პირიქით, ვისაც სასახლე ჰქონდა, ექიმი იყო. საღამოობით გლეხებს ეხმარებოდა და როცა ერთი გლეხი სოფლის ბოლოში წვიმაში, ქარში და ტალახში ახველებდა, ბაბუაც მისკენ მგზავრობის დროს გაცივდა. იმ დროს პლევმონიას ვერ კურნავდნენ.
სამაგიეროდ, დარჩა მეუღლე, – მარიამ ჩხეიძე, შვილები – ბიჭი და გოგო. როდესაც ვაჟი, – ირაკლი –წამოიზარდა გახდა მხატვარი. ის დედას სთხოვდა ალექსანდროვის ბაღიდან მამამისის გადმოსვენებას, მაგრამ ამაოდ. ივანე ფუხაშვილის საფლავი დღეს აღარ არის.
როცა ირაკლი გადასცდა ოცდაათს, ქეთო ბებო გაურიგეს. ქალი, რომელიც ცეკვავდა და მღეროდა, სულ მიკვირდა, რატომ ატარებდა ერთიდაიგივე ვარცხნილობას და რატომ სტკიოდა ხერხემალი. მაშინ პირობა დავდე, რომ არასდროს დავბერდები. მე სახელი მან შემირჩია.
დედამ და მამამ ერთმანეთი ტექნიკუმში გაიცნეს. მამამ მიუკადრისა: მე გოგო არ მეყოლება, მე ხომ მამაკაცი ვარო. მაგრამ გავჩნდი მე, – გოგონა. მერე ჩემი ძმა. ტრადიციაა, რომ მამის მხრიდან ყოველი პირველი შვილი კოჭლობს. ვკოჭლობ მეც. დედა მეუბნება, რომ მამის ხასიათი მაქვს, მამა მეუბნება, რომ დედის. შეიძლება მეც მეყოლოს შვილი და მას დედის ხასიათი ქონდეს, სახე მაინც.